საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ყველგან, ყოველში მარხია ჩემი გულის ნაწილი, შეუმჩნეველი...“ (ჩემი ბავშვობის ხმა იტალიური ეზოდან)
ლელა ჩხარტიშვილი

 

„იტალიური ეზო“ არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა.

კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თავის მოსაზრებას გამოთქვამს: „სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, არსებობს თბილისური ეზო, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით დამკვიდრდა თბილისში. ტერმინი „იტალიური ეზო“, კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის იტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს.

სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა. თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით“.

ამ ოღრო-ჩოღროდ შეჭრილ  ეზოს თავისი ხმა  ჰქონდა. ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში ასე თენდებოდა:

სისხამ დილით, როცა ყველას ეძინა, ადამიანებისთვის  ძილი რომ არ დაერღვია, მეეზოვე ქუჩას ჩუმად ჰგვიდა.

- მაწონიი, მაწონიი.. - სოფლიდან ჩამოსული მემაწვნე ქალის ხმა აღვიძებდა მოსახლეებს. დილის სიფთაზე ძალიან გემრიელი მაწონი მოჰქონდათ, ქილებს სახლის კარებთან ტოვებდნენ, რომელიც არ იკეტებოდა.  მეორე დღეს წასაღებად მოდიოდნენ და ახალი მაწონი მოჰქონდათ.

გათენებისას შუა ეზოში შემოდიოდა ნაგვის საბარგო მანქანა, რომლის ჩამოდგომასაც  ძარაზე ამაღლებული მენაგვე ზარის რეკვით ამცნობდა მოსახლეებს.  ირეკებოდა  ზარი  და სახლებიდან გამორბოდნენ ადამიანები,  ნაგვის ვედროებით ხელში,   ახალგაღვიძებულნი, ერთმანეთს ესალმებოდნენ, იცინოდნენ, ხმაურობდნენ  ღამის პერანგებზე ხალათგადაცმული და  პირდაუბანელი ქალები. ეს  იყო  მოძრავი, სიცოცხლით აღსავსე ეზო...

 - მაწონიი, მაწონიი... შეძახილს ბანს აძლევდა: Яйца, Яйцы! – კვერცხების გამყიდველი.

მას მოჰყვებოდა თათრის ქალის (ბაჯის) წვრილი სოპრანო:  – Зелень, лук, цыцмати, Зелень! –

- მალინაა, მალინაა... - ყველა ხმას ფარავდა. – Точить ножи, ножницы! – შესძახებდა მხარზე სალესწამოკიდებული მლესავი.

 – Бати-бути на бутылки!– უხმობდა ბავშვებს გუდაწამოკიდებული მებატიბუტე.

– აბა, „პლომბირი მააროჟნი”! – დაასრულებდა დილის ეპოპეას „მემაროჟნე”.

 ბავშვები გიჟდებოდნენ  ამ ხმის გაგონებაზე და ჟრიამულს ტეხდნენ. ისინი თამაშობდნენ ლახტს, ფეხბურთს. ერთმანეთისთვის ძმები იყვნენ  და ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხანდახან ჩხუბობდნენ კიდევაც, მაგრამ მალევე  რიგდებოდნენ. სხვა ეროვნების ბავშვებიც ქართულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ბევრმა ქართველმა ბავშვმა სხვადასხვა ენა  სწორედ ამ ეზოს წყალობით  შეისწავლა. ერთი ქართული ფილმისა („მზე შემოდგომისა“)  არ იყოს, „სხვა რომ არაფერი, თერთმეტი ენა მაინც უნდა იცოდე, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა თითოეულ მეზობელს ამ ეზოში თავისი როლი ჰქონდა და ზემოქმედებდა სხვა მეზობელზე. ამ ეზომ  აქაურებს მეგობრობის განსაკუთრებული გრძნობა ჩამოუყალიბა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც სხვანაირად ასწავლა.

აქ მცხოვრები ადამიანები განუწყეტლივ ფუსფუსში,  ერთიანობაში იმყოფებოდნენ, არ იყვნენ გათიშულნი  და  იზოლირებულნი.

საღამო ჟამს, ხის ტოტებშეჩრილ აივნებზე, სადაც უფრო გრილოდა ხოლმე,  ზაფხულობით, დომინოს მაგიდა იყო გაშლილი. სამსახურიდან დაბრუნებული კაცები აივანზე ამ მაგიდას შემოუსხდებოდნენ და დარდს აყოლებდნენ დომინოს კოჭების ჭახა-ჭუხს. სხვა ეშხი ჰქონდა აივანზე დომინოს თამაშს.  აურ-დაურევდნენ კოჭებს და აჩხაკუნებდნენ, არაჩხუნებდნენ და ურტყავდნენ მაგიდას,  რიხით,  მთელ უბანს ესმოდა  ჭახა-ჭუხის  ხმა. გრიალებდა  მაგიდა. გუგუნებდა აივანი, გუგუნებდა ეზო. მრავალ დროების მოწამე, ის დაფხაჭნულ-დაკაწრული მაგიდა დღესაც იმავე ადგილზე დგას. „იგივ ქარი დაჰქრის“ იგივე ეზოში. იგივე კიბეები, იგივე აივნები.  იგივე ფანჯრები. იგივე მაგიდა... თუმც იცვლებიან თაობები, იცვლებიან ადამიანები. მათგან ბევრი წავიდა, სხვაგან  გადასახლდა, ზოგი (მათ შორის ბავშვობის მეგობრები) - საიქიოში, ზოგი სხვა უბანში, ზოგიც საზღვარგარეთ.

დღესაც თვალში გვხვდება ჩვეულებრივი ქალაქური ყოფის ამსახველი მრავალფეროვანი  სცენები: ეზოში ბავშვები ისევ  თამაშობენ ფეხბურთს, აივანზე ახალგაზრდები  საუბრობენ,  ვიღაც სარეცხს ფენს, ვიღაც ველოსიპედს აკეთებს, ვიღაც ბაზრიდან მოდის დატვირთული.    ეს ეზო უხმობს ყველას,  ვისაც აქაური ქუდი ეხურა, აქაური სიხარულისა და ტკივილისა; აქ დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე შეიგრძნეს და შეითვისეს   ამ ეზოების ფასი და პეწი.

იტალიურ ეზოებს არც დღეს დაუკარგავთ ხიბლი.

არდაშელ თაქთირიძე „იტალიურ ეზოს“ ასე ახასიათებს: „ოთხივე მხრიდან სხვადასხვა ასაკის, სიმაღლისა და პროექტის, უფრო კი, უპროექტო სახლებით შემოსაზღვრული ეზო, ქუჩიდან თაღიანი შესასვლელით, სართულზე თითო ტუალეტით, ეზოს ცენტრში საერთო წყლის ონკანით, ერთი გიჟით, ერთი ლოთით, ერთი მეძავით,  ერთი „ვასასით“, დახვეული კიბეებით, შუშებჩამტვრეული შუშაბანდებითა და რიკულებდაბრეცილი აივნებით,“ ასეთივეა თბილისის ერთ ძველ უბანში, ფიროსმანის ქუჩის 42 ნომერში მდებარე ეზო, რომელშიც  დღესაც  სხვადასხვა ეროვნების ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან: ასირიელები, ქურთები,  სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, რომლებიც  ერთმანეთს მხარში უდგანან,   ლხინსა და ჭირს ერთად იზიარებენ და ცხოვრობენ ერთმანეთის სიყვარულით და სიამტკბილობით. ეზოში არც თუ კომფორტული პირობებია, მაგრამ ამის მიუხედავად, პლატონისა არ იყოს, აქ  „ყველა საჭირო კაცია. აი, მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მეთევზეები მეზობლები არიან. აბანოში ურიგოდ წასვლა გინდა და მექისეც შენი მეზობელია, ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშები საძებნელი არ გეყოლება.“ ამ ეზოში  დღესაც არასდროს იკეტება კარი. თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც ცდილობს, რომ საკუთარ ბინას ცალკე, იზოლირებული შესასვლელი გაუკეთოს… თბილისი თანდათან კორპუსებში ჩაიკეტა, სადაც ხშირად  მეზობელი მეზობელს არ იცნობს, სალმითაც კი…აქ კი საბედნიეროდ ისევ გრძელდება თბილი, დასაფასებელი, სახასიათო ყოველდღიური ურთიერთობები. ლუკმის გაყოფაც ისევ იციან და გულთბილი   მეზობლობაც.  ისევ  უყვართ, უხარიათ, სწყინთ კიდევაც, სტკივათ, მაგრამ არასოდეს კარგავენ მთავარს და კიდევ, სადაც არ უნდა წავიდნენ, რამდენი ბინაც არ უნდა გამოიცვალონ, ისევ ბრუნდებიან აქ, ამ  ეზოში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო...

ამ პატარა, მყუდრო ეზოში, ვიწრო რკინის კიბეებს  მივუყვები, რომელსაც ფართო აივანზე შევყავარ.  უბრალო, შემინულ კარებს  ვაღებ და მაღალჭერიან ოთახში შევდივარ. თვალში მხვდება არათანამედროვე გარემო... ეს ძველი ქართული ტრადიციების ერთგული მყუდრო ოჯახია და ატმოსფეროც შესაბამისია. საერთო ინტერიერი,  ყოველი დეტალი და ნიუანსი ამაზე მეტყველებს და სიძველის განწყობას ავლენს.   ყურადღებას იპყრობს  თაროებზე  დაწყობილი ძველი წიგნები, ძველებური ავეჯი, კედელზე ჩამოკიდებული ძველი ფოტოები, წინაპართა პორტრეტები.  მაღალ ჭერზე დაკიდებული  გრძელი ჭაღი. ოთახის   ცენტრში დგას მაგიდა მაღალი სკამებით  (გრძელი, თითქოს პრეზიდიუმის მაგიდა ოჯახური „სხდომებისთვის“). ცენტრალური ნაწილის უკან დგას კარადა, აქვეა საათი, სარკე, დივანი, დაბალი მაგიდა, ძველი სკამები. ოთახში ვხედავთ ძველ ავეჯს, რკინის საწოლებს, ჯიხვის რქებს კედელზე, გეოგრაფიულ რუქას და დაზიანებულ კედლებს. ეს საგნები აკომპანიმენტის როლს ასრულებენ და  ახასიათებენ მის მკვიდრთ.

ამ სახლში 1920 წლიდან  ცხოვრობს ეზოს ყველაზე უხუცესი მობინადრე, 99 წლის  ქალბატონი მერი (ცაცა) ხახანაშვილი, რომელიც წლების მანძილზე პედიატრად მუშაობდა. მრავალ თაობას გაუვლია მის ხელში... ამ ეზოში ბავშვი  ცაცა  ექიმის გარეშე არ იბადებოდა. ყველას გულდასმით სინჯავდა, მკურნალობდა. ქალბატონ მერის საკუთარი შვილები არ ჰყოლია, მაგრამ ამ ეზოში მოვლენილი ყველა ბავშვის მფარველი ანგელოზი იყო. „ძალიან კარგი ეზო გვქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვანაირი ეზოაო“, - დანანებით ამბობს ქალბატონი მერი.

როგორი იყო ეს ეზო ადრე? - მეზობლები იგონებენ:

ლუიზა ბაღდასაროვა:  დედაჩემი ჩარუხჩიანი წოვიკა ამ ეზოში დაიბადა. დედაჩემის მამა, ბაბუაჩემი, ნიკოლოზის დროს ცხოვრობდა აქ.  წარმოშობით გახლდათ სასომხეთიდან, ქალაქ  ვანიდან (ახლა თურქეთშია ეს ქალაქი).  მშობლები ადრე დაეღუპა. ბაბუამისმა, რომელიც მღვდელი იყო,   საფრანგეთში წაიყვანა. იქ გაიზარდა 18 წლამდე. მუშაობის დასაწყებად  კი თბილისში ჩამოვიდა.  ამავე ქუჩაზე არის სურსათის მაღაზია, რომელიც  ადრე ბაბუაჩემს  ეკუთვნოდა (წარწერაც ჰქონდა ზემოდან) და ამ სახლის პირველი სართული თავიდან სულ ჩვენი იყო. ბაბუაჩემი  პირველი გილდიის ვაჭარი  გახლდათ.  კომუნისტების დროს  ყველაფერი წაართვეს, სახლიც, მაღაზიებიც.  გაკულაკების შემდეგ  26 კომისრების ქარხანაში დაიწყო მუშად მუშაობა და  თავისი ოჯახით ამ ეზოში დასახლდა. იქიდან მოყოლებული, აქ ვცხოვრობთ.  ამ ეზოს თავისი  დადებითი მხარეები სულ ჰქო

ნდა.  უარყოფითი კი დრომ მოიტანა. კარგი მეზობლობა იყო, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა.  ახლა რატომღაც ყველა ნერვიულია, ყველას თავისთვის,  ცალკე უნდა ცხოვრება. ყველას თავისი პრობლემები აქვს.  წინათ უფრო სხვა ურთიერთობა იყო ეზოში.  ბევრი ახალი მეზობელი შემოგვემატა, რომელთაც არც ვიცნობთ. ისე იცვლებიან, გვარის კი არა, სახელის  გაგებასაც ვერ ვასწრებთ. ძველი მეზობლები ცოტანი შემორჩნენ, რომლებიც ეზოს ტრადიციებს რაღაცნაირად მიყვებიან. ახლებს  ურთიერთობის სურვილი ნაკლებად აქვთ.  ძველად ქორწილებს ეზოში იხდიდნენ.  მთელი ეზო ერთიანდებოდა ამ დროს. სულ მახსენდება, ქვედა  მეზობელს დედა რომ გარდაეცვალა, სამზარეულოში ვამზადებდით ქელეხის სუფრას. მოგეხსენებათ, მაშინ  დარბაზები არ იყო.  ამ დროს   ახალი მეზობელი შემოვიდა  და  თქვა, რამდენი ხანია ასეთ რაღაცას ველოდებოდიო.  - კი მაგრამ რას? სიკვდილსო? - შევცბით იქ მყოფნი -  არა, ველოდებოდი ეზოში რაღაც მომხდარიყო, რომ მეც კოლექტივში შემოვსულიყავიო.  ეს იყო ბოლო ახალი მეზობელი, რომელსაც კოლექტივში  შემოსვლის სურვილი ჰქონდა. იმის მერე სამწუხაროდ ასეთი მეზობელი  აღარ მინახავს. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ძალიან სწრაფად იცვლება მოსახლეობა. ჩაიკეტა ხალხი. ადრე  კონცერტებსაც ვმართავდით აივნებზე. სკამები გამოგვქონდა. ზაფხულობით ეზოში პიონერთა ბანაკი იყო მათთვის,   ვისაც ქალაქგარეთ  ბავშვების გაყვანა არ შეეძლო. პიონერხელმძღვანელები მოდიოდნენ. მთელი დღე ასწავლიდნენ ბავშვებს, კონცერტებს  აწყობდნენ. მხიარულება იყო.  ახლა ბავშვები აღარც თამაშობენ ეზოში. მხოლოდ ხმაურობენ. ინტერნეტის ბრალიცაა, რომ აღარ გამოდიან  სახლებიდან.  ყველა თავისთვის არის. ეხლა  ჩვენც უკვე თითქმის ისევე ვცხოვრობთ, როგორც ჩვეულებრივ კორპუსებში ცხოვრობს ხალხი.  ჩვენს სართულზე  ერთი ონკანი იყო, ერთი აბაზანა და ოთხი ოჯახი სარგებლობდა ამით. 22 სული ვცხოვრობდით აქ და ყველაფერს ვასწრებდით. კონფლიქტი არ ხდებოდა, იმის მიუხედავად, რომ საზიარო გვქონდა სამზარეულო და სველი წერტილები.  არასდროს მახსოვს რაიმე სკანდალი. დიდ  დერეფანში  „მასტიკას“ ვუსმევდით. რიგ-რიგობით, ყოველ დღე ვალაგებდით. ქორწილების  დროს „პრაკატით“ თეფშები რომ მოჰქონდათ,  ერთად ვრეცხავდით. ყველაფერი ეზოში იყო.  ყველამ იცოდა, ვის რა ეხერხებოდა,  ვის რისი კეთება და მომზადება შეეძლო. ერთმანეთს ვეხმარებოდით ყოველთვის. ძალიან შეკრულები ვიყავით. ბოლოს, ერთ-ერთ  ქორწილში  300 -მდე „შუ“ და „ეკლერი“ გამოვაცხე. ისე კარგად მახსოვს. სინათლე  ჩაქრა და ლამპის ქვეშ ვიჯექი და კრემს ვუსმევდი. კარგია, რომ დღეს დარბაზები  და  რესტორნები არსებობს, მაგრამ  ის ხალისი სხვა იყო.  გავიდა  წლები, ჩვენც  დავბერდით. ბავშვებიც იმდენი აღარ არიან  ეზოში, რამდენიც წინათ.  ადრე ეზოს  სარდაფები თავისუფალი იყო და დამალობანას ვთამაშობდით. იმ სარდაფებსაც ვუვლიდით. რიგრიგობით ყველა ჩამოდიოდა, ალაგებდა, აწესრიგებდა. ახლა სიბინძურეა დასადგურებული.  ხალისს გვმატებდა ისიც, რომ ძალიან ბევრი ეროვნების ხალხი  ცხოვრობდა ჩვენს ეზოში. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ეროვნების ქორწილი მაქვს ნანახი, რადგან ამ ეზოში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, აისორები,  რუსები,  სომხები, ებრალები, გერმანელები. ადრე   სარდაფში დიდი დარბაზი იყო. გვერდით ეზოებიდანაც კი  მოდიოდნენ და ჩვენს სარდაფში იხდიდნენ ქორწილს.  ეს იყო თავისუფალი, დიდი ფართობის მქონე სივრცე, რომელსაც აშენებისთანავე დაბომბვის შემთხვევაში  თავშესაფრის ფუნქცია ჰქონდა  და მერე  უკვე   სარდაფებად განაწილდა. ბევრი ლამაზი ქორწილი მახსოვს ამ ეზოში.

წოვიკა ჩარუხჩიანი:  93 წლის ვარ. აქ დავიბადე. ჩემი ქორწილიც ამ ეზოში გადავიხადეთ, 67 წლის წინ. ას წელზე მეტი ხნისაა ეს სახლი.  ამ სახლის ამშენებელი, გვარად კრეტინინი  მალაკანი იყო, მეფაიტონე. იტალიაში ცხოვრობდა და ოცნებობდა.  ბევრი ფული დააგროვა, ჩამოვიდა აქ და სახლების შენება დაიწყო.  კომუნისტების დროს ყველაფერი წაართვეს.  მერე დადიოდა და სახურავებს ღებავდა. სადღაც ჩულანივით იყო და იქ იძინებდა. ოჯახი არ ჰყოლია,  აქაურები  პატრონობდნენ.   ზუსტად ასეთივე პროექტის  სახლი და ეზო  საფრანგეთშიც არსებობს. შესაძლოა,  ამ კრეტინინმა   საფრანგეთიდან  ჩამოიყვანა იქაური არქიტექტორი.  ეს სახლი ბოლომდე აშენებული არ არის.  მხოლოდ ნაწილი ააშენა კრეტინინმა და  მთლიანად დამთავრება ვერ მოასწრო. კომუნისტებამდე ეს იყო დროებითი სასტუმრო. ბევრი ხალხი ცხოვრობდა ამ სახლებში. სადგური აქვე იყო. ჩამოსული ხალხი  მოდიოდა და  აქ ათევდა ღამეს. სახლის მეპატრონე (კრეტინინი) ყველა სართულს აქირავებდა    და შემოსული თანხით  თანდათან აშენებდა  სახლის დანარჩენ ნაწილს. ამიტომაც, როგორც კაპიტალისტს,  მემკვიდრეობა ჩამოართვეს და გააკულაკეს.  გასაბჭოების შემდეგ ეს შენობა საცხოვრებელ სახლად იქცა.  ეს სახლი რელსებზე დგას. სამი აგურის ფენითაა ნაშენები და ყველა აგური დანომრილია. ორი სადარბაზოდან  ერთი იყო  არაოფიციალური შემოსასვლელი და მეორე, ცენტრალური შემოსასვლელი,  „პარადნი ხოდ“-ს  რომ  ეძახიან. სადარბაზო  მარმარილოთი იყო  შემკული,   მშვენიერი პანორამებით (გედები) კედლებზე და ჭერზე, რომლებიც  ახლა საღებავების ქვეშაა  დამალული.  ერთი გენერალი ცხოვრობდა ამ სართულზე.  სულ ღია აივნები იყო. ახლა ცალ-ცალკეა ამოშენებული. კომუნისტების დროს მაქსიმალურად შეასახლეს ხალხი და დააცალკევეს.  ადრე მრგვალი ფორმის დეკორატიული ფანჯრები გვქონდა და გამოვცვალეთ,   რადგან გასაწმენდად მეტად მოუხერხებელი და არაპრაქტიკული იყო, გვერდები არ იღებოდა.

დღეს ეზოში სხვაგვარი ვითარებაა. ყველა ჩაიკეტა. ადრე  მეზობლებს ნათესავებზე მეტადაც კი  უყვარდათ  ერთმანეთი.  პირველი მეზობლების სადღეგრძელო ისმეოდა.  ყველა ხელობის ადამიანი ცხოვრობდა ამ ეზოში. სხვისი დაძახება არ გჭირდებოდა. ცაცა  და ჯონიკა გვყავდნენ  ექიმები, ყველას ეხმარებოდნენ. მეხუთე სართულზე  იყო პეწია, ტელევიზორების ხელოსანი. მაშინ ნათურებზე მუშაობდა ტელევიზორები. საღამოს რომ გაფუჭდებოდა, დავუძახებდით. თავის პატარა ჩემოდანი ჰქონდა, ხუთ  წუთში  გაჩნდებოდა. შურიკას მამაც ერკვეოდა ტელევიზორებში... კოტიკა „სვარშიკი“ იყო. არსად არ გვჭირდებოდა წასვლა. მეზობლისგან ფულს არასდროს  არავინ აიღებდა თავის ხელობაში.  სუფრას გაუშლიდნენ მხოლოდ, მაგრამ ვარიანტი არ იყო,  ფული შეეთავაზებინათ.  ჯონიკა გვყავდა, ნევროპათოლოგი. ერთხელ აქ მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს მშობიარობა დაეწყო  და სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ჯონიკას დაავალეს მისთვის დახმარება გაეწია.  -  მე გინეკოლოგი არა ვარო, - ყვიროდა... -  უშველე, უშველეო, - მისძახოდნენ მეზობლები და  ძალით შეიყვანეს მშობიარე ქალთან. ეზოს მამაკაცები დილიდანვე ემზადებოდნენ, რათა საღამოს ერთად ევახშმათ და კვირის ამბები, ათასი ჭორ-მართალი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.

საღამოს, სამსახურიდან რომ მოვიდოდნენ, დომინოს თამაშობდნენ, მერე არაყს რომ დალევდნენ, ჭადრაკზე გადავიდოდნენ. ერთი ძველი კომუნისტი  ქალი ცხოვრობდა ეზოში. სირიკა ერქვა, რომელიც  მილიციის მუშაკი გახლდათ. ბავშვთა განყოფილებას კურირებდა. მისი ყველას ეშინოდა. საღამოობით, 9 საათის მერე,  ბავშვებს უყვიროდა აივნიდან, - აბა ჩქარა ადით  სახლებში, დაწექით, დაიძინეთო. ბავშვებზე ზრუნვა ევალა, დიდებსაც  რიდი  ჰქონდათ მისი, ყველას უჭოჭებდა,  მაგრამ არავის სწყინდა.  მერე კაცებს დაუტატანებდა ხოლმე, ღამის ორ საათამდე რომ თამაშობთ დომინოს, რას უზიხართ აქ, ცოლები მარტო არიან და  სახლებში გელოდებიანო; აბა, ჩქარა, მოუსვით ცოლებთანო; სირიკა ამ  სახლის პატრონად ითვლებოდა.  ოჯახურ კონფლიქტებსაც კი ის  აგვარებდა და  აკონტროლებდა.

ნათქვამია, დრონი მეფობენო.  მაშინ დროც სხვა იყო. მეტი შესაძლებლობა  ჰქონდა ხალხს, ნერვებიც უფრო დაწყნარებული. ახლა მეზობლები წამდაუწუმ იცვლებიან.  ქირავდება ბინები. მოდიან და მიდიან მდგმურები. არც  გესალმებიან.  სოფლებში უცხო ხალხსაც კი ესალმებიან. აქ კი მისალმებას არ თვლიან საჭიროდ. თავიანთთვის არიან. ბევრმა მიიღო ბინა და გადავიდა აქედან. ყოფილა შემთხვევა, რომ ამ პატარა სახლებში წლების მანძილზე  რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ამ ოჯახებიდან გამოსული თუნდაც შელაპარაკების ხმა  არავის გაუგონია. წესად გვქონდა. ახლადშეუღლებულ წყვილს სათითაოდ ყველა მეზობელი პატიჟებდა. ბევრი ქორწილი მახსოვს, სხვადასხვა ეროვნების ხალხის ტრადიციებს ვეზიარეთ ამ ეზოს წყალობით. გავიხსენებ ერთ ქორწილს:

ჩვენს ეზოში ქურთები ცხოვრობდნენ.  ერთ-ერთი ოჯახი „კნიაზებად“ ითვლებოდნენ და მათთან წესი იყო:  „კნიაზი“ თუ რომელიმე ქურთის ოჯახს ქალის ხელს სთხოვდა,  ეს დიდ პატივად ითვლებოდა და უარის შემთხვევაში იმ გოგოს სხვაზე  გათხოვების უფლება აღარ ჰქონდა, აღარავინ აღარ  მივიდოდა მასთან სათხოვნელად. მათ  კულტურაში კი ქალი უქმროდ არ რჩებოდა (22 წლის გოგო უკვე შინაბერად ითვლებოდა). უარი ვერ უთხრეს და  ამ უსიმპატიურო „კნიაზმა“  თოჯინასავით გოგო მოიყვანა ცოლად, რადგან  გოგოს ოჯახმა უარი ვერ გაბედა.  მახსოვს, იმ გოგოს ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ  სხვა გზა არ ჰქონდა, ბედს დამორჩილდა. მოგეხსენებათ, ქურთებს აქვთ ტრადიცია,  ქორწილში საპატარძლოს სიძემ ვაშლები უნდა  ესროლოს. სულ სამი ვაშლი

იყო. ერთი ააცილა, მეორემაც გვერდით ჩაუქროლა... ვერ მოარტყა. მაგრამ ისე ბედნიერი ვერ იქნებოდა პატარძალი,  სიძეს ვაშლი  რომ არ მოეხვედრებინა თავში. ამიტომაც საქმრომ თავისი დიდი ტორებით მესამე  ვაშლი ისე  გამეტებით სტყორცნა ქალს, რომ   ამ უკანასკნელს  თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდა, ჰაერში შეხტა და გული შეუღონდა, ძლივს მოასულიერეს. ამ დროს გაისმა დიმპიტაურის ხმა. ახლა ცივილიზაცია რომ შემოვიდა, აღარ მისდევენ ამ ტრადიციას. ასევე  წესი იყო ქურთებში,  გოგო რომ თხოვდებოდა და  სხვა ოჯახში მიდიოდა, ჯერ მზითევი  უნდა მისულიყო და  მხოლოდ შემდეგ რძალი.  საპატარძლოს ოჯახს სასიძოს ოჯახი ფულს აძლევდა, მაგრამ ამ  თანხით ქალის პატრონს მზითევი  უნდა შეეძინა.  ანგარიში ზუსტი უნდა ყოფილიყო. უხუცესები მოვიდოდნენ ხოლმე  ფაფახებით თავზე. კალამს მოიმარჯვებდნენ და  მიდიოდა მზითვის აღწერა, ნივთების თვლა და დაანგარიშება. ენა არ ვიცოდით, მაგრამ ჩვენთვის ეს მაშინ ეგზოტიკა იყო. საანგარიშო ჰქონდათ. თუ დათვლიდნენ და დააკლდებოდა თანხა, დემონსტრატიულად დატოვებდნენ იმ სახლს, აღარ წაიყვანდნენ გოგოს, სანამ ბოლომდე არ გაასწორებდა  ანგარიშს მისი ოჯახი.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, ოფიციალურად, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. მაგრამ ჩვენ მაინც აღვნიშნავდით. დედაჩემი  საოცარ პასკებს აცხობდა (მაშინ მაღაზიაში არ იყიდებოდა). მთელი აივანი სავსე იყო პასკებით... დედა ეზოს ყველა ქრისტიანი  ოჯახისთვის აცხობდა ამ  პასკებს და არასდროს დამავიწყდება ის სურნელი, რომელიც  მაშინ ჩვენს  აივანზე   ტრიალებდა.

ბესო ჯინჭარაძე:  1969 წლიდან ამ ეზოში ვცხოვრობ.  სამი წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი აქ რომ  გადმოვიდა საცხოვრებლად. ეზო  იყო ლაღი, მშვენიერი,  კარგი  განათებული სახეებით  და განათებული ხასიათებით, ტკბილი და უშუალო ურთიერთობებით. მერე და მერე განაცრისფერდა. ადამიანებს  შორის ურთიერთდამოკიდებულება  შეიცვალა, გაცივდა. ამას  ვაბრალებ სოციალურ მდგომარეობას. შექმნილ ვითარებას მოჰყვა პრობლემები.  პრობლემებს მოჰყვა ხასიათის გაფუჭება და ა. შ. როგორც ხდება ხოლმე.  უცებ  ვიღაცამ დრო  რომ უკან  გადაახვიოს  და  ახლანდელი მდგომარეობა მაშინდელი (70-იანი,  80-იანი წლების) გადასახედიდან დაგვანახოს, თუნდაც რამდენიმე  საათით, შეიძლება უცებ ჭკუიდან გადავიდეთ კიდეც.  იმიტომ რომ ამას ნელ-ნელა ეჩვევა ადამიანი.  კარებები  ამჟამადაც  არ იკეტება. ასე რომ,  მთლად ჩაკეტილებიც არ ვართ.  სადილების მოკითხვაც იციან. ყოველ შემთხვევაში, ერთ სართულის მეზობლებმა  მაინც.  ადრე კი მართლაც საოცარი ურთიერთობები იყო,  გახსნილი.  საღამოობით კაცები დომინოს თამაშობდნენ.  მიდიოდა ლუდის სმა.  ამ თამაშების მერე ქალებს თეფშები გამოჰქონდათ და იშლებოდა სუფრა.  შემოდგომობით ღვინოებს ვწურავდით. წარმოშობით რაჭველი გახლავართ. სარდაფში  კასრები, ბოცები  და ღვინის დასაწური, ასევე არყის გამოსახდელი აპარატები გვქონდა. მერე მოგვპარეს. ეზოში მცხოვრები  ოჯახების ღვინო ჩვენთან იწურებოდა.  მარანი გვქონდა ფაქტიურად.

დიდი მაგიდა იდგა ეზოში და კაცები  ნარდს თამაშობდნენ.  ამ ეზოს მცხოვრები ლადო გუბელაძე ყოფილა ნარდის სერიოზული მოთამაშე. გუბელაძის სკოლა მაქვს გავლილიო, მამაჩემი იტყოდა ხოლმე.  არაერთი კოლორიტული პიროვნება  ახსოვს ამ ეზოს. ზოგი კარგი მოჩხუბარი იყო, ზოგი კარგი მსმელი, ზოგი ნარდის მაგარი მოთამაშე. ლეგენდები დადიოდა ლადო გუბელაძეზე, არავითარი ხიმანდრობა, ალალად თამაშობდა.

აქ ცხოვრობდა  ასევე ლადო მესტვირიშვილი - მოჭიდავე, სპორტსმენი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რომლის ხელშიც გაიარეს არაერთმა  სახელგანთქმულმა  და ტიტულოვანმა  მოჭიდავეებმა.  არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს გაზრდილი. კერძოდ, დავით გობეჯიშვილი  და   ბევრი სხვა ცნობილი  მოჭიდავე. მთლიანობაში მთელმა პლეადამ გაიარა მის ხელში. კლასიკური თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ბედი მასზე იყო დამოკიდებული, მისი იმედი ჰქონდათ. ეხლა ინდოეთში მუშაობს, კვალიფიციური, დამსახურებული   და მცოდნე მწვრთნელია, დაფასებული და სერიოზული... საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია. აქ ცხოვრობდა ასევე  მომღერალი ზურა ლეჟავა, რომელსაც საოპერო ბარიტონით გამორჩეული ხმა ჰქონდა. დიდსულოვანი  კაცი იყო. უამრავ ფესტივალში აქვს მონაწილება მიღებული. ამ ეზოში ვიზრდებოდით, წლები გადიოდა და ისეთი საოცარი ურთიერთობები  მახსოვს. ბევრი ხალხი იყო. სამსახურებიდან  რომ მოვიდოდნენ, ფანჯრებიდან  ერთმანეთში გადაძახილები ატყდებოდა. ბავშვები ცალკე ვთამაშობდით ლახტს, ფეხბურთს,  კაცები იქეთ დომინოს. ეს რიტუალი იყო.  რაღაცნაირი ხალისი ჰქონდა ამ ყველაფერს. ახლაც რომ ვთქვა, შეგნებულად და მიზანმიმართულად აირჩია ხალხმა კარჩაკეტილი ცხოვრება-მეთქი, არ ვიქნები მართალი.   უბრალოდ, მილიონი საფიქრალი  გაუჩნდათ ადამიანებს. სერიოზული, სტრესული მდგომარეობაა. და ეს ლაღი ურთიერთობები, როგორც მთელ ქალაქში, ასევე მთელ ქვეყანაში, გაქარწყლდა. თუმცა სხვა ეზოებთან შედარებით აქ მაინც უფრო შენარჩუნდა ის სული. აქ მეტად ღია საზოგადოებაა. როგორც ვთქვი, კარები არ იკეტება. მეზობელთან შედიხარ დაკაკუნების გარეშე. ახლაც  მეზობლები ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, როგორც შეგვიძლია. ცოცხალი  და მექისე არ ვიცი, მაგრამ მაგალითად, შეკერვა გინდა, თმის დავარცხნა გინდა, მამა-შვილი  გვყავს - ედიკა საპოჟნიკი და შვილი სედა, მკერავი. პარიკმახერიც აქ არის...

ჩვენი ეზო მთელ უბანში გამორჩეულია.  ეს შენობა ყველაზე მაღალია და განსაკუთრებულ  ნაგებობათა ნუსხაშია შესული. ჩემი ვერანდიდან  თბილისის მთელი ხედი იშლება, ჩანს მახათა, შავნაბადა, მთაწმინდა. ახლა  ამ შენობას გამაგრებას და გარემონტებას უპირებენ.

სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა ამ ეზოში. აქ ეროვნების მიხედვით არ განირჩეოდა  ადამიანი.  არ დამავიწყდება,   ერთი ქურთი იყო,  ჯემალა ერქვა სახელი. „გრუზჩიკად“ მუშაობდა. უამრავი ჩემოდანი ჰქონდა აკიდებული. აკონწიალებდა ამ ჩემოდნებს წინ და უკან. იმ გაჩხიკინებულ კაცს  ისეთი პლასტიკა ჰქონდა, დაიგრიხებოდა. ერთხელ შევხედე, მოდის მარტო ჩემოდნები, ორი პატარა ფეხი ჩანს მხოლოდ. აუარება  ჩემოდნები და  ჩანთები  მოჰქონდა, რადგანაც თავისიანად  თვლიდნენ, ყველას უნდოდა რომ „კნიაზასთვის“ გაეკეთებინათ ფული.  „ტაჩკით“ დარბოდა გაჩხიკინებული, ძვალტყავად ქცეული კაცი.

მახსოვს  მალაკნები (როგორც საქართველოში: კახელი, ქართლელი, იმერელი. რუსეთშიც არის სხვადასხვა კუთხის ხალხი, მოსახლეობა. სტაროვერებს შეადგენენ  ეს მალაკნები). სანამ ფიროსმანის ქუჩა დაერქმეოდა,  ჩვენს ქუჩას  მალაკნების ქუჩა ერქვა, რადგან აქ  ბევრი  მალაკანი ცხოვრობდა.  ამ ხალხის 95 % ძირითადად მეფაიტონეები იყვნენ. ასევე მებოსტნეობითაც  იყვნენ დაკავებულნი. მალაკნების ბაზარი არსებობდა. ამ ტერიტორიაზე გამოდიოდნენ  მალაკანი ქალები და კომბოსტოს და სტაფილოს მწნილს ყიდდნენ.  მალაკნების მოედანზე  მათ ასევე გამოჰქონდათ რძის ნაწარმი. ეს ადგილი კომპაქტურად იყო დასახლებული მალაკნებით.  მერე რუსეთში წავიდნენ. მცირე ოჯახიღა შემორჩა მათგან.

ფილიპოვი ალექსანდრე (შურიკა): ამ სახლში დედაჩემი დაიბადა 1922 წელს. თვითონ ეს სახლი  კი ხალხს  1905 წელს ჩაბარდა. ძალიან კარგი  ხალხი ცხოვრობდა ეზოში და ჯანსაღი ურთიერთობები  იყო.  თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, მაგრამ  მერე ბევრი წავიდა აქედან. ზოგმა ბინა მიიღო, ზოგიც  გარდაიცვალა. მიიფანტ-მოიფანტა  ხალხი. საზღვარგარეთაც წავიდნენ.  უმეტესობა მდგმურია და დროებით შემოსახლებული.  ეზომ სახე იცვალა. ძირძველი ოჯახები  ცოტაღა შემორჩა.

ამ ეზოს დიდი მხიარულება ახსოვს. ზაფხულობით კარნავალები ტარდებოდა. ნამდვილი საზეიმო განწყობა სუფევდა.  შუა ეზოში თოკი იჭიმებოდა, კულისებივით იყო. გაიხსნებოდა ფარდა და ბავშვებიდან დაწყებული,  მთელი უბანი  აქ იყრიდა თავს. ზურაბ ლეჟავა მღეროდა, მოცეკვავეები ქართულს ცეკვავდნენ, კარგი სანახაობა იყო. საინტერესო  ბავშვობა გვქონდა.   მახსოვს,  პირველი ტელევიზორი ჩვენს ეზოში მიშა ძიამ იყიდა, პეტროსიანმა. მეორე სართულზე ცხოვრობდა. მთელი ეზო იქ ავდიოდით, ჩვენ-ჩვენი სკამებით. ეს იყო 60-იანი წლების დასაწყისი.  ფანჯარაზე ედგათ ეს ტელევიზორი, აივნისკენ შემოტრიალებული და იქ ვისხედით ყველა, ვუყურებდით გადაცემას. მაშინ ტელემაუწყებლობა იწყებოდა საღამოს 8 საათზე. მერე ფილმს აჩვენებდნენ. ფეხბურთი რომ იყო, ყველას  კი გვქონდა ჩვენი ტელევიზორები, მაგრამ შოთა თაკვარელია ცხოვრობდა, შოთა ძია ომის ინვალიდი იყო, ფანჯარაში ჰქონდა   გამოდებული  ტელევიზორი. მექსიკაში ჩემპიონატი რომ დაიწყო, ასე ვუყურეთ ყველამ. 70 წელს,  გურამ შენგელიამ პირველად  წაგვიყავნა სტადიონზე მე და ჩემი ძმა -  ვოვა. იმ დღიდან  შემიყვარდა ფეხბურთი და  ყოველთვის დავდიოდი სტადიონზე. ბევრი სპორტსმენი  გამაცნო ბატონმა გურამმა. ბევრ სპორტსმენს ეძმაკაცებოდა. მათ შორის ვიქტორ სანაევი და ნოდარ ახალკაცი. აბონიმენტს გვაძლევდა ყოველ წელს. გურამი  რომ დაიწყებდა ფეხბურთზე ლაპარაკს, დიდი ინტერესით უსმენდა ყველა. თანაც ორატორის ხმა და ღირსებები ჰქონდა. ყოველ ახალ წელს ეზოში გამოვდიოდით, დიდი  ნაძვის ხე იდგა შუა ეზოში. კოცონს ვანთებდით და რა თქმა უნდა, პურ-მარილიც  იშლებოდა. თანაც არ მახსოვს რაიმე შელაპა

რაკება. საინტერესო იყო ხოლმე  ქურთების ქორწილი, რომელიც  მშვენიერი სანახაობა გახლდათ. ოღონდ ეგ არის, რომ დოლს მიჰქონდა ტვინი, რომ დაიწყებდნენ  დაკვრას, ერთი „სუტკა“ უკრავდნენ.

მახსოვს   გარდაიცვალა ჩვენი  მეზობლის, თენგიზ  კიკნაძის მამა. ჯერ ორმოციც არ იყო გასული. ამ დროს  ქურთების (კაიმაზოვები)ოჯახში ქორწილი იყო. ორი ძმანი იყვნენ. სარდაფში ცხოვრობდნენ. ავიდა ეს, „კნიაზა“ თენგიზასთან  და სთხოვა:  - თენგიზ შენ შემოგევლე, ჩვენ ქორწილი გავქვს და ჩუმად ვიქნებით,  არ დავუკრავთ, არაფერი და  შენ ხომ  არ გეწყინებაო? - თენგიზამ უთხრა: - დაუკარით კაცო, აბა როგორ, ქორწილი ქორწილიაო. კაცს ცოლი ერთხელ მოჰყავსო...  ესიამოვნა მაინც, რომ ამ ქურთის კაცმა  ნებართვა სთხოვა.  ქორწილი ჩვეულებრივ ჩატარდა.

გავიხსენებ, ერთხელ ფეხბურთს ვთამაშობდით. ერთ-ერთ მეზობელთან ქვაბი იდგა „კერასინკაზე“.  ბავშვებმა გოლი გაიტანეს. შუშა შელეწეს, ეს ბურთი შევარდა და სამზარეულოში სადილით სავსე ქვაბი გადაყირავდა. შუშები ხშირად იმტვრეოდა. მერე  რას ვშვრებოდით იცით? თამაშის წინ შუშები  მოგვქონდა წინასწარ  და თუ დაიმტვრეოდა,  ჩავსვამდით ხოლმე  ახალს.  ახალგაზრდობა, ვინც კი ჩვენს ეზოში  იზრდებოდა,  ყველა წესიერ გზას დაადგა. ზოგი სპორტსმენი  გახდა, ზოგი მეცნიერი. ახალ წელს ოჯახებში  მისვლა-მოსვლა  იყო. ჭიაკოკონობა  მახსოვს ეზოში. ამ დროს უფროსებიც გამოდიოდნენ  და ბავშვებს აკონტროლებდნენ. ისეთი სიხარული იყო, მართლა ზეიმი. ჩვენ, უფროსებსაც კი ხან  გვავიწყდებოდა, რომ დიდები ვიყავით და ცეცხლს ზევიდან  ვახტებოდით, ჩვენი შვილებივით.  ჭირი და ლხინი  ეზოში  ერთი გვქონდა. მაშინ დარბაზები ჯერ სად იყო. ეზოში იმართებოდა ყველაფერი. თუ ვინმე დაიღუპებოდა, ყველა ირაზმებოდა. მეზობლების ოჯახში კეთდებოდა სადილები. ეს ურთიერთობა ძალიან კრავდა ეზოს, ადუღაბებდა. იმიტომ რომ ოჯახის უფროსს არაფერზე ფიქრი აღარ უწევდა. 600 კაციანი სეფა იშლებოდა. ზოგს ჩანგლები მოჰქონდა, ზოგს თეფშები.  ყველამ ვიცოდით,  ვის რა ჰქონდა, ვის რა შეეძლო.  სეფა სანამ შემოვიდოდა, დაახლოებით 70-იან წლებში. თუ სიცივე იყო და ზამთარი, სუფრები  ოჯახებში  იშლებოდა.  სხვადასხვა ოჯახიდან ვეზიდებოდით სკამებს და მაგიდებს. ჭურჭელიც ასე გროვდებოდა, მერე ისევ უკან  რიგდებოდა. ახალგაზრდები აქტიურად ვღებულობდით  მონაწილეობას.  ხიბლი ჰქონდა ამ  ყველაფერს. ახლა  სამყაროს უდგას იზოლაციის და ჩაკეტილობის პრობლემა. ოჯახებისთვის კი შემსუბუქდა  და მოიხსნა პრობლემა. ბოლო ბოლო დარბაზია, რესტორანია.  წავა იქ და გაშლის სუფრას. აღარ უხდება სხვისი შეწუხება. მაგრამ მაშინ სხვა იყო.. ორასკაციან სეფას  ვქირაობდით, ერთხმად ვშლიდით სუფრას.. მეგობრობა იყო. ნათლიობა-დანათესავების შემთხვევებიც ბევრი მახსოვს..

ამ ეზოში ჩვენს ოჯახს საფუძველი ბაბუაჩემმა. ალექსანდრე დავითის ძე დემეტრაშვილმა ჩაუყარა.  მას სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა.  ამ სახლში  თორმეტი ოჯახის წევრი ვცხოვრობდით. პაპაჩემი რომ ჩამოდიოდა სოფლიდან, უკვე ცამეტნი ვიყავით. ამის გარდა საერთო აივანი ხომ გვქონდა გარეთ. წარმოიდგინეთ ერთი ონკანი, ერთი სველი წერტილი და ამდენი სული, 21 ადამიანი ვიყავით ამ სართულზე. ამის მიუხედავად შელაპარაკებაც არ მოგვსვლია.

რა მომცა ამ ეზოში აღზრდამ, აქ გატარებულმა ბავშვობის წლებმ?!

პირველ რიგში ეს არის დიდი ცხოვრებისეული სკოლა. თბილისი იყო ურთიერთობა. მრავალეროვანი ეზო გვქონდა და   ყველა წესიერი და პატიოსანი ადამიანი გაიზარდა აქ. უმეტესობა განათლებული და წიგნიერი. ვიჯექი და პირღია ვუსმენდი მათ საუბარს.  მრავალი ერის ტრადიცია შევისწავლეთ. თბილისს ხომ ეს შტრიხი გამოარჩევს სხვა ქალაქებისგან. მაშინ არ იყო ნაციის მიხედვით განსხვავება.  ამ ეზოს დამსახურებაა, რომ რამდენიმე ენა ვისწავლე. ჩხუბები ამ უბანში ნაკლებად ხდებოდა. სადმე თუ ცემას  დაუწყებდნენ ვინმეს, ეტყოდა ამ უბნიდან, ამა და ამ  ეზოდან  ვარო. მერე წავიდოდა გაკითხვები, ამას  იცნობ, იმას  იცნობო და თავს გაანებებდნენ. ბოდიშსაც მოუხდიდნენ.

ედიკ აკოფოვი: 68 წლის ვარ. ჩემი საქმიანობაა „საპოჟნიკობა“, ანუ ფეხსაცმლის კერვა. ამ ეზოში  1975 წლიდან ვცხოვრობ.  სედამ, ჩემმა პირველმა  ქალიშვილმა  დაახლოებით ჩემი  საქმიანობა გააგრძელა.  ოღონდ ის ტანსაცმელს კერავს. კოლორიტი ხალხი ცხოვრობდა ჩვენს ეზოში: თენგიზა, ჯუმბერა. ეს ადამიანები დასამახსოვრებლები იყვნენ, ნებისმიერს დაეხმარებოდნენ, ხელს გაუწვდიდნენ. ყველაფერში სანდო  ხალხი იყვნენ. ახალი თაობა მოვიდა და „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.“ ეზოს ცხოვრება გრძელდება. უნდა გაგრძელდეს, აბა როგორ. მაგრამ იმ ძველის ნოსტალგია მაქვს. ბევრი რამე შეიცვალა. ის ეზო აღარ არის, რაც იყო. ის ტრადიციები, ის სითბო, ის სიყვარული მინავლდა. თბილისიც აღარ არის პრინციპში ის, რაც ოდესღაც  იყო. ბავშვების გაზრდა ეს მთელი სკოლა იყო. თითქმის ოთხივე  ჩემი შვილი აქ გაიზარდა უშიშრად, უსაფრთხოდ. ამ ეზოს წყალობით ბევრი კარგი თვისება შეიძინეს. ერთი ოჯახივით ვიყავით. ჭირი, ლხინი ერთი გვქონდა. ყველა,  ჩვენ -ჩვენი პროფესიით და საქმიანობით ვეხმარებოდით ერთმანეთს. თითქმის ყველა კომფორტი გვქონდა ამ მხრივ  ეზოში. ცენტრში ტენისის მაგიდა იდგა, სადაც კაცები  დომინოს თამაშობდნენ,  „პივა“ მოჰქონდათ, პურ-მარილი იშლებოდა. ქალები  ხელადვე მოიტანდნენ „ზაკუსკას“. ახლა გინდაც დაჯექი, ყველაფერი მოიტანე, არავინ აღარ მოვა. ეზოში ჩხუბი არ მახსოვს. აქედან ვინც წავიდა, გათხოვდა ან სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.  ძველი მეზობლები, სამწუხაროდ, ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს. ანდა თუ ვხვდებით, ისიც  მხოლოდ პანაშვიდზე ან დაკრძალვაზე. ადრე კარებს არასდროს ვკეტავდით.  უბრალოდ მივხურავდით და სტუმრად მივდიოდით. ამ ეზოში გაზრდილმა ახალგაზრდობამ მთელი სტუდენტობა ჩემს შეკერილ ჩექმებში გაატარა.  არასდროს არავის  დაუწუნია  ჩემი ნახელავი.. ის კი არადა, ის ძველებიც შენახული აქვთ. გადასაგდებად ვერ გაიმეტეს, ისე უყვართ. ეხლა ფეხსაცმელებს დაემატა სედას ტანსაცმელი და მოკლედ, მეზობლების  ჩაცმულობაზე   ვზრუნავთ, როგორც შეგვიძლია.

ლია ჭეიშვილი: ამ სახლში, მამიდაჩემის (ნინა ჭეიშვილი) ქმარი,  ვლადიმერ გუბელაძე ცხოვრობდა.   მამიდაჩემი ბათუმიდან გამოთხოვდა აქ. მეც ბათუმში დავამთავრე სკოლა, მაგრამ ზაფხულს  თბილისში ვატარებდი ხოლმე.    ბავშვს ბაღანეს რომ უწოდებდნენ, ამ ეზოში მცხოვრებმა არაქართველმა მეზობლებმა მამიდასგან გაიგეს. ძალიან კეთილი და პატიოსანი  ქალი იყო მამიდაჩემი. ბავშვებს ძალიან უყვარდათ. ყველას  თბილად ექცეოდა. ძველებიდან  ამ  ეზოში თითქმის  არავინ დარჩა. ჩვენს გვერდით გვარად დრუზიაკები ცხოვრობდნენ. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით.  სამზარეულოც საერთო გვქონდა. სასიამოვნო, თბილი და მეგობრული  ატმოსფერო იყო.  ახლა რაღაცნაირად ხალხი უფრო დანაღვლიანებულია. ის სითბო და მხიარულებაც  თანდათან  გაქრა.  ფიროსმანის ქუჩაზე ადრე ტრამვაი დადიოდა და ბიძაჩემი კონტროლიორად მუშაობდა. უკეთილშობილესი კაცი იყო. ბავშვებს გვათამამებდა და ეზოს ყველა ბავშვისთვის    ყიდულობდა  ნაყინს, ბატი ბუტს. მამიდაჩემი რომ გარდაიცვალა, დრუზიაკების სახლი შევიძინეთ და გავფართოვდით. ჩემი ოჯახი გაიზარდა. შემეძინა ორი შვილი:  ზურიკო  და მიშიკო. მერე  ბათუმიდან დედაჩემი ჩამოვიყვანეთ და მეზობლები ყურადღებას და პატივისცემას არ აკლებდნენ მას. ხშირად მოდიოდნენ და ნახულობდნენ.  ამ ეზოს თავისებურება ის არის, რომ უბრალო და კეთილი ხალხი ცხოვრობს აქ, ერთმანეთს  გვერდში ვუდგავართ. არ არის კასტებად დაყოფა.   სულ რომ აკადემიკოსი იყოს ან მინისტრი, ამ ეზოში მაცხოვრებელი,  სულერთია. ის ჩემი მეზობელია, უბნელია და მორჩა.  ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ასეა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეზოში ცხოვრობდა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რეზო  თავართქილაძე.  საოცრად თავმდაბალი და კულტურული კაცი გახლდათ. ერთხელ ვარსკვლავის გახსნაზე მეზობლები დაპატიჟა. სპექტაკლის შემდეგ,  ეზოს მცხოვრებლებს დიდი ტორტები გამოუგზავნა,   ჩემს სახელზე  დაჭერით და მიირთვითო. გოგონებს, უკლებლივ   ყველას, თურქეთიდან ჩამოტანილი საყურეები უსახსოვრა, უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი, ფერად-ფერადი.

 

ლიკა დავითაშვილი (რძალი): მე, ახალმოსული რძალი ვარ, არასდროს  მიცხოვრია იტალიურ ეზოში და ამიტომაც ძალიან მიკვირს, რომ აქ  კარები არ უნდა ჩავკეტო. ეს მეუცნაურება, მაგრამ  თან მომწონს, რომ მეზობლები ერთმანეთს ასე ენდობიან. ანუ იტალიურ ეზოში,  კორპუსებისგან განსხვავებით,  ერთ ოჯახად ცხოვრობს ხალხი და ერთმანეთის  მიმართ იმხელა ნდობა აქვთ, რომ კარების ჩაკეტვაც არც სჭირდებათ,  კარები მათთვის ბარიერს არ წარმოადგენს, კარების  ჩაკეტვა  ერთმანეთის მიმართ უნდობლობას აღძრავს.  ჰგონიათ, რომ გული ეტკინა მეზობელს მისგან და ამიტომ ჩაკეტა კარები. არ უნდათ ერთმანეთისგან რაიმე ჰქონდეთ დასამალი.  მე ეს მიკვირს, როგორც  ახალ მოსულს. მაგრამ ნელ-ნელა ვეგუები. ქვემოთა მეზობელი ღუმელს ანთებს ხოლმე ზამთრობით. ვიბოლებით, მაგრამ მაინც  ვიმშვიდებთ თავს  და როგორღაც ვთოკავთ ჩვენს ნერვებს. სარეცხი ვერ გაგვიფენია, მაგრამ პატივისცემა  და რიდი რადგანაც გვაქვს მეზობლის მიმართ, არ ვეჩხუბებით.  ეს ნამდვილი თბილისური ეზოა, რაც გამიგია და  წამიკითხავს. &nb

sp; სითბო აქ მეტია. ჭორაობა და მსგავსი რაღაცეები იყო, არის და იქნება ყოველთვის, მაგრამ ეს ვერ ამცრობს იმ ღირსებას, რაც ამ ეზოს გააჩნია. ჩემი დედამთილი ამ  ეზოში გაიზარდა და  იმდენად დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებს   აქ გატარებულ თავის ბავშვობას, რომ ზოგჯერ  მიფიქრია, ნეტავ  მეც იმ დროს დავბადებულიყავი, რომ მეც მეგრძნო ეს სითბო და სიყვარული-მეთქი. დღესაც კი არის სითბო, მაგრამ ის, რასაც  თავად ჰყვება, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, აღარ არის. 

ლაშა ჭეიშვილი: მე და ჩემი ოჯახი ფიროსმანის 42-ში 1986 წლიდან ვცხოვრობთ. ალბათ არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ ერთ უბანში და ერთ ეზოში შეგვყარა  ღმერთმა ამდენი განსხვავებული ადამიანი, ამდენი სამყარო. ძალიანაც რომ გინდოდეს, აქ გულ და კარჩაკეტილი ვერ იქნები. დროთა განმავლობაში დავმეგობრდით მეზობლები... ერთმანეთი შევითვისეთ...შევხმატკბილდით...დავემსგავსეთ კიდეც (ჩვენდა უნებურადაც) ერთმანეთს და გავცვალ-გამოვცვალეთ შეხედულებები, გადაგვედო კიდეც ერთმანეთის ზნე და ღირებულებებიც... ერთი, მეზობლების დღეც უნდა დაწესდეს... კარგი გამოგონებაა მეზობელი.. მთავარია ოკუპაციას და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი!.

რამდენიმე ადამიანი მინდა გავიხსენო, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ჩემში.

„ზელენის“ გამყიდველი ელმირა  მამედოვას ხმას აქაურები ყველა ხმაში გამოარჩევენ.  - „ზელენ, ლუკ, წიწმატ“, - ამ შეძახილით  იწყება მისი ყოველი დღე.  ფიროსმანის 42-ში მცხოვრები ყველა ოჯახი იცნობს ამ ქალბატონს.  იგი 50 წლისაა.  10 წლისა იყო ჯერ კიდევ,  ბებიასთან და მამიდასთან ერთად რომ დაიწყო სიარული. მას შემდეგ 40 წელია ამ უბანში  დადის და ქორფა მწვანილეულობით დატვირთულ ურიკას დაატარებს.  აგრეთვე ეხერხება  მკითხაობაც. მუშაობისგან დაღლილი დასასვენებლად  სტუმრობს ამ ეზოს რომელიმე ოჯახს, სადაც დიდი სერიოზულობით ჩაღდება მკითხაობის ცერემონიალი. მისი ხმა იმდენად მიყვარს, რომ ხან ვეჭვიანობ კიდეც, სხვა ეზოში რომ ისმის. ღმერთს ვთხოვ, ელმირას ხმა სულ გამაგონოს ჩემს ეზოში.

არის კიდევ ერთი მემაწვნე ქალბატონი თამარა,  რომელიც 26 წელია, რაც  ჩვენს ეზოში დადის კუმისიდან  და ყოველთვის ხარისხიან  რძის პროდუქტს დაატარებს გასაყიდად. თამარა დეიდაც ამ  ეზოს  ორგანული  ნაწილია. მას კმაყოფილებას და სიამაყეს ჰგვრის, რომ ეზოს ბავშვების არაერთი თაობა   მის პროდუქტზე იზრდება.

ჩემი ბავშვობის მერე ბევრი რამე უკვე აღარ მეცნობა ამ ეზოში და  უცხო გახდა  ჩემთვის...არამშობლიური. მაგრამ  სადაც არ უნდა წავიდე, მაინც  იმ დასკვნამდე მივდივარ,  ბევრი რამის მიუხედავად,  ქართულ სითბოს ალბათ მაინც არაფერი შეედრება. აქ, ამ ეზოში, ერთი ქალი ცხოვრობდა. ჩემხელა შვილი მოუკვდა, ვაჟი... და რამდენჯერაც მე დამინახავდა, რატომღაც ამომიჩემა, დამიძახებდა, თავის შვილის სურათთან დიდრონი თურაშაულის ვაშლები ეწყო ხოლმე მუდმივად, აიღებდა და უკლებლივ ჩანთაში ჩამიყრიდა - „რა, მოვა და შეჭამს ახლა ამათ ჩემი შვილი, თუ რაო!“ მეც ეგ არ მიკვირდა? სურათთან რაღას ეწყო? ან თუ შინ არ დამიძახებდა, ფანჯრიდან ძაფით ჩამოუშვებდა ხოლმე. ვაშლს დანატრებული კი არ ვიყავი, მაგრამ... ისე მიხაროდა და ჟრუანტელს მგვრიდა, ის ვაშლი რომ მოემართებოდა ჩემსკენ ზემოდან ქვემოთ. ახლაც სულ ის სითბო მაგონდება, იმ ფანჯრებს რო შევავლებ ხოლმე თვალს, იმ ვაშლს გამოყოლებული სითბო...თუმცა იმ ფანჯრების მიღმა ახლა უკვე სულ სხვა ხალხი და სხვა სული ტრიალებს... რამდენი ასეთი ადამიანი წავიდა, რამდენმა წყალმა ჩაიარა... უცნაური შეგრძნებაა, გულქვაობის მიუხედავად, ის სილბო და სითბო მაინც რაღაცნაირად არსებობს... სადღაც... კონკრეტულად მისამართი არ ვიცი, მაგრამ სადღაც ნამდვილად არსებობს და ცოცხალია.

„ჰაერის ტალღებს, ამ ადგილის დედის სულს, ალბათ, სადღაც ჰყავს შენახული ის ხმები და სახეები, მაგრამ ის მიზანსცენები, ცხადია, უკვე დამწვარია“ (ბესიკ ხარანაული)..

ბატონმა გურამ შენგელიამ ამ ეზოში მრავალი წელი იცხოვრა... შემდეგ  კი  აქედან  გადასვლა მოუწია. ის ხშირად ბრუნდება ხოლმე ამ ეზოში, სადაც „ყველგან, ყოველში მარხია მისი გულის ნაწილი, შეუმჩნეველი.“ სევდიანად შეავლებს  თვალს თავისი ყოფილი სახლის ფანჯრებს, რომლის მიღმაც ახლა უკვე სხვა ცხოვრებაა, ოცნება, ტკივილი იქ  მცხოვრები ადამიანებისა.  ბატონი გურამი არაერთი სასიკეთო შეკრების მოთავე  ყოფილა ამ ეზოში და ბევრი რამ აქვს მოსაგონარი.

- ამ სახლში ომიანობის დროიდან, დაახლოებით 1942 წლიდან ვცხოვრობ.   მახსოვს, ერთხელ  ეზოში გამოვედი. შუაგულში დიდი პინკპონკის მაგიდა იდგა.  დავდე ორი-სამი თეფში.  მთელმა ეზომ გარეთ გამოიხედა  და  შეთქმულებივით, კაცებმა  სახლიდან დიასახლისების მიერ დამზადებული  კერძების გამოტანა დაიწყეს.  მანქანა მყავდა. ლუდის ქარხანაში ჩემი ახლობელი მუშაობდა. წავიდოდით იქ, წავიღებდით 22 ლიტრიან ბოცებს.  სამლიტრიანი  ქილებით  ლუდს ქალბატონებს ვუგზავნიდით, მიდიოდა მოლხენა.  ეზოში ვთამაშობდით, ვცეკვავდით. ამას ყველაფერს გემო ჰქონდა. ამ ეზოში, ვერ გეტყვით, რამდენი სომეხი ცხოვრობდა, რამდენი ქართველი ანდა რუსი, ქურთი, იეზიდი. ეს იყო უზარმაზარი წრე. ყოველ წელს ჩამომქონდა ღვინო ფიროსმანის ქუჩისთვის.  ზემო მაჩხაანის ვენახების მთავარი ბრიგადირი მაძლევდა  40 ტონა ყურძენს. ჩამომქონდა და ვურიგებდი მთელ ქუჩას. სამშენებლო სამმართველოს უფროსი ვიყავი. ორი მანქანა მემსახურებოდა. ჩავისვამდი ბავშვებს მანქანაში, წავიყვანდი ზღვაზე. ხან  „ტაზიკი“ ავტობუსებით დამყავდა. 60 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. თბილისის შეცვლას  მე ასე განვმარტავ. ძალიან ცუდად მოექცნენ თბილისს და ახლაც ცუდად ექცევიან. თბილისს სხვანაირი სიყვარული უნდა.  მე სოფელი არ მაქვს, თბილისის  გარდა არაფერი გამაჩნია, დღეს ხვალ უკვე  მეოთხე თაობა მეყოლება. თბილისი იმიტომ კი არ  უნდა გიყვარდეს, რომ მისგან  რაღაც მოიგო ან  გამორჩე რამეს,  მიისაკუთრო. - არა. თბილისს მოხუც დედასავით უნდა მოუარო. ახლა უფალმა ასე  ინება. აქ აღარ ვცხოვრობ. ვაშლიჯვარში მივიღე ოთხოთახიანი ბინა და იქ გადავედით  საცხოვრებლად ოჯახით. მოვდივარ ხოლმე მეზობლების და ეზოს მოსანახულებლად.  ეს ეზო ცალკე  სხეულად გამოიყურება. სულ რამდენიმე, ხუთი-ექვსი ოჯახი შემორჩა  ძველებიდან. უკვე  აღარ აქვს აზრი, ვინ ცხოვრობს. ის საერთო  მუხტი და სულისკვეთება  აღარ არის. მთელი ქუჩა  ერთმანეთს იცნობდა. ვსაუბრობდით, ვლაპარაკობდით, ერთად ვწყვეტდით საკითხებს.  ეს მოიშალა და აღარ არის. ყველა თავისთვის არის მოყუჩებული. ომიანობის დროს მალაკნები დადიოდნენ,  ურიკებით დაჰქონდათ რძე, მაწონი, კარაქი, არაჟანი. დედა რომ არ იყო სახლში, კიბეზე ტოვებდნენ. თვის ბოლოს მოვიდოდა  გამყიდველი ქალბატონი და მთელი თვისას ანგარიშობდა. ეხლა ქილასაც არ დაგიტოვებენ. ჩემი დრო კი არ მოდის, მიდის. ღვინოს ვეღარ ვსვამ. თვითონ სიტყვა მეზობელმაც დაკარგა ის მნიშვნელობა, რაც წინათ ჰქონდა. მეზობლობა ნიშნავს ყველანაირ დადებით დამოკიდებულებას ერთმანეთში. ამის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. დავაკვირდეთ ერთ რამეს.  როცა უჭირს ადამიანს, პირველი, მეზობელს უკაკუნებს. ჩვენთან ეზოში რომ გარდაიცვლებოდა ვინმე, იმის ოჯახი აბსოლუტურად  არაფერს არ ამზადებდა. დილით ერთი მეზობელი ეძახდა, საღამოს მეორე... რიგრიგობით. ეს დაუწერელი კანონი და გაგება იყო. ჩემი მოსკოველი მეგობარი რამდენჯერმე  დაესწრო  ჩვენებურ გასვენებებს, და მამა რომ  გარდაეცვალა მოსკოვში, ჩემს გარდა არავინ ჰყავდა, ორმა კაცმა დავკრძალეთ, ისე მინდა ყველაფერი გაკეთდეს, როგორც თბილისში მინახავსო, მითხრა.  ქვემოთ ჩავედი, მუშები ამოვიყვანე და წავასვენეთ ეს კაცი სასაფლაოზე, მიწას მივაბარეთ. მერე რესტორანში დავჯექით, თამადა ვიყავი. ჩვენს მეტი არავინ ყოფილა.  ისეთი პატივი ვეცით, გეგონებოდათ სამასი კაცი იღებდა მონაწილეობას. ეს ყველაფერი სხვანაირად აღიქვა ამ კაცმა. ჩვენი ცხოვრება და სამყარო  ვირტუალურ ურთიერთობებზე გადავიდა. ნათქვამიც არის, ვირტუალურმა სამყარომ  ჩაანაცვლა რეალური   ურთიერთობები. მისვლა, მოსვლა, რასაც თავისი ხიბლი და პეწი აქვს. სადღაც ეწერა, 500 მეგობარი ჰყავდა ფეისბუქში კაცს  და რომ მოკვდა, ერთი ადამიანიც არ მისულა გასვენებაში იმათგანო. ეს ვირტუალური სამყაროც მოჩვენებითი და დროებითია. ყველაზე დიდი ცვლილება ის არის, რომ მეზობელი მეზობელს თითქმის აღარ სცნობს, არა აქვთ ურთიერთობა, თავისთვის  არიან. ჩემი თაობის დიდი სურვილია, რომ სახლის პურ-მარილობა ისევ აღსდგეს საქართველოში და განსაკუთრებით, თბილისში. მახსოვს, მამა მეუბნებოდა, - შვილო, თუ გინდა სტუმარს პატივი სცე, სახლში უნდა დაპატიჟო და არა რესტორანშიო. ჯერ სახლში მოიყვანე და მერე სადაც გინდათ, იქ წადითო. ვირტუალური დამოკიდებულება თიშავს ადამიანს. ეს არ არის კარგი ამბავი. მით უმეტეს საქართველოსთვის. ადამიანებმა კი არ უნდა დავკარგოთ, არამედ უნდა ვიპოვოთ და მეტად ვიგრძნოთ ერთმანეთი...

 

ამ ვეებერთელა „თანამედროვე“ შენობებით თბილისი სულ უფრო და უფრო მახინჯ სახეს იღებს. ადრე ჩემმა საყვარელმა მოსწავლემ  ჩვენი ქალაქი იმ მოხუც ქალს შეადარა, რომელსაც უამრავი ძვირფასი სამკაული აქვს ჩამოკიდებული... დღევანდელმა უსახურმა არქიტექტურამ ქალაქის ნამდვილი  სული და ღირსება დააკნინა, შებღალა... ეს თბილისის შეურაცხყოფაა.. მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით დავასრულებ: „ჩემო ტფილისო: შენ რომ სახე გქონოდა, ერთს შეგაფურთხებდი, სილას გაგკრავდი. მერე ფეხებში ჩაგივარდებოდი, მუხლებს დაგიკოცნიდი და ბავშვივით ავტირდებოდი...“

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)
3 (16) აგვისტო
gaq