საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„ყველა ქართველი ბიჭი თავიდანვე მეომრადაა ჩაფიქრებული ღმერთისგან“
ლელა ჩხარტიშვილი


„მიწა იკარგებოდა, ზღვა იკარგებოდა, ცა იკარგებოდა, მზე და მთვარე თავის წვრილ-წვრილი ვარსკვლავებით...“

  

ყველაზე დიდი შესაწირი, რაც შეიძლება გაიღოს ადამიანმა ღმერთის საკურთხეველზე, ეს არის სიცოცხლე. ბერი პაისი მთაწმინდელის სიტყვებით: „ვინც გმირულად კვდება, ის არ კვდება.“

მინდა გავიხსენო ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ქარიშხალმა ომის ველზე გარიყა და სისხლიანი, მბოლავი, ჩაუმცხრალი მოვლენების წინაშე დააყენა.  აფხაზეთის ომის გმირები -  ჩემი და ცოტა უფროსი თაობის მოხალისე  ბიჭები,  მომღიმარი ყმაწვილები, რომელთაც ნაცრისფერი პილოტურები ეხურათ, მხარზე მძიმე ნაცრისფერი მაზრები გადაეკიდებინათ.  მათ ახალფეხადგმულ ცხოვრებაში შემოიჭრა ომი და  პირველივე ნაბიჯებიდან დამღა დაამჩნია. მათ ისტორიას იმით გაუსწორეს ანგარიში, რომ ყმაწვილური გზნება და თავმოყვარეობა სწორი გზით მიმართეს. მათი  აღტყინება ყოვლისმომცველი, გადამდები იყო. მათ უხმობდათ წარსულის სიდიადე, ერთგულება. როგორც კი მობილიზაცია გამოცხადდა, არცერთი წუთი არ უფიქრიათ, უყოყმანოდ გადაწყვიტეს ომში წასვლა. ან რაზეღა აუნდა ეფიქრათ.  „მიწა იკარგებოდა, ზღვა იკარგებოდა, ცა იკარგებოდა, მზე და მთვარე თავის წვრილ-წვრილი ვარსკვლავებით.“ „სისხლი ეძახდათ, ხორცი, ძვლები. არ დაწრეტილა ჩვენი სისხლი. გონიც შეგვრჩენია და გულიც. მარტო ამის გასაგებად ღირდა ჩამოსვლა ამ ჯოჯოხეთში“ („ოთარ ჭილაძე: „გოდორი“).

ომში წასვლის წინ დედებმა პირჯვარი გადასწერეს  გაუთავებელი განშორების, განსაცდელის, ხანიერი და ბინდით მოცული გზის გამო. მათ დაედევნათ დედების უსაზმნოდ მომზირალი, ცრემლდაშრეტილი, გაშტერებული, მწუხარებისგან გამოციებული თვალები; მკერდიდან ამოფრქვეული: „მშვიდობით!“; დაისის შორეული ზღვარი; იასამნისფერი მწუხრი.

გამომშვიდობების წინა ორიოდე დღე გამოიყენეს, როგორც უნდოდათ. მოახმარეს ცხოვრებასთან გამოთხოვებას. უკანასკნელი პაემანიც ჰქონდათ გოგოსთან განშორების წინ. გამოემშვიდობნენ ყველაფერს, რაც ეძვირფასებოდათ: ჩვეულ წარმოდგენებს, იმას, თუ როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ და რა ასწავლათ სინდისმა. გამოემშვიდობნენ იმედებს, ერთმანეთს. კიდევ ერთხელ უთხრეს საყვარელ ადამიანებს იდუმალი და დიადი სიტყვები.

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და კარგად მახსოვს ის,  უკვე  ლამის ლეგენდად ქცეული  „ჭადრაკის სასახლე“ და იმდროინდელი გადამდები პათოსი, ჰეროიკული  განწყობა, რომელსაც ზუსტად აღწერს ოთარ ჭილაძე თავის „გოდორში“:

„ობმოკიდებულ, დამყაყებულ აუზსა და ჭადრაკის სასახლეს შორის უკვე ჯგუფებად იდგნენ მოხალისეები, თავიანთ გამცილებლებთან ერთად. ზოგს სანადირო თოფი გადაეკიდა მხარზე. მხოლოდ აქ, თითქმის უკანასკნელ წამს, შეიგრძნეს თავიანთი გადაწყვეტილების სერიოზულობაცა და, ერთი შეხედვით, ვითომ გასართობი, სათამაშო, მემკვიდრეობით გადმოსული ომის მთელი სისასტიკე.  უმრავლესობა ვეღარასდროს შემოვიდოდა აქ,  ვერც თბილისურ პაპანაქებისგან თავის დასაცავად და ვერც ფეხბურთის ახალი ამბების გასაგებად. საერთოდ ვეღარ დაბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქში, დასამარხადაც კი, რადგან ეგრეთ წოდებული „მცოცავი ომი“ გაცილებით სერიოზული, ღრმად შენიღბული და შორს გამიზნული ღონისძიება გახლდათ, ვიდრე ვერის ბაღში ამ დილაუთენია თავშეყრილ მოხალისეებს წარმოედგინათ.“

ყავისფერი ტყავის სამხრეებიანი, მწვანე ბრეზენტის ზურგჩანთაკიდებული გამოუცდელი ჯერ კიდევ უწვერული მეტყვიამფრქვევეები, რომელთათვისაც ღირსება იგივე სამშობლოს ნიშნავდა.

„ეს მოხალისეები იყვნენ ერთადერთი კანონიერი და უფლებამოსილი პატრონები ამ ქვეყნისა. სწორედ ისეთნი, როგორიც ამ ქვეყანას შეეფერება. ცოტა ხულიგნებიც იყვნენ, მაწანწალებიც, როგორც თითქმის ყველა მათი თანატოლი ბიჭები“ („გოდორი“). მაგრამ იცოდნენ, გუმანით გრძნობდნენ, სიკვდილთან შეხვედრის გარდაუვალობით,    როგორ უნდა  გაკრულიყვნენ ჯვარზე თავიანთი  სამშობლოს გოლგოთის გზაზე.

არადა რუსის გენერლების

თვის რა იყო ის მიწა, რომლისთვისაც  ეს ბიჭები მზად იყვნენ ჯვარზე გასაკვრელად: „რა გახდა, ბიჩო, ეს აფხაზეთი! გაჩიმე გამოჩიმე, ერთი პლიაჟია,“ „ბოროტება და დიდი უბედურება  შეუფერხებლად მოისწრაფვოდა ჩრდილოეთიდან. ამ ადგილს აღარ ერქვა აფხაზეთი, არამედ სასაკლაო.“ ზღვა კი ძველებურად მართლაც თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა მზეზე.

ეს ბიჭები მიჰყვებოდნენ  გულის ხმას. იმას, რასაც სინდისი ჰკარნახობდათ, ბუნებრივად და საჭიროდ მიაჩნდათ. ნამდვილი საქართველო იმ სანგრებში იჯდა. თავიანთ თავზე იწვნიეს  შეტევა, ნაღმები, ნაღმსატყორცნები, გრიგალისებური ცეცხლის თვეები; ცხოვრების გამოცანა, სიკვდილის გამოცანა. რეალური საშინელება, რეალური საფრთხე, რეალური სიკვდილის საშიშროება. დაგელაობდა ომის უზარმაზარი ზღაპრული ურჩხული სისხლიანი თვალებით, რომელსაც ხარბად სწყუროდა სისხლი, რომელიც დაუცველ მდინარედ იღვრებოდა.  იმ ბიჭებმა თავიანთი აღტყინებული სიმამაცით  და ხიფათის არად ჩაგდებით  მაღლა ასწიეს ქართული იარაღის  შეგინებული ღირსება.

თავიანთ ნიჟარასა და ბაკანში ღრმად  შეკეტილი კონფორმისტი საზოგადოება ფოსტლებში ფეხწაყოფილი თბილად კამათობდა მარადიულ, მოურჩენელ სატკივარზე, დამარცხებას შეგუებული. მათი პრაქტიკული გონისთვის  გაუგებარი იყო, თუ  ვის რა სიკეთეს მოუტანდა  ამ პატარა ბიჭების  ომში წასვლა, „ძველი სახელი და დიდება დაუბრუნდებოდა ამით მის სამშობლოს თუ მიტაცებული მიწები?“

ეს ბიჭები ფაქტიურად წაგებულ ომში შევიდნენ და განწირული იყო მათი სულისკვეთება. მათ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოიკვეთეს, ყველა ხიდი დაწვეს, ყველა თოკი გადაჭრეს. სამარის პირასაც ერთგულნი დარჩნენ საკუთარი თავისა. სულიერად არ დაეცნენ. ეს იყო სტიქია, ენერგია; უფერულ ყოველდღიურობაში აზვირთებული ისტორიის სასწაული, გენიალობა.

და კიდევ დაუშრეტელი რწმენა იმისა, რომ „რაც არ უნდა დაკნინდეს და დაპატარავდეს ქვეყანა, მისთვის ფასდაუდებელი, მისთვის აუწონავი საგანძური მაინც დარჩება. განა ეს ბიჭები იგივე საგანძური არ არის?!“ („გოდორი“).  „მართალია, ბევრი დავკარგეთ (თუნდაც კანონიერი ადგილი რუქაზე), მაგრამ ვიდრე ვიბრძოდით, ხალხი გვერქვა, მაინც ანგარიშს გვიწევდა მტერი. ხოლო როცა ხმალი ქარქაშში დაგვიჟანგდა და ჩვენი მუზარადი პრისტავის ცოლმა საწოლს ქვეშ შეიდგა, ღამის ქოთნად, ადგილი კი არა, სახეც დავკარგეთ.“

ეს თავგანწირული ომიც სწორედ ამ რწმენის გამოხატულება და დადასტურება იყო. ეს ყველაფერი ბედნიერების გრძნობით აღავსებდათ. მიუხედავად დანაკარგებისა, ომის მთელი ამ სისხლიანი სიმძიმის გადატანაში ეხმარებოდათ თავგანწირულთა შუქი, რომლითაც განათებულია ყველა გმირის ცხოვრება.

ხოდა იდგნენ ასე ომების ცის ქვეშ, როგორც ოდესღაც ბავშვობის მშვიდობიანი ცის ქვეშ. ეს სუსტი, ხმელი ბიჭები, როგორც ელექტრობით, ისე იყვნენ დამუხტულნი მთელი ამქვეყნიური ვაჟკაცობით. შინაგანად ანათებდნენ. ომი ცხოვრება იყო და არა თეატრალური დადგმა, სერიოზული  და არა მოჩვენებითი. ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მაგრამ მათ თვალებში უკვე შეიძლებოდა ამოგეკითხათ დაძაბული აზრი, საუკუნის მღელვარება, დროის ყველა თემა, ცრემლი და წყენა. დაგროვილი შურისძიება და სიამაყე გამოკრთოდა მათ სახესა და შესახედაობაში. ეს ერთგვარი ხვედრი და ხელდასხმაა. ამ ახალგაზრდების სახელით შეიძლებოდა ბრალდება წაგეყენებინა საუკუნისთვის, ეპოქისთვის.

იდგნენ ომების ცის ქვეშ რადგან ასე სწამდათ, რომ სამშობლოს სიყვარულს წიგნებით ვერ ისწავლი. აქამდე შეუცნობელი, გაუთვალისწინებელი, სახელდაურქმეველი, ყველაფერი ერთად გაერთიანდა გულში გატარებულ ერთ ტოლმნიშვნელოვან ტალღად, რამაც აიძულა ისინი ამ შემართებისთვის. ლექსებსაც წერდნენ, მაგრამ დადგა დრო, აღარ ეწერებოდათ. გული საგულეს არ უჩერდებოდათ. ეს სიყვარული თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გადმოიღვარა.

არაფერი გადარჩენია ხანძარსა და აფეთქებას. დარჩა მიწასთან გასწორებული, ნანგრევებად ქცეული ქალაქი. სევდიანად დუმდნენ მიტოვებული სახლები.

სვეტებად, შადრევნებად, შემ

დეგ ზოზინა, დამძიმებული ლექივით მიიწევდა ცისკენ აჭრილი ნაგვის ნაცრისფერი, შავი, წითელ კვამლიან-ცეცხლოვანი ღრუბლები. დამარცხება არ ნიშნავს დასასრულს, არც სიკვდილი, რადგან სწორედ: „ცეცხლითა და მახვილით ხდება თაობათა განწმენდა, ახალი ცხოვრებისთვის მონათვლა.“

მინდა ჩემს ერთ  ნაცნობზე გიამბოთ, რომელიც მართლმადიდებლად მონათლული არ იყო.  მამუკა ავდოევი  ჩემს სკოლაში სწავლობდა, ერთი თავზეხელაღებული, „ძნელად აღსაზრდელი“ და გამოუსწორებელი ოროსანი ბიჭი გახლდათ. ეროვნებით ქურთი იყო, მრავალშვილიანი ოჯახიდან... ცალკე მასწავლებლებს თავსატეხს უჩენდა თავისი დაუდგრომლობით და ცუდი ყოფაქცევით, ცალკე, ჩვენ, ბავშვებს... მავნებლობასა და ცუღლუტობაში იმდენად გაწაფული იყო, რომ ვემალებოდით, რამე რომ არ დაეშავებინა ჩვენთვის. თუნდაც მე... ერთხელ, მახსოვს, მომეპარა და ვიეტნამის მაზი წამცხო თვალებზე. ისედაც სუსტი მხედველობის პატრონმა მთელი დღე თვალი ვერ გავახილე... მერე გავიზარდეთ. ცოტა ჭკუა მოგვემატა... სკოლიდან გავიდა, ოჯახის სარჩენად ბაზარში დაიწყო მუშაობა. ხილით სავსე ყუთებს ეზიდებოდა თავისი მხრებით... ერთხელ ქუჩაში შემხვდა და უცებ თვალსა და ხელს შუა ,,მოტყდა"(სისწრაფე სჩვეოდა). თურმე იქვე ყვავილების მაღაზიაში გაქცეულა და იისფერი თაიგული მომართვა... ასეთი უცნაური და არაპროგნოზირებადი ბიჭი იყო. ხოდა იმ ავბედით წლებში, აფხაზეთის ომში მოხალისედ ჩაეწერა. უბნიდან ბიჭები წავიდნენ და მე გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფო... ცოტა ხანში მისი სიკვდილის ამბავი გავიგეთ. თურმე ერთ დედისერთა ბიჭს გადაჰფარებია მკერდით, მე მაინც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ისე არ დავაკლდები დედაჩემსო (წამებში გადაუწყვეტია თავისი გადასაწყვეტი)... მერე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს, როცა უკვე აღარ იყო (მის ოჯახს პენსია დაუნიშნეს)... ვინ მოიფიქრებდა, რომ ამ ,,ძნელად აღსაზრდელი", მოუხეშავი მანერების მქონე ყალთაბანდ ბიჭში ამხელა გული ფეთქავდა. თავგანწირვის დიადი სული, რაც ომმა გაამჟღავნა. არადა, ხომ ვიცი, ქრისტიანული მოძღვრების აზრზეც არ იყო... სასუფევლისთვის არ უფიქრია, იმ სხვა ადამიანზე იფიქრა, სხვა ადამიანის სიცოცხლე დააყენა თავის სიცოცხლეზე წინ... ნათელი დაუმკვიდროს ღმერთმა ამ ადამიანს და ყველა იმათ, ვისაც წიგნში კი არა, გულის ფიცარზე უწერია, ოქროს ასოებით, ეს სამი დიდი და ტოლფასი მცნება: „ღმერთი, სამშობლო, მოყვასი!“

დაბოლოს, ისევ ოთარ ჭილაძის სიტყვებით დავასრულებ: „რამდენი ხანია საქართველოში მეომარი აღარ გაზრდილა. მას შემდეგ, რაც „უროდნიკმა“ ფიჩხივით ამოღლიავებული გამოზიდა შიშისგან ხმაჩაკმენდილ ქოხებიდან ფილთა თოფები თუ პირჩამტვრეული ხანჯლები, მაინც ვომობთ. ყველა ქართველი ბიჭი თავიდანვე მეომრადაა ჩაფიქრებული ღმერთისგან. აი, ჩვენი უკვდავების საიდუმლო. მტერმა ამოხსნა. ჩვენ დავივიწყეთ.“

შეიძლება ვკადნიერდები, ამას რომ ვწერ. მაგრამ... მარტო ლოცვა რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთმა მტრის მიერ ძალით წართმეული სამშობლო დაგვიბრუნოს. არ ვიცი... ბევრი რამის გამოთხოვნა შეიძლება ღმერთისგან, მაგრამ სამშობლო უკვე მეტისმეტია... ამაზე სულ ბულგაკოვის გმირის (გენერალი ჩერნოტას) სიტყვები მახსენდება, რომელთაც იგი მათხოვრებს ეუბნება: ,«…Когда вас поведут в рай, я буду сидеть там у ворот и передо мной будет лежать шляпа. Я буду сидеть там тысячу лет и просить… И никто не подаст! Никто! Даже самый добрый из нас - Бог. При желании можно выклянчить все: деньги… славу… власть… Но только не Родину, господа! Родина не вмещается в шляпу, господа нищие!»

(„როდესაც სამოთხისკენ წაგიყვანენ, მე კარიბჭესთან ვიჯდები და სამათხოვროდ მექნება გაშვერილი  ქუდი.  ვიჯდები იქ ათასი წელი და ვიმათხოვრებ. მაგრამ არავინ არაფერს გაიღებს. არავინ არაფერს გაიმეტებს, არავინ! ჩვენს შორის ყველაზე კეთილი - ღმერთიც კი. სურვილისამებრ  ბევრი რამის გამოთხოვნა შეიძლება: ფულის, დიდების, ძალაუფლების, მხოლოდ არა სამშობლოსი, ბატონებო! სამშობლო არ  ეტევა ქუდში, ბატონო მათხოვრებო!“).

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq