საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > ქართველ მეფეთა პოეზია

პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი
ლელა ჩხარტიშვილი


ლექსები ჩემი ბედისწერაა და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის“ _ ეს სიტყვები ეკუთვნის ძალიან საინტერესო ბიჭს, ძალიან საინტერესო შემოქმედებით _ პოეტ ალექსანდრე მისელაშვილს. მან იმთავითვე დაიპყრო მკითხველის გული. გამოჩენისთანავე გოდერძი ჩოხელს მიამსგავსეს და ეს არ ყოფილა შემთხვევითი. იგი მართლაც საოცრად ჰგავს გოდერძი ჩოხელს, გარეგნობითაც და შემოქმედებითაც. თანაც ორივე ერთ დღეს _ 2 ოქტომბერს დაიბადნენ.  ორივეს შემოქმედება „ბუნების გულთამხილველი შვილების“ უნაზესი, ჰაეროვანი აღმაფრენაა. ორივე ვაჟას მინდიასავით საოცრად გვითარგმნის უფლის მიერ ქმნილი  ბუნების იდუმალ ენას, რომელიც ასე კარგად ესმით მათ.  ორივე ქომაგია სიკეთისა და უკიდეგანო სიყვარულის.

და მაინც, ალექსანდრე მიშელაშვილი სრულიად განსხვავებული, განუმეორებელი, მკვეთრად საკუთარი ხელწერის მქონე,  საოცარი მიგნებების, თვითნაბადი ნიჭის შემოქმედია. ეს ნიჭი გამოიხატება მინიატურულად მცირე, მაგრამ უაღრესად დახვეწილი  და ლამაზი პოეტური  ფორმების  მეშვეობით  უღრმესის და უმნიშვნელოვანესის  გამოხატვაში. პოეტს სულ რამდენიმე მარცვლის მეშვეობით კოსმოსური ჭეშმარიტების  განცხადება სურს და ამას გენიალურად ახერხებს კიდეც. აკი მცირედშიც გამჟღავნდება დიადი და წვეთი გამოაჩენს ოკეანეს.  მისი თითოეული მინიმალისტური პოემა  ვარსკვლავებს გვაგონებს, რომელთაც მეტად მცირე ადგილი უჭირავთ  გრანდიოზულ ცაზე, მაგრამ ძალიან მშვენიერი და მომხიბვლელია  ყოველი მათგანი. ყველაზე რთულია მოკლედ თქვა ყველაფერი. ალექსანდრე სათქმელსაც  გენიალურად აგნებს  და გადმოცემის ფორმასაც. ყოველ მის სტრიქონში სხვანაირი ჩანს თითქოს ნაცნობი სამყარო, ოღონდ სხვებისგან ვერშემჩნეული, სულ სხვა კუთხით, საოცარი სიცხადითა  და სინათლით დანახული, ამოუწურავი. პოეტი თითქოს მიკროსკოპით უყურებს გარემოს, ისეთი  ზუსტი პოეტური თვალთახედვის ავტორია, რომ უკვე ყველა იცნობს მის ტექსტებს ხელმოუწერლადაც. სახელისა და გვარის მიწერა აღარც არის საჭირო, რადგან  ასე არავინ წერს. მისი ლექსიკა უბრალოა, გადაუპრანჭავი, უტყუარი, ზუსტი, ლაკონური და გენიალური. ეს არის ფილოსოფოსის პოეტური ჩანახატები.  თავად პოეზია უკვე ფილოსოფიისკენ იდრიკება, თუმცა ალექსანდრეს პოეზიაში სხვაგვარად მკვეთრია ფილოსოფიური სურათი. ეს პოეზია გულისხმობს  სამყაროს არამარტო  გრძნობით-რეალისტურ ასახვას, არამედ რელიგიურ-ინტუიციურ ჭვრეტას. მკითხველი აღტაცებაში მოჰყავს ამ მინიატურულ ნაწარმოებებში ჩატეულ განცდათა სიღრმეს, სინატიფესა და უშუალობას.  ამ  ლექსებში  გახარებს სულიერი სიწმინდის ატმოსფერო, აზრის სიცოცხლე და სიღრმე, გამჭვირვალობა, ორგანული პოეტურობა, რომლის მიღმა იგრძნობა ახალგაზრდა, ძალიან მახლობელი, გულწრფელი და ჭკვიანი, ფილოსოფიურად განწყობილი, საოცარი ფიქრების, ღრმა ჰუმანისტი, ლმობიერი და პროგრესულად მოაზროვნე  ადამიანი.

პოეტი არ იკეტება თავის ნაჭუჭში, არამედ სათუთად  შეიგრძნობს და შეისისხლხორცებს სამყაროს გასაჭირსა და სიმძიმილს.   მისი პოეზია ღრმად ადამიანური  და ნათელია, სიცოცხლის სიყვარულითა და  სევდით განმსჭვალული. ნაღვლიანი და მინორულია  ეს პოეზია, რადგან ცოტა რამ არის გასახარი ქვეყნად და სევდის მიზეზსაც რა გამოლევს?!  პოეტს  უყვარს ყველაფერი, რაც მშვენიერია ამქვეყნად. შესაბამისად, სძულს უსამართლობა, სისასტიკე...იგი ღრმა და ფაქიზ თემებზე წერს. სტკივა ხარის ყელთან მიტანილი ანდა ბატკნისთვის ყელში გამოსმული დანა; თავშესაფარში მოქსოვილი, შვილიშვილების მოლოდინში დაპატარავებული  მოქსოვილი შალის წინდები; წვიმას გარიდებული, გამოქვაბულში ჩამობერებული პეპელა; ადამიანის დანახვაზე გატრუნული ჩიტებით სავსე ტყის უღრანი; მარტოსული ადამიანი, იმდენად მარტოსული, კოშმარების წყლისთვის მოყოლა რომ განუზრახავს;  ნაქარალი ბაბუაწვერა, სიყვარულის სიმბოლო; კაცის ჩასაქოლად გამოყენებული ქვებით აგებული ტაძარი; ზოგადად, ქვის ტაძრების შენება სულის ტაძრების გაძარცვის პარალელურად; პოეტს საოცრად აქვს  განჭვრეტილი   და მკითხველამდე მოაქვს  ფუტკრის დარდიც კი, მისი თაფლით გაკეთებული  ამაოდ ჩამწვარი სანთლის გამო; უბრალოდ და გენიალურად აქვს გადმოცემული დარდი  ობლის ქოხის სეტყვისგან დალეწილი სახურავის;

   ნატვრის ხის ყველა კვირტზე მოჭერილი ნაჭრის;  ქარის მიერ მეცხრე ცამდე აფრენილი, მიწას მოწყვეტილი  ფოთლის; დაობლებულ კრავთა ბღავილის;  მიტოვებული სოფლებისკენ ატყევებული გზების;   ფრთებს მინდობილი ქარწაღებული თუ აბლაბუდაში მოხვედრილი პეპლების;   მოწყვეტილი ყაყაჩოების მიერ ნათქვამი ყველა ყვავილის სისხლისფერი სათქმელის გამო.

 

მკითხველის გულის კუნჭულამდე აღწევს და აფორიაქებს პოეტის მიერ ღრმად განცდილი სახეები: ხელგამოწვდილი ვეტერანის მიერ ქვეყნის სახელის მოსაფრთხილებლად დამალული ორდენები;  საყდრის სარკმლიდან ჩამოშლილი ყორნების ბუდეები;  მშიერი მოხუცების დასაპურებლად თოვლში ამოხეთქილი, 8 მარტს გასაყიდი  იები;   ლარნაკსა და ნაგვის ურნაში ჩამობერებული ყვავილები; გუმბათმონგრეულ  ტაძრებში დათოვლილი  ფრესკები. მარგალიტებად აკინძული, სულიერ განწყობილებათა ეს უფაქიზესი ნიუანსები  ღრმა ესთეტიკურ ზემოქმედებას ახდენს. ამ გაყინულ და მახინჯ  სამყაროში, ტექნოლოგიურ ეპოქაში  სიკეთედ და სითბოდ იღვრება ეს, საოცარი ძალის მქონე,   სიყვარულითა და თანაგრძნობით სავსე, ქვეყნის ჭირ-ვარამის დამტევი, სევდით შეფერილი, მრავლისმთქმელი   სტრიქონები.   ისეთ სიბრძნესთან გიწევს ზიარება, წაკითხვის შემდეგ სულ გიჩნდება განცდა, უკეთესი გახდე....უფრო თბილი, უფრო მოსიყვარულე, უფრო კეთილი.

ქართველმა მკითხველმა გულთბილად და სიყვარულით მიიღო  ამ ჭეშმარიტად ხალხური პოეტის ლექსები. მას  „აზრის ჯადოქარიც“ უწოდეს. ფეისბუქ გვერდზე  ვკითხულობთ სასიამოვნოდ გაოცებული, აღფრთოვანებული   ადამიანების მიერ,  პოეტის მისამართით გამოთქმულ, გულწრფელი აღტაცების გამომხატველ ულევ კომენტარებს: „გრძნობ, რომ ქართულ სიტყვას ძალა და სიღრმე არ დაუკარგავს“; „რამხელა ბედნიერებაა გქონდეს ასეთი სათუთი გრძნობები და შეგეძლოს მათი ასე უბრალოდ და გენიალურად გადმოცემა“; „შენ უფალი ნაპოვნი გაქვს შენს გულში! ბედნიერი ხარ! შენ ბევრ მწვერვალს დაიპყრობ!“;  „იმღერე, ჭაბუკო! დაე, შენი ლექსები იყოს სულის სალბუნი სევდიანთათვის!“;  „პოეტი გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, უმცირესი სტრიქონთშორისი ჭუჭრუტანიდან დაგანახოს მისი უდიდებულესობა – სამყარო, მთელი თავისი სიდიადით, მშვენიერებით, სისასტიკით, სიკეთით“; „გამოჩენისთანავე მიიქციეთ ყურადღება. ზოგჯერ მგონია, რომ ამოვწურე თქვენით გაოცება, თუმცა ამაოდ!“; „საუკეთესო მწერალი, ...დიდი მოაზროვნე და უნიჭიერესი ადამიანი! მადლობა უფალს, რომ საქართველოს წიაღიდან ამობრწყინდა ალექსანდრე მიშელაშვილი! დღეგრძელობა და წარმატებები მას!“;  „სანამ შენნაირი კაცები იბადებიან ამ ქვეყანაში, სულ იქნება ეს სიყვარული (სამშობლოს მიმართ), ძლიერ ფესვებზე ამოზრდილი და მათით ნასაზრდოები“; „ალექსანდრე, შენი ემოცია იმდენად ბუნებრივი და უხინჯოა, შეუძლებელია, ვინმემ ,,გადაამღეროს" და ,,გვირისტი" არ დაამახინჯოს. ყოველი ლექსი თქვენი სულის გამომზევებაა, ხომ უბრალოა? მაგრამ მიგნება და სათქმელის ასე ლამაზად გადმოცემა არ გინდათ? საიდან ამხელა ნიჭი? ეს ღვთის საჩუქარია. ასე მარტივად გადმოცემული ამხელა სიბრძნე“; „აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. რა რთულ საქმეს შესჭიდებიხარ, ყველა სულდგმულის (და არამარტო) დარდს რომ გადმოგვცემ, უფალმა დიდი ძალა მოგცეს ასეთი გულწრფელი, უბრალო და სულის სიღრმიდან ამოსული ჭეშმარიტებებისთვის; ახალგაზრდა და ამდენი სიბრძნე?“; „საინტერესო და მოულოდნელი ფინალი, რომელიც ძაბავს მკითხველს....მერე გახარებს, გაფიქრებს ასეთი ზუსტი და ორიგინალური გადაწყვეტა.. ყოველი ფინალი შეგონებასავითაა“; „სულის კუნჭულებში შეჩურთულ სინდისსაც რომ გაგიღვიძებს, ისეთია თქვენი შემოქმედება. საოცარი აღქმის და გადმოცემის უნარი გაქვთ“; „პირველად ნათქვამ-განცდილის ბედნიერება მოგაქვთ. რა გული გაქვთ ასეთი“; „თითოეული სტრიქონი ტყვიაა გასროლილი. ეს ყველაფერი არც გამოცდილებას მოუტანია, არც განათლებას... ღვთისგანაა! გულის კუნჭულში არსებულ ცხოვრებისეულ რეალობას ასე ლამაზად როგორ გადმოსცემთ. ასე სიღრმისეულად.. რა ძალა გათქმევინებთ თვალით და გულით, ზოგჯერ დაუნახავ, განუცდელ და ზოგჯერაც გულის გახეთქვამდე საჭირო სიტყვებს?!“

 

თუმც

ენასავით

ამოიდგით

მდინარე,

მთებო,

რას

ყვირის?!-

ერთი

სიტყვაც

არ

გვესმის“...და მაინც გვგონია, რომ ალექსანდრე მიშელაშვილს ესმის. უზენაესმა მას უბოძა ნიჭი ადამიანში, ბუნებაში  მიკროკოსმოსის დანახვის  და მისთვის ყველაფრის განსაზღვრელი ღირებულების  მინიჭების.

თაფლს რომ მალავდი,

ვერც გაიგებდი ალბათ, ყვავილო,

ფუტკარს რომ სულში არ ჩაეხედა.“ _  ჩვენც ვერ ვიგრძნობდით კიდევ ერთხელ  ქართული სიტყვის  ჯადოქრულ ძალას, პოეტს ასე მარგალიტებად რომ არ  აეკინძა და ჯადოსნური კალმით წყვდიადიდან სინათლეზე არ ამოეტანა, სხვა სიცოცხლე და სუნთქვა არ მიენიჭებინა, დიადი აზრით, მარადიული ჭეშმარიტებითა და უკიდეგანო სიბრძნით არ გაეჟღინთა. ალექსანდრე მიშელაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში პოეტურ სიტყვას არ დაუკარგავს ადრინდელი ფასი.

უფაქიზესი ლირიზმით, უბრალოებით, ლაკონურობითა და, ამავდროულად,  ღრმა ფილოსოფიურობითაა აღბეჭდილი მისი ინტერვიუც.

 

_ როდის დაიწყეთ წერა და რამ გაგიჩინათ წერის სურვილი?

_ წერის სურვილი სკოლის ასაკიდან მქონდა, მაგრამ ისეთი მოკრძალება მქონდა ამ საკითხის მიმართ, ვერ ვბედავდი, თუ გავბედავდი და არავის ვაკითხებდი, ვანადგურებდი. ინსპირაციის წყარო ალბათ მთაში ბუნებასთან გატარებული წლებია.

 _ რა სტკივათ ადამიანებს ყველაზე მეტად და გჯერათ რილკეს სიტყვების: „არსებობს კუნძული, სადაც ტკივილები ყვავილობენ“?

_ კაცობრიობის ყველაზე დიდი ტკივილი და შავი ლაქა ომია, ჯერ კიდევ ვერ მივიდა თანამედროვე ადამიანის ცნობიერება იმ აზრამდე, რომ ძალმომრეობით პრობლემების გადაწყვეტა არ შეიძლება. პირად ტკივილზე წინ, სამშობლოს ტკივილს უნდა ვაყენებდეთ. ძნელია იცოდე რა ისტორიული ქარ-ცეცხლი გამოიარე და შენამდე სისხლით მოტანილს დაქუცმაცებულს უტოვებდე შვილს. რილკეს ეს "კუნძული" კი ჩემი აზრით ადამიანია, ადამიანი შეიძლება იქცეს მიტოვებულ კუნძულად, სადაც ტკივილები ყვავილობენ. ჩვენ ალბათ ყველაზე მეტად ამას გავურბივართ. არ გვინდა ასეთ კუნძულად ვიქცეთ.

_ თომას მანი წერდა: „პოეზია ნატიფი შურისძიებაა სამყაროული სისასტიკის მიმართ.“ თქვენთვის რა არის პოეზია?

_ პოეზია მესამე თვალია, რომელიც მხოლოდ პოეტს აქვს, ხედავს იმას, რაც სხვისთვის შეუმჩნეველია. ხედავს და მხატვრულად გადმოსცემს. ჩემთვის პოეზია ერთგვარი გადარჩენაა, ემოციური ვარ და ამ ემოციების გამოხატვა მხოლოდ პოეზიაში ვიპოვე.

_ რა მისია და დანიშნულება აქვს პოეტს, მით უფრო ჩვენს ცივ და ტექნოლოგიურ ეპოქაში?

_ ზოგადათ ლიტერატურის მთავარი დანიშნულება, დოჩანაშვილს დავესესხები და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბება უნდა იყოს. ლიტერატურა, რომელიც ამას არ ემსახურება, ადრე თუ გვიან განწირულია.

 _ ყველაზე მეტად რომელი პოეტი და მწერალია თქვენთან ახლოს?

_ ვაჟა თავისი პოეზიით და გოდერძი ჩოხელი პროზით.

_ წერთ: „მე კი ისეთი სიყვარული მომეცი, ღმერთო, ყვავილმა მზეს რომ ზამთარი აპატია და მერამდენე საუკუნეა, მის ამოსვლაზე იშლება მხოლოდ.“ და მაინც რა არის სიყვარული?

_ რა წუთსაც სიყვარული გაქრება, გაქრება ადამიანიც. სიყვარულია საწყისი სამყაროსი. სიყვარულის გარეშე არ იარსებებს სიცოცხლის მოტივაცია. მოსისხლე ზამთარს თოვლის ხაფანგში ენძელებს რომ უტოვებ, გაზაფხული მაშინ ხარ. ეს მინიმა გამახსენდა რატომღაც, ასე მოქცევა რომ შეგიძლია, სიყვარულიც მაშინ ხარ.

 _ თქვენ ბუნების შვილი ხართ, მისი მესაიდუმლოე, მისი ერთგული მსმენელი და გამომთქმელი. ბუნებასთან დაშორება, მისი ენის ვერგაგება, _ ალბათ ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა ადამიანისათვის?

_  ტყეს რომ ავჩეხავთ და მერე წყაროს შევუკურთხებთ, _ დამშრალაო,_  ის ხალხი ვართ, სამწუხაროდ. სანამ მეწყერი ჩამოწვება, ყველას გვგონია, მთამ ვერ იგრძნო მის მკერდზე რომ ტყე აიჩეხა.

_ წერთ: „სისხლის წვეთებია ვარსკვლავები, ქრისტეს დალურსმული მტევნებიდან. როგორ უმტკივნეულოდ ვუყურებთ დღესაც.“ ნიკო სამადაშვილმაც ვარსკვლავებს „მარადისობის ჭუჭრუტანები“ უწოდა.. რა არის თქვენთვის რწმენა, მარადისობის განცდა?

_ ნებისმიერი რწმენა, რომელიც არ დგას სიყვარულზე და ჰუმანიზმზე, განწირულია, მარადიული მხოლოდ ის ძალა შეიძლება იყოს, რა ძალამაც ეს სამყარო შექმნა და ჩვენ მას ღმერთს ვუწოდებთ. სადაც ღმერთის ხელი არ ურევია, ის საქმე მარადიული ვერ იქნება.

 _ ერთ-ერთ ლექსში თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებზე დარდობთ..არ არის ადვილი მშობლიურ ადგილებს მოწყვეტა. ჩვენი ემიგრანტების ტკივილი გამოთქვით. რა არის თქვენთვის სამშობლო?

_ მინიმით გიპასუხებთ. ემიგრანტებმა უკეთ იციან, რომ უდაბნოზე ფიქრით ჭკნება წალკოტებში ყველა კაქტუსი.

 _ „შეუნდე, ცაო, შენში მხოლოდ ყორნებს ხედავენ, მომაკვდავები ბრძოლის ველიდან.“ და მაინც გმირების სასყიდელი მარადისობაა. რამდენად ძვირფასია თავისუფლება, მისთვის ბრძოლა?

_ აქ რამოდენიმე ჩემი მინიმით გიპასუხებთ თავისუფლების თემაზე. „ჰკითხე ამ თაფლზე დაწებებულ ბუზს, ღირს კი საჭმელზე გადაცვლილი თავისუფლება?!“  „ჯაჭვზე გაზრდილ მგელს ნადირობა არ უსწავლია, აბა როგორ არ შეაშინებს თავისუფლება?!“ „ჰკითხე ამ ჩიტებს, ამ ყვავილებს, თუ რა რისკია თავისუფლება: ქოთნის ყვავილებს ფეხს არავინ არ დააბიჯებს, შურდულს არავინ დაუმიზნებს ამ ჩიტებით სავსე გალიას.“ „სადაც ჩურჩულზეც შეიძლება ზვავი დაიძრას, იმ მთებში ვეძებთ თავისუფლებას.“

 

მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq