კარგა
ხნის შემდეგ ფეხმძიმე ქეით მიდლტონი საზოგადოებაში კვლავ გამოჩნდა. ამის მიზეზი
გახდა კემბრიჯის ჰერცოგინიას პირველი ოფიციალური პორტრეტის პრეზენტაცია ლონდონის
ნაციონალურ გალერეაში. პორტრეტის ავტორია მხატვარი პოლ ემსლი. გამოფენაზე ქეითი და
პრინცი უილიამი მას პირადად გაესაუბრნენ .
ღონისძიება
გაიმართა 11 იანვარს, ორი დღის შემდეგ, რაც ქეითმა თავისი 31-ე დაბადების დღე აღნიშნა.
მას ეცვა სადა ბორდოსფერი კაბა შავი ქამრით. მიუხედავად ცოტა ხნის წინ გადატანილი
ტოქსიკოზისა, პრინცესა ბრწყინვალე ფორმაში იყო, ის 12 კვირის ფეხმძიმეა.
ჰერცოგინიამ
პირადად ისურვა, რომ მისი პორტრეტი პოლ
ემსლის დაეხატა. ქეითმა ის რამდენიმე მხატვარში გამოარჩია თითქმის ფოტოგრაფიული
სტილის გამო.
პოლმა
განაცხადა, რომ სურათის შექმნის მიზნით ის ორჯერ შეხვდა პრინცესას მაისსა და
ივნისში, პირველად მხატვრის სტუდიაში, ხოლო მეორედ კენსინგტონის სასახლეში. ქეითის
სურვილის მიხედვით პორტრეტი ბუნებრივი და ამავდროულად ოფიციალური უნდა ყოფილიყო. ემსლი
თავდაპირველად გეგმავდა დაეხატა მკაცრი ქეითი, მაგრამ მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება და დახატა
მომღიმარი პრინცესა. ემსლიმ თქვა, რომ ჰერცოგინიას და მის ქმარს ნახატი მოეწონათ.
ქეითის აზრით, პორტრეტი ბრწყინვალეა.
განსხვავებულია
ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასება. მათი აზრით, პორტრეტი განსაკუთრებული არ არის.
ქეითი ასაკოვანი და პირქუში ჩანს, მას თვალები არ უბრწყინავს, ისე როგორც
ცხოვრებაში. ისინი მოხარულები არიან იმით, რომ რეალური ქეითი არაფრით არ ჰგავს პოლ ემსლის წარუმატებელ
ნახატს.
აქვე
აღვნიშნოთ, რომ თავის დაბადების დღეს, 9 იანვარს, პრინცესა მეუღლესთან ერთად ალბერტ
ჰოლში კონცერტს დაესწრო. მას თან ახლდნენ მშობლები, დედმამიშვილები და მეგობრები.
ზემოთ
აღნიშნულ გამოფენაზე ქეითის პორტრეტის პრეზენტაციაც, მისი დაბადების დღისადმი იყო
მიძღვნილი. მკითხველს მივანდოთ ამ პორტრეტის შეფასება.
|