საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი (1089-1125)

ჩვენს სამშობლოს - საქართველოს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი სახელგანთქმული მეფე ჰყოლია. ამ დიდებულ მეფეთა შორისაც აღმატებული სიყვარულით იმოსება სახელი დავით აღმაშენებლისა, რომლის შესახებ XI საუკუნეშივე სამართლიანად წერდა მემატიანე: "ვერავინ ძუელთა და ახალთა მეფეთა ემსგავსაო". არც მანამდე და არც მას შემდეგ! - მხოლოდ ეს შეგვიძლია დავუმატოთ მემატიანის სიტყვებს დიდი მწუხარებით. უბადლო მებრძოლი, მთავარსარდალი და მწიგნობარი, რაც უმთავრესია: მართლმადიდებელი ქრისტიანი და ერის მოჭირნახულე - აი, მოკლე დახასიათება მეფე დავითისა, რომელიც ერმა უფრო ფრთიანად ერთ სიტყვაში ჩატია "აღმაშენებლის" ზედწოდებით. "თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას. რამეთუ ხელი მისი შეეწეოდა მას და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი."

გამეფდა 16 წლის მამაცი და გამბედავი ჭაბუკი. იმეფა 36 წელიწადი - გონიერებითა და ძლევამოსილებით. თანაბრად უჭრიდა ჭკუაც და ხმალიც. სადაც საჭირო იყო, გონებას მოიკრებდა - სიბრძნით განსჯიდა. როცა საჭირო იყო, ხმალდახმალ მიუხდებოდა მტერს. სულიერ სიმშვიდესთან ერთად გარეგნული სიმშვენიერეც ამკობდა მეფეს. როგორც მას აგვიწერს მისი მოძღვარი არსენი თავის ქებით სიტყვაში დავითისადმი, "დავითი ყოფილა მაღალი და მოსული კაცი, ტანმრთელი აგებულებისა. თვალები ჰქონია დიდი, შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამშვენებდნენ დავითის მაღალს შუბლსა, ცხვირი სწორი და მუდამ მღიმარე ტუჩები, მოკლე და შავი წვერი და შავი თმა." მეფის სულიერებას გადმოგვცემს მისი სამოსელიც. გელათის ტაძრის ჩრდილო კედელზე გამოხატული მეფის "ტანსაცმელი ჰგავს მღვდელმთავრის სტიქარს, მხოლოდ სახელოები აქვს მოკლე. სახელოებზე არის თათმანები, რომელნიც მოქარგულნი არიან ოქროთი, მარგალიტებით და სხვა ძვირფასი ქვებით სამაჯურების მსგავსად. მაჯას ზემოთ საყელოებზე შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი, რომელიც მორთულია ძვირფასი ქვებით და მოდიდო მარგალიტებით. საყელოს გარშემო შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი ბეჭებამდის და იქეთ-აქეთ არის გადაშვერილი თავები სამღვდელმთავრო ომოფორის მსგავსად ("მწყემსი", 1993წ.).

დავითის გამეფების ჟამს ქართველი მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა "და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა", - წერს დავითის ისტორიკოსი. საქართველოში თურქ-სელჩუკები დათარეშობდნენ. ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობა მიუვალ მთიან ადგილებში იყო გახიზნული და თურქების შიშით ბარში ჩამოსვლას ვერ ბედავდა. ისევ მემატიანეს თუ დავესესხებით: "არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა და ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი დაემკვიდრეს მას შინა." ამას თან დაერთო საშინელი მიწისძვრაც და ეს ყოველივე აღსრულდა იმის გამო, რომ დიდმაც და პატარამაც უკლებლივ შესცოდა ღვთის წინაშე. თუმცა ამდენი ჭირის შემდეგ უფალმა ნუგეშად ქართველობას მოუვლინა დიდებული მეფე დავით აღმაშენებელი. ჭაბუკი მეფე როდი შეუშინდა ქვეყნის სავალალო მდგომარეობას. ღვთის შემწეობითა და თავისი აღმზრდელის - გიორგი ჭყონდიდელის დახმარებით იმედიანად მოჰკიდა ხელი ქვეყნის მართვა-განმგებლობას. დავითმა პირველად მთაში გახიზნულ მოსახლეობას შეუძახა და დააბრუნა თავიანთ ადგილებში. შემდგომ 1104წ. მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიც "ქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო" - ავაზაკებისაგან გაწმინდა. ამასთან რუის-ურბნისის კრებამ დასახა გზები ქვეყანაში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. იმსჯელა ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც აწუხებდა იმდროინდელ ქართველობას. "არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ." - კრებაზე წარმოთქმული ეს სიტყვები ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. კრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს კათოლიკოსი იოანე, ხოლო ამ კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც ითვლებოდა "თუალად წმიდისა ამის კრებისა" და მონაზონი არსენ იყალთოელი, რომელიც მდივნობას უწევდა რუის-ურბნისის კრებას.

დავითი შეეცადა, შეექმნა პირობები მოსახლეობის მშვიდობიანი ცხოვრებისათვის. ეს კი, რასაკვირველია, მოსახერხებელი იყო მხოლოდ მაშინ, თუ მას კარგად გაწვრთნილი მებრძოლი ჯარიც მხარს აუბამდა თურქთა თარეშის აღსაკვეთად.

დავით აღმაშენებლის გამეფებისას ქართველთა ლაშქარი წარმოადგენდა "ტყვეობათა და... ჭირთაგან დამცრობილ მცირე გუნდს მხედრობისას." ამასთან, მომხდურს თავისი ძალადობით მასში დიდი შიში დაეთესა. უცხენო და უიარაღო ქართული მხედრობა ბრძოლის უცოდინრობითაც იჩაგრებოდა.

ახალგაზრდა მეფემ "განამრავლა სპანი", აღჭურვა იარაღითა და ცხენებით და მათ წვრთნას შეუდგა. "უწყინოთა ლაშქრობითა" და მცირედმცირე ბრძოლითა შთაუნერგავდა მეფე მებრძოლებს გამარჯვების რწმენას. ასწავლიდა ბრძოლის სტრატეგიას და ტაქტიკას და მოაგონებდა ქართველთა სახელოვან გამარჯვებებს. მეფე უმკაცრესი ყოფილა ჯაბანთა მიმართ, რომელთაც შთააცვამდა ხოლმე დიაცთ ტანსაცმელს და კიცხვით აატარ-ჩაატარებდა მოლაშქრეებში. ამ გზით განუფანტავდა მოლაშქრეებს შიშის გრძნობას. დავითმა აკრძალა ჯარში ბილწსიტყვაობა, უგვანი სიმღერები და საოცარი წესრიგი დაამყარა. ლაშქრის წვრთნაშიც ბევრი სიახლე შეიტანა: ქვეითი ჯარი ცხენოსანი რაზმებით შეცვალა. გამოიყენა ბიზანტიური, რომის საომარი დაწყობა ჯარისა - ე.წ. მწკრივებრივი ტაქტიკა, რაც გულისხმობდა შემდეგს: რამდენიმე რაზმი მწკრივებად ერთიანდებოდა. ოღონდ დავითის ჯარის რაზმები, საყოველთაოდ მიღებული 2-ის ნაცვლად 3 მწკრივად ერთიანდებოდნენ. პირველი - წინამძღოლი ჯარი იყო, მეორე - ყოლბი ჯარი, მესამე - მაშველი ჯარი. როგორც ვარაუდობდნენ, დავითმა ამ პრინციპებით მკვეთრად გაზარდა მოულოდნელ დარტყმათა რიცხვი. ლაშქრის სწრაფი მოძრაობის უზრუნველსაყოფად გაუვალ მდინარეებზე ააგო ხიდები და "საწყინოდ სავალნი" გზებიც ქვა-ფენილ ჰყვნა. დავითის დროს შეიქმნა ძვალთა და რკინათა მკვეთელი ხმალი "დავითფერული".

დავით აღმაშენებელმა საქრთველოს გაერთიანებისათვის მზადება შინაური მტრების ალაგმვით და კახეთ-ჰერეთის შემოერთებით დაიწყო. ღვთის წყალობას მინდობილი მისი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. ჯარის გასამხნევებლად დავითი "ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა და თუით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა ძლიერითა დაამხობდა ახოვანთა". ამ ომში სამი ცხენი მოუკლეს მეფეს. მეოთხეზე ამხედრებულმა დაამთავრა ბრძოლა. მემატიანეს თქმით, ამ დღეს დავითს იმდენი მტერი ეხოცა, რომ ხმლიდან ნაწვეთ სისხლს მისი უბე წელამდის გაევსო და ეს საცნაურ იქმნა მხოლოდ მაშინ, როდესაც დავითმა სარტყელი შეიხსნა და სისხლმა გადმოსჩქეფა მიწაზე.

ამის შემდგომ თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100-ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსაკენ. დავითი ამ დროს იმყოფებოდა ნაჭარმაგევს. მიუხედავად დიდთოვლობისა, არ შეუშინდა რიკოთის უღელტეხილის გადმოლახვას. დავითმა ელვის სისწრაფით გამოაქროლა მცირე მხედრობა თრიალეთისაკენ და განთიადისას ეკვეთა მტერს. "შეწევნითა ღმრთისაითა იძლია ბანაკი თურქთა". მტერი ისეთი კისრისტეხით გარბოდა, რომ საკუთარი კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც კი ვერ მოასწრო. მტკვრის ხეობა სრულად შეუერთდა ქვეყანას.

ასეთი ჩვეულებაც ჰქონდა მეფეს - იგი თურქ-სელჩუკთა თვალის ასახვევად ზოგჯერ დასავლეთ საქართველოში გადადიოდა. ამ დროს სელჩუკები ეგებოდნენ ანკესზე და ქართლს შემოესეოდნენ. დავითი კი მოულოდნელად გამოჩნდებოდა თავის სარდლებთან ერთად, რომელთაც წინაწარ უთანხმდებოდა და ერთიანად მუსრს ავლებდა მტერს. ერთხელ, ზამთარში, თურქები ტაოს ჩამოდგნენ დიდძალი მხედრობით. დავითმა ამ დროს "მოიხელოვნა" - ქართლის ლაშქარს მზადყოფნის საიდუმლო ბრძანება მისცა, თვითონ კი ქუთაისში წავიდა. ამით მო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ადუნა მტრის ყურადღება. თებერვალში მეფის ბრძანებით ქართლელთა და მესხთა ლაშქარი კლარჯეთს შეიყარა. თვითონაც შიდასპით შეუერთდა მათ და ერთიანად მოსრა გულდამშვიდებით მყოფი სელჩუკნი.

მიუხედავად ბრწყინვალე გამარჯვებისა, დავით აღმაშენებელმა დროულად იგრძნო, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. მეფემ გადაწყვიტა ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. იგი კარგად იცნობდა ამ ხალხის ზნე-ჩვეულებებს. მისი მეუღლე - გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის - ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო... დავითმა ყივჩაღთაგან ჩამოაყალიბა 40-ათასიანი არმია, რომელსაც 5 ათასი ქართველი მეომარიც დაემატა და ამრიგად ნებისმიერ დროს შეეძლო 45-ათასიანი ჯარის გამოყვანა.

დავითის გამარჯვებებმა ფრიად შეაშფოთა მაჰმადიანური სამყარო. "ესევითარ ჭირთაგან შეიწრებული თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და შეჭირვების ნიშნად შავად სახეშეღებილებმა აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. დავითის დასამხობად სულთანმა მოუწოდა თურქეთის ამირებს, ათაბაგებს და სპასალარებს. მაჰმადიანთა ამ გაერთიანებული ლაშქრის სარდლობა ებოძა გულად ამირა ელღაზს, რომელიც  1121 წლის აგვისტოში შემოვიდა საქართველოში და მისმა ლაშქარმა დაიკავა მანგლისი და დიდგორი. ისტორიკოსთა გადმოცემით, მტრის ჯარი 300 ათას კაცს აღემატებოდა. დავითმა მშვიდად და უშიშრად განამზადა ჯარი. გადაწყვიტა დიდგორის მთებზე ვიწრო ხეობაში შებმოდა მომხდურს. დავითი არ მოერიდა მტრის სიმრავლეს, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 60 ათასამდე მეომარი ჰყავდა. მან ისე განალაგა თავისი მეომრები, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში უვნებლად დაეცვა ისინი. მოწინააღმდეგენი დიდგორის ველზე 1121 წლის 12 აგვისტოს შეებრძოლნენ ერთმანეთს.

პირველივე შეტაკებისთანავე აიშალა მუსლიმთა ლაშქარი და გაიქცა, "რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა ურჯულოთა მას წარმართთა. რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა".

დიდგორთან დამარცხებამ მტერი წელში გაწყვიტა. ამიტომაც არ გასჭირვებია დავითს მომდევნო წელს თბილისიც გაეთავისუფლებინა  400-წლოვანი ტყვეობიდან. 1123 წელს  დმანისი შემოუერთდა დედასაქართველოს, რითაც გამთლიანდა ქვეყნის სხეული. 1124 წელს, აგვისტოს თვეში, მეფის წინაშე "მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა". სამ დღეში დავითმა გაამზადა სამოცი ათასი მხედარი და სომხეთის ქალაქი ანისი 60 წელი თურქ-სელჩუკთა ხელში მყოფი გაანთავისუფლა და შემოუერთა საქართველოს.

ქალაქ ანისის აღების დროს კეთილმორწმუნე მეფე დავითი ლაშქართან ერთად ასეთი სასწაულის მხილველიც გახადა ღმერთმა: ბერძენთა დედოფალ კატრონიკეს მიერ აშენებული დიდი საყდარი ანისისა მუსულმანებს მიზგითად მოეკაზმათ და "ქრისტიანთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყოთ... მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათოლიკოსნი, ეპისკოპოსნი და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა და ახლად წესი აუგეს და თვით მეფემან სამგზის საფლავსა ჩასძახა: - "გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან." რაზედაც "მკვდრისა ძვალთა საფლავით ხმა გამოსცეს." ეს საოცარი ფაქტი "განუკვირდა მეფესა და ერთობილსა ერსა (დავითის ისტორიკოსი).

იმავე წელს მეფემ თურქ-სელჩუკთა განსადევნად გაილაშქრა შირვანზე, დაიპყრო იგი და შემოიერთა, რის შედეგადაც საქართველოს საზღვრები გადაიჭიმა "ნიკოფსიიდან (თანამედროვე ტუაფსედან) დარუბანდამდე და ოვსეთიდან (იგულისხმება ჩრდილო ოსეთი) არეგაწამდე (სომხეთშია)".

თავმდაბალ დავითს საკუთარი თავი "უსწავლელ", "მხედრობათა შინა აღზრდილ" კაცად მიაჩნდა, თუმცა მემატიანეს ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული და უებრო მჭევრმეტყველი ყოფილა, რაც ცხადად გამოჩნდა მისი სეფე-სიტყვით ქართველთა და სომეხთა საღვთისმეტყველო კამათის დროს, როცა მოდავენი ჩიხში მოექცნენ და მართლმადიდებელმა ხელმწიფემ ნათელი მოჰფინა საკითხს და მართლმადიდებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. წიგნის კითხვა იმდენად უყვარდა, რომ ლაშქრობაშიაც ჯორ-აქლემებით დაატარებდა. ერთხელაც, ავჭალაში ნადირობდა დავითი. ამხედრებული, "სამოციქულოს" კითხვას ისე გაუტაცია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია. ამ დროს მას შემთხვევით გადაეყარა თურქთა ასკაციანი რაზმი, რომელთაც, რაკი მეფე მარტო ნახეს, მისი შეპყრობა გადაწყვიტეს. მაგრამ დავითი ადვილად გაუმკლავდა ამ რაზმს, და როცა ხმაურზე მხლებლებიც გამოჩნდნენ, შეშინებულმა თურქებმა, ვინც ცოცხალი გადაურჩა დავითის ხმალს, გაქცევით უშველეს თავს.

ღმრთის მოყვარულ მეფეს ყოველი ბოროტისაგან იცავდა უფალი. ერთხელ კარვის პირას მდგომი, მისთვის ნასროლი ისრისგან იხსნა მთავარანგელოზის ხატმა, რომელიც გულზე ეკიდა! ხოლო ერთ დღეს მუხნარს "ნადირთა დევნასა შინა" გართულ მეფეს "წაექცა ცხენი და ესეოდენ შემუსრა, რომ სამ დღე ყოვლად უსულოდ მდებარე იყო უძრავად... და შემდგომად სამ დღე ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესევითარი მრავალგზის შეემთხვა და ღმერთმან იხსნა სიკვდილისაგან (დავითის ისტორიკოსი)."

არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ივიწყებდა გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე. 1106 წელს დაარსდა გელათის აკადემია, რომელიც დავითმა შექმნა "ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად." ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის ორი ანდერძით (ერთი შიომღვიმის ლავრისადმი, ხოლო მეორე გელათისადმი) ჩანს, თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ ტაძრებისადმი. ამავე დროს მეფე შეეწეოდა საზღვარგარეთ არსებულ მონასტრებს - საბერძნეთში, ბულგარეთში, პალესტინასა თუ სირიაში. მის სახელს უკავშირდება სინას მთაზე მონასტრის აშენება, რისთვისაც "წარსცა ოქრო მრავალ ათასეული"….სიკვდილის წინ დავითმა ანდერძად დაუბარა თავის მოძღვარს მონაზონ არსენს, რომ თავისი საუნჯის ერთი ნაწილი გადაეცათ იმ მონასტრებისათვის, რომელთაც აწყენინა, რათა ამ მონასტრებში მოსამსახურეთ ილოცონ ჩემთვისო.

"საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფი იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდება ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ყველაზე ძლევამოსილმა და ყველაზე მართალმა შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით, მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს."

1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს, 52 წლის ასაკში შეწყდა დიდებული მეფის გულისცემა. ანდერძის მიხედვით იგი დაკრძალულ იქნა მის მიერ აგებულ გელათის მონასტერში. დავითს უნებებია ყოველ მოკვდავს ფეხი დაებიჯებინა მის საფლავზე... საფლავის ქვაზე ამოკვეთილია მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მნთნავს: "აქა დავემკვიდრო მე".

ამქვეყნიური წარმავალი დიდებულების უარყოფის უბადლო ნიმუში, სადა და უბრალოა დავით მეფის საფლავი...

საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ღვთის მცნებებით მცხოვრები და ქრისტიანობის დაცვისათვის "მესიის მახვილად" წოდებული, გაპარტახებული ქვეყნის კვლავ აღმშენებელი მეფე დავითი. დავითის ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) იქნა დაწესებული.

 

ისე განაგო სამეფო, ვით იყო ღვთისა ნებაო,

არა ვთქვათ, როგორ არა ვთქვათ, მეფე დავითის ქებაო,

მისი აუგად ხსენება, ვინ, სად და ვით ინებაო,

საქმენი ღვთისგან ნაკურთხნი აქუნდა ნება-ნებაო...

მასალა  მოამზადა ნინო ტარყაშვილმა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq