 | დედოფალი ვიქტორია, 1845 (ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერი) | 20 ივნისი 1837 წლისა - არის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ვიქტორიას მმართველობის დასაწყისი. ვიქტორია (1819 – 1901) იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ჰანოვერების დინასტიიდან 1837-1901 წლებში - ედვარდ კენტის ჰერცოგისა და ვიქტორია საქსენ-კობურგელის ასული. ვიქტორიას მამა, კენტის ჰერცოგი გარდაიცვალა, როდესაც ქალიშვილი 8 თვისა იყო. დედა ვიქტორიას მკაცრად ზრდიდა და არ ანებივრებდა. მისი აღმზრდელი ლორდი ვილიამ მელბურნი ვიქტორიას ლექციებს უკითხავდა სახელმწიფო სამართალზე, ისტორიაზე, და აცნობდა მას კონსტიტუციური მმართველობის პრაქტიკას. ვიქტორია თავისუფლად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. განათლება მას შესანიშნავად გამოადგა. მმართველობის დასაწყისიდანვე, მიუხედავად ახალგაზრდობისა, იმდენად თავდაჯერებულად მოქმედებდა, თითქოს უკვე მთელი სიცოცხლე მჯდარიყო ტახტზე. 1840 წელს ცოლად გაჰყვა ალბერტ საქსენ-კობურგელს. მისი მეუღლე, პრინცი ალბერტი მეთოდური და პუნქტუალური ადამიანი იყო. მეუღლის გავლენის ქვეშ მყოფი ვიქტორია თავნება გოგოსგან პასუხისმგებელ მონარქად გადაიქცა. ვიქტორია ყველაფერში ითვალისწინებდა მის რჩევებს და მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა იგი. ვიქტორიასთვის მეუღლის გარდაცვალება უმძიმესი დარტყმა იყო. პირველ ხანებში იგი გამოიკეტა და უარს ამბობდა საჯარო ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე. ალბერტის გ არდაცვალების შემდეგ, ვიქტორიასთვის მთავარი მიზანი ქმრის ხსოვნის უკვდავყოფა გახდა. მის პატივსაცემად აშენდა ცნობილი ალბერტ ჰოლი. ახალი მრჩეველი დედოფალმა მხოლოდ 1874 წელს იშოვა, ტორების ლიდერის - ბენჯამინ დიზრაელის სახით. დიზრაელი ენერგიულად შეუდგა მონარქიის განმტკიცებას, მან დაარწმუნა ვიქტორია, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უფრო ხშირად უნდა გამოჩნდნენ ხალხთან. 1876 წელს მან დედოფალს მიანიჭა ინდოეთის იმპერატორის ტიტული. დედოფალი უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა - მისი პუნქტუალურობა მთლად მანიაკალური იყო, უყვარდა, როდესაც ყოველი დღე მეთოდურად და საათობრივად ჰქონდა გაწერილი. დილაობით დედოფალი პარკში სეირნობდა, შემდეგ ბრუნდებოდა და საბუთებს ეცნობოდა. მის მიერ უამრავი დოკუმენტი იყო ხელმოსაწერი. იგი ყველა საქმეს უღრმავდებოდა და მის გარეშე არ ხდებოდა არავითარი გადაწყვეტილების მიღება. ვიქტორია 64 წელი მეფობდა. მის პერიოდში ინგლისმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ინდუსტრიალურ განვითარებაში, ვაჭრობაში, ფინანსებში, საზღვაო ტრანსპორტისა და იმპერიის გაფართოებაში. დედოფალი გახდა ქყეყნის სტაბილურობის და აყვავების სიმბოლო. თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ამ წარმატებებს ვიქტორიას სახელს უკავშირებდნენ. მის სახელს უკავშირდება მთელი ეპოქა ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ასეც იწოდება - „ვიქტორიანული ეპოქა“. |