საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ზურაბ კიკნაძე - ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია
ზურაბ კიკნაძე


თავის ფუძემდებლურ გამოკვლევაში "ზღაპრის მორფოლოგია" (1928) ვლადიმირ პროპი ზღაპრის პერსონაჟს განიხილავს როგორც ერთი გარკვეული ფუნქიის მატარებელს თუ შემსრულებელს. უგულებელყოფს რა მის ვინაობას, რაც, მკვლევარის აზრით, (და ეს აზრი სწორია), ცვლად, ზღაპრიდან ზღაპარში ცვალებად სიდიდეს წარმოადგენს. "ზღაპრის შესასწავლად მნიშვნელოვანია საკითხი _ რას აკეთებენ ზღაპრული პერსონაჟები, ხოლო საკითხი, თუ ვინ აკეთებს და როგორ აკეთებს, შესწავლისათვის უკვე მეორეხარისხოვანია". - ასკვნის ვლ. პროპი. მისთვის ზღაპრის პერსონაჟი მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციონერია, მისი ვინაობა ზღაპრის არსის შემსწავლელს არც უნდა აინტერესებდეს; ამდენად ასეთი მიდგომა ზღაპრისადმი ფორმალისტურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გზაზე გასული მკვლევარი ჭეშმარიტებამდე ვერ მივა. მაგრამ ეს იქნება ცალმხრივი ჭეშმარიტება, და არა ზღაპრის, როგორც მთლიანობის ჭეშმარიტება.



თუმცა მკვლევარს "ზღაპრის მორფოლოგიაში" ზღაპრის ტექსტის მხოლოდ ფორმა (ჩონჩხი, სტრუქტურა) ჰქონდა აღებული კვლევის საგნად და არა მისი შინაარსი ანუ იდეოლოგია, მაინც ამ "ფორმალისტურ აჩრდილში", როგორც ეს წიგნი მონათლა თავის მეტისმეტად მკვეთრად დაპირისპირებულ სტატიაში კლოდ ლევი-სტროსმა, არის ამ ნაშრომში პროპის ჩანაფიქრისთვის სრულიად მოულოდნელი სხივი, რომლის გამოჩენა ვერ აიხსნება ფორმალისტური ნიადაგიდან. ეს არის მეფის ასული, რომელიც თავისი ზუსტი ვინაობით ობლად გამოიყურება მკვლევარის მიერ სახელდებულ სხვა პერსონაჟთა შორის. მავნე, მჩუქებელი, შემწე, გამსტუმრებელი, ცრუგმირი, გმირი (ნამდვილი) _ ყველანი ესენი უპიროვნო ფუნქციონერები არიან პროპისეულ კანონიერ სიაში, რომელიც ჯადოსნური ზღაპრის აუცილებელ პერსონაჟთა ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ექვს ფუნქციონერს ემატება მეფის ასული, რათა შეიქმნას სრული (საკრალური) რიცხვი _შვიდი, მეფის ასულია ერთადერთი, რომელიც არ ატარებს "სამსახურებრივ" სამოსელს (ფორმას) და უშუალოდ აცხადებს თავის ვინაობას. მართლაც, ვინ უნდა შეასრულოდ "მეფის ასულის" ფუნქცია _ მეფისასულობა", თუ არა ისევ მეფის ასულმა? მაგრამ ზღაპრული სამყაროს ქსოვილის შემდგომი კვლევა-ძიებისას დავიწყებას მიეცა მეფისასულობის საიდუმლო, რაც მით უფრო გაუგებარია, რომ მას პროპისავე ნაშრომში მხარს უმშვენებს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც არის: მხილება, ტრანსფიგურაცია (ფერისცვალება), განკითხვა, ქორწილი, გამეფება. შემთხვევით ხომ არ აღმოჩნდა, ისმის კითხვა, მის ტერმინოლოგიურ, საკმაოდ ნოვატორულ, სისტემაში ეს ფუნდამენტური დასახელებანი? თუკი 20-იან წლებში, როცა "ზღაპრის მორფოლოგია იწერებოდა, ახალგაზრდა მკვლევარის კონცეფციაში ისინი თავიანთი ძირეული მნიშვნელობით იყო წარმოდგენილი "მეფის ასულთან" ერთად, მაშინ სრულიად გაუგებარია, რამ წარმოშვა ორი ათეული წლის შემდეგ "ჯადოსნური ზღაპრის ისტორიული ფესვები" (1946), რომელიც აშკარად უკანგადადგმული ნაბიჯია "ზღაპრის მორფოლოგიის" შემდეგ. მორფოლოგია, ავტორისავე აღიარებით, უნდა ყოფილიყო ის საფუძველი, რომელზედაც უნდა დაშენებულიყო ზღაპრის იდეოლოგიური სისტემის კვლევა. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ მორფოლოგიურ კვლევას მოჰყოლოდა ზღაპრის ეთიური სინამდვილის გახსნა, რომლის საწინდრი, უნდა ვიფიქროთ, მეფის ასული და ხსენებულ ფუნქციათა სემანტიკა იყო, ავტორი შეუდგა არქეოლოგიურ წიაღსვლას ზღაპრის ცოცხალ ორგანიზმში იმ მკვდარი ფენის გამოსავლინებლად, რომელიც მან ზღაპრის ისტორიულ საფუძვლად მიიჩნია, თითქოს ამ არქეოლოგიურ ფენაში შეიძლებოდა ამოკითხულიყო საიდუმლო, რასაც ნამდვილად იმარხავს ზღაპარი და რაც ქმნის მის გაუხუნარ აქტუალობას.
ნუთუ მხოლოდ იმისთვის განიძარცვა მორფოლოგიური ანალიზის მომარჯვებით ზღაპრის მარადიული ხერხემალი მისი წარმავალი სამოსელისაგან, რათა კვლავ პრეისტორიული არქეოპტერიქსის ბუმბულით შემოსილიყო? ამგვარად მესახება გზა "ზღაპრის მორფოლოგიიდან" დაღმასვლით "ჯადოსნური ზღაპრისისტორიულ ფესვებამდე". მაგრამ ზღაპრის ჭრელი სამოსელის მიღმიდან აშუქებს ზღაპრის საიდუმლოს სხივი, რომელიც, შესაძლებელია, სწორედ მორფოლოგიური ანალიზის მეშვეობითაც გამოჩენილიყო. თუმცა არსებობს ზღაპრის საიდუმლოს შემეცნების სხვა გზაც, ინტუიტიური გზა, რომელსაც ადგას რუსი ფილოსოფოსი ევგენი ტრუბეცკოი (1863-1920), თავის შესანიშნავ, დღესდღეობით მივიწყებულ ნაშრომში "სხვა სამეფოს ძიება რუსულ ზღაპარში".* ავტორი უეჭველად თვლიდა, რომ "ზღაპარი შეიცავს მდიდარ მისტიურ გამოცხადებას; მისი ზეაღსვლა ყოფითობიდან სასწაულებრივისაკენ, ძიება "სხვა სამეფოსი", წარმოადგენს სულიერი ცხოვრების უდიდეს ფასეულობას და აუცილებელ საფეხურს იმ კიბეზე, რომელსაც ხალხური შეგნება წარმართობიდან ქრისტიანობამდე აჰყავს". ავტორს მაგალითად აქვს რუსული ზღაპარი, მაგრამ მისი სიტყვები, მთელი მისი ნააზრევი რუსულ ზღაპარზე, არანაკლები ძალით მიეწერება ქართულ ზღაპარსაც და, საზოგადოდ, იმ ხალხების ზღაპრებს, რომლებიც ბიზანტიური კულტურის წრეში შემოდიან. ასევე, ვლადიმირ პროპს მორფოლოგიური კვლევის მასალად ქართული ზღაპრები რომ აეღო, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, განსხვავებულ დასკვნამდე არ მივიდოდა, რადგან ერთია ჯადოსნური ზღაპარი. ამას ადასტურებს პროპის მეოთხე ძირითადი თეზისი: "ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი აღნაგობით ერთი ტიპისაა".



და რაკი ყველა ზღაპარი ერთი ტიპისაა, ერთი აღნაგობისაა, ერთი უნდა იყოს მისი ჭეშმარიტებაც, რომელსაც ინახავს იგი. იკვლევენ ზღაპრის შექმნა-ჩამოყალიბების ადგილს, სად და როგორ "აიწყო" იგი, მაგრამ არ დასმულა კითხვა _ თუ რა შეიქმნა ზღაპრის სახით, რას გვეუბნება იგი, ნუთუ მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვითი-ქვესკნელ-ზესკნელის და ცხრამთასიქითა ქვეყნის, ოცნებათა სამყაროს ფანტასტიკას? მხოლოდ აუხდენელ ოცნებათა გამოსახატავად არის იგი მოწოდებული, თუ რაღაც მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავს ფანტასტიკის სამოსელში?



ეს ჭეშმარიტება ხომ არ არის ის მარილი, რომელიც, უკვე რამდენი საუკუნეა, იცავს ჯადოსნური ტიპის ზღაპარს ხრწნილებისაგან? ინახავს მის სტრუქტურას რღვევისაგან, რასაც ვერ ასცდა ხალხური სიტყვიერების ვერც ერთი ჟანრი?
ზღაპრის ჭეშმარიტება, მისი საიდუმლო მის სხეულშია საძიებელი, მის ხერხემალშია აღბეჭდილი. მაგრამ ხერხემლის რომელ მალაში აღწევს იგი თავის სიცხადეს და განსრულებას? უნდა ვიფიქროთ, რომ ზღაპრის საიდუმლო მის დასასრულში არის გაცხადებული. მთავარი გმირის ხასიათი, მისი ძიების საგანი, ზღაპრის ფუნქციათა არსი და თანამიმდევრობა _ მთელი ეთოსი ზღაპრისა გვაფიქრებინებს, რომ ზღაპარი თავისი ბუნებით ესქატოლოგიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დროჟამი საბოლოო დასასრულისკენ არის მიმართული.



* * *

"გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და
კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა"
(ი. 16:28)


მაცხოვრის ეს სიტყვები შეგვიძლია წარმოვთქვათ ზღაპრის გმირის მაგივრად, იმ უფლისწულისა, რომელმაც დატოვა მამის სახლი და გავიდა წუთისოფელში თავის საკუთარ სარბიელზე. მაგრამ, ზღაპრის წესით, როგორც გარდაუვალია მისი გასვლა, ასევე გარდაუვალია დაბრუნება. გასვლაშივე ჩამარხულია დაბრუნება. როგორც მარცვალი, საიდანაც საბოლოოდ გმირის სარბიელის ანუ წუთისოფლის დასასრული აღმოცენდება.



ყოველი დასასრული რაღაც მდინარების დაბოლოებაა, მაგრამ რას აბოლოებს ზღაპრის დასასრული, რისი ბოლოა იგი?
მორის მეტერლინკი ერთგან წერს: განა შეშფოთება არ უნდა დაგვეუფლოს, როცა ზღაპრის დასასრულს გვეუბნებიან ზღაპრის გმირებზე, ბედნიერები გახდნენო? მართლაც, მას შემდეგ, რაც კაცი უკვე სამშვიდობოს არის გასული, იმ იმედის ნაცვლად, რომელიც უკიდურეს გასაჭირში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე კიაფობდა და რომელიც ახლა უკვე ამხდარია, ადამიანს ეუფლება შიში, რადგან წუთისოფელი ისევ და ისევ თავის წესზე დგას. კვლავ ბატონობს "მთავარი იგი ამის სოფლისაჲ".



ამასვე გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა მიუწერდა თესალონიკელთ: "რამეთუ რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსვრელი, ვითარცა სალმობაი შობადისა, და ვერ განერნენ" (I თესალ. 5,3). მეტერლინკის სიტყვები სამართლიანი იქნებოდა, თუ ის სარბიელი ანუ ბოროტებითა და სიმუხთლით სავსე ცხოვრება, რომელიც განვლო ზღაპრის გმირმა, კვლავაც იარსებებდა. მაგრამ საიდანღა უნდა მოელოდეს ხიფათი ზღაპრის გმირს, თუკი მან ძლია ბოროტებას და გააუქმა მისი ძალა, როგორც წარწერა გზაჯვარედინზე, "ამ გზით წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდებიო"; ხოლო თუ კიდევ დარჩებოდა სადმე ბოროტების თესლი, მისგან კვლავ აღმოცენდებოდა ბოროტება და ამაოს გახდიდა მთელს მის გარჯას, მას თავიდან უნდა დაეწყო თავისი სვლა. მაგრამ ზღაპრის გმირს, რომელიც ერთია, ერთი ცხოვრება (ცდა) აქვს მოცემული და მას არ შეუძლია მისი განმეორება. 
ამრიგად, არც ერთი ზღაპარი არ გულისხმობს ისეთ დასასრულს, რომლის იქით კვლავ იგივე წუთისოფელი განაგრძობს არსებობას თავისი ბოროტებით. ზღაპრის გმირმა განვლო წუთისოფელი და სძლია მას ამ ერთი განვლით, მას შეუძლია თქვას უკანასკნელი და დიადი სიტყვა მაცხოვრის კვალზე: "მე მიძლევიეს სოფელსა" (ი. 16:33), ერთი ნამცეციც რომ დარჩეს დაუძლეველი, გმირი არ დაბრუნდება უკან, მან უნდა დაასრულოს ძლევის საქმე; მისი ვალია არა მხოლოდ მამის დავალების შესრულება, რაც იყო მიზეზი მისი სახლიდან გასვლისა, არამედ წუთისოფლის დასრულება. თუ ის არ დაბრუნდებოდა უკან და სადმე, შუა გზაზე ჩაიჩეხებოდა, სამუდამოდ სოფლისაგან ძლეული, ზღაპარი მარხციანი იქნებოდა, მაგრამ განა არსებობს მარცხიანი ზღაპარი ანუ მარცხიანი ესქატოლოგია? მარცხიანი იქნებოდა ზღაპარი მაშინაც, თუ უფლისწული ცოცხალი დაბრუნდებოდა, მაგრამ უკან დარჩებოდა დაუძლეველი სოფელი და დაუმარცხებელი "მთავარი იგი ამის სოფლისა". უფლისწული ბრუნდება უკან, როგორც "ძე კაცისა" მოდის "ძველი დღეთას" ტახტთან, რათა მიეცეს მას "მეფობა და ხელმწიფება" (დანიელი, 7:27); ის გამარჯვეულია და მისი გამარჯვება აბსოლუტურია.



შინდაბრუნებული ახალ ეონში შედის, რათა ახალი ქვეყნის მეფე გახდეს, აქ მან უნდა იხილოს "ცაÁ ახალი და ქუეყანაÁ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაÁ და პირველი იგი ქუეყანაÁ წარხდეს" (გამოცხადება, 21:1). "პირველი ცა" და "პირველი ქვეყანა" იმ წუთისოფლის ცა და მიწაა, რომელსაც ძლია მან. ამგვარად განახლებული და განწმენდილი სამყარო იწყებს არსებობას, რაც იმის პირობაა, რომ ზღაპრის წყვილი _ უფლისწული და მეფის ასული, როგორც ის პირველი ადამი და ევა, ბედნიერნი გახდებიან. ის ქორწილი, რომელიც მათი უზაკველი და უსაფრთხო ბედნიერების ნიშანია, ჩვეულებრივი, წუთისოფლური ქორწილი როდია: იგი ისეთ დღეს იმართება, რომელიც არ ღამდება, რომელსაც ამგვარად აღწერს ბასილი დიდი: "დიდი და დიდებულია უფლის დღე. საღვთო წერილი იცნობს ამ დღეს. დაუღამებელს, უხვალიოს, დაუბოლოებელს. მეფსალმუნემ მას უწოდა მერვე დღე, რადგან იგი შვიდეულიანი დროჟამის გარეშე დგას..." ზღაპრის ქორწილს იხდიან არა იმ შვიდეულის განმავლობაში ანუ წუთისოფლის დროჟამში, არამედ მერვე დღეს და ამიტომაც ის ნაზიარებია ამ დღის მარადიულობას.



ქორწილამდე უფლისწული გზაშია, ის თავის სარბიელზეა, ვნახოთ, რას წარმოგვიდგენს ზღაპრის გმირის სარბიელი ანუ ზღაპრის სამყარო, რომელიც შინიდან გასვლის შემდეგ გაიხსნა. გავრცელებული შეხედულებით, ზღაპრული სამყარო არსებითად უპირისპირდება ჩვენს ყოველდღიურ სინამდვილეს. ამ აზრით, თითქოს, ის, რაც ადამიანურ ყოფაში განუხორციელებელია, ადამიანის ფანტაზიან ზღაპრის სამყაროში გახდა შესაძლებელი. ეს ასეა ნაწილობრივ, რამდენადაც ზღაპარში ფანტასტიკური ელემენტი მონაწილეობს. მაგრამ "ფანტასტიკურობა" არ არის არსებითი ნიშანი ამ ტიპის ზღაპრებისთვის, თუმცა მათ ჟანრულ სახელწოდებად „ჯადოსნური“ (Волшебный, Fairy) დამკვიდრდა. ზღაპრის სინამდვილე ფანტასტიკურია იმ აზრით, რომ როგორც ყოველი სიახლე, მისი პირველხილვისას მთელი თავისი უჩვეულობით გადაიშლება ზღაპრის გმირის წინაშე, როცა ის პირველად შედის ამ უცხო სინამდვილეში. ზღაპრის ჯადოსნური ფონი მთავარი გმირის ცნობიერებაში სამყაროს პირველხილვისგან გამოწვეული განცვიფრების გამოხატულებაა, ის გაოცების ანაბეჭდია. ეს არის ბავშვის პირველხილვაში მოცემული სამყარო. დააკვირდით ბავშვს იმ წამებში, როცა ის ვისმე ან საგანს რასმე პირველად ხედავს. ეს ის მდგომარეობაა, რაზეც სემიონ ფრანკი ლაპარაკობს «Из эпохи детства в нас сплывают воспоминания о состоянии, в котором каждый клочок мира, каждая вещь и каждое явление представлялись нам непостижимой тайной и мир был для нас сплошным миром чудес, возбуждающим радость, восхищение, изумление или ужас» (С. А. Франк, Непостижимое Избранное, М., «Правда», 1990, стр. 190). 
ზღაპრის ასპარეზი ის ქვეყანაა, სადაც გადის გმირის მთელი ცხოვრება და რომელიც ჩაივლის, როგორც ფანტასმა (ამ სიტყვის ამოსავალი მნიშვნელობით: მოჩვენება, აჩრდილი); და მაინც ეს მისი ერთადერთი ასპარეზია, სადაც იზრდება ის, მწიფდება ზნეობრივად და გონებრივად, სადაც ხდება მისი, როგორც ადამის ძის უნარების თანდათანობითი მანიფესტაცია და მის წინაშე საგანთა და მოვლენათა დაფარულ თვისებათა გამოცხადება. შემეცნება სინამდვილისა და საკუთარი თავისა; ქვეყნისა, სადაც აკეთებდა პირველ არჩევანს, სადაც გადიოდა განსაცდელს, გამოიცდებოდა ერთგულებაში და თავადაც განიცდიდა სხვათა ერთგულებას; იწვნევდა მარცხს და აღწევდა გამარჯვებას; ითმენდა ღალატს, ძმებისაგან, რომლებიც ხაროში აგდებდნენ მას, რათა სამუდამოდ გაეწირათ დასაღუპად; ქვესკნელიც აქ იყო და გველეშაპიც, რომელიც უნდა დაეძლია მას, რათა ტყვეობიდან დაეხსნა ვინმე დატყევებულ-მოჯადოებული. განა ეს ქვეყანა, სადაც ამდენი ამბავი ტრიალებდა უფლისწულის თავზე და მის გარშემო, ეს ჩვენი ნაცნობი წუთისოფელი არ არის თავისი სიავკარგით? ის წუთისოფელი, სადაც უცხოვრიათ კაცობრიობის უთვალავ თაობებს და რომელიც თავისი განკითხვის დღეს და აღსასრულს მოელის?



ზღაპრის დროჟამი მთლიანად, უნაშთოდ მოიცავს გმირის წუთისოფლის დროჟამს, იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც ამოიწურება მისი შინმობრუნებისას, სახლის ზღურბლთან, მეფის კარზე, სადაც სრულდება ზღაპრის გადამწყვეტი ფუნქციები, რომელთაც ვლ. პროპმა თავისი უტყუარი ინტუიციით ქრისტიანულ-ესქატოლოგიური საზრისის მატარებელი სიტყვები შეურჩია: მხილება, განკითხვა, ქორწილი და გამეფება.



მთავარი გმირის ესქატოლოგიური ანუ დასასრულისკენ მიმართული მოწოდება ვლინდება ერთ ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციაში, რომელიც ზღაპრული ქორწილის წინაპირობას ქმნის და, ამდენად, მისი არსებითი საფეხურია, თუმცა კი სცილდება სიტყვიერი შემოქმედების, როგორც გამონაგონის, სფეროს და სხვა მოტივებთან ერთად ონტოლოგიურ ღირებულებას იძენს, ეს არის გამოხსნა დატყვევებული ასულისა. ამ აქტში მთელი ზღაპრული სამყაროს ანუ წუთისოფლის კეთილი ძალა სოლიდარულია უფლისწულთან, რომელიც ევლინება ქვეყანას, მის ყოველ ქმნილებას (მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მხსნელად და ჭეშმარიტ მწყემსად, როგორადაც ადამი შექმნა ღმერთმა. უფლისწულის ესქატოლოგიური ამოცანა მწვერვალს აღწევს, მაშინ, როცა მის წინაშეა ბოროტი ძალით მოჯადოებული, ხშირად, ცხოველის ტყავში მოქცეული მეფის ასული, მომლოდინე მხსნელისა, რომელმაც უნდა დაძლიოს ზიზღი სიმახინჯის წინაშე და შეიყვაროს იგი, რათა იხსნას სიყვარულით და დაუბრუნოს ასულს ადამიანის სახე. თუ არსებობს პიროვნება, გმირი, რომელსაც დაკისრებული აქვს ხსნის მისია, არსებობს და უნდა გამოჩნდეს კიდეც ცრუგმირი, რომელიც მიითვისებს მის ნაღვაწს, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდება. ცრუგმირი განსაკუთრებული პერსონაჟია ზღაპარში, მას ნამდვილ გმირთან ერთად ესქატოლოგიური ფუნქცია აქვს დაკისრებული, ცრუგმირი ანუ ანტიგმირი იმით განსხვავდება მავნისაგან, ვლ. პროპის ტერმინოლოგიით, ანტაგონისტისგან, რომ იგი მხოლოდ კი არ აბრკოლებს და ხელს უშლის ნამდვილს გმირს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არც უბრალოდ იტაცებს მის მონაპოვარს, არამედ სჩადის უარესს _ სატანურ საქმეს: მის პიროვნებას იტაცებს. ცრუგმირი ნამდვილი გმირის სახით ეცხადება მამის კარს იმ ნამდვილის მიერ გამოხსნილ ასულთან ერთად და არავის, არც თავად მოტაცებულ ასულს, არც მამას, ეჭვი არ ეპარებათ მის ნამდვილობაში. ცრუგმირი ატარებს სატანურ სიცრუეს, სავსებას სიცრუისა, ის უკანასკნელი სიცრუის ხორცშესხმაა, ის ანტიქრისტეა.



ზღაპრის დასასრულს, წუთისოფლის დასასრულის მიჯნაზე, ერთ პიროვნებაში იყრის თავს წუთისოფლის მთელი სიცრუე და ბოროტება. მოწმენი და მსმენელნი ამ ამბისა ელიან საბოლოო მხილებას, რასაც ბუნებრივად მოსდევს განკითხვა. ეს ხდება ცრუქორწილზე, სადაც ზეიმობს გამარჯებას "მთავარი იგი ამის სოფლისა". მაგრამ დროჟამის წამები, რომელზედაც იგი ბატონობდა, დათვლილია: უკანასკნელ წამებში გამოცხადდება მკვდრეთით აღმდგარი და ძალაგანახლებული ნამდვილი გმირი ცრუის სამხილებლად, რათა ჩაფუშოს ცრუქორწილი და გამართოს ნამდვილი ქორწილი - უფლისწულისა და მეფის ასულის სამარადისო შეუღლება. როცა დაბრუნდება სიძე განკითხვის დღეს, ყველას თავისას მიუზღავს და დახშავს კარს, ხოლო ცრუგმირი, როგორც ყველა ცრუსტუმარი, უფლისწულის ქორწილზე შემოპარული, რომელსაც არ მოსავს "სამოსელი საქორწინე", გაძევებული იქნება "ბნელსა მას გარესკნელსა" (მ. 22:2-13). 



ზღაპარში არსებითია, რომ მთავარი გმირი, სახლიდან გამოსული ბავშვი, ბოლომდე ინარჩუნებს ბავშვობას, ის ბოლომდე, ქორწილამდე ბავშვად რჩება. სხვანაირად ის ქორწილში, როგორც სასუფეველში ვერ შევიდოდა. ეს არის ბავშვობის სიბრძნე. ამ უშუალო სიბრძნის წყალობით არის ზღაპრის ფანტასტიკა დამაჯერებელი, მისი სიცრუე -სარწმუნო. როგორც კი თხრობის საოცრებანი მოჭარბდება და თვითმიზნად იქცევა, ზღაპარი, როგორც ჟანრი, წყვეტს არსებობას, ის უმალვე ცრუზღაპრის სახეს იღებს, რომლისაც არავის სჯერა. ზღაპრის ფანტასტიკა მაინც რეალური ცხოვრების ლოგიკას არის დაქვემდებარებული. რაც უნდა ფანტასტიკურ სამყაროში მოძრაობდეს ზღაპრის გმირი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სამყარო მაინც ჩვენი ცხოვრების სამყაროა და ზღაპრის გმირიც ჩვენიანია, ერთი ჩვენთაგანია. 
ის ჩვენიანია მხოლოდ ქორწილამდე, რომლის მიღმა ის მომავლის ადამიანად იქცევა. ეს ქორწილი არ არის ერთი რიგითი წუთისოფლური ქორწილი, რომლის შემდეგაც ახალი თაობის დაბადებას მოელიან. ზღაპარი ამბობს, ეს წყვილი ბედნიერი გახდაო, მაგრამ არც ერთს ზღაპარს არ უთქვამს ბევრი შვილები შეეძინათო. ამ ქორწილის დღე უხვალიოა, როგორც ის მერვე დღე, რომელსაც არა აქვს დასასრული. ზღაპარი არ გვახედებს მომავლის საიდუმლოში: რაც იქ ხდება, ფარდის უკან ხდება...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq