საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

დავით აღმაშენებელი
ლელა ჩხარტიშვილი

განგებამ უმძიმეს ჟამს საქართველოს მხსნელად მოუვლინა მეფე, რომელიც სულ მალე ქვეყნის ღირსეულ მესაჭედ შერაცხეს და ,,აღმაშენებელი“ უწოდეს. მაშინ, როდესაც წმინდა დავით აღმაშენებელი გამეფდა, საქართველოში ასეთი ვითარება იყო: ,,და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგომოდეს ქვეყანასა თვალნი... და სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა“.

ისტორიული კანონზომიერება იყო, რომ ბოროტი უნდა დაეძლია კეთილს და წმინდა მეფის მოვლინებაც ამ გარდაუვალ კანონზომიერებათა რიგს ეკუთვნოდა.

საქართველოს ისტორიის ავან-სცენაზე თურქთ-სელჩუქთა გამოჩენა სტიქიურ უბედურებას ჰგავდა. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ იმ დამპყრობელთაგან, მანამდე რომ ენახათ ჩვენში. მომთაბარე მეჯოგენი, დედაწულიანად აყრილნი, უზარმაზარ ტალღებად მოედინებოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ცეცხლითა და მახვილით იპყრობდნენ ქვეყნებს, რათა ისინი იალაღებად გადაექციათ. სელჩუკებმა მთლიანად დაიმორჩილეს ირანი, აიღეს ბაღდადი, მანაზკერტთან დაამარცხეს ბიზანტიის კეისარი, დაეპატრონენ მცირე აზიის უდიდეს ნაწილს, ააოხრეს სომხეთი, შეიჭრნენ იერუსალიმში. ძლიერი დამპყრობლის პირისპირ ეულად დარჩენილი საქართველო არნახული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ყანებისა და ბაღ-ვენახების ადგილას ჩნდებოდა სელჩუკთა ჯოგების საძოვრები. მარჩენალი მიწიდან აყრილი გლეხობა მთებში იხიზნებოდა.

 

ძლევამოსილების აბჯარი გულმოდგინედ იჭედებოდა წლების მანძილზე

წმინდა კეთილმსახურმა მეფემ თავისი სამეფო მოღვაწეობა დამპყრობელთა წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით დაიწყო. მან უპირველეს მიზნად დაისახა სულით დაცემული ხალხის გამოფხიზლება, გამხნევება, აღდგენა თითქოსდა სამუდამოდ ჩამქრალი რწმენისა და შეუპოვრობისა, სელჩუკთაგან არაერთხელ დამარცხებული და დაჯაბნილი მეომრების გაწვრთნა და შინაური მტრების მოთოკვა. იგი ნაბიჯ–ნაბიჯ, მოთმინებითა და ურყევი რწმენით შეუდგა ამ მიზნის განხორციელებას.

ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება, არამედ მოვლენათა შორის კავშირი მემკვიდრეობითობის ხაზგასმით მყარდება. ცხადია, დიდგორის გამარჯვებაც შემთხვევით არ მოსულა. ძლევამოსილების აბჯარი გულმოდგინედ იჭედებოდა წლების მანძილზე. წმინდა დავით მეფის პირველ დიდ ომად ითვლება ერწუხის ბრძოლა. ქართველთა ლაშქარმა ერწუხიდან დიდგორამდე, ანუ პირველი დიდი გამარჯვებიდან ყველაზე დიდმნიშვნელოვან გამარჯვებამდე დიდი საბრძოლო გზა განვლო.

მაინც რაში მდგომარეობდა ივერთა სახელმწიფოს საკრალური ძალა, რომლის მეოხებითაც მუსულმანურმა სამყარომ მასში დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგე დაინახა? სწორედ გაძლიერებული ქრისტიანული ქვეყნისადმი შიშმა შეუწყო ხელი უზარმაზარი კოალიციის შექმნას. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ საქართველოსკენ დაიძრა თითქმის მთელი მაჰმადიანური სამყარო, რომლის დამარცხებაც დიდგორის ველზე წმინდა დავით მეფის მოღვაწეობისა და საბრძოლო უნარის აპოთეოზად ითვლება.

 

რატომ შეეწეოდა უფალი წმინდა დავით აღმაშენებელს?

წმინდა მეფის ხანაშივე გაჩნდა ტიტული ,,მესიის მახვილი“, რომელიც მან თავის სპილენძის მონეტაზე არაბულად ამოკვეთა. მისი ფული მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ბაზარზე გადიოდა, ამიტომ საქართველოს მეფე ამ ფორმულის სწორედ არაბულ ენაზე ამოკვეთით მაჰმადიანებს მათსავე ენაზე ეუბნებოდა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა ღვთის წინააღმდეგ მოქმედება იყო.

მეფის ჯვარზე ეწერა: ,,პატიოსანო ჯვარო! ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავით“. ამ ჯვარს ყოველ ლაშქრობაში თან ატარებდა და წმინდა ჯვრის ნიშნით აღბეჭდილი იბრძოდა უსჯულოთა ურდოების წინააღმდეგ.

,,მესიის მახვილი“ ომში გასვლამდე სულიერად შრომობდა, ღვთის შემეცნების შურით აღვსილი და საღვთო ცოდნით აღჭურვილი. მემატიანე წერს: ,,მეფემ განასპეტაკა ზნეობა თვისთა ქვეშევრდომთა“. შექმნა ,,დავითის საქართველო“, სადაც ,,ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება და თვით მათ მეძავთაცა ყოველთა კრძალულება“.

ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,დავითმა კვერთხი მეფობისა... იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერავინ სხვამან“. წმინდა მეფე სიცოცხლეშივე იქნა შედარებული წმ. პავლე მოციქულთან, წმ. კონსტანტინე დიდთან და იმპერატორ თეოდოსისთან. აღიარებული იყო, რომ მას ჰქონდა ,,მოციქულებრივი მადლი“. უფლისგან რჩეულს ყველა ნიჭი ერთად ებოძა. მემატიანე აღწერს: ,,ვინ იყო ეგზომ შვენიერ ხატითა, უმშვენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალსახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, საქებელ განსწავლულობითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშფოთებელ უზომობითა“. ამას მოსდევს ყველაზე აღმატებული შეფასება წმინდა მეფისა: ,,ხოლო თავი სათნოებათა სიწმინდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი“ (სწორედ სიწმინდისა და სიმდაბლის სული გამოსჭვივის ,,გალობანი სინანულისანიდან“).

სხვაგვარად ვერ შედგებოდა რუის-ურბნისის კრება, სადაც წმინდა მამათა სწავლების, შვიდი მსოფლიო კრების მიერ დადგენილი წესების მიხედვით აღმოიფხვრა ეკლესიაში არსებული დარღვევები. ,,ამით მოხდა ყველაზე მთავარი _ ,,ჰყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“. რა იყო ეს საქმე?

რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო, მემატიანის თქმით _ ,,თვალი ღმრთისაი, მხედველი ყოველთა, რისხვად აღძრულ იყო“. დავითმა დროზე მოიწვია ,,დიდთა წყლულებათა“ საკურნებელი ეს კრება და დროზე გაასწორა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გეზი, რითაც დააცხრო კიდევაც ღვთის რისხვა, სწორი ლოცვა დააყენა მიწაზე, ღირსეულ მღვდლებს მისცა საჭე ხომალდისა, რადგან იცოდა, რომ ღირსეულ მოძღვარს მრევლიც ღირსეული ეყოლებოდა და რომ ყველა ერთად სწორ ლოცვას აღავლენდა მიწიდან ზეცისაკენ და წყალობაც ღვთისა არ დაახანებდა. (მ.ყიფიანი).

საქართველოს ეკლესიის განწმენდის ღონიძიება უნიკალური მოვლენით დაგვირგინდა: მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის მთავარეპისკოპოსის ერთი პირის ხელში გაერთიანებით. გიორგი ჭყონდიდელი დავითის სულიერი მოძღვარი იყო. ის ზრდიდა მეფეს ,,მოძღვრებითა უფლისაითა“. უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს, თავდადებას. ფართო და საფუძვლიან განათლებას აზიარებდა, აცნობდა საქართველოს წარსულსა და სავალალო მდგომარეობას. ის უჩვენებდა დავითს გზასა და საშუალებას, თუ როგორ გაეთავისუფლებინა ქვეყანა თურქთა ბატონობისაგან, წვრთნიდა პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში. და რაც მთავარია, უნერგავდა რწმენას, რომ დავითი იყო მოწოდებული სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად და დაცემული სამეფოს აღსადგენად. ამიტომაც დავითმა ,,თავისი სამეფო ტახტი ღვთის სიტყვით განბრძნობილს დაუქვემდებარა. მეფეს სჯულის საუკეთესო მცოდნე, ეკლესიის პატიოსანი მსახური ეყენა გვერდში. ამიტომ ირჩეოდა მისი ყოველი მოქმედება გიორგი ჭყონდიდელთან. მეფის ყოველ ნაბიჯს ღვთისთვის სათნო მოძღვრის კურთხევა ახლდა“ (მ. ყიფიანი). დავითს კარგად ჰქონდა შეფასებული ეკლესიის როლი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების, კულტურული მთლიანობისა და ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის საქმეში. აქედან გამომდინარე, სასულიერო და საერო ხელისუფლების ურთიერთკავშირის აუცილებლობაც ღრმად ჰქონდა შეგნებული.

 

ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და უმასაკუთრა ღმერთსა

,,მზედ აღმოცისკრებული“ მეფე ხედავდა, რომ სელჩუკთაგან მრავალგზის ,,დაჯაბნული“ მეომრები ,,თურქთა მიმართ წყობასა ყოვლად უმეცარნი და მოშიშნი“ იყვნენ. დავითმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ლაშქრის ისეთ სახეებს, სადაც, მემატიანეთა მიხედვით: ,,საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულველი, და ყოველი უწესობა მოსპობილ იყო“. ბრძოლის დროს მეფე ჯარს წინ მიუძღოდა და ,,ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა“. დავითი მხოლოდ იავარქმნილი ქვეყნის აღმაშენებელი როდი იყო, არამედ იგი ღვთაებრივი სიტყვით აღაშენებდა ქრისტიანულ სულს.

,,ხოლო ამათ თანა, _ გადმოგვცემს მემატიანე, _ რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვაფენილყვნა, რაოდენნი ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, განწმინდა სახლად ღმრთისად, რაოდენნი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანნა და შეაწყნარნა ქრისტესა! და დადვა მისთვის უმეტესი მოსწრაფება, რათამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა“.

,,ქართლის ცხოვრებაში“ კვლავ ვკითხულობთ: ,,მოიგონნა საქმენი შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთმოყვარეობისა თვისისა. აღაშენა ქსენონი (საავადმყოფო), რომელსა შინა შეკრიბნა თვითო სახითა სენითა განცდილნი, თვით მოვიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყვის თითოეულსა, აფუფუნებდეს მამებრ, განამხნევებდის მოთმინებისა მიმართ“. ამ ქსენონში, განუსაზღვრელად აღმსარებლობისა, ყველას ერთნაირად მიხედავდა. ასეთია მართლმადიდებელი ადამიანის კაცთშემწნარებლობა და არა რჯულთშემწყნარებლობა.

,,კვლად წყალობა გლახაკთა ესოდენი აქვნდა, ვიდრემდის აღავსო ზღვა და ხმელი ქველის საქმემან მისმან“. ცოდვად თვლიდა შემთხვევის გაშვებას წყალობის გასაღებად, ხელმოცარვას სიკეთისყოფაში. ,,დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემითა ცოდვათათა“, ოხვრით იტყოდა დღის დასასრულს, ,,დამვიწყებელი იმ მრავალ წყალობათა და ქველისსაქმეთა, რაც გუშინ და გუშინწინ ჰქონდა გაღებული, და მეფეთა რამ თაობას ეყოფოდა სულის სალხენად და ცოდვათა გადასაწონად უკანასკნელ სამსჯავროზე“.

დავითმა მართლმადიდებლური სიწმინდენი მოილოცა და შეამკო შესაწირავით. წმინდა მეფის ღვაწლის წარმოსაჩენად ალბათ მარტო ,,სხუად ათინად და მეორედ იერუსალიმად“ წოდებული გელათის აკადემიის დაარსებაც იკმარებდა.

წიგნი და ხმალი არასოდეს გაუშვია ხელიდან. ერთ–ერთი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულმა მეფემ ხმალი ქარქაშში ვერ ჩააგო, რადგან ,,ფრიადისა ცემისაგან ხმალმანცა დაღულარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი“. ამის პარალელურად ახერხებდა და ასწრებდა წელიწადში ოცდაოთხჯერ წაეკითხა ,,სამოციქულო“.

 

ესრეთი არს თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა

,,სამოციქულოს“ მკითხველს, ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულს, ცხადია, ღრმად ჰქონდა შეგნებული მნიშვნელობა დავით მეფსალმუნის სიტყვებისა, რომლითაც ის უფალს მიმართავს: ,,ხელმან შენმან მოისრნა წარმართნი და დანერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანა და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯვენამან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო იყვენ შენ იგინი“. უფალი განაგებს ბრძოლის შედეგს: ,,შენ გამო მტერნი ჩვენნი დავრქენეთ და სახელითა შენითა შეურაცხვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე“.

დიახ, მხოლოდ მახვილზე როდი ვამყარებდით სასოებას. საქართველოში მოსულ მტერს ყოველთვის განაცვიფრებდა ქართველთა ის საკრალური ძალა, რომლის შესახებაც პლატონ იოსელიანი აღნიშნავს: ‚,ქართველთ ესრედ მრავალსაუკუნოებით გამოცდილთა ცეცხლში, ვითარცა პური გამომცხვარი, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერცა გარეგანი მწუხარება, გაღებული თავისუფლებით და განლაღებული მთებით, ეცნობოდა ბედსაცა და უბედობასაცა.

...ესრეთი არს თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველსა კაცთა ნათესავთა შორის“.

საიდუმლო ამ ‚,თვისებისა“ და ‚,ხასიათისა“ სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ძალა უარვყავით და სათნოებას დავემყარეთ _ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახარებისეული ქრისტიანული სახელმწიფო შევქმენით. აი, სწორედ ამაზე გადის ქართველობის ძარღვი, ,,ნიშატი ერისა“, რომელიც განაპირობებს ისტორიული ბედის მეტამორფოზებს.

უსჯულოებს განაკვირვებდათ ქართველ მხედართა შემართება და სიკვდილისათვის მზაობა. მათთვის შეუცნობელი იყო ,,სიკვდილითა სიკვდილის ძლევის“ და მარადიული სიცოცხლის მოპოვების საიდუმლო.

თუნდაც გავიხსენოთ დიდგორის ბრძოლის წინ, დავით აღმაშენებლის სიტყვა, რომლითაც მან მეომრებს მიმართა: ,,ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით; და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“.

ეს სიტყვები ღვთაებრივი მადლმოსილებით არის აღბეჭდილი. ჟამთააღმწერელი ხმამაღლა აცხადებდა: ,,არა არს წესი ჩვენ ქართველთა უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩვენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შევაქციოთ დაღათუ იყოს სიკვდილი“. ზურგშეუქცევლობა ოდითგანვე მოსდგამდათ ქართველ მამულიშვილებს, როგორც ჩანს, საუკუნეთა მანძილზე ქართულ ცნობიერებაში ღრმად იბეჭდებოდა სამხედრო-სამამაცო ,,ზნენი“. და ეს ქრისტიანული მრწამსით იყო ნაკარნახევი. ბრძოლის ველიდან გაქცევა მხოლოდ სამშობლოს ღალატი და მოძმეთა შერცხვენა როდი იყო, არამედ ღვთისგმობა და უსჯულოება.

 

წყნარად, უშფოთველად, გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო...

დიდგორის ხეობაში საქართველოს მეფე გაუმკლავდა მაჰმადიანების საუკეთესო სარდლებს; მან სრულად დაამარცხა სპარსეთის სულთანისა და მისი ამირების შეერთებული ძალები. ალბათ საინტერესო იქნებოდა კოალიციური ლაშქრის მეთაურთა ვინაობის ჩამოთვლა, რომელთა ამპარტავნებასა და დიდებას წერტილი დაუსვა ჩვენი სასიქადულო მეფის ლაშქარმა: 1)ნეჯმ ალდინ ილღაზი _ გაერთიანებული არმიის მთავარსარდალი, ბაღდადის გამგებელი, ციხესიმაგრე მარდინისა და ალეპოს მფლობელი, სელჩუკ მფლობელთა შორის უძლიერესი. დავითის ისტორიკოსი მას მოიხსენიებს: ,,კაცი მარჯვე და მრავალღონე“. სომეხი ისტორიკოსი კი მას უწოდებს _ ,,ზვიადი“ და ,,ძლიერი“. ილღაზის მხედართმთავრული ნიჭის წყალობით სასტიკად დამარცხდენენ ჯვაროსნები, რის შემდეგაც მას ეწოდა ნეჯმ ალდინ _ ,,სარწმუნოების ვარსკვლავი“; 2)ლურბეიზ სადაყას ძე _ არაბეთის მეფე, ,,ესე იყო კაცი მხნე და მეომარი. მან დაატყვევა ქალაქი ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულტან ტაფარისთან, რომელსაც სძლია და გაიმარჯვა“; 3)თოღრულ მუჰამედის ძე _ ყაზვინის, ზენგანის, გილანის, ასანის და განჯის გამგებელი; 4)თუღან არსლან კუზიანი _ თურქი ამირა, ბითლისის და არზანის პატრონი; 5)განძის ათაბაგი, რომელიც სულთნის ბრძანებით გამოვიდა საბრძოლველად.

სპარსეთის სულთანმა ლაშქრის უფროსობა ილღაზს უბოძა. ,,ვინ უწყის, რაოდენი სანეტარო იმედი და წადილი ებადებოდა გულში ამ ბედისაგან გალაღებულ სარდალსა“ (ნ. ურბნელი). მოკლედ, ,,შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა“.

ჩვენს მეფეს შედარებით ცოტა ჯარი ჰყავდა. საბრძოლველად გამოიყვანა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ფრანგი, სულ 55 600 მეომარი, ოთხჯერ ნაკლები _ ვიდრე მტერმა. მაგრამ ამ მცირე ჯარს დავით აღმაშენებელმა ძლევის სული შთაბერა, რადგან ,,წყნარად, უშფოთველად, გამოცდილებით და ბრძნად განაგო... უშიშმან და ყოველმან უძრავმან გულითა“.

საქართველოს ჯარი დავით აღმაშენებელმა დიდგორის მიდამოებში განალაგა. დიდგორის მთა თრიალეთის ქედის სისტემაშია.

დავითმა ბრძოლის დროს მეტად საინტერესო ხერხს მიმართა. ორასი მოლაშქრე გამოჰყო და დააწინაურა. ხმალჩაგებული მომავალი ორასი მხედარი მტერმა მოღალატეებად ჩათვალა და ღრმად შეუშვა თავის განლაგებაში. შემდეგ კი... ორასივემ იშიშვლა ხმალი და მტერს გონს მოსვლა არ დააცალა, ისე დაიწყო მუსრის გავლება. მტერი დაიბნა და აირ-დაირია. ამასობაში ნიჩბისის ხევიდან დავითის სარდლობით ქართველთა ლაშქარი ჩაება ბრძოლაში. დიდგორის ერთ–ერთი მთიდან კი დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირად დაბანაკებულ მტერს ჟლეტვა დაუწყო; ,,იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე, რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან მთები იძროდნენ“ _ გადმოგვცემს მათეოს ურჰაეცი.

პირველი შებრძოლებისთანავე მტრის ბანაკი შეირყა, აიყარა და გაიქცა. ქართველი მეომრები სასტიკად გაუსწორდნენ მომხდურ მტერს. თურქთა გვამებით ,,აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი“. რა თქმა უნდა ქართველ მოლაშქრეთა შორისაც იყო გარკვეული მსხვერპლი, მაგრამ ეს მტრის ლაშქრის დანაკლისთან შედარებით იმდენად მცირე ყოფილა, რომ ისტორიკოსი აცხადებს: ,,დავითმა თავისი სპანი დაიცვნა უვნებლადო“.

,,ორმოცი ათასი მაჰმადიანი იმსხვერპლა ამ ომმა და ათი ათასი ტყვე დარჩა მეფეს. რვა დღე სდევნიდნენ ქართველები ილღაზის უკუქცეულ ჯარს. თვით ილღაზი თავში დაიკოდა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მაგრამ მაინც მალე მოკვდა. ფლავი და ნესვი ჭარბად მიირთვა და კუჭს გადაჰყვა. მაგრამ ამ სათაკილო სიკვდილს სამარცხვინო დამარცხება აღემატებოდა. დიდი ლაშქრის პატრონმა და გულდიდმა სარდალმა მხოლოდ ათასი მეომარი გაიყოლა. ურიცხვი და ძვირფასი ალაფი დასტოვა და ხელცარიელი დაბრუნდა შინ“ (ნ. ურბნელი).

 

წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას

ამ ბრძოლაში არნახულად გამოვლინდა უხილავი, მფარველი ძალის მონაწილეობა. მემატიანე დავით აღმაშენებლის შესახებ მოგვითხრობს: ,,რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას, და წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისნი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა“.

ეს იყო ომი ღვთის სჯულის დასაცავად.

დიდგორის ველზე, დიდი გამარჯვების ადგილზე, დღეს აღმართულია ხმალ-ჯვრები, რაც კიდევ ერხელ გვახსენებს ქართველის ცნობიერებაში გაერთიანებულ რჯულისა და მამულის განუყოფლობას.

,,ღვთისადმი ხელის აპყრობით, ლოცვით, ღვთის შემწეობის იმედითა და ,,წესიერად ბრძოლით“ სძლია მტრის ურიცხვ ლაშქარს ქართველთა მეფემ, რომელმაც სიკვდილის წინ ,,ანდერძში“ დაწერა: ,,ვერ უძლე დატევებად საწუთროისა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთრომან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა განმიყვანა წინაშე მსაჯულისა“.

,,სულის კაცად დაბადებული მეფე იძულებით იყო ჩაბმული სააქაოსთვის ბრძოლაში; განგებამ წარმავალს ამსახურა წარუდინებელის ტრფიალი“. მისი გულის დაფარულს ამხელს მემატიანის სიტყვები, ნათქვამი მის გარდაცვალებაზე: ,,აგრეთვე ჟამსა შინა შვენიერსა მოუწოდა ღმერთმან შემყვარებელსა თვისსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. არღარა მიუშვა მრავალჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკვიდრობითა“.

დასასრულს, მოვიხმობთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სიტყვებს 2007 წლის საშობაო ეპისტოლედან:

,,მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: ,,ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“. (ინ. 16,33). მაშ, იბრძოლეთ ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი“.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq