შეგონება კაცმან უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს, ამ სოფელსა ხელი ჰყაროს, იქაც ბარგი დაიბარგოს, მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს, სახელის ხე საჩრდილებლად წყლისა პირსა სამე დარგოს.
*** რანი და, მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი და, გათავდა ყოვლი წერილი, ანი, ბანი და, განი, და… ვიარე ყოვლი ქვეყანა სიგძე და სივრცე, განი, და, ვერა ვპოვე რა მის მეტი, დავყარე ძმა და დანი, და… ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იქი რჯანი, და, ვაი-ვაი, მსაჯეს უბრალოდ, არ მომცეს მე აჯანი, და!
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა, სიკვდილს ზრახვიდენ უწესოდ, თუ დრო დაიცენ ჟამისა, უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა, ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა! მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა, მღვდელთ-მოძღვრის [პალატს] მივიდნენ გასატანჯველად, ვა, მისა, ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდნენ წამ-და-წამისა, ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა მე შევამკევ ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი, აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი, განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი, ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი, აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე, მკალი, მყვარი, განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად განაგვარი, ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლ[ი]თ ვჰყავ იგ მოარი, ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი, არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი, ნაცვლად...
შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი, სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი, მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი, ნაცვლად...
ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი, ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი, სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი, ნაცვლად... ლექს–ამბავი საწუთროს ბაღი რა ჰქონდა, სცან, ალექსანდრეს, მეფეო, იდგა ყვავილი მრავალი, სახელის სუნი, მეფეო, მის ფშვას აღევსო ქვეყანა სხვადასხვა რიგთა, მეფეო, შვება ვარდისა მრავალფრად გაშლილი შიგან, მეფეო, სხვანი ლხინისა შროშანნი ჰგიან ფერადნი, მეფეო, ზამბახის მსგავსად განეღო სიუხვის პირი, მეფეო, სიმდიდრის იასამანსა სუნით აღევსო, მეფეო, ჯარ–მრავლობისა ყაყაჩო, ლალა, ხაშხაში, მეფეო, მიხაკის სუნის ფერისებრ შინაყმა ბევრი, მეფეო, მღვიძრობის თვალის ნარგიზის სიხშირე იყო, მეფეო, სიფერადენი ზარდახშნის ინის ყვავილებრ, მეფეო, სვე–სვიანობის სასახლე შიგ იდგა ცამდის, მეფეო, დოვლათის შადრევანები მაღლა ისროდნენ, მეფეო, თავ–მაღლობისა ალვანი ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო, სიხარულისა არღავანს მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო, მტერთ გულის ფერსა სუმბულსა სიმრავლე ჰქონდა, მეფეო, კარგთ გულ ფერისა შაბუნი იდგა მრავალი, მეფეო, გოვარის თასთა ამბარ–ბუ შიგ გაშლილ იყო, მეფეო, ეს ასე შეჰქმნა სოფელმან, ახლა რომ ვიტყვი, მეფეო, ანასდად ცამან მოჰღრუბლა, ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო, დააზრო, ზოგი გაახმო, დასცვივდა სრულად, მეფეო, სახლთ წვიმა–სეტყვით მიეცა ნოტიო დიდი, მეფეო, გრიგალმან ქარმან იქროლა, შეჰმუსრა სრულად, მეფეო, შადრევანები ნამსხვრევით აღივსო, დასქდა, მეფეო, ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა ქარის სიმძაფრემ, მეფეო, სჩანს უნაყოფოს მინდორად აწ ახლა იგი, მეფეო, სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო! აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!
მაჯამა [შესავალი] ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყო მ ა ჯ ა მ ა, ცრემლთა ნაკადმა აავსო, ნახეთ, გაცნობოთ მაჯამა; დამწვა სოფლისა სიცთურმან, ვეღარა სცემოს მაჯამა, უკეთ არ მწამდეს იმისგან, მკითხოს მეჩიტმა, მაჯამა. I კეკლუცთ ზედა ხარ ხელმწიფე ტრფიალთ ცეცხლს უდებ მალამით, მანდით ნასროლმა ისარმა გული გამიპო მალ ამით; სხვას ვისმცა ეძლოს კურნება, ცუდად შვრებიან მალამით, მიჯნურნო, მოდით, მიტირეთ, ცრემლი მავასხეთ, მალამით. გიშრისა მშვილდმა, მელნის ტბამ, გლახ, გული წყლული მიწამა, ბროლმა და ლალმა გარევით ლამის დღეთ სიგძე მიწამა, ცრემლი მდის მიწყივ თვალთაგან, ვეჭვ, გულმა შენმცა მიწამა, რად არ გეწყალვის მიჯნური, შესჭამოს უდროდ მიწამა? ცეცხლს უგავს ღაწვი, ცეცხლისგან უფრო მწვავს, უფრო მედება, რა ვნახე მიწყივ საჭიროდ, ფეხი მახესა მედება; მიმტაცა სული, დღეს იქით რას მარგებს გულის მე დება! მიტირონ ძმათა საწყალი, ან და თუ ვინმე მედება. რა მოვიღო, ეს არ ვიცი, შენთვის მსგავსი იგავები, გაგიძვია დიაღ მიღმარ სიგონჯე და იგ ავები; ტრფიალთ შენთა სალაღობოდ იწმინდები, იგავები, ჭირსა ძნელსა, გაუხსნელსა ამ საქმითა იგ ავები. ლექსსა მოვყევ სამიჯნუროს, ვარ ტრფიალი განახელი, დამიწუხა თვალნი სხივმან, ვეღარა ვქენ განახელი. გიშრის თხზულმა ტოილომა გული შეკრა, განა ხელი? შეყრასა ჰგავს მზის და მთვარის, თუცა თავი გან ახელი. სრულად სიბრძნისა საუნჯის კარი, რაც მქონდეს, დამეღოს, ან მაგალითი პლატონის, ან პითაღორის დამეღოს, ვჯდე გულის მძრახად სამუდმოდ, თავი ქვე სადმე დამეღოს, საკადრად შენსა ქებასა ვერ ვიტყვი, სულიც დამეღოს. თვალი მიგიგავს ჯერანსა, წარბი ზანგუბრელს, სულო, და, შენმა ბაგისა ციმციმმა ფერი ყაყაჩოს სულ ოდა; ალმასის პირთა სადარით ხამს მზისა სხივი სულოდა, საბრალოს შენთა ტრფიალთა, სიცოცხლევ, გული სუ[ლ]ლოდა. გენახათ მისი სიტურფე, გული სხვა რიგად ქცეოდა, ეტყოდა თავსა: ,,არ ვიცით, აწ რა ნუგეში ქცეო და‘‘. ხამს, ამ ჭირისთვის თუ გეძლოს, შეგიპყრათ სვეო, ქცეო, და. მართ მისწუროდათ მათ სული, გაცლოდა, გაცაჰქცეოდა. თვალს მისცემს წყალსა პირველებრ, რა ნახოს სული და გული, ყვავილისებრივ გაშალოს მისგანვე გული დაგული, გააღოს კარი ლხინისა, ჭირისა კარი დაგული, გაშალოს ვარდი კუკური, ჩემში ა მისი დარგული. II რა სჯობს მაისში ტფილისსა, ვარდი ვარსკვლავებრ ესხასა, მწვანედ ღელავდეს გარემო, ცის ცვარი მასზე ესხასა, თუ არ უშმაგი, ვინცა ქნას, მაზედა რითმე ესხასა? მე ასე მითქვამს: უთუოდ ის კაცი იყოს, ეს ხასა. ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად, მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად. რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქნოდეს სატევად? სისხლისა ცრემლსა გაეწნა გუგა საბრალოდ სატევად. რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით, მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით; ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: ,,ძელი ძელსა გარდადენით!‘‘ თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის, ,,გარ დადენით‘‘. წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზე მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით, იჭერდენ მაშიგ კალმახსა, იძახდენ: ,,დაჭერ, ასერით!‘‘ კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით, მისმან მნახავმან ეს მითხრას: ეს ისე ვაქო ასე რით? ჯერგის მფრთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს, დამაშვრალთა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს, ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს. უგზავნიდენ დანიშნულთა თვისთა, გინდა ედებოდეს. როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია, გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია. კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია. ვა, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდად სა გალია! III რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია? ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია? აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია. შალგსაც ყვავილი დაარქვეს, მას თავი მოუწონია. ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი, ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი; სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ ავი, დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი. არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა, უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა; კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა, აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა. მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე, ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე? სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არე? ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე. ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა, მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა, ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა? დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა. საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი, მრავლად იდგა ბაღსა მისსა ხილი მწიფე, მონაწევი; რაცა მწადდა, მას ვიხმევდი, ხელით მქონდა მონაწევი, ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად, იქით–აქეთ მონაწევი. აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს, ვინცა ღვთისა მოუნდობლად რამც იკეთოს, რამც იხაროს, ესე–გვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს. კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს! გამიფრინდა სვისა ქორი, არ თუ არი განა ხადად, ბედი, სვე და სპა–და–ჯარი ყველა მექნა განახადად; ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად, მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად განა ხადად. ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხოს ჭირსა ვარდია, საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია; მკვიდრი უმკვიდროდ შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია, ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია. ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა, მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა და; ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და, რა მწვე მიჯობდა, სიბრძნითა თავი სხვა რიგად მეცადა! ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა, ზე აღმართული სვე–ბედი ანაზდად, ვნახე, მეხარა; სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამის წინათ მეხარა. არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა. მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო, სოფლის ნასთთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო, რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისებრივ დაწყვეტილო, სახელოვანთ ბიძა–ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო. IV კაცს ვისმე სახლი სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით, იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებს ამბარით. ვზარდო ფერადი ყვავილი, მოვიღო მთით და ამ ბარით, მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ, ამან მისთანა ამბა რით? კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია, ვარქვი: ,,ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?‘‘ ,,რადგან გწადს სიტკბო–მან–მითხრა–ჯერ ნახე უგემებია, ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უგემებია‘‘. ყმაწვილს ატყუებ უცებსა, ყმას ამაყობით დარევ და, შუაკაცს დაუცდელობით ხელსა სიჯაბნით დარევდა; მაგრამ ბერკაცსა რაღა რჯის, ისიც იმათვე დარევდა! შენ გასცვდე, ჩვენ კი ქვე დავრჩეთ, იქ თუმცა ჩვენთვის დარევდა. სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა, წესიერებით შეამკო საზომი განა სრულითა, უსხეულონი მსახურად, ზოგნი ჰყო განა სრულითა, არვინ დააგდო წყალობით კარითა განასრულითა. V ეზომ ტურფა სასძლოსთანა მინდა, რომე ვიხარებდე, საქორწინე არ მაცვია, რომ შემიშვან, ვიხარებდე; ასე მიჯობს, დავგლახაკდე, სოფლის საქმით ვიხარებდე, ნუთუ მაშინ ღირსად ვიქნე, ღიას კარსა ვიხარებდე. სატრფოს მეტრფე თუცა სძებნი, პირველ გიხამს, მო ნათელსა, ბნელმან, ვიცი, დააბნელოს, ჭირით ბაძე მონათ ელსა; შეყრას უნდა მწვე გამოცდა, მაშინ ჰპოებ მონათელსა. დაუცდელად, ეს იცოდე, ეშმაკისგან მო ნათელსა. კეკლუცია ტურფა რამე უკაზმავი მოიბაღით, ვარდსა, ახალ გაფურჩქვნილსა, სჯობს რა ნახოთ მო ი ბაღით; გულმან ჩემმან სიყვარული მისი უცხო მოიბაღით, სიძულვილი შენგან ჩემი მოიგლიჯე, მოიბაღით. მომწონს მისი სანდომობა ქებისათვის დაღალულად, თვალნი სხივმან დამიხუჭა, კნინღა მექნა დაღა–ლულად; ასრე გავხე, ჩემი მნახი მეტყვის: ხარო დაღალულად. არ მიწამლებ, გამხდომია გული ჩემი დაღ–ალულად. ამით უთხარ წამწამითა შესამსგავსი შესხმანია, ამით ფერით წამწამითა ესვის გულში შესხმანია, ამით შექნა წამ–წამითა თვალ–მარგალიტთ შესხმანია, ამით მოვრჩეთ, წამ–წამითა მადლი წყლულებრ შესხმანია. მისთა ტრფიალთა კეთილი არ მიეცემის კარითა, სიყვარულითა მისითა გული–გონება კარითა, მისისა მიახლებითა ეშყსა სურვილი კარითა, ეგება რომე გეღირსოს შესვლა სამოთხის კარითა. გულსა მისცემს უცხოდ შვებას, ოდეს ვისმე შეეყრების, თვალს ის უნდა, სხვათ სპეკალი ცუდად რასმე შეეყრების; ვერ მიმხდომთა წინ სამუდმოთ თვალთა ცრემლი შეეყრების, უჯობს კაცსა სოფლით გასვლა, თვარ ლახვარი შეეყრების. სურვილის ზღვათ უფსკრულშია მან მამიდგა მასე, მასე, ესე მიყავ: შემომზღუდე, გარეშემო მასე, მასე; საბრხეები მისგან ჩემზე რომ გავხეთქო, მას ემასე, შაქრისაგან უფრო ტკბილი მისი ეშყი მასე, მასე. როს მეტრფისა ტრფიალება გულსა ჩემსა დამაჯერა, მშლელი მიშლის უცხო რიგად, ლამის კიდეც დამაჯერა. მეუბნების: ,,ყმაწვილი ხარ, არ იციო დამა ჯერა‘‘. მაგრამ მისმა სიყვარულმა ისევ მასვე დამაჯერა. მის დარად, მსგავსად მაგ ქვებსა ცუდათ აწითლებ იამან, ხანი გამოვა, მანამდის იმას უდაროს იამან. ზილფი ხუჭუჭად ნაგრუზი რით ნახოს ურცხვად ი ამან? მისად შეყრამდი თუ დარჩე, მოიწყენ, თუცა იამან. VI დავრჩი ასე, აღარ მშვენის, არცაღა მაქვს მოსაგონი, რათ ვიხმარო, აღარ ვიცი, მქონდეს კიდეც მოსაგონი; გამიცუდდა ცოდვის ნაცვლად ყოვლი რამე მოსაგონი, მტერსა დარჩა, აღარა მაქვს ჩემი სრულად მოსაგონი. გული სევდისა სალხენად განსავრცა ა ჭარხელითა, მზევ, გული ჩემი, ტყვე–ქმნილი, მისწიე, აჭერ ხელითა; გაველურდე და გავიჭრე, დავრჩე ვით ა ჭარ ხელითა, საზრდოდ ვიკმიო სიცოცხლე, ვატარო ა ჭარ–ხელითა. ვერვის ვხედავ სოფლისაგან ჩემებრ რასმე წამონარცხით, გარდამაგდი მართ, ვითამცა საწუთრომან წამონარცხით, ჩემი მთვარე ავი რამე, არ თუ კაცთა წამონ არც ხით, ის დიდება პირველ ჩემი აღარა მაქვს, წამო ნარცხით. მიკვირს, სოფლის გულისათვის კაცი ასე რად იჭირვის! ანუ ვინმც ა მისის ნდომით, ვფიქრობ, ვცვიფრობ, ვით იჭირვის, უხამსთ მისცემს სიმდიდრესა, ზოგნი ხამსი მწვე იჭირვის, საუკუნოდ ცოდვის გვარლით გარდახვანჯვით დაიჭირვის VII ტოლსა შინა გამოჩენით არა სადა დამედარა, მტერთა ზედა რას მარგებდა, თუცა სადმე და მედა რა! თუ დამაკლეს, რა დამაკლეს, საქმეშია დამედა რა? მაგრამ ბოლოს ყველა ვინმე, რა გავსინჯე, დამედ არა. ტურფად, კეკლუცად ნაქმარო მისო სანდომო არევ, და, მიჯნურთა გულის მორევი უცხოდ რამ რიგად არევდა, მისი ნარნარად მიხედვა მისთანა მჯდომთა არევდა, ტანს კვიპაროზის მემშურნეს იქით და აქათ არევდა. დამრგველმა მისმა მოიმკოს დარგულთა მისთა ნაყოფი, არცა წაუხდეს იმისგან, არც ექნას მისგან ნაყოფი; კარგი ზეცამდე ამაღლდეს, ავმა სახლში ქნას ნაყოფი. რაც რბილად გონოს, უმაგრდეს, ვით ბასრი წყალსა ნაყოფი. ყვავილთა ტურფა ბიბინი, სანდომი არე–მარენი, მწადს გაზაფხული, ტოლთ უთხრა: აღვიძრნეთ არე მარენი; ვინც გაიკმარებს, რა არი, ვეჭვ, იყოს ა რემა რენი, ჩემი ნახული თუ ნახო, გაკვირვოს არემ არ ენი. ვ ნახე ბერი ყრმათა უყრმე და ყმაწვილი ბერთ უბერე, ბერი ცუდათ მწვე აჩქარდა, ყრმა დაწყნარდა, რაც უბერე. უხუცესი არას ნაღლობს, უმცირე სწუხს: ვარ უბერე, ის უფროსი იბერება, ეს უმცროსი არს უბერე. VIII რა მოვა საქმე საზეო, ნახეთ, მის გამო ელისა, ბევრსა ეცადა, აჭირვა, ვინც ქართლში გამოელ, ისა; რაღა ვიუბნო სოფლისა, ქალაქით გამოელი სა? თუ კარგი თვითონ არ არის, სხვისგან რას გამოელისა? ცუდად ვიყავ, სოფლისაგან ესე რამე გავაუბნენ, ვერა ვირგე ნაღველთაგან, სევდა უფრო გავაუბნენ; დამცა ცოდვამ საკურველად, როს ხელთ ვიგდე, გავაუბნენ. ბრძენთა თქმულსა არ მივხედე, ზურგი მივეც, გავა უბნენ. შენი ტრფიალნი შენს ნახვას სიზმარსა შინა სჯერანო, ვერა მწერალმა ვერ აქოს, საფერად დაგსვას, ჯერანო. მელნის ტბა ტურფად შვენოდეს, ვერ ედარების ჯერანო, მისი შუქისა სადარი ვინ შეიქნება ჯერანო? IX მიკვირს, თავი, ტანი, ფეხი ესრეთ ვითა ელამაზნეს ? ზორ–ტანისა უსულითა ესაროვნეს, არ ევაზნეს; ქარვის გარე გიშრის ბანდნი პირ–ნაქუფრად დაებანდნეს, საუბრისა საკრძალავად ლალის კარნი დაეზარნეს. უსუფეობ შენ ლამაზი, მზე მგონიხარ, დგახარ რაზი, ვინათგან ხარ ეგრე ნაზი, მნათობები იქით გაზი; ხარ ფილთაფელთ დანახაზი, არვისგან ხარ მონაკმაზი, რად დაგიხშავს ლალთა რაზი, მარგარიტთა ბუდე აზი. ამართა ბროლისა სვეტნი, რა მზემან ნახა, იამა, უფრჭკვნელი ვარდი კოკობი მიზიდვით მიიზია მა; სამთავე ერთად იდინეს - ბროლმან, ლალმან და იამა, იტვირთა ცვარი ობოლი სადაფის კარმან ღიამა. ორნივ ერთად ვთამაშობდით: - შენ ქურციკი, მე ავაზი, ძე ულვაში სუმბულითა, შენთან თმითა მუშკ–ავაზი, შენ ვარდი და მე ბულბული, შენ კაკაბი, მე გავაზი. შეგეყრები, პირს გაკოცებ, მომეწყინა მე თავაზი. კაეშანი დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად, მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად; ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად, ველი, სამე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად. სწავლა გავს წყალსა წმიდასა რუულად მომდინარესა, რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა, აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა. მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა. მიაგავს ჩვენი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა, რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა, სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა. დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა. მიხედე, ჟამმა რა მიყო ცრუმა და ანასდეულმა, დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა, სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა, აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა. რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები, მოგითმენ და მოგიჭირვებ, რაცა მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირებ, დამადლებით დაგიმადლებ, რას [ა] ც რასმე მომიძვირებ, სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ. ყრმათა ატყუებ უგბილთა, ვაჟთა სილაღით დარევ და, შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და, მიკვირს, ბერ–კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა! ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა. ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა, რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა, რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა? უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა. რა არის ზრუნვა კაცისა, დროთასა ვხედავ ქცევასა, მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვა–რიგა ზევასა, ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა, მზეს შეხვდეს დია ხუთ კუთხად, მოგცემსა მტერზედ ძლევასა. წყალმან არა ქნას სისველე, რითღა ეწოდოს წყალია? ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია? აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია? ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია. სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა, წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა, არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა, უსხეულონი მს[ა]ხურად ზოგნი ყო, განა სრულითა!
ანბანთ-ქება ასრე არის აგებული, ამგებელსა აქ აქებდეს, ამკობდესცა, ადიდებდეს, ამისთვისვე აქა ქებდეს. ამზრზენელსა, აღმშფოთველსა ანაცრებდეს, აქა ქებდეს. არმურისკენ ამწეველსა ალმასს აფთსა აქაქებდეს. ბრწყინვალედ ბარუქ ბრძანებდა ბადვისთვის ბრძნულის ბაგითა, ბრძათ ბრწყინვალება ბევრობდეს ბეთლემურისა ბაგითა, ბიწოვნებასა ბანევდეს ბერთ ბიჭთა ბრძნულად ბაგითა, ბორგნილნი ბილწნი ბაალნი ბორგევდენ ბუგა ბაგითა. გწერს გედეონ, გულღრტუთაგან განიქიქა, განებასრა, გვლარძნილთ გუნდთა გული გლუნი გაეფიცხა, განებასრა, გვიხამს გმონოთ განკიცხულსა, გაეწყობის გან ებას რა, გარდიკარგნენ გვარნი გივნი, გაადიდე განებ ას რა. დიდმა დიდებამ დიდისამ დიდებულები დარია, დაბნელდენ, დაბრმდენ, დაცვივდენ და დაუბნელდათ დარია, დაკეფამ, დაჭრამ, დაპობამ დიადობანი დარია, დიდებულისა დედისთვის დაიჭრა დედა დარია. ესრეთ ექნათ, ებრაელი ეუბნების ესაია, ევმანოელს ერი ესე ესადავა, ესაია; ეკიცხოდა ეროდია, ეჭობ ესხა ესა ია, ეხმაროდა ეგვიპტედა, ენერწყვიან ეს აი ა. ვისთვისცა ვლექსობ, ვით ვღირსვარ, ვით ვამბობ, ვინა ვარ დია! ვიწროს ვრცლად ვლასა ვინ ვბედავ, ვახტანგ ვით ვკონო ვარდია: ვერა ვასრულო, ვით ვეჭობ, ვალსა ვახშურსა ვარდია. ვინ ვაძო, ვისა ვბაძევდე, ვინ ვისთვის ვითა ვარდ ია! ზრზოლასა ზარსა ზიზინზე ზღაპრობაებით ზეზითა, ზეიმით, ზარით, ზოგზოგნო, ზარობდეთ, ზრზოდეთ ზეზითა, ზორვიდეთ ზირაქისაებრ ზეციერებსა ზე ზითა, ზელფასათვისცა ზარქაშსა ზომდენ ზონარსა ზეზითა. ჱლენნი, ჱლამიტელნი ჱენათესავა ჱესავის, ჱბგურნო ჱეშმაკისანო, ჱვლტით ჱედემსა ჱეს ავის, ჱმამნენ, ჱეძმნენ, ჱეშვილნენ, ჱეგვარებიან ჱესა ვის? ჱემცირებოდა ჱე პირმშო ჱებირებიან ჱესავ ის. თაბორზედა თოვლისებრი თავადია თავად თვითო, თუ თხრობასა თხრობულობდე თქვით თაყვანი თვითო-თვითო, თხოვეთ თმობა თბურის თქმისა თებერვალით თიბათვითო. თასინ-თანას თხოვნისათვის თხრობილიცა თქმულა თვითო. იწყლა იესო ისრაილ, ინაფირებდა, იქოსა. იხარებდიან, იშვნიან, იმით იტყვიან „იქოსა“ იზმდიან, იხმოვნობდიან, იმღერებდიან „იქოსა“. იგი იმითი იდიდოს, იპატიოსნოს, იქოსა. კაცი კვალსა კომსისასა კიცვად კადრებ კარაულო, კართ კრებულნი კადნიერი კრთომით კვალად კარაულო, კოცნა კადრე კატაბანათ, კარიოტელ კარაულო, კონა კლერტთა კანაფთაგან კალათურად კარაულო. ლოგინებრივ ლარკანშია ლაზარეა ლილებრ ლულად, ლოყა ლურჯი ლაჟვარდისფერ ლამაზობენ ლმობით, ლულად, ლხინისაგან ლოდაკითა ლია ლამავს ლულა-ლულად, ლექსობამა ლექსი ლია, ლაპლაპობსღა ლამის ლულად. მოკლა მაღალი მეუფე, მიკვირს, მოკვდავმან მონამა, მშობელმან მისმან მასზედა მტირალმან მიწა მონამა, მითქვამს მართალი, მიჯერეთ, მაშ, მეც მივსწერო მონამა. მუნ მომცეს მკვიდრი მამული მე მუდამ მისმან მგონამა. ნებთა ნაკრავთა ნალურსმთა ნაწვეთნი ნიჟვენ ნაგებით, ნახეთ, ნეტარი, ნათელი, ნაშენო ნებსით, ნაგებით. ნათამამებნო, ნაგვემსა ნუ ნერწყვავთ ნეტა-ნაგებით, ნურც ნებას ნახავთ ნობათად, ნაზორნო, ნაჭეთ ნაგებით. ოდეს ოხრასა ოხჭანზე ოხრიდენ ოხა ოხითა, ოსანაებსა ორობდენ ორღანოებით ოხითა, ორესტოს ონისიმესთან ონოფრეც ორობს ოხითა, ოხრება ოცი, ორმოცი, ოთხმოცი ოხრად ოხითა. პასუხი პატიოსანი, პირო, პოეცა პარითა, პირმშოსა პირველისასა პყრობას პირობდენ პარითა, პატიოსნისა პარაკთა ბრწყინვალებანი პარითა, პალამნი პავასაკითა პარპანჯობდიან პარითა. ჟღვლიმოს ჟღლეტამა, ჟიჟინმა, ჟრჟოლამან ჟამი ჟირადო, ჟეჟა, ჟლუტუნი, ჟღივილი, ჟონევდეს ჟირში ჟირადო, ჟანგმან ჟამისამ ჟიჟინი, ჟარო, ჟოლაებრ ჟირადო, ჟალეთელთათვის ჟინჟილად ჟოლისა ჟვერი ჟინადო. რადგან როტევდა როსკიპი, რეგვნობას რწყვიდა რულადა, რეტოვანთ როკვით როგორი რეცა როდიამ რულადა, რამეთუ რისთვის როხევდა, რობდეს რადღამცა რულადა; რკინევდა რისთვის რიოში რობუამთანა რგულადა! სცდებით, სოფლისა საშვებლად სვამთ საკრავითა სამებით, საუკუნოსა საქებსა სიტყვასა სულსა სამებით, სერაბინთაებრ სწირევდეთ საქებსა საქმეს სამებით სიმაღლე სთხოვეთ სიმდაბლით სიღრმესა სულით სამებით.
ტანჯვიდენ ტაძრეულები, ტომი ტომზედა ტანებით, ტყველვიდენ ტაშსა ტკაცითა, ტერფებსა ტატსა ტანებით, ტიროდა ტკბილი ტევანი, ტომისთვის ტკრცოდა ტანებით, ტანჯულმან ტანჯოს ტეტერნი ტარტაროზებში ტანებით. უწინდელები უფალი უფალმან უფსკრულს ურია, ურჩეულესად უყვარდა, უდაბნოს უძღვა, ურია; უმაღლეს უფლებათასა უგმერდენ უღმრთო ურია, უპატიურნი, უსწავლნი, უგვანნი, უსუსურია. ფრიადობდიან ფუტკარებრ ფერად ფინთისა ფარებით, ფაფარუჯობდენ, ფრთხილობდენ ფაკელებისა ფარებით, ფიცხელობდიან ფლობილნი ფასაღანოსა ფარებით, ფიცხელნო, ფილასოფურად ფონებსა ფონავთ ფარებით. ქერაბინთაგან ქებული ქრისტე ქმნულებად ქორითა, ქარნი, ქვეყანა, ქვემთრევნი, ქმნა ქურციკები ქორითა, ქებულთ ქადაგთ ქვა: ქმენითო ქაბარწოვანი ქორითა, ქორებს ქმნულისა ქებისა ქორს ქება ქადაგო რითა. ღვარბასობითა ღმერთისა ღლიანი ღრმათა ღებულა, ღმრთაების ღირსსა ღვარულად ღუდღუდი ღაწვი ღებულა, ღაღადებითა, ღრიალით ღვედი ღვედკეცი ღებულა, ღონობა, ღონვა ღავღავით ღრუბელი ღაღადებულა.
ყურთ ყოფადთა ყაყანისა, ყრიალისა ყეფა-ყოფა, ყადავახად ყოვლად ყოფილს ყავთ ყობულში ყოფილ ყოფა, ყმებრივ ყიფნო, ყოველთავე ყრისაცავე ყავით ყოფა. ყოფილისა ყივილისა ყონ ყოველთა ყოვლად ყოფა. შეთნო, შემცდარნო, შეშლილნო, შლუებნო, შმაგო, შენაო, შემოქმედისა შენისა შებმა შეჰქენით, შენაო, შავის შლამისგან შეგაგბო, შეგამკო შექნით შენაო, შარასა შესცდი შურითა, შავმცა არს შენი შვენაო. ჩვენი ჩვევა ჩავარდნისა ჩვენსა ჩვილსაც ჩაეხსენა, ჩაჩვეოდენ ჩაგმობასა, ჩაეტკბილა, ჩაეხსენა, ჩამოვიდა ჩვენთვის, ჩვენო, ჩვეულებას ჩაეხსენა, ჩხუბიანთა, ჩასაქვავთა ჩაეშურათ, ჩაეხსენა. ცნობა ცხოვლისა ცხადობით ცნას ცქაფმან, ცრუმან, ცანითა, ცხებულისათვის ცემანი, ცხარობაები ცანითა, ცრცვის ცრუობისთვის ცხადობით, ცეცხლიმცა ცვარობს ცანითა, ცბიერობაცა, ცანცალი, ცოდვა, ცაქცაქი ცარითა. ძარცვეთ, ძრახეთ, ძმად ძრახულნო, ძლიერებით ძველნო, ძირად, ძესა ძველსა ძეგლისაგან ძვიდით, ძაგდით ძირად-ძირად, ძენი ძაგნი ძღვენსა ძღვნიდენ ძნეულებად ძირაკს ძირად, ძრახულნებო, ძაღლებრ ძვინად, ძღარბებ ძილად, ძუნწად ძვირად.
წყლეს წმინდა წბილთა, წყეულთა, წარმართულისა წამებით, წარბ-წამწამითა, წვერითა, წელითა წათდენ წამებით, წელიწდეული წულები წარწყმედულთ წყევლას წამებით, წარსქდა წყარონი წყლისანი წანწკარით წინ წამწამებით. ჭამოთ ჭირისთვის ჭმუნვანი, ჭრიჭინაებრივ ჭაჭანი, ჭრის ჭუილებსა ჭამანი, ჭეშმარიტისა ჭაჭანი, ჭეშმარიტისა ჭვრეტითა ჭყრტიალებს, ჭრტინავს ჭაჭანი, ჭაკს ჭაბუკურად ჭურვილთა ჭირან ჭიმანი, ჭმაჭანი. ხან ხორცო, ხელო ხვებულო, ხან ხმელო ხოლმე ხანითა, ხშირად ხიშერთა ხებულო, ხან ხმიანობცა ხანითა, ხადუმთ, ხოჯათა ხროშია ხარხარებ, ხარბო, ხანითა, ხან ხბორებთანაც ხადილობ, ხმობ ხარით ხნული ხანითა. ჴარის ჴმელისა ჴშირ ჴმევით ჴაჴანი ჴორჴი ჴაჴულა, ჴაშები ჴშირად ჴელდაჴელ ჴოჴბისა ჴარშოც ჴაჴულა, ჴვნეშა ხამს, ჴოჴობთ ჴმეულნო, ჴატი ჴდებიან ჴაჴულა, ჴდალთა ჴოჴვითა ჴხმოვნობით ჴალიჩის ჴაო ჴაჴულა. ჯარში, ჯაბანო, ჯდომასა ჯერჩინება-ყავ ჯერითა, ჯაგლაგს ჯღანითა ჯავრითა, ჯომარდო, ჯოჯოს ჯერითა, ჯადვარ, ჯავზ ჯორით, ჯანასლან ჯამასპზე ჯავრობს ჯერითა, ჯავახეთს ჯარჩი ჯახველის ჯალჯი ჯურუმათ ჯერითა.
ჰავნი ჰასპიტებრ ჰარულნი ჰავში ჰატარონ, ჰარონა, ჰაღიარებდა ჰარსებას, ჰამბობენ ჰასე ჰარონა, ჰამასაებრად ჰაღმკული ჰაღძვრისთვის ჰაბა ჰარონა, ჰაქონ ჰავი და ჰავთ ჰაღძვრა ჰაღეტოლების ჰამონა. ჵეს სხვა სიტყვა არა აქვს, თუარ ჰაი და ჵები, ჵი, შენ ცოდვის მიმყოლო, სულო, სანამდის ჵ ები? ჵი, კაცთ საქმის არქმნულსა, ხარებრ გიძახონ „ჵები“. ჵი, რასაც იქ ბოროტსა, მასშიგვ მოიპო ჵები.
ჯოხზე დაწერილი ერთპირობა ყოვლის ვისმე ამას მგვანობს, ამას დარობს, ამის ტოლი რომ მივაკრათ, ოთხი, ხუთი ანუ ჯარობს, ვერვინ გასტეხს მწვე ადვილად, მოზიდვითა თუ ვინ ხმარობს, ერთი, დიაღ, მალ გატყდება, ცოტა ძალი მალ ეკმაროს. ამ ჯოხს ძალუც თვალში იკრას, წაითხაროს, წაიმწაროს, ესეც ძალუც დაიბჯინო, მოგისვენოს, მოგეხმაროს; სწერო ზედა საღმთო სიტყვა და საერო რომ გეკმაროს, ყველა კაცთვის სახმრად იქმნა, თუ კარგისთვის არ იზაროს. მართალ არს ერთი პირობა, ბევრთ სუსტისა მძლედ მაგრობსა, ვით ეს ფიცარი ერთ სუსტი, თუ სხვაცა თანა მყარობსა. უსაქმობასვე საქმე სჯობს, თუ ვინმე ცუდად მჯდარობსა, ნუ თუ რას ველით ხან წავლით, ნუ ვინმე შემუდარობსა. ვაი, სამნეო, სამნეო, ასე რად გამისამნეო, არ მომცა, გული დამიწვა და დარჩა გაუსამნეო, უთხარ: ამგვარსა საქმეზე ნეტარ თუ რად მაწამნეო. მსახურთა მისთა უბრძანა: ნუ აწყენთ, ცოტა ამნეო. ის დარჩა, მე კი წამოველ, სხვა ვერა შევიწამნეო. დავჯექ და ღმერთსა ვეხვეწე, ეს საქმე დამიამნეო. ვახტანგ, ამგვარსა საქმესა კვლავ ნუღარა იქ სამნეო. ქალ თუ ყოვლისა მხედველი ვერა დროს ვერა ნახავსა, მეფე ხანდიხან, მაგრამე ზოგჯერ იმათგან ახავსა. სხვა კაცი ყოვლთვის უყურებს და მათსა სახეს სახავსა, ბრძენად ჩავაგდებ, ვინც ამას მის მსგავსად განიზრახავსა. ვარდს ეტრფის მიწყივ ბულბული, სული უყვარს და ფერები, რომ იმისთანა შეიქნას, ქონდეს ასეთი წერები, ის უგუნური მას ცდილობს, კარგ იყოს შესამზერები. სახედ უქნია მოქმედსა, ვიყოთ მის შესაფერები. ცრუ არის, ვინც სოფლისათვის ზრუნავს, ჭმუნავს, შეწუხდების. ღმერთმან იცის, ვინ იშოვნის, ვინ იღვწის და ვის მიხვდების.
*** ჯუფთ არს არა ვის, ეთქვა არავის, თუ ვინ აწ ბრძანებს, ვეჭვ, არს შემდგომი. ვმონე ქრისტესა, მას ჩემსა მწესა, უნდო, არ კეთილთ ფრიად შემდგომი, ამის ლექსვაში ვიყავ მწვე ვაში, ნუ ეჭვთ მყოლოდეს შემწე, შემდგომი, ბრძენთ დავაბრალო, უცებთ ვერ მრავლო, ხომ ხარ რიტორთა გზაზე შემდგომი.
სულხან-საბა ორბელიანზედ რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა, შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა; სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მეცა. საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა. სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი, სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ [მ]მარხველი. იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი. ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.
|