საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დინებას აღმა აყოლილებს ბადეებზე არ უფიქრიათ...
ლალი ბარძიმაშვილი

''ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს” (კონსტანტინე გამსახურდია). კიდევ  ბევრი მინიშნება სტრიქონთა შორის დაივანებს და დროს დაელოდება  - გათენებას, რადგან ღამე დიდხანს არ გასტანს...  გაღვიძების ჟამს ეს ყოველივე  ისევ აზვირთდება სულში სამართლიანობის გრძნობით. ''წიწამურის ველის  სიღამეს'' კვლავ  ახალი შემართება  აახმაურებს, დაუყუჩებელი ტკივილი თავს იჩენს და ძველი ჭრილობაც ისევ განახლდება. ვერ მინავლდება უქრობი ცეცხლი.  თავისუფლების წადილი კვლავ მრავალთ შეაკავშირებს... წიწამურის ველზე დარჩა უმთავრესი გულისწადილი და იქ შეჩერდა ლელთ ღუნიას დაძრული იმედიც...  ''თავი რომ გეყუდნოდეს'' ჯერ ის უნდა იცოდე, რისი ღირსი ხარ, პატრონი რისა, ანდაც რას გეცილებიან...  შეჩერებული დრო კვლავ გაცოცხლდება ახალგმირებით. ილიას და ქაქუცას პორტრეტით ერი დაიძრება ერთი ნებით - ქვეყანამ დამოუკიდებლად იარსებოს და არა  ''მეგობრის''  ლანდებ -ჩრდილებქვეშ.

 მაშინ ჟამი იყო დიდი ერთობის.

იყო  9 აპრილი, ტკივილნარევიც და გამარჯვების დღეც... ერთ მუშტად შეკვრის სიმბოლოდ იქცა ეს დღე და თუ რამ მენატრება ის ხალასი ცნობიერება...  ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება უნებურად შეცვალა... დრო შეცვალა!

მე 9 აპრილის თაობა ვარ, იმ თაობის ნაწილი, ვინც საქართველოს ბედნიერებით ვცხოვრობდით, სულიერი იდეალებით... ჩვენ თავად ვგავდით საჩიხედან გაქცეულ ირმებს, რომელთაც უფსკრული და საფარები არ შეუნიშნავთ... თავისუფლების მერე კიდევ უფრო დიდი იყო მომწყვდევა... ერთობლივ სვლა ძალას გვაძლევდა. ეს იყო ხალასი და ღირსეული ბრძოლა, რომელიც გავითავისეთ... (რა ვთქვა, ვინც ჩვენ გვებრძოდა ყველა კარგად არის დღეს)... შეჩერებულ დროშიც გვაცხოვრეს... პრიმატული კი უკვე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც შემოიჭრა... თუმც ბევრი რამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად უგულობის დაძლევა, (თუმცა ჩვეული ხალისიანი, ოპტიმისტური ბუნება დამეხმარა სიძნელეთა დაძლევაში. საკუთარ თავზე ფიქრსაც კი სირცხვილად ვთვლიდი)...

 ადამიანი უფლისმიერ ჭრილობებს საკუთარ თავშიც უნდა ატარებდეს სიყვარულისთვის!.. ეს სიყვარულის მოძრაობა იყო, ჟამი თავგამეტების, უბორკილო, შეუპოვარი, ელვისებური.

დინებას აღმა აყოლილებს ბადეებზე არ უფიქრიათ... ეს პირდაპირი სვლა იყო, გეზი სიმაღლისაკენ.

''ყვავილები ვესროლოთ'' - ესეც სიკეთის ცნობიერება იყო.  ადამიანური დრტვინვისგან მადლი გვიცავს; მადლი კი მადლია. სჯობს, თავად დამწუხრდე, ვიდრე მიზეზი იყო ვინმეს გულის მწუხარების, მხსნელი იყო მოყვასისთვის, ვიდრე სასჯელი!  

თავკაცებმა მსხვერპლად ყოფნაც  თავად არჩიეს, ვიდრე სხვა ყოფილიყო მსხვერპლი. არაფერს დაერიდნენ, რადგან ეს შეგნებული არჩევანი იყო. საქართველოს ხვედრით ცხოვრებაა მათი რჩეულობის ფასიც.

ეს იყო გულწრფელი ბრძოლა ერთობლივ ყველას ბედნიერებისთვის... რაც მთავარია,  ეროვნული მოძრაობა პროგრესული მოძრაობა იყო ქართული ფენომენის, ქართველი ერის მისიის წარმოჩენით. ეს იყო განსწავლულთა მოძრაობა,  არა სტიქიური, არამედ კანონზომიერი, მწიგნობრული სულისკვეთების, რუსთველური ფენომენის განახლება - დამკვიდრებით. იატაკქვეშეთიდან მზის სინათლე იხილა ქართულმა აზრმა და შორსმჭვრეტელობამ.  გამოიცა ზვიადისა და მერაბის კრებულები - ლექსები, წერილები, ეწყობოდა საჯარო ლექციები თუ შეხვედრები.  რად ღირს, იოანე ზოსიმეს ნაშრომის გააზრება ანდაც- ''ქართველი ერის სულიერი მისიის'' გაცხადება, რომ სწორედაც კულტურტრეგერი, წამყვანი როლი კაცობრიობის ისტორიაში ქართულ და პროტოიბერიულ ცივილიზაციას ეკუთვნოდა. ამ ნიშას იბრუნებდა ეს მოძრაობა, რათა დამდგარიყო ''ერად სხვა ერთა შორის'', არა გაპარტახებული, დაჩაჩანაკებული, არამედ წელში გასწორებული, გამართული, ღვთაებრივი სულით გამსჭვალული.  უამისოდ დაკარგულია მთავარი ძარღვი ქართველობისა... ეს მართლაც იყო დიდი დინება, დიდ ენერგიად დაძრული.  ქართული კულტურა თავიდან პოულობდა დაკარგულ გზას.  დიდ საქმეს მტრობაც დიდი ერგო.  უვიცობა  ხომ შემტევია... ჯერ ითქვა - დინების საწინააღმდეგოდ სვლაზე, მერე სხვა ფორმულა მოიგონეს შინაგამცემებმაც -   მაინც იშლებოდაო იმპერია, რად გაისარჯნენო... და განა, სიმართლე არ იციან?! განადა, არ იციან, რასაც ებრძვიან და ხან მაგონდება ილია ''პოდპორუჩიკთან''- გულგათანგული ერისშვილის მდუმარება, რაც ადასტურებს ქართული სულის სიძლიერეს, რომელიც ერთნაირად შეიძლება გამოიხატოს, როგორც ბრძოლასა  და შეურიგებლობაში, ასევე მოთმინებასა და თავშეკავებულობაში. მაგრამ ეს სიდინჯე და მოთმინების ძალა ღრმაშინაარსიანი გააზრების საშუალებასაც იძლევა... ბედნიერება და ნამუსი ისაა, არავის უბედურებაში არ გედოს წილი, თუმცა ცოდვისმოქმედმა მადლის რა იცის, მადლი  სისწორეშია... პირდაპირ მოწინააღმდეგეებიც  ''შემცილეებმა'' შეცვალა, ბევრმა ის მიიწერა, რაც არ უკეთებია. მოირგეს ის ამპლუა, რაც მათი არ

აა. სახელი ძალით არ მიიტაცება... ეს დიდი ეთიკურ-სულიერი მოძრაობა იყო და დამცრობილი ვერ დაიბრალებს მას. ''მტრობა'' თუ  ''მომხრეობა'' ერთნაირად საშიში აღმოჩნდა და დამაბნეველი მომავლისთვის... ერთეულებიღა შევრჩით ამ მოძრაობას. სპეცგანყოფილება მარჯვედ გვიღებდა ფოტოებს, რომელიც გადამალეს, გააშალაშინეს, დაამუშავეს და ვინ იცის, ვის ერგო საბოლოოდ... ჩვენ კი თავმომწონეობა - კიჟინაზე არ გვიფიქრია, ჩვენ ჩვენ სვლა - აღმართს მივყვებოდით ბრძოლით მოქანცულნი...  ასეთები ურცხვად გეცილებიან საქმეში და ამრუდებენ, ერთ ხელს გაგებებენ. მეორეს გაცლიან... უფესვო საქმე ხვალ ფესვიანი იქნება ამგვართა წყალობით. ფიქრობ, კიდევ ღირს გულის ატკიება ამ უთავბოლობაში? თვალთმაქცი ზნესრულობას მტრობს, დათმენა შეუმჩნევლობას არ ნიშნავს. ნახევარსიმართლე უფრო უსამართლობაა, ფარისევლის ტყუილზე მეტად გამაწბილებელი... ''დათვის ბღავილი პანტისთვისააო''. დღემოკლეა ასეთი საქმე, საბედნიეროდ.

თითქოს ყველაფერი გაიოლდა, ბევრი ''მოღვაწეც'' იშვა, მაგრამ ის, რასაც ეროვნული მოძრაობა ახორციელებდა ჩიხში დარჩა...

 ზოგჯერ  ''საზოგადო საქმეშიც'' ისე მედიდურობენ, თითქოს ქედზე საქართველო  ედგათ.  მოვალეობაც დაიყვანეს თავის თავის მსახურებაზე. საფრთხილო ისაა, ძალიან  ''გასათნოებულია ბოროტება'' და ეს მაფიქრებს ბოლოდროს, ძალიან ''უწყინრობს'', რითაც პროგრესირებს. ადამიანი ვისთან ან რასთანაც აიგივებს თავს, მისივე სწორია, ოღონდ გულწრფელად რასაც არჩევს  და არა მოჩვენებითად.

ღმერთი მართალთა შემწეა! წესიერი ადამიანი ყოველთვის საიმედოა!

ახლა, ვინაიდან 26 მაისი მერაბის დაბადების დღეა, ვიხსენებ გმირის წლისთავს, რომელსაც ზვიადი უძღვებოდა. (ახლაც სათუთად ვინახავ ამ მოსაწვევსა და  მაშინდელ ჩანაწერს უბის წიგნაკში -ამ დღის ამსახველს).

დილას 12 საათზე დაიწყო სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, ესწრებოდნენ მერაბის დედა,  ახლო ნათესავები, მეგობრები. ზვიადმა წარმოსთქვა: - მერაბის სული გვავალებს თავდადებას მამულისათვის, მოგვიწოდებს ბრძოლისაკენ. მერაბი ფიზიკურად აღარ არის ჩვენს გვერდით, თორემ სულით ჩვენთანაა! მე მწამს საიქიო, როგორც მერაბს სწამდა ეს. თვითონ მერაბი  ამბობდა, ჩემთვის გარდაცვლილები არ არსებობენო  და მე მერაბს ცოცხლად ვთვლი, ჩვენს გვერდით. თვითონ მერაბი არ გვაპატიებს უმოქმედობას,  მისი სული დაგვყურებს ზეციური საქართველოდანო...  მერე გაიხსენეს,  გადასახლებაში ერთხელ არ დაუჩივლია,  არ წამოცდენიაო რამე და  მხოლოდ ერთხელ, როგორ უთხოვია მერაბს:  ჩემს ეზოში დიდი ცაცხვის ხე რომ დგას, ფოთლები შემიგროვეთ და გამომიგზავნეთ, იმათ მოვესიყვარულები და ამით მოვიკლავ  საქართველოს სიყვარულსა და მონატრებასო. ყველანი ტიროდნენ და ზვიადმაც ცრემლი მოიწმინდა თავჩაღუნულმა.  გამოვიდა თემურ ქორიძე, ''ბაბუ'' - ასე ვეძახდით ერთ მხცოვანს... შემდგომ რესტორან ''ეკრანში'' გაგრძელდა სულის მოსახსენებელი სუფრა.  (დედას მეგობარი - სალომე ნაკაიძეც მახლდა, შემდგომ  ამ ქალმა შეგვიფარა დევნისას).  როგორც ზვიადმა უწოდა, რელიგიურად -აღაპი უნდა შემდგარიყო და აქ იყვნენ მერაბის მეგობრები, საყვარელი ადამიანები, არ იყო მხოლოდ დედა,  მან სახლში გაშალა მცირე სუფრა, სადაც ახლო ნათესავებმა მოიყარეს თავი. ზვიადი და რამდენიმე მეგობარი ჯერ იქ მივიდნენ და მერე აქ  შეიკრიბნენ. ეს იყო მართლაც  შეკრება და არა პურობა. ქართული სულით, ქართულ წესსზე წარიმართა ყოველივე. სუფრა აკურთხა სამღვდელო პირმა -თადეოზმა (შემდგომში მეუფე). თამადა ზვიადი იყო, იგი უძღვებოდა სუფრას...  მან, პირველ რიგში, მერაბის შესანდობარი შესვა, თქვა მის დიდნუნებოვნებასა და სიკეთეზე. ტყვია, რომ ვინმეს ესროლა მისთვის და შემთხვევით აცდენოდა ის ტყვია მერაბს, მივიდოდა, ხელს დაადებდა მამაშვილურად, ალბათ და ეტყოდა - მოეშვი მაგას და წაიყვანდა სახლში როგორც მეგობარსო. ასეთი იყო მერაბი, მტრებიც კი ვერ ამბობენ მასზე ცუდს, დაუკვირდით როგორ იხსენებენო. შემდეგ მოიგონა ირაკლი კოსტავაც და ასევე შესვა მისი შესანდობარი.  შეისვა მერაბის დედის - ოლღა დეიდას სადღეგრძელო. ზვიადმა თბილად მოიგონა იგი, აღნიშნა, რომ ეს ქალი დიდი უბედურების გამოვლის მიუხედავად, როგორი სულით გაუტეხავი  და როგორი შემართების ადამიანია. სწორედ დედას ჰგავდა მერაბი, მისი ეს თვისება ჰქონდა გამოყოლილიო -გაუტეხელობა. ახლაც კი, ეს ქალი, ჩვენი მტრების რისხვაა და ეშინიათ მისიო. შემდეგ ყველას გვთხოვა ზვიადმა - დღეში  სამი ადამიანი მაინც მიდით და მოიკითხეთ, გაამხნევეთ, ეს აცოცხლებს მას, ეს ახარებს, გთხოვთ, აუცილებლად მიხვიდეთ, მადლია მეგობრებოო.  აგრეთვე,  მოიგონა საქართველოსათვის თავდადებული, შეწირული ადამიანები... შემდეგ შეისვა სამღვდელოების წარმომადგენლების სადღეგრძელო; ასევე, ყველა წმიდას სადღეგრძელო, ქართული ეკლესიების სადღეგრძელო, მერაბის მეგობრების სადღეგრძელო... მღვდელმა თადეოზმა, (შემდგომ მეუფე თადეოზი), 

ადღეგრძელა ზვიადი- როგორც მერაბის პირველი და საუკეთესო მეგობარი.  გაიხსენა, რომ ის ჯერ კიდევ მე-10 კლასელი, ბავშვი, დააპატიმრეს 5 თვით, თუ როგორ სდევნიდნენ და აწამებდნენ ორივეს.  გვიამბო სასწაული სიზმარი - ჩვენება რელიგიურ დღეს, 10 ივლისს,  ერთად იდგნენო ორივენი -ზვიადი და მერაბი, ხალხი ეხვიათ გარს, მუშტშემართულნი იდგნენ. უცებ საიდანღაც ხმა მოისმა - ზვიად, შენ ხარ დაუდეგარი, როგორც თერგი, ამაყი, ვითარცა მყინვარი და მშვენიერი როგორც საქართველო. სიზმარში, რაც სამგზის ითქმება, ის ყოველთვის ღვთითააო და მივხვდიო, ზვიადს მარტოდ მოუწევდა ჭაპანის ზიდვა, თუმცა მერაბმა როდი მიგვატოვაო. მიუახლოვდა, დაიჩოქა და პირჯვარი გადაწერა. ისევ გაიხსენა რელიგიური ჩვენება - სიზმარი, 23 ნოემბერს ხილული ზვიადზე,  როცა ცხინვალში გაემართნენ და ოსებმა არ შეუშვეს, ზვიადი იდგაო, მაღლა წმ. გიორგი გამოისახა და სხივები გამოგზავნაო ზვიადზე,  რის შემდეგაც ლექსიც დაუწერია და წაიკითხა ის, რომელიც თუ არ ვცდები ასე მთავრდება:-''მეამაყება გატანჯულ ქართველს შენი მოსვლა და შენი ბრძოლა.''                                                                        

დაუვიწყარი სიტყვებით ადღეგრძელეს ზვიადი აფხაზეთის, რუსთავის წარმომადგენლებმა. პაატა ცუცქირიძემ, რომელიც 1978 წ.  ქართული ენის საკითხთან დაკავშირებით იბრძოდა და მოითხოვდა აგრეთვე, ზვიადისა და მერაბის გათავისუფლებას. ზვიადმა გვამცნო, რომ ამ პიროვნებას სდევნიან, თავს დაესხნენ რამოდენიმე დღის წინ და ახლა მაინც გამოიპარა საავადმყოფოდან,  რომ დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყოო... თემურ ქორიძის მერე, სადღეგრძელო ავთო რცხილაძემ შესვა, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი პატივია ჩვენთვის ზვიადის ეზოში  ფეხის შედგმაც კი, იქ, სადაც  მარხია დიდი კონსტანტინე და წმინდა საფლავებია, ეს დიდი პატივია, უნდა დავაფასოთ და არავითარ შემთხვევაში ცუდად არ უნდა გამოვიყენოთო. პროფესორმა მათიაშვილმა გაიხსენა- თავის  სტუდენტობისდროინდელი ერთი პროკლამაცია ზვიადის მიერ დაწერილი, რომელიც ვრცელდებოდა ქალაქშიო და აღნიშნა, რომ იმდროინდელი ვითარების გამო შენახვა ვერ გავბედეთო. ხელმოწერა არ ჰქონდა, მაგრამ მივხვდით  ვისი ნაწერიც იყო, ვინც ოყოო ავტორი და წაიკითხა ის გმირული ლექსი-მოწოდება, რომელიც ეწერა ზვიადს პროკლამაციაში. ეს იყო 1956 წ. მარტის დღეები, როცა მომხდარი იყო 9 მარტი და არავინ იცოდა, კიდევ რა მოხდებოდაო... სუფრაზე მყოფმა ქუთაისელმა შაოსანმა ქალმა (დედით გამსახურდიამ), რამდენიმე საკუთარი ლექსი წაიკითხა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაზე... გურამ პეტრიაშვილმა შესანიშნავი სიტყვებით მოიგონა მერაბი, წაიკითხა ლექსი მასზე, ადღეგრძელა ზვიადი და შესანიშნავი მაგალითიც მოიხმო ჰაკი აძბადან, ბოლოს კი ამ ლექსით დაასრულა  სათქმელი:

                          ''შენ იზვიადე, ზვიადო. მტერნი მოსჩანდნენ ჭიადო,

                            გაგვიძეხ, გზები გვიჩვენე   საცისკარ - საგანთიადო.''

ზვიადმა ყველას მადლობა გადაუხადა და თავმდაბლად განაცხადა, სანამ არ მოვკვდები ნუ იტყვით რა გამიკეთებია და ნუ მომაწერთ ყველაფერს, მერაბმა იცოდა თქმა:  კაცი რომ მოკვდება, მერე უნდა თქვა მის განვლილ გზაზე ვინ იყო და რა გააკეთა, მის სიცოცხლეში არაო. რომ მოვკვდები, მერე განსაჯოს ხალხმაო - ეს იყოო მერაბის სიტყვები.

 ზვიადმა  ადღეგრძელა ქართველი ქალები, იქ მყოფნი გვადღეგრძელა -ყველას დაგლოცავთ, ჩვენს გმირ ქალებს გაუმარჯოს, რომლებიც ჩვენ არ ჩამოგვივარდებიან  და ხანდახან გვჯობიან კიდეცო ამ ბრძოლაში. ავთანდილ რცხილაძემ გაიხსენა ისტორიულად ცნობილი  ქალები - ნინო კაბადოკიელი, ნანა დედოფალი, ქათევან წამებული, გვადღეგრძელა იქ დამწრენი... შემდეგ შესრულდა მერაბის საყვარელი ''შავლეგო.'' ბოლოს კი ''ჩემო კარგო ქვეყანავ'' დააგუგუნეს.  ყველანი თვალზე ცრემლმომდგარნი, მუშტშემართულნი  ვიდექით და გვწამდა უსაზღვროდ მომავლის.

გმირის წლისთავი გმირულად გასრულდა... ჩვენ კი წინ ბრძოლა გვედო...

საქართველოს პატრონი ჰყავდა, საქართველოს იმედი ჰქონდა და ამ ბრძოლაში ზეციური მხედრობაც იცავდა...

(13 ოქტომბერი. 1990 წ).

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)
3 (16) აგვისტო
gaq