 | ვიქტორ ნოზაძე | საქართველოს უდიდეს გვარებს შორის ერთ-ერთი თვალსაჩინოა ნოზაძეთა გვარი. XX ს-ის 90-იანი წლების მონაცემებით მათი რაოდენობა 10784 სულია, ამთგან ხაშურში 2958 სული ცხოვრობს, თბილისში – 2304, საჩხერეში – 987. ნოზაძეთა გვარი შეაკავშირა გამოჩენილი მეცნიერის, მწერლისა და დაუცხრომელი ეროვნული მოღვაწის ვიქტორ ნოზაძის უმდიდრესი შემოქმედების გადარჩენის აუცილებლობამ. ვიქტორ ნოზაძე დაიბადა 1893 წლის 17 სექტემბერს, ზემო იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ მოძვში. მან წარჩინებით დაამთავრა ჭიათურის რეალური სასწავლებელი, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1920 წელს ვ. ნოზაძე დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ, სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, განათლების გასაგრძელებლად ევროპაში გაგზავნა, მაგრამ საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა, მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, მიუხედავად ამისა, მას მამულისათვის თავდადებული სამსახური არ შეუწყვეტია. საკვლევ თემად შოთა რუსთაველის უკვდავი ,,ვეფხისტყაოსანი'' აირჩია და ამ მსოფლიო შედევრის განმარტებანი მრავალტომეულებად დაბეჭდა, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული საზღვრების დადგენაში, ყველაფერს აკეთებდა, რომ ერთმანეთს დაპირისპირებული ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები როგორმე შეერიგებინა. 1975 წლის 24 აპრილს 82 წლისა გარდაიცვალა. ანდერძ
 | მოძვის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია | ის თანახმად, დაკრძალულია პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ვიქტორ ნოზაძის სახელი და ღვაწლი საბჭოთა საქართველოში ლეგენდასავით დადიოდა. სასტიკი აკრძალვის მიუხედავად მისი ნაწარმოებები საბჭოთა საქართველოში მაინც აღწევდა და მკითხველთა უდიდეს ინტერესს იწვევდა. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ უცხოეთში გადახვეწილი ვიქტორ ნოზაძე უაღრესად განსწავლული მამულიშვილი და ქართველი ერის თავგანწირული მოჭირნახულე იყო. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ნოზაძეებმა თავიანთი გვარის შეკავშირებისათვის ვიქტორ ნოზაძის შარავანდედით შემოსილი სახელი გამოიყენეს და სწორადაც მოიქცნენ, ის ხომ ქართველი ერის გაერთიანების, დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების ჭეშმარიტი თეორეტიკოსია. მან იდეალურად გააგრძელა 1790 წლის ტრაქტატის სულისკვეთება, სოლომონ ლიონიძის ზეშთაგონებულ ნააზრევს შემდგომი განვითარება მისცა. ამ სულისკვეთებას ახალი სიცოცხლე მიანიჭა და ააღორძინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც 2009 წლის 14 ოქტომბერს უფლის კვართის დღესასწაულისა და სვეტიცხოვლობის დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მაღალ ამბიონიდან მრევლს აუწყა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით, მსგავსად ,,ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა'' (1790 წ.) შეიქმნა ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.). 2004 წლის 30 ივლისს ნოზაძეთა საგვარეულო კავშირმა – ,,ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების'' სახელწოდებით ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა და, როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირმა, მოქმედება დაიწყო. გამგეობამ პირველსავე სხდომაზე განიხილა და ქვეყნის რეგიონებში საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები შექმნა, ყველგან იქ, სადაც ნოზაძეთა დიდი გვარი განსახლებულია და მამულის საკეთილდღეოდ იღწვის. წესდების მიხედვით საგვარეულო კავშირი გვარიშვილთა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მრწამსის და ქართული ეროვნული ცხოვრების წესის, ტრადიციების აღორძინებას ისახავს მიზნად, თითოეულ ოჯახთან, პიროვნებასთან ამყარებს სისხლხორცეულ კავშირს, რათა უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის განაწყოს. კავშირად გაერთიანებულ სარწმუნოებრივად ორგანიზებულ გვარს რწმენის, ეროვნული თვითშემეცნების ამაღლებასთან ერთად, მოყვასის გაჭირვებისგან დახსნა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა შეუძლია. აი, რისთვის იღწვის ნოზაძეთა გვარი. მათი შემოქმედებითი ურთიერთობა გამოჩენილ მეცნიერთან და საზოგადო მოღვასწესთან გურამ შარაძესთან ნაყოფიერი გამოდგა, მისი რედაქტორობით გამოიცა ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური ნაშრომების პირველი სამი ტომი: ,,ვეფხისტყაოსნის ფერთმეტყველება'', ,,ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება'' და ,,ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება''. სულ 10 ტომის გამოცემაა განზრახული. მაგრამ ეს საშვილიშვილო წამოწყება ჯერჯერობით შეაფერხა გურამ შარაძის ვერაგულმა მკვლელობამ, თუმცა გვარი იმედოვნებს დაწყებულ დიდ ეროვნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ნოზაძეთა საგვარეულო კავშირი ზრუნავს, რომ ვიქტორ ნოზაძის მშობლიურ სოფელ მოძვში გაიხსნას მისი სახლ-მუზეუმი. სოფლის სკოლასა და დაბა საჩხერის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭოს ამ გამოჩენილი მოაზროვნის სახელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს დაენიშნოს ვიქტორ ნოზაძის სახელობის სტიპენდია და ა.შ. ფრიად მოკრძალებული სურვილებია. ვიქტორ ნოზაძე სრულიად საქართველოს ჭეშმარიტ მამულიშვილთა ბრწყინვალე, უდიდესი წარმომადგენელია. მისი სახელისა და შემოქმედების უკვდავყოფისთვის აუცილებლად დედაქალაქშიც უნდა იყოს ქუჩა და სხვა მემორიალური ადგილები. ნოზაძეთა საგვარეულო კავშირმა ნიჭიერ ახალგაზრდა ვახტანგ ნოზაძეს, რომელიც უსინათლოა, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა, ის უკვე მრავალი ენის მცოდნეა და უეჭველია, სასახელო პიროვნებად ჩამოყალიბდება. ნოზაძეთა გვარი კარგა ხანია თავის საგვარეულო მატიანეზე მუშაობს. ვიმედოვნებთ, ეს წიგნი საქართველოს ისტორიას გაამდიდრებს. გვწამს, გვჯერა ნოზაძეთა დიდი გვარი ვიქტორ ნოზაძის ღვაწლით და მადლით შეკავშირებული, საგვარეულო და ეროვნულ-საკაცობრიო მნიშვნელობის მრავალ საქმეს გააკეთებს. |