2013 წლის ჟურნალ ”თბილისელებში” (№37) დაიბეჭდა ნინო ხაჩიძის ინტერვიუ ისრაელის ცნობილ პოლიტოლოგ, ისტორიკოს, რაბინსა და ჟურნალისტ აბრაამ შმულევიჩთან. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან: ”– რატომ აირჩია რუსეთმა სამიზნედ მაინცდამაინც საქართველო? – საქართველოს შენარჩუნება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ეფუძნება რუსეთის მოსახლეობის ველიკოდერჟავული ინსტინქტების ექსპლუატაციას. რუსეთი მიჩვეულია, თავისი თავი წარმოიდგინოს დიდ დერჟავად, პროპაგანდის მიხედვით კი, დიდი დერჟავა ნიშნავს იმას, რომ მისი ეშინიათ. ამდენად, რუსეთის მოსახლეობის წარმოდგენით, რუსეთს კი არ უნდა ჰბაძავდნენ, არამედ მისი უნდა ეშინოდეთ. რეალურად, რუსეთს არ აქვს მოწინააღმდეგეების გამოწვევაზე პასუხის გაცემის უნარი, ამიტომ უნდა შექმნას მტრის ხატი, გააბუქოს ის და გამოამჟღავნოს ველიკოდერჟავული ინსტინქტი. ხელოვნურად შეიქმნა მტრის ასეთი ხატი და რუსეთის ბევრი მოქალაქე, მართლაც, გულწრფელად ამაყობს საქართველოსთან ომში გამარჯვებით და ისინი მხარს უჭერენ რუსული ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის რუსეთის ისტორიაში ძველი, კეთილი რეცეპტი – მცირე წარმატებული ომი, როდესაც ქვეყნის შიგნით პრობლემებია. მედვედევის გაპრეზიდენტებიდან ერთ თვეში დავწერე სტატია, რომელშიც ვამბობდი, მედვედევს სჭირდება, რომ ხალხს რაღაც წარმატება უჩვენოს, რადგან წარმატებები არ იყო, საჭირო იყო პატარა ომი. მაშინ საამისოდ ორი პრეტენდენტი არსებობდა: საქართველო და ესტონეთი. – „ნატოს“ წევრი ესტონეთი. – დიახ, ესტონეთი „ნატოს“ წევრია, ამიტომ თქვენ არ გაგიმართლათ. ის, რაც გააკეთა მედვედევმა, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. თუ გახსოვთ, ამჯერად პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებისთანავე გაიშალა პროპაგანდისტული კამპანია, რომ საქართველოში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო პირადად პუტინმაო. ჯერჯერობით პუტინისა და მედვედევის მმართველობის ერთადერთი შედეგი არის ომი საქართველოსთან, მეტს ისინი მოსახლეობას ვერაფერს უჩვენებენ. როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთზე, ვგულისხმობთ კრემლის რეჟიმს, რომელიც, ერთი მხრივ, არის საბჭოეთის, მეორე მხრივ, იმპერიული რუსეთის მემკვიდრე. პუტინისთვის საქართველო ყელში ძვალია. პუტინს აქვს „ბლატნაია“ ფსიქოლოგია. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ სააკაშვილის დროს საქართველო მისი მარიონეტი იქნებოდა, მაგრამ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი კურსის გატარება დაიწყო, პუტინისთვის სააკაშვილი პირად მტრად იქცა, თუმცა ესეც არ იყო მთავარი. მთავარია ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავის წინაშე რეალურად დააყენა ამოცანა, თავი დაეღწია საბჭოთა მემკვიდრეობისგან და აეშენებინა დასავლური ტიპის საზოგადოება და, მართლაც, გადადგა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა პუტინისთვის. – რატომ? – ის იტყოდა, აი, ჩვენ ვეცადეთ, გავმხდარიყავით დასავლური კაპიტალისტური ქვეყანა, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ასეთია ჩვენი ევრაზიული ცივილიზაციის სპეციფიკაო. ბალტიისპირეთს ისინი ყოველთვის უყურებდნენ როგორც არასაბჭოთა ქვეყნებს, მაგრამ საქართველო, რომელიც განიხილებოდა, როგორც რუსეთის, საბჭოთა კავშირის განუყოფელი ნაწილი, უცებ მიდის „ნატოში“, ევროკავშირში. ეს სასიკვდილო გამოწვევაა რუსეთისთვის, რადგან, თუ საქართველოს შეუძლია, გახდეს დასავლეთის ნაწილი, მაშინ რუსი მოქალაქეებიც ხომ იტყვიან, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, ვიყოთ ევროპული სახელმწიფო? – უნდათ რუსეთის მოქალაქეებს ევროპელობა? – ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, სად მირბიან ისინი? თუმცა სიმპათიით უყურებენ მონარქიას, რატომღაც, არ მირბიან საუდის არაბეთში ან ერაყში, ისინი მირბიან ევროპულ ქვეყნებში. ნორმალური რუსი ობივატელის თვალში ევროპა ნორმალურ ცხოვრებასთან ასოცირდება. მათ შეიძლება, არ ესმით დასავლური ღირებულებები, მაგრამ უნდათ ნორმალური ცხოვრება. რუსულ ცნობიერებაში არის ასეთი ავადმყოფობა: მათ უნდათ, მიიღონ უფლებები მოვალეობების გარეშე. თუ საქართველო შეძლებდა დასავლეთისკენ გარღვევას, ეს პუტინის რეჟიმის არსებობის ბოლო გამართლებას მოსპობდა რუსეთის მოქალაქეების თვალში. ამას გარდა, რუსული ცნობიერება მარტივად უყურებს ქართველებს: ისინი მათ აღიქვამენ მხოლოდ როგორც უმცროს ძმას, საყვარელი ქართველი, „მიმინოში“ მღერის, ბაზარში რაღაცას ჰყიდის. ავიღოთ, თუნდაც, ქართული მართლდმადიდებლობა: ის უფრო ძველია, მაგრამ რა იცის საშუალო რუსმა საქართველოს შესახებ? არაფერი. თანამედროვე რუსული სახელმწიფოს იდეოლოგია ასეთია: რუსეთი მესამე რომია. – რაში სჭირდება საქართველო მესამე რომად თავისი თავის წარმოჩენაში? – მესამე რომი ნიშნავს ბიზანტიის მემკვიდრეს. მათთვის ეს გვირგვინი არავის დაუდგამს თავზე, მათ თვითონ გადაწყვიტეს, რომ ბიზანტიური ცივილიზაციის მემკვიდრეები არიან. პუტინი ამ პოლიტიკას ატარებს ეკლესიაშიც. პუტინის ერთ-ერთი მიღწევაა, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება. მან რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ლიკვიდაცია მოახდინა. ასევე იქცევა ის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართაც, უკრაინაშიც. მათი წარმოდგენით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის ბიზანტიის ეკლესიის მემკვიდრე. სინამდვილეში კი ბიზანტიას ორი მემკვიდრე ჰყავს: საქართველო და რუსეთი და საქართველო უფროა ბიზანტიური ცივილიზაციის მემკვიდრე, ვიდრე რუსეთი. რუსულ ცნობიერებაში არის ეს გაგება, ამიტომ რუსეთის პოლიტიკა ქართული კულტურისა და ეკლესიისადმი ცალსახა იყო ყოველთვის, რაც გამოიხატებოდა კონკურენტის ლიკვიდაციაში, იმიტომ რომ ორი მემკვიდრე ვერ იქნება. – გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი პრეტენზიები და არც მესამე რომის იდეის მასშტაბები. – ქართველებს არ ესმით ამ მისიის, ქართველები მიეჩვივნენ მონობას. – ამას თქვენ ამბობთ, თუ პუტინი ფიქრობს ასე? – ჩემს აზრს გეუბნებით. ქართველები დღემდე ვერ შეეგუენ დამოუკიდებლობას. ისინი არ განიხილავენ თავიანთ დამოუკიდებლობას, როგორც რაღაც ბუნებრივს. ჩემი გამოცდილებით, ქართველებს ყოველთვის ეშინოდათ, მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. – შორიდან ასე ჩანს? – ქართველებს კოლონიურმა წარსულმა თავისი დაღი დაასვა...” |