საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

''დიდი გულის გალობა'' - გოგლა ლეონიძის პოეტური სამყარო
ლალი ბარძიმაშვილი

    

 ''ჩაკეტილი ვარ ამ   სიყვარულში და ჩემს გულში  ვარ გამაგრებული''...

                                                                                           გოგლა.

                                       

    წმ. მამები ამბობენ  -'' ადამიანებს ე. წ. გულის მეხსიერება გვაქვს. მას გულის საკანს უწოდებენ!"  ახლა გოგლა ლეონიძის გულის ფიქრს გავყვეთ, როგორც  თქმულა  წმინდად  - გულის კულტურას!


''დავწუროთ მზიურ ზვრის ნართვლევარი.     

და ყოველივე, მზით მოგროვილი''...

''ეს ყვავილები მე დავაგროვე.'' ნამდვილად, სხვაგვარი უნდა იყო, ''რომ გულზე ვარდი დაისხა.''  ასეთია იგი - გულძალუმი, უშურველი,  გულაყვავებული; ''ტრფიალი უკვდავ ფერთა ფიალის''.

 თითქოს ვაზებმაც ფეხი აიდგეს,

 დამდევნებოდნენ უკან მტევნებით...

  სად მივდიოდი, ვისკენ, საითკენ,

  რა მქონდა გულში დაუტევნელი?..

განა, თქმაზე მეტი არაა? -  ''გულსაც უნდა ბერტყვა, როგორც ხურჯინს!..'' ეს საყოველთაო არსებობაა!..  ''გულვარდობით'' მოწოდებულისთვის კი მთავარია დროულად გახსნა გულის ''ბჭეკარი.''  შემოქმედი ხომ გულის მეგზური და წინამძღოლია, პირველ ყოვლისა. თავადვე   შეეფერება საკუთარი თქმაც: ''რა კაცია, -  გულთა-გული!''                                                                                                                                        

რა გასაკვირია, თუ სულ  ''სწყურის გულს ხანძარი,  თუმც მრავალჯერ დაიბუგა!''

სოლომონის განძს,  კრეზის სიმდიდრეს,

ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს,

მე მირჩევნია ერთი ხოხობი,

ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.

ეს არ არის პოეტური სისადავისთვის თქმული, ეს მთავარგანცდაა, მთავარკაცის ალალი არჩევანი.  გულთამხილაობაა  მთელი სიმდიდრე, სამყაროს კაცის  საგანძურს  კი  ვერაფერი ედრება,  - ''როგორც ორაგულს  კასპიის  ზღვაში, არაგვის ჩქერი მოეწყურება.'' ასეთი  უბრალოებაც  ზოგჯერ საწადელია. შენთვის  ცოცხალი    გარემოც იქ არის, სადაც არ იკარგები. მართლაცდა, ''დარიალის კლდემ არ იცის ხავსი''... თუნდაც, ''ავადუღოთ მარგალიტი'' რად ღირს; ანდაც,'' ნუ გამაგონებ  დაცემის ხმაურს, გაჭენებულის ხმა გამაგონე!''  ''- ჩოხა წვიმისა მეცმევა  და ყაბალახი მთვარისა,'' - განა, ყველას შეუძლია ამგვარი გზნება, ანდაც ეს  იკმაროს?!               მხოლოდ შემოქმედს ძალუძს თქვას - ''მაშ, მომეცალე და მომერიდე, მეფე ვარ თავის!''

 ''ქვაც ყველა არის ნაპერწკლიანი, გული რომ იყოს გასაკვირია?!''-   განუმეორებელი ფრთიანი ფრაზა!

ალბათ, ამგვარადვე  უნდა ითქვას - ''თუ  გსურს  ნიშანზე მივიდეს სიტყვა'',  რომ  გაგრძელდეს სათქმელი - გულიდან გულში გადავიდეს, გახმიანდეს...  როგორ ესადაგება თვისივ ნათქვამი - ''გულის დიდო სამწირველო.''                                                   ასეთ განცდაში არ არსებობს ძნელბედობაც, - ''ეკალსა  ზედან აღსრულებული, ვიცი, ცისკრისას ვარდზე იღვიძებ.''

განა, ბევრჯერ არ დასცადა სიდიადემ  ტიტანური ტანჯვა? ცხოვრება სულ ლხინიც  როდია -

არ გვღირსებია ყოფნა ქორწილში,

ბაღში ვარდები არ გვიძებნია,

ბრძოლით დაღლილებს, ბრძოლის ლოდინში,

ხშირად ეკლებზე გაგვღვიძებია!

 გამუდმებით  ხომ ასეც ხდება: ''ჰკბენენ ძაღლები მომავალ იღბალს'', -  დიდი მეტაფორა დროის და იმ შემოტეული ადამიანების, რომელნიც ჩასაფრებულნი არიან გასაწირად. ასეთი ხაზგასმაც  ნიშანდობლივია - ''ზოგია სხვისი ჩანგის ყაჩაღი და ზოგი კიდევ უმიზრაფოა.''  თუმც სიცოცხლის სიყვარულს ეს ვერ ანელებს.

ერთი ვარდი რას მეყოფა?

რომ ზამთრის გზა გავიკაფო!..

ვაზის ლერწი, ვარდის ყლორტი,

ყანის ფრთაა ჩემი ბინა.

მე სად ვცოცხლობ? ― ლეღვის ტოტში,

ბროწეულის ტიტიბოში; ჯიხვის რქაში, წყაროს ჩქროში...

მართლაც, რომ, -''აქ რა უნდა გულნამცეცას, მიუწვდება არსად ხელი''... სიყვარულის  ემოცია - გაცხადებაა  ლექსები, სიყვარულის ჰიმნებია!                                  

''ვის გაქვთ გული დამსხვრეული, განკურნება აქ ეძებეთ!'' ''სიყვარულის ძველი დაღია'' ეს პოეზიაც.  გულიდანაა ამონთებული ყველა  სათქმელი.

ბინად ექმენ მუდამ მტრედებს,

მუდამ ჭერი მიე მერცხლებს!

გაიჟღინთე მზის ნაჟურით,

სურნელით და ვარდის წვენით.

მსგავსი სითბო და სიყვარული იშვიათია. ლოცვასავით მოაქვს სათქმელი, ვედრებასავით და შენში ტოვებს ამ სათქმელს, შენში ანთებს ამ ცეცხლს; რაღაც საოცარ იმპულსს გაწვდის, რომ ამ ეშხში შეგიყვანოს, სიცოცხლით გატკბოს!

''სიცოცხლე - მისი მშვენების იქით - ერთ  ნაბიჯზედაც არ მდომებია!'' -  ეს ცხოვრების დედააზრად უქცევია... ყველაფერს  თავის  საკუთარი  თავგადასავალი აქვს მასთან, საკუთარი სუნთქვა და ცხოვრება, თავისი ფერი...

   როგორ ეხამება ეს სტრიქონებიც, რომ  სამშობლოში -'' რაიც კი შვენის მშვენიერებით, ხომ შევიყვარე!''  და  შეიყვარა ყველაზე მეტად.

''გული ისევ ალაგს არის!'

' უალაგო გული, რომელსაც ასეთი ხედვა არ გააჩნია, დახშულია, ვერ გულობს.

''...და გულში რომ აღსდგა მაშინ ჩემი ყრმობის განთიადი''...  სწორედაც,  ლეონიძეს რომ კითხულობ, გულს პულსაცია ემატება, ამ ყრმობის განთიადს გრძნობ, იმ დღეებს უახლოვდები,  სულ პირველ ემოცია-შთაბეჭდილებებს.   გულს გტაცებს იგი, უხინჯო სამყაროში გადაჰყავხარ და გწამს მასავით, რომ ''გული ტალღის ტოლია''...  ''მომღერალი სულ ვიყავი, მოტირალი არასოდეს'' - ესეც მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, ძალდაუტანებელი არსებობა.

ეს  მიწის სურნელით გაჟღენთილი პოეზიაა, სიტყვის ბუმბერაზია გოგლა!  ყველაფერი, მთელი გარემო მოძრაობაშია მოსული  მასთან, ერთი სუნთქვით სუნთქავს -სიყვარულის სუნთქვით. სიყვარულით  გამთბარია.                  დღეღრუბლიანიც კი სხივმფენია. ყველაფერს ნათელი გადაჰფენია.

საკახეთურო ღრუბლებო,

სამგორს ადუღეთ ვარდები!

მთვარევ, იორში დაწექი;

კალმახებს შეუყვარდები!

აი, ეს არის სიტყვით მოფერება. სიტყვით შეხმიანება ყველაფერთან. გული მოიცავს ყოველს. გულის თვალით იყურება.  გულისყურით ისმენს მთელი სამყაროს ხმაურს და უტოლდება მთელ სამყაროს გოგლა ლეონიძე.                                                   ეს სრულიად განსხვავებული ხმაა - ხელწერა -  საგოგლაურე.  სასიმღერო ტაეპებიც კია მასთან. აქ  მხოლოდ პოეტური  ხედვა როდია, გული ბორგავს, გული ხმიანობს. როგორი ალერსი იგრძნობა. უვნებლად არის ყოველივე თქმული, რასაც არ უნდა ამბობდეს. ''ყველაფერი ჩახჩახებს სიყვარულის ხარჯითა.'' მართლაც,  სიყვარულის მხარჯავი პოეტია, სიყვარულია გაღებული... გულიდან მომდინარე სიყვარულია განფენილი ყველგან, ყველაფერში ისაა მისი წინამძღოლი. ''დაწვიმული ფოთოლიც'' კი არ დავიწყნია, ასე შეხმატკბილებით ებაასება გარემოს. მტერზეც კი, ბარბაროსზეც ისე  აქვს თქმული ბრძოლის ჟინით აგავსებს. სიცოცხლით გმუხტავს. თვით სევდაც ასეა მოწოდებული, მოტანილი, დაუღალავად, პირიქით, რომ გაძლიერებს ეს სურათები და შთაგონებით  გავსებს... მომხდურთანაც კი, მტარვალთანაც, სიტყვაშეთამამებულია, სიტყვაშეთამაშებულია, თითქოს იხტიბარს არ იტეხს, თითქოს მტერიც კი  მოქმედების ფორმულაა, სიმარჯვის ტოლფარდი და  როგორი დაჯაბნაა მისი  ლექსში, სიტყვაში, მორევის სურვილი. სიყვარულის  ძალუმად გამომწვევია  იგი - მოსეული და ამ  სიყვარულსაც  უნდა შეაკლა თავიც. ყველაფერი მოძრაობის მუხტით გმუხტავს მასთან - გმირი თუ ბარბაროსი. ეს ნიავქარი იგრძნობა - ძლიერი ძალა, ძლიერი ენერგია... '' ყველას უნდოდა შენი გალეწა, თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ!''- ესეც  გარდუვალობაა!

მისი   პოეტური სამყარო  მთლიან-გაუბზარავია...

- შავკაბიანი მზრდიდა მე, გუთანი ტრედა ხარისა,

  რაც მათი ღვაწლით ვიწამე,  კაცად მან დამახარისხა!

ყოველთვის იოლიც როდია ამგვართა  ხვედრი, მაგრამ სარგოობის სურვილი, ურგებობის უკადრისობა ის ძალაცაა  აღმასვლას რომ გიმსუბუქებს: ''თუ მომენისლა, მით უფრო მიყვარს, ო, როგორ   მიყვარს ჩემი ძნელი გზა.''                        ლექსიც იქ იბადება - ''სად შეჰყივლებს სურვილი''...                                                                                                            ''ბესიკის მუსიკით ვსუნთქავ,  ბარათაშვილის რაშის რიალით'' - რაოდენ ამაყი განაცხადია.                                     

უკვე ითქვა, რომ ბევრი  მისი ლექსი ლოცვასავითაა, ასეთია ''მეკვლეს სიტყვა'' - სიტყვახვავიანი, ქართულმადლიანი, თქმაძარღვიანი...

საქართველოს თავგადასავალიცაა ამ ლექსებში, მიწის ღალაც, სიყვარულის ხარკიც, მზეც,  ცის თვალიც. სიყვარულის არაკებია ეს პოეზია. შენაჭირვებ ამბავსაც  შეუჭირვებლად გადმოგვცემს...  ქართველი მუდამ  ხომ  ''ბუნება-ზიარად''  სახელდებოდა და  ამის დასტურია მისი ლექსებიც. ''წიგნი  დავწერე ვეფხვისა,  შიგ სიყვარული დავძარი!'' -ო. თავადვეა  სიტვის  მერთვლეც, მეხრეც და მწყემსიც... ერთგან მინაწერი აქვს '' -აქ ჰფლობს ტიტანი. ცეცხლის მიმტანი,- ღმერთი პრომეთე.  სოფოკლე,'' (მთებზეა მიძღვნა), ასეთ მწვერვალზე დგას ყოველი  მესიტყვეც, ამგვარი უქრობი ცეცხლით, მიბორკილი  სიმაღლეს... ''იგი გადურჩა ბორკილს და ციხეს, ის მთებში იყო გადახიზნული!'' - ეს თავისუფალი სულის თვისებაა, რჩეულის, იყოს  უბინადარო ბინადარი და კაცთაც დაუსახოს მსგავსი სიმაღლე, რადგანაც ეს ის სამანია, სადაც ემიჯნება მათ, -''ვისაც  გულში სძინავს!''

 ასე მოაქვს პოეტს სავსე სულით, სავსე პეშვით, სიტყვართველით, მთლიანფიალით, '' რაც კი ცხოვრებამ იწამა;'' რაც - ''გულსა აქვს დათვლილი.''  დიდ ამბავთა, დიდ  ერისკაცთა ქებისას არ დავიწყნია ''ვეფხისტყაოსნის”  პირველი დამბეჭდავი  მიქელ ვალსა, რომელიც  სიღარიბეში მომკვდარა და გულსათუთ სიტყვასაც უძღვნის მას, დიდ ხოტბას... უგულისყურო კაცის გამოპარებით ცხოვრება ხომ სათაკილოა, ნაღდ ადამიანს არარა უნდა გამორჩეს ხედვის არედან. პოეზია და კაცის სახელიც ხომ ეს არის - ''გულის ნამეტნაობით'' ქმნილი, აქედან გამომდინარეა სიყვარულიც!

რამდენი სახეცვლილებაა, სიტყვათშეხამება... გოგლა ყველაფერში თანამონაწილეობს - ნისლიან ღრუბელში, ღამის ვერცხლში, მთვარის ნაკრთობში, ''მზის რთველში'', ყველაფერში თვითონ არის! ყველაფერს ეხიზნება, ყოველივე თავის სულში შემოაქვს. .. და რა კრავს ამ ყოველივეს? ერთი ოცნება, სათქმელი - ''წინაპართ სულის იყავ სადარი!''  და მთელი საქართველო ცოცხლდება,- ყოველი დილა, ბინდი, ამბავი -გაუცრეცავი, ამ ერთი აზრით!

დიდ ვაჟას ამაოდ როდი დაულოცნია მისთვის გზა-სავალი... ''გულმა ოცნებით წაიბარბაცა''- ესაა ლექსის ნიაღვარის მიზეზი, სხვათა გულებსაც რომ ერთვის. მას უნდა  ეწია  უწყვეტი ჭაპანი. ''გულის გუნდრუკის უხვად მკმევარი'' - გოგლას დახასიათებაც ისევ მისივ ხატოვანი თქმით შეიძლება...

მატიანეს, ''ქართლის ცხოვრების'' ფურცელთ,  მარბიელთა თარეშს დიდი ადგილი უკავია ამ პოეზიაში.  ჯერ მარტო, ქეთევან დედოფალზე ლექსი რად ღირს, კითხულობ და სული გეკაწრება... ანდაც, რა სუ

ლალი ბარძიმაშვილი
ლისშემძვრელია -''აქ  ისტორიამ გადიგრიალა და მიწა ჩუმად ისინჯავს ტკივილს,''  ''და გზას ატყვია დევთნამუხლარი!''  ეს ფრაზაც თავად ეხამება, ერწყმის - ''ცათა ფირუზი მოაქვს პეშვებით და საქართველოს ბაღთა ზურმუხტი...''

 განა, ესეც საცნობი  მდგომარეობა  არაა  მამულიშვილებზე?! - ''განვლეს  ეკალი, მოიმკეს ვარდი''...

მართლაც,  ''ძნელია ზიდვა საქართველოსი!''

ალ. ჭავჭავაძეს კი ასე მიმართავს - ''მწარ დროს ცხოვრობდი, ქვა გაკაფინეს.''   ერთ ლექსში  საოცარი თქმაა დიდ წინაპრებზე - ''მამამთავრებო, შუქის კაცებო!''    რუსთაველზე  კი როგორი შესიტყვებაა- ''თავის დიდების სიმარტოვეთი''... ბარათაშვილზე ხომ  მთელ ეპოქას ათვალსაჩინოებს - ''შენს დაბმულ ქროლას, დაბორკილებულს და შენს დალურსმულ გამოჭენებას,''- ამას ვემთხვევიო...

ლექსი ''არწივებიც''  რაოდენ სიმბოლურია -

''სიმაღლე უყვართ არწივებს! 

შუა გაჰკვეთენ განწირვით,

ვინც მის გზას დაუქარწვიმებს!''

ფასდაუდებელი სტრიქონებია! თუნდაც საქართველოზე - ''ვეფხვი  ვინა სთქვა მტირალი, თვალზე ცრემლჩამოდენილი!'

თავადაა - ''ქართლის ცხოვრების'' ძველი საყვირი''... ''უკვდავება დაივალეთო'', არვის ივიწყებს. უამრავ სახე-ხატებას, სურათ-ხატს შეფარებია დაუბნეველი  პოეტის სული დანბეულ დროში. ''ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე'' - როგორ შესძახებს საკუთარ თავს; ეს დიდი უნარია, სიყვარულის ქომაგობაა!

კითხულობ განცდით და გულს ესალბუნება გულძარღვიანი  ფრაზები!

ჰუსარებზეც კი სიცოცხლის ჟინით გავსებს არაჩვეულებრივი სიტყვები -

ჩხარი. ჩქაფანი. აქარება გულარდაშარი.

ღია მზვარიდან აზავთული თვალი დურაჯის.

თქვენთან ჯირითში გაიხარებს თეიმურაზი.

და სააკაძე გაჟრიალებთ, როგორც ყაჟირი...

ჟანგიან თასებს ავარვარებს ვერცხლის მურაზი.

გიცდით ქალები ხაბარდებში ჟღალი მურასით.

გათრობთ შაბაში:  ვინ იქნება მათი ვაზირი.

გოგლა იგონებს მათ, ვინც  -''მუდამ იბრძოდა მზისათვის, როგორც მზის ვაჟკაცს შეჰფერის''.  მზის ვაჟკაცებით სავსე ქვეყანა მოაქვს ლექსებით, სიტყვაწნულით,  ფრთიანფრაზებით! ოსტატი, ხუროთმოძღვარი, გადამწერი ეტრატისა  - უკლებლივ არავინ გამორჩენია მის  გულისყურს და სიტყვათჩუქურთმას:

ქვის არშიები გვაკვირვებს, 

ვაზიდან გათლილი კარი,

ვეფხვი მტევნებში, ფასკუნჯი, 

ნუკრდახატული ფიქალი...

ჯადო მარჯვენა ჰქონიათ,  ბედი კი - დაუნდობელი,

ჰქმნიდნენ, გვარსაც კი არ სწერდნენ -

გულში ცეცხლჩაუქრობელნი!..

გამორჩეულია ერთი ლექსის  - (''ბევრჯერ მოვწურავთ მწიფე ბროწეულს'' დასასრული:

ბევრჯერ ვიმღერებთ, კიდევ, რაც გვახსოვს,

რაც სიცოცხლეში გულმა მოძებნა;

და შევინახავთ მარგალიტნაქსოვ

თამარის კაბას დაუძონძებლად...

ამიტომაცაა ერთგან  ასეთი ოქროვანი ფრაზაც - ''მე არ ვოცნებობ ოქროს ხანაზე,  ის ოქრო ჩემში დარჩენილია!''

 ''მომე მზიური მედროშეობა!'' - ესეც ბუნებრივი განაცხადია და სურვილი.

სახელოვან პოეტებს (გურამიშვილს, ვაჟას), ასე მიმართავს - ''თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ... დიდი გქონიათ მანძილი''...  თვითონაც მათი თანაბარი კაცია, ამ ''სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის.''  სიცოცხლის ერთი დიდი ფეთქვის ნაწილია თავადაც. სულით დაპურებულ კაცის მადლსაც ხომ  ვერაფერი ედრება!

 ''მე სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავი და მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები''- ესეც მისეული სხვა გზნება!

   უჩვეულოა  ლამაზი გადაძახილ -შეხმიანებაც  აწ  დამცრობილ დროში, რათა კიდევ  უფრო არ გაფერმკრთალდეს ის, რაიც  ფასეული  და ღირსების თანმდევია:

და ერთი გრგვინავს ძახილი გულში:

- ჰეი, ვეფხვებო!

- ჰეი, არწივნო!

თუ ჩვენ სიყვარულს ვიყოფდით გუშინ,

დღეს ვაჟკაცობა გავინაწილოთ...''

რომელი ერთი შეიძლება გამოარჩიო, დიდია სიტყვის ხიბლი, ამ სიტყვის მადლი და წონა...''ჩემი სამშობლო როგორ კვნესოდა, ―. ლომის ძახილი  მეყურებოდა.'' ანდაც,- ''თავისუფლების მებრძოლი - რკინაა აუღებელი!''  ესაა განუმეორებელი  ქვეყანა განუმეორებელი ადამიანებით.

 ყველაფერი ერთიანად მეტყველი, ერთი სუნთქვით შეკრულა, - ''შეხედე მთებზე სწერია: არ გადვიტაროთ მტერია!'

 ''ვარდსაც და თაფლსაც, და პურის მადლსაც მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა''  (საბაზე)...  საოცარი ამბებია მოტანილი ლექსად, თუნდაც დედაზე...

მართლაცდა, სიყვარულის მეხარკე თითქოსდა ყველას მიმართავს- ''მე შენთვის ღამე. გავასისხამე,. შენთვის ვყინავდი ცრემლების ბროლსა!''                     სიყვარული ხომ მსხვერპლისუნარიანთა დიდი თვისებაა, ამიტომაცაა ზოგჯერ ადამიანიც - '''როგორც ფარვანა სანთელს შეხლილი, როგორც ფრინველი ფრთაშეტეხილი.''

ასეთი შესიტყვებაც გვხვდება მასთან - ''შენ ხარ გულხე, - მე გულქარი!'' გულიდან მონაბერი გულის ამბები კი საამოა...

 ''აზრი, სიმღერა, გულის ოცნება, უნდა ავიღოთ დღეს იერიშით'' -  (ლექსი ''მოწოდება''), ამგვარია  თავგამეტება  და  ილიასი არ იყოს - ''გულთაძვრა''... მოწოდებაც  ესაა:

გეყოთ! აეშვით ვით ამირანი,

აიმჩქეფარეთ, დაიდანდგარეთ...

დაკურთხებული ძველი მირონით,

შოთას შვილებო, გავიდეთ გარეთ!

საგულისხმოა გოგლას პოეტური კრედო -

გახელებული ხარი ვარ,

გეშს ვიღებ ნიავქარზედა,

მაჩვენეთ ჩემი ოცნება,

 რქა  ზედ მივაფშვნა რქაზედა!

სულ მივამტვრიო, მივლეწო,  

გულში რაც გადაირაზა.

 გავიხსენოთ, მისეული  ქართველი კაცის სახეც, უბრალო გლეხისა  -

''გულში ვარდი  სულ უყვავის,  შეთაფლული სიტყვა იცის.

 თუ  პურის მადლს დაიფიცებს,  ეს იქნება მტკიცე ფიცი''...

-''კაციც უნდა ტკბილი იყოს, ვით სიტკბოთი სავსე ვაზი.''

ანდაც, ხალიჩის მქსოველ დედაკაცზე  სითბოთი  თქმული:

მე ოქროს ძაფის ვიყავ მნასკვავი

ხალიჩის მქსოვი ვარდების კვალით...

ყველა ვარსკვლავი, ყველა ბაღები,

ყველა ვარდები ზედ დავაქსოვე!

ახ, ნაქსოვარო, გულსახსოვარო,

ახალგაზრდობა რომ გინაწილე,

გამინაწილე დღეს შენი ფერი...

ასეთ უმშვენიერეს პორტრეტებს  ძერწავს იგი და თავადვე  ცხოვრობს  ღვთიურ ფერებშიც... მხატვარივით არჩევს ფერებს, ფერთა გამას და  ორწოხებიდან   ამოჰყავს განთიადი. ამადაც ამბობს, - ''დავხარჯე გულის ზოდები.''

უწყის, რომ არასდროს შეიმღვრევა, არ დაბინდდება ''გულის ლაჟვარდი.''  კაცსაც შვენის გულის სათნოება, რომ - ''ვარდისფერ ფიქრით ტოკავდეს გული.''                     საშიშია  ''გულხე'' ამადაც!

ისევ ქართველ ქალზე - საინტერესო მიძღვნა:

შენ ახალწლისთვის ბავშვებს უცხობდი

პურის ხმლებს, შუბებს და მშვილდ-ისა

რსა,

რათა ყოველწლივ დაჰკვებებოდა

გმირობა შენით ნასინდისარსა!..

რუსთველის დედავ, გმირების დედავ,

თავისუფლების ვეფხვთა დედაო!

რამდენი რამ იკითხება, რა სადაგი დღეები ამ თბილ სტრიქონთა შორის. ეს მიმართვა სადიდებელია ქართველი ქალისა...

 კვლავდაკვლავ, ეხმიანება ქართულ ორნამენტს, ხუროძმოძღვართ, დიდოსტატებს, მესიტყვეთ, მათ, ვინც ''დღეს უკვდავების ალამდარია!'' -

იქ ვინ აზიდა ქვაკუთხედები,

 სადაც არც კი ჩანს ნაბილიკარი,

იქ ვინ დაჰკიდა კამარედები,  

ერთი ვაზიდან გათლილი კარი?

ვინ გამოჰკვეთა ნუკრი მწოვარი, 

მტევნები, მტრედი გამომფრინალი,

ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი მწოლარი,

 ჩასაფრებული, როგორც ფირალი!..

...................................

მთაზე რომ ელვა იკლაკნებოდა,  

იქნებ იმ ელვით იმ ლექსებს სწერდით?

რამდენი  მოდგმის ხართ საჩუქარი...

ვის თითებშუა ჰყვაოდა ვარდი; 

ვინც დაიხია მღერით საყელო

და   ჩამოზიდა მიწად ლაჟვარდი..''

   იგი მართლაც, რომ შეფიცულია წარსულთან, კერასთან, ადამიანურ პატიოსნებასთან, წმინდა მოგონებებთან...

მე მახსოვს დედის თავშალი, 

ზედ ქვეყნის გული ეხატა,

იმ გულს ვდარაჯობ ჯავშანით,

 სიტყვა გავხადე ვეფხვადა!

გულშიჩამწვდომია  სამშობლოს სანახები, მისი სურნელი...

ვეფხვის ნაწილო,  ივრის ჭალებო,  

ბეღელში ყრილო პურო ზღვიანო,

მთებო, შირაქის ერბოდ პოხილო, 

მზევ, ლეშტერებად შესაგუბარო.

 როგორ უნდა ელაპარაკო მთას, არწივს, ჭალებს, მდინარეს, ცოცხალს, გარდაცვლილს,  მზეს, ნუშნარას - თეთრგულად შეთვისებულს,  მტევნებს,  - სიყვარულის საგალობლებია ეს პოეზია, სიცოცხლის სიმღერაა. სიყვარულის მუხტითაა დამუხტული და მოტანილი გაშლილი გულით. ამ დიდი  სიყვარულის ენერგიითაც გავსებს.  მთლიანად გული ეფინება  ქვეყნიერებას. თითოეული ფრაზა როგორ გრძნობამორევითაა და  გულის სისათუთით  შერჩეული. ''ოლე''- მარტოხეზე, სიცოცხლით დატვირთული ლექსია;  ხესაც კი შეუძლია უწოდოს ხეთა წინამძღოლი.  ყველაფერს თავისი დიდი ღირებულება გააჩნია მასთან,  ყოველივე ''მზეჩაცმულია''... რაოდენ ალერსითაა თქმული შემოდგომაზეც  კი -

''რა მწუხარეა და რა ოცნებით ოქროს ფოთლები მტვერში რეული...

ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,  წვიმა-ტალახში შემოთრეული.''

თვით უმძაფრეს განცდებსაც მსუბუქად გვაწვდის, დაუღლელად, წარუშლელად -

''აბურდულია წვიმის ფაფარი და ყველა სკამი ბაღში სველია,

თითქოს არ არი არსად საფარი  და აღარც ვინმე მოსასვლელია..

ეს შემოდგომა შემოთრეული  რა მწუხარე და რა შიშველია...

მზე იბჟუტება რქამომტვრეული,

სარკმლიდან მოსწვიმს... სულიც სველია...''

     

ანდა, შაორს როგორ მიმართავს - ''დაგიგვიანე შაირი, ნუ გეგონება ღალატი.''

მართლაც, რომ სიტყვაკაზმული პოეზია, ქართული სიტყვის მადლით გამთბარი...

სიმბოლო, მეტაფორა, ეპითეტი ხომ უამრავია - ''ვარდისფერ ნაბადს ისხამს ზეცა გაფითრებული''...  ''ეს თოვლია, თუ მიმინომ დააფეთა მტრედები?''  ხოლო,  სიმდიდრე ხვავ-ბარაქიანობა  ჩვენი მიწის, ფერადოვანი სამყარო ამგვარად  იშვიათად თუ წარმოუდგენია ვინმეს. განსხვავებული,  სხვა თბილი სამყარო საქართველოისა გადმოსცა,  ეს კოლორიტი, ეს მშობლიური გზნება.                                 მართლაც ეთქმის - ''სამშობლოს კოცნა მოგართვი, სამშობლოს სიტკბო ყოველი.''     

    ''უძმოდ, უმოყვროდ მე ვარ ავადა''- ესეც მწერლისეული კრედო და პოზიციაა. მეგობრობაზე, სულისდგმაზე  კი საგანგებოდ დაუწერია გაუხამებელი კანონი - ''დატკბი, იხარე, ძმად შემიყვარე, გულზე მომები და ლუკმა-პურზე ცოტა მარილი შემომიყარე''... უნაზესი სამყარო იშლება თვალწინ;  ''შენ მთვარის  ფეშქაში ხარ და ყვავილთა სამოსი'' - (ლელის - ქალისადმი).  შელაღობებაცაა - ''მაშ, ალაზნის ველი არ ხარ, მხოლოდ ოდნავ შენიღბული?'' - (ასე გოგოს  მიმართავს).  ყველაფერში დიდი მოწიწებაა და თაყვანისცემა იხატება...

       ''არ მინდა სირჩა სხვისი ნასვამი'' - სხვისი წილი არაფერი ღირს, მხოლოდ საკუთარი, შენეული, შენივ გულწიდებულია ღირებული!

'მე მირჩევნია საუკუნეებს საათის ერთი დაბღაუჭება!'' - ასეთია სწორი დროის მეისრეობაც.

''მე გულით გულზე დაგეკარ,  მე შენ არ დაგეცალები!''- სამშობლოზე თქმული  ფრთიანი ფრაზა.

გავხარებულვარ მზით დაპურებულ სივრცეში,

სადაც თვლემენ ვარდები,

მხოლოდ ბავშვობის არდაბრუნებულ.

ქაღალდის ნავზე დავიდარდები...

...ვსდევ ყრმობის ირმებს კვალის-კვალათა...

შენ ხარ პირველი იის კალათა!

    მგრძნობიარე სტრიქონებითაა გადმოცემული მყუდროება, იდილია პატარძლეულისა, ''იების ლურჯი ფერ-წყალი''...  მერე კი, ''იამორეულს, ნიამორეულს, შემოურგვალა რომელ გრიგალმა? '' - რამ შეცვალა  ყრმობის ხილვები; ეს  გულში გადანახული სამყაროა;  ''იების მოსვლას თვალი ელოდა''... ''ბევრჯერ მზე ჩავა დაჭრილ ირემად და ოქროს ხოხბად ამოფრინდება''... უსასრულოდ შეიძლება  გოგლაზე საუბარი, რომლის ბადალი გულმზიანი პოეტი ცოტა თუ გვეგულება - ყრმობის სიზმრებგადანახული. მისი პოეზია კი მართლაც გვაზიარებს  ''ყრმობის განთიადს,''  თვალშეუდგამ სილამაზეს. ''ირმის ნახტომებს ვემარტოებიო'' - მასავით ხომ ვერვინ იტყვის და ვერც იგრძნობს ესოდენ. დროებაზე საყვედურიც რაღა გასაკვირია, - ''რომ არ მომეცი მე მყუდროება,  არც წყალი  მასვი მე გემო წმინდა''... 

     მან, მართლაც, რომ ''ასწია ლექსის მოქალაქობა''...

''დაჩოქილი საქართველო არ იქნება არასოდეს!'' - დიდი მრწამსი!

''ქართლის მზემ შუქი დამწერა, არ გავყიდულვარ ვერცხლითა;

პატარა ნაპერწკალი ვარ  სამშობლოს დიდი ცეცხლისა...''

''შენი თაფლი და მარილი მზრდიდა'' - (საქართველოზე)...

მართლაცდა, - ''საქართველოს სილამაზეს, მოდი და გაუძელი''.

და ამ სილამაზის, ამ სიყვარულის ვერგაძლებიდან მოდის მისი სიტყვაც, მისი პოეზიაც, მისი ომახიანი თქმა.

ეს როტორიკული შეკითხვაც ბუნებრივია:  - ''სად იწყება დასაბამი, დასასრული სად თავდება?''

ეს, მასაც შეეკითხება მომავალი - ''საით წახველი... ცათა ბროლს იქით? ცათა ბროლს იქით?''

ბედნიერია, ვისაც ასე ლაღად ძალუძს ამოიძახოს -

ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,

ჯერ შუადღე მაქვს არ - დალეული.

   მართლაც, ეს ლექსებში  გულის ნაწურია, ნაკადი და მისი გულწრფელი შეძახილითაც  დავასრულებ  - ''გული მაქვს გულთან დაჯახებული.'' გულის მსახური პოეტი - ასე ვუწოდებდი ყოველივეს ლაღად მტვირთველს,   სიყვარულით დაუღლელ ვაჟკაცს...

 

2018 წ. გიორგობისთვე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq