1050 წლის 11 ნოემბერს დაიბადა ჰაინრიხ IV - გერმანიის მეფე 1056-იდან, იმპერატორი 1084-იდან. ჰაინრიხ III-ისა და მისი დედოფალ აგნესა დე პუატუს ძე. მძიმე ბრძოლები გადაიტანა თავის სრულწლოვანებამდე (1065) უზომოდ განდიდებული მთავრების ასალაგმავად. საქსონიაში სამეფო ხელისუფლების აღდგენას მოჰყვა საქსონიის აჯანყება 1073-1075, რომელიც გაჭირვებით ჩაახშო. ჰაინრიხ IV გერმანიასა და ჩრდილოეთ იტალიაში საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის ებრძოდა პაპ გრიგოლ VII-ს. 1076 პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ჰაინრიხ IV იძულებული გახდა შენდობისათვის პაპს კანოსაში ხლებოდა (1077 წლის იანვარი), ხოლო შემდეგ ანგარიში გაუსწორა თავის მტრებს გერმანიაში. 1080 წელს პაპმა კვლავ შეაჩვენა იგი. საპასუხოდ ჰაინრიხ IV-მ გაილაშქრა პაპის წინააღმდეგ (1081), დაიპყრო რომი (1084) და ანტიპაპის კლემენტ III-ის ხელით მიიღო საიმპერატორო გვირგვინის კურთხევა, მაგრამ გრიგოლ VII-ის მოკავშირე სამხრეთ იტალიელმა ნორმანებმა იგი რომიდან გააძევეს. მარცხიანი გამოდგა ჰაინრიხ IV-ის მესამე ლაშქრობაც იტალიაში (1090-1097). სიცოცხლის ბოლო წლები ჰაინრიხ IV-მ შინააშლილობასთან ომში გაატარა. იმპერატორი გარდაიცვალა 1106 წლის 17 აგვისოს, ლიეჟში. დაკრძალულია შპაიერის კათედრალში, შპაიერი, გერმანია. მეუღლეები: ∞ 1) ივლისი 1066, ტრიბური. ბერთა, ტურინის მარკგრაფის ოტოს ასული. დ. 21 სექტემბერი 1051. გ. 27 დეკემბერი 1087. საფლავი: შპაიერის კათედრალი.∞ 2) ივნისი 1089, კიოლნი. ევპრაქსია (პრაქსედისი, ადელჰეიდი), კიევის მთავრის ვსევოლოდ I-ის ასული. დ. 1071. გ. 11 ივლისი 1109. საფლავი: კიევის ერთ-ერთი მონასტერი. შვილები: ადელჰაიდი, დ. 1070. გ. 1079. საფლავი: შპაიერის კათედრალი. ჰაინრიხი, დ. 1 აგვისტო 1071. გ. 2 აგვისტო 1071, ჰარცბურგი. აგნესა, ავსტრიისა და შვაბიის მარკგრაფინია. დ. დაახ. 1072. გ. 24 სექტემბერი 1143. საფლავი: კლოსტერნოიბურგის მონასტერი. კონრადი, იტალიის მეფე და ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი. დ. 12 თებერვალი1074. გ. 27 ივლისი 1101, ფლორენცია. საფლავი: სანტა მარია დელ ფიორე. ჰაინრიხ V, იმპერატორი. დ. 1086. გ. 23 მაისი 1125, უტრეხტი. საფლავი: შპაიერის კათედრალი. |