|
მეუფე იყო ერში ვლადიმერ დავითის ძე ჟევახოვი,
სასულიერო მოღვაწის – ნიკოლოზ ჟევახოვის ტყუპი ძმა, ვახტანგ მეექვსის ამალაში მყოფ ჯავახიშვილთა
შთამომავალი.
1899
წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1902–14 წლებში
მსახურობდა კიევის მაზრაში, საპატიო
მომრიგებელ მოსამართლედ, ირიცხებოდა რუსეთის საკრებულოს წევრად.
პარალელურად ეწეოდა რელიგიურ მოღვაწეობას – 1908 წლიდან იყო მართლამდიდებლური
მისიონერული საზოგადოების ნამდვილი წევრი, 1912 წლიდან – კურსკის
„სამისიონერო–განმანათლებლური საძმოს წევრი.
რევოლუციის შემდეგ იგი იძულებით იყო მიმალვაში – ბერები იფარავდნენ მას
ბოლშევიკებისაგან, რომლებიც დაუნდობლად უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც თავადური
წოდება და ტიტულები გააჩნდა. ერთხანს იმალებოდა ზვერინეცის სკიტში, შემდეგ
მუშაობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში. 1924 წელს დააპატიმრეს და 7 თვე
ამყოფეს კიევის ციხეში თავადური წარმოშობის გამო. განთავისუფლების შემდეგ წერილით
მიმართა პატრიარქ ტიხონს და ბერად აღკვეცაზე ითხოვა კურთხევა: „წელს გადატანილი
გოლგოთის შემდე, რაც ჩემს ნახევარწლიან პატიმრობას გულისხმობს, მე ვიგრძენი ჩემში
ახალ ცხოვრებაში აღდგომის აუცილებლობა და მტკიცედ გადავწყვიტე საერო ცხოვრებასთან
გამოთხოვება და დარჩენილი დღეების უფლისათვის მიძღვნა“. 1924 წელს აღკვეცეს
ბერად.1926 წლიდან არის დმიტრიევის
ეპისკოპოსი, კურსკის ეპარქიის ვიკარიუსი. მალე ისევ დააპატიმრეს სასულიეროთა
მასობრივი დევნის ჟამს, „კონტრრევოლუციური
შინაარსის სააგიტაციო ლიტერატურის“ შენახვის გამო და 1926–29 წლებში მოათავსეს
განსაკუთრებული დანიშნულების სოლოვეცკის ბანაკში. ბანაკის შემდეგ სამი წელი იყო
გადასახლებაში ნარიმის ოლქში – აღმოსავლეთ ციმბირში.
1932
წლის 19 სექტემბრიდან დაინიშნა
პიატიგორსკის, ხოლო 1932 წლის 28
ოქტომბრიდან – ჩებოქსარის ეპისკოპოსად,
მაგრამ ამ ორივე დანიშვნაზე უარი განაცხადა; იგი მხოლოდ 1934 წელს
დათანხმდა მოგილიოვის ეპისკოპოსობას, 1936 წლიდან
ხელმძღვანელობდა მინსკის ეპარქიასაც.
ცხოვრობდა ძირითადად ბელგოროდში,
1936 წლის 16 ოქტომბერს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქალაქ ბოროვიჩში. 1937 წელს
აპატიმრებენ „საეკლესიო პირთა კონტრრევოლუციურ– ფაშისტური
ტროცკისტულ–ზინოვიევური ორგანიზაციის
ხელმძღვანელობის“ ბრალდებით, რომელიც თითქოს ეპირებოდა სამთავრობო მატარებლის
აფეთქებას ბელგოროდის სადგურში გავლისას; მას აგრეთვე ადანაშაულებდნენ იმაშიც, რომ კიროვის
მკვლელობას თვლიდა „დამსახურებელ სასჯელად“ იმ დახვრეტებისათვის, რომელიც ამ
ბოლშევიკის ბრძანებით გაიცემოდა. 1937 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სახალხო
კომისარიატის „სამეულის“ (“ტროიკის“) დადგენილებით ბრალდებულ იქნა და იმავე დღეს
დაიხვრიტა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებით 2002 წლის 17
ივლისს კანონიზირებულ იქნა და წმიდანად
შეირაცხა ახალმოწამეთა შორის.
ნიშანდობლივია, რომ საღვთისმეტყველო ნაშრომებთან ერთად მას 1914 წელს
კიევში გამოქვეყნებული ჰქონდა საკუთარი გვარის წარმოშობის საკითხები „Родословная роспись рода князей Жеваховых.
(Российская ветвь). Киев, 1914.“
|