რამდენიმე რუსულ საიტზე - (newsland.com, uainfo.org, forumtp.net, ord-02.com და სხვ.) კიდევ ერთხელ გამოჩნდა წერილები სათაურით ”რუსეთის იმპერატორის - პეტრე პირველის ქართული ფესვები”, სადაც თავად რუსების მიერ არის გამხელილი ის ფაქტები, რომელთა შესახებ ჩვენ ადრე ვიუწყებოდით ჩვენს საიტზე (იხ. ”პეტრე პირველი - პირველი ქართველი რუსეთის სათავეში?”). თუმცა ამჯერად რუსულ საიტებზე მოტანილია ისეთი არგუმენტებიც, რომლებსაც ჩვენ არ ვახმოვანებდით რიგი მიზეზების გამო. ახლა კი ვუთმობთ ადგილს რუსული საიტების მასალას: ”არსებობს გარკვეული საფუძვლები, რათა რუსეთის დიდი იმპერატორი პეტრე პირველი მამის მხრივ ქართველად მივიჩნიოთ. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც გარკვეული მტკიცებულებანი მოეპოვება, პეტრე გამოდის ქართველი უფლისწულის, ერეკლეს უკანონო შვილი. ქართველი უფლისწული ბავშვობიდან დაახლოებული იყო რუსეთის სამეფო კართან, კერძოდ ნატალია ნარიშკინასთან. ალექსეი მიხაილოვიჩის სამეფო კარზე ერეკლე ცნობილი იყო ნიკოლაი დავიდოვიჩის სახელით, ხოლო მომავალში ის გახდა კახეთის მეფე ერეკლე პირველი. ასე რომ პეტრე პირველის დროინდელი სახელმწიფოებრივი მიღწევები ქართველებს მიეწერებათ. პეტრეს დაბადებამდე ერთი წლით ადრე რუსების ხელმწიფე ალექსეი მიხაილოვიჩი მძიმედ იყო ავად და ბავშვის ჩასახვის უნარი არ გააჩნდა. დედოფალთან ინტიმური სიახლოვე ჰქონდა სამეფო სისხლის მქონე უფლისწულ ერეკლე პირველს (ერეკელე I ბაგრატიონი). საბჭოური ისტორია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მალავდა ინფორმაციას პეტრე პირველის ქართულ წარმოშობაზე. თავად სტალინს უთქვამს: ”ერთი კაცი მაინც დავუტოვოთ რუსებს, რომლითაც შეეძლებათ იამაყონ”. არსებობს მონაცემები იმის თაობაზეც, რომ, როდესაც ა.ნ. ტოლსტოი მუშაობდა რომანზე პეტრე პირველის შესახებ, მას შეხვდა რაღაც დოკუმენტები, რომლებიც მან გააცნო სტალინს, მაგრამ საბჭოთა ბელადმა განკარგულება გასცა ამ თემაზე ხმა არ დაეძრათ. როგორც ჩანს, არსებობდა რაღაც წერილი, რომელიც მიუთითებდა პეტრეს ქართულ წარმოშობაზე, მაგრამ ეს წერილი გაქრა სტალინის პერიოდში. სტალინის მოქმედება, პრინციპში, გასაგებია - სიმართლის გამჟღავნებაზე მის მიერ უარის თქმა იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ თავად ის საკუთარ თავს მიაკუთვნებდა რუსებს. ეს მისი გულწრფელი წადილი იყო, თუ იძულებითი ნაბიჯი - უცნობია. მაგრამ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ხომ შეუძლებელია იყო რუსი ხალხის ბელადი და ამ დროს სულით ხორცამდე არ იყო რუსი? ამდენად, პეტრეს ქართველად აღიარება მისი მხრიდან უკიდურესად არალოგიკური და არათანმიმდევრული იქნებოდა, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს ბელადი უკვე რუსად მიიჩნევდა. ამდენად, პეტრე ”ვანია” არ ყოფილა და ეტყობა, სწორედ ამიტომაც იყო დიდი იმპერატორი, თუმცა აქ რუსულმა სისხლმაც ითამაშა როლი, რადგან, როგორც ცნობილია, სხვადასხვა სისხლის ”ნარევი”, როგორც წესი, ჯანმრთელ და ტალანტურ მემკვიდრეობას იძლევა ხოლმე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაინც რჩება იმპერატორ პეტრე პირველის გარეგნობა, რაც არავითარი ეჭვის საფუძველს არ ტოვებს მის წარმოშობასთან დაკავშირებით. პეტრეს ჰქონდა ტიპიური ქართული იერსახე და ძალიან ჰგავდა საკუთარ მამას - ერეკლე პირველს. მოიპოვება კიდევ მრავალი მონაცემები, რომლებიც ამ იმპერატორის ქართულ წარმოშობაზე მეტყველებენ. ამას გარდა მთელი რიგი დოკუმენტური წყაროები გადმოგვცემენ, რომ, დედამისს, ნატალია ნარიშკინას თავიდან არ სურდა პეტრეს ქვეყნის სადავეები სჭეროდა: ”მისი მეფობა არ შეიძლება”, - ამბობდა ის. პეტრემ აჯანყების გზით იგდო ხელთ ქვეყნის მმართველობა. პეტრეს არარუსულ წარმოშობაზე მეტყველებს მეფის ასულ სოფიოს მიმართვაც თავად გოლიცინისადმი: ”არ შეიძლება ხელისუფლება ”ბასურმანს” ჩავუგდოთ”! სიტყვა ”ბასურმანი” ერთ-ერთი მნიშვნელობით რუსულ ენაში განიმარტება, როგორც ”უცხო თესლტომის ადამიანი”. სავარაუდოდ, სოფიოსთვის ნატალია ნარიშკინას განდობილი ჰქონდა პეტრეს წარმომავლობის არარუსული ფესვების საიდუმლო. არსებობს მეფე არჩილ მეორის წერილიც დედოფალ ნარიშკინასადმი, სადაც არის ასეთი სიტყვები: ”როგორ არის ჩვენი ცელქუნია? ” ყველაფერთან ერთად ცნობილია ისიც - როდესაც ერთხელ პეტრეს საცოლედ ქართველი დედოფალი შესთავაზეს, მან მტკიცედ იუარა: ”მე ჩემს მოგვარეებს არ ვირთავ ცოლად!” - თქვა მან. ეს უკანასკნელი ფაქტი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ პეტრემ შესანიშნავად უწყოდა თავისი წარმოშობის საიდუმლო! მატიანეებში დაცულია გადმოცემა იმის თაობაზე, თუ როგორ სწერდა დარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონ-მუხრანელი თავის ახლო ნათესავს, სამეგრელოს მთავარ - დადიანის ასულს: ”დედაჩემმა მომითხრო ვინმე მატვეევზე, რომელსაც სიზმრისეული ხილვა ჰქონია და ამ ხილვაში მას წმიდა გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: ”შენ გამოგირჩიე, რათა მეფეს ამცნო, რომ რუსეთში დაიბადება მეფეთმეფე, რომელიც მას დიად ქვეყნად აქცევს. ის უნდა იშვას მართლმადიდებელი ივერიელი უფლისწულისგან - დავითის იმავე მუხლიდან, საიდანაც არის ღვთისმშობელი და სპეტაკი გულის მქონე კირილე ნარიშკინის ქალიშვილისაგან. თუ გარდახვალთ ამ ბრძანებას - დიდი სიმძიმილი შეგემთხვევათ. ასეთია ნება ღვთისა”. სწორედ მატვეევთან შეხვდა პირველად ნარიშკინა ალექსეი მიხაილოვიჩს. ნიშანდობლივია, რომ დარეჯანის ძმა - ალექსანდრე არჩილის-ძე იყო ბავშვობიდან პეტრეს ყველა ბავშვური თამაშების მონაწილე. ის იყო რუსეთის პირველი ფელდცეხმაისტერი და შვედების ტყვეობაში დაიღუპა. პეტრემ დარეჯანს უსახსოვრა მიწები სოფელ ვსეხსვიატსკოეში, სადაც მან ააშენა ტაძარი და 1801 წლამდე იქ ღვთისმსახურება მიმდინარეობდა რუსულ და ქართულ ენებზე. შვედებზე გამარჯვება პეტრე პირველმა სწორედ ვსეხსვიატსკოეში აღნიშნა, როდესაც ის სტუმრობდა თავის მამიდაშვილს - დარეჯანს. ამ პერიოდს ეხება მოსკოვში ქართველი დიდგვაროვნების ოჯახთა ჩასახლებაც. |