საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„და ვითარ ბჭეებს მივადგებით ჩვენ მიმწუხრისას?!“ (გაგურული დღიურები. წერილი მეოცე)
ლელა ჩხარტიშვილი
შალვა ხუხუნაიშვილი

გაგურული დღიურები. წერილი მეოცე.

„და ვითარ ბჭეებს მივადგებით ჩვენ მიმწუხრისას?!“

 

ცხოვრებას გზას ადარებენ...

„ვრცელ მინდვრებში

მზით განათებული

ბილიკი მიიკლაკნება.

როგორ არ მომაგონდეს გზა,

რომელზეც მოკლედ ვამბობთ: „ცხოვრება“!“

(იაპონური პოეზიიდან)...

ადამიანები სულ გზაში ვართ. ბედისწერაატანილები რა გზებზე მივალთ.

ბინამონატრებულ, უსახლო სულებს, მარადიულ მგზავრებს ვგავართ. გავხედავთ გზას და თითქოს ვხედავთ გრძელ რიგს „ზაფხულების, ზამთრების და გაზაფხულების, წლების ძაფით ნემსივით  რომ გაძვრნენ ჩვენს სხეულში.“ (ხარანაული).  წარმოვიდგენთ ბედისწერის უაღრესად სახიფათო მოსახვევებს. ცხოვრების გზა-ბილიკებს, დაქსელილ ნაკვალევებს. თოვლზე თუ წყალში დატოვებულ ხელნაწერებივით ნაფეხურებს, რომელთაც, მართლაც „უბეში ვერ შეიგროვებ..

ჩვენი ბავშვობა, ჩვენი სიყმაწვილე, სიყვარული ამ მწვანე მინდვრებზე დაბაკუნობდა“, და რა დასანანია, რომ „ახლა  აქ მხოლოდ ნაფეხურებზე ვართ დაპატიჟებულნი.“  თვალწინ წარმოგვიდგება ბენზინის სუნით გაჟღენთილი ავტობუსები. დახლართული ჩიხებისკენ მიქცეული სათადარიგო ლიანდაგების შავი განტოტებები, ჩაყვითლებული ბალახებით და კვამლისგან გაშავებული რელსებით.  ლიანდაგები, ბალახისგან და ტალახისგან დაჯაბნილნი, გაუქმებულნი; მთვარის მძიმე სხეული, რკინიგზაზე გადაგორებული. მთვარის სხივი ხომ ყველაფერს ალამაზებს. რელსებზე დაღვრილ მაზუთსაც კი.  ყურში ჩაგვესმის  რკინიგზის სადგურების დაძაბული გუგუნი, ღამის დილეგში ჩაკარგული. ძრავების ნაცნობი მელოდია. გულისა და გზის სიმღერა, ყვირილი, გუგუნი, სიმფონიად ქცეული. გვახსენდება იმ ქალის საგანგებოდ გადაპრანჭული ხმაც, მორიგი რეისის გასვლას რომ აცხადებდა. რკინიგზის სადგურები, ჩვენი შეხვედრებისა და განშორებების ხსოვნის,   დავიწყების ცეცლხშეუხებელი  ყუთები. ლავასავით მთვლემარე მატარებლები...რამდენი  სიხარული გაჰყვა მათ..რამდენი ცრემლი და ღიმილი...„რამდენი მზე და სასოწარკვეთა“... გალაკტიონის განწყობა: „მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?!“ ვაცილებთ სავსე მატარებლებს, ავტობუსებს, ხომალდებს და თვალს  ვეღარ ვაცილებთ. ასეა თუ ისე, ჩვენ ვმოძრაობთ საკუთარი მარშუტებით, ვხვდებით უცნობ ადგილებში, ვაღწევთ ჩვენივე გამოცდილების კულისებში და ყველანი, ვისთან შეხვედრაც მოგვიხდა, რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში თავიანთი ხმებითა და თავიანთი შეხებებით. სულ გვეფიქრება: „ნეტავ, როგორი იქნებოდა  ჩვენი გზა, ამ გზაზე რომ არ წავსულიყავით“, მაგრამ ჩვენს ჩვენ ნაბიჯებს მივყვებით: „ნაბიჯი შენ. ნაბიჯი შენ!“ „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო“...ვიღაც გვირჩევს...და მაინც, თითქოს ვიღაც, უხილავი არსთაგამრიგე ავლებს ჩვენთვის მარშრუტებს, ვიღაც მიგვმართავს საჭირო დროს საჭირო ადგილისაკენ. მივხეტიალობთ მიზნისკენ, ვხვდებით ათას სიძნელეს. ვეძებთ მიზანს, რომლითაც აღგვბეჭდა  განგებამ და რომელიც  კვლავინდებურად შორეული და მიუღწეველი რჩება. ვერ ვიგდებთ ხელთ. მიგვაჩქარებს დრო. საათი.. წამი წამს მისდევს. მივუყვებით  რწმენის ბილიკებს. ვსწავლობთ ცხოვრების დიდ გზაზე გასვლის ხელოვნებას. ცხოვრებისას, რომელიც დაუდგრომლად მიედინება თავისი ტკბილ-მწარე მიმოქცევებითა და ცრემლიან-სიციალიანი შენაკადებით.

წმინდა ბასილი დიდი წერს: „ჩვენ ყველანი გზაში ვართ, ხოლო ეს გზა შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: ამ ცხოვრებაში შენ მგზავრი ხარ, ყოველივეს გვერდით ჩაუვლი, ყოველივეს უკან იტოვებ.. შეგხვდება გზაზე მცენარე, ბალახი, წყალი თუ სხვა რამე ღირსი შენი შეხედვისა, მცირე ხანს დატკბები, შემდეგ კი ისევ გზას გააგრძელებ. კვლავ შემოგხვდებიან ცხოველები, ქვეწარმავალნი, ეკალნი ან სხვა რამე უსიამოვნო, ცოტა ხნით შეწუხდები, შემდეგ კი დატოვებ; ასეთია სწორედ ცხოვრება: არც მხოლოდ მუდმივი ტკბობა და არც მხოლოდ დაუსრულებელი მწუხარება."

მივდივართ გზაზე და  მასზე აღიბეჭდებიან  ნაცნობები, ბავშვობის შეუცვლელი, ძველი მეგობრები, ახალი მეგობრები, თანაკლასელები, მეზობლები, ნათესავები, სახეებისა და ფიგურების განუწყევეტელი რიგი, წარსულის აჩრდილები, მთელი ცხოვრება, მთელი მეხსიერება. უკან  რჩება  ჩვენი საბრალო წარსული, თითქოს ზურგი გვაჩვენაო.  ვეება ხეების ნაფოტებივით   წარმომდგარი ჩვენი ცხოვრების ფრაგმენტები, დაუმორჩილებელნი, რადგან ვეღარ შემოვაბრუნებთ, როგორც სიზმარს, ვეღარ შემოვირიგებთ. მართლაც რომ, ფრაგმენტებად გაელვებული ჩვენი წარსული...

 

სხვადასხვანაირად მღერის გზა.  სხვანაირია მზეში ამოვლებული გზის  მუსიკ

ა,  ტონალობა. ხეთა ჩურჩული ამ გზაზე. საამო მოსამენია  ფეხქვეშ თოვლიანი მიწის ხრაშუნი თუ ნეშოს სრიალი, ღამის მდუმარებაში მდინარის სრბოლა და ბუტბუტი, რაკირუკი, მრავალსაუკუნოვანი, ქანდაკებასავით მდგარი  ხეების მრავლისმეტყველი  და ხმაურიანი დუმილი ამ გზაზე,  უმოწყალო ქარბუქების  ხმა, მკაცრი დროების ქარის ქროლვა, მტრულად მომზირალი ნოემბრის ცის ქვეშ. ღამის სიგრილეში მითოხარიკებული ცხენის ფლოქვების ხმა, თქარა-თქური ანდა რბილი ბაკუნის მელოდია. ავტომობილების სოლო და ქორო, და ამ ყველა ხმის გადამფარავი   „გრუზავიკების“ ტლანქი გრუხუნი. „ადგილის დედის სულს ალბათ სადღაც ჰყავს შენახული ეს ხმები, მაგრამ ის მიზანსცენები და დეკორაციები უკვე გამქრალია.“ ხსოვნაში იხლართებიან ძნელი და ვიწრო გზები, ხიფათებისა და ფათერაკების. ჩვენი ნაკვალევი ამ გზებზე და წვიმა, რომელიც ყოველგვარ ნაკვალევს შლის. ნეტარ მოგონებებსაც ხომ თავისი გზა აქვთ. მეხსიერებაში კრთება ჩვენი ჩრდილები ლამპიონებით განათებულ და მდუმარებით გაოცებულ  გზაზე, დამფრთხალი ჩრდილები. სულ თვალწინ მიდგას.. ბავშვობაში, უჩვეულოდ განრიდებულ მწუხრში, დედას რომ მივყავდი მთვარით ნაფერებ გზაზე. მთვარე გვირიგებდა ჩრდილებს, რომლებიც იკარგებოდნენ სხვა ვეებერთელა, მძიმედ დაწოლილ  ჩრდილების ფონზე. მაგრამ დედა-შვილობა ჩემთვის ჯიუტად  და მტკიცედ   ასოცირდება იმ ორი ფიგურის ჩრდილთან, მაგრად ჩაბღუჯულ ხელებთან. ბავშვობის ბედნიერ საუფლოსთან, რომელსაც თვალი და ხელი ფარავდა დედის, მისი ენითუთქმელი ზრუნვა იცავდა. ბავშვობის დაკარგვა კი  ასოცირდება   ცხოვრების გზის იმ მონაკვეთთან, როდესაც დედას ხელი გავუშვი, დედას,  ყველაზე დიდ ყავარჯენს ცხოვრებაში. მეხსიერებაში სულ ტორტმანობს სევდის მტვრით სავსე გზის ის საბედიწერო მონაკვეთი, გზაჯვარედინი. და  ხუჭუჭთმიანი დედის ჩრდილი შინისკენ მიმავალ გზაზე, ცხოვრების უგზოუკვლობაში გზად და ხიდად ნათელივით გაფენილი.

 

 

„მე გზასა ვგავარ უმთვარო ღამით,

ჩუმად რომ უსმენს მოგონების სათუთ ფეხის ხმას.“ (რაბინდრანათ თაგორი).

 

გზაზე ბევრი ფიქრი და სურვილი  იბადება. „მიჰყევი გზას. სხვა გემო აქვს გზაში მიხვედრილს.“ (ხარანაული). „გზის ნაუბრით ჩვენთვის შინაური ხდება ჩვენივე შორეული წარმომავლობა.“ (მარტინ ჰაიდეგერი).

მართლაც, მარადიული კითხვაა:  „საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?!“ (გალაკტიონი)

 გურულმა კაცმა, შალვა (შაკო) ხუხუნაიშვილმა ლამის  მთელი ცხოვრება, რომ იტყვიან,  გზაში, ბორბლებზე გაატარა. მან თავის  საქმედ მძღოლობა აირჩია.  ეს საქმე  აიძულებდა მას  სულ მოძრაობას და გაჩერების საშუალებას არ აძლევდა. მიჩვეულიც იყო ამას. ყმაწვილკაცობიდან მოყოლებული, ოცდახუთი წელი მანქანის საჭისთვის ხელი არ გაუშვია, რადგან ბედმა მას ცხოვრებაში მძღოლის ფუნქცია დააკისრა და უნებურად თანამონაწილე გახადა სოფლის ყოფიერების, მისი ჭირისა და ლხინის.. გოდერძი ჩოხელი წერს:  „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.“ შაკო ხუხუნაიშვილის მოთხრობა და „ოდისეა“ გურიის ერთ ლამაზ და პატარ სოფელ „გაგურში“ დაიწყო.  სოფელში ყველას ახსოვს მისი „რაფის“ ბორბლებით აყენებული მტვერი გზისპირა თხრილებში. ყოველდღიურად  გასავლელი გზა სოფლიდან ქალაქისკენ და პირიქით. გზა, რომელიც სოფელში  დაბადებულ კაცს   ბავშვობის ზღაპარს ეჩურჩულებოდა. სიყმაწვილე ამ გზით უღიმოდა. ამ კაცმა ყველას  ლამაზად  დაამახსოვრა თავი  თავისი იუმორით, უწყინარობით, უპრეტენზიობით, სიმშვიდით,  თბილი ღიმილით,   თავმდაბლობით, პატიოსნებით, უანგარობით,  სიკეთითა და  სიყვარულით.  მთელ სოფელში ლეგენდად დარჩება მისი მძღოლობის კურიოზებით სავსე მხიარული თავგადასავლები, მუდამ ტკბილად მოსაგონარი..მისი უსზღვრო ჰუმანურობა და კეთილი საქმეები. იშვიათი პიროვნება იყო, მშვიდი და გაწონასწორებული, მომღიმარე, უბოროტო და კეთილი; მასში ვერასოდეს იგრძნობდი იმ სიმძიმეს, ამპარტავან, დაბოღმილ ადამიანებს რომ ახასიათებს. სულნათელი, თავმდაბალი, სოფელს უპრეტენზიოდ ემსახურებოდა, უხეშობისა და განაწყენების გარეშე.. ბოლო წლებში მოსწავლეებსაც ემსახურებოდა. ბევრი დაუვიწყარი ექსკურსია ახსოვს  სოფლის  სკოლას მის მიერ მშვიდობიანად დასრულებული, ზოგიც პედაგოგი მეუღლის საპატივცემლოდ, უანგაროდ გაწეული.  უეცრად და ადრეულ ასაკში (45 წლის) წამოეწია ვერაგი სიკვდილი.  იგი კორონამ იმსხვერპლა. მაგრამ  წავიდა ვალმოხდილი,

შრომით დაღლილი და ყველასათვის კაცურკაცობის მაგალითის მიმცემი.

უბრალოება უყვარდა. ამიტომაც უბრალოდ მგონია რომ მის ნათელ ხსოვნასაც ასე მოუხდება: „მამა ბრუნდება!“ _ ცის გახსნასავით ელოდა   მეუღლე და ორი ქალიშვილი მის ჩამოსვლას,  ანუ სამსახურიდან დაბრუნებას. უხაროდათ ეს ამბავი და ერთმანეთს ასწრებდნენ   ხარებას. ყველას აოცებდა  თავისი  გულთბილობით,  ალალ-მართლობით, გულუხვობითა და დიდსულოვნებით; როგორ  უხაროდათ  მისი სიცოცხლე, მისი  ჩამოსვლა,  მისი ნახვა, მისი  ხმის გაგონება... მისი გამოჩენა  ყველგან. არაფერი ისე არ უხდებოდა სოფელს, თავის ეზოს, გზას,  როგორც ეს კაცი. სხვანაირ ხალისს ჰმატებდა. გურიისკენ რო აიღებ კაცი გეზს და ტრანსპორტში ჯდები, აი მაქედანვე იწყება თავგადასავლები. პირველი ფურცელი სწორედ ტრანსპორტში იწერება. რაც დიდია გზა  რომელიმე  პუნქტიდან გურიისკენ,  მით მეტ ამბავს მოისმენთ ანეგდოტის, მოთხრობის და მოლექსვის სახითაც. შაკო მართლაც გურიის სახე გახლდათ. მანაც ფურცელ -ფურცელ  იმოგზაურა  მეოცე საუკუნის დასასრულისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქარტეხილიან დროში. მისმა ბავშვობამ სოფელ გაგურის გზებით ჩაიარა. თავისი რაფით რომ დაადგებოდა ქალაქისკენ მიმავალ სოფლის შარა-გზას, სოფლის ჯანსაღ ჰაერთან, აკაციების ტკბილ სურნელთან  ერთად თავის ბავშვობასაც შეისუნთქავდა ღრმად. იმ გზაზე ისევ ის ბავშვი უღიმოდა, რომელიც გულიდან არსად წასულა. ის გულწრფელი და გულალი ბავშვი, „ისევ დამჯერი, კეთილი და ცოტა "სულელი"..სოფლის ტლაპოები და ფუნის სუნით გაჟღენთილი ტალახიანი ორღობეებიც ლამაზი იყო მისთვის და იდუმალი, რადგან სიყვარულის თვალით ხედავდა. ამ გზაზე ცოცხლობდა  ყველაზე ღრმა, ყველაზე სუფთა ფიქრები. ამ გზას თან ახლდა  სიბრძნეც, რომელიც   იელვებდა  ფიქრად: ყველაფერი და ყოველივე უსასრულოა. ეს გზა იავნანასავით მღეროდა; იავნანასავით, რომელსაც ვერავინ ივიწყებს, სოფლის ეკლესიის ზარის სევდიან და ტკბილ ხმოვანებასავით, რომლის სიჩუმეც უფრო ჩუმი ხდება  უკანასკნელ დარეკვასთან ერთად.  ამ გზაზე ისევ ისე, როგორც ბავშვობაში,  ყვაოდნენ იასამნები.  ისევ  იდგნენ სანთელივით ცას აკრული, პატარძალი, მწვანე გუმბათიანი  კვიპაროსები ნისლის ფატებით. ფიქრშისესული მოხუცი კაკლის ხეები.  ლამაზად გაწოლილი მინდვრების მწვანე და თბილი ლეიბები. დაფნების მწკრივი ჯარი. ირგვლივ უწყინრად მოლიკლიკე რუები და მთვარისფერი  რუის გვირილები. ყველაზე გენიალური მხატვრის, თავად ბუნების მიერ შესრულებული სურათები, დაუვიწყარი საყვარელი სახეები: ქარის ქროლვით აღელვებულ და ოქროსფრად მოელვარე  ყანებში დაფრქვეული მთვარის ნათელი, ქედებზე დარწეული მზიანი ნისლები. ნისლის პერანგით შემოსილი, მხრებზე ნისლმოხვეული  მთები.. და ნისლიანი ფიქრები. სულში ნისლივით შემოხეტებულნი. ჭრელკაბა მდინარეები. ღელე, ბავშვობის სარკე, ბავშვობის დღეებივით სპეტაკი და ანკარა, ღრმა, ჩაუწვდენელი.  „უშორეს ზღაპრად აშრიალებული“ ვერხვები, მოჩურჩულე  ჭადრები, საიდანაც ბავშვობის დღეები იკრიფება, როგორც ცხოვრების ფურცლები. ამ გზიდან  უმზერდა  სიყმაწვილის ტკბილი სიყვარული. პირველი პაემანი, პირველი კოცნა. ამ გზაზე ისმოდა ზამთარში მარტოობით გაყრუებული სოფლის თეთრი შრიალი, იხილვებოდა თოვლის თეთრი სილამაზე. ყინვიანი ღამის ლურჯი ნათება. შეციებული ოდების ჭრიალის ხმა. უმოწყალო, ალქაჯი ქარების ზუზუნი, მათი  კაკუნი კარებზე. საღამოების უხმო სიმღერა, ცისფერი  საგალობელი და მის სმენაში გატრუნული სერები და მინდვრები.   საქონლის  ჩლიქების ნაკვალევი მიწაზე და  ზარ-ზანზალაკების წკარუნის ხმა საღამოს ბინდჩამოწოლილ სოფელში. ხავერდოვან მტვერში გამკრთალი ცხენის ფშვინვა-ფრუტუნისა  და ფლოქვების მინორული მუსიკა. გრძნეული ხელით ნახატი პეიზაჟები. სიყვარულით ამოფერილი ლაჟვარდები. ახმიანებული ჭიუხები. მოჟღურტულე ბავშვებით ახმიანებული გზა. არე-მარეს მოფენილი მათი მხიარული ნავარდის ხმა. ახალი დღის შესახვედრად ღიმილით ამოგორებული მზე. ვარდისფრად მნთებარე გადასახედი. ჟოლოსფერი აისები და დაისები. მერცხლებს შემოტყუებული გარიჟრაჟები. სამრეკლოებში გამავალი ღრუბლები. წელიწადის დროთა შესაფერისად მონაცვლე  ბუნება, ხან მომცინარი, ხან მომტირალი. ატმებისა და ალუბლების რენესანსები. მინდვრების ფარჩის  სიმწვანის, სიხასხასის, აღმატებითი ხარისხის, მუქი და მჭახე ფერების ზეიმი. ხავერდოვან ფერთა საოცრება. მერე კი ფერისცვალება, გაფერმკრთალება, გაფითრება, გახუნება. მწვანის მოკლება. „ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება: დილას ჰყვავის და ფერს იცვ

ლის, საღამოს ჭკნება და ხმება.“ (ფს. 89, 6-7). „ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს“ (ფს. 102, 15-16). მრავალსაუკუნოვანი დუმილით მდგარი ხეები, ბებერი ცაცხვები, მზრუნველი  მზერით გამცილებლები წუთისოფლის გზაზე ხან სამშობიაროებში, ხან სასაფლაოებზე. აბიბინებულ ნათესებსა და ამწვანებულ მდელოთა შორის გაჭრილი გზა, რომლის „ნაუბარიც მხოლოდ მანამ  ხმიანობს, სანამ არიან ადამიანები, მის სურნელში დაბადებულნი და მისი გაგების შემძლენი.“ გოდერძი ჩოხელი წერდა: „როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა _ სიყვარული!“

ყველაფერი იცვლება  ამ მიუნდობელ საწუთროში. მხოლოდ ბუნება არ იცვლის ფეხს ადგილიდან.

სად არ  გვატარებს წუთისოფელი, სად არ ვიარებით, მაგრამ  ვერსად ვნახულობთ  მსგავს საოცნებო მხარეს. გულს  ელამუნება   მშობლიური  მიწა, მთები, მდინარე, ჭალა. ჩვენი ქოხი გვეფერება ისევ.

 

დაქოქავდა შაკო თავის „რაფს“ და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  ოროხ-მოროხი (ძნელად სავალი), აჩხიბარკული  (უსწორმასწორო) გზები,  ქანცგალეული, დაღლილი დღეები, ზოგჯერ ნაცრისფერი, ტყვიისფერი, უმზეო, შავლაშქრიან ღრუბლებში გახვეული, ზოგჯერ კი ლაღი, ანთებული, კეთილი, გაზაფხულის შუქ-ჩრდილში, მზით გაცისკროვნებული  მოლივლივე.  ამ გზაზე იშლებოდნენ მოგონებები და ისიც ბავშვივით ედევნებოდა მათ. „ჰოი, ტკივილო მოგონებათა“. მიდიოდა თავისი რაფით ეს უწყინარი კაცი და მიიკარგებოდა  თავის ფიქრსა და ოცნებაში. ამ გზებზე მის წინ მოჩვენებებივით აღიმართებოდნენ  შენობები, საგნები,  რომლებთანაც დაუვიწყარი წამები იყო  დაკავშირებული  წარსულის ცეცხლგამძლე მოგონებებისა. ყველამ და ყველაფერმა თავისი წილი წაიღო, შეჭამა,  შთანთქა.  მაგრამ  არსებობენ დროის ხანძარს გადარჩენილი ნეტარი წამები, რომლებიც სულ  ანთია. როგორ უსწრაფესად ილეოდა  უკაცრიელი, მირაჟივით  გზა მაშინ, ბავშვობაში. როგორი მარადიული ჩანდა ყველაფერი. მათ შორის კარგი, ლამაზი, კეთილი, ბედნიერი სოფელი,  მთვარის შუქდაფრქვეული, ზღაპრული, სადაც ყველაფერი წმინდა იყო. და რომელიც უკანმოხედვისას, შორიდან  პატარა, წერტილისოდენა ჩანდა და ანათებდა, ფოთლებში ჩამალული ელნათურასავით.   იმ სოფლის მოლანდებაც გამოაშუქებდა ხოლმე, იმ უხილავი სოფლისა, მომავალში რომ ელოდებოდა. ყველაზე უკეთესად ხომ  მშობლიური სოფლიდან მოჩანს ის ზეცა, რომელიც გევლოდება და თავისკენ გვიხმობს. „ყველა ადამიანს თავისი სულის სიღრმიდან მოესმის უსასრულობის ძახილი. უსასრულობაა ადამიანის შორეული სამშობლო და მისი ნოსტალგია ბადებს მარტოობის, მოწყენილობის, დაუკმაყოფილებლობის განცდას.“

„გზები გაუვალი

და გზები გავლილი -

გულისტკივილით მაქვს

ყველა შესწავლილი.

 

ადის მწერვალზე, თუ

ჭაობში ეფლობა -

ერთი ნიშანი აქვს:

დაუსრულებლობა.“ (გალაკტიონი).

და  მართლაც, „განა საით მივდივართ? _ მუდამ შინისკენ!“ (ჰერმან ჰესე). ყოველდღიურად ვუახლოვდებით ჩვენს ბინას, ყოველდღიურად აღვავლენთ ჰიმნებს  ჩვენს ზეციურ მამასთან  ყოველდღიური მიახლოების. „ვსხემობთ სასოწარკვეთის ღამეულ გზებზე, რათა ბოლოს და ბოლოს მოვიდეთ შენთან.“ „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფს. 24, 4).

შაკო ხუხუნაიშვილს, მუდამ გზებზე გაკრულს,  მგზავრობაში დახელოვნებულს, „თავისი ცხოვრების ნახევარ გზაზე შემოაღამდა.“  ..მისი გზის სიმღერაც დასრულდა ამ „გზებმიუვალ ქვეყნიერებაზე“...„და ვითარ ბჭეებს მივადგებით ჩვენ მიმწუხრზე _ მგზავრობის ბოლოს..." (რაბინდრანათ თაგორი).

გაზაფხულის ლორთქო ამღელვარებას დაემთხვა მისი გარდაცვალება და ატმის ყვავილებით დათოვლილი  გზით (თითქოს მისი ნაკვალევი ყოფილიყოს), აიყვანეს სოფლის სასაფლაოზე.

„წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას

ზღვათა ქუხილით, წყალთა ლიკლიკით...

და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს

შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!“ (გალაკტიონი).

 

მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა.


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq