ვარლამ ჩერქეზიშვილი – ,,ინგლისური დღიურები“ შუა-გული ლონდონი, იმისი უმთავრესი ქუჩები ისევ მრავალ დროშითა, ყვავილებითა, ვენზელებითა და ფეროვან ფანქრებით მოირთო. ,,სიტის“ მამები და ლონდონის მოქალაქეები იტალიის ახალ სამეფოს ახალგაზრდა მეფე-დედოფალს ეგებებიან. უნდა ვსთქვათ, რომ ლონდონი მეტად გულწრფელადა, თითქმის სიყვარულითა და მოხდენილადაც უხვდება იტალის მეფე-დედოფალს, დიახ, ეხლა ძლიერ მოხდენილადა და ხელოვნურად მორთეს ქუჩები, ეტყობა, ლონდონელებმა შეისწავლეს ეს საქმე. 1897 წელს აქეთ, როცა დედოფალ ვიქტორიის იუბილეი გადაიხადეს, ათამდე დიდი სახალხო დღესასწაული, პროცესია და ილიუმინაცია გამართეს და შეეჩვივნენ ქუჩებისა და სახლების მორთვას, ლონდონის ზოგიერთი ადგილი მეტად საუცხოვოდაა მორთული. პარიზელებსა და ბრიუსელელებს ამ საქმეში ხომ ცალი არ ჰყავთ, მაგრამ ისინიც კი შურის თვალით შეჰხედავდნენ ამ მორთულობასა. დღევანდელ დახვედრას რაღაც განსაკუთრებული გულწრფელობა, თავაზიანობა და სიყვარული ემჩნევა, წარსულ ზაფხულს საფრანგეთის პრეზიდენტს ემილ ლუბესაც ასეთის გულწრფელობით დაუხვდნენ, ქუჩები 7 ვერსტის მანძილზე აუარებელი ხალხითაა სავსე; ეს მილიონი ხალხი ისეთ კარგ გუნებაზეა, ისე მეგობრულად უყურებს თავის სტუმრებს, ახალგაზრდა მეფე-დედოფალს, მეტადრე დედოფალს, ისე გულწრფელად უხვდება, რომ სწორედ გიკვირს და ძალაუნებურად ჰკითხულობ: ,,დავიჯერო, ეს ლონდონის ხალხია?“ - ასე ვკითხულობდი და მიკვირდა ზაფხულშიც, როდესაც პრეზიდენტ ლუბეს უფრო მრავალი ხალხიც მიეგება. ლონდონის ხალხი და ლონდონის პოლიცია მეტად თავაზიანად, თავდაჭერით და დიდის ყურადღებით ეკიდება ყველას, მეტადრე ქალებს, აქაური ხალხიც და პოლიციაც გამოცანასავით აკვირვებს ევროპიელებს. მართლაც და, ქუჩებში მილიონი ხალხი დგა, მაგრამ არც დიდი ხმაურობაა, არც ყვირილი, არც უბრალო ფაცა-ფუცია, არც ჭედვად-ჟლეტა, ქალებსა და ბავშვებს სრულებით არა უჭირთ-რა, არავინ არაფერს დაუშავებს, აი, ჩემ გვერდზე ვეება პოლიციელი დგას და ერთ პატარა ქალსა, ბალღს რაღაცას უხსნის. უკანიდან ერთმა ქალმა ოდნავ ქოლგა დაჰკრა პოლიციელს, მაგრამ პოლიციელი ისე გაიტაცა პატარა ქალთან ლაპარაკმა, რომ ვერა გაიგო-რა. ასანთის (,,სპიჩკის“) გამყიდავმა დაუძახა და ქალი უჩვენა, ქალმა აუხსნა, იქითა მხარეს უნდა გადავიდეო, - ,,მილედი (ქალბატონო), სამისა ან ხუთის წამის შემდეგ პროცესია გამოივლის, პატარას ვერ მოითმენთ?“ - მიუგო პოლიციელმა. - რკინის გზის მატარებელზე მეშურება. - მატარებელზე გიგვიანდებათ! მაშ მობრძანდით“. ამ პოლიციელმა მეორე პოლიციელსაც გააგებინა ,,ქალბატონს მატარებელზე ეშურებაო“... ხალხმა გზა უყო და ქალბატონიც არხეინად, მშვიდობიანად ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. უნდა იცოდეთ რომ ეს ,,ქალბატონი“ შლიაპის მაღაზიაში მოსამსახურე ქალი იყო და სადღაც საქმეზე იყო გაგზავნილი. - აქაური პოლიციელები ხალხის ნამდვილი მოსამსახურეები ყოფილან, აბა! - წამოიძახა ჩემმა ნაცნობმა ფრანგმა. ჩვენში, პარიზში, 2-3 წუთით წინ კი არა, 20-40 წუთის წინაც არ გადაგატარებენ ქუჩაზე... აქ კი ეს ვეება პოლიციელი ბავშვებისათვის თავს იწუხებს და ქალებს თავაზიანად ემსახურება. საკვირველია სწორედ! დიახ, აქაური ხალხიცა და პოლიციაც საოცარია, საოცარია ამათი მეგობრობაც - პოლიციელი რომ უზრდელად, უწესოდ მოიქცეს, რას იზამთ? - დანჟღრეულის ინგლისურის ენით ჰკითხა ფრანგმა თავის მეზობელს მუშას - ჩვენ თვითონვე დავამშვიდებდით... მერე მოსამართლესთან წავათრევდით. ჩვენში ყოველი მოხელე, ოფიცერი, ჯარისკაცი, პოლიციელი, თუ მინისტრი, ერთია ვინც უნდა იყოს, მოსამართლის წინ აგებს პასუხს. - უფროსების ბრძანება რომ ჰქონდეს? - თუ უფროსი უკანონო, კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძანებას მისცემს, მოხელემ არ უნდა შეასრულოს ეს ბრძანება. უცნაური წესია სწორედ! ჩვენში სულ სხვანაირი წესებია - სთქვა გაკვირვებულმა ფრანგმა. ამ დროს პროცესია დაიძრა, ცხენოსანი ჯარი, ქვეითა ჯარი, შოტლანდიელთა გვარდია, მუსიკა, ეტლები... აი შორს მრავალის ხმით ყვირილი გაისმა: ,,ვივა!“ ჰიპ!“ ,,ურა!“ ყველაფერი აირია, ხალხის აღტაცებული ყვირილი მუსიკას აყრუებს ჩემს გარშემო, ყველანი აღტაცებაში მოდიან, ქუდებს იქნევენ, ხელსახოცებსა და დროშებს აფრიალებენ, ,,რა მშვენიერი ქალია დედოფალი! რა ლამაზია! რა წყნარი, ზრდილობიანი!“ ამბობენ ყველანი, - ვივა! - ყვირის ასანთის (,,სპიჩკის“) გამყიდველი ვითომ იტალიურად. ,,დედოფალმა მშვიდობიანობა და კავშირი მოგვიტანა!“ ყველა სულ ახალგაზრდა დედოფალზე ლაპარაკობენ. ყველას სახეზე სიხარული და აღტაცება ეტყობათ. ასანთის გამყიდავის სიტყვებმა ცხადად გამაგებინეს, თუ რად უხარიან ასე ხალხსა... ლონდონელებს აქამდე არც კი ახსოვდათ, თუ სადმე იტალიის დედოფალი არსებობდა, ეხლა კი აღტაცებით ეგებებიან, როგორც მშვიდობიანობისა და კავშირის მომასწავებელს. ინგლისსა და იტალიას არას დროს, არცა ჰქონიათ, არც ექნებათ ერთმანეთთან ომი, მაგრამ ლონდონელები მთელის ევროპის, საერთაშორისო ზავისა და მშვიდობიანობის განმტკიცებას ელიან, ყველას კარგად ესმის იტალიის მეფეც, პრეზიდენტ ლუპესავით, მეფე ედუარდს იმ აზრით ესტუმრა, რომ სამედიატორო საერთაშორისო სასამართლოს თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ, ამით ევროპის მშვოდობიანობა განამტკიცონ და სამხედრო ხარჯების შემცირებასა და იარაღის აყრას ხელი შეუწყონო. საფრანგეთში და ინგლისში შეჰკრეს კიდეც ასეთი პირობა, ახლა ამავე საქმეზე იტალიასთანაც მოლაპარაკება გამართეს. გამოვა რამე, ამ მოლაპარაკებიდან? - ,,ჩვენი მეფე ედუარდი - საერთაშორისო მშვიდობიანობისათვის ზრუნავს და იტალიასთანაც უსათუოდ მოახერხებს ხელ-შეკრულობის დადებასაო, - ამბობენ ყველა მხრიდან. ნათქვამია, ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. ვისურვოთ, რომ ეს ანდაზა ეხლაც გამართლებულიყოს, ამაზე უკეთეს დიდებას ძნელად თუ მოვუსურვებთ დიდებულ ინგლისის მეფეს. თუ ინგლისის მეფე მართლა მშვიდობიანობისათვის ,,ცდილობს“ და ,,მუშაობს“, სამხედრო ხარჯებით დაღუპული ევროპა დიდად დაუმადლის მეფეს. ხმა დადის, ინგლისმა და იტალიამ კიდეც მოაწერეს ხელი ისეთსავე ხელ-შეკრულობას, როგორიც ინგლისსა და საფრანგეთს შუა დაიდოო, ამიტომ ადვილი გასაგებია, თუ ლონდონმა ასეთის სიყვარულთ რად მიიღო თავისი სტუმრები. მაგრამ ისიც კი უნდა ვსთქვათ, რომ ინგლისელები ძველთაგანვე სიყვარულით ეკიდებოდნენ და გაჭირვების დროს დახმარებას უწევდნენ იტალიას. დანტესა და გარიბალდის სამშობლოში, ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში მრავალი მდიდარი და შეძლებული ინგლისელი მწერალი და მხატვარი ცხოვრობს თავის ოჯახობით. ზოგი უბრალოდ შესასვენებლად მიდის იქა. ფლორენციასა, რომსა, ვენეციასა და ნეაპოლში ინგლისელები ათასობით სახლობენ და წლობით რჩებიან იქა. საუკეთესო პოეტები - ბაირონი, შელი, კიტი, ბროუნინგი (ცოლ-ქმარი) - იტალიაში ცხოვრობდნენ და სწერდნენ; ზოგიერთი დასაფლავებულიც იქაა. ინგლისელებს მარტო იტალიის დიდებული მხატვრები და ოსტატები არ უყვარდათ, მარტო დანტესა, მიქელ ანჯელოსი, რაფაელსა და ლეონარდო და ვინჩიზე, ან მარტო განთქმულ პოლიტიკოს-მოღვაწეებსა და მეცნიერებზე როდი აქვთ დაწერილი მთელი ტომები... არა, ინგლისელებს საზოგადოდ მთელი იტალია და იტალიელები უყვართ, ამ ქვეყანასა და იმის მცხოვრებლებს დიდის ყურადღებით ეკიდებიან და იმის ისტორიასა და ლიტერატურას დიდის ხალისით სწავლობენ. რამ გამოიწვია ეს სიყვარული - ამას დიდი ახსნა დასჭირდება, მაგრამ რომ ეს სიყვარული ნამდვილად არსებობს და ხანდა-ხან ძლიერადაც იჩენს ხოლმე თავსა - ეს კი უცილობელი ფაქტია. ამ სიყვარულმა ნამეტნავად წარსულ საუკუნის მეორმოცე და მესამოცე წლებში იჩინა თავი, იმ დროს, როცა იტალია დიდებულად იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. ინგლისის სახელმწიფო კაცები (გლადსტონი, სტანსფილდი, კოვენი და სხვანი) პოეტები და რომანისტები (ბროუნინგი, უიდა, მერედიტი), მეცნიერები (რუსკინი, კარლეილი) - ყველანი სულით და გულით თანაუგრძნობდნენ, დახმარებას უწევდნენ იტალიის დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ, კეთილშობილ მებრძოლთ, მინისტრ სტანსფილდის სახლი ყოველთვის ღია იყო მაძინისათვის. კოვენმა და იმისმა მეგობრებმა გარიბალდის პატარა ხომალდი და საპატიო ხმალი მიართვეს პატივისცემის ნიშნად. იტალიელ მოღვაწეებს მანინსა, საფისა, ორსინისა და სხვებს ინგლისშიაც ისეთივე დიდი სახელი ჰქონდათ, როგორც თავიანთ სამშობლოში. 1864 წელს, როცა გარიბალდი ლონდონს მოვიდა, აქაური ხალხი ისეთის აღტაცებით მიეგება, ისეთი ოვაცია გაუმართა, რომ დღევანდელი გულწრფელი დახვედრაც კი არაფერია მაშინდელ დახვედრასთან. ეს ადვილი გასაგებიცაა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს იტალიაში იმდენი პატიოსანი, თავ-განწირული გმირი გამოჩნდა, რომ კაცობრიობა მომავალშიაც ყოველთვის გაკვირვებითა და ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებს ამ გმირებს. მთელი მაშინდელი თაობა, ყველა ახალგაზრდა, ნიჭიერი და მხნე კაცი ერთს საქმეს ემსახურებოდა - იტალიის განთავისუფლებას ცდილობდა და ამ მეცადინეობის გულისთვის ან ბარიკადებზე და ციხეებში იღუპებოდა, ან უცხო ქვეყანაში გადახვეწილი სიღატაკეში ცხოვრობდა, მაშინაც კი, როცა სამშობლო განთავისუფლდა, იტალიის გმირები ისევ ისე წმინდა, პატიოსან კაცებად დარჩნენ, ისევ ისე სიღარიბეში ცხოვრობდნენ. თავიანთ ხანგრძლივის, კეთილშობილის, პატიოსანის ცხოვრებით იტალიის მოღვაწეებმა დაამტკიცეს, რომ მარტო მაღალი, დიდებული იდეა უყვარდათ და მარტო ამ იდეიას ემსახურებოდნენ. ამნაირ კაცებს კაცობრიობა ყოველთვის სცემდა პატივს, იმიტომ რომ ესეთი კაცები პროგრესისა და უმაღლეს განვითარების თავდებნი არიან. ,,ცნობის ფურცელი” 1903 წ. № 2330 პარასკევი, 21 ნოემბერი |