საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > ინტერვიუ

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები
ლელა ჩხარტიშვილი

ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. ამ დღეს ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია ,,გათათრებას“ - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ქეთევან დედოფალი დიდი ხანია გადაქცეულია ყველა ტანჯულისა და წამებულის, მაგრამ სულით უძლეველი და დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ.


ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დავანებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, შაჰ-აბასის მოხელეთა ბრძანებით წამებული დედოფლის ცხედარი საიდუმლოდ ერთ-ერთ ღრმა ორმოში ჩამარხეს. მის საფლავს მიაგნეს კათოლიკე მისიონერებმა, კერძოდ, ავგუსტინის ორდენის ბერებმა, რომელთაც ნეშტი ამოიღეს და თავიანთ ეკლესიაში გადაასვენეს. შემდეგ ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები მათ წმინდა ქეთევანის შვილს _ მეფე თეიმურაზ პირველს გადასცეს. რომელმაც ისინი ალავერდის ტაძარში ტრაპეზის ქვეშ დაკრძალა. წმინდა ნეშტის ზოგიერთი ნაწილი ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან რომში წაასვენეს, ზოგიც ინდოეთში, ქალაქ გოაში დაკრძალეს (ინდოეთში ავგუსტინელთა მისიონი თავის მიზნებს ახორციელებდა).


 ინდოეთში, დაგრასას მონასტერში, სადაც ისტორიული წყაროების მიხედვით დაკრძალული უნდა ყოფილიყო შავი ქვის კუბოში ჩასვენებული წმინდა ქეთევან წამებულის მარჯვენა ხელის ძვალი, არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თბილისის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე და კიდევ ექვსი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ ამ ტაძრის მრევლის წევრები და ტელეჟურნალისტი გიორგი კალანდია. ამ მნიშვნელოვან ისტორიულ აღმოჩენასთან დაკავშირებით მამა გიორგის ვესაუბრეთ:


- როდიდან დაიწყეთ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ძებნა, გვიამბეთ, როგორ იქნა აღმოჩენილი ეს უდიდესი სიწმინდე?


- ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს 2000 წლის თებერვლიდან მოყოლებული ვეძებთ, როდესაც პირველად ჩავედით ინდოეთში და ინდურ მხარესთან ურთიერთობა დავიწყეთ. გვქონდა შეთანხმებები არქეოლოგიურ ცენტრთან. სწორედ მათი თაოსნობით ჩატარდა გათხრები, რომელიც 2000 წლიდან დაიწყო და, ფაქტობრივად, დღესაც გრძელდება. ინდოელებთან ერთად მუშაობდა პორტუგალიელების ჯგუფი და კიდევ ერთი არქეოლოგიური საზოგადოება ევროპიდან. ისინი გათხრებს აწარმოებდნენ დაგრასის მონასტერში, სადაც ისტორიული წყაროების თანახმად, შავი ქვის კუბოში ჩასვენებული წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ძვალი იყო დაკრძალული. 2000 წელს ინდურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გვეძლეოდა შესაძლებლობა, ჩავსულიყავით ინდოეთში და ინდოელებთან ერთად გვემუშავა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მიმოწერა ინდოელებთნ. ფაქტობრივად ყველა დეტალის საქმის კურსში ვიყავით. 2006 წლის ზაფხულში ქალაქ გოას არქოლოგიური ცენტრიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც გვატყობინებდნენ, რომ გათხრების შემდეგ პორტუგალიელმა და ინდოელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის შავი ქვის კუბო, რომელშიც წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ძვალი იყო ჩასვენებული. ჩვენ დავიწყეთ სამზადისი ექსპედიციისათვის. ჩვენი დელეგაცია შვიდი ადამიანისაგან შედგებოდა. ჩემთან ერთად იყო ჩვენი მრევლის წევრი დავით ქორიძეც, რომელიც ყველა ექსპედიაციაში თან მახლავს (მას დიდი ფუნქცია აკისრია, აგვარებს ტექნიკურ საკითხებს).


გავემგზავრეთ ინდოეთში, სადაც უნდა გავცნობოდით იმ ისტორიულ ფაქტს, თუ როგორ იქნა მოპოვებული შავი ქვის კუბო. ისტორიული წყაროების თანახმად, ეს კუბო ჩასვენებული იყო ერთ–ერთი პორტუგალიელი მისიონერის შვილის საფლავში, დაგრასას მონასტერში, საკურთხეველის მარჯვენა მხარეს, ფანჯრის თაღში. ამ ძვალს ჩაუტარდა სპეციალური შემოწმება, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც მარჯვენა ხელის ძვალი იყო და სტრუქტურული აღნაგობით იგი ეკუთვნოდა ქალს. არქეოლოგიური გათხრების მასალები შემდეგ უკვე მეცნიერულ დონეზე იქნა წარმოჩენილი აზიის სამასი მეცნიერის თვალწინ. გადაღებულ იქნა ასევე 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი გათხრების ფაქტები. ამ ფილმის სახელწოდებაა: ,,ქეთევან დედოფლის მისტერიები“. ჩვენ გადმოგვეცა საჩუქრად ამ ფილმის ორიგინალი, საარქივო და ფოტომასალები, რომლებიც დღეს ჩვენთან ინახება. ეს არის უნიკალური დოკუმენტური მასალა წმ. ქეთევან დედოფლის შესახებ. მოხდა ისიც, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოს სახელით გამოვსულიყავით ამ მეცნიერთა წინაშე და მადლობა გადაგვეხადა ინდოელი და პორტუგალიელი არქეოლოგებისთვის, რომელთაც ეს უდიდესი სიწმინდე აღმოაჩინეს.


ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ჩამოსული იყო ერთ–ერთი ცნობილი ინდოელი კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც წმინდა ქეთევან დედოფლის შესახებ ფილმი გადაიღო. ინდოეთის ტელევიზიაში არის სპეციალური არხი ,,სტარი“, სადაც აჩვენეს საათნახევრიანი ფილმი წმინდა ქეთევან დედოფლისა და ჩვენი ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად, მთელი ინდური საზოგადოება ინფორმირებული იყო ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ.


- ახლა სადაა დაბრძანებული ეს სიწმინდე?


- ეს სიწმინდე, შავი ქვის კუბოში ჩასვენებული, გადავიტანეთ ინდოეთის არქოლოგიურ მუზეუმში, სადაც ამჟამად არის დაცული. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ამ სიწმინდის საქართველოსთვის დაბრუნებისათვის. ჩვენ შეთანხმებულები ვართ ამგვარად - წმინდა ქეთევან დედოფლის ქანდაკება უნდა ვაჩუქოთ ქ. გოას მუნიციპალიტეტს, კერძოდ, დაგრასას მონასტერს, სადაც ეს ქანდაკება დაიდგმება წარწერით, რომ აქ განისვენებდა საქართველოს დედოფალი ქეთევან წამებული, რომელიც ეწამა მართლმადიდებლობისათვის სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ. ისინი კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იკისრებენ, მოგვცენ ეს შავი ქვის კუბო. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც კუბოდან ამოიღეს მარჯვენა ხელის ძვალი, იგი შუაზე გაიყო. როგორც შევთანხმდით, ალბათ ერთ–ერთ ნაწილს მოგვცემენ. წერილიც გავგზავნეთ ინდოეთის კულტურის სამინისტროში, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს.


- როგორც ვიცით, წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები მსოფლიოს სვადასხვა კუთხეში მოხვდა. თქვენ თითქმის ნახეთ და მოიძიეთ ყველა ის ადგილი, სადაც ქეთევან დედოფლის კვალი იწყება და მთავრდება...


- გარდა ინდოეთისა და რომისა, წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები დაკრძალულია პორტუგალიაში, რუსეთში, ზაგორსკის მონასტერში. რომში, პეტრე მოციქულის საფლავში განისვენებს წმინდა ქეთევან დედოფლის ქვედა ყბა. ასევე ისინი დაცულია ბელგიაში, ინგლისის მუზეუმში, სადაც გამოფენილია მართლმადიდებლური სიწმინდეები; მათ შორის არის მე–13 საუკუნის მედალიონი, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის პირად ნივთს წარმოადგენდა. მედალიონზე გამოსახული არიან წმ. გიორგი და წმ. დიმიტრი თესალონიკელი. იგი შუაზე იხსნება. მასში ოდესღაც ინახებოდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც წმ. ქეთევანს ეკუთვნოდა და ახლა დაკარგულია. ამ მედალიონში ინახება წმ. ქეთევან დედოფლის სუფთა სანთლით გადაპოხილი ძვლის მცირე ზომის წმინდა ნაწილი. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური და საარქივო მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად წმ. ქეთევანს ეკუთვნის ეს ნაწილები.


- თქვენს ტაძარშიც ხომ ინახება წმ. ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი?


- ჩვენს ტაძარში არის დავანებული წმ. ქეთევან დედოფლის ნეკნის ნაწილი. ამასთანავე ინდოეთიდან წამოვიღეთ მარჯვენა მკლავის მცირე ზომის წმინდა ნაწილიც. მნიშვნელოვანია, რომ ეს უდიდესი სიწმინდე უბრუნდება საქართველოს. წმ. ქეთევან დედოფალმა თავი დადო საქართველოსთვის. მან მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, თუ რა ძალა აქვს მართლმადიდებლობას. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ინდოელი ჟურნალისტები სულ გვეკითხებოდნენ, თუ რატომ იყო მაინცდამაინც მე–17 საუკუნის წმინდანი დღეს ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის, ეტყობა, უცხო იყო ეს ყველაფერი. არადა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეკლესია ამ დიდებული წმინდანის სახელზეა ნაკურთხი.


- წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილით, სულის სიმტკიცითა და თავგანწირვით მთელი მსოფლიო იყო აღფრთოვანებული. მათ შორის იყვნენ წამებული დედოფლის აღსასრულის თანადამსწრე და თვითმხილველი კათოლიკე ბერები. წმინდანის უბადლო თავდადება და მხნეობა ზნეობრივი მაგალითის ძეგლად აღიმართა მთელი კაცობრიობის შეგნებაში...


- ქართველები, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯეროვნად ვერ ვაცნობიერებთ, თუ როგორი პატივი უნდა მივაგოთ ამ წმინდანს. ჩვენდა სავალალოდ იყო დრო, როცა სასამართლოებიც კი ეწყობოდა მისი წმინდა სახელის დასაცავად. პროკათოლიკურად მოაზროვნე ,,ქართველებს“ ალბათ სჭირდებათ იმ ჭორის დაჯერება, თითქოს წმინდა ქეთევანი სიმპათიით ყოფილიყოს განმსჭვალული კათოლიკური სარწმუნოების მიმართ.


ჩვენ გვაქვს ფაქტები, დოკუმენტური მასალა - რომის პაპის ურბან მერვის მოხსენება. ჩვენ ეს მოხსენება ვთარგმნეთ და მის წიგნად გამოცემას ვაპირებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რომ არანაირი ურთიერთობა კათოლიკეებთან წმ. ქეთევანს არ ჰქონია. ურბან მერვის წინაშე ავგუსტინელმა ბერებმა დასვეს საკითხი, რომ წმ. ქეთევან დედოფალი შეერაცხათ კათოლიკური ეკლესიის წმინდანად. ურბან მერვემ მათ ჰკითხა, აღიარა თუ არა წმინდა ქეთევან დედოფალმა პაპის პრიმატი? მათ კი ხაზგასმით განუცხადეს, რომ დედოფალი ბოლომდე დარჩა ბერძნული სარწმუნოების მიმდევრად. მაშინ რომის პაპმა თქვა, რომ ქეთევან დედოფალს კათოლიკური ეკლესია წმინდანად არ აღიარებდა.


ამ წიგნში არის ერთ–ერთი ავგუსტინელი ბერის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ წმ. ქეთევან დედოფალს თან ახლდნენ სასულიერო პირები (გრიგოლი და ვასილი), რომლებიც ისეთი უმანკო ცხოვრებით გამოიჩეოდნენ, რომ ნეტავი ჩვენს ძმებსაც მათთვის მიებაძათო.


კათოლიკე ბერებზე ძლიერად იმოქმედა წმ. ქეთევანის წამებამ. ისინი მასში ხედავდნენ უდიდეს წმინდანს და ხილულ სასწაულს, რომელიც წამების დროს აღსრულდა. წმინდანის გვამს ნათლის სვეტი დაადგა. ამან განაპირობა ის, რომ კათოლიკე ბერებმა გათხარეს ორმო და ამოიღეს წმინდა დედოფლის უხრწნელი და კეთილსურნელების მფრქვეველი წმინდა ნაწილები. მწველი სიცხის ქვეშ იმყოფებოდა წმინდანის ნეშტის ნაწილები, მაგრამ მაინც არ დაუკარგავთ უხრწნელება და კეთილსურნელება. ეს უკვე მათთვისაც უდიდესი სასწაულებრივი ფაქტი იყო.


ბელგიაში სულ კითხულობდნენ, თუ როგორ მოხვდა წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ამ ქვეყანაში. სხვათა შორის, პორტუგალიის ერთ–ერთ არქივში აღმოჩენილია ცნობა ერთ–ერთი ბერის შესახებ. იგი შირაზში წმ. ქეთევანის წამებას ესწრებოდა და ისე უმოქმედია მასზე ამ ფაქტს, რომ წმინდანის აკუწული სხეულის მცირე ზომის ნაწილი ჩუმად აუღია და შეუნახავს. ეს ბერი წარმოშობით ნამიურიდან ყოფილა. შემდეგ მას ეს წმინდა ნაწილი ობენის კათედრალურ ტაძარში დაუსვენებია, სადაც დღემდე ინახება. 1914 წელს ეს სიწმინდე გამოფენილი ყოფილა ამ ტაძარში. ჩვენ გვაქვს ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც ამ ფაქტის სინამდვილეს ცხადყოფს.


- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ასეთი აღმოჩენის მომსწრე გახდით?


- განცდა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი იყო. გაოგნებულები დავდიოდით. თანაც, არქეოლოგები მოგეხსენებათ, როგორი ხალხია _ ყველაფერს უკირკიტებენ. სანამ ბოლომდე არ ჩაუტარეს ამ ძვალს ექსპერტიზა და სტრუქტურული აღნაგობა არ დაამოწმეს, მანამდე არ აღიარეს, რომ ეს ნამდვილად წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეს, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, საათნახევრიანი დოკუმენტური ფილმი ინგლისურად, გამოუშვეს სპეციალური ბუკლეტი, რომელიც ამ არქეოლოგიური გათხრების დოკუმენტურ მასალებს ასახავს. ახლა ვაპირებთ ამ ბუკლეტის ქართულ ენაზე გამოცემას.


 ესაუბრა ლელა ჩხარტიშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq