|
მკითხველის წერილი - სოსო სტურუა სოსო სტურუა
გამარჯობა! გავეცანი საიტს georoyal.ge. ძალიან მოხარული ვარ ასეთი კარგი ქართველები რომ არსებობთ. სიამაყით ვივსები, როცა ჩემს სამშობლოზე ასე სიყვარულითა და რუდუნებით წერენ ჩემი თანამემამულენი. ძალიან კეთილგონიერია თქვენი განწყობა საქართველოს მომავლის მიმართ. საქართველოში მეფის ტახტის აღდგენა რომ ადამიანს უნდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი პატრიოტია. მაგრამ ერთი რამ ნუ გამოგვრჩება მხედველობიდან, რაც ასე უმნიშვნელოა, მაგრამ ადრე თუ გვიან შეიძენს დიდ მნიშვნელობას. მეც ვიყავი მონარქიის აღდგენის მსურველი, სანამ ამ უმნიშვნელო ასპექტს შევამჩნევდი. მოდით, ერთი წუთით, საზოგადოება დავყოთ გვარების მიხედვით. ყველა ქართველმა იცის თავისი გვარი თავადურია (თავადაზნაურულია), თუ გლეხური. ასევე საზოგადოება დავყოთ მდიდრებად და ღარიბებად, ანუ ვინც იშოვა მაგალითად ნახევარ მილიონზე მეტი, და ვინც ვერ იშოვა. მივიღეთ ოთხი ჯგუფი, რომელთა პირობითი სახელწოდებები ასეთია - ,,მდიდარი გლეხები", ,,ღარიბი გლეხები", ,,მდიდარი თავადები", ,,ღარიბი თავადები". ალბათ ოთხივე ამ ჯგუფის წარმომადგენელს შეხვედრიხართ. მეც შევხვედრივარ. ახლა დავუკვირდეთ ფსიქოლოგიურ მხარეს. ჩემი დაკვირვება ასეთია (დაახლოებით 90%-ით დადასტურებული) --- ამ ოთხი ჯგუფიდან გამორჩეულია ,,მდიდარი თავადების" ჯგუფი. ამ ჯგუფის წარმომადგენელს განსაკუთრებული ზიზღითა და გულგრილობით შეუძლია შეხედოს და მოეპყროს სხვა ადამიანს. საკუთარი სიმდიდრე და გავლენა ისე აქვს თავში ავარდნილი, რომ არ მოერიდება სხვის აბუჩად აგდებას. საოცარი ისაა, რომ ,,მდიდარ გლეხებს" ეს არ ახასიათებთ. თუ გავაანალიზებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს წარსულს (აღარც თავადაზნაურობა არ არსებობს და არც დიდი ბიზნესტრადიციები, ანუ ორივეში გვაქვს ისტორიული წყვეტა) და დავინახავთ ადამიანთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, მივხვდებით, რომ სამეფოს აღდგენა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს. ,,თავადები" (90%) ფინანსური წინსვლის გარეშეც გახდებიან ამაზრზენად ქედმაღლურები, და არა ისე ვაჟკაცურად ქედმაღლურები, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ, და მეც ასე მქონდა წარმოდგენილი სანამ დასკვნას გავაკეთებდი. სხვა ქვეყნების მაგალითი აქ არ გამოგვადგება, რადგან თავადური და ბიზნესმენთა ტრადიციები საქართველოში სრულიად განსხვავებულია. ჩემს მაგალითში ,,მდიდარი თავადები" მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული და გაზრდილი პირები არიან, უცხოეთში მცხოვრებთ სხვა წინაპირობა ჰქონდათ. პასპორტში მქონოდა აღნიშვნა - საქართველოს სამეფოს მოქალაქე - ეს ჩემი დიდი ხნის ნატვრა იყო. მაგრამ უარი ვთქვი ამ ნატვრაზე. გთხოვთ დაფიქრდეთ და თქვენი პატრიოტული ძალისხმევა მიმართოთ სხვა მიმართულებით. სამშობლოს მოტრფიალე მოღვაწენი ბევრ დარგში სჭირდება საქართველოს. გმადლობთ, რომ არსებობთ! გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას! |
|