საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

ხიმიკაურის ხმალი
კახა კენკიშვილმა

მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

"ძაღლიკავ ხიმიკაურო,

ლიქოკის ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი, თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს ვისაც აეკიდეო."

ერეკლეს ხმლით თავგაჩეხილი კოხტა ბელადი სულს რომ ღაფავდა, მეფის მხარდამხარ შვიდი ხევსური იბრძოდა, მათ შორის _ ძაღლიკა ხიმიკაურიც. ლეკ-ოსმალომ სარდლის უბედურება რომ დაინახა, არწივდაქროლებული წეროს გუნდივით გაიფანტა. ამასობაში ქართველებს დამხმარე ჯარმაც მოუსწრო. "ხმალი ამ წუნკლებსო!" - შეუძახა ერეკლემ თავის ვაჟკაცებს. 

მეფის გამარჯვებით გამხნევებული ლაშქარი დაერია ლეკ-ოსმალებს და ბალახივით დაუწყო თიბვა. განსაკუთრებით ძაღლიკა ხიმიკაურს გამოუჩენია თავი. თითო შემოკვრით კაცს თურმე შუაზე სხეპდა. ერეკლეს გულში ჩავარდნია მისი ხმალი. ომის დროს რაღას ეტყოდა, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა - ოღონდ დამითმე და რაც გინდა მთხოვეო.

- ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! - იუკადრისა ძაღლიკამ.

- ჩემს ხმალს მოგცემ, - უთხრა მეფემ - სართი კიდევ სხვა იქნება.

- ვაი დედასა მტრისასა, ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ!

ერეკლემაც იცოდა, რომ კარგი ვაჟკაცისთვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, რომ თვითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალი მეტისმეტად მოსწონდა...

ბოლოს დაუთმო ძაღლიკამ და სანაცვლოდ სხვა ხმალი და ერთი თოფი მიიღო, რომელიც ვაჟა-ფშაველას დროს ხევსურეთში, ხიმიკაურების ოჯახში ინახებოდა. ვაჟას თქმით, ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს" ეძახდნენ.

ასპინძის ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისა და ერთგულებისთვის მეფე ერეკლემ ძაღლიკა ხიმიკაურს სიგელით დიდი მამული უბოძა. ეს სიგელი ვაჟას 1895 წელს ძაღლიკას შვილიშვილთან უნახავს. პატრონი დავას აპირებდა თურმე - პაპაჩემისთვის ნაჩუქარი მამულით სხვანი სარგებლობენო.

ალბათ გაწყრა ძაღლიკა, "გულს შემაეყარა", რომ ხმალი "წაართვეს" და აღარც ადგილ-მამული ინდომა...

მას შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდან, პირველად ხიმიკაურს მოიკითხავდა, მაგრამ ხევსური სალაშქროდ გამზადებულებს აბარებდა: `უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკა..."

ზემოთ მოთხრობილი ამბავი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია 1902 წელს და საგაზეთოდ გაუმზადებია. ამავე წელს დაუწერია პოემა "ძაღლიკა ხიმიკაური", რომლის ფინალშიც მეფე ხმალს პატრონს უბრუნებს. სიუჟეტი ასეთია: ერთხელ ერეკლე ომში დაიბარებს ძაღლიკას. განაწყენებული ვაჟკაცი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სალაშქროდ გამზადებული ხევსურნი წინამძღოლს უხმობენ. ძაღლიკა მაინც არ მიდის. ბოლოს ცოლი შეარცხვენს: რად გინდა ხმალი, თუ მოხმარების თავი აღარა გაქვს და აღარც გული გერჩისო? აღელდა ძაღლიკა, გაჰყვა ლაშქარს და მეფესთან გამოცხადდა. ერეკლეს წესად ჰქონდა _ იარაღს უმოწმებდა თავის მებრძოლებს. ბოლოს ძაღლიკასაც უწია ჯერმა. ხიმიკაურმა ქარქაშიდან ამოსწია სატევარი და... ყველა განცვიფრდა _ ხის ხმლით წამოსულიყო ომში ხევსური. ერეკლეს წამით სახე შეეცვალა, მერე გაახსენდა ძველი ამბავი, გულიანად გადაიხარხარა და მისი ხმლის მოტანა ბრძანა. უთხრა:

"მაინც იძაღლე, ძაღლიკავ,

წაიღე, გერტყას, შენია!
ვინაც წელზეით შემოგხსნას,

ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!"

გახარებული ხევსური მუხლებზე მოეხვია მეფეს, მერე კი კაფა და კაფა მტერი.

არსებობს ამბის სხვა ვარიანტიც, რომელიც 1937 წელს ჩაუწერია თელავის მუზეუმის დირექტორს ალექსანდრე მამულაშვილს: ასპინძის ომში ერთ თუშს, გვარად დილოიძეს, დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მტერი რომ შემუსრეს და უკან ბრუნდებოდნენ, ჯარმა წალკის ხეობაში შეისვენა. მეფემ დილოიძე იხმო და ჯილდოდ მთელი წალკის ხეობა შეაძლია. თუში უკმაყოფილო დარჩა.

-მიწა-წყალი რომ მინდოდეს, განა ჩვენში მთა-ველი ცოტააო? _ მიუგო მეფეს, - მე მეომარი ვარ, უმჯობესია, კარგი იარაღი მომცე, უფრო გამომადგებაო.

- რა იარაღი გიბოძოო? _ შეეკითხა მეფე.

იმავე ომში ყოფილიყო ერთი სახელოვანი მეომარი ძაღლიკა ხიმიკაური. მისი გორდა ხმალი დილოიძეს ძალიან მოსწონებოდა _ ისეთი მტკიცე ფოლადისა ყოფილიყო, კაცი ხელზე დაიხვევდა თურმე და ხელის გაშვებისთანავე ბზრიალით გაიშლებოდა. აი, ამ ხმალზე შევარდნოდა გული დილოიძეს. მეფემ მისი გულის მოსაგებად ხიმიკაური დაიბარა და ხმალი სთხოვა. ძაღლიკა უარს როგორ ეტყოდა ერეკლეს! სამაგიეროდ, მეფემ თავისი ოქროსზარნიშიანი თოფი უბოძა. დილოიძე კმაყოფილი დარჩა, ხიმიკაური კი ნაწყენი.

ბევრ დროს არ გაუვლია, რომ მტერი ისევ შემოესია საქართველოს. მეფემ ისევ შეკრიბა ლაშქარი. დილოიძემ სიხარულით მიაშურა ბრძოლის ველს _ დრო იყო, მტრის კისერზე გაესინჯა საყვარელი იარაღის ფხა, ძაღლიკა ხიმიკაური კი გაჯიუტდა: განა მე დიაც ვიყავ, მეფემ ხმალი რომ წამართვა და სხვას მისცაო?! ხევსურნი უწინამძღოლოდ ომში არ მიდიოდნენ, ძაღლიკა კი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.

ბოლოს საქმეში დედაკაცები ჩაერივნენ. ერთმა მათგანმა მანდილი მოიხსნა და ძაღლიკას მიმართა: თუ დიაც ხარ, აჰა, მანდილი დაიხურე და ჩვენთან დაჯექიო. ეს კი ძალიან ეწყინა ხიმიკაურს და იძულებული გახდა, ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. იარეთ და დაგეწევითო, უთხრა ხევსურებს, გამოთალა ხის ხმალი, ჩამოიკიდა წელზე და ჯარს წამოეწია.

მეფეს რომ წარუდგნენ, ერეკლეს ეუცხოვა ხის ხმლის დანახვა, ერთბაშად ვერ მიუხვდა ძაღლიკას, ჩაფიქრდა, მერე გულიანად გაიცინა, მხლებელს სამეფო ხმლის მოტანა უბრძანა და ხიმიკაურს გადასცა. ძაღლიკას შუბლზე ნაოჭები გაეშალა და მტერს მედგრად ეკვეთა.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, - წერს ალექსანდრე მამულაშვილი, - მაგრამ ხიმიკაურის ჩამომავლობას, ლიქოკელებს, წინაპრის საამაყო ხმალი ჯერაც არ დავიწყებიაო. ერთ-ერთ მათგანს ზემო ალვანში, დილოიძიანთ ჩამომავლობაში, უძებნია კიდეც - დამიბრუნეთ, კარგ ფასს გავიღებთო. დილოიძეებს ხევსურისთვის ჟანგისგან შეჭმული და ქარქაშგაქუცული ხმალი უჩვენებიათ. ხევსურს არ მოსწონებია, მატყუებთ, ეს ის ხმალი არ არისო, - უთქვამს და ხელცარიელი უკანვე გაბრუნებულა.

ტექსტის დასასრულს ალ. მამულაშვილს მიუწერია: "ეს ხმალი და მასში მიცემული ოქროსზარნიშიანი თოფი ახლა თელავის მუზეუმშია მოთავსებული. თოფი შედარებით უკეთ არის შენახული, ხმალს სადავე და ქარქაში აღარ უვარგა. ყუასთან ლომი აქვს გამოსახული და ისევ კარგი ჭრა აქვს". ეს ხმალი მუზეუმის დირექტორს ზემო ალვანში დილოიძეთა შთამომავლისაგან შეუძენია, ხოლო თოფი _ ახმეტაში, ერთი ხევსურისგან. ამ ხევსურს, გვარად ლიქოკელს, რომელიღაც ოსტატთან მიეტანა ახალ ყაიდაზე გადასაკეთებლად. ალ. მამულაშვილისთვის, როგორც სიძველეთა შემკრებისათვის, უცნობებიათ, საინტერესო თოფიაო. მასაც უნახავს (თოფისთვის ლულა დაემოკლებინათ, კონდახიც გატეხილი ჰქონოდა), გამოუკითხავს პატრონისთვის მისი წარმომავლობა, დარწმუნებულა, რომ ერეკლესეული უნდა ყოფილიყო, შეუძენია და აღუდგენია კიდეც.

...

georoyal.ge-ს რედაქცია გაცნობებთ, რომ მალე გამოვა წიგნი, სადაც იქნება წარმოდგენილი კახა კენკიშვილის მიერ შეგროვებული ისტორიული საგმირო ამბები

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-14
წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა.
მართალი ფილარეტ მოწყალე
მართალი ფილარეტ მოწყალე (ხსენება 14 დეკემბერს) პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია.
წინასწარმეტყველი ნაუმი (VII ს. ქრისტეს შობამდე)
1 (14) დეკემბერი არის წინასწარმეტყველ ნაუმის ხსენების დღე. ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ.
gaq