 | გვარების შესწავლისას მათი კლასიფიკაცია ხდება როგორც ლინგვისტური (ენობრივი), ისე ექსტრალინგვისტური (არაენობრივი) ნიშნების მიხედვით. წმინდა ლინგვისტური ნიშანია, მაგალითად, გვარის დაბოლოება (სუფიქები და სუფიქსოიდები), ექსტრალინგვისტური ნიშანია გავრცელების სიხშირე. როგორც ერთი, ისე მეორე ნიშნის მიხედვით ქართული გვარების შესასწავლად საგულისხმო ცნობებია წარმოდგენილი ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნში ,,გვარ-სახელები საქართველოში’’ (1997 წ.), რომელიც ეკონომიკური რეფორმებისა და მასობრივი პრივატიზების პროცესში მოპოვებულ სტატისტიკურ მასალას ემყარება. იგი მოიცავს საქართველოს მთელ მოსახლეობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით. აქვე უნდა ითქვას, რომ წიგნში არც ის წვრილ-წვრილი გვარებია შეტანილი, რომლის წარმომადგენელთა (თანამოგვარეთა) რაოდენობა ოც სულზე ნაკლებია. ჩვენი აზრით, ეს ამ წიგნის მნიშვნელოვანი ხარვეზია. თუკი იშვიათი ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც კი წითელ წიგნში შეაქვთ, რომ გაუფრთხილდნენ და მოუარონ მათ, განა ადამიანთა მცირე გენეტიკური ჯგუფი, რომელთავ გვარი აერთიანებს, უფრო მეტ ზრუნვასა და ყურადღებას არ იმსახურებს?! გამოჩენილ ქართველ მწერალს გიორგი შატბერაშვილს თავის ლექსიკონში, ,,თვალადური ქართულის ჭაშნიკში’’, შეტანილი აქვს სიტყვები გვართხელი და გვარგამრავლებული, რომელთაც ასეთი განმარტება ახლავს: ,,გვართხელს, გვართხელებს ეძახიან იმათ, ვისი გვარიც შეთხელებულია და არ მრავლდება, ამოწყვეტაზეა მიმდგარი. გვართხელი ლიტერატურულ თუ სასაუბრო ენაში გავრცელებული გვარგამრავლებულის საპირისპირო სიტყვაა და მან თავისი ადგილი უნდა დაიკავოს ქართულში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა პატარა ერის შვილის გულში უსიამოვნო გრძნობას იწვევს’’ (,,ჭაშნიკი’’, 1964, გვ. 39). მწერალი აქვე იშველიებს თანამოკალმის – სულხან ქეთელაურის ცნობას, რომ ხევსურეთში გვარგამრავლებულებს ,,კაცრიელნი’’ ჰქვიათ, გვართხელებს კი – ,,უკაცურნი’’ ან ,,კუნწზე მისულნი’’. ასეთი გვარის კაცებზე ხევსურები იტყვიან: ,,ცას ბეწვით ღბიან’’-ო. მართლაც, უთუოდ საჭიროა დახასიათების შემცველი რაიმე სიტყვა (ზედსართავი სახელი) შეთხელებული, გაქრობის პირამდე მისული გვარების აღსანიშნავად, მაგრამ ,,გვართხელი’’, ჩვენი აზრით, საამისოდ არ გამოდგება, რადგან თვითონ შეიცავს ,,გვარ’’ სიტყვას და ,,გვართხელი გვარი’’ ტავტოლოგიური გამოთქმაა. ,,უკაცურს’’ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს და ამიტომ არც ის გამოდგება. თუ არჩევანზე მიდგება საქმე, ვფიქრობ, უკეთესია ზოგ დიალექტში (იმერულში, კახურში, მთიულურში) გავრცელებული სიტყვა ნამლევი/ნალევი (კვერცხი, საპონი, მთვარე...), ასევე შეიძლება ითქვას ნალევი (ნამლევი) გვარი. საერთოდ უნდა ითქვას, ქართული გვარები სათანადოდ აღნუსხული ჯერ კიდევ არ არის. ა. სილაგაძისა და ა. თოთაძის ზემოხსენებულ წიგნში, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე სრულია, შეტანილია დაახლოებით 13 600-მდე გვარი. მათ შორის საკმაოდ დიდია არაქართული გვარების რიცხვი. მეორე მხრივ, როგორც ვთქვით, აქ გათვალისწინებული არ არის ზოგიერთი რეგიონის მონაცემები, აღრიცხული არ არის აგრეთვე ნალევი გვარები. ამ გარემოებათა გათვალისწინებით გვარების რეალური რიცხვი საქართველოში ალბათ ორი-სამი ათასით კიდევ გაიზრდება და სავარაუდო ციფრად შეიძლება 16 000 ჩაითვალოს. აქედან საკუთრივ ქართული გვარების ფონდი 11-12 ათასის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ. ა. სილაგაძისა და ა. თოთაძის წიგნში ცალკეა წარმოდგენილი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ათასი გვარის სია, სადაც თითოეულს ფრჩხილებში მიწერილი აქვს სიხშირის (თანამოგვარეთა რაოდენობის) მაჩვენებელი ციფრი. ამ სიას, რომელიც დალაგებულია კლებადი სიხშირით, სათავეში უდგას ბერიძე (24.797 სული), ბოლოში კი მოქცეულია ბოხუა (1064 სული). საინტერესოა, რომ გვარების ეს ათასეული მოიცავს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს, მაშინ როცა მეორე ნახევარზე მოდის დაახლოებით 12 600-მდე გვარი. საქართველოს მასშტაბით ათასი სული ერთი გვარისათვის არ არის მცირე რიცხვი, მაგრამ არცთუ დიდად ჩაითვლება. ვფიქრობთ, გვარგამრავლებულთა კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ გვარები, რომლებიც 5000 და მეტ თანამოგვარეს აერთიანებენ, ასეთი კი საქართველოში სულ 78 გვარია. საქართველოში დღეისათვის ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი, როგორც უკვე ვთქვით, არის ბერიძე. ესაა ჯერჯერობით ერთდერთი გვარი, რომლის წარმომადგენელთა (თანამოგვარეთა) რიცხვი ოც ათასს აღემატება. ათიათასიდან ოციათასამდე თანამოგვარეს ითვლის 12 გვარი: კაპანაძე (18 550), გელაშვილი (17 995), მაისურაძე (16 516), გიორგაძე (14 582), კვარაცხელია (13 618), ლომიძე (12 949), შენგელია (12 764), წიკლაური (12 499), ხუციშვილი (11 062), ბოლქვაძე (11 059), ნოზაძე (10 784), აბულაძე (10 438). შემდეგ მოდის 4 გვარი, რომელთაგანაც თითოეულს 900-ზე მეტი თანამოგვარე ჰყავს. ესენია: გოგოლაძე, ტაბატაძე, მიქელაძე, მჭედლიშვილი. 8000ზე მეტ თანამოგვარეს ითვლის მომდევნო რვა გვარის თითოეული წარმომადგენელი: ცერცვაძე, დოლიძე, მამედოვი, აბაშიძე, მახარაძე, მაჭარაშვილი, თოდუა, დიასამიძე. 7000 და მეტი თანამოგვარით არიან წარმოდგენილნი: მეტრეველი, შონია, ქათამაძე, ქავთარაძე, ჯაფარიძე, კობახიძე, ჭელიძე, ფიფია, ფუტკარაძე. 6000-ზე მეტ სულს ითვლიან გვარები: ჩხაიძე, ბარბაქაძე, ჯავახიშვილი, სამხარაძე, ჭანტურია, დუმბაძე, მელაძე, ცეცხლაძე, მოდებაძე, ჯიქია, ცინცაძე, გაბუნია, შუბითიძე, ბოჭორიშვილი, სიხარულიძე, დავითაძე, ჩუბინიძე, სურმანიძე, სიჭინავა, გოგოხია, ქარდავა. 5000-ზე მეტი თანამოგვარით წარმოგვიდგებიან: სვანიძე, გრიგორიანი, ნაჭყებია, ხაჩიძე, დანელია, ალიევი, აბრამიშვილი, კურტანიძე, რაზმაძე, მუმლაძე, დვალიშვილი, ჯინჭარაძე, ხურციძე, თურმანიძე, რობაქიძე, კალანდაძე, კიკნაძე, ქობალია, ნადირაძე, გურგენიძე, წულაია, აფციაური, ჯანელიძე. აი, ეს გვარები, რომელთაგანაც თითოეული ხუთ ათასზე მეტ სულს ითვლის, საქართველოს მასშტაბით შეიძლება მივაკუთვნოთ გვარგამრავლებულთა კატეგორია, როგორც ვნახეთ, ასეთია სულ 78 გვარი, რაც საქართველოში დღეისათვის აღრიცხული გვარების 0,5 %-ს შეადგენს, ხოლო ამ გვარების მატარებელ მოქალაქეთა რიცხვი ერთად საქართველოს მოსახლეობის 12 %-ს უდრის. ამ ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მინდა მკითხველს მოკლედ გავაცნო რამდენიმე ნალევი გვარის ისტორია, რათა კონკრეტულად წარმოვიდგინოთ, რამდენ საინტერესო მასალას იძლევიან ისინი და რამდენად დასანანი იქნება მათდამი გულგრილი დამოკიდებულება მომავალში. ზოგი მათგანი ისეა მილეული, რომ მის ჯერ კიდევ ცოცხალ წარმომადგენელთა ჩამოსათვლელად ცალი ხელის თითებიც კმარა. ერთ-ერთი ასეთი გვარის ერთადერთი წარმომადგენელი გაგვაცნო რამდენიმე წლის წინ გაზეთმა ,,თბილისმა’’ (16-17 თებერვალი, 2005 წ.). ესააა შვედეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მზეგულ ეშქერიძე. მისი წინაპრები ტაო-კლარჯეთიდან ყოფილან. ბაბუა მზეჭაბუკ ეშქერიძე აქტიურად იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ, რის გამოც იძულებული გამხდარა მთელი ოჯახით ემიგრაციაში წასულიყო თურქეთში. იქ მას 1932 წელს შესძენია ვაჟი, ლაშა, შემდეგ კი – ორი ქალიშვილი. ლაშა ეშქერიძე 1962 წელს დაუნიშნიათ თურქეთის სამხედრო ატაშედ ჩრდილოეთ ევროპაში. ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც შეურთავს იქაური საზღვაო ოფიცრის ქალიშვილი. 1964 წლის დეკემბერში შესძენია ვაჟი, რომლისთვისაც მზეგული დაურქმევია. მალე ლაშა თურქეთში დაუბრუნებიათ, მისი მეუღლე და პატარა მზეგული კი სტოკჰოლმში დარჩენილან. ლაშა ეშქერიძე გასული საუკუნის დამლევს გარდაცვლილა. გვარის გამგრძელებლად დარჩა მხოლოდ მზეგულ ეშქერიძე, რომელიც პირველად 2005 წელს ჩამოვიდა საქართველოში, აქ მოინათლა და შეირთო ქართველი ქალი. ბედნიერება და გამრავლება ვუსურვოთ მათ ოჯახს, რომ ისევ აღორძინდეს და გამრავლდეს ეშქერიძეთა გვარი. საქართველოს სამეფო დინასტიის საგვარეულო სახელი ბაგრატიონი ნალევი გვარების რიცხვს არ მიეკუთვნება. ამ გვარს მეოცე საუკუნის მიწურულში ჩვენს ქვეყანში 427 მოქალაქე ატარებდა. სამეფო დინასტიის პირობაზე ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ მათ შორის ორ მესამედზე მეტი აჭარელია, რომლებიც არათუ სამეფო დინასტიას არ ეკუთვნიან, საერთოდ არ არიან პრივილეგირებული წოდების შთამომავლები. ბაგრატიონთა რიცხვი აჭარელ თანამოგვარეთა ჩაუთვლელადაც რამდენიმე ათეულს შეადგენს, რაც საფუძველს გვაძლებს იმედი ვიქონიოთ, რომ ამ უძველესსა და უკეთილშობილეს გვარს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. სულ სხვაგვარი ვითარებაა ბაგრატიონების გამონაყოფ ერთ-ერთ შტო-გვარში, რომელიც საისტორიო წყაროებში იხსენიება სხვადასხვა ფორმით: ბაბადიში, ბაბადიშისშვილი, ბაბადიშვილი, ბადიშისშვილი... ამჟამად ამათგან გვარად დასტურდება მხოლოდ ერთი ფორმა – ბაბადიში, რომელსაც სულ შვიდიოდე მოქალაქე ატარებს (ამათგან საქართველოში – ექვსი). მათ შორის მხოლოდ ერთია მამაკაცი – მიხეილ გიორგის ძე – და მასაც ერთადერთი ასული ჰყავს (Станислав Думин, Петр Гребельский, Дворянские роды Российской Империи. Т. 4. Станислав Думин, Юрий Чиковани. Князья Царства Грузинского. Москва, 1998, с. 130). ამრიგად, თუ ბადიშთა გვარის რომელიმე ასული თავის ვაჟიშვილს ბაბადიშის გვარს არ მისცემს, ე.ი. საბუთებში თავის ქალიშვილების გვარზე არ გაატარეს, ეს გვარი სულ მალე მხოლოდ ისტორიის საკუთრებად იქცევა. ასეთია სამწუხარო რეალობა, არადა, თუ ისტორიას გადავხედავთ, ძალზე საინტერესო სურათი გადაგვეშლება თვალწინ. იოანე ბაგრატიონის ცნობით, ბაბადიშიშვილთა წინაპარი ,,არის ბაგრატიონთა შთამომავლობისა იმამყულისაგან და არიან თავადნი მესამისა ხარისხისანი’’ (გვ. 45). იმამყული-ხანი, იგივე დავით II, იყო ერეკლე I-ის უფროსი ვაჟი, რომელიც კახეთის სამეფო ტახტზე იჯდა 1703-1722 წლებში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ,,იყო ესე დავით პირმშვენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, წიგნნი და ენანი უწყოდა ორნივე წარჩინებულად’’ (ქართლის ცხოვრება, IV, 610). ამ ორ ენაში, თავისთავად ცხადია, იგულისხმება ქართული და სპარსული, რომელიც დავითმა მართლაც ბრწყინვალედ იცოდა. ამის დასტურია თუნდაც ,,ქილილა და დამანას’’ მისეული ქართული თარგმანი. დავით იმამყული-ხანი დაიბადა და იზრდებოდა ირანში, იქვე მიაღებინეს მაჰმადის რჯული. მუსლიმანური წესის მიხედვით, კანონიერი მეუღლისაგან დაბადებულ შვილებთან ერთად მეფის მემკვიდრეობად ითვლებოდნენ მხევალთაგან ნაშობი შვილებიც. ფიქრობენ, რომ იმამყული-ხანის ერთ-ერთმა ასეთმა ნაშიერმა მიიღო ბაბადიშიშვილის გვარი და შედარებით დაბალი (,,მესამე ხარისხის’’) თავადის წოდება (გ. ჯავახიშვილი, ბაგრატიონთა სახლის ერთი შტო და თელაველი ბაბადიშები: ,,გაზ. ,,ერეკლე’’, N 4, 6, X, 1996). გვარს საფუძვლად უდევს პიროვნული სახელი ბაბადიში, რომელიც დადასტურებულია ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში. სახელდობრ, ლევან დადიანის მიერ ხობის ტაძრისათვის მირთმეულ მამულების განახლების სიგელში (1628-1647 წწ.) შეწირულთა შორის იხსენიებიან ვაჭრის შვილები: ბაბადიში და მისნი ძმანი კახიაი და ვაჟი ბედაი (ქსძ, II, 210; პალ, I, 208). აქ ბაბადიში, ისევე როგორც კახია და ვაჟი ბედა, პირთა სახელებია და არა გვარ-სახელები, მაგრამ მომდევნო ხანის საბუთებში იგივე ბაბადიში და მისი ვარიანტული ფორმები – ბაბადიშისშვილი და ბადისშისშვილი უდავოდ გვარის მნიშვნელობით გვხვდება. სახელდობრ, სარუსთველო დროშის განწესებაში (1722 წ.). კახეთის სხვა თავადთა და აზნაურთა შორის იხსენიება ,,ბაბადიშისშვილი (ვარიანტი: ბადიშისშვილი) ყმით, სახელოთ’’ (ქსძ, II, 386); 1753 წ. განჩინებაში ვკითხულობთ: ,,ბაბადიში გიორგი საგინაშვილს მამუკას ახშანს ჩიტიშვილის მამულზე ელაპარაკებოდა და ახალდაბას ზურაბას ნაოფარზე და მთის მესამედზედ’’ (ქსძ, IV, 422). გეორგიევსკის ტრაქტატში კახეთის თავადთა შორის იხსენიება ბაბადიშიშვილი, რუსულად – Бабадов (გტ, გ. პაიჭაძის გამ., გვ. 58, 85). 1850 წ. აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა ოჯახების აღწერილობაში შეტანილია თავად ბაბადიშების ოთხი ოჯახი (Бабадышевы, N 256-269) სულ 6 სულის შემადგენლობით. ისინი ყველანი დაუოჯახებელი მამაკაცები არიან. მათგან ერთ ოჯახში (N 268) ერთად ცხოვრობს სამი ძმა, დანარჩენები კი ცალ-ცალკე, კენტად ცხოვრობენ. 1995 წლის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როგორც ვთქვით, ბაბადიშების გვარი გაქრობის პირამდეა მისული. სასურველია, სახელმწიფომ საგანგებო მზრუნველობა გამოიჩინოს ასეთი გვარების მიმართ. ყოველი ქართველისათვის კარგად ცნობილი გვარია გოგებაშვილი, რომლის პოპულარობაც დიდი პედაგოგისა დ საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება. გოგებაშვილები საეკლესიო გლეხები იყვნენ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დღესაც. მათი საერთო რიცხვი, ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, 687 სულს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ისე ცოტაა, რომ ამ გვარის გაქრობის შიში გაუჩნდეს ვინმეს. ამავე დროს პარალელურად არსებობს იმავე ფუძიდან ნაწარმოები და მისგან მხოლოდ ერთი ასო-ბგერით განსხვავებული გვარი გოგიბაშვილი, რომლის წარმომადგენლებიც აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდნენ. ისინი სამ შტოდ იყოფოდნენ: ნაწილი ტახტის აზნაურები იყვნენ, ნაწილი – თავად ფალავანდიშვილთა აზნაურები და ნაწილიც – თარხნიშვილთა აზნაურები. მათგან გეორგიევსკის ტრაქტატში რატომღაც მხოლოდ ფალავანდიშვილთა აზნაურები იხსენიებიან. ამჟამად გოგიბაშვილის გვარს სულ ორად ორი ადამიანი ატარებს. ამიტომ გასაკვირო როდია, რომ ამ გვარის არსებობა ბევრმა არც კი იცის, თუმცა, როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, ძველად ის საკმაოდ რიცხვმრავალი და რჩეული გვარი ყოფილა. ვახუშტი ბაგრატიონი გოგიბაშვილებს ,,ძველის გვარის’’ აზნაურთა შორის ასახელებს (ქ. ცხ. IV, 35), იოანე ბაგრატიონი კი მათ ისტორიას 630 წლიდან იწყებს (გვ. 107). გოგიბაშვილები წარმოშობით სამცხიდან ყოფილან. მნიშვნელოვან საისტორიო წყაროებში ,,კათალიკოსის სამწყსონი მისითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიათა გოგიბაშვილსა აქუს’’ (ქსძ, III, 242). სამცხე-საათაბაგოს მფლობელთაგან გოგიბაშვილებს ნაწყალობევი ჰქონიათ სადგერის ხეობა, მაგრამ XVII საუკუნის მეორე ნახევარში ისინი ამომწყდარან, რის შემდეგაც (1672 წ.) როსტომ ფაშას ეს ხეობა ქაიხოსრო ციციშვილისათვის უბოძებია (პალ, I, 680). გოგიბაშვილების გვარის აღმავლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ მათგანს – ვახუშტი გოგიბაშვილს ,,უხვედროდ’’ შეურთავს ლეონ მეფის ასული ქეთეონ, რის გამოც მისმა ძმამ იოსაფათმა სვეტიცხოველს საკანონო შესაწირავი მიართვა (1559 წ.) – შესწირა მაჭახელში ბეგრის გამომღები ოცდაათი კომლი ,,კარგი გლეხი’’ (კალ, I, 683). საფიქრებელია, რომ გოგებაშვილი და გოგიბაშვილი როგორც ეტიმოლოგიურად, ისე გენეალოგიურადაც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ როდის და როგორ მოხდა მათი წოდებრივი დიფერენციაცია, ეს ცნობილი არ არის. ახლო წარსულში, როგორც ჩანს, ეს ორი გვარი ისევ შეერწყა ერთმანეთს, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ ფორმათა ჭიდილში გაიმარჯვებდა გოგიბაშვილი, როგორც პრივილეგირებული წოდების გვარი, მაგრამ სინამდვილეში გაიმარჯვა გოგებაშვილმა, რაშიაც, ვფიქრობთ, გადამწყვეტი როლი შეასრულა იაკობ გოგებაშვილის სახელის პოპულარობამ. დღეისათვის გოგებაშვილების რიცხვი 687 სულს შეადგენს, რომლებიც მეტწილად თბილისში, ბოლნისსა და გურჯაანში ცხოვრობენ, გოგიბაშვილის გვარს კი არ თმობს მხოლოდ ორი მოქალაქე. ახლო მომავალი გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ისინი თავისი გვარის შენარჩუნებას და აღორძინებას. ენაკოღოფაშვილები (Энаклопов, Ениковопов) გეორგიევსკის ტრაქტატში სახასო აზნაურად იხსენიებიან. იოანე ბაგრატიონი მათ შესახებ წერს: ,,ამათი წინაპარნი იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული სომეხთა სჯულისა. ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოსა შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ და საკუთარნი მწერალნი მეფისა’’ (გვ. 50-51). ამრიგად, ენაკოლოფაშვილთა წინაპრები ყარაბახელი სომხები ყოფილან, რომლებიც საქართველოში დამკვიდრებულან და მეფის კარზე დაწინაურებულან აღმოსავლური ენების სრულყოფილად ფლობის წყალობით. ამავე მიზეზით შეურქმევიათ მათთვის ენაკოლოფა, რომელიც აზნაურის წოდების მიღების შემდეგ მათ ოფიციალურ გვარად ქცეულა (ენაკოლოფაშვილის ფორმით). ეს გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს: ბეჟან ენაკოლოფაშვილი მოხსენიებულია 1688-1693 წწ. საბუთებში. ის იყო ნაზარალიხანის მდივანმწიგნობარი, დამწერი მისი რამდენიმე საბუთისა. სამეფო კარის მდივანმწიგნობარი იყო აგრეთვე ფარემუზ ენაკოლოფაშვილი, რომლის მიერ შედგენილი საბუთები 1696-1699 წწ. თარიღდება (პალ. II, 133, 134). განსაკუთრებით დაწინაურებულან ენაკოლოფაშვილები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აზნაური მირზა აფრიამ ენაკოლოფაშვილი 1803 წ. ციციანოვისადმი მირთმეულ ,,მოხსენიებაში’’ ჩამოთვლის იმ პატივს, რაც მას მეფეთაგან ჰქონდა: ,,პირველ მქონდა მირზობა მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა, – წერს ის, – და რუსუმი მქონდა მირზობისა ყაზახიდამ პური იბ ხარვალი, რომელ მეფე გიორგიმ ყაზახის მახთიდამ ას თეთრად გამიწესა’’. ამას გარდა ის ყოფილა არახლოს ელის მოურავი და ღებულობდა ჯამაგირს შამშადალიდან, ჰქონდა ლაშქარნივისის სამოხელეო სარგო (მასალ. საქ. და კავკ. ისტ. 1949, ნაკ. I (26), გვ. 44). მირზას წოდება ნიშნავდა მეფის კარზე საქმის წარმოებას სხვადასხვა უცხო ენაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის საბუთებით ენაკოლოფაშვილები მეფეებისაგან ხშირად იღებენ ყმა-მამულის წყალობის წიგნებს. 1782 წ. მეფე ერეკლემ მათ უბოძა ,,ამოვარდნილი’’, ე.ი. უმემკვიდრეოდ გადაგებული სახასო აზნაურის შალიკაშვილის მამული ქვემო ქართლში. თვითონ ენაკოლოფაშვილებიც იძენდნენ ყმებს უმამულოდ. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ. აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ენაკოლოფაშვილები ტყვედ მოხვედრილან ირანში, მაგრამ მალე დაწინაურებულან და იქაც მაღალი თანამდებობები მიუღიათ. მათ შორის განსაკუთრებით დაწინაურდა მანუჩარ-ხანი, რომელიც ჯერ სამეფო ჰარამხანას განაგებდა, შემდეგ იყო ეშიფ-აღასობაში (ცერემონ-მაისტერი), მეფის კარის დაცვის ხელმძღვანელი, ისპაჰანის მმართველი, ბოლოს კი ლურისტანის და ხუზისტანის გამგებელი. გარდაიცვალა 1846 წელს, დაკრძალულია ყუმში (ალ. გვახარია, ერთი ფურცელი ქართულ-სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან: ,,ახლოაღმოსავლური კრებული’’, თბ., 1983, გვ. 198-201). მანუჩარ-ხანის ძმა იბრაჰიმი (იგივე აბრაჰამი) გარკვეულ როლს არულებდა კავკასიისა და თეირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში. ენაკოლოფაშვილების ერთ-ერთი წარმომადგენელი რაფიელ-ხან ენაკოლოფიანი გაუცვნია ცნობილ ქართველ მოღვაწეს ლადო აღნიაშვილს ირანში ყოფნის დროს XIX საუკუნის ბოლოს. პაპაჩემს სომხური ერთი სიტყვაც არ სცოდნია და აქ გავსომხებულვართო, – უთქვამს მას ლადო აღნიაშვილისათვის (ლადო აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, გვ. 54). ენაკოლოფაშვილების ერთ-ერთი უკანასკნელი შთამომავალთაგანი – ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფოვი იყო სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი საინტერესო გამოკვლევისა ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ამ გვარის მხოლოდ ორი მოქალაქე. |