2015 წლის 23 დეკემერს საქართველოს სამეფო კლუბის წევრები შეხვდნენ ბატონიშვილ იოანესა და მის მეუღლეს, პრინცესა ქრისტინეს. იოანე ბაგრატიონი არის ბაგრატიონ-მუხრანელთა დინასტიის ცნობილი წარმომადგენლის, იძულებით ემიგრაციაში მოღვაწე - ირაკლი ბაგრატიონის ვაჟის, ბაგრატის ძე. ირაკლი ბაგრატიონს პირველი მეუღლე, რომელთანაც ჰყავდა ერთი ვაჟი, გიორგი, გარდაეცვალა და 1948 წელს, მეორედ დაქორწინდა ბავარიის პრინცესაზე, ბავარიის მეფეთა შთამომავალზე, რომელიც ასევე იყო ესპანეთის მეფის, ალფონსო მეცამეტის დისშვილი. ამ ქორწინებიდან ირაკლი ბაგრატიონს შეეძინა კიდევ ორი შვილი, მარიამი და ბაგრატი. იოანე ბაგრატიონმა ისაუბრა სამეფო კლუბის წევრებთან. შემდეგ კლუბის წევრებმა კითხვები დაუსვეს მას პირად საქმიანობაზე და საზოგადო საკითხებზე, გეოპოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე, ქართული ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაზე, სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებაზე და სხვა. იოანე ბაგრატიონმა თქვა, რომ ქვეყნისათვის უმთავრესი პორბლემებია სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება, საქართველოსთვის საჭირო პროდასავლური ორიენტაციის გაძლიერება, ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, და რომ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე. რომ საჭიროა ჩვენი რწმენისა და ტრადიციების დაცვა, სხვათა რწმენის პატივისცემა. რომ ბაგრატიონთა საგვარეულო კვლავ უნდა ემსახუროს ხალხს. იოანე ბაგრატიონმა გამოხატა კეთილგანწყობა და პატივისცემა ყველა ბაგრატიონისადმი. სამეფო კლუბის წევრებმა აღინიშნეს, რომ ბაგრატიონები არიან არა მხოლოდ აფხაზთა და ქართველთა მეფეების მემკვიდრეები, არამედ ოსთა, სომეხთა და სხვათა ხელმწიფეების შთამომავლები. რომ ბაგრატიონები ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ კავკასიაში და მათი სამსახური საქართველოსა და კავკასიის ხალხებისადმი კვლავ უნდა გაგრძელდეს ტრადიციულად. სამეფო კლუბმა იოანე ბატონიშვილი მეუღლესთან ერთად აირჩია სამეფო კლუბის დინასტიურ საპატიო წევრად. შეხვედრამ ჩაიარა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში. შემდეგ სამეფო კლუბის წევრებმა იოანე ბაგრატიონთან და მის მეუღლესთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტო-სურათები. |