საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ვაჟა-ფშაველა - "თამარის ცხვარი ფშავში"
ვაჟა-ფშაველა
თამარ დედოფალს მთელი საქართველო კი არა, მთელი კავკასიის ხალხი იცნობს; ღვაწლი და ამაგი, რაც იმან დასდო საქართველოს, ისე დიდია, რომ დღესაც თამარის შემდეგ აშენებულს ეკლესიებს თუ კოშკა-ციხეებს, აწ დანგრეულთ, ხალხი თამარის აშენებულებს უწოდებს. ხოლო ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ თამარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთნაირი ხსენება არა აქვს, მის სახელს ყველა ერთნაირად როდი სცემს პატივს.

მაგალითისათვის შორს არ გვინდა წასვლა: ფშავლები და ხევსურები ერთმანერთის მეზობლად ცხოვრობენ, როგორც მოგეხსენებათ: სხვადასხვა ისტორიული ტრადიციები, თუ ისტორიული შესანიშნავი პირნი ამათ ერთნაირადა სწამთ; აგრეთვე ზნე-ჩვეულებით ბევრში ჰგვანან ერთმანერთს: ხატების მოწყობილობა, ხევისბერობა და სხვ. რაც ერთგანაა, მეორეგანაც იგივეა. ხოლო ესაა საკვირველი, რომ თამარი ფშავლებს და ხევსურებს ერთნაირად არ მიაჩნიათ; ამ მოვლენას, უსათუოდ, თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. სახელი და დიდება თამარისა ხევსურთა შორისაც დაცულია მტკიცედ, რა თქმა უნდა, ხოლო ეს ვერ გამიგია, თუ ფშავლებივით ხევსურთ ვერ შესძლეს თამარის სახელზე სალოცავი ჰქონოდათ, ვინ უშლის მოვიდნენ სალოცავად ფშავში „თამარ-ნეფობას“, როგორც ამ დღეობას ეწოდება? არ ვიცი, მე ამაზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი: ფაქტს კი აღვნიშნავ, ხოლო გარკვევა მისი ჩვენ ისტორიკოსთა და მკვლევართათვის მიმინდვია. ხევსური ხევისბერი, როგორც ფშაველი, თავის „დიდებაში“ არ დაივიწყებს თამარს არა დროს და სხვათა შორის ასე მოიხსენიებს: – დიდო თამარო, დედოფალო, საქართველოს დამრიგებელო, შენ მიეც წყალობაო.

ფშავლები უფრო წინწასულან ამ მხრივ: ძველისძველადანვე შეურაცხიათ თამარი წმინდანად, „ხატად“ და დაუდვიათ მის სადიდებლად დღეები, 2–3 ივლისი, ე. ი. ლაშქრობის მეორე დღიდან; ხოლო მის სახსენებლად და სადიდებლად ჰყავთ ფარა ცხვრისა, რომელსაც „თამარის ცხვარი“ ეწოდება და ამ სახელით ზამთრობით იგი იკვებება შირაქში, ხოლო ზაფხულობით – ფშავის მთებში. მიჩვენეთ სადმე მსგავსი მაგალითი საქართველოს სხვა კუთხეში. ეს საყურადღებო ამბავია ჩვენი ისტორიკოსთათვის, რომელნიც შინ, კაბინეტებში ჩაკეტილან და იქ ჩხირკედელობენ მარტო, მუდამ მასალის უქონლობას ჩივიან და ამგვარ მოვლენათ არ ეძებენ, გარეთ ვერ გამოსულან. ერთს საზოგადოებაში როგორღაც სიტყვამ მოიტანა და ვახსენე „თამარის ცხვარი“. ყველამ ყურები ცქვიტა და მომაძახეს: „რაო? თამარის ცხვარიო? სად არის, რას ამბობს ეს კაცი?! შე კაი კაცო, სადა ხარ აქამდის, ერთხელ როგორ არაფერი დასწერე ამ საგანზე?“

მე თუ დღესნამდის არაფერი ვსთქვი და არაფერი დავსწერე და არ აღვნიშნე, ეს მართლაც და საყურადღებო მოვლენა, მიზეზი ისაა, ბატონებო, რომ არ ვიცოდი თუ ეს ამბავი არ იქნებოდა საზოგადოების ყურამდე მისული. რა მაფიქრებინებდა იმას, რაც მთელმა მთის ხალხმა, მდაბიო ერმა, მთელმა კახეთმა იცის, ის ჩვენს ინტელიგენციას არ ეცოდინებოდა… მაშასადამე უტყუარი საბუთი მიჭირავს ხელში, ვიფიქრო ბევრი სხვა რამ არ იცის ჩვენმა ნასწავლმა ხალხმა, როგორც თამარის ხატზე, ისე სხვა ფშაურ ხატებსა, სალოცავებზე და განვაგრძო საუბარი, თუმც ამ წერილის სივრცე ნებას არ მაძლევს ყველაფერი ვსთქვა… თამარის ცხვარს მოსავლელად ჰყავს მიჩნეული ფშაველი ერთი კაცი, რომელიც ამორჩეულია ხატისაგანვე მკითხავ-ქადაგის პირით. ეს კაცი განაგებს ცხვრის საქმეს, მთაბარობის მოწესრიგებას, იმაზეა მინდობილი მწყემსების დაჭერა. შემოსავალს ცხვრისას იგი თავის ნებაზე ხმარობს. რაც ცხვარზედვე იხარჯება, ხომ იხარჯება, რაც არა და იგი დღეობის მოწყობას ანდომებს; მაგ. იმანვე ღვინო, რამდენსაც კი შეიძლებს, უნდა იყიდოს და მოიტანოს დღეობისათვის; აგრეთვე კისრულობს თამარის ზვრის გაკეთებას სოფელ ახმეტას, კახეთში.

საკუთარი ზვრები აქვთ კახეთში ქართველ მეფეებისაგან შეწირული არა მარტო თამარ მეფის ხატს, არამედ სხვებსაც, როგორც მაგ., ლაშარის ჯვარს, მთავარ ანგელოზს (ცაბაურთობა), ჩარგლის ღვთისმშობელს. მოსავალი ამ ზვრებისა იხარჯება დღეობის დროს, ზოგი, თუ მოჭარბებულია, ის იყიდება და ჰხმარდება ზვრების შემუშავებას. ბევრჯელ გამოტყვრება ისეთი წელი, ხევისბერე
ბმა არამც თუ მოიტანონ დღეობის დროს „კულუხი“ ან გაყიდონ მოჭარბებული და იმ ფულით ვენახი გააკეთონ, არამედ მიჰმართონ ხალხს შემწეობისათვის და თითო-ოროლი შაური მოჰკრიფონ და ზვრები იმითი შეიმუშავონ. თამარ მეფე ერთადერთი ხატია ფშავ-ხევსურეთში, რომელსაც ჰყავს მოლოზნები, „ხატის ქალებად“ წოდებულნი.

დიაღ, თუ ჩვენ თვითონ არ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყანა, სხვები ჩვენ ვერ შეგვისწავლიან. ჩვენს თავს ჩვენ რომ არ ვაფასებთ, სხვა რა გიჟია ჩვენ დაგვაფასოს? ან მოსულს, გარეშე უცხო კაცს სად შეუძლიან, გავლით ჩვენის ავკარგის მნახველს, ანგარიში გაუწიოს?! ამიტომაც მოხდა, ისეთმა ფხიზელმა, მიუდგომელმა მკვლევარმა, როგორიც მ. კოვალევსკია, „ლაშარობას“ დაუდო საფუძვლად ლაშა-გიორგისაგან შეწირული ზვარი, ფშაური წაწლობა და „სამღთოს ქმნა“ ლაშარობას მიატმასნა და ორივე სარწმუნოებრივი გარყვნილების სახელით მონათლა. ჩვენებური საღმთო რა არის ვერ შეიგნო და ქალ-ვაჟის ერთად დაწოლას „მსხვერპლად შეწირვა“ დაარქვა და ბოძებად ძველი აღმოსავლეთისა, საბერძნეთისა და რომის მაგალითები მიუყუდა[1]. ასე იციან უცხოელებმა.

ჩვენ ყველამ ვიცით, თუ არ ვიცით, გაგვიგონია მაინც საღმთო რაც არის, და კოვალევსკის აზრს არავინ დაეთანხმება. ფშაური საღმთო სხვადასხვა ხასიათისაა: იგი შეიძლება კერძო იყოს, როდესაც ფშაველი საღმთოს რომელიმე სასიამოვნო შემთხვევის გამო იხდის საკუთარს ოჯახში ან ხატში. სასიამოვნო ამბავი მისთვის არის ახალი სახლის აშენება ან ვაჟიშვილის შემატება. საღმთოა საზოგადო, როცა მას მთელი სოფელი შვრება უფრო გაზაფხულზე თიბათვეში, როცა გუთნები აეშვება: ღვთის მოსამადლიერებლად, რათა მან დაიცვას, დაიფაროს წლის მოსავალი სეტყვა-გვალვისა და სხვა მავნე ბუნების მოვლენათაგან. კომლეურად მოიკრიბება თითო ან ოროლი აბაზი: ამ ფულით საკლავებს ყიდულობენ, თუ გადურჩათ, ღვინოსაც; არაყი და პური თითო ჩარექა ან თითო მინა ყველას თან მოაქვს. ცხვრებს დაჰხოცავენ, სუფრას გაამზადებენ. ხევისბერი სანთლებს ანთებს, მლოცველთ შეავედრებს ღმერთს, რომ მან შეიწიროს მათი თხოვნა, რის შემდეგაც შეუდგებიან საერთო სმა-ჭამას. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, საღმთოში თქვენ ქალთაგანი ვინმე ჰნახოთ, გარდა ერთი ან ორის მოხუცებულის მანდილოსნისა… ახლა ვიფიქროთ: საით, ვინ ვისთან უნდა დაწვეს?.. საით და როგორ გავამართლოთ კოვალევსკის ფშაველთა შორის აღმოჩენილი ჰეტერიზმი?!

ამას თუნდ თავი დავანებოთ და სხვა მაგალითები გავიხსენოთ. ლაშარის ჯვარი, როგორც ბ. კოვალევსკის ჰგონია, თუ მართლა ჰეტერიზმის წარმომადგენელია, პირველად ამ ხატის წესს და კანონს მისნი მოსამსახურენი – ხევისბერნი და დასტურნი უნდა ასრულებდნენ. ჩვენ კი სრულიად წინააღმდეგ მოვლენას ვხედავთ; ვხედავთ იმას, რომ არა მხოლოდ ლაშარის-ჯვრის ხევისბერები, არამედ სხვა ხატების მსახურნიც, დღეობის ოთხი თვის წინად, თავს „წმინდანად ინახავენ“. წმინდანად თავის შენახვა ის გახლავთ, ხევისბერი არ უნდა მიეკაროს დედაკაცს, ფიზიოლოგიურს ჩხირკედელაობას ძალიან უნდა ერიდოს; არ უნდა შედგას ფეხი საქონლისა და მეთვეური დედაკაცის სადგურში, არა ჭამოს კვერცხი, ქათამი და სხვ. და სხვ. მაინც და მაინც უმეტესი სიწმინდის გულისათვის დღეობის წინა დღეს დასტურნი და ხევისბერნი თავთავიანთ საკლავებსა ჰხოცავენ, იმათ სისხლს ისხურებენ. – ეს თავისებური აიაზმა გახლავთ, რომ მწიკვლი არაფერი შეიყოლონ ხატის სადგურში და შემდეგ ისე შეუდგებიან თავიანთ სამსახურის ასრულებას.

წადით ეხლა თქვენ, დაეთანხმეთ ბ. კოვალევსკის და იმის დამქაშებს. თუ იმ ვაჟბატონებს ავიწყდებათ, ჩვენ მაინც იმას ნუ დავივიწყებთ, რომ ვიდრე სარწმუნოებრივი ჩვეულებანი ჰეტერიზმის მზგავსად შემუშავდებიან, იმათზე ადრე სხვა ჯურის ჩვეულება მწიფდება და ჩვენც იმას უნდა ჩავკიდოთ ხელი.

ფშაური წაწლობა დღესაც თავის წესით მიმდინარეობს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფშავლების ცხოვრებაში, მაგრამ მისი სათავე სრულიად სხვაგანაა და არა იქ, საცა კოვალევსკი გვითითებს.

ზოგი შემდეგისათვის დარჩეს…

1902 წ.

შენიშვნა:

[1] Соч. М. Кавалевского, т. II, стр.98–101.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq