თენდება, ზამთრის ზოზინა წკვარამს არ ეჩქარება კალთის აკრეფა, თუმც რიბირაბო ცისკიდურს ჰპარავს, ცისკრის ვარსკვლავიც მალე ჩაქრება. სოლომონ მეფის ოქროსფერ კარავს სულგანაბული გასცქერს ოკრიბა, მეფე განზრახვას აღარა ფარავს, კომლიდან კაცი ხრესილს მოკრიბა, რომ დღეს გველეშაპს, ხალხით მოვაჭრეს, სამიდღემჩიოდ კლანჭი მოაჭრას. * * * პაპუნა სარდალს, ომში სარიდალს, გამთენიისას ნიშანი მისცეს – შეუკრიათო ყველა ბილიკი აგიაშვილს და ლორთქიფანიძეს. ფოთს მიქელაძე შემოდგომია, ფიცისკაცები – აია-ქალაქს, ვისაც საერთოდ არ უომია, დღეს ერთი ხუთზე მოსინჯავს ძალას. ღვინით დალოცა მეფემ ლაშქარი და მოაფრინდა უწუმ უნაგირს, შეუძახა და ხალხი აშალა ამოსაძირკვად აფთრის ბუნაგის. მიდი სოლომონ, კაცო-არაკო, სიამაყეო მარად ქართველის, მწეო და ბურჯო ჩვენი ღირსების, ოსმალოთაგან ვერგანათელის. სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდა ელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის. უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის შეუპოვარმა შენმა ბრძოლამან, მიდი, ჭირიმე მაგ გულისძგერის, მიდი სოლომონ. * * * მტრისკენ გაიჭრა რახსი ტაიჭი, ავად უღელავს ბაბრი ფაფარი, – ქეჰაიაუუ! რახტი დაიჭი, ახლა იწყება მძაფრი ზღაპარი… საიერიშოს უკრავს საყვირი, მტევებარებმა შეუწყეს ვაშა, შეათამაშა მეფემ მახვილი, უთავოდ დარჩა ბედკრული ფაშა. ომი გახურდა, იმატა ბრაზმა, ქება და აზმა აფხაზ ვაჟკაცებს, სამურზაყანოს ლომგული რაზმი დამხვდურს პირველი შეაბარბაცებს. თვით ხუტუნიამ ცხენი გაქაფა, რვალად იქცია ბებერი ძვალი, გაღმა-გამოღმა მტერი გაკაფა, ბოლოს თავადაც დახუჭა თვალი. ეს გაელვება მამულს დაშვენდა, გმირო მოხუცო, დიდება შენდა. მტარვალი ჭარბი, ხარბი და ურჩი უკანდახევას ჯერ არ აპირებს, გარნა ბრძოლაში ავია გურჯი და ბოლოს მაინც გაინაპირებს. თითქოს შველა რომ აღარსად არი, ისმის გრუხუნი მეხის სადარი, ეს ურახუნე ბრეგვაძე არის, წიფლის წვეროზე გასულა ლამის: – მოგვეშველაო დიდძალი ჯარი, იმარჯვა მეფემ, წახდა თათარი. დაფრთხა ოსმალო, შედრკა და იმწამს გურულთა გუნდი ჯიქურ მიჯარდა, ისმის კივილი იანიჩართა, დაოთხილები პოტნიან მიწას. იმათ კვალდაკვალ გრგვინავს ოტია, ჭოლაური ხმლით მარყუჟებს ხლართავს, მეგრელთ მხედრობა მტრის მაოტია და აგვირგვინებს ამ საქმეს მართალს… * * * ქვეყნიერებას ქართველი ერი შემორჩენია ნიჭად და წამლად, ხმალზე შეგვადნა ურიცხვი მტერი, იმპერიები განქარდა კვამლად. ჩვენებური კი, ტრფიალი ლხენის, ერთგული თავის ჯიშის და რწმენის, იმასვე როკავს, იმასვე მღერის, უძლებს ჟამთასვლას, მიწყივ არეულს, კვლავაც დაიცავს მშობლიურ კერას და მოინელებს კიდევ ბარე ორს. * * * ერს უწინამძღვრა, მტერზედ აღლესილს, ჭაბუკმან, საქმით დევისტოლამან, ასეთი ომი გარდახდა ხრესილს. |