თემაზე, ”გვსურს თუ არა ქართველებს მეფე”, თავისთავად რეფერენდუმიც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ ვშიშობ, რომ ჯერ ცოტა ადრეა, რადგან პატარა უფლისწული მხოლოდ ორი წლისაა. დაველოდოთ, სანამ გაიზრდება - ღმერთს შევევედროთ, პატარა უფლიწულს ისეთი უნიკალური თვისებები მიანიჭოს, როგორებიც მის დიდ და სახელოვან წინაპრებს ახასიათებდათ. ასე თუ მოხდა, საქართველოს შიდა და გარე მტრებს თავზარს დასცემს! ჯერ მარტო რაოდენი სიამაყე იქნება თითოეულ ჯარისკაცში, როდესაც მეფე საქართველოს რომელიმე სამხედრო ბაზაზე მივა სტუმრად და ქართულ ჯარს სიტყვით მიმართავს, ან თუნდაც, ღმერთმა დაგვიფაროს და, ომის დროს - ქართული ჯარის გვერდით იქნება და ზოგ-ზოგიერთებისდარად უღირს საქციელს არ ჩაიდენს. ასეთი საქციელის შემხედვარე ხალხსაც ეყვარება მეფე! არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მეფეს შეუძლია დაკარგული ტერიტორიები დაგვაბრუნებინოს, რადგან მას კანონით ეკუთვნის ისინი! გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ რუსეთში მონარქიის აღდგენას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და, თუმცა არცერთმა მიწიერმა არ იცის მეორედ მოსვლა რამდენ ხანშია მოსალოდნელი, მაგრამ ნაწინასწარმეტყველებია ბერებისგან, რომ ბოლო ჟამს საქართველოსაც და რუსეთსაც მეფეები უნდა ჰყავდეთ. გარდა ამისა, ესპანეთში ემიგრაციაში მყოფი ბაგრატიონები და რომანოვები დანათესავდნენ - რომანოვები აფხაზეთს და სამაჩაბლოს, როგორც ქართულ მიწებს აღიარებენ, ამასთან შეიძლება სოჭი და სხვა მიტაცებული მიმდებარე ტერიტორიებიც გადმოგვცენ, თუ ღმერთის ნება იქნება. ბიბლიაში წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე მოხსენიებულია, როგორც ისო ქრისტეს წინაპარი და თუ ბოლო ჟამს მეფე უნდა ჰყავდეს საქართველოს, გამოდის, რომ იესო ქრისტეს დავით მეფსალმუნის მთელი პირდაპირი შთამომავლობისთვის მეფობა უბოძებია უკუნითი-უკუნისამდე და, თუ ეს მართლაც ასეა, ჩვენ ვინ ვართ, რომ წინ აღვუდგეთ უფლის ნებას! უნდა ვიფიქროთ, სწორედ ესაა საბაბი, რომლის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მთელი სამღვდელოება ასე დაჟინებით მხარს რომ უჭერს მონარქიის აღდგენას საქართველოში. ქართული სამღვდელოება არასდროს იტყვის უარს მირონცხებულ მეფეზე. გულდასაწყვეტი და აუტანელია, ზოგჯერ ჩვენი თანამოქალაქენი სასაცილოდ რომ იგდებენ ამ ღვთისაგან კურთხეულ იდეას - ქართული სამეფო ხომ მსოფლიოს სხვა მონარქიებს არა ჰგავს! ნუთუ იმისთვის მოიგო დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლა, იმისთვის გაწირეს სიცოცხლე დემეტრე თავდადებულმა და მისმა ძემ - ვახტანგ მესამემ და სხვებმა, რომ დღეს მონარქია ქართველების დასაცინიც გახდეს? დავიჯეროთ, სამასხარაო თემა ამოეწურათ? ის თუ დაგვაიმედებს, რომ მათი დიდი ნაწილი მაინც უჭერს მხარს მონარქიის აღდგენას, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. ქართველი კაცი, რომელმაც იცის ისტორია და ეკლესიურადაც ცხოვრობს, უარს არასდროს იტყვის მეფეზე! თავს ნებას მივცემ, გავაჟღერო საკუთარი იდეა: იქნებ არ იყოს ურიგო, მონარქიის მომხრე სამშობლოს მოყვარული მამულიშვილებისათვის საგანგებოდ შეიკეროს განმასხვავებელი სამოსიც - დასაწყისისათვის, თუნდაც მაისური. მაისურის წინა მხარეს აუცილებლად დატანებული უნდა იყოს ბაგრატოვანთა გერბი, უკანა მხარეს კი საქართველოს დროშა და ქართული ასოებით უნდა ეწეროს “ მონასპა“, როგორც დავით მეოთხე აღმაშენებლის 5 000-ან პირად გვარდიას ერქვა. ვიდრე გამოჩნდება სპონსორი მასობრივი წარმოებისათვის, თავდაპირველად ინდივიდუალურად შეგვიძლია მათი კერვა, ან სათანადო ფირმისათვის შეკვეთა. ამ მაისურით ქალაქში გადაადგილების დროს შეუძლებელია, ხალხის ყურადღება არ მივიპყროთ. მონარქისტი ყველაზე მაღლა ღმერთს უნდა აყენებდეს, ხოლო შემდეგ სამშობლოს და მეფეს. ეს მაისურები მონარქისტებისთვის უბრალოდ მაისურები არ იქნება - ეს მათთვის სიმბოლური აბჯარი იქნება! თავიდან ზოგს გაუკვირდება, ზოგს გაეღიმება, ზოგს შეიძლება მოეწონოს კიდეც ეს იდეა და თვითონაც შეიძლება ჩაიცვას ამდაგვარი მაისური, რადგან არაერთ ქართველში ჯერ კიდევ ცოცხლობს ქართული სული. არ მინდა ჩემი სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენი ერი ხომ საკმაოდ მიმბაძველი ერია და, ვფიქრობ, ამ მაისურების ჩამცმელები გამორჩეულნი იქნებიან იმით, რომ ჩაიცვამენ ისინი, ვისაც საქართველოსთვის უძგერთ გული. იქნებ ისეც მოხდეს, რომ ქართველმა ხალხმა აიტაცოს ეს იდეა და ასე თუ მოხდა, რასაკვირველია, არც ტელეკომპანიის მაუწყებლებს გამორჩებათ და სულ ცოტა ხანში უკვე აქტუალური თემა იქნება ხალხში! |