 | ივანე ჭეიშვილი | „ძველ ბარათებს მივაკვლიე უჯრის გადამალულ, გამბალ გულში. საოცარი სუნთქვით სუნთქავდნენ და წარსულის ჭრელ კენჭებზე დაცურავდნენ, მოგონებების მძაფრი სურნელით. ცოცხლები იყვნენ, როგორც ბაბუაჩემის ფრონტის ფოტოები და მელოდიები“. (იაკი კაბე)...
გურიაში ჩემი ყურადღება მიიპყრო ძველთაძველმა პატარა სკივრებმა და „შკატულკებმა“. რომლებსაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. კაცმა არ იცის, რა დროიდან მოყოლებული ინახება ეს „სუნდუჩოკები“ ამ ოჯახებში და ინახავს ძველ, ჩაყვითლებულ, უკვე დანესტიანებულ გაცრეცილ და დროისგან შელახულ ფურცლებს..იმ ძველი, გარდასული ადამიანების ფიქრებსა და გაუმხელელ გრძნობებს...რომელთაც დღის სინათლე ვერ ეღირსათ....გურულებს მეტისმეტად მოძალებული აქვთ წერის სურვილი და ნიჭი.... თავიანთი ფიქრისა და სათქმელის ქაღალდისთვის განდობის დაუოკებელი ჟინი, რასაც უთუოდ თან ახლავს მოკრძალებული იმედი, რომ ვიღაც როდესღაც მათი ნაფიქრით დაინტერესდება. წერაც ხომ შიშია, საკუთარი თავის ვერთქმის შიში...ერთი მწერლის სიტყვებით: „დღიურების წერა ბავშვობა კი არაა, ესაა ბააასი საკუთარ თავთან, ბაასი იმ ჭეშმარიტ ღვთაებრივ მესთან, რომელიც ყველა ადამიანში ცოცხლობს.“ რა მოხდა მერე, რომ ყველა გენიალურად ვერ ახერხებს საკუთარი სათქმელის გამოხატვას, მაგრამ, რაც მთავარია, ზღაპრული ჯინივით, „ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის“ (ნოდარ დუმბაძე). ახლა ვფიქრობ, ამ დალოცვილმა ფეისბუქმა რამდენი ადამიანის „სუნდუჩოკს“ წამოხადა თავი და გამოამზეურა მარგალიტები..რამდენი ჯინი გაანთავისუფლა ბოთლიდან და რამდენის მადლი მოისხა მოგეხსენებათ, მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, არც სოციალური ქსელები და „ინბოქსის“ ყუთები, სამაგიეროდ იყო სამკუთხა კონვერტებში მომწყვდეული წერილები. ნამდვილი წერილები. სწორედ ისეთი, რომელზედაც ნოვალისი ამბობდა: „ნამდვილი წერილი თავისი ბუნებით პოეტურიაო“...
მეორე მსოფლიო ომში ლანჩხუთის რაიონიდან გაწვეული იქნა 8200 ადამიანი, აქედან 3500 დაიღუპა, ხოლო 7 ლანჩხუთელ მეომარს გმირის წოდება მიანიჭეს: ნიკოლოზ გოგიჩაიშვილს, დავით თავაძეს, ალექსანდრე სულაბერიძეს, ელისე ტუღუშს, ნოე ურუშაძეს, ვლადიმერ და სერგო ჩხაიძეებს. მამაკაცების გვერდით 100-მდე ლანჩხუთელი ქალი იბრძოდა და ბევრი მათგანი უკან აღარ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიდან ლანჩხუთში დღეს ცოტანი დარჩნენ და ისინი მომავალ თაობებს უნახავენ მათი თანამებრძოლების გმირობის ისტორიებს. ომის ქარტეხილმა და „ხანმა უნდობარმა“ სოფელი გაგურიც ქვრივი და უკაცო ოჯახების სოფლად გადააქცია. 50 კომლ ოჯახში 20 შინმოუსვლელი იყო, მაგრამ აქაური ქალები მედგრად იდგნენ და მთელი თავიანთი ძალებით ცდილობდნენ უმამობა არ ეგრძნობინებინათ თავიანთი ობლებისთვის. პატიოსანი შრომითა და წვა-დაგვით ირჩენდნენ თავს და უვლიდნენ ოჯახს. არ გაუპარტახებიათ კარ-მიდამო, მათი ძალისხმევით არ დაძველებულა მათი სახლი, ჟანგისგან არ გაწითლებულა სახურავი. არ დამპალა და არ ჩანგრეულა. არ აღგვილა პირისგან მიწისა. ახალგაზრდობაშივე დაქვრივებულები, მთელი ცხოვრება ელოდნენ ომში წასულ და დაკარგულ მეუღლეებს... ჩუმად, უდრტვინველად...და ეს მათი სიჩუმე და უდრტვინველობა გარშემო ყველაზე გადამდებად მოქმედებდა. ეს ქალები თავიანთი ცხოვრებით ამტკიცებდნენ, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და ოჯახის სამსახურია. და რომ არ არსებობს ქალისათვის ამაზე უფრო ღირებული სამსხვერპლო და საკურთხეველი, ოღონდ თვითონ, თავიანთი თავები მსხვერპლად სულაც არ მიაჩნდათ. მართლაც, საკვირველია, როგორი თაობა იყო, როგორ არასდროს გაიხედავდნენ თავიანთი კაცების (ხშირად, გარიგებით, ალალბედზე შეხვედრილი საბედოების) იქით...მათ მართლაც სწამდათ ამ სიტყვებში გამოხატული ჭეშმარიტება: „თავის გულს ორჯერ ვერავინ ვერ გაიღებს სრულად. რადგანაც გული, რომელიც ერთხელ ვინმეს მიეძღვნა, მეორედ სრული ვეღარასდროს ვეღარ იქნება!“ (ნიზარ კაბანი). მათ გრძნობების დიდი კალორიები ჰქონდათ და ამიტომაც ამქვეყნად ყველაზე ტკბილი მოფერება ბავშვებისადმი სწორედ ასეთმა ქალებმა იცოდნენ. ამიტომ იყო, რომ „უფროსი“ ქალის ბრძნული რჩევას წყნარად ისმენდნენ უმცროსები, მათ გამოჩენაზე ფეხზეც დგებოდნენ ხოლმე და ზედმეტ ლაპარაკს ანუ ბრტყელ-სიტყვაობას ერიდებოდნენ, ამით ცდილობდნენ ღრმა პატივისცემა და მორიდება გამოეხატათ მათ მიმართ. „- ბიჭი მომიკვდა, ბიჭი! - თოფს დააჭექებს იმქვეყნად მამა.“ (ზაზა ბიბილაშვილი). რამდენმა ასეთმა თოფმა დაიჭექა ამ პატარა სოფელში. რამდენი ახლაგაზრდა, ჯერაც უწვერული ჭაბუკი წაიყვანა ბრმა სიკვდილმა. რადგან სწორედაც რომ, ბრმაა სიკვდილი...„თვალახელილი რომ იყოს, ჯალათი იქნებოდა.“ (ბესიკ ხარანაული). თიბათვეში გამოცხადდა მობილიზება. ცეცხლის კიდების თვეში, როცა თავთავები ჩუმად შრიალებდნენ. მზის სხივები მოლივლივე ჰაერში იჭრებოდნენ, სინათლის გრძელი ზოლები აალებდნენ ბალახსა და სიმინდის ღეროებს, ტანსაცმელი ტანზე ადნებოდათ, ნიავი ელამუნებოდათ შუბლზე. ბევრი მინდორი გადაუშავებიათ, დაუხნავთ. პატიოსანი, ნამუსიანი და თავმოსაწონებელი „შრომის ომი“ დამთავრდა და დაიწყო „სისხლის ომი“. ახლა იქ უნდა გამოეჩინათ გულადობა და ვაჟკაცობა. გაუყვნენ ომის ძნელ გზას, სიცოცხლის სიჭარბით აღსავსე მოცინარი თვალებით. ახალგაზრდული სისხლი უჩქეფდათ და სიყვარულის უძლეველობის რწმენა ამოძრავებდათ. ამ დგილების არაამქვეყნიური რუდუნებით აღსავსე სიჩუმის, თეთრი ღრუბლებივით ტყემლის ხეების შრიალისა და მზის სხივებით ალაპლაპებული მდინარის ჩუხჩუხის ხმა ედგათ ყურებში, სიცოცხლის ბოლომდე. კვიპაროსების მწვანე გუმბათების მზერა მიაცილებდათ. ამ ომში, როგორც ომის წესია, ბევრი დაეცა. დახოცილები ბრძოლის ველზე რჩებოდნენ. ერთად ყრიდნენ სამარეში. მიცვალებულებს თურმე თავთით ეწყოთ ბარათები.
ომმა მოიტანა წერილების დიდი ლაშქრობა. „აღარც მთვარე აგონდებოდა ვინმეს, აღარც გადამფრენი ფრინველი.“ სამკუთხა წერილები გაფრენილ ჩიტებს ჰგავდნენ, რომლებიც თავიანთ სათქმელს მარტო ასოებით როდი ამბობდნენ, არამედ სუნით, ხელის შეხებითაც შეიძლებოდა მათი წაკითხვა. რაღას არ ამბობდნენ ეს ისტორიული წერილები, რადგანაც ისინი, ისევე როგორც ფოტოები, ისტორიას ყველაზე კარგად ინახავენ „ღვინოსავით, რომელიც რაც უფრო ძველდება, მით უფრო ემატება ხიბლი, ხარისხი..“ ისტორიის კანქვეშ ქვეყნის სისხლძარღვები იმალება...ამ სამკუთხა კონვერტების ქვეშ კი ფიქრი, გრძნობა და განშორების დიდი ნაღველი.
მაგალითად, იყო ასეთი, ერთი შეხედვით, ბანალური წერილები, რომელთაც ინტერნეტში წავაწყდი. ამჟამად ისინი დაცულია ეროვნულ არქივში. აი, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლეონტი შარვაძის წერილი ფრონტიდან „ქ. ტყიბული სად. ხრესილი გურნის ფოსტა. სოფ. სოჩხეთი. შურა პლატონის ასულ შარვაძეს 1.XII.42 სალამი ძვირფასო დედა და მამა მშობლებო, გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგათ ყოფნას. იყავით სულ მედგრათ. მომიკითხეთ ნახვის ნატვრით და შორიდან კოცნით შუშანა, ანგელინა, ჟუჟუნა და გრიშა. ჟორჟიკას ამბავი შემომითვალეთ, ჯარში წაიყვანეს თუ არა. თუ წაიყვანეს, სად და წერილი თუ მოდის. მომიკითხე მასტრედია და კაკოს ამბავი შემომითვალეთ. მომიკითხე ყველა მეზობლები ნახვის ნატვრით. მომიკითხეთ შურა და ჩემი პატარა ბარტყები. პატივცემულო მშობლებო კი მართალია მე გამზარდეთ და ეხლა ჩემი შვილებიც თქვენ შეგექნათ მოსავლელათ, მაგრამ გულით და სულით უმორჩილესად გთხოვთ, მოუარეთ ჩემს ბავშვებს. კი ვიცი ცოტა ვიწროობა გექნებათ, მაგრამ მაინც მოუარეთ. ისე, დედა, წერილებს ვაგზავნი და მიიღეთ თუ არა, არ ვიცი. მე ჯერ წერილი არ მიმიღია და ვკვდები ჯავრით. რა ვიცი რა მოგივიდათ. დედა, წერილები ბევრი გამომიგზავნეთ, იქნებ მივიღო. ახლა ამ წერილს ვატნევ 46 წლის ლაჭვერებს, რომლებიც გაანთავისუფლეს და ვთხოვ გამოვლას თქვენთან, მაგრამ გამოივლიან თუ არა, არ ვიცი და წერილს ან ქუთაისიდან გამოგიგზავნიან ან ვინმეს გამოატნევენ. ისე ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, კარგად ვარ. ხორცი ბევრი გვაქვს და საჭმელი. ვიმყოფები კავკასიონის მთებში ფრონტზე. ისე, 14 სექტემბერს მოთოვა და ეხლა ძალიან დიდი თოვლია. ლეონტი“. ლეონტი შარვაძე 1943 წლის დეკემბერში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ წერილებს სულმოუთქმელად ელოდებოდნენ მათი ადრესატები. თითოეულ სიტყვას ელოლიავებოდნენ, თვალებით და თითებით ეფერებოდნენ, დიდხანს აკვირდებოდნენ ასოებს, თითს აყოლებდნენ, ცრემლების ღვრით ჩასჩერებოდნენ. იმდენჯერ წაიკითხავდნენ, სანამ ზეპირად არ ისწავლიდნენ. მუსიკასავით ჩაესმოდათ. მერე ხდებოდა ამ წერილების საჯაროდ წაკითხვა... რადგან სურდათ სხვებიც მოზიარე გაეხადათ თავიანთი გულისფანცქალის. თუმცა ისიც კარგად მოეხსენებოდათ, რომ პირველად თავად უნდა წაეკითხათ მათ სახელზე გამოგზავნილი წერილი, რადგან „სხვის წაკითხულს რომ ისმენ, ნახევარი გემო ეკარგება წერილს. რომელსაც განმარტოება და გულის ფანცქალი უყვარს“. თითო წერილი თითო ამბავია და ის არ მთავრდება. დიდი ხნის წინ დავიწყებული მოგონებების ამშლელი. ამ მოგონებების ძაფებზე სრიალი მთელი რიტუალია. იდუმალებით გაჟღენთილი მსუბუქი სიჩუმე ბადებს ამბებს, რომელთაც ისე გრძნობ, როგორც ახლადმომხდარს და საცნაური ხდება უხმო კავშირის ძალმოსილება. თითო წერილი თითო ამბავია, რომელიც გაბრუნებს წარსულთან, იმასთან, რაც უკან დარჩა და რაც არ გინდა, რომ გაქრეს. ამიტომაც აქვთ ამ კონვერტებს განუზომელი წონა. გოლი თარაყის სიტყვებით: „მთელი ამ ხნისა და გზის მანძილზე, როგორც საამო ბედისწერის ტვირთს, ისე ატარებდა იმ პატარა კონვერტის წონას. სახლში ბრუნდებოდა, კვლავ არ ჩქარობდა. ხელს დაიბანდა, ფეხსაცმელს გაიხდიდა, ტანსაცმელს გამოიცვლიდა, ოთახს მიალაგებდა, მტვერს გადაწმენდდა და ფანჯარასთან, სკამზე, მოკალათდებოდა.სიგარეტს მოუკიდებდა, წყალს მოსვამდა და მერე ნელა და წყნარად, წმიდა ლოცვასავით ამოაძვრენდა ჯიბიდან სურნელოვან ხელნაწერს. ტრფობის ღელვით ათვალიერებდა. ყოველ გადასმულ ხაზს, მელნის ლაქასა და ზედმეტ კბილანს მისთვის ათასგვარი დატვირთვა ჰქონდა. ზოგიერთ ადგილს არ კითხულობდა, ღამისთვის იტოვებდა, ძილის წინ წასაკითხად, ანდა- დილისთ
 | ვახტანგ თოხაძე | ვის, როგორც გემრიელ ლუკმას იტოვებენ ხოლმე თეფშზე ბოლოს შესაჭმელად. სიტყვებს პირში ინახავდა, ენის ქვეშ აბრუნებდა, თვალს მილულავდა და ელოდა, როდის დაილექებოდა სულში ბგერათა გემო. მერე თავიდან კითხულობდა. ფრაზებს იტკბობდა, წერტილებს გემოს უსინჯავდა, ისრუტავდა და სიტყვების ნაჟურს სიცოცხლის ელექსირივით წვეთ-წვეთად ყლაპავდა. “ („ბატონი ალეფის უცნაური ჩვევები უცხოეთში“).
ამ „შკატულკებში“ რელიქვიად შენახული წერილებიდან შეიძლება აკინძო გარდასული ისტორიები, წარმოიდგინო და თავადაც ამ ყველაფრის მონაწილე გახდე.
წერილების გარდა იყო დეპეშები, ფოსტალიონებს ხელებს რომ უწვავდათ. ამ დროს, სოფელში, ღამით, არაერთხელ დაუნახავთ, ცას როგორ მოსწყვეტია ვარსკვლავი და სადღაც წყვდიადში გაუჩინარებულა.. გაელვებულა ფიქრი: „უფალო, ალბათ, შენი რისხვა გვიახლოვდება, მაშ, ვარსკვლავები რად ქრებიან ჩვენი ღამიდან?!.“ (რილკე). ბევრი ვარსკვლავი გაქრა ამ სოფლის ცის თავანზეც. განა ასე ადვილია გამოჩნდეს მიზეზი, რის გამოც სიცოცხლეზე ხელის აღება ღირს? კაცმა არ იცის, რომელი სიტყვა იყო მათთვის უკანასკნელი.
შვილები დატოვო და სამშობლოს დასაცავად წახვიდე, მართლა საოცარი ძალაა ეს, რაღაც ზებუნებრივი. ბევრ შვილს ცოცხალი მამა არ უნახავს. ზოგის აზრით, ეს განწირული ადამიანები იყვნენ „საზარბაზნე ხორცი“, „უაზრო მსხვერპლი“, „ფუჭად ჩამწვარი სანთლები“, შესაძლოა შედარება უადგილო იყოს, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული მეც სულ მესმის ეს სიტყვები და შეფასებები. მაგრამ ასე არ არის. ეს ადამიანები გმირები იყვნენ!.სიმართლე გითხრათ, მე ზოგიერთი ადამიანი ამ ცხოვრებისთვის უფრო მეცოდება. თავისი სისუფთავით, პრინციპებით იმდენად ცოდოა ქრისტიანული სული ამ უხეში წუთისოფლის ხახაში..იმდენად სათუთია...ამიტომაც ჰქვია ქრისტიანობაში სიკვდილს „აღსრულება“...სრულდება ხეტიალი და ბრძოლა ამა სოფლის, „დასანთქმელად აღძრულ ზღვაში“ და ადამიანი უბრუნდება თავის ნამდვილ სახლს და სამშობლოს..(ერთადერთ საიმედო ნაპირს)....რადგან სახლი ისედაც აქ არსად არის.(„არა გვაქვს ჩვენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ - პავლენი).....დიახაც, „სისხლისფერია თავისუფლება“ და ყველა დიდი და ნამდვილი ღირებულება ტანჯვისფერია ამქვეყნად..... ღმერთმა შეიწიროს ამ ლამაზი ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლი და სისხლი.. ყველაზე ამაღლებულ და წმინდა საკურთხეველზე შეწირული. სოფელ გაგურიდანაც ბევრი ვაჟკაცი გაუყვა ომის ქარტეხილიან გზას. ბევრის ძვლები ჩაიყარა ქერჩში. დარდსა და ტკივილში განიბანა სოფელი. გაგურიდან მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღეს: 1) ლადიკო პინაიშვილმა (1903-1943); 2) კარლო პინაიშვილმა (1906-1943); 3) აპოლონ თოხაძემ (1902- 1943); 4) ილიკო პინაიშვილმა (1902-2001); 5) დათიკო მგელაძემ (1939 წელს დაიკარგა სსსრ-ფინეთის ომში); 6) გრიშა ტუღუშმა (შინმოუსვლელი); 7) გოგი თოხაძემ (შინმოუსვლელი); 8) პანტელეიომონ ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 9) დამიანე მგელაძემ (შინმოუსვლელი); 10) ივანე ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 11) ალექსანდრე ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 12) ვასო ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 13) ვარდენ ცინცაძემ (შინმოუსვლელი); 14) ფილიმონ ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 15) ლადო ტუღუშმა (შინმოუსვლელი); 16) ვალოდია ტუღუშმა (შინმოუსვლელი); 17) ავთანდილ ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 18) გრიშა ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 19) ვალიკო ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 20) კაკო ჭეიშვილმა (შინმოუსვლელი); 21) სევერიან ჭეიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 22) კოდრათე ცოცხალაიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 23) სერგო ხინიკაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 24) ვახტანგ შალიკაშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 25) ვარდენ ჭეიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 26) ვახტანგ ჭეიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 27) დავით ბურჭულაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 28) ვასო თედიაშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 29) ვასო თიგიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 30) ხუტა მჟავანაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 31) ილია ნაცვალაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 32) სიმონ ნაცვალაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 33) ვახტანგ თოხაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 34) ეკატერინე თოხაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 35) პეტრე ჭეიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 36) მიშა ჭეიშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 37) კუკური შალიკაშვილმა (ცოცხალი დაბრუნდა); 38) შალვა ჭარმაკაძემ (ცოცხალი დაბრუნდა); 39) პროკოფი ორაგველიძემ (ცოცხალი დაბრუნდა).
გაგურის მკვიდრი იასონ პინაიშვილი იგონებს: „ომის მონაწილე ილიკო პინაიშვილი ტყვედ ნამყოფი კაცი იყო და გადაასახლეს შუა აზიაში, ვოზდოკში, სადაც ჩააკითხეს ცოლმა და დამ. ჩაუტანეს ერთი ფუთი მოხალული ჭადის ფქვილი. ისეთი დასუსტებული იყო, რომ მოიკიდა თუ არა ზურგზე ეს ტვირთი, ვერ ზიდა და წაიქცა. მაგრამ რაღაცნაირად თავი მაინც გაიტანა. გადასახლებიდან დაბრუნების მერე კიდევ 50 წელი იცხოვრა. 102 წლის გარდაიცვალა... სამი შვილი დარჩა.
გრიშა ტუღუში შინმოუსვლელი იყო ამ სოფლიდან. პატრონი (ცოლ-შვილი) არავინ ჰყავდა და მის ნამოსახლარს აღარავინ რომ არ მიაქცია ყურადღება, შემდეგ მასში ფერმის მუშაკის დასახლება მოინდომეს. სოფელში კრება მოიწვიეს ამ საკითხის გადასაწყვეტად: დასახლებულიყო თუ არა ეს მეველე ამ კარ-მიდამოში. ამ კრებაზე უკითხია ერთ-ერთ წევრს: _ კი მაგრამ, რომ დაბრუნდეს ეს კაცი რა ვქნათო? კრების სხვა წევრებს კი უპასუხიათ: _ ოღონდ ეგ დაბრუნდეს და სხვა რამეს გამოვნახავთო. მაგრამ ფაქტი სახეზე იყო: დამბრუნებელი აქამდეც დაბრუნდებოდა. ამ დროს უკვე 60-იანი წლები გახლდათ.
ილიკო თოხაძეს რომ მოსვლია ცნობა გოგი თოხაძის დაღუპვის შესახებ, 1943 წელი იყო. სამძიმარზე შეკრებილა მთელ სოფელი. მიდიოდნენ, ტიროდნენ. გოგის დედა გამოსულა და უთქვამს: _ მე არ ვტირი ჩემს შვილს და ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ იტირებთ, რადგან ის გმირიაო. ასეთი შეგნებით ცხოვრობდა გაგურში ხალხი. სიმტკიცის გამოჩენა სჩვეოდა, ტანჯვას არავის დაანახებდა, თუმცა არავინ იცის რა ბალღამი ტრიალებდა შვილმკვდარი დედის გულში. ყველა ნივთი განსაკუთრებულად ძვირფასი გამხდარიყო, რაც კი მისი შვილის სახელს გადაჯაჭვოდა და ხელშესახებად განაცდევინებდა მის პიროვნებას. რამდენი ტკბილ-მწარე მოგონების გამოხმობა შეეძლოთ ფოტოსურათებს, წიგნებს, თუნდაც შვილის ხელშენავლებ გრამაფონს, რომელიც ოთახის კუთხეში იდგა და გულში ჩაძირულ ტკივილსა და სევდას აფორიაქებდა, მძაფრი ნოსტალგიით მსჭვალავდა ფიქრს. „უკვე წლებია, რაც წახვედი, მე კი შენი დავიწყება არ შემიძლია, შენი ხმა ისევ ყურში მიდგას, ისე, როგორც წყლის ხმა გუგუნებს ღამის ყურებში. მუდმივად არის რაღაცა, რაც შენ თავს მახსენებს და მე შენი დავიწყება არ შემიძლია, გრამაფონი მოგონებათა სიღრმეებში ჩართული დარჩა“.. (რასულ იუნანი). მართლაც, არის რამე უფრო დამთრგუნველი სიტყვები ადამიანისთვის, როგორიცაა - „ვერასდროს“, „ვერაფრით“, „ვეღარ“?! მაგრამ დიდ ტკივილს ახალ გზაზე გაყვანა შეუძლია. კიდევ კარგი, იმ სულ სხვა განზომილების, მარადიულობის ანარეკლი და შემონათება რომ გვინარჩუნებს სუნთქვას ამ ყოფით რეალობაში, თორემ უამისოდ ხომ ცხოვრება უიმედო და გაუსაძლისი გახდებოდა. „ოთარაანთ ქვრივისა“ არ იყოს: „შენ სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არა გგონიაო“. ამიტომაც ისევ ძველ გარდირობს დაუბრუნდა, ფერად სამოსელს... შვილის სხეულს ვეღარ უშველიდა, სული კი, ისევ მასთან იყო, ისევ ამხნევებდა...ამიტომაც კვლავ ენერგიულად ფუსფუსებდა საკუთარ კარ-მიდამოში. საოცრად სათნო, მოსიყვარულე, ხალისიანი, ღიმილიანი, თბილი და კეთილშობილი ბუნების ადამიანი გახლდათ. სტუმართმოყვარე. 30 კაციც რომ სწვეოდა სტუმრად, თვითონ მოიკლებდა ყველაფერს და პირს არ შეირცხვენდა....გულუხვად გაუმასპინძლდებოდა.
დამიანე მგელაძე ექვსი შვილის მამა გახლდათ. მისი ვაჟი სოსო იხსენებდა. ომში წასვლის წინ გზიდან გადმოდგა და დაგვემშიდობაო. მამაჩემის ის სევდანარევი ღიმილი ჩამრჩა გულში და იქ ცოცხლობსო. უმცროს შვილებს კი მამის სახე აღარ ახსოვდათ. ცნობისწადილს უღვიძებდათ მათ სახლში სამძიმარზე მისული მეზობლები, გოდება და ქვითინი. მაგრამ მამის სიკვდილს მაინც ჯიუტად არ იჯერებდნენ და მაინც უცდიდნენ მას. და ასე შეიცნეს სიკვდილის არსი. რომ..„სიკვდილია, როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის.“ (გარაჯა რასიმ).
პირველი მსოფლიო ომის მონაწილეზე, ივანე ჭეიშვილზე, მისი შვილიშვილი ლაშა ჭეიშვილი გვიამბობს: „ივანე ჭეშვილი დაიბადა 1885 წელს. 1914 წელს გაიწვიეს, როგორც თავად ამბობდა, „სალდატში“, ანუ ჯარში. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰყავდა ცოლ-შვილი, სადღაც 1915 წელს ტყვედ ჩავარდა გერმანელებთან და ტყვეთა ბანაკში ცხოვრობდა. ფერშალი გახლდათ ჯარში. ხელში დაიჭრა. ამ ომში მიღებული ჰქონდა ორი ჯვარი: მეორე და მესამე ხარისხის ვერცხლის ჯვრები. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ბაბუაჩემი ავსტრიის ტერიტორიაზე, ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა, შემდეგ მისცეს ქალაქში გასვლის უფლება. ერთ-ერთი გასვლის დროს გაიცნო ავსტრიაში მცხოვრები, წარმოშობით პოლონელი ქალბატონი, რომელსაც შემდეგ დაუახლოვდა და შეუღლდნენ კიდეც. ავსტრიაში ოფიციალურად ხელი მოაწერეს და გაუჩნდათ ვაჟი _ ივანე. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტყვეები გაანთავისუფლეს და მისცეს თავიანთ სამშობლოში დაბრუნების უფლება. რადგან, როგორც მოგეხსენებათ, გერმანიამ ეს ომი (ისვე როგორც მეორე მსოფლიო ომი) წააგო. ბევრი ქართველი ტყვე ავსტრიაში დარჩა, არ ისურვა უკან დაბრუნება, მაგრამ ბაბუაჩემმა საქართველოში დაბრუნება არჩია. თავის მეუღლეს შესთავაზა, იქნებ წამოხვიდე 
 | ნოდარ თოხაძე | ; ჩემთან ერთად და ვიცხოვროთ საქართველოშიო. ამ ქალბატონმა კი უთხრა: _ ვერ წამოვალ, რადგანაც იქ კაციჭამია რუსები ცხოვრობენო. 1918 წელს, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი გახდა, ივანე ჭეიშვილი თავის ქვეყანას დაუბრუნდა, ოღონდ მეუღლის გარეშე. მთელი სოფელი შეიკრიბა მასთან შესახვედრად. სახლებიდან გამორბოდნენ დიდი ხნის განშორებულ თანასოფლელთან ჩასახუტებლად. ერთ-ერთ, სოფლის მცხოვრებს უკითხავს: _ ივანე რატომ ჩამოხვედიო? - რატომ და ჩემი ქვეყანა და სახლ-კარი მომენატრა, ვასილა მომენატრა, ჩემი ძმაკაციო. ვასილი ჭეიშვილი (რამინ ჭეიშვილის მამა) იყო მისი ბავშვობის მეგობარი. გამოხდა ხანი და ბაბუაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა. სამწუხაროდ, ეს ქალი მამიდაჩემის, თინას მშობიარობას გადაჰყვა. ივანე ზრდიდა ობლად დარჩენილ ქალიშვილს და შემდეგ მოიყვანა მესამე ცოლი _ ანიჩკა კუჭავა, ჩოხატაურიდან, რომელთან ერთადაც შეეძინა კიდევ ოთხი შვილი; ზინა, ალფესი, ბიჭიკო და ლადო (მამაჩემი). ბაბუაჩემი არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი. გაკულაკება რომ მოხდა, კომუნისტებმა ხარები წაართვეს და კოლექტივს გადასცეს. ივანეს ჩუმად მოჰყავდა ხოლმე ეს ხარები სახლში და აჭმევდა. დამცინავად უყურებდა კოლექტივების შექმნის იდეას. „გათანასწორების სულის“ ქადაგებას, რადგან მიაცნდა, რომ არა მარტო მის დროში, არამედ ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში ადამიანების გათანასწორების და ერთ თარგზე მოჭრის იდეა არის სასაცილო... როგორ დაამსგავსებენ ერთმანეთს? ყველას ხომ თავისი ჭრიჭინა ჰყავსო?! - იტყოდა ირონიულად. როგორც კი გაიღვიძებდა და ლოგინიდან ადგებოდა, უმალ პირჯვარს გადაიწერდა და „ღმერთო, კომუნისტების გადაშენებას მომასწარიო“, - ამას იტყოდა ხოლმე. მაგრამ,, სამწუხაროდ, არ მოესწრო ამ დროს. 1968 წელს გარდაიცვალა. მართალია, 1924 წლის აჯანყებაში ივანე ჭეიშვილს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ როგორც ეჭვმიტანილი, მაინც დააპატიმრეს (რადგან რაღაც წვლილი მაინც ექნებოდა ამ აჯანყებაში შეტანილი). ინფორმაციაც ჰქონდათ. რომ ის იყო მენშევიკი და სძულდა კომუნისტები. („ჯონჯოლა მენშევიკს“ ეძახდა ბაბუაჩემს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი). მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ბაბუაჩემის მესამე ცოლის, ანიჩკას ძმა, ერემი კუჭავა გახლდათ პირველი რევოლუციონერი ჩოხატაურში და კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი. ასე რომ, ივანე ჭეიშვილი, ცოლის ნათესავების გამოისობით გადაურჩა იმ საშინელ რეპრესიებს. 1924 წელს მაინც დაიჭირეს ნაგომარში და სუფსის პირას რამდენიმე ადამიანთან ერთად დასახვრეტად დააყენეს, მაგრამ მოხდა ისე, რომ სანამ დახვრეტას დაიწყებდნენ, დასახვრეტად გამზადებული ერთ-ერთი რუსი გადამხტარა ადიდებულ სუფსაში და სანამ ჩააკლავდნენ მდინარეში, დახვრეტის პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებულა. ამასობაში ფილიპე მახარაძე მოდიოდა თურმე ოზურგეთიდან და ხალხის შეკრების ადგილას შეყოვნებულა. უკითხავს: _ ვის ხვრეტთო? _ ესენი ეჭვმიტანილები, სამშობლოს მოღალატაეები, ჩვენი მტრები არიანო, _ იყო პასუხი. _ და რაში არიან ეჭვმიტანილებიო? _ უკითხავს ფილიპეს. _ ეჭვმიტანილი ის იყო, რომელიც წყალში გადახტა, ესენი კი მასთან ერთად ტრიალებდნენ და მის თანამოაზრეებად მივიჩნიეთო. მაშინ ფილიპეს უთქვამს: _ აჯანყება მაინც ჩახშობილია, მეტი სისხლი აღარ გვინდა და ეს ხალხი გაანთავისუფლეთო. ამ ამბავს ყოველთვის ყვებოდა ბაბუაჩემი ოჯახის წევრებთან. ბედის ირონიაა, რომ ფილიპე მახარაძის დამსახურებაა, ბაბუაჩემი ცოცხალი რომ გადარჩა და მე ვარსებობ ამ ქვეყანაზე. ივანე ჭეიშვილი იყო ძალიან პრინციპული და პედანტი ადამიანი. უკიდურესად მოწესრიგებული, აკურატული. ტალახში ისე გაივლიდა, რომ არ დაისვრებოდა. გერმანული მენტალიტეტი ჰქონდა ათვისებული. ეზო სათანადოდ მოვლილი და დაწკრიალებული ჰქონდა ყოველთვის, შეძლებული და ძლიერი მეურნე კაცი გახლდათ. მისი გარჯით იყო მოვლილი ეზო: . გაზაფხულზე ამწვანებული, შემოდგომაზე ფერადი ხალიჩასავით განფენილი. ზამთარშიც .უხდებოდა ჩვენს ეზოს ალაგ-ალაგ თოვლი. მაგრამ არავინ და არაფერი უხდებოდა ისე, როგორც ბაბუაჩემი.“ გაგურის მკვიდრი, იასონ პინაიშვილი იგონებს: „ივანე ჭეიშვილი მთელი წლის განმავლობაში ჩანაწერებს აკეთებდა, დღიურებს წერდა და 31 დეკემბერს, ახლი წლის დადგომამდე შეწყვეტდა წერას. ყველაფერი აღნუსხული და მოწესრიგებული ჰქონდა: გასავალი, შემოსავალი, ყოველივესთვის თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი.“
გაგურის მკვიდრი ნოდარ თოხაძე გვიყვება: „მამაჩემი, ვახტანგ თოხაძე (რომელიც 1918 წელს დაიბადა) 1941 წელს მოხალისედ წავიდა ომში უნივერსიტეტიდან. მაშინ 23 წლის გახლდათ, ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურის მეორე კურსზე სწავლობდა. დიდი მომავალი ჰქონდა. დიდ რუს მეცნიერებთან ერთად უნდა ემუშავა. ომში გაიცნო დედაჩემი, რიაზანის მკვიდრი - ეკატერინე გალკინა, რომელიც მეკავშირე იყო. ომში შეუღლდნენ, ოდესაში მოაწერეს ხელი, 1944 წელს. თუმცა ერთად არ ჩამოსულან. თავად საბრძოლველად დარჩა, ცოლი კი გამოუშვა გაგურში. (რადგან ამ დროს პირველ შვილზე, ნათელაზე ფეხმძიმედ იყო). ომი რომ დამთავრდა, მამაჩემიც დაბრუნდა სოფელში. ჩვულებრივად გააგრძელეს აქ ცხოვრება. ეკატერინემ ისწავლა ქართული ანბანი და, შესაბამისად, დაიწყო ქართულად წერა-კითხვა. ვახტანგი რომ ჩამოვიდა ომიდან, უკვე „ლაშარელაც“ კი ჰქონია წაკითხული ქართულად. ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მერე მამაჩემს მოაკითხეს უნივერსიტეტიდან და კატეგორიულად სთხოვეს, რომ დაბრუნებულიყო უნივერსიტეტში და გაეგრძელებინა მეცნიერული მუშაობა, ნიკო კეცხოველი ეძებდა თურმე. მაგრამ შინ ისეთი ამბავი დახვდა: მოხუცი ბებია, უმეურვეოდ დარჩენილი ოჯახი. უკიდურესი გაჭირვება. იხსენებდა, _ იმ სამხედრო ფორმის გარდა სხვა ტანსაცმელი არც მქონდა, რომ ჩამეცვა და უნივერსიტეტში მივსულიყავიო. მოკლედ, გადაწყვიტა, რომ მისი განათლება დამთავრდა. არადა წარმატებული სტუდენტი იყო, ყველა საგანში უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. მისი პედაგოგები იყვნენ: ნიკო კეცხოველი, ევგენი ხარაძე, გამოჩენილ მეცნიერთა მთელი პლეადა. მაგრამ მაინც არ დაბრუნდა ასპირანტურში, არამედ დარჩა თავის მშობლიურ სოფელ გაგურში და პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო აცანის სკოლაში, სადაც 25 წელი იმუშავა. გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად. ეს სკოლა ოთხი კილომეტრით იყო დაშორებული მისი სახლიდან და ამხელა გზას ყოველდღე ფეხით გადიოდა. ამ სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგე იყო, მერე კი ზემო აკეთის სკოლაში წამოვიდა, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. ყველა საგანი იცოდა. ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ. დედაჩემი ოჯახში დიასახლისობდა. ძალიან მშრომელი ქალი იყო. ქმარს ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ორი შვილი გაგვზარდეს, ფეხზე დაგვაყენეს. ჩემს დას, ნათელა თოხაძეს ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ერთი გერმანიაშია, ერთი თბილისში. მე კი აქ, გაგურში ვარ, ჩემს ძირ-ძველ მამა-პაპურ მიწაზე, ჩემს სახლში. ახალი სახლი ავაშენე ჩემი ხელით და ახლა აქ ვცხოვრობ. მყავს სამი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი. 1967 წელს დავამთავრე აკეთის სკოლა, ათი კლასი და შემდეგ ჩავაბარე სასოფლო სამურნეო ინსტიტუტში, აგრონომიული განხრით, რომელიც დავამთავრე 1972 წელს. მერე ისევ სოფელს დავუბრუნდი და ბრიგადირად დავიწყე მუშაობა. ორი ბრიგადა იყო მაშინ გაგურში. მე ვიყავი მე-5 ბრიგადის ბრიგადირი. ჯარმა მომიწია და ერთი წელი გემზე ვიმსახურე, ჩამოვედი თუ არა, გავაგრძელე ბრიგადირობა. 1975-76 წლებში, ეს სოფლები (ქვემო და ზემო აკეთი, გაგური და ჭანჭათი) რომ გაერთიანდა, ერთიანი კოლმეურნეობა (აკეთის კოლმეურნეობა ერქვა) ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი აგრონომი გახლდით. ამის შემდეგ (დაახლოებით 1985 წლიდან 1990 წლამდე) ვიყავი წარმოების უფროსი აკეთის ჩაის ფაბრიკის, რომელიც უკვე აღარ არსებობს. აკეთის ჩაის ფაბრიკაში 300 ადამიანი იყო დასაქმებული. სმენობით იყო მუშაობა. 80-იან წლებში მუშის ხელფასი სადღაც 200 მანეთს შეადგენდა. ოთხი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ჩაის კრეფა, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. მერე ოქტომბრიდან მიდიოდა ლაო ჩაის გადამუშავება. ხსნადი ჩაის წარმოებაც ხდებოდა, „კონცენტრირებული ჩაი“ ეწერა. კრისტალები იყო. მთელი წელი მიდიოდა მუშაობა. წვენების ფაბრიკაც გაკეთდა ბოლოს. მთელი წლის მანძილზე მინიმუმ სამასი ადამიანი. იყო დაკავებული ამ ოთხი სოფლიდან: ძირითადი და დამხმარე მუშები, ასევე ადმინისტრაციული პერსონალი. მოკლედ, ცხოვრება დუღდა. საავადმყოფოც იყო სოფელში, მაღაზია, რესტორანი, ფოსტა, აფთიაქი. ბიბლიოთეკა. დაფნის ცეხიც იყო გაგურში. ფაბრიკის მუშაობის დროს აშენდა. მერე ეს ყველაფერი დაიშალა და ნგრევის დრო მოვიდა. ბოლოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი ზემო აკეთში. ეს კოლმეურნეობაც მალევე დაიშალა და შემდეგ მუშაობა განვაგრძე მიწის მართვის სამმართველოში(1992-იდან 2003-მდე), რომელიც ასევე გაუქმდა და მას შემდეგ ვეწევი ოჯახურ მეურნეობას.
ახლა ჩემს ბიძაზე, დათიკო თოხაძეზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და ტყვედ ჩავარდა ფრონტზე. დათიკო თოხაძე 1914 წელს დაიბადა და ახლა უკვე 104 წლისაა. გაგიკვირდებათ და ასეთი ასაკოვანია, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანმრთელი, სულიერად მხნე და საკმაოდ უტეხი ფიზიკური ნების ადამიანია, რომელიც მხრებზე მძიმედ მოჯარულ წლებს ჯიუტად არ ეპუება. უნიჭიერესია და საკვირველი მეხსიერება გააჩნია - ზეპირად იცის უამრავი ხალხური თუ კლასიკური ლექსი, ლეგენდა, თქმულება, გადმოცემა, ცალკეული მწერლები და მათი მხატვრული ნაწარმოებები, დაუზარელი და ტკბილმოუბარი მთხრობელია. თავიდანვე საოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. დაამთავრა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ჩავიდა ვენესუელაში, ისწავლა ესპანური. შემდეგ კარაკასის უნივ
 | ზოია ცარციძე-თოხაძისა | ერსიტეტში გახდა პროფესორი. კათედრის გამგე. ომში წასვლამდე გაგურში ფეხმძიმე ცოლი დატოვა (შემდეგ დაიბადა ქალიშვილი). ვენესუელაში შეირთო მეორე ცოლი და შეეძინათ ორი ქალიშვილი. დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, 1958 წელს მოვიდა წერილი სხვისი სახელით და გვარით (სენიორ ანტონიო ჭყონიათი), მაგრამ ვახტანგიმ (მამაჩემმა) ხელად იცნო კალიგრაფია. კგბ-ს რას გამოაპარებდი. მის თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ. სანამ თვითონ ჩამოვიდოდა საქართველოში, 1986 წელს („პერესტროიკის“ წლებში) ჯერ ქალიშვილი და სიძე გამოუშვა. რომელთაც კგბ მოჰყვა. (რადგან ეს სიძე ავსტრალიის ავიაკომპანიის წარმომადგენელი გახლდათ ამერიკაში). ჩინებული პურ-მარილი გავაწყეთ. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და დამოუკიდებლობა მივიღეთ, უკვე თვითონაც ჩამოვიდა. თითქმის 50 წელი იქნებოდა გასული, რაც საქართველო არ ენახა. ჩამიჯდა მანქანაში და მომატარა მთელი გარემო. ტყეებში ამიყვანა. „ინწრუას“ აღმართს რომ ავუყევით, მეკითხებოდა: _ ამ ტყეს აქ რა უნდა. მაშინ არ იყოო? მის დროს ტიტველი გორი იყო, რადგან მოსახლეობა ტყეს შეშად იყენებდა. ყველა კუთხე-კუნჭული ჩამოიარა. თვალებით ეფერებოდა ყოველ წვრილმანს. გულს მოელამუნა თავისივე მიწა, მთები, მდინარე, ჭალა. უცხო მხარიდან შინ მობრუნებულმა მძაფრად შეიგრძნო სამშობლო კუთხის სილამაზე. ხარბად ეწაფებოდა ყველაფერს, თვალს ავლებდა ველ-მინდვრებს, ამჩნევდა სიახლეებს და თითქოს პირველად ხედავდა ხავერდოვან ფერთა საოცრებას, ისე აღმოაჩენდა მათ. დათიკო პინაიშვილის დედა, ზინა მოდიდოდა გზაზე. დათიკო თოხაძემ ხელად იცნო, - ეს ზინა არ არისო?...ამდენი ხნის ემიგრაციის მიუხედავად ქართული არ უჭირდა. სუფთა ქართულით ლაპარაკობდა.
19 72 წელს შევუღლდით მე და ზოია. ზოია ცარციძე: 18 წლის ვიყავი, რომ თბილისიდან გამოვთხოვდი გაგურში. აქ რომ მომიყვანეს, პირველადვე კურიოზულად მოხდა ჩემი მეზობლებთან გაცნობა. ქერა თმები მქონდა და საერთოდაც, რუსული ყაიდის ოჯახში ვიზრდებოდი, იური თოხაძის ბიცოლა, კალერია თოხაძე თავის ჭიშკართან იდგა და ჩემს დანახვაზე დიდ ნაძვს ხეთქა თავი და შეჰკივლა: _ ტიტუუ, ერთი ძლივს დავაბერე და ახლა მეორე მომიყვანეო? (ჩემს დედამთილზე იყო საუბარი). ჩემმა დედამთილმა ამ დროს მიუგო: _ კალერია, ნუ მეიკლავ თავს. ქართველია და ქართულიც მშვენივრად იცისო. მას კი რუსი ვეგონე. ზოია ცარციძე: „დავიბადე თბილისში და დავამთავრე თბილისის 45-ე სკოლა, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს. შემდეგ კიევში გავაგრძელე სწავლა და 1983 წელს დავამთავრე გერმანული ენის უცხო ენათა სერთაშორისო ცენტრი. მას მერე აკეთის სკოლაში ვმუშაობ რუსული ენის მასწავლებლად. „ოკუპანტების ენაო“, _ ხშირად მაგონებენ ხოლმე. ჩვენთან სამი სოფლის ბავშვები იყრიან თავს. კარგი სკოლაა. დირექტორიც (მაია სიჭინავა) კარგი გვყავს, შემოქმედებითი, ენერგიული ადამიანია, მონდომებული. პირადად მე ისეთ ოჯახში ვცხოვრობდი აქ, რომ წიგნები არ მაკლდა და ვერ ვგრძნობდი, რომ სოფელში ვიყავი. ოჯახის წევრები (დედამთილ-მამამთლილი, მეუღლე) ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ჩემთვის განათლების გაღრმავებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში. ყველას უკვირდა: თბილისიდან როგორ წამოვედი აქ? მაგრამ ამაში არაფერი იყო გასაკვირი, რადგან ადრე გაგური მჩქეფარე და სისხლსავსე სოფელი იყო. კარგი, ლამაზი, კეთილი და ბედნიერი სოფელი. ცხოვრება დუღდა. არ იყო ამდენი პრობლემა. ყველგან შეიძლებოდა ფულის შოვნა, თუკი იმუშავებდი. სოფლის შრომა, მეურნეობის გაძღოლა, მოსავლის აღების პროცესი, ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. მიმზიდველი და აზარტული. თან წიგნების კითხვასაც არაფერი ედგა წინ. კითხვის დრო მაინც სულ გვქონდა. სოფელს ჩემთვის არ შეუშლია ხელი, რომ გავყოლოდი ჩემს განათლებას და არ ჩამოვრჩენილიყავი. არავის არ უთქვამს ჩემთვის, სოფლის კვალი გეტყობაო. ახალგაზრდული ძალებით ვცდილობდი, რომ ყველაფერი მომესწრო და მომეწესრიგებინა. ახლანდელი სოფელი სულ სხვაა. სკოლიდან რომ მოვდივარ ხოლმე, ძალაუნებურად ვფიქრობ, _ ღმერთო ერთი ადამიანი მაინც ვნახო ეზოში, ან ვინმე მომესალმოს თუნდაც შორიდან. სამწუხაროდ, დაყრუებულია ყველაფერი.“
სიტყვა: ფოსტალიონის“ ხსენებაზე სულ ნოდარ დუმბაძის ფოსტალიონი მაგონდება („მე ვხედავ მზეს“). . კრებაზე რომ მივა და იკითხავს: "ვინ დაიწყო ომი?"-ო და თავადვე გასცემს კითხვას პასუხს: "მე დავიწყე ომი!" „ _ ვინ დაიწყო ომი?...მე თქვენ გელაპარაკებით, ვინ დაიწყო ომი? _ ომი ჰიტლერმა დაიწყო, კოწია. რავა, ჩვენ გვაბრალებ თუ? _ ჩუ ჩუ... მე დავიწყე ომი. კესარია სოსელია, ადექი, თუ ხარ კრებაზე. _ აგერ ვარ კოწია, არ მითხრა რამე უბედურება, არ დამღუპო. _ ვინ შეგხვდა სოფელში და ვინ იყო ის კაცი, რომელმაც გითხრა: ომი დაიწყოო? _ ვინმეს ხომ უნდა ეთქვა, შე დალოცვილო, შენი რა ბრალია? _ ლუკაია ფოცხიშვილო, ვინ პირზემიწადასაყრელმა შემოიტანა შენს ოჯახში სიკვდილის ამბავი? _ თქვი, შე ღვთის პირიდან გადავარდნილო, ევგენია, ვინ გითხრა პირველად დაიღუპა შენი შვილიო? _რად მინდა მე თქვენი ცრემლების ყურება, რად მინდა ცხოვრება, მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია. არ მინდა ფოსტალიონობა! არ მინდა, გეყურებათ თქვენ! ჩემი ალმასხარაც ომშია. არ გეცოდებით ხალხო? _ ღმერთო, შენ მაინც არ გეცოდები. ჩამოდი ფეხათ და დაურიგე ამბის ცნობები ამ ხალხს, ღმერთი ხარ, ყველაფერს გაუძლებ. გეყურება შენ, ღმერთო? რას დამუნჯებულხარ, ამოიღე ხმა....“ . ეს ფოსტალიონი ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანია. ეს ნაწყვეტი კი - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ყოველ გახსენებაზე რომ შეგაძრწუნებს... და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა როგორც შავი ჭირი.“
ახლა სხვა დროა და ამ სინამდვილეში ფოსტამ და ფოსტალიონობამ დაკარგა თავისი პირვანდელი ფუნქცია. გაგურში ფოსტის პირველი გამგე იყო იაშა ჭეიშვილი, შემდეგ _ კუკური კუკულაძე, ბოლო კი ლამარა დევიძე. ბატონი იაშას მეუღლე, ლუბა ჭეიშვილიც მუშაობდა ფოსტაში, მეკავშირედ. ლამარა დევიძე-ჭეიშვილისა: „ჭიათურაში გავიზარდე. 37 წელია, რაც გაგურის რძალი ვარ. ალიკა ჭეიშვილის მეუღლე გახლავართ. მყავს ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. 1982 წლიდან 2004 წლამდე ვმუშაობდი ფოსტის გამგედ. ფოსტის შენობა გაგურის ცენტრში მდებარეობდა . ჩვენს მოვალეობაში შედიოდა , პირველ რიგში, პენსიების გაცემა, გაზეთების დარიგება, მაღაზიებიდან თანხების მიღება-გადაგზავნა, წერილებისა და დეპეშების მიღება-ჩაბარება-გაგზავნა. რაც შეეხება ამანათებს, საბჭოთა კავშირის პერიოდში უფრო ხშირი იყო. 2004 წელს ფოსტის შენობა უფუნქციოდ დარჩა და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. პენსიების გაცემა ბანკში გადაიტანეს. გაგურის ფოსტის მოვალეობაში შედიოდა ასევე საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრები. სატელეფონო ჯიხურები იყო. იგზავნებოდა მისალოცი და სამგლოვიარო სახის დეპეშები. ყველას გვახსოვს ეპიზოდი ფილმიდან: („იმერული ესკიზები“), რომ უმრავლეს შემთხვევაში დეპეშა ასოცირდებოდა ცუდ ამბავთან. შეჰკივლებდნენ და თანასაგრძნობად მოუხმობდნენ მეზობლებს: _ ნასტია, თამარა და ა. შ. _ ეს როგორ მაკადრეს, დეპეშა რავა გამომიგზავნესო? მოგეხსენებათ, მობილური ტელეფონები და მესინჯერები მაშინ არ იყო. მისამართებზე მიგვქონდა დეპეშები, ხელმოწერით. მეტად საშიში და სარისკო საქმე იყო ფოსტალიონობა. ფოსტალიონი რომ მიდიოდა ოჯახში, ძალიან ეშინოდათ. მისვლისთანავე ვერ ეტყოდი, დეპეშა მოგიტანეთო. ასე ეგონათ , სიკვდილთან იყო დაკავშირებული. ამას მოჰყვებოდა მძაფრი რეზონანსი, „შეცხადიება“. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიხარულო დეპეშებიც იყო. ბევრი სასიხარულო ამბავი შეგვიტყობინებია ოჯახებისთვის, რომლებსაც შეუცვლია იმ ოჯახების ბედი, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ. შტეფან ცვაიგი წერდა: "სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის რომ თან სიხარული მიაქვს". ჩვენი მიზანი და სურვილიც ეს იყო ყოველთვის. რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაგვეხარებინა. იყო მისალოცი ბარათები, ე. წ. „ატრეტკები“, საახალწლო, სარვამარტო და ასევე ამანათებიც, ე. წ. „პასილკები“. ჩამიჩებს, ჩურჩხელებს და რაღას არ აწყობდნენ შიგ. ჩემს დროს, მახსოვს, ყოფილა დღეები, გამიგზავნია 20- 25 „პასილკა“. დავრჩენილვარ ფოსტაში გვიანობამდე, რომ შემეფუთა, რათა როგორმე მეორე დღეს მომესწრო გაგზავნა. ბევრი ამანათი შემოდიოდა 80-იან წლებში, 90-იან წლებამდე. წლების მიხედვით ბევრი რამ იცვლებოდა. პირველად ყველაფერი იყო: დეპეშები, წერილები, პენსიები, ამანათები. გაზეთებზე ხომ აღარ არის საუბარი. გურულებს ინფორმაციის მიღების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ ყოველთვის. 316 დასახელების გაზეთი მახსოვს: „ახალგაზრდა კომუნისტი“, „კომუნისტი“, „სოფლის ცხოვრება“, „პრავდა“. „ცისკარი“, „მნათობი,“ თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა გამოწერილი: „საქართველოს ქალი“, „დილა“, „ნიანგი“, „პიონერი“, „კომსომოლსკაია პრავდა“ და ა. შ. ცივილიზაციის განვითარების კვალობაზე ყველაფერი შეიცვალა. ბოლოს მარტო პენსიების დარიგებაღა დარჩა. 37 წელია, რაც ამ სოფელში ვცხოვრობ . ძალიან მომწონს და მიყვარს აქურობა. რაც გამოარჩევს ამ სოფელს სხვებისგან, ეს არის ერთმანეთის სიყვარული, სითბო, ურყევი მეგობრობა და მეზობლობა. “
მთლად ძველად გაგურის ფოსტალიონი იყო ალისტრახო ხუხუნაიშვილი (დათო ხუხუნაიშვილის მამა). ცხენით დადიოდა. ცხენზე შემომჯდარი შემორჩა ადგილობრივთა მეხსიერებას, ულვაშებაპრეხილი. დანა ეჭირა ხელში და ფაქიზად თლიდა ატამს. და ასე ატმის ჭამით მიუყვებოდა ორღობეებს. გაზეთებს ჭიშკარზე ჩამოაცვამდა და გზას განაგრძობდა. დეპეშის მიღების ცერემონიალი და კალერია თოხაძის შეკივლება ერთი იყო. ალისტრახოს მერე ფოსტალიონები იყვნენ: ვასო თიგიშვილი, ამირან მგელაძე, გურამ ჭეიშვილი, ბოლოს ჯუმბერ მგელაძე. იმ ძველი ფოსტალიონების გახსენებაზე სულ წარმოვიდგენ ხოლმე ადამიანთა დიდ ნაკადს, რომლებთანაც მათ წერილები მიჰქონდათ. ეს ადამიანები ოდესღაც არსებობდნენ, ცოცხლები იყვნენ, სუნთქავდნენ, ცხოვრებით ტკბებოდნენ ან ამქვეყნიურ მძიმე ჯვარს ატარებდნენ და თავიანთი ისტორიები გააჩნდათ გააჩნდათ უსასრულობაში არსებულ მცირე სამყაროში-დედამიწაზე... ადამიანებს, რომელთაც თავიანთი წილი კვალი იმედიანად დატოვეს შთამომავლებისთვის გასახსენებლად...და რას წავიღებთ, ვის გავახსენდებით?!
გურულები ყველაფერზე ხუმრობენ და რა თქმა უნდა, სამამულო ომზეც აქვთ ანეგდოტები. „ყვითელ სამარშრუტო ტაქსში რამდენიმე მგზავრი ზის. მძღოლი მაგარი კოლორიტული კაცი ჩანს - თავზე ქუდი ახურავს ისე, სასხვათაშორისოდ, თითქოს არ იცის, სად წაიღოს და თავზე დაიდოო. უპასუხოდ არაფერს ტოვებს, კილოზეც ეტყობა, რომ ნამდვილად გურულია. რადიო აქვს ჩართული, ევროპის ამინდის პროგნოზს აცხადებენ - ამინდი ვენაში, ლონდონში, პარიზში, პრაღაში. წვიმს ბერლინშიც, ისმის წამყვანის ხმა. აი აქ აენთო გურული მძღოლი და რადიოს გაუბრაზდა: - ხოო, ბერლინის ამინდი ნამეტარი მაინტერესებს, რაიხსტაგზე დროშა მიმაქ და მეშინია, კრიშაზე ფეხი არ დამისლიანდეს ნაწვიმარში.“ რაიხსტაგზე აღსაღმართავ დროშაზე რა მოგახსენოთ და ჩემი თაობის ბავშვები სულ იმ შეგნებითა და შთაგონებებით ვიზრდებოდით, რომ ჩვენ არ მოვსწრებივართ ომს, რომ ჩვენ გვქონდა უღრუბლო ბავშვობა და რომ, რატომღაც, არ ვიცოდით მშვიდობის ფასი. ერთი ფოტოსურათი მაქვს, რომელიც ცხოვრებისულ ეპიზოდებს გამოიხმობს მეხსიერებიდან. ამ სურათზე 5 წლის ვარ. ზეიმი გვაქვს საბავშვო ბაღში, ხელში ალამი მიჭირავს, წარწერით: „მირუ მირ!“... სწორედ იმ დღეს დედაჩემი არ მოვიდა ზეიმზე, მერე გავიგე, რომ თურმე ავად გამხდარა და საავადმყოფოში წაუყვანიათ... მეზობლის ქალმა გამომიყვანა ბაღიდან... მახსოვს, იმდენი ვიტირე, ასე მეგონა, სამყარო და ზეცა ჩამოიქცა. ამდენი წელი გავიდა და ხან ისე ცოცხლად წარმომიდგება ხოლმე ასეთი დეტალები თვალწინ, თითქოს ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს. მერე ისევ ქრება, სულ უფრო შორეული ხდება, სულ უფრო უცხო, „და ბოლოს გვეჩვენება, თითქოს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო“.
მართლაც რომ... „ზღაპარშერეული არის ცხოვრება, სიზმარშერეულია ადამიანი.“ კოშმარული სიზმარი ისევ განმეორდა. მეორე მსოფლიო ომის მერე კიდევ რამდენიმე ომი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. და გურიის პატარა სოფლებმაც გაიღეს მსხვერპლი, როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს ომებში. სოფელ გაგურიდან აფხაზეთის ომში მონაწილეობდნენ: გია (გრიგოლ) ბაჟუნაიშვილი, მიხო შანთაძე, ჯამბული აბულაძე, ლაშა ჭეიშვილი. აკეთის საშუალო სკოლაში სტენდიც არის, რომელზედაც ომის მონაწილე გმირების ფოტოებია გამოსახული. ზაზა ჩხაიძე, რომელიც ქვემო აკეთელი გახლდათ, აფხაზეთის ომში დაიღუპა. 2008 წლის სამაჩაბლოს ომში დაიღუპა 22 წლის მურთაზ ირემაძე. მისი დამრიგებელი, ქალბატონი ლეილა გოგელია იხსენებს: „მურთაზი ძალიან უწყინარი, კეთილი ბავშვი იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ ომში წავიდოდა და ასე ნაადრევად წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ცხრა კლასიდან გავიდა. მერე ჯარში გაიწვიეს და იქედან ომში წაიყვანეს. საშინლად დაგვწყვიტა გული ყველას. ორი მოსწავლე დაიღუპა ჩვენი სკოლიდან. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.“ აფხაზეთის ომში სოფელ გაგურიდან იბრძოდა ლაშა ჭეიშვილი:
„ დავიბადე 1975 წლის 23 აპრილს. 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ამ დროს რაჭაში ვიმყოფებოდი და მაშინ, უშუქობის გამო, ინფორმაცია იმდენად არ იყო გაჟღერებული. მახსოვს, ბათუმიდან მომავალ ჩემს ნათესავს არ უშვებდნენ სამტრედიასთან, რადგან ჩაკეტილი იყო გზები. ამ კაცმა მოგვიყვა, რომ ომი იყო დაწყებული აფხაზეთში და თავად ძლივს გამოეღწია. როგორც იქნა, რაჭიდან თბილისში ჩამოვედით. ამ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. ტელევიზიითაც ვიღებდი ინფორმაციას, ვუყურებდი ამ ყველაფერს და ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ქართველი ბიჭები აფხაზეთის ომში ასე უმოწყალოდ იღუპებოდნენ. შემდეგ, ჩემდაუნებურად და ოჯახთან შეუთანხმებლად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეც წავსულიყავი აფხაზეთში საბრძოლველად, ნებისმიერ შენაერთთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი, არასრულწლოვანი გახლდით და ამდენად, მოხალისეთაგან არ მყავდა მეგობრები, არავის ვიცნობდი. ჩემი კლასელები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. იმ ხანად ჭადრაკის სასახლეში განთავსებული იყო მხედრიონის შტაბ-ბინა, სადაც მოხალისეები ესწრებოდნენ ომში წასასვლელად და ნაწილდებოდნენ. მეც ერთ-ერთ მოხალისედ ჩავეწერე. რამდენიმე დღე და ღამე ჭადრაკის სასახლეში დავყავი. ჩემები მეძებდნენ და არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩემს შესახებ, რადგან არავისთვის მითქვამს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მხოლოდ წერილი გავაგზავნე ოჯახში ჩემი თანასოფლელის ხელით. ამ წერილში ეწერა, რომ აფხაზეთის ომში საბრძოლველად მივდიოდი. მანამდე სახლში მივედი. ჩემი და დამხვდა, რომელსაც გადავეხვიე და დავემშვიდობე. ამ დროს მყავდა შეყვარებული. ავედი იმ გოგოს ოჯახში და მასაც დავემშვიდობე, ამაღელვებელი განშორება იყო. მოხდა ისე, რომ რადგანაც 17 წლის ვიყავი, ომში წაყვანაზე უარი მითხრეს, მაგრამ დამპირდნენ, რომ დაგაკვირდებით და მერე წაგიყვანთო. როგორც იქნა, მერე სიაში ჩამწერეს. ამ სიაში მოხვედრილთა ნაკადი ერთ საათში უნდა გასულიყო აფხაზეთში. ამ დროს მხედრიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ზაზა ვეფხვაძე მოვიდა. ჩემი უბნელი იყო და ჩემი მეზობლებიდან იცოდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი. ამიტომ ფანდი იხმარა. სიაში მე-19 ვიყავი. თავიდან თქვა, რომ პირველი 25 კაცი წავიდოდა, დანარჩენები კი დარჩებოდნენ. მერე, სიას რომ შეხედა და ჩემი სახელი და გვარი ამოიკითხა, უცებ შეყოვნდა და გადაწყვეტილება შეცვალა. „ამჟამად 18 კაცი წახვალთ, დანარჩენები კი მერეო.“ აღმოჩნდა, რომ ის მე-20, 21-ე და ა. შ. კაციც, ვინც იყვნენ სიაში, ამ ნაკადთან ერთად წავიდნენ. გამოვიდა, რომ მე ჩამომაშორეს ტექნიკურად ამ ნაკადს. და არ წამიყვანეს, რადგანაც, როგორც გითხარით, არასრულწლოვანი ვიყავი. ამ ამბავმა ძალიან გამაბრაზა. შემდეგ საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე გადავედი. ოჯახის წევრებმა მომაკითხეს და უკან წამომიყვანეს. უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს იმ იმედით, რომ იქნებ როგორმე სწავლაზე გადავრთულიყავი. მაგრამ ომში წასვლის აზრი სულ მიტრიალებდა თავში და მოსვენებას არ მაძლევდა. 1993 წლის 14 იანვარს მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწავლა მიმეტოვებინა და კვლავ ომში წავსულიყავი. ერთადერთ ადამიანს, ჩემს ბიძაშვილს გავანდე მხოლოდ ამის შესახებ. ამჯერად „თეთრი არწივის“ ბატალიონში წავედი, რომელიც თბილისის ზღვაზე იყო განთავსებული. 15 იანვარს შემთხვევით შევხვდი ადრე გაცნობილ მეგობარს, რომელსაც „მხედრიონას“ ეძახდნენ. მან მითხრა: - ჩვენ ჩაგწერთ და წაგიყვანთ, ოღონდ პასპორტი არ აჩვენოო. შემეკითხნენ, - რამდენი წლის ხარო? მე ვიცრუე, - 20 წლის ვარ-მეთქი. მოკლედ, ჩამწერეს და იმ საღამოსვე, 15 იანვარს ღამით წავედით. იქ მომცეს ფორმა. ავტომატი ცხოვრებაში არამც თუ ნასროლი, ხელში დანაჭერიც კი არ მქონდა. ჩავფრინდით ბაბუშერაში და ბაბუშერადან ღამით წავედით აგუძერაში. რამდენიმე დღე იქ დავყავით. მომცეს იარაღი. რამდენიმე ტყვია ვისროლე და 18 იანვარს მივიღე პირველი საბრძოლო ნათლობა. შეტევა დაწყებული იყო. ჩვენ უნდა მოგვეგერიებინა შეტევა და გადავსულიყავით კონტრშეტევაზე. ეს იყო ზემო კინდღი, სადაც გავიცანი ჩემი თანამებრძოლები. იქ ვნახე ნამდვილი ძმობა, ადამიანებთან ურთიერთობა და მხარდაჭერა. ჩემს თანამებრძოლებთან დღესაც მაქვს ახლო ურთიერთობა. ოჯახებით მივდივართ და მოვდივართ ერთმანეთთან. მახსოვს, მთელს ბატალიონში ყველაზე პატარა მე ვიყავი. 19 იანვარს დაიღუპა გოჩა წულაია, მანამდე თბილისში ჩამოიყვანეს დაჭრილი და მის თავთან მომიწია დგომა. თვალებში ვუყურებდი, უკვე ვეღარ ლაპარაკობდა. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა. მე მგონია, რომ გამოსათხოვარი სიტყვის. მისი მადლიერი ვიქნები მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, რადგან სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს და სიცოცხლე მაჩუქა. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ამ ომმა. როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე, ჩემი თანამებრძოლების საფლავზე ავდივარ ყოველთვის, მათ ვესაუბრები და ვგრძნობ, რომ ეს კავშირი უწყვეტი და მარადიულია.“
ჩემს მოგონებას დავასრულებ ბექა ქურხულის სიტყვებით: „როდესაც აფხაზეთის ომის კადრებს ვუყურებ, როცა მახსენდება, ამ არაორგანიზებულ, არეულ შპანას, რომლის ყოველი ათეულიდან, ერთი პოეტი იყო, მეორე ფიზიკოსი, მესამე ნარკომანი, მეოთხე ძველი ბიჭი, მეხუთე შილდელი მოჭიდავე, მეექვსე ციხიდან გამოქცეული, მეშვიდე მეოცნებე, მერვე შეყვარებული, მეცხრე გიჟი და მეათე პარლამენტის დეპუტატი, როგორ ეჭირა ზუსტად 13 თვე და 13 დღე ფრონტის ხაზი, როგორ იგერიებდა სოხუმზე შეტევებს და 14-16 მარტს როგორ გადაუარეს მტერს, როგორ გაანადგურეს ტამიშთან დესანტად გადმოსხმული ყველაზე ელიტარული და გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო სპეციალური ქვედანაყოფი „ლეტუჩიე მიში“, როგორ ებრძოდნენ ყველას, რუსულ რეგულარულ არმიას, თავისი ავიაციითა და არტილერიით, კაზაკებსა და ადიღებს, ჩეჩნებსა და ყაბარდოელებს, ბაგრამიანის სომხურ ბატალიონს და აფხაზებს, იბრძოდნენ უიარაღოდ, მოუმზადებლად, სულელურად, უდისციპლინოდ, აბსოლუტურად მარტოები, ჩვენი თბილისელი ქურთის ბიჭების ანაბარა და მაინც როგორ მაგრად იდგნენ, თეთრი გაცვეთილი ბოტასებით და გახუნებული, სხვადასხვანაირი კამუფლაჟებით და კიდევ დიდხანს იდგებოდნენ, შევარდნაძის დედა და მისი ცნობილი ხელშეკრულებები რომ არა, როცა მახსენდება როგორ იბრძოდნენ და როგორ წავიდნენ უკანმოუბრუნებლად, ჟილკიანები და ოხრები, ტარტაროზები და მაგრები, სულ მგონია, რომ ამ ომში საქართველო კი არ დამარცხდა - მოკვდა! არა, საქართველო ყოველთვის იარსებებს, განათებული შეღებილი, გამჭვირვალე პოლიციის განყოფილებებით, სარფის საბაჟოებით, სასტუმროებით, „ფანტანებით“, „მოტო-ველოთი“, ისევ დამარცხდება და ისევ იზეიმებს. მაგრამ ეს სხვა საქართველო იქნება. ის საქართველო კი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზე ხელაღებული საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა. ომში და არა ლოგინში!“
|