|
ქართველთა ერთობის მიმართვა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებისადმი, ქართველი ერისადმი გაიოზ გია მამალაძე
(ეს მიმართვა გამიზნულია კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას ძველი თანამებრძოლებისადმი, თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რადგან ზვიად გამსხურდიას პროექტები კვლავ ყველაზე აქტუალურია დღეს. სხვა, წინასაარჩევნი მიმართვებსა და საპროგრამო განცხადებებს შემდეგში გამოვაქვეყნებთ).
მეგობრებო, ყოველ დღე არჩევანის წინაშე დგას ადამიანი, მით უმეტეს, ვინც აკვირდება ცხოვრებასა და საკუთარ თავს - ქართველი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქე, პატრიოტი...
ყოველი ნაბიჯი გადამწყვეტია, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც მთელს მსოფლიოში ასეთი დიდი შემოტევაა ეროვნულობის, ტრადიციონალიზმის, სარწმუნოების, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, კაცობრიობის კულტურული და ცივილიზაციური მიღწევების წინააღმდეგ!
ყოველი ქართველის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, ჩვენი სამშობლისათვის, რომელიც 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ თავს ვერ აღწევს სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესს, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, მომავალი თაობის განადგურებისა თუ გადაგვარებისაკენ მიმართულ ტოტალურ ფრონტს...
1991-1992 წლების მიჯნაზე ჩანასახში მყოფმა ქართულმა ეროვნულმა სახელმწიფომ ვერ გაუძლო რუსეთის იმპერიის, მისი მსახურების, მაფიის, დაბნეული და მოტყუებული ქართველების, მსოფლიოს ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული, რადიკალ-ლიბერალური ძალების ტოტალურ შემოტევას და დამარცხდა. მოღალატეების მიერ განწირული და მოკლული, ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ჩვენი მასწავლებელი, ახალი დროის კულტურტრეგერი, ეროვნული გმირი, კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წამებულის შარავანდედით გადავიდა მარადისობაში!
ამის გამო, ჩვენ დამარცხებული (დროებით) მოძრაობა ვართ. დამარცხებული მოძრაობის წევრები იჩაგრებიან ხოლმე, უჭირთ ფსიქოლოგიურად, იღუპებიან ნერვიულობით ან გულგატეხილები იქსაქსებიან და ხშირად ცდილობენ მოეკიდონ ხავს, უერთდებიან სხვა მოძრაობებს, თუნდაც, არაღვიძლს, არამშობლიურს, განსახვავებულს, უცხოს, ხშირად ყოფილ დაპირისპირებულს, რათა გამოსავალი იპოვონ სამშობლოსათვის, სახლეულისათვის (ოჯახისათვის), სულისათვის. ეს გასაგებია...თუმცა, სჯობს ასე არ იყოს...
ზვიად გამსახურდიას პროექტებსა და მის მომხრეებს, ახალგაზრდობასთან ერთად, დიდი პოტენციალი აქვს მეორე მხრივ, ჩვენ საბოლოოდ დამარცხებულები სულაც არ ვართ. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაგვიტოვეს ისეთი იდეოლოგია და პროგრამა, ისეთი სახელმწიფოს სამართლებრივი, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სხვა საფუძვლები, რომელთაც სამართლიანობაში, სიმართლეში, აუცილებლობაში თანდათან რწმუნდება მთელი კულტურული და ცივილიზებული მსოფლიო. ცივილიზებული მსოფლიო, რომელიც ბოლო წლებია, განსაკუთრებულად ბოლო თვეებია, უკვე ღიად შეეჯახა კაცობრიობის გადაგვარების, ცივილიზაციის დანგრევის, კულტურის დეგრადირების ტოტალურ მცდელობას... ქაოსის, ვანდალიზმის, ანტიდემოკრატიულობის, ანტიჰუმანურობისა და კაცობრიობის მიღწევების განადგურების მომხრე ანარქისტული, რადიკალ-ლიბერალ-კრიმინალური ძალების აჯანყებას.
1991 წელს, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის მიერ აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოს პრინციპები, სამართლებრივი საფუძველი, ილიას, მერაბისა და ზვიადის ეროვნული იდეოლოგია დღესაც გვაქვს და ეს ყველაფერი ყველა კითხვაზე და გამოწვევაზე სცემს პასუხს, რომელიც დგას არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს, არამედ თანამედროვე ევროპულ-ამერიკული კონსერვატიულ-დემოკრატიული ცივილიზაციის შემქმნელთა აკვნის, კავკასიის რეგიონის ხალხთა წინაშე და მეტიც, მსოფლიოს წინაშე, კაცობრიობის წინაშე.
დიახ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი, იდეოლოგიური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური, კულტურული, იდეოლოგიური საფუძვლები, რათა კვლავ ავღორძინდეთ, როგორც ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ეროვნული მოძრაობა.
მართალია, დღეს საქართველოში არ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მსგავსი ლიდერი, მაგრამ, შეიძლება შეიქმნას გუნდი, არავიწრო მასშტაბის, რომელიც გაუძღვება მოძრაობას და ყოველი გამოწვევის წინ მდგარი, გაანალიზებს, როგორ მოიქცეოდნენ მერაბი და ზვიადი კონკრეტულ ვითარებაში, როგორი შეიძლება იყოს ოპტიმალური გადაწყვეტა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
პატარა წინასწარი ჩართვა - სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ მრჩეველთა ეროვნული საბჭო...
უნდა ავაღორძინოთ ეროვნული მოძრაობა
დიახ, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ეროვნულ მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია იძულებით დაქსაქსულები კი არ ვიყოთ სხვადასხვა პოლიტ-ძალებში, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სახელმწიფოს ყოფილი მნგრეველები, რადიკალ-ლიბერალები და სხვები. არამედ, ჩვენ შეგვიძლია კვლავ გავიხსენოთ, რომ ვართ ძმები, ვართ თანამებრძოლები ერთმანეთისა და რაც მთავარია - მერაბისა და ზვიადის!
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ ყველანაირ კლიშეზე, გავრისკოთ, წავიდეთ არჩევნებში, როგორც საარჩევნო კლუბი და არა ამბიციური პარტია და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვუთხრათ, რომ ჩვენი გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა. რომელიც მარტო კი არ იქნება არჩევნებში, არამედ მრჩეველთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად, რომელსაც უნდა აჩვენოს სხვადასხვა მოძრაობებში იძულებით დაფანტულ ჩვენს მეგობრებს, რომ მშობლიური, ღვიძლი ეროვნული მოძრაობა შეიძლება აღორძინდეს...
პარტიები საარჩევნო, კლუბურმა, იდეოლოგიურმა მოძრაობებმა უნდა ჩაანაცვლონ
ჩვენ არ მივდივართ პარტიული გზით. საქართველოში პარტიებმა თავისი დრო მოჭამა. საქართველოში უნდა დამთავრდეს ბელადების, ფიურერების, დუჩეების, ე. წ. „ქარიზმატული“ ლიდერების პარტიები, კერძო პარტიები და საერთოდ პარტიები. ჩვენ კლუბური, საარჩევნო მოძრაობის გზით მივდივართ. საქართველო ახალ რეალობაზე უნდა გადავიყვანოთ. უნდა არსებობდეს საარჩევნო მოძრაობები, საარჩევნო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, საერთო იდეოლოგიაზე დაფუძნებული, რომელიც არ იქნება ლიდერზე დამოკიდებული, არამედ იქნება გუნდური, და რომლებიც არჩევნების დროს შეკრებს ერთი იდეოლოგიის მიმდევარ კარგ ადამიანებს და შეეცდება ისინი მოიყვანოს ხელისუფლებაში.
მთავრობა არ უნდა ინიშნებოდეს პარტიული ნიშნით
ჩვენი საარჩევნო მოძრაობა არჩევნებში გამარჯვების მერე პარტიული კუთვნილების მიხედვით კი არ დანიშნავს მთავრობას, არამედ მრჩეველთა ეროვნულ საბჭოსთან, საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად, პროფასიონალიზმის, პატიოსნებისა და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და არა პარტიის გასაძლიერებლად. მთავრობა უნდა კომპლექტდებოდეს საზოგადოების, პროფესიონალების მიერ და არა პარტიების მიერ.
ჩვენ დიდი ხნის წინ რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - (ყოფილი იბერიულ-კავკასიური მოძრაობა -ეროვნული ფრონტი, ქართული რენესანსი კავშირი), რომლის ჩამოყალიბებასაც და მიზნებს, თავის დროს, 1992 წელს, დიდი იდეოლოგიური წერილით მიესალმა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (იხ. „მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესანსის კავშირისადმი“), - გადავაკეთეთ საარჩევნო მოძრაობად. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნოდ ვუწოდეთ -
ქართველთა ერთობა
და ვიწყებთ ახალ ეტაპს ქართულ პოლიტიკაში: კლუბურ, არაპარტიულ, იდეოლოგიურ, საარჩევნო მოძრაობათა ხანას. რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნისთვის.
თუმცა, მომავალში, ჩვენ მაინც ვიქნებით:
რას ნიშნავს ქართველთა ერთობა საარჩევნო კამპანიისას და ყოველთვის, ჩვენ ხაზს გავუსვამთ რომ ჩვენი მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, ეროვნული საარჩევნო მოძრაობა , მიმართული საზოგადოებაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ დათესილი სიძულვილის დასაძლევად და საზოგადოების გასაერთიანებლად, ერის გასაერთიანებლად!
რატომ ქართველთა ერთობა?
იმიტომ რომ, გავემიჯნოთ პოზიციას (ხელისუფლებას) და ოპოზიციას (წინა ხელისუფლებას) - ჩვენ მათგან განსხვავებით, ჩვენს მომხრეებში, ჩვენი ოპონენტებისადმი სიძულვილს კი არ ვთესთ, არამედ ქართველთაშორის სავალდებულო სიყვარუსლ ვქადაგებთ!
იმიტომ რომ, გავემიჯნოთ პრორუსებსა და რადიკალ ლიბერალებს, ჩვენ სხვა პოზიცია გვაქვს - მესამე პოზიცია, ქართველთა ერთობის პოზიცია!
იმიტომ, რომ განვაცხადოთ - კლიშეები ჩვენთვის მიუღებელია, სახელმწიფოსა და ხალხს სჭირდება სოციალური სამართლიანობა, ამიტომ, ჩვენ უარს არ ვამბობთ სოციალურ პრინციპებზე, ჩვენ გვინდა სოციალური სახელმწიფო და ამასთან ვერაფრით ვიტყვით უარს ეროვნულობაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი კრედო. ეს კი მესამე პოზიციაა, ესაა ქართველთა ერთობა! ჩვენ უარს ვამბობთ ველურ კაპიტალიზმზე და უარს ვამბობთ მარქსისტულ სოციალიზმზე, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის მესამე პოზიცია, ქართველთა ერთობა! მაგრამ, კაპიტალიზმის პრინციპები და სოციალური პრინციპები სჭირდება სახელმწიფოს, ამოტომ ჩვენ ვართ - მესამე პოზიცია!
მრჩეველთა ეროვნული საბჭო
ჩვენ გვინდა არჩევნებში გამარჯვება... იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მთავრობა კომპლექტდებოდეს ბრძენი ხალხის მიერ, საზოგადოების მიერ, პროფესიონალების მიერ და არა პარტიული ნიშნით, როგორც 1992 წლის 6 იანვრიდან ხდება. ამიტომ, ჩვენ ვქმნით მრჩეველთა ეროვნულ საბჭოს, რომელშიც შევლენ დამსახურებული პიროვნებები, ავტომატურად (თუ მოისურვებენ) უზენაესი საბჭოს, საკრებულოების წევრები, პრეფექტები, სპეციალისტები და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მრჩეველთა ეროვნული საბჭოს - პროფესიონალების, დამსახურებული ქართველების, საზოგადოების რჩევით შეიქმნება მთავრობა და არა რომელიმე პარტიის კუთვნილებით.
მთავრობა უნდა დააკომპლექტოს არც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელმა დღევანდელმა ხელისუფლებამ და არც საზოგადოების მეორე ნაწილისთვის მიუღებელმა წინა ხელისუფლებამ - არამედ თქვენ, მეგობრებო! თქვენ ჩემო ძმებო და დებო! თქვენ - დამსახურებულო ადამიანებო! თქვენთან ერთად უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მრჩეველთა ეროვნული საბჭო დააყენებს ყველა იმ საკითხს, რაც გვაღელვებს, რაც მთავარია - 1991-1992 წლების კრიმინალური გადატრიალების შედეგების (ყველა მიმართულებით) დაძლევა იქნება თუ სხვა საკითხი და ერთად გადავწყვეტთ მათ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ადამიანისთვის ყოველი დღე არჩევანის დღეა, ყოველი წელი, ყოველი მოვლენა არჩევანს მოითხოვს...
არჩევნების გარდა სხვა გზა არ არსებობს
წელს საპარლამენტი არჩევნები ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ეს პოლიტ-ელიტა (ხელისუფლება და რეკმამირებული ოპოზიცია, ანუ წინა ხელისუფლება) არ არის საქარველოსთვის სისხლხორცეული და ეროვნული და მისი არჩევნები არც სამართლებრივადაა მთლად გამართული და არც სამართლიანი, მაგრამ, მას აღიარებს მთელი მსოფლიო და ეროვნული მოძრაობის, ეროვნული სულისკვეთების, კანონიერებისა და სამართლიანობის ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს... ქვეყანა გვეღუპება, ბოიკოტი მხოლოდ მორალურ ქმედებად რჩება, შედეგი კი არ მოაქვს. 5 % ამომრჩევლისა რომ მივიდეს არჩევნებზე, არჩევნები შემდგარად ითვლება და ხელისუფლებაში კვლავ იგივე პოლიტ-ელიტა რჩება, რომელიც ქვეყანას ვერ (ან არ) პატრონობს. ქვეყანა კი კვლავ კატასტროფის წინაშე დარჩება...
ამიტომ, გთხოვთ ყველას, გადავდგათ პირველი ნაბიჯი და აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ მშობლიური ნაწილი ჩვენი, თქვენი, ეროვნული მოძრაობა.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ ასევე მივმართავ სხვადასხვა მოძრაობაში გადასულ ჩვენს ძმებს, დებს, ძველ თანამებრძოლებს, რომლებთაგან ზოგი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წევრების (ბოკერიას, უგულავას, ვაშაძის) მხარეს აღმოჩნდა და ზოგი კი ივანიშვილის მხარეს დგას.
მიუხედავად იმისა, პირადად არასდროს მიმიცია ხმა არც სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის, არც ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის - თქვენი მცდელობანი მაინც გასაგებია მეგობრებო, ვფიქრობ, თქვენ ასე იმედოვნებდით ქვეყნის გადარჩენას, თქვენ ასე ცდილობდით ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას, რადგან სხვა გზას ვერ ხედავდით, რადგან, ფიქრობდით, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სხვა პოზიცია არ არსებობს.
მაგრამ ახლა შეიცვალა ვითარება, უფრო სწორად - უნდა შევცვალოთ, ყველამ ერთად.
უნდა გამოვიდეთ დამარცხებულის მდგომარეობიდან. უნდა შევეშვათ სხვისი, არაღვიძლის, არამშობლიურის, არასაკუთარის მიმდევრობას და დავუბრუნდეთ ფესვებს.
ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას, ჩვენ გთავაზობთ მესამე პოზიციას - ეროვნული მოძრაობის ერთობას - ქართველთა ერთობას, . ჩვენ თქვენი ღვიძლი თანამებრძოლები ვართ. ჩვენ ერთად ვოცნებობდით თავისუფალ და ძლიერ საქართველოზე, მერაბთან და ზვიადთან ერთად...
ამიტომ, იმის თქმა, რომ სხვა გზა არ არის, გარდა ეროვნულ ხელისუფლებასთან ნაბრძოლი და კანონიერი ხელისუფლების დამამხობელი ადამიანების გვერდით დგომისა - უკვე იქნება ძალიან სუბიექტური, არაობიექტური და ფესვებს მოწყვეტილი. უკვე იქნება გაუმართლებელი, უკვე იქნება სხვა ბანაკში იდეოლოგიურ-პოზიციური გადასვლა, საკუთარიდან, ეროვნული ფესვებიდან საბოლოო მოწყვეტა და სხვა პოზიციაზე გადასვლა. წმინდა ილია მართლის, ზვიადისა და მერაბის გზიდან გადახვევა. ეს უკვე იქნება აჩემება და სხვა არაფერი.
არც სააკაშვილი, არც ივანიშვილი, არც სოროსი, არც ბოკერია, არც რომან გოცირიძე, არც უგულავა, არც მერაბიშვილი, არც ელენე ხოშტარია, არც ვაშაძეები, არც ხაზარაძე თუ სხვები თქვენი ღვიძლი თანამებრძოლები არ არიან. არავის ვლანძღავ, არავის ვებრძვი, უბრალოდ, ისინი ზვიადისა და მერაბის თანამებრძოლები არ იყვნენ და იდეოლოგიურადაც ძალიან შორს არიან მათგან...
არავითარი პირადული. ჯერ ჩვენ გავერთიანდეთ, ძველი ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდიას ძველი თანამებრძოლები, სხვა პოლიტიკოსები მერე შემოვიერთოთ, მერე საყოველთაო გავხადოთ ეროვნული მოძრაობა. ზვიადიზმი ეროვნული იდეოლოგიის სინონიმად იქცა, მაგრამ, მიშიზმი, ბიძინიზმი არასდროს იქცევა ეროვნულ იდეოლოგიად, არასოდეს იქცევა თაობათა აღმაფრთოვანებელ სწავლებად. ნუ დარჩებით მათ ბანაკში. დაუბრუნდით მშობლიურ ეროვნულ მოძრაობას, რომლის აღორძინებაც შეგვიძლია.
ზვიადი და მერაბი რომ ცოცხლები იყვნენ, როგორ მოიქცეოდნენ? რას გირჩევდნენ? მათთან იყავითო გეტყოდნენ? წინა ხელისუფლების დაბრუნება დაუშვებელია, დღევანდელის დატოვება არ შეიძლება!
მეგობრებო, სააკაშვილისა და მისი გაშლილი გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია და ქვეყნისთვის არ იქნება სასარგებლო, რადგან სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს, ძალიან ბევრი ადამიანი მზადაა შეაკვდეს და არ დააბრუნოს ისინი ხელისუფლებაში... ასევე, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენაც არ შეიძლება, ძალიან დიდი სიძულვილი დაგროვდა მის წინააღმდეგაც... თუ ეროვნული მოძრაობა არ აღორძინდა და თუ არ გაიმარჯვა, შეიძლება სიძულვილზე აგებული ძალიან ცუდი პროცესები დაიწყოს.
ეროვნული მოძრაობა არის ეროვნულ კონცეფციებზე მუშაობა, ილიას, ზვიადისა და მერაბის იდეოლოგიის პოპულარიზაცია და კარგი ბიოგრაფია
შეიძლება ქართველ ნაციონალისტთა ერთობის გარდა,იქნებ, სხვაც აცხადებს ეროვნულ მოძრაობას ვაღორძინებო. თუმცა, ამ წლების განმავლობაში თუ ვინმეს უმუშავია ეროვნულ იდეოლოგიაზე, თუ ვინმეს დაუწერია, ჩაუწერია და გამოუქვეყნებია წერილები, სტატიები, ნაშრომები, ვიდეო ჩანაწერები ეროვნული იდეოლოგიის საკითხებზე, ქართველთა დიადი წარსულის, ჩვენი ოპტიმისტური მომავლის, საქართველოს ადგილის შესახებ კავკასიაში, რეგიონში, მსოფლიოში, ოკუპანტებთან და მოკავშირეების მიმართ დამოკიდებულებაზე - ეს, ჩვენც ვართ, ქართველ ნაციონალისტთა ერთობა და ის გუნდი, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. და გვინდა სხვებთან თანამშრომლობა მრჩეველთა ეროვნულ საბჭოში.
ქვეყანას უნდა მოვაცილოთ სიძულვილის იდეოლოგია, დავუბრუნოთ ზვიადისა და მერაბისეული კულტურა და დავიბრუნოთ ხელისუფლება
ჩვენ მესამე პოზიცია ვართ - ქართველთა ერთობა, ჩვენ ხელისუფლებისა და რეკლამირებული ოპოზიციისგან ძალიან განვსხვავდებით - ჩვენს ეროვნულ გზას უნდა გავუყვეთ, ზვიად გამსახურდია სიძულვილს არასდროს ქადაგებდა. მისი თანამებრძოლები არ იგინებოდნენ, არ ბილწსიტყვაობნდნენ ტელევიზიითა და აქციებზე. ბინძურ სტილს არ ამკვიდრებდნენ ქვეყანაში...
ჩვენ, ერთად ამ ორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ბანაკს და მათ შორის გაბატონებულ სიძულვილის ენას უარი უნდა ვუთხრათ და საზოგადოებას სიყვარულის ენით, სიყვარულზე უნდა ველაპარაკოთ. ქართული მენტალობისთვის დამახასიეთებელი კულტურის ნორმებით უნდა ველაპარაკოთ. მხოლოდ სიყვარულს და კულტურულობას შეუძლია სახელმწიფოს აშენება და ქვეყნის წინსვლა.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება რეალური ხელისუფლების დათმობა ოკუპანტების გაგამართებლების, პრორუსებისთვისაც და რადიკალ-ლიბერალებისთვისაც.
სხვა გზა ქვეყანას, გარდა ზვიად გამსახურდიას პროექტების განხორციელებისა, ზვიად გამსახურდიას მიმდევრების ხელისუფლებაში მოყვანისა და მისი პროექტების აღდგენისა - უბრალოდ არ აქვს...
რას ნიშნავს ზვიად გამსახურდიას მიმდევრობა
ზვიად გამსახურდიას მიმდევრობა ყოველთვის იყო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა...
ვფიქრობ, სიცოცხლის ბოლომდე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლად დარჩენა დიდი პატივია, რაც გამორიცხავს სოროსის მიერ რადიკალ-ლიბერალების იდეოლოგიით ჩამოყალიბებულ მთავრობებთან, პარტიებთან, ელიტასთან (სინამდვილეში ფსევდო ელიტასთან), პრორუსობაში შემჩნეულებთან, ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილებთან, ქონების დაგროვებაზე ორიენტირებულებთან თანამშრომლობას და მით უმეტეს, მათ თანამებრძოლობას...
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლად დარჩენა ნიშნავს ზვიად გამსახურდიას მიმდევრობას და არა სააკაშვილის, ბოკერიას, ივანიშვილის, რადიკალ-ლიბერალების ან რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილების, სოროსისა და დუგინის მიმდევართა გუნდის გამარჯვებისთვის ბრძოლას.
ვენდოთ ერთმანეთს, ძალიან მინდა გენდოთ და ვოცნებობ გვერდით გიხილოთ. ჩვენ ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის თანადგომისთვის ვართ გაჩენილები ამ გადამწყვეტ ეპოქაში. მინდა იქ გიხილოთ, სადაც ზვიადისა და მერაბის იდეოლოგიაა, სადაც მათი სულები დაგვცქერიან.
ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ თქვენს გარეშე... ვერც თქვენ გაიმარჯვებთ ჩვენს გარეშე, ჩვენ არ შევურიგდებით ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეოლოგიათა მოწინააღმდეგეებისათვის, ეროვნული ხელისუფლების დამამხობლებისათვის, ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტ-ელიტისათვის ხელისუფლების დათმობას... რა თქმა უნდა, არავითარ შურისძიებას არ ვაპირებთ არავის წინააღმდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენ ისევ იმ პრინციპს მივყვებით, რაც ზვიად გამსახურდიამ გვასწავლა - ჩვენ მხოლოდ ყვავილებს ვესვრით მოყვასს. ჩვენთვის თითოეული ქართველი ძვირფასია, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ, მცდარი გზით მავალთა კვლავ დაბრუნება ან მათი დარჩენა ხელისუფებაში - ყოვლად მიუღებელია! გამორიცხულია! ვარიანტი არ არსებობს!
არჩევანი კვლავ მხოლოდამხოლოდ ორია: ქრისტეს გზა ან ბარაბას გზა...
ვნატრობ გამარჯვებასა და შეხვედრისას ღიმილით, სიყვარულით ხელის ჩამორთმევას ერთმანეთისათვის! პატივისცემითა და სიყვარულით - თქვენი ძმა და მეგობარი - გაიოზ (გია) მამალაძე ქართველთა ერთობა 2024 წლის 3 აგვისტო |
|