ქართველ ნაციონალისტთა ერთობა ქართველ ნაციონალისტთა ერთობას საფუძვლად დაედო ქართული რენესანსის კავშირისა და ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემადგენლობით, ზვიად გამსახურდიას ხელდასხმით შექმნილი გაერთიანება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”, რომელსაც მისასალმებელი მიმართვა მოსწერა დევნილმა პრეზიდენტმა გროზნოდან. 1992 წლის ზაფხულიდან ქართველ ნაციონალისტთა ერთობა და ქართული რენესანსის კავშირი გაერთიანდა და რეგისტრაცია გაიარა, მეორე რეგისტრაცია 1998 წლიდან. ქართველ ნაციონალისტთა ერთობის წევრები ყოველთვის აქტიურობდნენ და აკრიტიკებდნენ ჯერ სევარდნაძის, მერე სააკაშვილის, შემდეგ ივანიშვილის რეჟიმებს. არაერთმა მათგანმა განიცადა რეპრესია და სამივე ხელისუფლება ცდილობდა ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მიჩქმალვას, როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში. ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემოკლებული, საარჩევნო სახელწოდება გამოხატავს ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს, ქართველთა ერთობის აუცილებლობას, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსების მიერ დათესილი სიძულვილის დასრულებას და საქართველოს მოსახლეობისა და მსოფლიოში გაბნეული ქართველების ერთმანეთისადმი სავალდებული სიყვარულის აუცილებლობას - გვიყვარდეს ერთმანეთი! მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაგვიტოვეს ისეთი იდეოლოგია და პროგრამა, ისეთი სახელმწიფოს სამართლებრივი, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სხვა საფუძვლები, რომელთაც სამართლიანობაში, სიმართლეში, აუცილებლობაში თანდათან რწმუნდება მთელი კულტურული და ცივილიზებული მსოფლიო, რაც მთავარია - ქართველი ხალხი, რომელიც გადაღლილია და დატანჯულია 199-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და მის შედეგად გაბატონებული მაფიოზური, ანტიქართული, ანტისახალხო და სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელი მთავრობებით, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს 1992 წლიდან, რომელიც შეწუხებულია პოლიტიკურ სივრცეში გაბატონებულო ორი პოლუსის, დღევანდელი და წინა ხელისუფლების განაყოფი და მიმდევარი პარტიების მიერ დათესილი სიძულვილით, პოლიტიკაში, მედიაში, საზოგადებრივ ცხოვრებასა თუ სოციალურ ქსელებში, მაფიოზური ეკონომიკითა და სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო პოლიტიკით. 1991 წელს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მიერ აღდგენილი, საქართველოს სახელმწიფოს პრინციპები, სამართლებრივი საფუძველი, ილიას, მერაბისა და ზვიადის ეროვნული იდეოლოგია დღესაც გვაქვს და ეს ყველაფერი ყველა კითხვასა და გამოწვევაზე სცემს პასუხს, რომელიც დგას არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს, არამედ – თანამედროვე ევროპულ-ამერიკული ტრადიციონალისტურ-კონსერვატიულ-დემოკრატიული ცივილიზაციის შემქმნელთა აკვნის, კავკასიის რეგიონის ხალხთა წინაშე და მეტიც, მსოფლიოს წინაშე, კაცობრიობის წინაშე. ქართველებს გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი, იდეოლოგიური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური, კულტურული, იდეოლოგიური საფუძვლები, რათა კვლავ ავღორძინდეთ, როგორც ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ეროვნული მოძრაობა და ავაღორძინოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი კავკასია და ჩვენი ევროპა. როგორც ათასწლეულების წინ კავკასიიდან ევროპაში მიგრირებულმა ჩვენი მოდგმის წარმომადგენლებმა შეიტანეს მიწათმოქმედების, მეტალურგიის, ღვინის წარმოებისა და სოციალური მოწყობის კულტურა. მართალია, დღეს საქართველოში არ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მსგავსი ლიდერი, მაგრამ ვცდილობთ, შეიქმნას გუნდი, ზვიადისა და მერაბის უმცროსი მეგობრებისგან, ზვიადისა და მერაბის იდეოლოგიაზე აღზრდილი ახალგაზრდებისგან, გუნდი, რომელიც გაუძღვება მოძრაობას და, ყოველი გამოწვევის წინ მდგარი, გაანალიზებს, როგორ მოიქცეოდნენ მერაბი და ზვიადი კონკრეტულ ვითარებაში, როგორი შეიძლება, იყოს ოპტიმალური გადაწყვეტა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ეროვნულ მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია, იძულებით დაქსაქსულები კი არ ვიყოთ სხვადასხვა პოლიტძალაში, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სახელმწიფოს ყოფილი მნგრეველები, რადიკალ-მემარცხენეები, ტრადიციების მოძულენი და სხვები, არამედ, ჩვენ შეგვიძლია, კვლავ გავიხსენოთ, რომ ვართ ძმები, ვართ თანამებრძოლები ერთმანეთისა და, რაც მთავარია – მერაბისა და ზვიადის, რომლებსაც დაგვიკავშირდნენ ილიას, მერაბისა და ზვიადის იდეებით აღზრდილი ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ კლიშეზე, გავრისკოთ, წავიდეთ არჩევნებში და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვუთხრათ, რომ ჩვენი გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, რომელიც მარტო კი არ იქნება არჩევნებში, არამედ – მრჩეველთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად, გუნდი, რომელსაც უნდა, აჩვენოს სხვადასხვა მოძრაობაში იძულებით დაფანტულ ჩვენს მეგობრებს, რომ მშობლიური, ღვიძლი ეროვნული მოძრაობა შეიძლება აღორძინდეს, რომ აუცილებელია, ხელისუფლება დაუბრუნდეს პატიოსან, სამშობლოზე შეყვარებულ ხალხს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქართველ ნაციონალისტთა ერთობა დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას ერთგულ მოწაფეს და უმცროს მეგობარს, იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ერთ-ერთ დამაარსებელს და იდეოლოგს, ენათმეცნიერს და პოლიტოლოგს, მერაბ ჩუხუას და გადაწყდა, მძლავრი საარჩევნო მოძრაობის შექმნა, ნიჭიერი, პატიოსანი, არაპარტიული და სამშობლოს კეთილდღეობაზე მეოცნებე ადამიანების მიერ. აგვისტოს თვეში ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ რეგისტრაცია გაიარა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემოკლებული სახელწოდებით - ქართველთა ერთობა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართველთა ერთობა არის საარჩევნო კლუბი, საარჩევნო კოალიცია, საარჩევნო მოძრაობა, საარჩევნო გაერთიანება, რომელმაც შემოიკრიბა უპარტიო, პატიოსანი, ეროვნული იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, რათა ქართველ ნაციონალისტთა ერთობის სტრუქტურით და რეგისტრაციით, არჩევნების მეშვეობით, მოვიყვანოთ ისინი ხელისუფლებაში და რათა დამთავრდეს პარტიული ნიშნით ადამიანების გარჩევა და საერთოდ, პარტიული ელიტების ბატონობა ქვეყანაში. შეიქმნა, ამ დროისთვის, რაც მოესწრო, შესაძლებლად მისაღები გუნდი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, რომელშიც არიან შემოკრებული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები (სოლიდარობა ერთიანი საქართველოსათვის (მერაბ ჩუხუა და მისი მეგობრები), მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია (ხელმძღვანელი ლადო გამსახურდია), ხმა ერისა - გზა ხსნისა (ხელმძღვანელი გიორგი კუხალეიშვილი), ერთობის ჯაჭვი (ხელმძღვანელი მამუკა ტოროშელიძე), უპარტიო საზოგადო მოღვაწეები, აქტივისტები, ქართველ ნაციონალისტთა ერთობის წევრებთან ერთად), და რომელი გუნდიც გახლავთ ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, ეროვნული მოძრაობის კულტურული და აკადემიური ტრადიციების გამგრძელებელი. რა თქმა უნდა, ველით შევსებას მომავალი ადგილობრივი და სხვა არჩევნებისთვის, რისთვისაც ვეპატიჟებით ყველას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველთა ერთობა წარადგენს ეროვნული პროგრამის უმნიშვნელოვანეს თეზისებს, რომელთაგან აღსანიშნავია სახელმწიფოს ეროვნული ორიენტაცია, მოსახლეობის კეთილდღეობის აუცილებლობა, ტერიტორიული მთლიანობის რეალური აღდგენა და არა კონფედერაცია, კავკასიაში საქართველოს ინტერესების გატარება, საქართველოს გავლენის გაფართოება, კავკასიელ ხალხთა თავისუფლება, განვითარება და მეგობრული რეგიონალური პოლიტიკა, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოკავშირეობრივი ურთიერთობის განახლება (რომელიც ბოლო ხანებში დააზიანა მოქმედმა ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამ, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი ანტიეროვნული პოლიტიკით და იდეოლოგიით) და ამერიკასთან და ევროპის ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი მოკავშირეობის განვითარება, ასევე, მეგობრული ურთიერთობის განვითარება ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ტერიტორიული ან სხვა სახის პრეტენზია არ აქვს ჩვენს სამშობლოსთან.
სხვა, მნიშვნელოვან ლოზუნგებთან და ეროვნულ პროგრამასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს კავკასიაში და მსოფლიოში საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავებას, ქართველთა ერთობის ერთ-ერთი უმნიშვლელოვანესი ლოზუნგია - გვიყვარდეს ერთმანეთი!
რადგან ქართველთა შორის სავალდებულო (მავასხელობითი) სიყვარულის გარეშე, რომლისკენაც მუდამ მოგვიწოდებდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ეკლესია, შეუძლებელია ქართველთა ერთობის აღდგენა, ხოლო ქართველთა ერთობის, ქართველთა გაერთიანების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს აშენება და მომავალი თაობებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა განვითარებისა და ბედნიერებისათვის!
ქართველებო, გვიყვარდეს ერთმანეთი, ძალიან გვჭირდება ქართველთა ერთობა! |