საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ენა და დამწერლობა

ენა და სახელმწიფო
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
(საქართველოში რუსული კულტურის ქართული კულტურით გადაფარვის აუცილებლობის შესახებ)

უფალმა ღმერთმა ინება კაცობრიობა აეშენებინა ერებისა და სახელმწიფოების სახით, ისტორიულად ცივილიზებული დედამიწა მუდამ სახელმწიფოებად იყო დაყოფილი, სახელმწიფოებს ერები ქმნიდნენ და, როგორც ითქვა, კაცობრიობის მთელი ისტორია ერებისა და სახელმწიფოების ისტორიაა, რომელსაც მათი ურთიერთობანი ქმნის. აქედანაც ჩანს, რომ ერები და სახელმწიფოები ღვთის ნებითაა შექმნილი. ქართველი ერის უპირველესი მისია ამჟამად არის განამტკიცოს თავისი სახელმწიფო, რისთვისაც საჭიროა, რომ იგი ჩამოყალიბდეს ვითარცა თანამედროვე ერი. მან უნდა შეძლოს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს საზღვრებს შიგნით მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის საქართველოს მოქალაქეებად, ანუ ერად ჩამოყალიბება. თანამედროვე ერად ჩამოყალიბების შემდეგ კი, როცა ის უკვე მიიღებს თავის სახეს, უფალი ღმერთი მას, ისევე როგორც სხვა ერებს, გამოიყენებს მსოფლიოს ცივილიზაციის მშენებლობის დიად საქმეში. იქამდე კი, როგორც ითქვა, თანამედროვე ერად, ჩამოყალიბება უნდა იყოს საყოველთაო საზრუნავი. ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საშუალებანი ამისა? დიახ, თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოთა გამოცდილების მსგავსად ორი უმთავრესი მოთხოვნილების შესრულებაა საჭირო. ესენია:

1) ქართველი ხალხის შიდა კონსოლიდაციის დაჩქარება,

2) საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოში.

ჩვენს მეზობელ თურქეთში XX საუკუნის დასაწყისში თურქთა ეროვნული კონსოლიდაციის დასაჩქარებლად იღწვოდა თურქ ინტელიგენტთა საზოგადოება. მათ დაამკვიდრეს თურქულ საზოგადოებაში თანამედროვე ერის ცნება. მალე ეს საზოგადოება გადაიქცა თურქეთის მმართველ პარტიად, რომლის წესდების თანახმად გარკვეული განსხვავებაა იმ ერებს შორის, რომელნიც წარსულში არსებობდნენ და თანამედროვე ერებს შორის.

თანამედროვე ერების ჩამოყალიბების პროცესი იწყება ქვეყნის ფეოდალური დანაწევრების დაძლევის, ერთიანი ცენტრალიზებული, ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, ერთიანი საერთო შიდაეკონომიკური ბაზრის შექმნითა და შიდაეთნიკური საზღვრის მოშლით. ყოველივე ეს ეთნოჯგუფებსა და ეროვნებებს ერთიან ერად ჰკრავს (ო. გიგინეიშვილი, „ნაციონალიზმის ქემალისტური დებულება”, კრებულში „მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია”, თბ. 1983. გვ.145-146). ო. გიგინეიშვილი აღნიშნავს: “თურქეთში ნაციონალიზმის დებულება გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს შექმნას, რომლის საფუძველი იქნება თურქი ერი, სწორედ ამ პრინციპით “ერთი ერი -ერთი სახელმწიფო” იქმნებოდნენ თანამედროვე საფრანგეთი,გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ევროპის სახელმწიფოები,

რომლებსაც ეროვნულ სახელმწიფოებს უწოდებენ, მართლაც ერთეროვანნი არიან” (იქვე, გვ. 146).

ევროპის სახელმწიფოების მოწყობის სისტემის შესაბამისად თურქეთში რეფორმების გატარებამ საფუძველი შეუქმნა თურქეთის სახელმწიფოს დაარსებას და თურქი ხალხის სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას. მსგავსადვე მოხდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია ბულგარელებისა, რუმინელებისა, ბერძნებისა და სხვა ხალხებისა.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, სამწუხაროდ საქართველო (ალბათ ჯერჯერობით) უფრო ემსგავსება კონგლომერატს კონფესიურად, კულტურულად, ლინგვისტურად და რაც მთავარია, ეთნიკურად ერთმანეთისაგან დაშორებული მოსახლეობისა. აი, სწორედ ამ ხალხების გადაქცევაა საჭირო თანამედროვე ერთიან ერად, ისევე როგორც ეს მოახერხეს ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა.

საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების ინტეგრაცია არ გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, მაგალითად, აზერბაიჯანელები ქართველ ეთნიკურ ჯგუფად გადაიქცევიან, არამედ იმას, რომ ისინი შეინარჩუნებენ შიდა ეთნიკურ თავისთავადობას, მაგრამ საქართველოს თანამედროვე ერის ნაწილად იქცევიან ქართული ენის ცოდნით, საქართველოს საკუთარ სახელმწიფოდ აღიარებით, მისი კულტურის მატარებლობით, მის სრულფასოვან მოქალაქეებად გადაქცევით.

რა უშლის ხელს საქართველოს ხალხების ინტეგრაციას? – ერთიანი კულტურის არარსებობა. კულტურა ხალხთა გამაერთიანებელი უდიდესი ძალაა, საფუძველია ერთობისა. სახელმწიფოებრიობასთან, საერთო მოქალაქეობასა და სამართალთან ერთად საერთო ქართულმა კულტურამ უნდა შექმნას სამომავლოდ საქართველოს ერის იერსახე და მისი მთლიანობის ნიშნად იქცეს. საქართველოს ნაციას უნდა ჰქონდეს კულტურული ერთობის განცდა.

ძველად, XIX საუკუნემდე, ქართული კულტურა აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებს. გრიგოლ რობაქიძე თავის “გველის პერანგში” ასეთ ამბავს აღწერს. სპარსეთში – ერთ-ერთ ბაღჩაში ქეიფია, ქართველების სუფრასთან ახლოს სომხებს აქვთ სუფრა გაშლილი, სომხები ქართულად საუბრობენ, ადღეგრძელებენ თამარსა და დავით აღმაშენებელს, ამბობენ “ჩვენი თამარი”, “ჩვენი მეფე დავითი”, საქართველოს ადიდებენ. ეს კი იქვე მოქეიფე ქართველებს უკვირთ. ნ. მარის სიტყვითაც, XIX საუკუნემდე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართული ენა იყო კავკასიის ხალხებისათვის ერთაშორისი ურთიერთობის ენა. ქართული ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს დაღესტნელი დიდოელები და ჭარ-ბელაქნელი (აზერბაიჯანელი) ლეკები, ქართული ენა იცოდნენ ჩეჩენი და ადიღეველი ხალხების დიდებულებმა, საქართველოში მცხოვრებმა მუსულმანების შესაბამისმა ფენებმა.

სამწუხაროდ, რუსთა 200-წლიანი ბატონობის შედეგად, ქართულმა ენამ და ქართულმა კულტურამ საქართველოშივე დაკარგა ერთაშორისი ურთიერთობის ფუნქცია.

ფაქტიურად საქართველოში ამჟამად არსებობს რამდენიმე ტოლხარისხოვანი კულტურა. ესაა ქართული, რუსული, სომხური და სხვა ეთნოსების კულტურები. ყველა ისინი, რუსულის გარდა, თავის ეთნოჯგუფებში არსებულ ჩაკეტილ სისტემებს წარმოადგენენ. მხოლოდ რუსული კულტურა აერთიანებს საქართველოში არსებულ სხვადასხვა კულტურებს. მაშასადამე, ქართული კულტურა კი არ ფარავს სრულიად საქართველოს, არამედ უცხო, სხვა ერის კულტურა, როგორც ითქვა, ესაა რუსული კულტურა. შესაბამისად რუსული ენა საქართველოში წარმოადგენს ერთაშორისი ურთიერთობების საშუალებას. ესაა ეროვნული ტრაგედია, რომელიც ამჟამად ერთერთი უდიდესი შემაფერხებელი მიზეზია საქართველოს ხალხების ინტეგრაციისა ერთიან ერსახელმწიფოდ (სამწუხაროდ ამ ტრაგედიის განცდა თითქმის არა აქვს ჩვენს საზოგადოებას).

აი, როგორ გადაჭრეს მსგავსი ვითარება ჩვენმა მეზობლებმა. ქემალ ათათურქის და რეფორმატორების მიზანი იყო მოეშორებინათ ოსმალეთის იმპერიული მემკვიდრეობა, რომელიც ხელს უშლიდა თურქეთში მცხოვრები ტომებისა და ხალხების ერთიან ერად კონსოლიდაციას. ამიტომაც მათ თავდაპირველად არა ეკონომიკასა და მრეწველობას მიაპყრეს ყურადღება, არამედ კონსოლიდაციის უპირველეს იარაღს – ენას, კულტურას, ნაციონალიზმს. ო. გიგინეიშვილი წერს – “ოსმალური ენა, ყოფილი იმპერიის ანუ მმართველი ზედაფენის ენა, განსხვავდებოდა ეროვნული თურქული ენისაგან. ამიტომაც რეფორმატორებმა ყურადღება მიაპყრეს თურქულ ენას, მის განვითარებასა და სახელმწიფოში გავრცელებას, რათა თურქულ ენას მინიჭებოდა პრიორიტეტი ძველი იმპერიის ენასთან შედარებით.

რეფორმატორთა მიერ ოსმალეთის იმპერია განიხილებოდა, ვითარცა კოსმოპოლიტური (არაეროვნული) სახელმწიფო. ახალ თურქეთში თურქული ენა და კულტურა დაუპირისპირდა ძველ იმპერიულს (ოსმალურს). ერთმანეთს დაუპირისპირდა ოსმალური და თურქული ლიტერატურა, ოსმალური და თურქული მუსიკა, ოსმალური და თურქული მორალი. ფილოსოფია, ეკონომიკური დოქტრინები, ყველაფერი ოსმალური გამოცხადდა კოსმოპოლიტურად, თურქული

-ეროვნულად, ნაციონალურად. ასე ყალიბდებოდა თანდათანობით ეროვნულისა და ნაციონალურის გაგება” (ო. გიგინეიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ.149).

რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? თურქი ნაციის ჩამოსაყალიბებლად, რათა ის გამკლავებოდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესს. როგორც ო. გიგინეიშვილი წერს “რათა თურქეთს საშუალება მისცემოდა გამკლავებოდა ევროპის მოძალებას, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის მეშვეობით გაძლიერდა, თურქეთის წინაშე უპირატესობა მოიპოვა და გადმოვიდა მის წინააღმდეგ” (იქვე, გვ.148).

რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენი მეზობლის მაგალითით? ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი სახელმწიფოს დასაყრდენის – ქართველი ხალხის კონსოლიდაციის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად საჭიროა წარსულის იმპერიული მემკვიდრეობის დაძლევა ანუ საქართველოში რუსული კულტურის, ქართული კულტურით გადაფარვაა აუცილებელი!

თურქეთში, როგორც ითქვა, კოსმოპოლიტურად, ე.ი. არაეროვნულად მიიჩნეოდა ოსმალეთის იმპერიის ენა, კულტურა, წეს-ჩვეულებები, რომელთაც ებრძოდნენ იმით, რომ დაურიდებლად აძევებდნენ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროდან და მათ ნაცვლად ამკვიდრებდნენ ეროვნულს. ჩვენში ძველი იმპერიის ენის ე.ი. რუსულის მიმართ შესაბამისი მიდგომები უნდა შემუშავდეს. ზემოთმოყვანილი დევიზის პერიფრაზა ალბათ ასეთი უნდა იყოს – “ქართულ ენასა და კულტურას საქართველოში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რუსულთან შედარებით”, იგულისხმება მთელი საქართველოს მოცვა ქართული კულტურით, ენით, ლიტერატურით, მუსიკით, მორალით, ფილოსოფიით, ეკონომიკური დოქტრინებით. ყველაფერი რუსული უნდა გამოცხადდეს იმპერიულ-კოლონიალურ ნაშთად, რომელიც აფერხებს საქართველოს სხვადასხვა ხალხების

ინტეგრაციას. ამით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, რადგანაც სწორედ ეს გზა აქვთ არჩეული ჩვენს ყველა მეზობელ ერს. მაგალითად, XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთში ფრანგული ენისა და კულტურის მომხმარებელმა ზედაფენებმა ნაპოლეონის ომების შემდეგ უარყვეს ფრანგული ვითარცა დამპყრობლის ენა და კულტურა, რომლის ადგილი ნაციონალურმა (რუსულმა) დაიჭირა.

ქართული ენის გავრცელებას ძველ საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საქართველოდ ის ტერიტორია მიიჩნეოდა, სადაც ქართული ენით ადიდებდნენ უფალს და ქართული ენით ლოცულობდნენ. დღეს მსოფლიოში მსგავსი პრობლემების გადაჭრა დაკისრებული აქვს მასმედიას, მასობრივ კულტურას, ტელევიზიას, განათლების სისტემებს. საყოველთაო განათლება – სკოლები საქართველოში უნდა იყოს ქართულენოვანი, ამის მიღწევა ალბათ ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ტელეპროგრამები საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართულენოვანი. არ შეიძლება სახელმწიფო და ქვეყნის მომცველი კერძო ტელეარხები გადასცემდნენ რუსულენოვან ფილმებსა და პროგრამებს, ეს სხვა ქვეყნებში წარმოუდგენელია. საქართველოს სამხრეთ რეგიონებში – ესაა ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონებშიც ტელევიზია ძირითადად რუსულენოვანია, ქართული ენა გაძევებულია რუსული, სომხური და აზერბაიჯანული (თურქული) ენებით. თვით საზოგადოებრივი არხიც კი – რუსულენოვან ფილმებს აჩვენებს არცთუ იშვიათად, როგორც ითქვა, ეს სხვა ქვეყნებში წარმოუდგენელია. სხვა სფეროშიც თითქმის ასეთი ვითარებაა, გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე და თქვენ იხილავთ გასაყიდი წიგნების უწყვეტ თაროებს – მაგრამ აი, საოცრება, ესაა ძირითადად რუსულენოვანი წიგნები, საქართველოს არც ერთი, არც სახელმწიფოებრივი და არც კულტურული ფენები ამას არც კი განიცდიან, იმდენადაა გამსჭვალული რუსული კულტურით საქართველოს საზოგადოებრივი სფერო – რუსული ენისა თუ წიგნების ეს ბატონობა შეუმჩნეველიც კი რჩება. ამის შედეგია ის, რომ არა თუ არაქართული ეთნიკური წარმომავლობის, არამედ თვით ქართველი ბავშვებიც კი საქართველოს ტელევიზიიდან სწავლობენ რუსულ ენას, ითავისებენ რუსულ კულტურას. ამის შედეგად ქართველებისათვის რუსული კულტურა თითქმის მშობლიურად იქცა, რუსული ენისა და კულტურის ათვისების გამო ქართველები რუსეთს თითქმის მშობლიურ ქვეყნად მიიჩნევენ, მიდიან იქ საცხოვრებლად და სამუშაოდ, ადვილად ეგუებიან გარემოს. მილიონი ქართველი რუსეთში ცხოვრობს ან რუსეთზეა საქმიანობით დამოკიდებული, ეს იწვევს მათ სწრაფ ასიმილაცია გარუსებას, მეორე მხრივ, ქართველის მიერ რუსული კულტურის გათავისებით დაზარალდება საქართველოს სახელმწიფო. ამის შედეგი იქნება საქართველოს ვითარცა არ შემდგარი კულტურის სახელმწიფოს დაშლა-დანაწილება, რადგანაც ვერ გაავრცელა თავისი ეროვნული კულტურა და ახალ ეპოქაში, თანამედროვე ვითარებაში, ვერ დაიცვა სულიერი ეროვნული ღირებულებები.

მართალია, XX საუკუნეში უფალმა აღუდგინა თავისუფლება საქართველოს, მაგრამ ქართველმა ხალხმა თავისი ჯვარი ვერ მიიტანა ბოლომდე, ვერ ჩამოყალიბდა ნაციად და ამით ვერ გახდა მკვიდრი ამქვეყნიური მომავალი დიდებისა. უფალმა მოგვცა ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ეკლესია, უძველესი კულტურა, ენა, ჩვენ მხოლოდ ერთი მოვალეობა დაგვაკისრა მათი დაცვა, განმტკიცება და განვრცობა.

რეგიონებში ქართული კულტურის განვრცობა და ცენტრალიზებული სახელმწიფოს აღორძინება ჩვენი ხალხის მოვალეობად და ღირსების საქმედ უნდა იქცეს უფლის შემწეობით.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ:

გლობალიზაციის საყოველთაო პროცესი საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას კულტურულ და ცნობიერ კავშირს ისტორიულ ფესვებთან. ამ პროცესის შესახვედრად თვით უძლიერესი ერებიც კი ემზადებოდნენ (ცენტრალიზებული ნაციონალური სახელმწიფოს დაარსებით, ფეოდალური დანაწევრების დაძლევით, საერთო შიდაეკონომიკური ბაზრის შექმნით, ერთიანი კულტურული სივრცის ჩამოყალიბებით, შიდაეთნიკური საზღვრების მოშლით).

უძველესი ხანიდან XIX საუკუნემდე ქართული ენა და კულტურა აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხებს. რუსეთის 200 წლიანი (XIX-XX ს.ს.) ბატონობის შემდეგ, საქართველოში ერთაშორისი ურთიერთობის ენა არის არა ქართული, არამედ რუსული. ფაქტობრივად რუსული კულტურა აერთიანებს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ეთნოსების კულტურებს (იგულისხმება აზერბაიჯანული, სომხური, თვით ქართული, ოსური, აფხაზური და სხვა). რუსული ენისა და კულტურის მიერ ქართულის შეზღუდვამ, ამ უკანასკნელს ჩამოართვა ფუნქცია ხალხთა გამაერთიანებლისა, რადგანაც კულტურა მოქალაქეთა მთლიანობის უმთავრესი ნიშანი და ერთობის საფუძველია. კულტურული ერთობის განცდა საქართველოს შვილების (ერის) მთლიანობის ნიშანი იყო ძველად, რაც დღეისათვის ჩანაცვლებულია არაეროვნულით (რუსულით), ეს ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს ეთნოსების (ხალხების) შეფერხებული ინტეგრაციისა.

ამ ვითარების გამო აუცილებლად მივიჩნევთ, რომ სამომავლოდ ქართულ ენასა და კულტურას საქართველოში მიენიჭოს პრიორიტეტი რუსულთან შედარებით. იგულისხმება საქართველოს მოცვა ქართული ენით, ლიტერატურით, მუსიკით, ფილოსოფიით, კულტურით, ეკონომიკური დოქტრინებით. სახელმწიფომ ქვეყანაში უნდა გაატაროს შესაბამისი ენობრივი პოლიტიკა, ქართული ენის სახელმწიფოებრიობა რეალურად უნდა განხორციელდეს.

აღნიშნულის განსახორციელებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საინფორმაციო საშუალებების (ტელეხედვის, რადიომაუწყებლობისა და ინტერნეტის) ქართულენოვანებას. ქართულმა ტელეარხებმა ყველა გადაცემა უნდა განახორციელონ სახელმწიფო ენით, ისევე როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ქართული კულტურისათვის დამამცირებელია, რომ საქართველოს მხარეების უდიდესი ნაწილი ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ჩრდილოეთის მთიანეთი, ქვეყნის სხვა ოლქები წარმოადგენს რუსულ და უცხოენოვან ტელე და რადიო სივრცეს და (არა ქართულს). თვით თბილისის რადიო და ტელეარხების 30-40% რუსულენოვანია, ქართველი ბავშვები ტელევიზიის საშუალებით სწავლობენ რუსულ ენას, ითვისებენ რუსულ კულტურას, ამის შედეგია ის, რომ რუსეთში სამუშაოდ გასული ასეულათასობით ქართველს უცხო გარემოსთან შეგუება უადვილდება ენის ცოდნის გამო. ამიტომაც ხდება რუსეთში მათი სწრაფი ასიმილაცია, საქართველოს სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილის დაცარიელება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტელე და რადიო დიქტორთა მეტყველებას. მათი საუბარი გასაგები უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისათვის. არა მხოლოდ თურქეთისა და ირანის მკვიდრ ქართველებს, არამედ თვით საქართველოს მსმენელს უჭირს

ტელე და რადიო დიქტორთა უზომოდ აჩქარებული და აქცენტირებული მეტყველების აღქმა, მითუმეტეს, მათი მოსმენა უჭირთ საქართველოში მცხოვრებ იმ აზერბაიჯანელებსა თუ სომხებს, რომელთაც სახელმწიფო ენის ათვისება სურთ.

საქართველო, ვითარცა მცირერიცხოვანი ქვეყანა, როგორც აღინიშნა, უფრო მეტად უნდა შეემზადოს გლობალიზაციის პროცესის შესახვედრად ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებით, შესაბამისად, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის მიზნით, ამჟამად საქართველო არ უნდა დაიყოს კუთხური ნიშნით შექმნილ რეგიონალურ მხარეებად. ამან შეიძლება სამომავლოდ ქვეყნის მთლიანობას საფრთხე შეუქმნას. შესაძლოა, ამგვარმა დაყოფამ ხელი შეუწყოს სეპარატისტული ტენდენციების ჩანერგვასა და განვითარებას რეგიონალური ხელისუფლების მხრიდან (მაგალითად ისე, როგორც ეს მოხდა

ე.წ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში”), ფედერალური მოწყობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოსათვის. მით უმეტეს სახიფათოა ამ ნიშნით ჯარის (თუნდაც სარეზერვოსი) ჩამოყალიბება, ასევე სამხარეო პროკურატურებისა, ძალოვანი სტრუქტურებისა და განათლების სისტემისა.

ივანე ჯავახიშვილს გარკვეული აქვს, რომ საქართველოს ერთიანობას მუდამ ემუქრებოდა თემობრიობა, კუთხურობა, ერთიანი საქართველოს დაშლა-დანაწევრება XV-XVI სს-ში ამ მიზეზით მოხდა – “თემობრიობამ თავისი გაიტანა და სრულიად საქართველოს მეფე დამარცხდა” (ივ. ჯავახიშვილი, ტ. IV. ნაწ. I. გვ. 191).

ფეოდალიზმის დროისათვის დამახასიათებელი “ქართველი ერის წიაღში არსებული (ტომობრივ-გეოგრაფიული) თემობრივი თავისებურება” არყევდა საქართველოს მთლიანობას შუა საუკუნეებში. ფეოდალური დანაწევრების ეტაპი უკვე განვლეს გლობალიზაციის მომლოდინე სხვა ქვეყნებმა (მაგ. თურქეთმა, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და სხვა) და ჩამოყალიბდნენ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებად.

ამჟამად შუასაუკუნეობრივი სამართლებრივი მოდელის მიხედვით საქართველოს რეგიონებად დაქუცმაცება არის ეთნიკური სახელმწიფოებრივი დაქუცმაცების რეანიმაცია. ეს ძლიერ შეუშლის ხელს ქართველი ერის კონსოლიდაციასა და საქართველოში მცხოვრები ეთნოჯგუფების ინტეგრაციას საქართველოს მოქალაქეებად, რაც ასე ძლიერ სურთ ჩვენს იმპერიულ მეზობლებს და აიძულებენ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებს საქართველო ფედერაციულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბონ, თუმცა ქართველ ერს ამის სურვილი არ აქვს (ამიტომაც წერდა ჩვენი პოეტი მურმან ლებანიძე “ქართლ-კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ, გურიად, ვისაც ჩვენი დაყოფა და გათიშვა სწყურია ან ჭკვიანი მტერი არის ან უგნური მოყვარე”).

გლობალიზაციის პროცესის ღირსეულად შესახვედრად ქართველმა ერმა უნდა განამტკიცოს თავისი სახელმწიფო, შეძლოს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის მოსახლეობის ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რისთვისაც უპირველესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქართული ენისა და კულტურის გავრცობას.

საისტორიო სამეცნიერო ჟურნალი – სვეტიცხოველი, 2009, № 1, გვ. 77-83 (247)

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq