1839 წლის 6 დეკემბერს სოფელ მერეთში, გორთან ახლოს, დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ანტონ ფურცელაძე. დაიბადა ღარიბი აზნაურის ნიკოლოზ ფურცელაძის ოჯახში. დედა ბარბარე გედევანიშვილი, ჭკვიანი და დარბაისელი ქალი ყოფილა, რომელიც კარგად იცნობდა როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობას. დედამ შეასწავლა წერა-კითხვა პატარა ანტონს. ხელმოკლეობის გამო ოჯახმა ვერ შეძლო მომავალი მწერლისთვის სამოქალაქო განათლების მიცემა. 11 წლისა ანტონი, სახელმწიფოს ხარჯზე. მიაბარეს ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში, 1854 წელს მომავალი მწერალი ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. სამხედრო სამსახურისთვის აღარ გამოდგებოდა, ამიტომ მიატოვა სასწავლებელი და საქართველოში დაბრუნდა. ერთხანს თავის სოფელში ცხოვრობდა. მერე სამსახური იშოვა. მუშაობდა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერად. შემდეგ ტფილისში გადავიდა და კალოუბნის ქუჩაზე, რამდენიმე სემინარიელთან ერთად ბინა იქირავა. ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს წრე, რომელიც საზოგადოებრივი და სოციალური საკითხებით იყო დაინტერესებული. 1861 წელს ანტონ ფურცელაძემ თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ „ცისკარში“. თარგმნიდა, აქვეყნებდა ლექსებს. შემდეგ გადავიდა „დროებაში“. 1867 წელს ანტონ ფურცელაძემ მუსაობა დაიწყო ზუგდიდიდ სასამართლოს გამომძიებლად. თუმცა „დროებასთან“ თანამშრომლობას აგრძელებდა, აქვეყნებდა კორესპოდენციებს სათ აურით, „ზუგდიდამ“, „სამეგრელოდამ“.1869 წელს დაბრუნდა ტფილისში. ანტონ ფურცელაძის ინიციატივით 1869 წლის მარტიდან გამოვიდა ყოველთვიური სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალი „მნათობი“. სამ წელიწადში ჟურნალის გამოცემა შეწყდა. 1873 წლიდან რედაქტორობდა პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე - „გუთნის დედა“. 1905 წელს ანტონ ფურცელაძე აირჩიეს სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ. 1911 წელს სამსახურს თავი დაანება და სახცოვრებლად გადავიდა სოფელ არბოში, გორთან ახლოს. 1913 წლის 3 ნოემბერს ანტონ ფურცელაძე გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ მერეთში. ანტონ ფურცელაძემ პირველმა დაწერა სერიოზული კრიტიკული მიმოხილვა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხეზე“. ამ ნაწარმოებმა შთააგონა ის დაეწერა თავისი დიდი მოთხრობა „მართა“, შემდეგ „მაცი ხვიტია“, სადაც ამხელდა ბატონყმობას. ცნობილია მისი დიდი მოთხრობები: „სამის თავგადასავალი“, „ვაი მართალთა“, „ჩვენებური საქმის ბოლო“ და სხვა. ტრაგედიები „დიდი მოურავი“, „ავაზაკნი“, „ასული ისრაელისა“; პოემები: „თამარ ღაზნელი“, „მარაბდა“, „ცისკარა“, „წყალობა“ და ლექსები. ცნობილია მისი გამოკვლევა „ბრძოლა სააქრთველოს მოსასპობად და მის შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო“. კითხველს ვთავაზობთ ანტონ ფურცელაძის ლექსს „ჩემს სანეტაროს“. ლექსი პირველად დაიბეჭდა „მნათობში“ 1872 წელს. ჩემს სანეტაროს მოქანცული ტყვედა ვგდივარ, ვიბრძვი მაგრად შებოჭვილი, შენ მოგელტვი, ვერ გავსწყვიტე ამირანის ჯაჭვი მსხვილი.შენდა სატრფოდ თავგანწირულს გული მერჩის, ხელი აღარ... მითხარ, ჩემო ნეტარებავ, დამენახვე, ნეტამც სად ხარ? მთლად მომწყვიტა ცხარე ბრძოლამ, სიბნელისგან თვალთ მაკლდება, მხნე ხმა ჩემი, შემზარავი დღეს არს კვნესა და ვაება; და, რამდენიც გეტანები, გარს მეხვევა ბნელი მევე... სად ხარ, ჩემო ნეტარებავ?.. დემენახვე, გამამხნევე! თუ იმედი არა მქონდეს, რომ ოდესმე შეგეყრები, - უშენობით ვერ გავძლებ და თავს მოვიკლავ, გეფიცები!.. ამ სიცოცხლეს სჯობს სიკვდილი, თუ ვიცოცხლო - ვგვანდე ცოცხალს!.. სად ხარ, ჩემო ნეტარებავ, რად არ მასმენ ცხოვრების ხმას? ნუთუ ჯერაც არ გაივსო მსხვერპლით თხრემლი, წინ რომ გვიდევს. და უფსკრულის თვისის ძირით კიდევ ბევრ ხანს დაგვაშორებს?.. იკმარევი შეწირული, ისმინე ხმა ვედრებისა: გამობრწყინდი, ნეტარებავ, მომეც სხივი ცხოვრებისა! |