3 ივლისს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რესპოდენტმა, მამა გიორგი აბდუშელიშვილმა წარმოადგინა 12 კაციანი სია, დაგეგმილი ეროვნული ყრილობის ეროვნული საბჭოს წევრებისა, რომელშიც მეც ვირიცხებოდი და ჩემთან ერთად, ჩემთვის საპატივცემლო ადამიანები, მათ შორის, სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი ომარ მხეიძე. ასევე ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, კახა სიხარულიძე, ნუკრი მჭედლიშვილი და სხვები.
რამდენიმე ხნის წინ, ეროვნული ყრილობის მოსამზადებელმა ჯგუფმა შემომთავაზა ეროვნულ საბჭოში შესვლა. თავიდან არ დავთანხმდი, რადგან მასში პრორუსული ორიენტაციის მომხრე პოლიტიკოსები იყვნენ (ვთვლი, რომ პრორუსული ორიენტაცია, ნეიტრალიტეტის მოთხოვნა და ა. შ. არის დიდი შეცდომა). შემდეგ ისინი წავიდნენ და ეროვნული საბჭო დაკომპლექტდა ძირითადად ჩემი პოლიტიკური ორიენტაციის მსგავსი განწყობის, საპატიო ადამიანებით და მეც განვაცხადე თანხმობა მასში მონაწილეობისა.
თუმცა, მე და ჩემს მეგობრებს, მათ შორის, სამეფო კლუბიდან, მაგ. გიორგი ბურჯანაძეს, დავით მაისიას, რომლებიც შეხვედრებზე მიგვიწვიეს, და სხვებს (მაგ. კახა სიხარულიძეს), გვქონდა შენიშვნები - არ გვინდოდა ყრილობის მოწვევის დაჩქარება, გვინდოდა რაც შეიძლება მეტად წარმოჩენილიყო ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი დასავლელ მოკავშირებთან თანამშრომლობის უფრო მჭიდროდ გაგრძელების სურვილი, გვინდოდა შეკრებას რქმეოდა არა ყრილობა, არამედ სახალხო შეკრება და ა. შ.. არ გვინდოდა არარეალური პროექტების წინ წამოწევა, მაგალითად, 1991 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს მიერ არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა და სხვა... რასაც მივაღწიეთ კიდეც, რადგან, ეს იდეის ავტორებისთვის და ყრილობის ჩატარების სხვა მსურველთათვის მისაღები აღმოჩნდა.
გვინდოდა სახალხო შეკრებას დიაგნოზი დაესვა საქართველოში არსებული ვითარებისთვის. შეფასება მიეცა 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენებისთვის. მოგვეთხოვა გამოძიება ამ მოვლენებისა. დაგვესახა კრიზისიდან გამოსვლის გზები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნდა საარჩევნო კოდექსის რეფორმა. საზოგადოები სთვის იმედის მიცემა, რომ, მომავალში არჩევნები არ იქნება მხოლოდ ორპარტიული, ორპოლუსიანი და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ფორსირებული წესით დიდი შეკრების მომზადება ურთულესია და ფაქტობრივად შეუძლებელი, მეუფე იობის ავტორიტეტს პატივი ვეცით და იდეის ავტორებს ყველანაირად გვერდით დავუდექით, მიუხედავად, ჩვენი მხრიდან ხშირი კრიტიკისა.
თუმცა, ბოლო დღეებში ვითარება დაიძაბა. მოულოდნელად, საპატრიარქომ განაცხადა რომ ემიჯნება აღნიშნულ შეკრებას. მეუფე იობი კი ყრილობაზე მისასვლელად ან მის მხარდასაჭერად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ელის (სამართლიანად).
3 ივლისს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, მამა გიორგი აბდუშელიშვილმა, ჩვენდა მოულოდნელად, გააკრიტიკა საპატრიარქო განცხადებისათვის, რომ საპატროარქო ემიჯნება შეკრებას და ერთი ქორეპისკოპოსი და ერთი ქალბატონი საკმაოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.
მიუხედავად მამა გიორგისადმი პატივისცემისა და მიუხედავად ზოგიერთი სასულიერო პირისადმი ჩემი და ჩემი მეგობრების დამოკიდებულებისა, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს შიდა დაპირისპირებას საპატრიარქოში, ვისაც არ უნდა ვთვლიდეთ მართლად.
ეს ჩვენი საქმე არ არის და ეს საკმაოდ საფრთხილო საქმეა.
გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცი პატრიარქის იმიჯს და მისი თანამოსაყდრის სახელსაც, პრესტიჟსაც. რადგან, ჩვენი ეკლესიის ავტოტორიტეტზე დიდად არის დამოკიდებული საზოგადოების სიჯანსაღე.
ამიტომ, ვთვლი, რომ, მე, სამეფო კლუბის სპიკერი, რომლის მიზანია საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა, ურთიერთსიძულვილის დაძლევა და ახალი პოლიტიკური, კორექტული კულტურის შემოტანა, ვეღარ მოვიღებ მონაწილეობას 6 ივლისს დაგეგმილ შეკრებაში.
წარმატებას ვუსურვებ ყველა გულანთებულ პატრიოტს, რომელთაც უნდათ უფსკრულის პირას მდგომი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ასევე, ვუსურვებ რეალიზმს ყველას.
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე |