საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ბოროტიცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“?
ლელა ჩხარტიშვილი


ცოტა ხნის წინ, ქართულ კინოსივრცეში გაჩნდა ახალი ფილმი, დრამა: „აღსარება“ (რეჟისორი და სცენარის ავტორი: ზაზა ურუშაძე), რომელიც გახლავთ ისტორია ყოფილ კინორეჟისორ, მღვდელ  გიორგის შესახებ. მას მთიანი სოფლის პატარა ეკლესიაში მიავლენენ მსახურებისათვის. ამ ეკლესიაში წირვა კარგა ხანს არ ჩატარებულა, რადგან წინამორბედი მღვდელი გარდაიცვალა. მამა გიორგი  დიდი მონდომებით იწყებს მსახურებას და ის ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან  აღსარებას იბარებს. ეკლესიაში მრევლის მოსაზიდად მათთვის სოფლის კინოთეატრსაც  მოაწყობს.

შემდეგ ის ხვდება ამ სოფლის მკვიდრ, ჰოლივუდის სექსბომბად აღიარებულ მერილინ მონროს მსგავს, მუსიკის მასწავლებელ  ქალს - ლილის, რომლის ხორციელი სილამაზეც ერთგვარი ტესტი აღმოჩნდება მღვდლის ერთხელ უკვე მყარად და ნებაყოფლობით არჩეული გზის, გადაწყევტილებისა და  მისწრაფებების ურყევობის შესამოწმებლად.

მოკლედ, როგორი ფილმიც არ უნდა იყოს „აღსარება“ - ჩვეულებრივი მხატვრული, ალეგორიული თუ ფსიქოლოგიური, ერთი რამ უდავოა, რომ ფილმის  ავტორმა ზედაპირულ ხატად გამოიყენა სამყაროსავით ძველი  თემა, რომელიც ჩაქსოვილია ამ ფილმში; თემა სულისა და ხორცის, კეთილისა და ბოროტის, რწმენისა და ურწმუნოების, ცხოვრებისა და ასკეტობის, „ზენასა“ და „ქვენას“ მარადიული ჭიდილისა და  დაპირისპირებულობისა.

რა იყო შემოქმედებითი კოლექტივის  მიზანი ფილმის გადაღებისას? რა არის ამ ფილმის იდეა? სულიერი იდეალებისა და  ხორციელ გრძნობათა შეჯახებით გამოწვეული ტრაგიზმის, ერთი ბერის დაცემით, ამ სოფლიური ცხოვრების, მიწიერების („ქვენას“) სულიერებაზე („ზენაზე“) გამარჯვების ჩვენება;     რწმენის ღალატისა და სიკეთის დათრგუნვის გააზრებით, სასულიერო ცხოვრების გზის უაზრობისა და უნიადაგობის, შესაბამისად, ნიჰილიზმის, ან თუნდაც  ვულგარული მატერიალიზმის ძლევამოსილების ქადაგება თუ რა?

პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ ეს დიდი თემაა, რომელსაც არაერთი ხელოვანი შეეჭიდა.  ბერის ცოდვით დაცემის ტრადიციული კლასიკური სიუჟეტი სიტყვაკაზმული მწერლობის არაერთ ნიმუშში გვხვდება (ამ ნიმუშებში მშვენიერი ქალისგან მოდის ცდუნება, ისევე როგორც ოდესღაც ევასგან. თუ არ ვცდები, ერთადერთი შემთხვევაა, სადაც მშვენიერება არ აცდუნებს ასკეტს, არამედ სიბრალული. ეს ტოლსტოის „მამა სერგია“). საკმარისია დავასახელოთ, ილიას „განდეგილი“ და კიდევ ბევრი სულის სარგო პატერიკი, რომელთა დაწერის მიზანი და შემოქმედებითი ჩანაფიქრი - მორწუნე ადამიანის სულის სიმტკიცის, ძალის, ნებისყოფის აღზრდა, მისი გაძლიერება ასკეტურ ღვაწლში და სულიერი ბრძოლის სირთულეებში გათვითცნობიერება გახლდათ. და კიდევ იმის ჩვენება, რომ საზოგადოების ხსნა ვერ განხორციელდება პიროვნების სულის ხსნის გარეშე.

ჯერ საკუთარ სულზე უნდა იზრუნოს მოღვაწემ და საკუთარი სულის სრულყოფის შედეგად, მიეცემა მას მრევლზე ზრუნვის საშუალება, მაგრამ პიროვნების სულის ხსნა იოლი საქმე როდია. ამისთვის ჯვარცმულის რწმენა, ნებისყოფა და ენერგია უნდა ჰქონდეს კაცს. მისი სულის სიმტკიცისა და ძალის პატრონი უნდა იყოს. ყოველმა კაცმა ხორცი უნდა მისცეს სულისათვის, მაშინ გაჩნდება შესაძლებლობა სხვათა განთავისუფლებისა... ყოველ კაცს აქვს თავისი „გზა ხსნისა“.  და თუ მოღვაწე ჯვარს იტვირთებს, ის უნდა ზიდოს ბოლომდე.  წარმავალი წარუვალს არ უნდა ამჯობინოს, მოკვდავი - უკვდავს. არ არის მოსაწონი დასახული მიზნისაკენ არათანამიმდევრული სვლა, თუნდაც წაბორძიკების შემთხვევაში გულის გატეხა და დამარცხება.  დიდი საქმე მხოლოდ განწმენდილ, მტკიცე, საკუთარი ჯვრის უდრტვინველად მატარებელ კაცთა მეშვეობითაა შესაძლებელი.

რა ებრძვის და ეღობება რწმენას?

ადამიანი არ არის იდეალური არსება, თუმცა იგი  შექმნილია ხატად ღვთისა, ხოლო მსგავსებას თავად უნდა მიაღწიოს. მაკარი მეგვიპტელი წერს: „ადამიანის ბუნება არის ბუნება შესაძლებლობისა და მისწრაფებებისა, მაგრამ არა უკვე დასრულებული იდეალებისა.“

ფილმის მთავარმა გმირმა მღვდლობის ჯვარი ნებაყოფლობით იტვირთა. და იგი თავისუფალი ნებით და ღმერთის დახმარებით მიისწრაფის უმაღლესი იდეალისკენ. მაგრამ ტრაგედია მაინც ხდება. ერთი მხრივ, არსებობს ზეციური სულის იდეალური ხატი და, მეორე მხრივ, მიწიერი ცხოვრების სახე, რომელიც თავისკენ ეწევა განღმრთობის გზაზე შემდგარ მოღვაწეს. ძნელია ხორციელი ცდუნებისგან თავის დაღწევა, ცდუნების სიტკბოებაზე უარის თქმა.  ამ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს გონების ნებას და ნებისყოფას. ჩვენ შორს ვართ იდეალისგან, რადგან განღმრთობილი ხორცით არავინ იბადება.

როგორ ვითარდება ცხოვრებისა და იდეალის დაპირისპირებულობა ფილმში?

მივყვეთ ფილმის სიუჟეტს. მღვდელს მიავლენენ ერთ   სოფელში, სადაც არც თუ კეთილი ხალხი ცხოვრობს (ერთ-ერთი აღმსარებელი მას აფრთხილებს კიდეც  ამის შესახებ).

ჰუმანური და სუფთა ბუნების მღვდლისთვის, რომელსაც ფილმში დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს და მე ვფიქრობ, მისი გარეგნობა ამ გმირის ბუნებას შესანიშნავად  გამოხატავს (ილიას თუ მოვიხმობთ: „სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი.“). ღრმა მეტყველი თვალებით, წყნარი და ტკბილი მზერით ეს გმირი თავიდანვე აღძრავს სიმპატიას. მისთვის უცხო აღმოჩნდება  სოფლის მკვიდრთა ზნის დამწუნებელი გოჩას აღიარება და მას ჯერ კიდევ მოუმზადებლად ჩათვლის აღსარებისთვის.

არადა, ფილმის მსვლელობისას, ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ამ პატარა სოფელში სიცრუეს და უნდობლობას დაუსადგურებია;  შურსა და მტრობას, უსამართლობასა და თვალთმაქცობას გაუდგამს ფესვი. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სოფელია, სადაც მისი მცხოვრებლები ფაციფუცობენ, ლხინობენ, ვითომ რაღაცას გრძნობენ, ფიქრობენ, მოქმედებენ, იცინიან, ტირიან. ქმრებს ღალატობენ და მერე ინანიებენ...  ცდუნდებიან და აცდუნებენ. ისევ ილიას მოვუხმოთ:

„მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,

ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედებას

ფრჩხილის ოდენაც არა აქვს აზრი

და ყველა იგი თვალთმაქცი არი.“

მართლაც, ძნელია „მათ აზრში აზრის პოვნა“..

მღვდელი აღსარების მიღებას, რატომღაც  ბუნების ფონზე  ამჯობინებს, საიდანაც კარგად ჩანს სოფლის ლამაზი ხედი და მისი  გონებაც დატყვევებულა ბუნების ლამაზი სანახაობის (პეიზაჟის) ხილვით. თითქოს, ამაში უცნაური არაფერია, როგორც ღმერთის დიდების ხატს, მღვდელი ისე შესცქერის ყველაფერ მშვენიერს. ერთი რამ კი არის გამაფრთხილებელი, რაც ხშირად ადუნებს ხოლმე სასულიერო პირთა სიფხიზლეს.  შექმნილმა სილამაზემ არ უნდა დაგვავიწყოს თავად შემოქმედი. მღვდლის შეგნება გაორებულია. მას ჯერ კიდევ ხიბლავს  ცხოვრება, ისევე როგორც გაზაფხული; არ არის შემთხვევითი, რომ ფილმში ბერის ამ მისწრაფებას (ტკბილ სისუსტეს) ფონად უდევს  და აქცენტირებას უკეთებს შესანიშნავი ქალაქური ლირიული სიმღერა (რომელსაც, სხვათა შორის, ადრე  დები იშხნელები მღეროდნენ): „გაზაფხული მოდის, მართობს.“ ამ სიმღერის ტბილი ჰანგები წმინდა გალობის ხმებსაც ჯაბნის ფილმში.

(„გაზაფხული მოდის მართობს,

სიკეკლუცის, ეშხით მათრობს,

გაზაფხული რა ნაზია, ალმასია, ლამაზია.

რა კარგია გაზაფხული.

ლხენით სავსე, შვებით სრული,

რა ტურფაა გაზაფხული.

ვის მოსწყინდეს მისი ქება,

გაზაფხულს რა შეედრება?!

რა კარგია გაზაფხული.

ბუნება რომ აყვავდება,

გულიც გადახალისდება,

ვენაცვლები გაზაფხულსა

ანეტარებს იგი გულსა.

რა კარგია გაზაფხული.“).

ასეთი კეკლუცი  გასართობებით სავსეა ეს ვაი-ვაგლახიანი ცხოვრება, სადაც ტურფა  გაზაფხული მიანც მოდის ხოლმე  და უთვალავი ფერებით ამკობს არე-მარეს. მაცდურია გაზაფხული, მწარედ გვაბიჯებს გულზე  და თავის ძლევამოსილებას გვიმტკიცებს ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს. მუსიკის მასწავლებელი ლილიც გაზაფხულივით დაჯერებულია თავის ძალებში.

ვახტანგ კოტეტიშვილი, როდესაც ილიას „განდეგილზე“ საუბრობს,  ერთგან წერს: „საბოლოოდ მაინც შეუძლებელია სურვილთა იმ ათასნაირი ქსელების დაწყვეტა, რომელნიც გვაკავშირებენ ცხოვრებასთან და რომელნიც თვით ხანგრძლივ განდეგილობაშიც კი ცნაურდებიან შურის, წყევლის, წყურვილის თუ უბრალო ტკბილ მოგონებათა სახითო.“

მაგრამ, სწორედ, ამ ქსელების დაწყვეტაშია ბერობის არსი, რომელიც, ცხადია, ყველას არ შეუძლია.

დიდი და რთულია მღვდლის ღვაწლი. მან მადლი და მართალი სიტყვა უნდა მოჰფინოს „ერში“. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში თავიდანვე კარგად ჩანს ფილმის  ავტორის მოკრძალებული  დამოკიდებულება სასულიერო ცხოვრების  გზის მიმართ. მღვდელი ეხმარება ადამიანებს არა მარტო ლოცვით, არამედ  მრავალმხრივ თანადგომას უცხადებს მათ. მოხერხებული მებადურივით, რომელიც ათას ხერხს მიმართავს თევზის დასაჭერად და მოსანადირებლად (მებადურები, მოგეხსენებათ,  მოციქულების ალეგორიული ხატია), ცდილობს მათი მისწრაფებების გათვალისწინებას, მათი გულების მოგებას და ამ მიზნით ფილმების ჩვენებას აწყობს; მათი  გემოვნების დონემდე დადის. მოციქულის სიტყვებით: „ყველასთან ყველა ვიყავი, რათა  ამ გზით ყველა შემეძინაო.“ ჩვილი ბავშვივით,  ჯერ სუსტ საჭმელს, „რძეს“ აძლევს... რათა მერე „ხორცით“ კვებაც შეძლონ ანუ უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ. ამ შემთხვევაში, ტაძარში სიარული შეუყვარდეთ. მაგრამ არის კი ბერი მზად იმისათვის, რომ სხვათა ცოდვები იტვირთოს?! შეძლებს კი ბერი ამ ადამიანთა ხსნას, რომლებიც ვერც არჩევენ ერთმანეთისგან ცოდვა-მადლს?!  ხორციელ გართობაზე ფიქრობენ, სულისთვის კი არ სცალიათ. სხვათა შორის, მამა გიორგი ვერშემდგარი, უფრო სწორად, ნასტუდენტარი რეჟისორია.  მას უყვარს კინო და მასში არეკლილი ცხოვრება, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება ხომ უფრო საინტერესოა, ცხოვრება და არა თამაში.. თუმცა მალე ვრწმუნდებით, რომ ის ცხოვრებისული ჯვარი, რომელიც მან იტვირთა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისთვის.

მან ხორციელ  ცდუნებას ვერ გაუძლო. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ბერი ასე ტკბება გაზაფხულის სიმშვენიერით, მის გულში, ალბათ, იბადება კითხვა:  რისთვის მორთო გაზაფხულივით, ასე ლამაზად,  ღმერთმა ეს ქვეყანა და წუთისოფელი, თუ არა იმისათვის, რომ ადამიანი ხორციელად დატკბეს?! („ბოროტიცა  რად შეექმნა კეთილისა  შემოქმედსა“?)   თითქოს ამ ეჭვის შესამოწმებლად ჩნდება ფილმში  ლილის სახე, რომელიც ალეგორიული ხატია ამა სოფლისა. მაშ ასე, სახეზეა, ერთი მხრივ, ღვთის მიერ შექმნილი სილამაზე და, მეორე მხრივ, დამღუპველი, მაცდუნებელი ძალა. რა კავშირია ამ ორს შორის? რამდენადაც ლამაზია, მშვენიერია, საყვარელი და სიტკბოებით სავსეა ეს წუთისოფელი (შესაბამისად, გაზაფხული),   რატომ არის იმდენადვე  დამღუპველი და მარადიულ ჭეშმარიტებასთან დამაშორებელი? რატომ სძლევს მადლს ცოდვა?

ფილმის ძირითად ამბავში რამდენიმე გმირია წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ცდუნების მიზეზი - გარეგნული სილამაზით გამორჩეული ქალია (სოფიო სებისკვერაძე ასახიერებს). მაინც  როგორია ეს ქალი, რას ამბობს, რას აკეთებს და რა შედეგამდე მიდის, რადგან, როგორც ნათქვამია, ხე ნაყოფით იცნობა. ამ ქალზეც შეიძლება ითქვას, რომ ის არის „ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით, სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით“ („განდეგილი“).

მოკლედ, ღმერთმა გაზაფხულივით, ყოველივე კეთილი მიმადლა ამ ქალს. თავიდან იგი სიმპატიასაც აღძრავს თავისი მოჩვენებითი კეთილშობილებით, ტაძრის მსახურებაშიც იღებს მონაწილეობას.

აღსარებასაც ამბობს, რითაც ცხადი ხდება, რომ   მართალი და წრფელი გული არა აქვს;   არა აქვს იმის განსჯის უნარი, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, და არა აქვს სინანული, მის გულში უამრავი გულისთქმაა, რომელთაც ის არ ეწინააღმდეგება.

მთელ მის გარეგნობასა და ხიბლს  ერთი მიმართულება აქვს -  აღძრას ვნება, რასაც იგი ოსტატურად ახერხებს, როგორც გარეგანი სიტურფით, ასევე შინაგანი „გრძნებით“.   ქალის სილამაზე თითქოს რაღაც აქტიური, გულთა დასატყვევებლად შემართული ძალაა. ეს არის „შვენების გრძნეული ჯადო“, რასაც იწვევს ქალის შინაგანი არსება. ეს ქალი არ იშურებს ზრუნვას, რომ თავის მომხიბვლელობა ათასად წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას სხეულის ლამაზ აღნაგობას, ზედმეტადაც კი.  თანდათან ვრწმუნდებით, რომ ამ მომხიბლველ არსებაში უკვე სხვა ძალაა გაბატონებული.

(ილია წერს: „ადამიანი ხატებაა ღვთაებისა განა ხორცითა? ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით კერძო ღვთისა. ის ერთი - სული და გულია.“)

ამ ქალს კი არა სულიერი, არამედ თავისი მიწიერი ფილოსოფია აქვს და ცხადია,  არ ესმის, რა არის კარგი მღვდლობაში და ხორციელი გულისთქმებისგან თავის შეკავებაში. გულისთქმებზე უარის თქმა მას უკვირს და, ალბათ, გაუმართლებლადაც მიაჩნია. თავისი ცხოვრების წესით, ფიქრით და საქმით ის ღვთის მგმობელია. მისი ეკლესიით დაინტერესება  ის მაცდუნებელი პირბადეა, რომლითაც   აღწევს მღვდლის ყოფიერებაში და ადუნებს მის სიფხიზლეს. რეალურად მას ღვთის არც რწმენა აქვს  და არც სიყვარული.

„განდეგილის“ მწყემსი ქალისგან განსხვავებით, ეს ქალი საკმაოდ აქტიურად ცდილობს მოხიბლოს ბერი. ლილი  წუთისოფლის მეხოტბეა და განასახიერებს კიდეც მას. მუდამ ფიქრობს ხორცზე და არა სულზე, წუთიერზე და არა მარადიულზე. ერთ-ერთი დიალოგის დროს, იგი ნელ-ნელა დახვეწილად აპარებს ბერს კითხვას, რითაც თითქოს  მის მიერ არჩეულ გადაწყვეტილებასაც უტევს, ეწინააღმდეგება მას, ცდილობს დაარღვევინოს ის ცხოვრების წესი,   რომლის მიხედვითაც ამ ქალისგან, წესით, ბერს თავი შორს უნდა დაეჭირა.

მისი კითხვა ძალიან ჰგავს მწყემსი ქალის კითხვას, რომლითაც ის განდეგილის ამქვეყნისკენ მობრუნებას ცდილობს: „ნუთუ მის დღეში არა გყოლია მოკეთე, გულის შემატკივარი?! რისთვის მოშორდი?“ ეს არის მარადიული ორჭოფული  კითხვა, რომლითაც  მშვენიერი ქალის სახით გამოცხადებული კაცთა მოდგმის მტერი ოდითგანვე ცდილობს  სულის მხედრის  თავის მაცდუნებელ ბადეში გახვევას.

მამა გიორგის პასუხიდან ვგებულობთ, რომ მისთვის სასტიკ ცხოვრებას ყველაზე მძიმე განსაცდელი ურგუნებია -  შვილის სიკვდილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბერად კურთხევის რიტუალის ნაწილია კითხვები, რომელსაც ამ დიდი სულიერი ღვაწლისთვის გამზადებულ ადამიანს უსვამენ მაღალი იერარქები. ერთ-ერთი კითხვაა: „რისთვის მოსულხარ, ძმაო, შევრდომით წმიდასა ამას მსხვერპლისა შესაწირავსა. ანუ თუ ჭირისა რომლისაგანმე, გინა ძალითა განშორებულხარ?“ ამ დროს, წესისამებრ, უნდა მიუგოს ბერობის მსურველმა: „არა პატიოსანო, მამაო.“ ანუ ცხოვრებისული  განსაცდელი და მწუხარება არ უნდა იყოს, მიწიერი ცხოვრებისგან  განშორების და  ამ დიდი ღვაწლის  ტვირთვის ერთადერთი მიზეზი, არამედ სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ისიც, ღვთის ძალითა და შეწევნით.

გარეგნული პატივისცემისა და მოკრძალების ნიშნად, ქალი, ნელ-ნელა, დახვეწილად აპარებს  ბერს ქალური ალერსისა და მომხიბვლელობის შხამს. ამ ქალსაც თავისებურად დაუგმია ეს წუთისოფელი. თავი საბრალო, უმანკო მსხვერპლადაც მოაქვს; ნაზ, უმწეო არსებად, რომელსაც ყველა, ოდენ ხორციელი ტკბობის ობიექტად აღიქვამს, მას კი თურმე  ნამდვილი სიყვარული სწყურია, დაცვა, მფარველობა.  თავისი ტკბილი, მიმზიდველი საუბრით იგი საბოლოოდ ატყვევებს ბერის სულს...  და ბერი ცდუნებას ვერ უძლებს.

თავიდან ბერს ალალად სურს, ქალს დაეხმაროს, ნუგეში სცეს, მაგრამ იგი ივიწყებს საცდურს, არ ითვალისწინებს თავის ადამიანურ სისუსტეს   და ვერც აცნობიერებს, თუ როგორი  მნიშვნელოვანი ხდება  მისთვის ეს მომხიბლველი და მომაჯადოვებელი ქალი, და  მის მიმართ ვნება როგორ ბატონდება  მის ფიქრებზე, ქმედებებზე. კეკლუცი  გაზაფხული, რომელსაც   ფილმში ეს ქალი განასახიერებს, სამოთხეს ჰგავს გარეგანი მშვენიერებით, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჯოჯოხეთად არის ქცეული და ამიტომაც არის დამღუპველი. ბერი გვიან ხვდება, რომ ამ ქალის მიერ განსახიერებული ტკბილი  წუთისოფელი მასავით უნდოა და „ეშმაკის მახე“. ილიას თქმით: „უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის, უცებ გატკბობს და უცებ აფთრდება!“ ღირსი ისააკ ასური წერს: „სოფელი მეძავი ქალია - თავისი სილამაზით ხიბლავს გულუბრყვილოებს. მის მახეში გაბმული და გახლართული უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვერ დააღწევს თავს სოფლის ტრფიალს და სიკვდილის დღეს შიშველ-ტიტველი შეხვდება. მაშინ კი სცნობს კაცი, რომ სოფელი ცრუ და მატყუარაა.“

საბოლოოდ, ბერი დარწმუნდება ამ ქალის ვერაგ ბუნებაში, ცდილობს მის მხილებას, მაგრამ თავად არის ძლეული მისგან. მის გულში ავხორცი ვნებები ბობოქრობენ. მას თითქოს ავიწყდება თავისი მოწოდება და გულის სიღრმეში ეძლევა მრუშობის ცოდვას. ამ ქალის სახლში, სამხილებლად  მისული, მონუსხულივით ქედდადრეკილი დგას მის  წინაშე, რომელიც უეცრად,  შემაძრწუნებელი კივილით უსხლტება ხელიდან, როგორც აფთარი.  ქალის მხატვრული ფუნქციაც აქ იწურება.

ფილმის დასასრულს ჩვენ ვხედავთ ბოროტებისგან (საკუთარი გულისთქმებისგან) დამარცხებულ სასულიერო მოღვაწეს. პოეტურ ექსპრესიას და ტრაგიზმს შეიცავს მისი განმარტოება ასევე განმარტოებით  მდგომ, ფესვმაგარ  ხესთან. ჩვენ ვხედავთ ხელმოცარულ ადამიანს, ხელჩაქნეულს,  აფორიაქებული სულით, გაორებული რწმენით. მის სულში ალბათ, ბობოქრობს მრავალი კითხვა: ნუთუ  საკმარისი იყო წუთისოფლის წარმავალი, ამაო სიამის თუნდაც ერთი წამით შემოჭრა მის ცხოვრებაში, რომ რუდუნებით ნაშენები რწმენის კოშკი ხუხულასავით დანგრეულიყო?

ნუთუ ხორციელმა ცდუნებამ ქვა ქვაზე არ დატოვა  ასკეტური პრინციპებისაგან?

რას იზამს ახლა? შეეგუება დამარცხებას,  ბერულ სამოსელს გაიხდის, დაბრუნდება „ახალი ცხოვრების“ ასაშენებლად თუ  მოინდომებს და კვლავ შეუდგება  უწინდებურ კეთილკრძალულ ცხოვრებას, განახლებული ძალებით (წარსული გამოცდილების გათვალისწინებით), კვლავ იტვირთებს სულის მხსნელ ღვაწლს,  შეებრძოლება ვნებებს, გამოითხოვს ღვთისგან შენდობას, რის შედეგადაც თავდაპირველ მადლსა და ღირსებასაც უეჭველად დაიბრუნებს?

ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემაც ძნელია,  გმირის საბოლოო  მდგომარეობიდან გამომდინარე. ბოლოს და ბოლოს, მარცხი  ხომ არ ნიშნავს დასასრულს?!. ცხოვრება გრძელდება. წმინდა მამების თქმით, „უბედურება ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ ის, რომ დაცემის შემდეგ ვერ დგები.“ თითქოს ბერს აღარ სწამს „აღდგომა“. „განდეგილივით“,  „განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული.“ მძიმედ განიცდის სირცხვილს, ღირსების დაკარგვას. ბერად აღკვეცის რიტუალში საბერო ადამიანს უსვამენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან (თუ არ ვცდები ბოლო კითხვაა)  კითხვას: „დაითმენ ყოველსა ძვირის ხილვასა, იწროებასა, ბოროტთა მიერ აღძრულ მზაკვარებასა, სასუფევლისათვის ცათასა?“ საბერო პირი კი მიუგებს: „ჰე, ღვთისა ძალითა, მეუფეო!“ ფილმის გმირი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ ძალებს მიენდო.  ამიტომაც ვერ გაუძლო გამოცდას და დამარცხდა.

და მაინც, რა არის ამ ფილმის და, ზოგადად,  ასეთ თემაზე შექმნილი  ნიმუშების  ძირითადი მიზანი? ნუთუ მართლა ასეთი მისასალმებელია ხორცის სულზე გამარჯვების, ბერის ცდუნების  და ჭეშმარიტი გზიდან გადახვევის რიხით ჩვენება? რას შემატებს ეს ვინმეს? ვინმეს თუ რამე საქმეში ხელი მოეცარა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თავად ეს საქმეა დასაგმობი და ყალბი?

ფილმის დასაწყისიდანვე კარგად ჩანს, რომ მის ავტორებს შესანიშნავად აქვთ გააზრებული სულიერი მოღვაწეობის მნიშვნელობა და არა მგონია, რომ   ამ ფილმით სულიერი  მოღვაწეობის გზის უაზრობისა და უნიადაგობის,  სიკეთის  განწირულების  ჩვენება სურდეთ.  თავად იდეის კრიტიკა არ არის მათი მიზანი.

ერთი კია. ჩვენს დროში, ადრინდელთან შედარებით,  სასულიერო პირთა, ბერ-მონაზონთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ.. მარტოოდენ ბერ-მონაზონთა მომრავლება არ შველის საქმეს. ამ გზის არჩევა თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ, ამ გზისთვის უნდა ვარგოდეს ადამიანი.. ამ, მაღალი მიზნისკენ მიმავალ რთულ  და დაბრკოლებებით სავსე გზაზე ღმერთზე მინდობა და ამასთანავე, სულის სიმტკიცე, მხნეობა  და უდრეკი ნებისყოფის გამოჩენა მართებს მოღვაწეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-24
მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (I); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ („მოწყალე“; X).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq