რუსებსა და უკრაინელებს დიდი დავა აქვთ ატეხილი XIX საუკუნის გამოჩენილი პროზაიკოსის - ნიკოლაი გოგოლის ეთნიკური კუთვნილების გამო: ერთნი, მისი სამწერლო ენის მიხედვით, მას რუსად მოიხსენიებენ, ხოლო მეორენი - წარმომავლობის მიხედვით - უკრაინელად. ჩვენთვის, ქართველებისთვის კი, იმისდა მიუხედავად, უკრაინელი იყო ის თუ რუსი, გოგოლი ზოგადად დიდი შემოქმედია და, სავარაუდოდ, არცთუ ცუდად ჩახედული საქართველოს ცხოვრებისეულ ვითარებაში. გოგოლის საყოველთაოდ ცნობილ ”მკვდარ სულებში” გვხვდება ორი ფრაგმენტი, სადაც ავტორი ეხება ქართული სინამდვილის ისეთ მოვლენებს, რომლებიც ნათელჰყოფენ, რომ მათ მცოდნე ადამიანს, უეჭველად ეცოდინებოდა ქართული ყოფის თავისებურებები. ცნობილია, რომ ნიკოლაი გოგოლმა თავისი სიყმაწვილე გაატარა უკრაინაში, შემდეგ მთელი ცხოვრება - რუსეთში; ის საქართველოში არ ყოფილა. მაშ, საიდან უნდა ჰქონოდა ეს ცოდნა? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ჯერ შევეხოთ ხსენებულ ფრაგმენტებს. აი, პირველი ასეთი ეპიზოდი: ”...ჩვენი გმირი (ჩიჩიკოვი - ზ.ქ.), ქართულ ხალიჩაზე მოკალათდა და ზურგს უკან ტყავის ბალიში ამოიდო”. მოდით, ვიმსჯელოთ - რატომ დასვა გოგოლმა თავისი გმირი მაინცდამაინც ქართულ ხალიჩაზე? როგორც წესი, თავ-თავიანთი ქვეყნის გარეთ კარგად არის ცნობილი ხალიჩების აღმოსავლური სახეები - თურქული, სპარსული...ხოლო ქართული ხალიჩა არც წინათ და არც ახლა არასოდეს ყოფილა ისე პოპულარული და ქართულ თვალსაჩინოებათა შორის საგანგებოდ სახელგანთქმული, როგორიც არის, ვთქვათ, ქართული ღვინო ან ქართული სიმღერა. მაშ რანაირად არკვევს გოგოლი, რომ სწორედ ქართული იყო ის ხალიჩა? იმისათვის, რომ მწერალს ხალიჩის ქართული წარმომავლობისთვის გაესვა ხაზი, მას უსათუოდ მოეთხოვებოდა ქართული ყოფითი კულტურის საკითხებში განსწავლულობა. ხოლო, ქართული ხალიჩის განსასხვავებლად თურქულისა და სპარსულისაგან, მას კიდევ დასჭირდებოდა ამ ხალიჩის ქრისტიანულ სიმბოლოებსა დ ორნამენტებში ესთეტიკური წვდომა და ეთნოლინგვისტურ ქარაგმათა ამოხსნა. ახლა, დროებით მივატოვოთ ეს საკითხი და გადავიდეთ მეორე ფრაგმენტზე: გუბერნატორთან გამართულ წვეულებაზე გოგოლი აღწერს დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორისაც არიან: ”პოჩტმეისტერი, კაპიტან-ისპრავნიკი, მანდილოსანი ცისფერი ბუმბულით, მანდილოსანი თეთრი ბუმბულით, ქართველი თავადი ჩიფხაიხილიძევი, მოხელე პეტერბურგიდან, მოხელე მოსკოვიდან, ფრანგი კუკუ, პერხუნოვსკი, ბერებენდოვსკი”... როდესაც საუბარია ”მკვდარი სულების” გმირების გვარ-სახელებზე, საჭიროა გავითვალისწინოთ თვით გოგოლის შენიშვნა: ”გამოგონილი გვარების გამოყენება სახიფათოა. რა სახელიც არ უნდა მოიგონო, ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხეში (ქვეყნისა, რომელსაც სიგრძე და განი არ აკლია), აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ამ გვარის მატარებელი და გადაგემტერება სამკვდრო-სასიცოცხლოდ”. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვიგულისხმოთ, რომ გოგოლის ნაწარმოებებში ყველა დასახელებული გვარი პოტენციურად გამოგონილია ავტორის მიერ. რადგან ქართველებში არ არსებობს გვარი ჩიფხაჲხილიძე(ვი), უნდა დავადასტუროთ, რომ ეს გვარი აშკარად ხელოვნურია, მოგონილია - გოგოლის ფანტაზიის ნაყოფია. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მწერალი გვარის მოდელირებისას ეყრდნობოდა რომელიმე მისთვის ცნობილ, გამოგონილთან მიახლოებული ჟღერადობის მისთვის ხელმისაწვდომ ქართულ დიდგვაროვნულ გვარს (ჭავჭავაძის, ჭალაგანიძის - სადაც ”ჭ” რუსულში ”ჩ”-დ გამოითქმის; ჩხეიძის, თუ სხვათა), მაგრამ არცერთი მათგანი - არც ხმიანობით, მარცვლოვნებითა თუ სხვა ნიშნებით მაინც ვერ მიდის ახლოს გოგოლის მიერ მოგონილ გვართან. სამაგიეროდ, თუ გავიხსენებთ, რომ იმისათვის, რათა გოგოლის მიერ აღწერილ წვეულებაზე დამსწრე კარიკატურულ ადამიანებში ქართველი თავადი ორგანულად ჩაწერილიყო, მის გვარს უნდა ჰქონოდა აგრეთვე კარიკატურული ჟღერადობა და, თუ გავითვალისწინებთ გოგოლის ფართო გასტრონომიულ თვალსაწიერსაც, გვარის დამარცვლით ცხადვყოფთ, რომ ”ჩიფხაჲხილიძე” ზუსტად იმეორებს ქართული კერძის - ”ჩახოხბილის” სახელწოდებას: ”ჩიფხაჲხილი: (”ჩი-ფხაჲ -ხი-ლი”) და ”ჩახოხბილი” (’ჩა-ხო-ხბი-ლი”). ასე რომ, როდესაც გოგოლი ქართველ თავადს აძლევს გასტრონომიულ გვარს, სხვა მახასიათებლებთან ერთად (რითაც ის ღირსეულ კამპანიას უწევდა თავისნაირებს წვეულებაზე), იხატება ჭამა-სმის მოყვარული მუცელღმერთა ქართველი თავადის პორტრეტი. თავისთავად იბადება დასკვნა, რომ ორივე ზემოთ მოყვანილი ეპიზოდი გვიჩვენებს გოგოლის ნაცნობობას ქართულ სინამდვილესთან და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავსვათ კითხვა - საიდან შეიძლება სცოდნოდა? წერილის ავტორს გააჩნია საკუთარი ჰიპოთეზა: გოგოლს ჰქონდა დიდი მეგობრობა ქართველი უფლისწულის - ბაქარის შვილიშვილ გიორგი ბაგრატიონის ქალიშვილ ანასთან. მათ შორის იმდენად თბილი დამოკიდებულება იყო, რომ ერთ-ერთ წერილში გოგოლი სწერდა მას: ”მე თქვენ შემიყვარდით გულწრფელად, შემიყვარდით, როგორც და”. ანა გიორგის ასული ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ტოლსტოის და ამ ოჯახთან არის დაკავშირებული გოგოლის ცხოვრების უკანასკნელი წლები. განსაკუთრებით, სიკვდილის პირას მყოფ მწერალს ერთი წუთითაც არ ტოვებდა ყურადღების გარეშე ცოლ-ქმარი. ”აქ გოგოლს თავს ევლებოდნენ, როგორც პატარა ბავშვს - აძლევდნენ მოქმედების სრულ თავისუფლებას - წერდა თავის მოგონებებში პოეტი ნიკოლაი ბერგი - მას არაფერზე არ უხდებოდა ზრუნვა. საუზმეს, სადილს, ჩაის, ვახშამს მიართმევდნენ იქ, სადაც ინებებდა. მისი თეთრეული ირეცხებოდა და ეწყობოდა კარადაში უხილავი სულების მიერ”. აღსანიშნავია, რომ ტოლსტოებსაც და გრუზინსკებსაც უხვად ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებული რელიქვიები. ტოლსტოების შინაურ ეკლესიაში, სხვა ხატებს შორის იყო ქართული ეკლესიის ყოველთა წმიდანთა ხატი. მეორეს მხრივ, გოგოლი არაერთგზის სტუმრებია გიორგი გრუზინსკის ოჯახსაც ლისკოვოში, სადაც ნახევარი საუკუნის მანძილზე ინახებოდა წმიდა მოციქულთასწორ ნინოს ჯვარი. ეს ჯვარი 1749 წელს უფლისწულ ბაქარს გადასცა საქართველოს მიტროპოლიტმა რომანოზმა (სხვათა შორის, 1801 წელს თავადმა გიორგი გრუზინსკიმ იგი უსახსოვრა ალექსანდრე პირველს, რომელმაც დააბრუნებინა საქართველოში და დღემდე ინახება ”სიონის” საკათედრო ტაძარში). ამდენად, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ თავადი გიორგი გრუზინსკი და მისი ქალიშვილი ანა იყვნენ ის ადამიანები, ვისგანაც კრებდა გოგოლი ცნობებს საქართველოს სინამდვილიდან. საიტ ”lagodekhi.net”-ის შეკვეთით |