გენიოსები დროის გაგების გარეშე დგანან. ხშირად მათ წინ ცივი ყრუ კედელი აღიმართება ხოლმე. ხშირად ქვეყნის ჭირისუფალნი თავადაც საჭირისუფლო ხდებიან ან სულაც უჭირისუფლოდ რჩებიან. თურმე ღირსებაც სამტკიცებელი ყოფილა, უცნაურია. აკაკის თქმა ყველა რჩეულზე ჭრის - ''კაცმა ავისაგან კარგი უნდა გამოიყვანოს და უბედურება ბედნიერებად შესცვალოს''. ამის სანაცვლოდ, შეუფერებელ მდგომარეობას იმკიან - ბედს შერკინებულ ტიტანურ მარტოობას, უსახსრობას, უწამლობას, უადამიანობას, უთანაგრძნობას. ბედით კი იმგვარნი ტკბებიან, ქვეყანა ჩალადაც რომ არ უღირთ, თუმცა აკაკი ერთგან წერს - ''არც ჩინი შეადგენს ბედნიერებას და თუ შეადგენს ის დრო მალე წაბრძანდება.'' გულისყური დიდ ამბებზე იხარჯება და საწვრილმანო საქმეები კი გუნებას უმღვრევს, ანდა მარტოშთენილობა რით დაუმსახურებია . ბედის გასაკვირად, ვინც ყველას ბედნიერებისთვის იბრძვის რატომღაც თავადვე ეშთობა იღბალი და განიკერძოებენ. ''ეს სოფელი ახლა ხონ შენც იცი, საზოგადოთ ძმობა მტრობად გადაიქცა და ნათესაობა - მგლობად.'' ზესწრაფვა ქვენა ინსტიქტს არ სცნობს, - ''სიმდიდრის, ჩინის, ხარისხებით მოპოებულს სახელს, რომელნიც ამ ჩვენს დროში მანკიერებით მოიპოვებიან, ადიდებს და შენატრის უგნური ხალხი... განსწავლულს ეზიზღება ამგვარი სახელის მოპოება და მომპოებელიც.'' (სტილი დაცულია). ამადაც ''აღთქმა'' დაუდია, ''რომ არც ერთს ქართველს ჩემი გულის პასუხი არ ვუთხრაო.'' გულის, რომელშიც ''უგვანი საქმე არ გასახულა ჯერ.'' ზნეობრივი სიბრმავისთვის ძნელია თვალის გასწორება - ''გული მებერება და ჯიბე მეჩუტება'', თუმცა ჩვეულ იუმორსაც არ ივიწყებს - ''საკვირველია, ჩემი ბედის საქმე... პურიც არა მქონდა საყლაპავად და ახლა ვერცხლს მაყლაპებენ ექიმები.'' სნეულების დროსაც, კვლავ რიხს იჩენს და გაძლების ღონეს. ზოგჯერ იმედიც ხომ სპარსელის ანდაზას ემსგავსებაო სახედარზე - ''ამ ზამთარში ნუ მოკვდები, გაზაფხულზედ თივა მოვაო.'' ''ერთნი მიზნის'' მუშაკნი შეუცოტავდნენ, ადამიანთა შორის საზღვრები და ''გულის ანგარიშები'' ჩნდება. ზოგის გულის ნაცვლადო, ''კუჭი ჭუჭყუნობს'', ''უფერო თავმოყვარეობა'' ხმაურობს, ამიტომაც ''შემაფუცხუნებელ გრძნობას'' არც თავად იშურებს. ''საკუთარ გაძღომა ქვეყნის დავალება ჰგონიათ'' ასეთ ''წარჩინებულებს'' და, ''ამოსული ეკლის ისე არ მეშინია, როგორც მაშინ როცა ითესება!'' - დასძენს. საგულისხმო და სარკაზმით თქმული - ''ან რა ''ალილუია'' მოეთხოვებათ ძროხებს ყოყინებს?'' და ვირები ბედაურობენო. ''უკანასკნელ ხრწნილებამდე მისული დრო'' პროტესტს იწვევდა, ეს არასახარბიელო მდგომარეობაში ამყოფებდა. ''მე რომ მინდოდა, ისე შენ ვერ გხედავდი, შენ რომ გინდოდა, ისე მე ვერ ვიქნებოდი''- კონკრეტული ადრესატისთვის თქმული ყველაზე ვრცელდებოდა, ''რომელთაც ყოველგვარი ადამიანური მოთხოვნილება მხოლოდ სხვის დასანახავად უნდათ და არ შეადგენს მათს საკუთარს სულის მოთხოვნილებას.'' ერთგან მიუღებელზე წერს - ''ეს ხომ ჩვენი ახალთაობის სინიდისია.'' სწამს, ''ღირსმა ღირსისა თანა განისვენოს.'' ''ჩემი ქონება, ჩემი შეძლება, სიმართლე და სიცოცხლე შევწირე საზოგადო საქმეებს'', სამაგიეროდო, წამლის საფასურიც არ გააჩნია. ''ვიცით, ვიცით, შეგვიტყვია, ვინ ვისია, ვისი ტყვეა'' ანუ სხვა გავლენები, სხვა საპირადო გრძნობებია თავჩენილი. ცდილობს ღრმად ატაროს ის ნიშანი და გამოკვეთოს, ''რომლის გამოც მე ქართველი მიყვარსო მის წარსულში.'' იაკობ გოგებაშვილს ასეც მიმართავს - ''წარსულის შვილო, მომავლის მამავ და მყობადის გადიავ.'' ''პოლიტიკური მახინჯობაც'' არ გამოპარვია თვალთახედიდან - ''მაშინ როდესაც უფლება არა გაქვს, ისკარიოტელს გამცემელი დაუძახო, იმას მაინც რა გრჯის, რომ იმავე ქვეყნის მტრებს მოციქულებათა შორის იხსენიებ?!'' - ნიშანდობლივი საყვედური. საერთო გაუცხოებაში გულის სითბოს გარეშე მდგომი ამასაც გაუზიარებს იაკობ გოგებაშვილს - ''მარსელში შვილი დამიხვდა, არ ვიცი მე მომეგება, თუ ჩემს ჯიბეს?!'' გულის კედლები დაერღვა, გულის გადიდება აუწყეს ექიმებმა, მოსწრებულად იხუმრა -''დიდ მდგმურს სადგურიც დიდი ეჭირება'', დიდი გრძნობა მაქვსო და გულიც დიდია საჭირო. მეგობარს წერს - ''შე დალოცვილო, აჩქარებით, თვითონ შენ შესვამ ხოლმე ბედაურზე ზოგიერთებს, შენვე გამოგყავს საჯირითო მოედანზე და ბოლოს გინდა, ფეხდაფეხ გამოუდგე და გადმოაგდო ცხენიდან უღირსი რაინდი!... რათ იჭირვებ საქმეს? მაგრამ ისე ძვირია ჩვენში საზოგადო მოღვაწე, რომ შენ გინდა მატყუარებიც ნამდვილად მიიღო.. მტრის ოჯახში მასპინძლობა შეუძლებელია.'' (ნიშნეულია მრავალგვემული გამოცდილებით). ''რა რასთან არაა ''გადაკრიმანჭულებული'', სისაძაგლე უფრო ფრთასხმულია ვიდრე მადლიანი არსებობა. ''პატივსაცემი უფლება, ქონება გამხდარა მხოლოდ, ზნეობრივი ყოლიფერი სამასხარაო'' ქმნილა. ან რა საცნობია, ''უსულდმულო ღირსება'', ანდა ''ვის უნახავს, საზოგადო მოღვაწე ცხოვრებით დამტკბარი?''თუმც, ''დრო იკარგება და არა ჭეშმარიტება''... პარიზიდან იწერება - ''აქ თუ მდიდარს ისე არ ეცხოვრება კაცს.'' უკვე უცხო სული საქართველოშიც იჭრებოდა, სოვდაგრული. ''სასტუმროებში კრედიტი არა მაქვს და ნაცნობებში კი არავის ვუნდებვარ.'' ღამისგასათევი არსადაა, აღარსადაა წილდებული, კუთვნილი სიკეთე. ''ისეთი დროა, რომ კაცს ვერაფერი იხსნისო შეურაცხყოფისგან... დაკარგულია ინსტიქტი ავისა და კარგის გარჩევის.'' საზოგადო საქმე ''გაკრიმანჭულებულია''; საპირადო გზით მავალთ რას გაუგებს კაციო, ყველაფერი კი ''საშვილიშვილო ტაბლად დაედგმისო'' ყველას. ყოველივე ''საფარისევლო დროშის ქვეშ იყრის თავს, რომ თავისი კერძოობა გაიტანოს, რაც ქვეყანას ხრწნის.... ჰჰამ ფულები! ჰამ ხარისხი! ჰამ მშვიდობიანი ცხოვრება და დავიდარაბების მოშორება!.. შეიყვაროს ღმერთმა, ესენი მე მიყვარდნენ.'' - ამბობს და თავს მარტოდ თვლის, საქვეყნო ასპარეზმა მხოლოდ მტრები შემძინაო. გვერდით კი მისიანი არავინ იყო... წერილებშიც უფრო სამტკიცებლად გახდომია საქმე, ვიდრე სანუგეშოდ. ''ზნეობითი კრედიტი'' უხვად უგროვებ-უნაწილებია. ასეც ხდება, '' ობოლო ვის მოკლავ. ვინც გამზარდაო.'' ''დღესასწაულების ტაბლა'' სხვათათვისაა, იმ წვეულებაზე აკაკის არა ესაქმება რა. თვითონ მარტოგზას მიუყვებოდა უფლამდე და სამომავლქართველოდ. უსულგულობა დროებით თუ ჩაენაცვლება მადლმოსილებას, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყველაფერი უმადურ დროსავით გადაეგოს. ალბათ, ტკივილიც სიყვარულს დაყვება, რადგან ფულის და სიმდიდრის ხვედრია ''კრიმანჭული'', სიყვარული კი მსხვერპლია ღვთაებრივი, მიტომაც ბრძანა - ''მაგრამ რა ვქნა, რომ ჟინი მერევა და იქ. სადაც საჭიროა, რომ ადამიანს გული ენაში ჰქონდეს, ენა -ჯიბეში და მისი გრძნობა ანგარიშს დაუშვილობილოს, მე ჩემს გულს ტაძრად ვინახავ, გრძნობას ლოცვად ვხმარობ და გონება გულისადმი მყავს მიჩენილი სამრეკლოდ!'' ერთი სახალისო გადახვევაც აკაკის დრამატურგიიდან, სომეხი არუთენა კვირობს - ყაირათი და ბედი ჩვენსკენ არ არისო, ''უჭკუოთ სიზმარიც არ გვინახავს და მაინც ვერას გავხდითო''... ''ჩვენ ვაშენებთ და ვერ აგვიშენებია, ესენი კი აქცევენ და ვერ დაუქცევიათ''... და შესიტყვება, როცა მას ლექსო ეტყვის ''ედემის ბაღზე'' თვალდაჭერილს - ''ახლა ჩვენმა ხემაც გაიხაროს ამ ედემშიო, პასუხობს - ''ნუ გიხარია, არუთენ. ამ ედემში ისევ ჩვენი ძირი იხარებს.'' ესაა მთავარარსებობის სიბრძნე - რაც ჩვენია, სხვისად აროდის იქცევა!!! |