საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ბედნიერთა გუნდს მივაკუთვნებდი თავს, რადგან მომელოდა ნახვა გურიისა, გურულებისა..“ (გაგურული დღიურები (წერილი მესამე)
ლელა ჩხარტიშვილი
გაგურის გამოქვაბული


გაგურის ღირსშესანიშნაობათაგან  გამოსაყოფია გამოქვაბული, რომლის შესახებაც ვიკიპედიაში წერია: „გამოქვაბული იწყება გურიის სერის ერთი ბორცვის აღმოსავლეთის კალთიდან. გაგურის გამოქვაბულის დანიშნულება, სხვა გამოქვაბულებისგან განსხვავებით, იყო არა მოსახლეობის გახიზვნა, არამედ ის გამოიყენებოდა ქონების შესანახად და განძთსაცავად. მიუდგომლობის გამო გაგურის გამოქვაბული შეუსწავლელია. ის აღწერილი აქვს თედო სახოკიას წიგნში: „მოგზაურობანი".

თედო სახოკია კი წერს: „აკეთშივე ყოფნის დროს შემთხვევა მქონდა გამომეკვლია ერთი მიწისქვეშეთი, რომელსაც აქაურნი „ეშმაკის საყდარს“ ეძახიან, ალბათ იმიტომ, რომ სოფლელნი შიგ შესვლას ვერა ბედავენ და ასე ამბობენ, შიგ ეშმაკები ცხოვრობენო. ეს გვირაბი აკეთის იმ უბანშია, სადაც თოხაძეები ცხოვრობენ. ერთი გორაკის ფერდიდან იწყება; შესავალი ბალახითა ჰქონდა  დაფარული. ნიადაგი მხოლოდ შესავალთანაა ქვანარევი, მერე კი წმინდა წითელი მიწაა, სწორად გამონათხარი. შემსვლელნი ორნი ვიყავით. იძულებულნი გავხდით ფოფხვით გვეარნა, რადგან ტანის გამართვა არ შეიძლებოდა ხვრელის სიდაბლისა გამო. წინ ანთებული სანთელი მიგვიძღოდა, გრძელ ლატანზე დაკრული; ათი მხარის მანძილი გავიარეთ. ამ დროს, განის სოროს წავაწყდით. ვიარეთ კიდევ პირდაპირ. გავიარეთ თხუთმეტი მხარი და იქ კი უნდა გავჩერებულიყავით, რადგან მიწა ჩამოზვავებულა და გზა შეგვეკრა. დავბრუნდით და შევედით გვერდის ხვრელში. იქაც ხუთიოდე მხარის მანძილი გავიარეთ, მეტი არა, რადგან გაფუჭებულმა ჰაერმა სანთელი გაგვიქრო. ჩვენც, რაკი სასუნთქავი ჰაერი მოგვესპო, ამით გავათავეთ ჩვენი გამოკვლევა.. ამ ალაგას და მთელ გზას განსაკუთრებით აშკარად ეტყობა ნადენი წყლის კალაპოტი. მაგრამ ისიც ეტყობა, რომ გზა სულ ახლახან გაუკეთებია წყალსა. აქაურებმა ამ გვირაბის შესახებ ბევრი ვერა გვითხრეს-რა, მაგრამ ეჭვს გარეშეა, რომ აქ ძველად, შიშიანობის დროს, ადგილობრივნი მკვიდრნი თავს იფარავდნენ მტერთაგან. ნამუშევარი ადამიანის ხელისაა. თუმცა სხვა ვერაფერი ვპოვეთ-რა აქ ადამიანის კვალი. ახლა ნადირიღა თუ იცხოვრებს შიგა. საშიში კია შიგ შესვლა, განსაკუთრებით წვიმისა და წყლობის დროს. ადვილად შეიძლება თაღი კიდევ ჩამოზვავდეს მსგავსად ჩვენგან ნანახ ზვავებისა.“

თედო სახოკია განსაკუთრებული სიყვარულით გადმოსცემს  გურიაში მოგზაურობის ამბებს: „ბედნიერთა გუნდს მივაკუთვნებდი თავს, რადგან მომელოდა ნახვა გურიისა, გურულებისა, რომლებიც საფუძვლიანად ამაყობენ თავისი კოხტა გურიათი, სწავლა-განათლებით დაწინაურებულ გურიათი. მომელოდა ნახვა გურულებისა, რომელთაც სილამაზით, სიცქვიტით და სხვა სანაქებო თვისებებით თითქოს განსაკუთრებული და თან საპატიო ადგილი უჭირავთ ქართველებში. ბევრი რამ გამიგონია მათი უპირატესობის აღმნიშვნელი, მაგრამ,  დამეთანხმებით, გაგონება, სხვისი პირიდან მოსმენა სულ სხვაა და საკუთარი თვალით, პირისპირ ნახვა - სულ სხვა გახლავთ.“

გურულების სიფიცხისა და თოფის წამალივით უეცარი აფეთქების შესახებ ისედაც ყველამ იცის. „გურული ფიცხია, „გულმწყრალია“. ვახუშტისა არ იყოს, თუ ჰგონია, რომ ოდნავადაც არის, შეურაცხყავით, არ დაგინდობთ. თავი ცოცხალი არ უნდა, თუ სამაგიერო არ გადაგიხადათ.

 

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში გურიაობა ახსნილია შემდეგი სიტყვებით: „მიდევნება არევით“.  აქ ის აზრია  გამოთქმული, რომ გურია, რომლის მკვიდრთა თვისებას, სხვათა შორის, გურიაობა შეადგენს, ნიშნავს „დაუცხრომელთა სამყოფელს“.

მეგრულად გური გულს ნიშნავს. გურამი - ბრაზიანს, გულიანს. ცნება გულადიც ამ სიტყვით აღინიშნება.  აქაც ის აზრია ჩადებული, რომ გურული ცნობილია ბრაზიანობით, ანუ როგორც თვითონ ამბობენ, „კუჭიანობით“ და ამასთან გულადობითაც სწორუპოვარია საქართველოს პროვინციებში. გურული და გულფიცხი მეგრელს სინონიმებად მიაჩნია“ - შენიშნავს თედო სახოკია.

გური რომ გულს ნიშნავს და გურია რომ გულთან და გულიანობასთან არის დაკავშირებული, ეს გასაგებია, მაგრამ ისტორიკოს ეკა ჭეიშვილს თავისი მოსაზრება მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰქვია სოფელ გაგურს გაგური. გაგური არის გურიის გული ანუ ცენტრი.

„ჩვენს თანასოფლელ ხანდაზმულ ქალბატონს, ციალა ჭეიშვილს, ხშირად უთქვამს ჩემთვის, რომ ერთხელ მის ეზოსთან მისულან ამ საკითხით დაინტერსებული მკვლევრები და  უთქვამთ, რომ ეს ადგილი, ახალი გადაზომვით, არის  გურიის ცენტრიო. ცემენტიც არის ამ ადგილას დასხმული,  მათი სახლის ეზოსთან,  თავდაღმართის ძირში. ჩვენ მოგვეპოვება ფაქტები,  მიწიდან ამოღებული მასალა. ციალას შვილმა ცხრა მეტრიანი ჭა ამოთხარა და  ქვედა ფენას ამოჰყვა  ათასობით ნიჟარა. თვითონ მიწის ფენაც განსხვავებული იყო. ამაზე დაყრდნობით, მე მაქვს ასეთი ვარაუდი, რომელსაც, რა თქმა უნდა,  მეცნიერული კვლევა სჭირდება. მაგრამ შესაძლებელია,  რომ ამ ადგილას  ყოფილიყო ზღვა. იმიტომ რომ მდინარე ასეთ  ნიჟარებს არ გამოყოფს. ნიჟარები ძალიან პატარა ზომისაა და ჰაერი რომ მოხვდება, უმალვე იფშხვნება. თანაც ეს არ გახლავთ ახალი მოვლენა. ანდა, რანაირად იქნება ახალი, როცა ამხელა მიწის ფენა ადევს?! ჩვენც,  ოცი წლის წინათ ეზოში ამოვთხარეთ ჭა და ქვედა  ფენას ამოჰყვა შეშის ხის ნაფოტები, რომლებიც ასევე,  უმალ, ჰაერის მოხვედრისთანავე დაიშალა. ცხრა მეტრაზე შეშის ნატეხს რა უნდოდა? ეტყობა,  ზღვის მიმოქცევის  გამო მოხდა ასე.  ნიჟარებთან და ნაფოტებთან ერთად, სხვათა შორის,   კენჭებიც იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ვივარაუდოთ:  ამ ადგილას, ოდესღაც, მილიონი წლის წინ იყო ზღვა.

მინდა დავამატო ისიც, რომ, მოსახლეობისთვის როგორადაც დაუდგენელი არ უნდა იყოს სოფლის საზღვრები,   ყველა სოფლის სასაზღვრო ზონას მაინც  სასაფლაო განსაზღვრავს.  რა გვარის ხალხიც

ისტორიკოსი ეკატერინე ჭეიშვილი
არის დაკრძალული სასაფლაოზე და  რა ტერიტორიიდანაც არიან ისინი, იქამდე მიდის საზღვარი. სხვა სოფლის მოსახლე, თუ ტერიტორიულად არ ეკუთვნის იმ სოფელს, არ დაიკრძალება იმ სოფლის სასაფლაოზე  (თავადაც არ ისურვებს ჭირისუფალი). ეს დაუწერელი, მაგრამ სოფლის კანონია.  ოდესღაც ალბათ სოფელ გაგურის ტერიტორია  ყოფილა ის ადგილი, რომელიც ამ წუთას ზემო აკეთს ეკუთვნის ტერიტორიულად. ასევე ჭანჭათის სასაზღვრო ზოლი. სად იყო საზღვარი ჭანჭათსა და გაგურს შორის, მოწმობს, თუ  რამდენად დიდი იყო ჩვენი  სოფელი. ახლა შემცირდა და დაპატარავდა. სამწუხაროდ, იქამდე მიდის საქმე, რომ რაღაცნაირად ამ სოფლის სახელწოდების გაქრობაც კი  უნდათ. გაგური თითქმის  არსად აღარ მოიხსენიება. ადრეული პერიოდიდან გაგური აკეთის სასოფლო საბჭოში შედიოდა. აკეთის თემი იყო კომუნისტებამდეც. ამ თემში შემოდიოდა: გაგური, ქვემო აკეთი, ზემო აკეთი, ჭანჭათი, ვანი და ზომლეთი. მერე ნელ-ნელა გამოეყო და გამონაწილდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ  უახლოესი ხანის  საქართველოს რუქაზე სოფელი გაგური არის დატანილი. სოფლის სახელწოდების გაქრობა რომ მიდის, ეს არის ცუდი. რაღაც უნდა ვიღონოთ საამისოდ.  გაგური ჩვეულებრივი მოქმედი სოფელია. მართალია მრავალკომლიანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენი სოფელი  80 კომლამდე მაინც განისაზღვრებოდა  ყოველთვის და ამიტომ გასაქრობად განწირული ნამდვილად არ გახლავთ.“

გასაგებია, რომ აქაურებს  თავიანთი სოფლის ბედი და შესაბამისად, სოფლის სახელწოდების გაქრობა ძალიან აღელვებთ. ეს პატარა სოფელი   ხომ მათთვის  ყველაზე მიმზიდველი, მშობლიური გარემოა და რომც დატოვონ იგი  დროებით, მათი  გული მაინც სავსეა მიტოვებული სამოთხის სევდით და შინდაბრუნების მარადიული ვნებით. გაგური მათი გულია. ეს  მიწა, ჰაერი, მთელი ცხოვრება ასაზრდოებს მათ და, სამყაროს უსასრულობის ჰორიზონტამდე  განაზოგადებს ამ პატარა სოფლის საზღვარს.

ლამაზი და მყუდრო სოფელია გაგური. მყუდროებას და იდუმალებას განსაკუთრებით ღამით გრძნობ კაცი. სიჩუმეში და სიმშვიდეში მყოფი სივრცე ყველა ფიქრისგან გათავისუფლებს და დიდ სიმშვიდეს და სიტკბოს განიჭებს. ამ სივრცეს და გარემოს თან ახლავს სიბრძნე,  რომ ყველაფერი და ყოველივე უსასრულოა. სერგო კლდიაშვილი წერდა: „ყველაფერს თავისი ხმა აქვს, მაგრამ იმ წუთებს, როცა მზე ჩადის, არავითარი ხმა არა აქვს. იმ წუთებს მხოლოდ გარინდება აქვს, თავისი ჩუმი ფიქრი, სავსე სიბრძნით და შემაერთებელი რაღაც დიადთან, მარადისობასთან.“

დამატკბობელია ბუნების ძლიერებისა და სიუხვის ჭვრეტა სოფლის ღამეში.  მთვარის დავერცხლილი სხივები რომ კრთის და ირხევა ხეთა ტოტებში ნაივის დაბერვისას...„ხედავ, ტოტი ქარისა, აქანებდა მთვარესა“ (გალაკტიონი). ღამის იდუმალებას აცაურას  საამო ჩხრიალი  თუ არღვევს და ზაფხულის საღამოს სიგრილეს ჰფენს.  რამდენ მომაკვდავ და სარეცელს მიჯაჭვულ გაგურელს უნატრია სიცოცხლის გაგრძელება თუნდაც იმიტომ, რომ ამ უწყინარ მდინარეს კვლავ ჩახუტებოდა. სხვა  გიჟმაჟი  და დაუდეგარი  მდინარეებივით, აცაურა არ მიჰქრის, არ ქუხს, ძალუმად არ ეხეთქება. სიფიცხე აკლია. დინჯია, ხმადაბალი და დარბაისლურად, მდორედ მიიკლაკნება. მთვარიან ღამეს მის ცქერას არაფერი სჯობს.

„მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!..

დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს...“ (ილია)

სოფელში სადღეგრძელოც ითქმის ხოლმე ასეთი: „ღმერთო ნუ მოაკლებ ამ მდინარეს თევზის მრავლობას, ბავშვების ჟრიამულს და ხალხის უამრავ სტუმრობასო.“

მაგრამ  ახლა ბევრი რამ შეიცვალა. სადღაა გარშემოგამეფებული  სრული სიჩუმე?! იმ, ოდესღაც საოცნებო მყუდროებას  უკვე დიდი ხანია არღვევს მძიმეწონიანი საბარგო მანქანების ხმაური. ხან ერთი მანქანა შემოგხვდება გზაში, ინერტული მასალით დატვირთული და  ხან მეორე. თანაც სოფლის ცენტრალური  შარაგზა არც ისე ფართოა და ორი მანქანა გაჭირვებით  უქცევს ერთმანეთს გზას. საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩინურმა კომპანიამ აქ  ცენტრალური ავტობანის მშენებლობა დაიწყო.  ეს გამუდმებით მოძრავი მანქანებიც სწორედ ამ მშენებლობაზე არიან დასაქმებული. გაგურის მოსახლეობა აღშფოთებას გამოთქვამს. ოქტომბერში ქალბატონი ლია ჭეიშვილის ოჯახი კომპენსაციას ითხოვდა შესაბამისი უწყებებისგან, იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც  ამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებით მიადგათ. ყურადღების მისაქცევად  გზაც გადაკეტეს. „ამ მანქანების ხშირი მოძრაობის გამო წყალიც აღარ გვაქვს. სოფლის გზაც უვარგისი გახდა. სიცხეში მტვრის ბუღი დგას ირგვლივ, წვიმაში კი ისეთი ტალახია, ვერ გაივლი. გვითხრან, სკოლაში როგორ უნდა იარონ ბავშვებმა?! გასაგებია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე კეთდება  ავტომაგისტრალის გაყვანით, მაგრამ ამის სანაცვლოდ სოფელი ხომ არ უნდა გავანადგუროთ?! გაგონილა 21-ე საუკუნეში წყალი და გზა არ ჰქონდეს ადამიანს?! სახლს ბზარები გაუჩნდა, ღობე აღარ დამიტოვეს, სიმინდსაც ვეღარ ვთესავთ ამათი გადამკიდე, ქვიშით გაივსო  საყანე ფართობები. კეთილი ინებოს და თავად ჩინური კომპანიის წარმომადგენელი მოვიდეს აქ და მომცეს გარანტია, რომ ჩემი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მანქანებს არ გავატარებ“, - განაცხადა ლია ჭეიშვილმა  (ამ ოჯახზე ცალკე გიამბობთ ქვემოთ).

 

გაგურში საპატიო ადგილი უჭირავს მდინარე აცაურას მარცხენა ნაპირზე,  ამაღლებულ ადგილას აღმართულ, მაცხოვრის სახელობის  ეკლესიას, რომელსაც დიდებული წარსული აქვს.   ამ ეკლესიას  გურულები „მაცხუარს“ უწოდებენ.

ამ ეკლესიის დიდებულ წარსულზე, აწმყოზე  და ზოგადად, გურულების სარწმუნოებრივ მსოფლმხედველობაზე შემდეგ წერილში ვისაუბრებთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq