მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა... ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულს ისტორიკოსები ახასიათებენ, როგორც რთულ, წინააღმდეგობრივ პიროვნებას. ჟამთააღმწერელი კი დასაწყისშივე გამოყოფს მეფის გამორჩეულ თვისებას – ხელი გაუმართოს დავრდომილებს, გლახაკებს, ქვრივებს: ,,რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა, გინა სხვათა კაცთა, რამეთუ აქვნდა ჩვეულება: აღიღის საფასე და აღდგის ღამე და მოვლის ქალაქი და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი და თვისითა ხელითა მისცემდის და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთვის გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხვივნენ მეფესა''. მოყვასის სიყვარულისა და შეწყალების უნარი ჭეშმარიტი ქრისტიანის სულიერი შრომით იყო შთაგონებული... ,,ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათასხუთასი მუხლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო''. დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესია-მონასტრების კეთილმოწყობას: ,,და აღაშენნა ქუეყანანი მოოხრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზვარნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი და განაგო განგებითა კეთილითა''. დემეტრე მეფის გვერდით ჟამთააღმწერელი გვიხატავს სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის, ჭეშმარიტი მართლმადიდებლის, პორტრეტს: ბექა იყო ,,ეკლესიათა და მონასტერთა და ღმრთის მოსავთა კაცთა პატივისმცემელი, მლოცავი, რომელ არა დააკლდის ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, ვითარ ტიბიკონი მოსცემდის წესსა ლოცვისასა''. შემდეგი ფრაზით კი მიგვანიშნებს დემეტრე მეფის განსხვავებულ ბედზე, მისი მისიის გამორჩეულობასა და იშვიათობაზე: ,,მეფე დიმიტრი წარემატებოდა ღვთისმსახურებითა და კაცთმოყვარებით''. მამის, დავით ულუს, გარდაცვალების შემდეგ 11-12 წლის დემეტრე ქართველმა დიდებულებმა მონღოლთა ყაენს – აბაღას მიჰგვარეს ურდოში. დემეტრეს მცირეწლოვნობის გამო დამოუკიდებლად არ შეეძლო საქართველოს მესაჭეობა. ყაენმა მას მეფობის დასტური უბოძა, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, მეურვედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. სადუნი – ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნდობით აღჭურვილი, მისივე ნების აღმსრულებელი პირი იყო, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც დემეტრე მონღოლთა ყაენის კარზე იმყოფებოდა, მან სადუნ მანკაბერდელს ათაბაგობა უბოძა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, სადუნი წარმოგვიდგება, როგორც ვერაგი, მოხერხებული, გამჭრიახი გონების მქონე, მომხვეჭელი პოლიტიკოსი, რომელმაც განსაცვიფრებელი სისწრაფით შეიძინა სიმდიდრე. ამ სიმდიდრის წყალობით იგი თავისუფლად ახერხებდა თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას, ეგოისტური მიზნების განხორციელებას, რისთვისაც ყველა საშუალებასა და ღონეს იყენებდა. საცოლის მოსაპოვებლადაც ისევე, საშუალების განურჩევლად, მოქმედებდა, როგორც ქონების ხელში ჩასაგდებად. მან ანგარებით ითხოვა ცოლად ახალციხელის ასული. სადუნ მანკაბერდელი თვალთმაქცურად ცდილობდა ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებასაც, რისთვისაც შემოწირულობებს არ იშურებდა და ცდილობდა მაშინდელი გავლენიანი სამონასტრო კერები მონღოლთა გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა. ამ პიროვნების მიმართ დემეტრე მეფის დამოკიდებულების შესახებ ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს: ,,გაუმაძღარი მადიანობა, გაბატონებულ მონღოლთა დაუფარავი მომხრეობა, მისი პარპაში, სადუნ მანკაბერდელს მეფისათვის უსიამოვნო პიროვნებად ხდიდა'', მაგრამ მეფე იძულებული იყო დათმობებზე წასულიყო. 15 წლის მეფე დემეტრეს პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის – კომნიანოსის ასული. ხოლო მეფის და – თამარი იძულებული გახდა არღუნის შვილს მისთხოვებოდა, რადგანაც არღუნს და დავით ულუს შორის ეს გარიგება წინათვე შემდგარი იყო. საგულისხმოა, რომ დემეტრეს მეტად გაუჭირდა ამ ფაქტთან შეგუება: ,,ვითარ ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა შთავარდა, და სულითა ტკივნეულითა ეძებდა ღონესა, რამეთუ სძაგდა წარმართისა ქორწინებად დაი მისი ქრისტეს აღმსარებელი, გარნა არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მიეცა''. როდესაც არღუნი მოკვდა, მისმა შვილმა თავისი მეუღლე, თამარი, დროებით ირანიდან თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ ძალით გათხოვილი თამარი თავის ქმარს გაექცა და მთიულეთს შეაფარა თავი. სადუნ მანკაბერდელმა გადაწყვიტა თამარის ცოლად შერთვა. ამ მიზნით მის ქმარყოფილს შეევაჭრა და მონღოლური წესის თანახმად მისგან იყიდა. ამის შემდეგ დემეტრეს და თვითონ თამარსაც მიმართა. მონღოლთა ხელში ყოფნას თამარმა, ეტყობა, ისევ საქართველოში დარჩენა ამჯობინა. არც დემეტრესთვის უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც სასურველი ეს ქორწინება, მაგრამ მანაც უარესში უკეთესი ირჩია. ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი ყველაზე მეტად სადუნს უხაროდა, რადგან ამით საქართველოს მეფის სიძობასაც გამოჰკრა ხელი. ჟამთააღმწერელი საგანგებოდ საუბრობს დემეტრე მეფის სამხედრო ნიჭსა და სიმამაცეზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინდელი პირობების გამო ეს ნიჭი მხოლოდ მონღოლთა ინტერესებს ემსახურებოდა. დემეტრე II მონაწილეობდა გილანის დალაშქვრაში (1278 წ.), ეგვიპტის სულთნის მელიქ მანსურის წინააღმდეგ (1280 წ.) და ქალაქ ამასიასთან გამართულ ბრძოლებში (1281 წ.). მიდრკეს გზისგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად ჟამთააღმწერელი, როგორც პირუთვნელი მეისტორიე, საქართველოს იმდროინდელი დაცემისა და უბედურების მიზეზად უმეტესად ღვთის დავიწყებას, ქვეყნის მკვიდრთა მრავალ ნაკლულევანებას, ზნეობის დაცემას, გრძნობისმიერ სამყაროში ჩაძირვას, სიბილწეს მიიჩნევს. იმდროინდელი საქართველოს სურათს იგი ასე აღწერს: ,,მიდრკეს გზისგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანა სამნი ცოლნი''. დემეტრემ მეორე ცოლად შეირთო მონღოლთა ნოინის ასული – სოლღარი. ეს ქორწინებაც პოლიტიკური მოსაზრებით მონღოლთა საამებლად მოხდა. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, ამ შემთხვევაში მეფე გულისთქმისგან იძლია. მას შეუყვარდა ბექა ჯაყელის ასული – ნათელა. გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში. ამიტომაც მოიტაცა იგი, რომლისგანაც მეფეს შეეძინა ,,უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა'' – გიორგი V, ,,ბრწყინვალედ'' წოდებული. ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე ჟამთააღმწერელი განაგრძობს ქართველი ერის ცოდვების ჩამოთვლას: ,,მთავართა იწყეს ხელის შეხება საყდართა და მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოფელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა – საყდარსა ზედა დიდებულსა აწყვერისასა''. ჟამთააღმწერელი არ ერიდება სასულიერო პირთა გაკიცხვასაც, რადგან მათაც დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება: ,,არავინ იპოებოდა სიმართლის მყოფელი, რამეთუ იყო მღვდელმთავარი და მღვდელი ლაღ, ამპარტავან, ანგარ, ბოროტისმყოფელ, უწესო... იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ''. სამცოლიანობით გამოირჩეოდა სადუნ მანკაბერდელიც, რომელსაც ფრიად შეაჩვენებდა კათალიკოსი ნიკოლოზი, კაცი მოხუცებული და მართლმკვეთელი''. ეკლესიაშია დავანებული ადამიანთა ხსნა, ამიტომაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები უშიშრად, გაბედულად ებრძვიან და ამხელენ უკეთურებას, რომელიც ქვეყნის განადგურების მიზეზად ქცეულა: ,,დაღათუ ამათ უწესობათა დიდათ ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოსი და ნიკოლოზ მაწყვერელი ჯუანშერის ძე, გარნა არავინ ყურად იღებდა სიტყვასა მათსა''. როგორც ჩანს, მღვდელმთავარნი, მიუხედავად ყველა ღონისძიებისა, უძლურნი არიან ზეგავლენა მოახდინონ. მეფე დემეტრე ,,აქამომდე კეთილად მმართებელი, სისრულისგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავა საქმენი მათნი უძღებებისა და სიძვისა''. მან თავისი მცირეწლოვანი ასული – რუსუდანი ცოლად მისცა ბუღას შვილს, ,,რომლისათვის დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი ფრიად აბრალებდა და ღმრთისა სასჯელთა თვალუხვავობასა აქადებდა''. უნდა აღინიშნოს, რომ ჟამთააღმწერელი პირუთვნელად, მიუკერძოებლად ააშკარავებს მეფის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებსაც, რადგანაც იგი მიმდევარია პრინციპისა: ,,ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე''. ღმერთისთვის ხომ ისედაც ყველაფერი კარგადაა ცნობილი. სასულიერო პირები ამხელენ მეფეს, ამით ისინი არამარტო მეფის, არამედ მთელი ერის გადასარჩენად იღვწიან, რადგან მეფე ზნეობრივი მაგალითის მიმცემია ერისათვის. ნიკოლოზ კათალიკოსი განრისხებული ამხელდა მეფეს, მაგრამ ,,ვერ არწმუნა. ამისთვის დაუტევა კათალიკოსობა''. კათალიკოსად მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაამი აკურთხა, ხოლო ,,თვით წარვიდა მამულად თვისად, მოხუცებული, და მუნ იყოფოდა მრავლითა მოღვაწებითა, მარხვითა, მღვიძარებითა და გლახაკთა მოწყალებითა და სათნოებათა ტვირთითა უფლისა მიმართ მიიცვალა''. როგორც ჩანს, ნიკოლოზ კათალიკოსმა თავისი მისია ბოლომდე აღასრულა. მისმა მხილებამ გარკვეული ხნის შემდეგ მაინც უთუოდ იქონია გავლენა დემეტრეს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. შვილნი შენი მიმოდაიბნინენ და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარყოს სიმდიდრე შენი მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოზ კათალიკოსისა: ,,საღმრთოითა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლით განბრწყინვებული... ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთვის ქორწინებისა და ასწავებდა სიწმიდესა და მოახსენებდა ტაძარ ღმრთისა ყოფასა ჩვენთა და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა, ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთა მოწყალებასა და ლმობიერებასა და უხვებასა... მდინარეთა მათ მწვირიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა... და მთავართა ამხილებდა უწესობათა''. მეფემ არ შეისმინა ღვთისმშობლის შთაგონებით მოვლენილი მონაზვნის სიტყვები და მაშინ თვით განგება ამეტყველდა ბასილის პირით: ,,უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენი მიმოდაიბნინენ და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარყოს სიმდიდრე შენი''. გაკვირვებულმა მეფემ ვერაფერი უპასუხა მას, ,,რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივსმცემელ''. იმ ხანად გამობრწყინდნენ პიმენ სალოსი, რომელმაც ,,ნათესავიცა ლეკთა წარმართობისგან მოაქცივნა'' და ,,დიდიცა იგი მოღვაწე ანტონი, ნათესავით მესხი''. ისინიც ამხელდნენ მეფის უზნეობას და მას საღმრთო გზისკენ მიუთითებდნენ. დემეტრეს გვერდით მოიხსენიება აბრაჰამ I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი XIII-XIV საუკ. მიჯნაზე, რომელიც ,,კეთილად მართებდა საჭეთა ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი'', სამეფოთა კეთილი გამგებელი. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს დემეტრე II-ს მეფობის დროს ,,უსჯულოებათა ჩვენთა სამხილებლად'' ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა. აღდგომის სიხარულად გამზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძველითურთ შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა. ეკლესია-მონასტრები დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავმა, კუპრისმაგვარმა წყალმა ამოხეთქა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა, გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე, ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დააბრალეს არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მძახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე ბედი ელოდათ მის ნათესავ-მომხრეებსაც. ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისაგან ხმობა. მეფის მიერ სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღებისას მის გვერდით დგანან კათალიკოსი, ,,ეპისკოპოსნი, მონასტერთა და უდაბნოთა გარეჯისა მღვდელ-მონაზონნი''... მეფე დემეტრე წუხს იმის გამო, რომ ყაენთან მისი არგამოცხადების შემთხვევაში ,,...რავდენი სული ქრისტიანე სიკვდილს მიეცემის და ტყვე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯვარნი დაიმუსვრიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან''. შემდეგ იტყვის: ,,აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენისა წინაშე''. ამ ფრაზით მეფე გამოხატავს საკუთარ თავისუფალ ნებასაც და ღვთის ნებისადმი მორჩილებასაც, რაც გვირგვინდება ღვთის წმიდა ნების აღიარებით: ,,იყოს ნება ღვთისა!'' დარბაზის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები, დემეტრე მეფის პოზიციის ურყეობა, მისი აღსასრული და ჟამთააღმწერლის შეფასება წმიდა წერილის სულითაა გაჯერებული: ,,უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომ ქვეყანა უვნებლად დარჩეს... მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა...'' ეს სიტყვები განმსჭვალულია საკუთარი ხალხისადმი მამობრივი სიყვარულითა და ზრუნვით: ,,მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კვლად უღონო არიან და არარა აქვნ ნუგეშინისცემა''. შეიძლება პარალელი გაივლოს მაცხოვრის სიტყვებთან: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის''. დემეტრე არად აგდებს მიწიერ სამყოფელს, ,,ყოველ სოფელს'' და ზეციურ სასუფეველს, ზესთასოფელს მიელტვის: ,,რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო'' (აქაც მას მოჰყავს სახარების ფრაზის ციტირება). წინაშე ღმერთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე დემეტრე მეფის სიმტკიცეში დარწმუნებული სამღვდელოება მზად არის, თავად იტვირთოს მეფის ყველა შეცოდება: ,,აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათვის, ჩვენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა... და უკეთუ ერთისა მოყვასისათვის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხვთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს''. სამღვდელოება მეფეს თავისი აღმატებულობის რწმენაში განამტკიცებს. განსაცდელის ჟამს ასევე მეფესთან მოიხსენიება ,,მღვდელმონაზონი, გაზრდილი მისი მოსე''. სამღვდელოება მეფეს მიმართავს: ,,წინაშე ღმერთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე''. აქ ვლინდება, რომ საკუთარი სიცოცხლის გაღებით, მღვდელმთავართა ლოცვითა და მოწმობით დემეტრე ყველა ცოდვისგან განიწმინდება და მიიღებს ახალ სიცოცხლეს ღვთის სასუფეველში. ასე ძვირად, სისხლის დათხევის ფასად, უჯდება უფლის რჩეულს მონანიება. დემეტრეს ქონებას ჩამოართმევენ, ხელებს შეუკრავენ, არგნებით სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, როგორც ერთ უპატიოთაგანს. აღსასრულის წინ იგი ილოცებს, ეზიარება და მშვიდად მოუდრეკს მახვილს ქედს. მაცხოვრის ჯვარცმისას ჩამომდგარი წყვდიადი მეორდება ჟამთააღმწერლის თხზულებში: ,,მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად და იქმნა სიბნელე დიდი. და ყოველნი წარმართნი განკვირდეს. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარის და საქართველოს წამებულის მეფისასა. რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი''. მაშასადამე, თავდადებით, განგებისადმი სრული მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისთვის მოწამეობით ცნაურდებიან ,,ცხებულნი ღმრთისანი''. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ მათ ხელი აიღეს უფლისწულის – დავითის მოკვლაზე. დემეტრეს ცხედარი აბრაამ კათალიკოსმა და მოსემ საქართველოში მალულად ჩამოასვენეს და სვეტიცხოველში ,,სამარხთა მამათა მათთასა'' დაკრძალეს. საგულისხმოა ერთი გარემოება: შთამომავლობამ და ისტორიამ საქართველოს მეფეთაგან მხოლოდ დემეტრეს მიაკუთვნა თავდადებულის წოდება, რადგან მან თავისი ერის გადასარჩენად თავი დადო. წმ. მეფე დემეტრე თავდადებულმა პირნათლად აღასრულა სახარებისეული მცნება: ,,უფროის ამისა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისათვის'' და მარადიულ ნეტარებას ეზიარა. |