4 ივნისს დაახლოებით 2 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის მე-60 წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო მსახურებაში. საგულისხმოა, რომ დამსწრეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 1953 წლის 2 ივნისს იმყოფებოდა კორონაციაზე. დედოფალთან ერთად მსახურებას ესწრებოდა მისი ოჯახის 20 წევრი, მათ შორის მეუღლე - პრინცი ფილიპი. ვესტმინსტერის სააბატოში დედოფალი მეუღლესთან ერთად შებრძანდა იმავე მუსიკის თანხლებით, რომელიც გაისმოდა 1953 წლის კორონაციის დროს. 1953 წელს 27 წლის დედოფალი გახდა სააბატოში გვირგვინდადგმული 38-ე მონარქი 1066 წელს ვილჰელმ დამპყრობლის კორონაციის შემდეგ. სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ დედოფლის ვაჟი, პრინცი ჩარლზი და შვილიშვილი უილიამი, ფეხმძიმე მეუღლესთან, ქეთრინთან ერთად. ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ივლისში ბავშვს ელოდება, ორი წლის წინანდელი ქორწინების შემდეგ პირველად იღებდა მონაწილეობას ოფიციალურ ცერემონიაში ვესტმინსტერის სააბატოში. მსახურების დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა და თანამეგობრობის მდივანმა კამალეშ შარმამ წაიკითხეს ნაწყვეტები ბიბლიიდან. მსახურებას უძღვებოდა ანგლიკანური ეკლესიის მეთაური კენტერბერიელი არქიეპისკოპოსი. 1953 წლის კორონაცია იყო გამოკვეთილად ქრისტიანული, ანგლიკანური ცერემონია; 60 წლისთავზე კი მსახურება თუმცა აგრეთვე ქრისტიანული იყო, მაგრამ ცერემონიას ესწრებოდნენ: მუსულმანების, სიქხების, ბუდისტების, იუდევლებისა და სხვა რელიგიების და კონფესიების წარმომადგენლები. სხვათა შორის, ბრიტანეთში 1953 წელს ბევრმა ადამიანმა სპეციალურად კორონაციის საყურებლად იყიდა ტელევიზორი და ვარაუდობენ, რომ მაშინდელ ტრანსლაციას თვალს ადევნებდა 27 მილიონი ადამიანი. |