1737 წლის 4 თებერვალს ერთაწმინდას ეკლესიას ორი მხედარი მიადგა. მოსულებმა სანთელი აუნთეს საფლავს, სადაც პაატა სააკაძის მოკვეთილი თავი ესვენა. საღვთო მოზვერი დაკლეს, თიხის ჯამებით შემწეობა სთხოვეს მამაზეციერს შორეულ გზაზე გამგზავრებისას. გიორგი სააკაძის უიღბლო გაქცევამ და ტრიუმფალურმა დაბრუნებამ სამშობლოს მიღმა განდევნილთა მეშველის სახელი დაუგდო ერთაწმინდას. ხუცესმა იცნო მახვეწარები. ერთი 17 წლის ერეკლე II იყო, მეორე - მისი მსახური, ქართლელი გლეხი ბიჭი გოგია ხამხაძე. მთელი კვირა რეკდა ეკლესია-მონასტერთა ზარები, იხდიდნენ პარაკლისს, იდგა მლოცველთა ღაღადისი. 11 თებერვალი კი თბილისიდან ათასი მხედარი გაემგზავრა. თვალცრემლიანი დედოფალი თამარ ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის ქალიშვილი) ნადირ-შაჰთან აცილებდა ერთად-ერთ ვაჟს და უფროს ქალიშვილს ქეთევანს. ახალგაზრდა მეფისწულს ახლდნენ ასლან ავალიშვილი, ომან ჩოლოყაშვილი, პართენ ოსეძე, მღვდელი დავით ბაკურაძე, გოგია ცისკარიშვილი, სოლომონ გურგენიძე, პაატა ტუსიშვილი და სხვები. ამალის თვალი იყო საოცრად გამბედავი, მოხერხებული ჭაბუკი გოგია ხამხაძე. ქართველებმა სწრაფი მარშით გაიარეს ირანი და ჩავიდნენ ავღანეთში, სადაც ამ ქვეყანასთან მოლაშქრე ნადირ-შაჰის სამხედრო ბანაკი იდგა. 1737 წლის 17 მარტს ირანის არმიამ იერიშით აიღო კანდაგარი. 80 000-იან ლაშქარში ორი ქართული კორპუსი მონაწილეობდა. 7000 მხედარს მეთაურობდა გივი ამილახვარი, 1000 მხედარს კი - ერეკლე II. აქ გაითქვა სახელი პირველად გოგია ხამხაძემაც. ნადირ-შაჰმა შეასრულა სიტყვა. ტყვეობაში მყოფი მეფე თეიმურაზ II მხლებელი ქართველებით გამოისტუმრა სამშობლოში, თვითონ კი ინდოეთში გაილაშქრა და თან გაიყოლა უფლისწული ერეკლე II ათასკაციანი გუნდით. ქართველებმა ირანელებთან ერთად დაიპყრეს ინდოეთის ,,დიდი მოგოლის იმპერია“. დაიკავეს ქაბული, ჰერატი, პეშავერი, ლაჰორი. 1739 წლის 17 მარტს კი შაჰ-ჯაჰანაბადი (ე.წ. ,,ჯანდაბა“) - ქ. დელი. დელის კარიბჭეში ერთ-ერთი პირველი შეიჭრა 19 წლის გოგია ხამხაძე. დელიში ერთი თვით დგომის შემდეგ ნადირ-შაჰი უკან გამობრუნდა. ათასი ქართველი თავისთან დაიტოვა, უფლისწული კი ამალით საქართველოში გამოუშვა. ოთხ თვეს მოუნდა ერეკლე II სამშობლოსაკენ მომავალი გზების გამოვლას და 13 სექტემბრის დილას, 4 საათზე, ალავერდობის ღამისთევისას, გამოეცხადა გვირგვინოსან მშობლებს. გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ყველა მხლებლებმა შესაფერისი ჯილდო მიიღეს. გოგია ხამხაძეს სრული თარხნობა (ე.ი. პირადი თავისუფლება) მიენიჭა; ებოძა მამულიც მცხეთაში. ამიერიდან იწყება ამ მამაცი რაინდის საარაკო მოღვაწეობა. იგი პროფესიონალი მეომარი გახდა. მონაწილეობდა თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში. 1946 წელს ქართული სოფლების მოდარაჯე საგანგებო გუნდს ჩაუდგა სათავეში. აცილებდა ქარავნებს, აღზევანზე წასულ მეურმეებს, იცავდა ქ. თბილისის შემოგარენს. ეს ის დრო იყო, როდესაც ერეკლემ რეგულარული არმია, ე.წ. ,,ნოქარი“ ჩამოაყალიბა. სამეფომ ვერ შეძლო ,,ნოქართა“ შენახვა. ამიტომაც თეიმურაზი და ერეკლე ხელს უწყობდნენ მოხალისეთა მოქმედებას. გოგია ხამხაძის ,,მფრინავი რაზმი“ თვალყურს ადევნებდა მტრის მოძრაობასაც, - დროულად აფრთხილებდა მოსახლეობას, საქმის კურსში აყენებდა სამეფო კარს. 1746 წელს სწორედ გოგია ხამხაძის დროული შეტყობინებით ქიზიყის მოურავმა თამაზ ანდრონიკაშვილმა და თავკაცმა ჯიმშერ ჩოლოყაშვილმა დაღესტნელთა დიდი რაზმი გაანადგურეს. გოგია ხამხაძე კარგად ფლობდა ავარულ, სპარსულ და თურქულ ენებს. იგი უხვად იყო დაჯილდოებული მზვერავის ნიჭით. როცა 1752 წლის თებერვალში ზედაზნის ციხეში 60 მოთარეშე დაბანაკდა, მან გადაიცვა ,,ლეკურად“, ავიდა მტრის ბანაკში და ქართველთა ტყვეობიდან გამოქცეულად მოაჩვენა თავი. გაშინაურების შემდეგ ტაძარში დაანთო ცეცხლი და ყველა ავაზაკი შეიპატიჟა, მერე გარეთ მალულად გამოვიდა, გარედან გადაკეტა ტაძარი, თავდამსხმელები ტყვეებად აქცია. 1756 წელს, ოქტომბერში, გოგია ხამხაძისა და გივი ბოდბელის გუნდები საგურამოსთან შეებრძოლნენ 300-მდე გულხადარას (დაღესტნის ქვეითი მეომრები). გამარჯვებულებმა ერეკლე II-ს აჩუქეს 3 ურემი იარაღი. დაღესტნელთა უწყვეტი თარეში თავისებურ ,,სამოქალაქო ომად“ განიხილებოდა. ქართული ეროვნული კონცეფციით, ,,ლეკიც“ ქართველი იყო, ოღონდ ჩვენთან მიდრეკილი. ამიტომაც წერდნენ ჩვენი მეფეები ,,ათასი წლის ქვეშევრდომები წაგვივიდნენო“ ხელიდან. ამით აიხსნება პარადოქსული გარემოება, რომ არ იგრძნობა ქართულ-დაღესტნური ანტაგონიზმი. მათი ურთიერთმტრობა კულტურის სხვაობითა და გაუკუღმართებული ეკონომიკური კავშირებით აიხსნება. აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთს ადრეულ საუკუნეებში საქართველოს ბარი კვებავდა. წარმოებდა ჩვეულებრივი გაცვლა-გამოცვლა. XV საუკუნიდან ძველი ურთიერთობანი დაირღვა. საქართველოს ეკონომიკა ვეღარ ახერხებდა მთიელთა დასაქმებას, მათი პროდუქციის (მესაქონლეობა, ხელოსნობა) რეალიზაციას, მთიელებიც იწყებენ თარეშს. 800 000 კაცი ცხოვრობდა დაღესტანში, ორჯერ მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. აქედან 60-70 ათასი კაცი მუდმივად მიდიოდა საშოვარზე: შირვანში, რუსეთის სამხრეთ პროვინციებში, უმთავრესად კი - საქართველოში. დაიწყო ე.წ. ,,საოჯახო ბანდების“ შემოსვლაც. ერთ-ერთი ,,საოჯახო ბანდა“ შექმნა ვინმე მაჰმადა-ბელადმა. 9 ვაჟიშვილთან ერთად ტურასავით დაძვრებოდა ქართლში, კახეთში. 1763 წლის აპრილში მაჰმადა ბელადის ,,ოჯახი“ მალულად დაბანაკდა მუხრანთან. ჩუმად იტაცებდნენ ტყვეებს, ახალციხეში გასაყიდად აგროვებდნენ. გოგია ხამხაძემ არ აპატია თარეში მაჰმადას. 9 შვილი თვალწინ მოუკლა. თვითონ მას კი ყურები დააჭრა: ,,ვერ გაიგონე 9-ჯერ რა გითხარი, არ გაგაფრთხილე სამშობლოს ნუ მიოხრებო?“ ,,უცხვირპირო ყოფილხარო“, - ჩამოათალა ცხვირ-პირი. მერე შვინდის ჯოხი აიღო და იმით ქართველ ტყვეებს სცემდა, - თავი რატომ დააჭერინეთო. ნუ გაგაოცებთ გოგია ხამხაძის სისატიკე; ავი დრო იდგა, ბოროტების აღკვეთა ყოველთვის მეგობრობით როდი ხერხდებოდა. დაღესტნელთა ქურდული თავდასხმები იწოვდა ერის სასიცოცხლო ძალებს. თუ არა მოსახლეობის ფართო მასების აქტიურობა, ალბათ აღიგვებოდა ქართველობა. XVII-XVIII საუკუნეებში ქართველი გლეხკაცობა ყველაზე აქტიურია ქრისტიანულ სამყაროში. ის იყო დამცველი ერის თავისთავადობის, ბურჯი ეროვნებისა. ამითაც აიხსნება ქართული ბატონყმობის შედარებითი სირბილე. პოლიტიკური ძნელბედობა ჰქმნიდა უნებლიე ,,საერთო ნიადაგს“. |