საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

აკაკი გაწერელია – „კნუტ ჰამსუნი და საქართველო“
გაიოზ მამალაძე

1859 წლის 4 აგვისტოს დაიბადა დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი.

ჩემი აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, დიდი ნორდიელი მწერალი, რადგან გერმანული კულტურის დიდი მოყვარული იყო ყოველთვის, გერმანოფილი. ალბათ, ნორდიული განწყობა ჰქონდა. ამიტომ, ჰიტლერისადმი სიმპატიას გამოხატავდა. ჰიტლერიც ხომ ნორდიული რასის აღორძინებაზე ოცნებობდა. თუმცა, ჰიტლერი დანაშაულის გზით წავიდა. მოხუც მწერლებს, ხშირად იდეალიზმი, გულუბრყვილობა ახასიათებთ. ჰიტლერისადმი სიმპატიის გამო 1945 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა მერე გაათავისუფლეს მოხუცებულობის გამო და ფულადი ჯარიმა აკმარეს. შვილმაც კი დაგმო მისი საქციელი. ალბათ, რა მწარე განცდებში იყო შერისხული და საკუთარი შვილისგანაც განსჯილი… მაგრამ, მისი შემოქმედება არავის დაუგმია. დღესაც აღფთოვანებულია მილიონობით ადამიანი მისი ნაწარმოებებით.


მიუხედავად ყველაფრისა, რაც შეიძლება მას დააბრალო, პოლიტიკურად, სოციალურად, ის ადამიანების დიდი მოყვარულია და სძულს ისინი, ვინც მათ ჩაგრავს.

ნორდიული მსოფლგანცდის მწერალს ძალიან უყვარდა საქართველო.

მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი ქართველი მწერლისა და ლიტარატურათმცოდნის აკაკი გაწერელიას წერილს „კნუტ ჰამსუნი და საქართველო“. წერილი ძალიან საინტერესოა, აკაკი გაწერელია ბევრ საინტერესო რამეს გვიამბობს და ქვეტექსტებითაც გვეუბნება.

აკაკი გაწერელია

კნუტ ჰამსუნი და საქართველო


დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი დაიბადა 1859 წლის 4 აგვისტოს. ჰამსუნი მისი ფსევდონიმია, მომავალმა მწერალმა იგი აიღო ჩრდილო ნორვეგიის სოფელ ჰამსუნდის სახელწოდებიდან. აღიზარდა პროვინციელი მკერავის ოჯახში. სოფელშივე დაამთავრა პირველდაწყებითი სასწავლებელი. ცხრა წლამდე იზრდებოდა ბიძასთან, რომელიც მას მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ავალებდა. 17 წლის კნუტ ჰამსუნი უკვე მაწანწალას ცხოვრებას ეწევა. 1881 წელს იგი მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ლიტერატურულ წრეებში მოხვდება, რაც ახალგაზრდა ნორვეგიელის ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. მაგრამ ჰამსუნი ჯერ კიდევ არაა მწერალი და ლუკმაპურის ძიებაში ოცდაორამდე პროფესიას იცვლის – იყო მტვირთავი, მიწისმთხრელი, ქვისმთლელი და სხვ. მოიარა ევროპის ქვეყნები, მეორედ მიემგზავრება ამერიკაში და მხოლოდ 1886 წელს საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში. 1918 წელს სამუდამოდ მკვიდრდება საცხოვრებლად შერჩეულ დაბა ნორჰოლდში, სადაც გარდაიცვალა 1952 წლის 19 ნოემბერს.

1890 წელს ჰამსუნმა, უღიმღამო ლიტერატურული ცდების შემდეგ, გამოაქვეყნა შესანიშნავი პროზაული ნაწარმოები „შიმშილი“, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნორვეგიელ და ევროპელ მკითხველზე. განსაკუთრებული სიყვარულითა და აღტაცებით შეეგებნენ ამ მოთხრობას რუსეთში, მწერლის ეს ქმნილება სიმბოლისტური მსოფლგაგების ერთ-ერთ დროშად იქნა მიჩნეული. მაგალითად, „შიმშილის“გმირის, ღატაკ კრისტიანინის ფანტასტიკური წარმოდგენებით იყო მოხიბლული ანდრეი ბელი, რომელიც თავისი განთქმული მემუარების პირველ წიგნში „ორი რევოლუციის მიჯნაზე იგონებს, თუ როგორ ეხუმრებოდა მამამისი, გამოჩენილი მათემატიკოსი ნიკოლაი ბუგაევი, ჰამსუნით გატაცების გამო და ეკითხებოდა: „კაკ ტვოი კნუტ?“ ტიციან ტაბიძემ კი „შიმშილიდან“ აიღო თავისი ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსის სათაურად სიტყვა „ილაიალი“.

„შიმშილს“ მოჰყვა კ. ჰამსუნის შემდეგი ნაწარმოებები: „მისტერიები“ (1982 წელს ქართულად თარგმნა თამარ აბრამიშვილმა და ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1985 წელს. თავის დროზე ამ რომანს მოკლე, მაგრამ აღტაცებული სტრიქონები მიუძღვნა კ. გამსახურდიამ), „პანი“ (1984), დრამები „აღსავლის კარებთან“ (1985), „ცხოვრების ბრჭყალებში“ და „ცხოვრების დრამა“ …XIX საუკუნის ქება-ქებათა „ვიქტორია“ (1898 წელს, მცირე მოცულობის მოთხრობა, რომელიც ქართულად თარგმნა ილია აღლაძემ რევოლუციამდე), რომანი „სოფელი სეგელფოსი“, სამ აქტიანი პიესა „დედოფალი თამარი“ და სხვ. 1920 წელს კნუტ ჰამსუნი აქვეყნებს რომანს „მიწის მადლი“. იმავე წელს მწერალს მიანიჭეს ნობელის პრემია ამ ნაწარმოებისათვის.

ცნობილია, რომ კნუტ ჰამსუნს ბევრი უმოგზაურია. იყო ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში და კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მისი შთაბეჭდილებების ნარკვევს ეწოდება „ზღაპრულ ქვეყანაში“(1903), რომელსაც სპეციალურად შეეხო მამია ჩორგოლაშვილი 1987 წლის 8 ივლისის გაზეთ „თბილისში“, სათაურით „მე ხომ მტკვრის წყალი დამილევია“…ჩვენ ქვემოთ ამ სტატიიდან მოგვაქვს ციტატები კ. ჰამსუნის ნარკვევიდან საქართველოზე, რადგან მონოგრაფია, რომელშიც დაწვრილებით ვაანალიზებდით მას – 1941 წელს მოვსპეთ, ნორვეგიელი მწერლის იმ დროინდელი პოლიტიკური ორიენტაციის გამო (1941 წელს იგი უნდა შეგვეტანა წიგნში „წიგნები და ავტორები“). უფრო დაწვრილებით ამ საკითხის გამოც.

როგორც ცნობილია, ფაშისტურმა გერმანიამ 1941 წელს მოახდინა ნორვეგიის ოკუპაცია და იქ ჰიტლერმა თავის გაულეიტერად დანიშნა კვისლინგი. კნუტ ჰამსუნი კმაყოფილებით შეხვდა სამშობლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას და კვისლინგთანაც მალე გამონახა საერთო ენა. კ. ჰამსუნის არაერთგზის კაპიტულიანტურ გამოსვლას გერმანიის დასაცავად მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი აღშფოთებით შეხვდა. 1941 წელს გაზეთი „პრავდა“ ასე გამოეხმაურა კ. ჰამსუნის იმ პერიოდის ერთ-ერთ სტატიას: „კნუტ ჰამსუნი ცოცხლად ლპება. ოსლო, 24 იანვარი (საკდესი). დღეს პრესის დირექტორატის, სატახტო ქალაქის ყველა გაზეთმა დაბეჭდა კნუტ ჰამსუნის ინტერვიუ. ჰამსუნმა განაცხადა: „ნუ მეკითხებით ნორვეგიაში არსებულ განწყობილებაზე. ამაზე პასუხს არ გაგცემთ. მე ყური მოვკარი, რომ ზოგიერთნი ძალზე უკმაყოფილონი არიან ნორვეგიაში გერმანული მმართველობით. ზოგ ჩვენთაგანს, ნორვეგიელს, სწადია გმირად იქცეს, ზოგს უნდა მოწამებრივი გვირგვინი დაიდგას. მე გავიგონე ამ ფსიქიატრზე (იგულისხმება ექიმი შარფენბეოგი), რომელიც გამოდის ჩვენი ახალი სახელმწიფოებრივი მმართველობის წინააღმდეგ, ამტკიცებს, თითქოს იგი არ შეესაბამება ნორვეგიის კონსტიტუტუციას. მაგრამ კანონი განა წინ უსწრებს ცხოვრებას? არა ცხოვრება ცვლის კანონებს. გავიხსენოთ 1905 წელი. მაშინაც იყვნენ გმირები, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ მოვლენათა განვითარების წინააღმდეგ. მათი პროტესტები ყურად არ იღეს, ცხოვრება კი თავისი გზით მიდიოდა, საკითხების ზედაპირული განხილვა და შუა გზაზე შეჩერება არ შეეფერება ახალ გერმანიას. ჩვენ უნდა შევურიგდეთ ახალ ვითარებას. ეს არა მარტო ჭკვიანურია, არამედ ამაშია ერთადერთი ხსნა ნორვეგიისა“. შეეხო რა თანამედროვე ნორვეგიულ ხელოვნებას, ჰამსუნმა განაცხადა: „წინათ ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ გვეზრუნა მუშურ პოეზიაზე, რომ ჩვენ ყველანი კომუნისტები ვყოფილიყავით. თუ არ ეკუთვნი ამ ჯგუფს, მაშინ შენ მხურვალედ დაგიწყებენ ყურებას, გაგრიყავენ. მწერლებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს, რომ თავიანთი პოზიციები არ დაეთმოთ. ამას წინათ აქ ხოტბას ასხამდნენ ორ ახალგაზრდა მხატვარს, რომ ისინი შესანიშნავად, კომუნისტურად ხატავენ, თანაც ამას აკეთებენ თითქოსდა პროლეტარიატის სასარგებლოდ. შეიძლება ეს მხატვრები დიდი შემოქმედნი გახდნენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი მუშაობა. კეთილმოსურნეობითი აგიტაციური ლაყბობა ხელოვნებაზე ვერ გახდის მათ დიდ მხატვრებად. მე მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ახალ ნორვეგიულ ხელოვნებაში ახლა შემიძლია ვიპოვო კვალი ჭაბუკური ოცნებებისა: მცირეოდენი რამ გაზაფხულის ღამეზე, მცირეოდენი ღმერთზე და მცირეოდენი შუბერტზე, პირველი შეხვედრის სიხარულზე, ზამბახებზე“.

„მოდით და განსაჯეთ, რომ კნუტ ჰამსუნი, ოდესღაც გამბედავი მწერალი, რომელიც რუსეთში სიმპათიით სარგებლობდა, ახლა, სიბერის წლებში ცოცხლადლპობადი ლეშია“. („პრავდა“, 1941, N25 (8433). 26 იანვარი. გვ.5); მოგვაქვს დამატებითი მასალა მწერლის საბედისწერო ლიტერატურული ნაბიჯების შესახებ. 1941 წელს გაზეთი „ზარია ვოსტოკა“ აქვეყნებს ცნობას სათაურით „თავისი ხალხის მოღალატე“. აი, ისიც:

„სტოკჰოლმი. 2. (საკდესი). კნუტ ჰამსუნმა, რომლის ამასწინანდელმა გამოსვლამ კვისლინგის დასაცავად მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის საერთო გულისწყრომა გამოიწვია, გამოაქვეყნა ახალი სტატია ნორვეგიულ გაზეთში. მასში ჰამსუნი საბოლოოდ უარყოფს ნორვეგიის დამოუკიდებლობის შესახებ ფიქრს და წერს, რომ ნორვეგია უნდა შევიდეს ევროპულ სახელმწიფოთა კავშირში ნაციონალურ-სოციალისტური გერმანიის ხელმძღვანელობით“ („ზარია ვოსტოკა“, 1941, 4 ნოემბერი).

ომის წლებში კნუტ ჰამსუნის წინააღმდეგ ენერგიულად აღიმაღლა ხმა ილია ერენბურგმა. 1942 წლის 20 მარტს გაზეთ „პრავდაში“ (იხ. N79 (8858), მან დაბეჭდა ვრცელი წერილი-ფელეტონი „ერთი ღალატის ისტორია“ („ისტორია ოდნოგო პრედატელსტვა“), რომელშიც აღნიშნავდა, რომ მან ოდესღაც დაწერა უნიჭო წიგნი რუსეთსა და კავკასიაში ყოფნის შესახებ „ზღაპრულ ქვეყანაში“; რომ იგი მონობის აპოლოგეტია: „ნაპოლეონს უჯერებდნენ აღტაცებით“, “Слушать это наслаждением и русский народ на это способен” (ჰამსუნი ამ პუნქტში არაპირდაპირ ამართლებს სტალინურ ტირანიას. ა. გ.). ი. ერენბურგი აღნიშნავდა, რომ ჰამსუნი ინგლისელებს თვლის „მხდალ და ზარმაც ხალხად“, ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბლეფის ქვეყნად“ აცხადებს და ა. შ. ი. ერენბურგი კ. ჰამსუნს უწოდებს „მსოფლიოში სახელგანთქმულ მწერალს“და რომ „ოდესღაც ამ შესანიშნავი მწერლის სახით ფაშისტურმა გერმანიამ ჰპოვა ერთადერთი მწერალი-მეხოტბე და ეს მაშინ, როცა თომას და ჰაინრიხ მანები ემიგრაციაში იმყოფებიან; სტეფან ცვაიგმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე; როლანი სდუმს (მის ბინაში გერმანელი ჯარისკაცები ჩასახლებულან); დუმს როჟე მარტინ დიუ გარი; ჟ. დიუამელის წიგნები გერმანელებმა დაწვეს; ანტონიო მაჩადო გარდაიცვალა, ხოლო მიგელ დე უნამუნომ სიკვდილის წინ დასწყევლა ფაშიზმი; თავი ჩამოიხრჩო ერნესტ ტოლერმა და ა. შ. და ა. შ. ბოლოს ერენბურგი ასკვნის: „ჩვენ არ დავწვავთ ჰამსუნის რომანებს, არ დავიწყებთ მისი ნიჭის უარყოფას. მაგრამ ჰამსუნი – მწერალი დიდი ხანია არ არსებობს, ხოლო ფაშისტურ წერილებს თვით გებელსი უკეთ წერს“.

მაინც რა მსოფლმხედველობრივი კრედო მოეპოვებოდა დიდი მწერლის ასეთ იდეურ მარცხს? ნაწილობრივ ამ კითხვას პასუხობდა 1981 წელს ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურაში“(N4, გვ. 287) დაბეჭდილი ინფორმაცია „ჰამსუნი და ჰიტლერი“, რომელშიც ნათქვამი იყო: გაზეთმა სტოკჰოლმ-ტიდნინგენმა“ გამოაქვეყნა ცნობილი მწერლის, საერთაშორისო ლენინური პრემიის „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ ლაურეატის არტურ ლუნგვისტის სტატია, რომელშიც სხვათა შორის ნათქვამია, რომ ავტორის აზრით „პიროვნული ანარქიზმი და ინდივიდუალიზმი იქცნენ ჰამსუნის კრედოდ. ამერიკაში ყოფნამ უბიძგა მას კიდევ უფრო წინ ევლო ამ მიმართულებით. ამერიკული ცხოვრების მისეული კრიტიკა დაუნდობელი იყო“. 1985 წელს დაწერილი მისი ერთი ლექსი უკვე ცხადყოფდა, რომ იგი ოცნებობდა ძლიერი პიროვნების, ხელისუფალისა და „რკინის სულისა და გულის კეისრის“ მოვლინებაზე. 1914-1918 წლების მსოფლიო ომმა „მიიყვანა ჰამსუნი გერმანიის მგზნებარე დამცველთა ბანაკში“ და რომ „ჰიტლერისადმი თაყვანისცემა მას გამოჰყვა გერმანიის დამარცხების შემდეგაც“, რისი მიზეზიც მწერლის „უკიდურესობამდე განვითარებულ ინდივიდუალიზმში“ უნდა ვეძიოთო.

კნუტ ჰამსუნის გამოსვლებმა გერმანიის მხრივ ნორვეგიის ოკუპაციის გამართლების მიზნით და კვისლინგთან მეგობრობამ გამოიწვია მწერლის დიდი ხნით იზოლაცია ომის დამთავრების შემდეგაც. კნუტ ჰამსუნი, კაპიტალიზმის მტერი და სოფლურ-პატრიარქალური ყოფის აპოლოგეტი, ჰიტლერის ერთგული დარჩა მიუხედავად ფაშისტური გერმანიის დამარცხებისა, იგი სამშობლოს მოღალატედ იქნა აღიარებული და გასამართლებული. ასაკმა იხსნა სამარცხვინო პატიმრობისაგან.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. მწერალი, რომლისთვისაც 1945-1949 წლები ფსიქოლოგიურ კატასტროფას მოასწავებდა, ბოლოს რეაბილიტირებულ იქნა, ვითარცა დიდი მხატვარი. უკვე შარშან გაზეთი „პრავდა“ იუწყებოდა: „რიგის კინოსტუდიამ დაიწყო გადაღება ახალი მხატვრული ფილმისა „ვიქტორია“, ნობელის პრემიის ლაურეატის, ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის ამავე სახელწოდების მოთხრობისა, რომელშიც მწერალი მოგვითხრობს კაცთმოყვარეობას, მოძვასისადმი თანადგომის, ნათელი სიყვარულისა და ადამიანის სულიერი სიმდიდრის შესახებ. ლადოგის ერთ-ერთი კუნძული და განთქმული კონცხი ვალაამი, რომელიც კარელიაში მდებარეობს, იქცნენ გადაღების ადგილად. მცხოვრებნი შეხვდნენ დასს, რომელსაც მეთაურობს რეჟისორი ოლგერტ დუნკერსი“ („პრავდა“, 1988, 25 აგვისტო, გვ.6).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობა კნუტ ჰამსუნზე, რომელიც შარშან დაბეჭდა ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურამ“. მოგვაქვს იგი შემოკლებით: „მამაჩემი კნუტ ჰამსუნი“. უდიდესმა ნორვეგიულმა გამომცემლობა „გიულდენდალმა“ახალ გამოცემად გამოუშვა ჰამსუნის წიგნი „მამაჩემი კნუტ ჰამსუნი“(წიგნი პირველად გამოვიდა მწერლის გარდაცვალების წელს, 1952 წელს).

„ტურე ჰამსუნის წიგნი“- საფუძველმდებლური ბიოგრაფიული შრომაა ჰამსუნზე და შეუძლებელია გამოყენებულ არ იქნეს მწერლის ყველა სახის ბიოგრაფიისათვის“. წიგნი „გასაოცრად ობიექტურია, მამაზე შვილის თხრობის სითბო და გულწრფელობა აღტაცების ღირსია, – ასეთია გაზეთ „ნაშუნენის“ მიმომხილველის შთაბეჭდილება“. წიგნის ახალი გამოცემის (1987 წ.) ბოლოსიტყვაობაში ტურე ჰამსუნი ამბობს: „მე ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის (კ. ჰამსუნის. ა .გ.) მხატვრულ მიზნებს, მის სიყვარულს მცირესა და დიდისადმი“. ავტორი აგრეთვე აღნიშნავს იმ სიხარულს, როცა მამამისმა პირველად ნახა „შიმშილის“რუსული თარგმანი. არ ივიწყებს მწერლის გონებრივ და სულიერ განწყობილებას მეორე ომის პერიოდში, რომელიც წინ უძღოდა კაიზერული გერმანიისადმი მის სიმპათიებს. „ამჟამად, აღნიშნავს ნორვეგიული პრესა, კნუტ ჰამსუნისა და მისი შემოქმედებისადმი ინტერესი იზრდება. ოსლოს თეატრში მიდის მისი პიესა „ცხოვრების ბრჭყალებში“ (მოსკოვის სამხატვრო თეატრში ამ დრამის დადგმით თავი ისახელა კ. მარჯანიშვილმა. ა. გ.) იქვე განხორციელდა სცენიური დადგმა მწერლის ავტობიოგრაფიული ესეების: „ხავსმოკიდებულ ბილიკებზე“ (1945-1949). „მზადდება სპექტაკლი „ცხოვრების თამაში“, მიმდინარეობს მუშაობა ცნობილი ნორვეგიელი დრამატურგის გკერმუდ სკაგესტოდის პიესაზე, რომელიც ეძღვნება კნუტ ჰამსუნსა და მის მეუღლეს მარიას“ (ჟურნალი „ინოსტრანნაია ლიტერატურა“, 1988, N9, გვ. 250. იქვეა დაბეჭდილი კ. ჰამსუნის ორი პორტრეტი – ახალგაზრდობისა (1890 წ.) და გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1950 წელს გადაღებული).

და ბოლოს, ეს-ესაა გამოქვეყნდა ინტერვიუ ლიტერატურისმცოდნე ლიდია გინზბურგთან (მისი სურათითურთ), რომლის შრომები სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლადაა წარდგენილი (იხ. „ლიტერატურნაია გაზეტა“, 1989, N2 (11 იანვარი); გვ. 7). ლ. გინზბურგი თვლის, რომ ამჟამად „გლობალური მასშტაბის დიდი მწერლები არ არსებობენ, ასეთად არ თვლის იგი თვით ნიჭიერ გაბრიელ გარსია მარკესს და მხოლოდ კნუტ ჰამსუნს მიიჩნევს ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, ჯოისის, კაფკას, პრუსტისა და მათი რანგის შემოქმედად, რომლის პოლიტიკური შეცდომები დავიწყებული უნდა იქნას, ხოლო მისი გენიალური მხატვრული ქმნილებანი – ხელახლა გამოცემულიო (ჯერჯერობით გამოვიდა მხოლოდ ორი ტომი მისი რჩეული ნაწერებისა რუსულად. ა. გ.). სავსებით მართებული მოთხოვნაა…

* * *

კნუტ ჰამსუნის შემოქმედების ვრცელი მიმოხილვა საგაზეთო წერილში შეუძლებელია, ჩვენი ძირითადი თემაა: „კნუტ ჰამსუნი და საქართველო“. საერთოდ ჰამსუნზე სპეციალური ქართული კრიტიკული ლიტერატურა მდიდარი არაა. შეიძლება დავასახელოთ მხოლოდ რამდენიმე სტატია: „კნუტ ჰამსუნი და საქართველო“ ნ. კაკაბაძისა და ნ. რუხაძისა („ლიტერატურული საქართველო“. 1971 წ.), კნუტ ჰა
მსუნის წერილი უილტ უიტმენზე სათაურით „პოეზია და მწერლები“ (თარგმანი თამაზ ჩხენკელისა. „ლიტერატურული საქართველო“, 1983, 21 ოქტომბერი, გვ. 16), „ცნობის ფურცელში“ 1903 წელს (?) კ. გოგიბაიშვილს დაუბეჭდია ფელეტონი კნუტ ჰამსუნის პიესაზე „დედოფალი თამარი“(იხ. „თბილისი“ 1987, 8 ივნისი, გვ. 6.). შეიძლება კიდევ არსებობს კრიტიკული მასალა ქართულად ნორვეგიელი მწერლის შესახებ. ვიცი მხოლოდ ტ. ტაბიძის აღფრთოვანებული, მაგრამ ფრაგმენტული სტრიქონები ჰამსუნზე. ხშირად ვეხებით ჩვენც მას შარშან დაბეჭდილ წიგნში „ნარკვევები. ლექსთმცოდნეობა“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1988).
მაინც, სანამ უშუალოდ ჩვენს თემას შევეხებოდეთ, საჭიროა კნუტ ჰამსუნის შემოქმედების ზოგადი და ძალიან მოკლე დახასიათება. კნუტ ჰამსუნი იმპრესიონისტული პროზის ყველაზე დიდი წარმომადგენელია მსოფლიო მწერლობაში. ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან კი იგი აქვეყნებს წმინდა წყლის რეალისტურ რომანებს: „მაწანწალები“ (1927 წ. რუსული თარგმანი 1929) „ავგუსტი“(1930წ. რუსული თარგმანი 1930) და „ცხოვრება კი წინ მიდის“(1933 წ. რუსული თარგმანი 1934). ამ ტრილოგიას დაწვრილებით ვარჩევდით ჩვენს მონოგრაფიაში, მისი მხატვრული ღირსების დამაბრმავებელ ზეგავლენას… ტოლსტოის შემდეგ არც ერთ ბელეტრისტს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება ჩვენზე, როგორც ჰამსუნის აღნიშნულმა ტრილოგიამ მოახდინა.

ჰამსუნის პროზასა და დრამატურგიაში დამუშავებულია მწერლის საყვარელი თემები. სიყვარულის, რომლის შედეგი, მწერლის გაგებით და დოსტოევსკის დიდი გავლენით, ყოველთვის კატასტროფული და ფატალისტურია (რადგან ეს გრძნობა გულისხმობს სქესთა შორის ბრძოლას, ამიტომაც იგი საბედისწერო ბოროტებაა ცხოვრებაში; ბედნიერი სიყვარული არ არსებობს, რადგან თვითონ ცხოვრებაა ირაციონალური; ბუნებისადმი თაყვანისცემა და სხვა. ჰამსუნი ამ გრძნობების გადმოცემისას უაღრესად ნიუანსირებული პასაჟებით ავსებს თავის პროზას; სიძულვილი კაპიტალისტური წყობისადმი და სოფლის ურბანიზაციის უარყოფა („ავგუსტი“); ბურჟუაზიისა და პროლეტარიატისადმი ანტიპათიის ხარჯზე სოფლის პატრიარქალური ყოფის ხოტბა, – აი, ძირითადი ლაიტმოტივები კ. ჰამსუნის სოციალური უტოპიისა. პიესაში „აღსავლის კარებთან“ ივან კარენოს პირით მუშათა კლასს აბრალებს იგი წვრილი ბურჟუაზიისა და სოფლის გლეხობის შევიწროვებას (ივან კარენოს როლს „მხატში“ გენიალურად ასრულებდა ვ. კაჩალოვი.) დასავლეთის ინტელიგენციას კ. ჰამსუნი ბურჟუაზიის დაკნინებულ ლაქიად თვლიდა. ამ შეხედულებას ავითარებდა მწერალი პამფლეტებში „ამერიკის წინააღმდეგ“ და „ამერიკის სულიერი ცხოვრება“, რომელთა მიხედვით კაპიტალიზმი სპობს სულიერ კულტურას.

განსაკუთრებით ბოლო პროზაულ ტრილოგიაში ჩანს რეალისტი ჰამსუნის შეუდარებელი ნიჭი უნაზესი ნიუანსებისა და ფანტასტიკის შერწყმისა, ნაცვლად იმპრესიონიზმისა და ირეალიზმის შეხამებისა, რომელიც მის ადრინდელ შემოქმედებას ახასიათებდა.

საგანგებოდ ხაზგასასმელია ერთი მომენტი კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაში: მისი აზრით – სიყვარული ითავსებს, უწინარესად ყოვლისა, საყვარელი არსების დაღუპვას. ვფიქრობთ, ამ დეკადენტური მოტივის სათავე ოსკარ უაილდის პოეზიაში უნდა ვეძიოთ – გავიხსენოთ „რედინგის ციხის ბალადის“ ის სტროფი, რომლის ყველაზე უკეთესი რუსული თარგმანი, ჩვენი აზით, ვ. ბრიუსოვს ეკუთვნის.

Возлюбленных все убивают
Так повелось в веках
Тот – с дикой злобой во взоре
Тот – с лестью на устах
Кто трус – с коварным поцелуем
Кто смел с клинком в руках

ამ პოეტური პოსტულატის არაერთი მხატვრული რეალიზაცია ხშირად გვხვდება ჩვენ კნუტ ჰამსუნის შემოქმედებაში, ყველაზე რელიეფურად კი შეუდარებელ რომანში „მაწანწალები“. ჩვენი თეზისის გასაშლელად ჩვენი წერილი არ კმარა, ხოლო რაც წინათ გვიწერია ამ თემაზე – ამჟამად მისი აღდგენა გვიძნელდება.

საგანგებოდ აღსანიშნავია კ. მარჯანიშვილისა და ჰამსუნის პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობა.

სამწუხაროდ, ჰამსუნის მემუარები ჯერჯერობით თარგმნილი არაა. შეუძლებელია მწერალი არ ეხებოდეს მასში კ. მარჯანიშვილთან მეგობრობას და საქართველოში ყოფნის წლებს.

მოსკოვის სამხატვრო თეატრში კ. მარჯანიშვილი მიიწვიეს 1909 წელს. აქ მან სამი წელი დაჰყო (1912 წლამდე) და თავდაპირველად ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად განახორციელა დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დადგმა, რომელშიც უდიდესი სცენიური ოსტატობით ივანეს როლს ასრულებდა ვ. კაჩალოვი (შდრ. ჩვენი „რჩეული ნაწერები“, 1962, ტ. ბ, თავი „სცენის ცხოვრებიდან„). ჩვენ ბედნიერება გვქონდა 1926 და 1930 წლებში ეს სპექტაკლი, მხატ-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არაერთხელ გვენახა თბილისსა და მოსკოვში. კ. მარჯანიშვილი მუშაობდა კრეგთან ერთად „ჰამლეტის“ დადგმაზე, რომელიც განუხორციელებელი დარჩა.

კ. მარჯანიშვილმა მხატ-ში დადგა ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტი“; თავისი „ნორვეგიული რეპერტუარიდან“ მცირე თკატრში კ. მარჯანიშვილმა დადგა საბჭოთა პერიოდში იბსენის მეორე პიესაც „მშენებელი სოლნესი“, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ თეატრის თბილისში გასტროლების დროს. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მის მიერ კ. ჰამსუნის დრამის „ცხოვრების ბრჭყალებში“ მხატვრული ინტერპრეტაცია. ამ პიესის სცენაზე განხორციელება მას ურჩია ვ. ნემიროვიჩ – დანჩენკომ.

პიესის პრემიერა შედგა 1911 წლის 28 თებერვალს. სპექტაკლს დიდი გამარჯვება ხვდა წილად. იგი ასოცჯერ დაიდგა (ი. გ. კრიჟიცკი, კ. მარჯანოვ, მოსკ. – ლენ., გვ. 47 შდრ ლუნდბერგი. კ. მარჯანიშვილის შემოქმედებითი გზა და მემკვიდრეობა. „მნათობი“. 1962, N1; 9. ე. გუგუშვილი, კ. მარჯანიშვილი და სხვ.). პიესის თემაა: კივილი „ცხოვრების ბრჭყალებში“ გასრესილი ქალისა, ავტორი ხატავს, რომ ფულით ყველაფრის შეძენა შეიძლება – სიყვარულის, ქალის ალერსის, თვით ხელოვნებაც ფულის ბრჭყალებშია მოქცეული“. მხოლოდ ერთი რამ არ შეიძლება იყიდო ფულით – სულიერი წონასწორობა, ბედნიერების ჭეშმარიტი საფუძველი.

პიესის ორ ძირითად პერსონაჟს – ფრუ გილესა და პერ ბასტს ბრწყინვალედ ასრულებდნენ კნიპერ ჩეხოვა და კაჩალოვი, აგრეთვე ლეონიდოვი. (დაწვრ. იხ. გ. კრიჟიცკი. კ. ა. მარდჯანოვი რუსკი ტეატრ. მოსკ. 1958, გვ. 73-73; უფრო ვრცლად-კ. ვალენკინ კაჩალოვ. 1962; იქვეა სურათი:კაჩალოვი პერ ბასტის როლში, გვ. 24 და ალბომი-მონოგრაფია:ნიკოლაი ეფროს. ვ. ი. კაჩალოვ. პეტ. 1919, გვ. 73).

კ. მარჯანიშვილის სპექტაკლი აღადგინეს 1913 და 1920 წლებში, მესამედ 1922-1923 წლებში და უჩვენეს ევროპასა და ამერიკაში გასტროლების დროს. უკანასკნელად იგი აღადგინეს 1933 წელს.
„ცხოვრების ბრჭყალებში“ უჩვეულო „ბობოქარი“ წარმოდგენა აღმოჩნდა მხატვრისათვის, მარჯანიშვილისათვის კი იგი „ქართული წარმოდგენა იყო. ჩვენი შესანიშნავი რეჟისორი იგონებს: „მე ვგრძნობდი, როგორ იღვიძებდა ჩემში სამშობლოს მზე. დიახ, თითქოს ცხადად ვგრძნობდი მისი მცხუნვარე სხივების ფრქვევას. გულითადი მადლობა დიად რუსეთს. მან მომცა დიადის ჩაწვდომის უნარი, უნარი ადამიანის სულის კუნჭულებში ჩახედვისა. რუსეთმა მიმაჩვია ჩემი არსების შიგნიდან ცხოვრების განჭვრეტას, მის მზერას ჩემივე სულიდან და ეს ჰქმნა ვრუბელმა! მან მასწავლა ჩემს მკერდში შეუცნო, ქვითინთა გაგება, ეს ჰქმნა სკრიაბინმა“. გულითადი მადლობა მას, ჩემს მეორე სამშობლოს, მადლობა მშვენიერ რუსეთს! მაგრამ მის მშვენიერ სუსხიან დღეებს არ ჩაუკლავთ ჩემში მოგონებანი მშობლიური მთების ქვათა მხურვალებაზე… მის მშვიდ გულკეთილობაზე…მის მშვიდ გულკეთილობას წუთითაც არ გაუნელებია მშობლიური რიტმები, ქართული ტემპერამენტი, ფანტაზიის თავშეკავებული სრბოლა, რაც მომცა ჩემმა პატარა საყვარელმა საქართველომ!… ჭეშმარიტად „ცხოვრების ბრჭყალებში“ ჩემი პირველი წარმოდგენა იყო… „ცხოვრების ბრჭყალებში“ – ეს იყო კავკასიელი აბრაგის აშკარა ყაჩაღური თავდასხმა წყნარ, ფიქრმორეულ სამხატვრო თეატრზე“ (იხ. კოტე მარჯანიშვილი. მემუარები. თბ., 1917, გვ. 67, 68. რუსულად და უფრო ვრცლად ადგილები მოაქვს მ. კრიჟიცკის, იხ. მისი დასახელებული მონოგრაფია, 1958, 73-74).

კ. მარჯანიშვილი „მემუარებში“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „სამ პიესაში (იგულ. „ცხოვრება ბრჭყალებში“, ა.გ.) ძლიერად იგრძნობოდა დოსტოევსკის გავლენა ჰამსუნზე“ და ეს შენიშვნა მართებულია.

* * *

მემუარულ ლიტერატურაში ჩვენ წაგვიკითხავს ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ გაეცვნენ ერთმანეთს კნუტ ჰამსუნი და კოტე მარჯანიშვილი. ნამდვილად კი მათ ერთად დიდხანს იხეტიალეს ნორვეგიის სხვადასხვა ადგილას. ვფიქრობთ, რომ კნუტ ჰამსუნი უეჭველად იგონებს პირად შეხვედრებს მისი დრამის დამდგმელ რეჟისორზე…

* * *

კნუტ ჰამსუნის უშუალო დაინტერესებას საქართველოს ისტორიითა და აწყმოთი, მოწმობს მისი ორი ნაწარმოები: „დედოფალი თამარი“ და მოგონება „ზღაპრულ ქვეყანაში“.

ჩვენს ხელთაა ორი პიესის შემცველი კნუტ ჰამსუნის წიგნი: „ცარიცა ტამარა, დრამა ჟიზნი“. მესამე გამოცემა, მოსკ. 1910. „დედოფალი თამარი-ს“ თარგმანი ეკუთვნის ა. ეიგესს. მთელი წიგნი „თხზულებათა მეათე ტომს შეადგენს. „დედოფალი თამარი“ ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანსენში (ახლანდელი ოსლო) პირველად დაუდგამთ 1910 წელს, მეორედ 1913 წელს. ეს თარიღები შესამოწმებელია. „დედოფალი თამარი“ არ შეიძლება კარგ ისტორიულ პიესად ჩაითვალოს, იგი უფრო თავისუფალი სტილიზაციაა ისტორიულ თემაზე. მასში გამოცემულია თამარისა და მისი მეუღლის გიორგის (იური ბოგოლიუბსკი? ა. გ.) ომი ტოვიანელთა (??) წინააღმდეგ. ამგვარი ომი თამარის მატიანეებში ცნობილი არაა და იგი მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ გავრცელებული შეხედულება, თითქოს პიესაში თამარის პიროვნება დამცირებულია – სიმართლეს არ შეეფერება , იგი ქმართან ერთად გამარჯვებული სტოვებს მოქმედების სარბიელს.

პიესის დაწვრილებითი ანალიზი – ცალკე ნარკვევის თემაა. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ ზოგიერთ შეუსაბამობას, ანარქონიზმებს და მოქმედ პირთა სახელების შესაძლებელ წყაროებს.

იმის გამო, რომ კნუტ ჰამსუნი საქართველოში სრულიად ინკოგნიტოდ იმყოფებოდა, ჩანს, იგი თამარზე ზეპირ და ყურმოკრულ ცნობებს დაყრდნობია. ამაზე მიუთითებს შემდეგი დეტალები:

1. თამარის მეუღლეს ეწოდება „თავადი გიორგი“, ხოლო მათ შვილებს „გიორგი“ (ლაშა?) და რუსუდანი. 2. პიესაში გვხვდება არაქართული, მაჰმადიანურ-დაღესტნური ონომასტიკონი: „ფატიმა“ (ორჯერ), „ზაიდატა“, „იუნატა“, „სოფიატა“და „მესედუ“. თარგმანში მიღებული ტრანსკიპცია ასეთია.

საიდან გაჩნდა კნუტ ჰამსუნის პიესაში ამგვარი „ონომასტიკური შეუსაბამობანი“? ჩვენი ვარაუდი ასეთია:

კნუტ ჰამსუნი კარგად ფლობდა ინგლისურს. ზემოთჩამოთვლილი ქალთა სახელები მას შეეძლო ამოეკითხა ე. ვერდევერსკის წიგნის „შამილთან ტყვეობაში“ 1857 წ. მეორე გამოცემის ინგლისურ თარგმანში, რომელიც სწორედ 1857 წელს დაიბეჭდა ლონდონში სათაურით: Captivity of to Russian princesses in the Caucasus…London,, 1857 (სუტერლანდის თარგმანი). ამ წიგნის მიხედვით კნუტ ჰამსუნს შეეძლო გაეგო, რომ ერთი ფატიმა შამილის დის სახელი იყო, მეორე ფატიმატი კი შამილის მეუღლეს ერქვა, პირველი დაიღუპა დაღისტანში, ახულოს აღებისას 1839 წელს, მეორე კი ვორონცოვის ლაშქრობისას დარღოში 1845 წელს. „მესედუ“ შამილის დედას ერქვა, ზაიდეთი კი შამილის ერთ-ერთ ცოლს, ცნობილი სუფისა და თეოლოგის ჰემალ ედ დინ ღაზიღუმუქელის ასულს; „ნაფისატო“ – შამილის ერთ-ერთი ასულის სახელია, ხოლო „იუნატა“, უეჭველად, დამახინჯებული „შუანეთაა“, შამილის ცოლის, სომეხი ქალის ანა ულუხანიანის სახელი, მისთვის შერქმეული შამილის მიერ (სოფიატი მისი ქალიშვილი იყო). ყველა ეს სახელი გვხვდება ე. ვერდერევსკის წიგნში. ინგლისურ ენაზე გამოცემულ სხვა წიგნებში, ბროშურებსა და სტატიებში ამ სახელებს კნუტ ჰამსუნი ვერ ამოიკითხავდა, რადგან დაღისტნის იმამზე არსებული წყაროების სრული სია და თვითონ წიგნებიც დიდი ხანია ჩვენს ხელთაა..

პიესის მოქმედების არეც – ციხესიმაგრე აბი (?) გამოგონილი ჩანს, ან ზეპირად გაგონილი ადგილის უნებლიე და დამახინჯებული მოდიფიკაციაა. (შდრ. გრ. ორბელიანი. წერილები, ტ. , გვ. 308-ის შემდეგ: „შამილისა და მისი ნათესავების გენეალოგიური შტო“). მიუხედავად აღნიშნულ ნაკლოვანებათა, „დედოფალი თამარი“ ღირსშესანიშნავი მოვლენაა, როგორც ფაქტი დიდი მწერლის მიერ საქართველოს ისტორიით დაინტერესებისა, უფრო ზუსტი დრამის დაწერა კნუტ ჰამსუნს, საქართველოში მისი ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით, არ შეეძლო.

„ზღაპრულ ქვეყანაში“ კი ამჟამად საინტერესოა, როგორც ფსიქოლოგიური დოკუმენტი. კნუტ ჰამსუნი თბილისში ჩამოვიდა სრულიად ინკოგნიტოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში, იგი არც ერთ თბილისელ ინტელიგენტს არ გასცნობია. მისთვის უცნობი დარჩნენ ჩვენი დედაქალაქის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელნი. ყურადღებას იქცევს უმთავრესად ემოციური ტონი მწერლის მიერ თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემისა.

აი, ცალკეული ადგილები მოგონებისა გაზეთ „თბილისში“ 1987 წელს დაბეჭდილი ფელეტონის მიხედვით: „ჩვენ თბილისს ვუახლოვდებით, გზა მდინარე მტკვრის ნაპირს მიჰყვება, მტკვარი კი დიდებული და ლამაზი მდინარეა“. „ეს ქვეყანა არც ერთ სხვა ქვეყანას არა ჰგავს, რომელსაც მე ვიცნობ, და იმ გრძნობით ვარ შეპყრობილი, რომ მთელი სიცოცხლე სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ“.

როგორც ვხედავთ, დიდი მწერალი მთელი არსებით ისწრაფოდა საქართველოსაკენ და მზად იყო თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენს ქვეყანაში გაეტარებინა. უნებლიეთ გვაგონდება ლევ ტოლსტოის სიყვარული ქართველებისადმი და კავკასიისადმი საერთოდ. აკი „იასნაია პოლიანას“ დიადი მკვიდრიც კავკასიისაკენ მოისწრაფოდა მისი შინიდან გაქცევის წელს (1910 წ.), რუსულ „ლიტერატურულ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია (იხ. ტ.11, 1939, გვ. 309): Пробивав у своей сестры в Шамордине, Толстой решил ехать. ასტაპოვოში გარდაცვალებამ დაუდო საზღვარი მის უკანასკნელ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლაზე. იგი ეუბნებოდა თავის ექიმ დუშან მაკოვიცკის: Это милейший народ, эти грузины и умные, и кроткие, и добрые… сказал Л. Н. Они такие раскошные, небережливые. “Яснополянские записки” Д. П. Маковицкого. – Лит. Наследство, т. 90, 1979, стр 152, от 29 января” მსოფლიო პროზის ორ გიგანტს კავკასიაში, კერძოდ საქართველოში უნდოდათ თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელი ბინა ეპოვათ.

აქვე აღვნიშნავთ ერთ საინტერესო დეტალს. „ზღაპრულ ქვეყანაში“ არის ერთი ადგილი, როდესაც მთაწმინდაზე მყოფი კ. ჰამსუნი იგონებს ლ. ტოლსტოის მოთხრობას „რამდენი მიწა სჭირდება ადამიანს“. მოთხრობის გმირი ბევრ მიწას იძენს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მას მცირე ადგილს მოუზომავენ. კნუტ ჰამსუნი შენიშნავს: მცირე მიწა სჭირდება ცხედარს და არა ცოცხალ ადამიანსო (ვიგონებ, წაკითხულს ზეპირად. ა. გ.) კ. ჰამსუნის რეპლიკა მოწმობს, თუ რაოდენ დიდი ზღვარია ხოლმე ევროპელ და აზიელ ფილოსოფოსთა ნააზრევს შორის. ამ ნარკვევებშიაც კ. ჰამსუნი ბევრს მსჯელობს მის საყვარელ მწერალზე – დოსტოევსკიზე.

ფინალი

1931 წლის 2 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა კ. მარჯანიშვილის სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. საიუბილეო საღამოზე წაიკითხეს მისასალმებელი დეპეშები, მათ შორის კ. ჰამსუნის დეპეშაც რუსულად:

“Пожалуйте, примите самые почтительные поздравления от Кнута Гамсуна”. (იხ. საქართველოს კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმი, ფონდი ბ, საქმე 18, ხელნაწერი 1990, საქაღალდე N10. ეს ტელეგრამა ადრეც იყო გამოქვეყნებული).

კ. ჰამსუნის ტელეგრამა თითქოს მისთვის საყვარელ, მეორე სამშობლო საქართველოსათვისაც გამოგზავნილი სალამია გენიალური მწერლისა. ჩვენთვის საამაყოა ორი გიგანტის ემოციური ალიანსი საქართველოსადმი სიყვარულში.

1989 წ. 25 იანვარი.

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq