საიტი ”weekend.ria.ru” მოგვითხრობს იმ 10 გამორჩეულ საჩუქარზე, რომელიც პრინც ჯორჯს უძღვნეს ამქვეყნად მოვლინების აღსანიშნავად. ამასთანავე, წერილი იხსნება შთამბეჭდავი ფოტოთი, თუ როგორ ულოცავენ ნორჩი ბრიტანელები ქეითსა და უილიამს პირმშოს დაბადებას ლონდონში. 1. სახელობითი დომენი - მემკვიდრის სახელის გამოცხადებიდან რამდენიმე წამში სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა დომენი - ”GeorgeAlexanderLouis.com.”. პირველი საჩუქრის ავტორი გახდა დომენის პროფესიონალი ინვესტორი ლიუკ ბიგსი - მან დაარეგისტრირა დომენი სამეფო ოჯახისათვის, რათა პატარა უფლისწულის კეთილი სახელი დაეზღვია კიბერსკვოტერებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისაგან. ტრაფიკი უკვე შეადგენს 7500-მდე მომხმარებელს დღეში. 2. კანადური საბანი კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად ხელისუფლება 100 ათას დოლარს სწირავს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება ბავშვებს. კემბრიჯის პრინცს გაუგზავნეს კანადელი ავტორების წიგნები და ხელით შეკერილი საბანი, რომელიც ქვეყნის მდიდარ კულტურას ასახავს; აგრეთვე სასაჩუქრო კალათი კანადურ ქალაქ პრინც ჯორჯიდან (Prince George). კალათში მაისურია წარწერით "Mr P.G." და თილისმა თანამოსახელე ქალაქის ემბლემით. ქალაქის მცხოვრებნი იმედოვნებენ, რომ, როცა წამოიზრდება, პრინცი აუცილებლად ეწვევა მათ ქ ალაქს, ხოლო მანამდე მიიზიდავს მრავალ ტურისტს. 3. შალი ახალი ზელანდიიდან ელისაბედ II-ის ქვეშევრდომები ახალი ზელანდიიდან არ ცდილან, გამორჩეულიყვნენ ორიგინალობით - ახალდაბადებულ პრინცს მიართვეს ხელით ნაქსოვი შალი, ისეთივე, როგორიც თავის დროზე - პრინც უილიამს, მისი დაბადებისას. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ გამოთქვა რწმენა, რომ ქეითი და უილიამი იქნებიან შესანიშნავი მშობლები და მიიწვია ისინი თავის ქვეყანაში. 4. ავსტრალიური ნიანგი ავსტრალიელებმა საჩუქრისათვის მოიშველიეს ფანტაზია - უფლისწულს უძღვნეს პატარა ნიანგი, რომელსაც პრინცის საპატივცემულოდ დაარქვეს ჯორჯი. ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის მინისტრი ადამ გილზი ჩავიდა ლონდონში რეპტილიის გადასაცემად და განაცხადა - ნიანგი გამოიჩეკა კვერცხიდან 3 დეკემბერს, როდესაც ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გაამხილეს, რომ ბავშვს ელოდებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ საჩუქარი განაწყობს ცოლ-ქმარს ავსტრალიის მოსანახულებლად. 5. ნაკრები ახალგაზრდა დედისათვის ფინეთიდან ფინეთის ხელისუფლებამ წინდაწინ იზრუნა პრეზენტზე - ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნა სამეფო ოჯახს ”საბავშვო ყუთი” - ისეთი, როგორსაც სოციალური სამსახური ”Kela” ურიგებს ყველა მომავალ დედას ფინეთში. ფერადი მუყაოს ყუთი აუცილებლობის შემთხვევაში საბავშვო საწოლადაც გამოდგება და მასში ყველაფერია, რაც ახალგაზრდა მშობლებს სჭირ დებათ პირველ ჯერზე: სასეირნო კომბინიზონი, საბანი, ქუდები, წინდები, ფაჩუჩები, ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები და სხვ. 6. საფეხბურთო ფორმა ფეხბურთის კლუბმა ”ასტონ ვილამ” პრინცს აჩუქა საკლუბო საბავშვო ფორმის კომპლექტი 1 ნომრითა და ”HRH” (”his royal highness” – ”მისი სამეფო უმაღლესობა”) ინიციალებით. საიდუმლო არ არის, რომ პრინცი უილიამი ბირმინჰემის გუნდის გულშემატკივარია და გუნდის ხელმძღვანელობა გამოთქვამს იმედს, რომ შვილიც მამის სიმპათიებს გაიზიარებს მომავალში. 7. ხმალი ზლატოუსტიდან ჯორჯს სუვენირი მიუვიდა რუსეთიდანაც - 10 ათას ევროდ ღირებული ხმალი, რომელიც ურალის ქალაქ ზლატოუსტშია დამზადებული. ეს საჩუქარი ბავშვს უძღვნა ნიკოლოზ კირილეს ძე რომანოვმა - რუსი დიდებულების შთამომავალმა, ბიზნესმენ ანტონ ბაკოვთან ერთად. 8. სიურპრიზიანი სამაჯური ბრიტანელმა იუველირმა თეო ფენელმა თეთრი ოქროსაგან დაამზადა 10 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამაჯური. ოღონდ ამ სამაჯურს აქვს სიურპრიზი სამაგალითო დედისათვის - მასზე მაგრდება საბავშვო კრემიანი პატარა ქილა. ამით ნაგულისხმევია, რომ ჰერცოგინიას მუდამ ხელთ ექნება ”Sudocrem”-ი, დიდ ბრიტანეთში პოპულარული საშუალება ბავშვის კანის გაღიზიანების საწინააღმდეგოდ. ჰერცოგინიამ ”ვერ დააფასა” ”ნოუ-ჰაუ” - ითხოვა სამკაულის აუქციონზე გატანა და აღებული ფულის საქველმოქმედო მიზნებით გამოყენება. 9. საბავშვო ეტლი კრისტიან ლაკრუასაგან უფლისწულის დაბადებამ შთამაგონებლად იმოქმედა ბევრ ცნობილ კუტიურიეზე. ვერა ვონგმა შეასრულა საჩხარუნოს დიზაინი სამეფო ინიციალებით, კარლ ლაგერფელდმა დახატა ესკიზი ბავშვის საწოვარასთვის, ხოლო ფრანგულმა ბრენდმა ”Dior”-მა თავი მოუყარა ტანსაცმლისა და აქსესუარების მთელ კოლექციას. კრისტიან ლაკრუამ შექმნა საბავშვო ეტლის თავისი ვარიანტი, რომელიც შემკულია სამეფო სიმბოლოებით და უფრო ძვირფას სამეფო ეტლსა ჰგავს, ვიდრე ბავშვის გადასაადგილებელ საშუალებას. 10. ფული კეთილი საქმეებისათვის ქეითმა და უილიამმა თხოვეს ბრიტანელებს, თავი შეიკავონ უსარგებლო სუვენირებისაგან და ვისაც სურთ ახალდაბადებულისთვის საჩუქრის მიძღვნა, გადარიცხონ ფული ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდში - ბრიტანეთის აყვავებისათვის და მისი მომავალი მეფის სიმშვიდისათვის. |