საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > ქართველი წმინდანი მეფეები

წმიდა მეფე მირიანი და წმიდა დედოფალი ნანა

წმიდა მეფე-დედოფლის ქრისტესმიერი ცხოვრება ქართველთა განმანათლებლის - წმიდა ნინოს სახელს უკავშირდება.

წმიდა ნინო ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით კურნავდა დავრდომილებს. ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა“. ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები. 


გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმიდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს სჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.  ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის. სანამ კონსტანტინოპოლით გამოგზავნილი მღვდლები ჩამოვიდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი“ ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში.


 მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილები აღსდგებოდნენ. ამასობაში კონსტანტინოპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულები. მათ ჩამოჰყვნენ: იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი – კვარცხლბეკი და სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.


მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს სასჭვალნი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოველის ნაწილი დაასვენეს. მირიან მეფე შეწუხდა. მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო. მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა.


 როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“. მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.  ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი – დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. 


ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს. მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე. 


 როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში. სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა ძე თვისი ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიისვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც „წმიდათა წმიდაჲ“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-14
წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა.
მართალი ფილარეტ მოწყალე
მართალი ფილარეტ მოწყალე (ხსენება 14 დეკემბერს) პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია.
წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
1 (14) დეკემბერი არის წინასწარმეტყველ ნაუმის ხსენების დღე. ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ.
gaq