სტუდენტობა ყოველ ქვეყანაში საზოგადოების მოწინავე რაზმს წარმოადგენს. თვით სტუდენტობის ორი დამახასიათებელი თვისებით არის ეს გარემოება განპირობებული: პირველი - ახალგაზრდული ასაკის გამო მათშია თავმოყრილი მთელი ერის ენერგია და მებრძოლი პოტენციალი და მეორე - იგინივე არიან ბოძებულნი ღვთისაგან იმ ნიჭითა დ უნარით, რაც მათ ცოდნისა და განათლების სულ ახალი და ახალი სფეროების დაუფლების საშუალებას აძლევს. ერის ძალისა და სიმხნევის წყაროც სწორედ ამ დიდებულ სიმბიოზშია, როცა ახალგაზრდული შემართება და გონება ერთად არიან შერწმულ-შენივთებულნი. ყოველი ქვეყნის სტუდენტ ახალგაზრდობას გააჩნია საკუთარი იდეები და მისწრაფებები. არის მათში როგორც ზოგადსაკაცობრიო, ისევე ეროვნული პრობლემები. ქართველ სტუდენტობასაც აქვს, რა თქმა უნდა, თავისი გამორჩეული მიზნები და ამოცანები, რომლებიც საკუთარი თვალთახედვის მიღმა არ დარჩენიათ ჩვენი ეროვნული კულტურის თვა;საჩინო მოღვაწეებს. მაგრამ ყველაზე უკეთ თანამემამულე სტუდენტთა გულისთქმის გამოხატვა შეძლო სანდრო ახმეტელმა. 1910 წელს, იმჟამად თავადაც სტუდენტმა, დაწერა შესანიშნავი წერილი - ,,ჩვენი ახალგაზრდობა’’, რომლის მცირე ამონარიდსაც ქვემოთ გთავაზობთ: ,,მერწმუნეთ, ეს თქვენი სტუდენტის გულწრფელი აღსარების ხმაა. აი, თითქოს ყველაფერი ჩვენ წინაა: მდიდარი, კარგი მახსოვრობა, მახვილი გონება, მეცნიერების ყველა რთულ ამბებში სწრაფი ორიენტირების უნარი, ძლიერი სურვილები, ყველას წინაშე მოვალეობის საუცხოო შეგნება, შეგნება იმისა, რომ აუცილებლად უნდა გახდე სასარგებლო, განათლებული ქართველი, მაგრამ ყველაფერი ამის ამოქმედება და ამუშავება, რაიმეს შექმნა, გაგვსაჯეთ, როგორც გნებავთ, არ შეგვიძლია. შევუდექით რა მუშაობას, ეს სულერთია როდის, ახალბედა თუ ძველი სტუდენტი, ყველაფერი ჩვენ გვიშლის ხელს... მთელი ჩვენი ყურადღება ერთ რამეს რომ მივაპყროთ, როგორც ამას ახერხებენ თავისუფალი სტუდენტი ებრაელები, ფინელები, გერმანელები, პოლონელები, ჩვენ, ქართველებს არ შეგვიძლია, ვერ ვახერხებთ. თუ ზოგჯერ ჩვენში გაღვიძებული სინდისი ჩვენი სულმდაბლობის შერცხვენას იწყებს, ხელს ვკიდებთ საქმეს, თანაც ჩუმად, ქურდულად, ღმერთს ლოცვით ვევედრებით ამ წუთში რომელიმე მეგობარი გამოგვიგზავნოს, რათა მოგვეცეს საშუალება, ამ საშინელ შრომას თავი ავარიდოთ. ჩვენ ზარმაცებიც კი არა ვართ. ჩვენი პიროვნება გაორებულია. ნებისყოფა პარალიზებული გვაქვს და სასტიკად ვჭირვეულობთ. მხოლოდ ძლიერად უნდა გვიბიძგოს რაიმემ და ღრმად უნდა შეგვძრას, რათა დროებით, ცალკეულ ბედქუდიანებს კი მთელი სიცოცხლითაც, მოგვანიჭოს ჰარმონია მოქმედებისა და სრული, ერთიანი სიავე უბედურებისა. არ არის საჭირო იყო კარგი, დახვეწილი დიაგნოსტიკოსი იმის შესამჩნევად, თუ რა საშინელი სენი აწუხებს ჩვენს ახალგაზრდობას და მასთან ერთად მთელ ქართველ ინტელიგენციას... და ჩვენი სულის ტრაგედია - ეროვნული უბედურებაა... ჩვენს უბედურებას უფრო ღრმა ფესვები აქვს. თვითონ ქართველ ერში, მით უმეტეს, მის ინტელიგენციაში, როგორც მის განსაკუთრებულ კულტურულ ორგანიზმში, არ ცოცხლობს ის ძლიერი, საქვეყნო და სახალხო სული, რითაც ასე ძლიერია სხვა ეროვნებები. საკმარისი არ არის გქონდეს შენი ენა, რწმენა, ადათ-ჩვეულებანი, კულტურა, აგრეთვე უნდა გაგაჩნდეს საკმარისი ხარისხით სწორედ ეს სული, რითაც ჩვეულებრივ იქმნება მტკიცე ბუნება-ხასიათი, შეურყეველი, ძლიერი ნებისყოფა, აზრთა და ფიქრთა მოკრება-გაერთიანების უნარი, ენერგია, შეუდრეკელ-შეუპოვრობა და კეთილშობილური ურთიერთშეჯიბრი. ამ ეროვნული თვისებების უქონლად საშუალება არ გვეძლევა ჩვენც შევქმნათ და აღვზარდოთ ,,ძლიერნი’’. მაგრამ აქამდე ქართველებმა როგორ ვერ შევიძინეთ ეს ძლიერი სული? რა გვიშლის ხელს?’’ ყველა მისი თანამედროვე თუ მომავალი სტუდენტების მიმართ დასვა კითხვა სანდრო ახმეტელმა. ვის უნდა რგებოდა მასზე პასუხის გაცემა? ამ სტრიქონების გამოქვეყნებიდან თითქმის ნახევარსაუკუნავანი იძულებითი დუმილის შემდეგ, დღიდან ორმოცდაათიან წლებში კაცთბოროტების კერპის დამხობისა, პასუხის იდეა სამჯერ იშვა საქართველოში - სამი თანამდევი სტუდენტური ტალღით. პირველი ტალღა - გზასაცდენილი, დაბნეული, ყალბი იდეალებით ნასაზრდოები, თუმცაღა წრფელი გულისა და ადვილად მიმნდობი სტუდენტებისა, იმ გულუბრყვილო ბავშვების როლში გამოვიდნენ, სეთურის მტრებს რომ დაედევნენ ხელკეტებით მომარჯვებულნი. დღემდე სინანული გვიპყრობს, როდესაც გვახსენდება, როგორ შთანთქა ეს ტალღა - ჩვენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი - ახალი დროის ინკვიზიციამ. ცხადია, ამ ტალღას არ შეეძლო პასუხი გაეცა კითხვებზე. მეორე ტალღა რწმენადაკარგულ ხალხში ერთადერთი გადარჩენილი ეროვნული იდეალებით იყო შთაგონებული და მათი მეოხებით ქართველი სტუდენტობა, შეიძლება ითქვას, თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდსა და წარმოუდგენელ გამარჯვებას ეზიარა - შეუძლებელი შეიძლო და მშობელ ერს დედა-ენის სტატუსი შეუნარჩუნა! იმ დროისათვის ეს უმაგალითო გმირობას ნიშნავდა, მაგრამ გარემოება არ უწყობდათ ხელს მაშინ უფრო გაბედული მოქმედებებისთვის. ამიტომ არც იმ ტალღას შეეძლო პასუხის გაცემა. მთელი იმედი მესამე ტალღას ემყარებოდა და დრომ დაგვიდასტურა, რომ სტუდენტობას ხელეწიფება ერის ღირსეული მედროშეობა. მათ შეძლეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელნი ყოფილიყვნენ და ორსაუკუნოვანი მონობის დამხობაში თავისი ლომის წილი შეიტანეს - მესამე ტალღით დააგვირგვინეს სამშობლოს სწრაფვა სანუკვარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას სტუდენტობა - წყდება ქვეყნის ორიენტაციის საკითხი - ან დასავლეთის კულტურული და პოლიტიკური ღირებულებებისკენ, ან - საბჭოური მენტალობითა და ერთობით აღდგენილი ჩრდილოური სამოკავშირეო ხელშეკრულებისაკენ. სტუდენტობა თითქოს გაყუჩებულია, თითქოს არ რეაგირებს ერის სახვალიო სტრატეგიის გადაწყვეტაში, თითქოს არ ესმის საკუთარი ქვეყნის მაჯისცემა, მაგრამ წინა პერიოდის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს სიჩუმე მოჩვენებითია: როცა დაჰკრავს მათი მოქმედების ჟამი - ანუ იმ დღეს, რომელზეც პოეტი იტყოდა ,,ჟამი თქვენია და ჟამისა თქვენ ხართ იმედი!’’ - მყის გამოფხიზლდება და გზას გაუკვალავს საშობლოს დიდ ევროპულ ოჯახში, ოღონდ საკუთარი სარწმუნოებრივ-კონფესიური ღირსებისა და მორალურ-ზნეობრივი ნორმების შენარჩუნების ულტიმატუმით! |