საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

ინტერვიუ კოტე ჩოლოყაშვილთან (ორი წელი გარდაცვალებიდან)
ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი

ვინ იცის, რამდენი შესანიშნავი სადღეგრძელო წარმოთქმულა ქართულ სუფრაზე და კვლავაც წარმოითქმება... ძველად საქართველოში სადღეგრძელოების წარმოთქმას თავისი წესი ჰქონდა:

,,პირველ სმაზედ ახსენებდნენ

საქართველოს და უფალსა;

დღეგრძელობით თაყვანს სცემდნენ

მეფესა და დედოფალსა,

ბოლოს გმირებს იგონებდნენ,

მამულისთვის ომში მკვდარსა

და მღვდელმთავრის კურთხევითა

სვამდნენ მათ შესანდობარსა’’ (აკაკი წერეთელი)

როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ქართველ ხალხს - ეკლესიაში სიარული, სასულიერო პირებს კი მღვდელმსახურება აუკრძალეს, ქართულმა სუფრამ ადრინდელზე მეტი დატვირთვა შეიძინა - ის თითქმის წმინდა ტრაპეზად იქცა, სადაც ქართველებს დაუფარავად შეეძლოთ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულის გამოხატვა, ხოლო სადღეგრძელო - ლოცვად. ქართული სუფრის უბადლო თამადის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის კოტე ჩოლოყაშვილის სადღეგრძელოებს ჩვენი ქვეყნის მრავალი სტუმარი მოუხიბლავს. ერთხელ ბატონმა კოტემ ასე წარმოთქვა ღვინის სადღეგრძელო: ,,ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მოჰქონდა ვაზის ჯვარი, ვაზის ორი ტოტი, შეკრული თავისი თმით. როდესაც მუსლიმანები გვიპყრობდნენ, პირველ ყოვლისა ვენახებს ჩეხავდნენ, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლებს, ღვინო დაგვეხმარა ქართული სულის შენარჩუნებაში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... ოქტომბერს ჩვენ ღვინობისთვეს ვეძახით. ჩვენ ღვინით ვემშვიდობებით გარდაცვლილს და ვესალმებით ახალშობილს. ჩვენ ღვინით ვუხსნით სიყვარულს. გაუმარჯოს ღვინოს!’’

- ბატონო კოტე, ვაზის, ღვინის მიმართ ქართველს ოდითგანვე საკრალური დამოკიდებულება ჰქონდა...

- აღარ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის ჯვრით არის ნაკურთხი... გაქრისტიანების შემდეგ ვაზმა ქართველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. ის მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყარო კი არ იყო ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, მამა-პაპათა ნაშრომ-ნაღვაწის ნაშთი და სახსოვარი. ,,ვენახი ხომ ერთის დღისა და წლის საქმე არ არის. იგია ნაყოფი დიდის ხნის ჯაფისა და შრომისა, იგია თავნი, ნელ-ნელა მოგროვილი მამა-პაპის ოფლის ღვრითა და თითქმის უტყვი ისტორიაა მთელის ოჯახის ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებისა’’, - წერს წმინდა ილია მართალი.

ქართული ვაზის ამბავი მართლაც ,,უტყვი ისტორიაა’’, ისეთივე სევდიანი, როგორიც თვით საქართველოს მატიანე. მტერმა იცოდა, რომ ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას უქადდა საფრთხეს. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხდნენ ვაზს, ვენახებს ნავენახარებად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ეს ყოველივე ქართულ ხალხურ პოეზიაშიც არის ასახული:

,,ახმეტას სხედან თათრები,

სიტყვას ამბობენ ძვირსაო,

ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,

შიგ ჩავასახლებთ ელსაო’’.

თავისი მადლიანი მარჯვენით მოყვანილი ღვინითა და პურით ცხოვრობდა ქართველი კაცი:

,,არც არავის ყმა ვყოფილვარ,

არც არავინ ყმა მყოლია,

ძველი პური, ძველი ღვინო

წლიდან წლამდის გამყოლია’’.

ქართველი ქართველს ასე დალოცავდა:

,,თქვენი კიდობანი ყოფილა სავსე წმინდა ფქვილითა,

თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე წითელი ღვინითა’’.

პურზე ღვინოს ასხამდნენ და მიცვალებულს ასე იგონებდნენ. ზიარებაც ხომ პურითა და ღვინით ხდება - სულიწმინდის ძალით პური და ღვინო საიდუმლოდ, უხილავად გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად.

სხვათა შორის, სიტყვა ,,პურ-მარილი’’ რუსულის კალკია - ,,хлеб-соль’’. ჩვენში ,,პურ-ღვინოს’’ იტყოდნენ.

- ზემოთ წმინდა ილია მართალი დაიმოწმეთ. მე კი მის ამ სიტყვებს შევახსენებ მკითხველს: ,,ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის რა გარდა ყურძნის წვენისა’’. მართლა ასეა? როგორ უვლიდნენ ჩვენში ვაზსა და ღვინოს?

- ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს დაუმატებდა, არაფრით შებღალავდა, ,,ბუნებური’’ წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია. სწორედ ასეთ ,,ხელთუქმნელ’’ ღვინოს აქვს მარგებელი, მაკურნებელი თვისება, მხოლოდ იგი ,,ახარებს გულსა კაცისასა’’, როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს. ჩვენ, გეორგიანელები, მიწათმოქმედი ხალხი ვართ. ქართველმა გლეხმა დიდი გარჯისა და ოფლის ღვრის ფასად შემოგვინახა 500-მდე ვაზის ჯიში და დაგვიტოვა ,,მართალი ღვინის’’ დაყენების რეცეპტი. ქართული მიწისა და ბუნების ბარაქა გამოჰყოლია სახელებს, ჩვენს წინაპარს რომ შეურჩევია ვაზის ჯიშებისთვის: თაკვერი, თითა, საფერავი, მუხა მწვანე, ხარისთვალა, დანახარული, ჩიტისკვერცხა, მელიკუდა, ჭროღა, საბატონო, ცხენისძუა, ჯვარი, რქაწითელი, ნაფარეული, ოჯალეში, ალადასტური, ხვანჭკარა, მუკუზანი, გურჯაანი, თელიანი, უსახელოური... ამ ჯიშებისგან დაწურული ქართული ღვინო იყო ,,კეთილი’’, ,,კარგი’’, ,,სასმელად მშვენი’’, ,,შემრგო’’, ,,ქებული ყოველთა შინა’’, ,,ძალიანი’’, ,,წარჩინებული’’ (ვახუშტი ბატონიშვილი).

ღვინოს, მოგეხსენებათ, ქვევრში ინახავენ. დასავლეთ საქართველოში ქვევრები ეზოში აქვთ, აღმოსავლეთ საქართველოში კი საგანგები ნაგებობაში - მარანში. როცა სტუმრის საგანგებო პატივისცემა სურდათ, მარანში შეიპატიჟებდნენ და სუფრას იქ გაუშლიდნენ.

ვაზის მოვლა ძნელია. აღმოსავლეთ საქართველოში ზამთრისპირზე ვაზს მიწაში მარხავდნენ. დასავლეთ საქართველო კი, მოგეხსენებათ, უფრო ნესტიანია და ვაზს, რომ არ დაჩაგრულიყო, ხეზე უშვებდნენ. ყურძენს საგანგებო გიდელებით კრეფდნენ.

კარგა ხანს ცდილობდნენ, ქართული ვაზი ევროპიდან შემოსული ჯიშებით შეეცვალათ. მიაღწიეს კიდეც საწადელს: დასავლეთ საქართველოს ქებული ალადასტური, ოჯალეში და უსახელოური ამერიკულმა ჰიბრიდმა იზაბელამ გამოდევნა; საფერავს, კახურ წინანდალს, გურჯაანსა და ნაფარეულს გემო უცვალეს, ქართული ქვევრები მიწით ამოავსეს, ახლა კი ღვინოს გვიწუნებენ, ფალსიფიცირებულიაო. როცა კაცს შარის მოდება უნდა,  მიზეზი არ დაელევა.

- ქართული ეროვნული ფსიქოლოგია ქრისტიანობით არის ნასაზრდოები. ჩვენს სუფრულ ტრადიციებზე თუ აისახება ეს?

- რაც ქართველ კაცს სუფრების შლაში ხარჯი გაუწევია, ალბათ, მეორე საქართველო აშენდებოდა. მაგრამ იქნებოდა კი ამის გარეშე საქართველო საქართველო ან ქართველი - ქართველი?!

ქართველთა ხასიათი, ტემპერამენტი, ცხოვრების ნირი, ქცევის ნორმები მართლაც დიდწილად განსაზღვრა ქრისტიანულმა სიბრძნემ. ქართულ ეროვნულ მოდელს კარგად მოერგო ქრისტიანობა. სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულია სამოთხისეული ,,სიცოცხლის ხე’’, რომელიც ქართველმა კაცმა ვაზის მტევნებით შეამკო და ამგვარად ვაზი და ღვინო უკვდავებას დაუკავშირა. დამოუკიდებლობა რომ დავკარგეთ და წირვა-ლოცვებზე ხელი აგვაღებინეს, ქართულმა სუფრამ გადაარჩინა ეროვნული ფასეულობები. ისხდნენ, გულს იოხებდნენ, კარგს აქებდნენ, ავს გმობდნენ, გარდასულ დიდებას იხსენებდნენ, ილოცებოდნენ.

დალოცვას სუფრაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოდაც, რაც უფრო მეტი ხალხი გადღეგრძელებს და დაგლოცავს, მით უფრო გემატება ძალა და მხნეობა. ჯერ ღირსეულ კაცს შეაქებდნენ და დალოცავდნენ. სუფრაზე მყოფი ახალგაზრდა უსმენდა და მის გულში მკვიდრდებოდა ის ფასეულობები, რასაც სხვას უქებდნენ. ფიქრობდა, მოდი, მივბაძავ, მეც ასე ვიცხოვრებ, რომ მასავით დამლოცონ და მადღეგრძელონო. ასე რომ, სადღეგრძელოს აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ნაკლს სუფრაზე არ წამოგაძახებდნენ. რა თქმა უნდა, უნაკლო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ სუფრაზე მხოლოდ კარგის წარმოჩენა ხდებოდა. დიდი-დიდი, მსუბუქად გაეკენწლათ, ნაკლი იუმორით ეგრძნობინებინათ. თუ კაცი ვინმეზე ნაწყენი იყო, სუფრას მასთან ერთად არ მიუჯდებოდა და თუ მიუჯდებოდა, აუცილებლად უნდა შერიგებოდა. თუკი პური ერთად გაგვიტეხია და ღვინოც დაგვილევია, ესე იგი, უკვე ახლობლები ვართ. ასეთი ტრადიციის გამოძახილი დავით წინასწარმეტყველთანაც გვხვდება: ,,რომელმაც ჰყვის ზაკვა, მის თანა პური არა ვჭამო’’; ,,ხოლო შენ, კაცო, მოყვასო ჩემო, რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადი’’... და სხვა.

- უამრავ სუფრაზე გითამადიათ. რის მიხედვით ირჩევენ თამადას და რა მოეთხოვება მას?

- თამადობა ოდითგანვე ძალზე საპატიო მოვალეობა იყო. სუფრას უმთავრესად ოჯახის უფროსები უძღვებოდნენ, მაგრამ იყვნენ ცნობილი თამადებიც. შესანიშნავი თამადობა სცოდნიათ გოგლა ლეონიძეს, ნიკო მუსხელიშვილს, აკაკი შანიძეს, შალვა ნუცუბიძეს, პეტრე ბოკერიას, პედაგოგ სიმონ სხირტლაძეს, დოდო აბაშიძეს. ოჯახისთვის სახელი იყო, როცა მათ სუფრას ასეთი ადამიანი უთამადებდა. პეტრე ბოკერია სულ ლექსებით ამბობდა სადღეგრძელოებს. ხან ილიას ლექსებზე აგებდა სადღეგრძელოებს, ხან - აკაკისაზე, ხან - ,,ვეფხისტყაოსანზე’’. დალოცვილი ღვინოც თვითონ გკარნახობს, როგორ მოიქცე.

ერთხელ თბილისში სტუმრად გახლდათ საბჭოთა კავშირის მარშალი გრეჩკო. პეტრე ბოკერიამ სუფრაზე ესენინის, ბლოკის, პუშკინის ლექსები წარმოთქვა. გრეჩკო მოიხიბლა და უთხრა: Тамада, подойдите, хочу вас поцеловать! პეტრემ უპასუხა: Я Тамада, вы должны подойти!

არ შეიძლება, თამადამ ფეხი მოიცვალოს თავისი ადგილიდან. ამასაც თავისი წესი აქვს.

სუფრასთან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის უფრო ადრე ადღეგრძელებს თამადა. აქ დიპლომატიისა და ტაქტის გარეშე ვერაფერს გახდები.

წესად ჰქონდათ, თალხი სუფრა უთუოდ კენტი სადღეგრძელოთი დაემთავრებინათ, რადგან ერთი კაცის გამო იყო ეს სუფრა გაშლილი, მისი მოსაგონარი გახლდათ.

თამადას ერთი სადღეგრძელოც არ უნდა გამორჩენოდა. ერთხელ გოგლა ლეონიძეს უთამადია სუფრაზე, ღვინო მოჰკიდებია და ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადღეგრძელოს წარმოთქმა დავიწყებია. სოფლიდან სოფელში მიმავალს გახსენებია, მობრუნებულა, დაცარიელებულ სუფრაზე მაინც შეუსვამს საყოვლადწმინდო და ისე წასულა შინ.

თამადამ ღვინო კარგად უნდა აიტანოს, თორემ თუ დათვრა, ეს ნიშნავს, რომ სუფრა უნდა აიშალოს, რადგან სხვა ვეღარ გაუძღვება.

ქართული სუფრა იყო სკოლა ვაჟკაცობის, მამულის სიყვარულის, წესიერების. როგორც არ უნდა დაგელია, თავი არ უნდა დაგეკარგა. ღვინო კი არ უნდა მოგრეოდა, შენ უნდა მორეოდი ღვინოს. წაბარბაცება სირცხვილად ითვლებოდა.

- სამწუხაროდ, დღეს ტრადიციების ერთგულებით სხვადასხვა მანკიერება ინიღბება. იბღალება ქართული სუფრის ადათი და ის ღრეობად, ლოთობის, ნაყროვანების ასპარეზად იქცევა ხოლმე, რომელიც არცთუ იშვიათად ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება...

- მართალი ბრძანდებით, ტრადიციების შერყვნა აღმაშფოთებელია. ჩვენი წინაპრები ამ მხრივ ქრისტიანული ზომიერებითა და მაღალი კულტურით გამოირჩეოდნენ. ქართველმა კაცმა ყოველთვის იცოდა, სად და ვისთან ერთად დაელია, როდის, როგორ და რამდენი. სუფრა თავისას მოითხოვს: დაუშვებელი იყო ბილწი სიტყვების ხმარება, მით უმეტეს - თუ სუფრასთან მანდილოსნებიც ისხდნენ. ნასვამი კაცი საგანგებოდ უფრთხოდა ჩხუბს, იმიტომ, რომ, რა მართალიც უნდა ყოფილიყო, რაკი ნასვამმა იჩხუბა, მაინც მას დასდებდნენ ბრალს. დათრობა სამარცხვინოდ ითვლებოდა. ღვინოშია ჭეშმარიტებაო, - ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ. მთვრალი კაცი თავის ნამდვილ ბუნებას ავლენს. ამიტომაც იტყოდნენ ხოლმე: მე მაგ კაცს არ ვიცნობ, მაგასთან პური არ მიჭამიაო.

- ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო...

- ქართველი მარტო არასოდეს მიუჯდებოდა სუფრას. სულ უცხოც რომ ყოფილიყო, მიიპატიჟებდა, შეიამხანაგებდა.

- ღვინის ფერს თუ აქვს მნიშვნელობა?

- შავი ღვინო მძიმედ ასატანია. მას უმთავრესად სამკურნალო დანიშნულებით იღებენ. მაგალითად, უმადობისას შავი ღვინო სასარგებლოა - კაცს მადას უხსნის. თეთრი ღვინო შედარებით ადვილად ასატანია, ამიტომ როცა დიდი ლხინია, მას სვამენ.

- რა დატვირთვა აქცს სასმისებს?

- ღვინის სასმისი უამრავია: ყანწი, მარანი, აზარფეშა... სხვადასხვა სასმისით სხვადასხვა სადღეგრძელოს სვამდნენ. ასეთი სასმისიც იყო: ვერცხლის ფიალა, რომელსაც შუაში თევზი ჰქონდა. ღვინის სმის დროს თევზი ბრუნავდა. სვამ, თან თევზი ბრუნავს და უფრო მეტად გათრობს.

ყანწი ოჯახის სამკაული, რელიკვია გახლდათ. მასთან იყო დაკავშირებული ოჯახის ისტორია, საუკეთესო ტრადიციები და მოგონებები.

- დიდებული გვარის წარმომადგენელი ბრძანდებით. თქვენს წინაპრებზე რას გვეტყოდით?

- ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ირუბაქს ჰყოლია ორი ვაჟი - მაყა და ჩოლოყა. ამის კვალობაზე, მაყაშვილები და ჩოლოყაშვილები ირუბაქიძეთა ორი შტოა. ვახუშტი იმასაც წერს, ჩოლოყაშვილებს იმდენი სიკეთე გაუკეთებიათ, იმდენი დამსახურება მიუძღვით ერის წინაშე, რომ რაც არ უნდა დააშავონ, არავის აქვს უფლება, მათ მარჯვენა ხელის ცერის მოჭრაზე დიდი სასჯელი დაადოსო.

მამაჩემი ქაქუცას რაზმელი იყო, 1922 წელს დახვრიტეს. ერთხელ ხევსურეთში ეთნოგრაფიულ მასალას ვაგროვებდი. ერთმა მოხუცმა მითხა: იცი, მე ვინა ვარო? ვინა ხარ-მეთქი? ქაქუცას ვიცნობდიო. ძალიან ფაქიზი იყო სმა-ჭამაშიო, ცოტას ჭამდა და ისიც - შერჩევითო. ქაქუცას საქციელს არ გავუკვირვებივარ, ის უფრო გამიკვირდა, მისი ჩვევა ამ ხევსურმა რომ შეამჩნია. არადა, ერთი ნაჯაფარი გლეხი კაცი იყო, გაცვეთილტანისამოსიანი...

- დღეს მრავალი ქართული ტრადიცია, მათ შორის - ქართული სუფრაც, გადაგვარების საფრთხის წინაშე დგას. თქვენი აზრით რისი ბრალია ეს?

- კაპიტალიზმი თავისი ტლანქი ხელებით ყოველგვარ სულიერ ფასეულობას სპობს. ტრადიციებისათვის აღარავის სცალია. ზოგჯერ, მივალ სუფრაზე, ვისთანაც საქმე მაქვს, ვესაუბრები, საქმეს მოვაგვარებ და ისე წავალ, შეიძლება სხვები ვერც კი მოვიკითხო. ესეც ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმა, ,,საქმიანი ცხოვრების’’ რიტმმა მოიტანა. თამადის ინსტიტუტიც თითქმის მოიშალა. არადა, სუფრა იყო ნამდვილი აკადემია მჭევრმეტყველების, სიტყვაკაზმულობის, აზრის ჭიდილის.

დროა, გავიხსენოთ წარსულის ტრადიციები, სათანადოდ შევისწავლოთ, დავაფასოთ ისინი, მუდამ გვახსოვდეს, რომ ვაზის ჯვრით დამკვიდრდა ჩვენში ქრისტიანობა და ვინ იცის, ამიტომაც არის ასე ძლიერი.

 


 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq