ინტერვიუ მხატვართან ცხოვრება მიდის და აუხდენელ ოცნებებს დავატარებთ თან..და „ოცნებას, რომელიც ვერ ვპოვეთ ცხოვრებაში, ვპოვებთ ჩვენს მიერ შექმნილში“.. და რადგანაც „შემოქმედება ნიშნავს „სიკვდილის მოკვლას“. ჩვენ ვხატავთ, ვძერწავთ, ვქარგავთ, ვკითხულობთ, რათა, როგორც დანიელ პენაკი იტყოდა, „სიკვდილს გავუწიოთ წინააღმდეგობა“. გაგაცნობთ მხატვარ ნატო ჩაჩავას, რომელიც მუშაობს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. ხატვა ბავშვობიდანვე უყვარდა, მაგრამ სერიოზული ინტერესი ამ საქმისადმი არც თუ დიდი ხნის წინ გაუჩნდა და წარმატებებმაც არ დაყოვნა. მისი ნამუშევრები მნახველის თვალსა და გულს უმალ იპყრობენ დადებითი მუხტით და მატისისეული ფერადოვანი ჟღერადობით. მისი, ერთ შეხედვით, ბავშვური ნახატები დიდი დაკვირვებითაა შექმნილი და ამ ჭრელი და ლამაზი გამოსახულებების საშუალებით მაყურებელთან საოცარი კონტაქტი მიიღწევა. ნატოს ნახატები უკვე არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. _ როდიდან დაინტერესდი მხატვრობით? _ როგორც ყველა ბავშვი, მეც ბავშობიდან რაღაცეებს ვხატავდი, რაღაცეებს... განსაკუთრებულს არაფერს, არც მახსოვს რას ვხატავდი. ერთადერთი რაც კარგად მახსოვს, მემეოთხე-მეხუთე კლასი იქნებოდა, ქართულის საკლასო ოთახში სხვადასხვა მწერლების და პოეტების პორტრეტები ეკიდა, ვინც ხატვაზე დადიოდა (მე არასდოს არ დავდიოდი ხატვის პედაგოგთან), მათ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი პორტრეტის, ლადო გუდიაშვილის ვერსიის, ხატვა დაიწყეს და მეც შევუერთდი და დავიწყე ხატვა. როგორც მახსოვს, ხასიათში კი გამომივიდა ყველა წესის დაცვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, როგორც ბავშვს, ასე მომეჩვენა. სამწუხაროდ არ შემინახავს. ამ თვალით საინტერესო იქნებოდა მისი ნახვა. _ რა არის შენთვის მხატვრობა და რა ადგ ილი უკავია შენს ცხოვრებაში? _ ზოგადად, ძალიან მაინტერესებს ხელოვნება. ეს მუსიკაა, რომელიც მიქმნის განწყობას. არ აქვს მნიშვნელობა მუსიკის ჟანრს. მე ის მიყვარს (რა თქმა უნდა, კარგ მუსიკაზე ვსაუბრობ), მაძლევს ენერგიას და მაბედნიერებს. ასევე პირველი ადგილი ჩემს ცხოვრებაში უჭირავს კინოხელოვნებას, სადაც ყველა ხელოვნების ნიმუში არის ერთად გაერთიანებული. შემიძლია კარგ ფილმებს უსასრულოდ ვუყურო. მაქვს ჩემი საყვარელი ფილმები, მაგრამ ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას. მეშინია რომელიმე არ გამომრჩეს. მხატვრობა კი, რა თქმა უნდა, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. თითქოსდა უკვე პასუხისმგებლობა მაქვს მხატვრობის წინაშე. არ მინდა იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ნამუშევრები შეიყვარა. _ რას განიჭებს შემოქმედების პროცესი? _ შთამბეჭდავია მოლოდინი იმისა, თუ რა გამოვა, რადგან არასდროს არ ვიცი, რას ვხატავ. როგორი იქნება მნახველისთვის თუ მყიდველისთვის, რა ემოციას აღძრავს, ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხატვას ვიწყებ მაშინ, როცა ამის სურვილი მიჩნდება ან რაიმე კადრი დგება ჩემს თვალწინ, მაგალითად, კინოფილმი დიდ შთაგონებას მაძლევს. ხშირად ისეთ საინტერესო კადრს ვხედავ, მინდა ჩემს ნახატში გადმოვიტანო, ჩემი ხედვით, რა თქმა უნდა. _ ყველა ადამიანს აქვს შიში საკუთარი თავის ვერთქმის. ხელოვნება ამ შიშის დაძლევის საოცარი საშუალებაა. შენ რისი თქმა გინდა შენი ნახატებით? _ არაფრის, არაფერს არ ვდებ, რადგან არ ვიცი, რა მინდა, როგორ და რანაირად. მხოლოდ მინდა, ესთეტიურ სიამოვნებას ვანიჭებდე ადამიანებს, ჩემი ფერითა თუ ფიგურებით. ზოგადად, ადამიანები, ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც გარეგნულად, ასევე ჩვენი შინაგანი სამყაროთი. ყველას ჩვენი აღქმა გვაქვს და ისე ვხედავთ ისე გვესმის. ხომ ასეა?! ეს მუსიკა იქნება, ლიტერატურული ნაწარმ ოები თუ რამე სხვა. ყველა ისე იგებს, როგორც ესმის და მოსწონს. _ შენი ნახატებიდან საოცარი პოზიტიური მუხტი მოდის.. თემა მრავალფეროვანია..მუსიკოსები, არტისტები, ფრინველები, ცხოველები, ყვავილები...ძველი დროის გოგონები, რომლებიც თითქოს ჩვენს ბავშვურ მოგონებებში არსებობდნენ, წარმოსახვით სამყაროში, სადაც ყველაფერი უჩვეულოდ ბრწყინავდა...რა შთაგაგონებს ამ უამრავ თემაზე ხატვას და რისი ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად? _ დიდი მადლობა. უპირველესად, ჩემი პროფილი კოსტუმების დიზაინია, ამიტომ უფრო სხვადასხვა კოსტიუმებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მომწონს წინა საუკუნეების ჩაცმულობა, ძველი სტილი. რთული და საინტერესოა ჩემთვის, ესთეტიური, მოკრძალებული, ხელოვნების ნიმუშია თავისი აქსესუარებით. ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ასე ჩავაცმევდი და დავტკბებოდი....თუმცა მიყვარს ზღაპრული სახლუკების ხატვა, რომლებიც ადამიანების სახეებით არიან, ზოგი თბილია, ზოგიც კი გაოცებული. ადამიანების ხატვა ყველაზე მეტად მომწონს, განსაკუთრებით, გოგონების. თავიდან სულ პორტრეტებს ვხატავდი. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგად სვამ ხასიათშიო და მეც მომწონდა. _ რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრისთვის ემოცია, რომელსაც იგი დებს თავის ნამუშევრებში და რომელიც მნახველსაც გადაედება, რადგანაც შენი ნახატების პერსონაჟებიდან საოცარი მუხტი მოდის. ზოგჯერ გვასევდიანებს, ზოგჯერ კი სიხარულს გვანიჭებს. _ დიახ, ემოცია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დიდი პასუხიმგებლობა, უნდა ასიამოვნო მნახველი თუ მყიდველი. შეიძლება ერთ ხის ფოთლითაც კი გადმოსცე შენი დადებითი ემოცია. გააჩნია, თუ როგორ ჩასვამ ნახატში თუნდაც მხოლოდ ფოთოლს, ამას ყველა ძალიან კარგად გრძნობს. საოცარია, ჩემი ნამუშევრების მნახველები ისეთ დეტალსაც კი ამჩნევენ და აქცევენ ყურადღებას, რომელიც ავტორისთვის შესაძლოა შ ეუმჩნეველი იყოს. ერთმა არასწორმა მონასმმა შეიძლება ისეთი მაგარი ხასიათი შექმნას, რომ არც კი შეასწორო. ანუ ზუსტი გამოვიდეს. ამასაც კი ხვდებიან. _ მივხვდი, რომ გიყვარს ჭრელი და მჭახე ფერები...თან ფერთა განლაგების შენი განუმეორებელი სტილი გაქვს..უმალ გამოსაცნობი. ოპტიმისტი ხარ.. რუხ ფერებს (მუქ ტონებს) ნაკლებად იყენებ. თითქოს სიხარულს (სიხალისეს) ამარჯვებინებ სევდაზე და ეს შენს ხასიათზე მიუთითებს.. შენეული ხედვა, სამყაროსეული მსოფლაღქმა შენს ყველა ნამუშევარში იგრძნობა და მნახველზეც საოცარ ეფექტს ახდენს. მაინც, როგორ აღწევ ამას? _ დიახ, კონტრასტი მიყვარს. ბუნება, სადაც ისეთ ფერებს შეხვდება ადამიანი, სრულებით ვერც კი ამოიცნობს თუ რა ფერია. ოპტიმისტი ალბათ ვარ. სიკეთის და ადამიანობის ფასი ვიცი, რასაც დიდ უპირატესობას ვანიჭებ. ეს ოჯახში ვისწავლე. დედა და მამა სულ მარიგებდნენ. პატარა რომ ხარ და თითქოს არ უსმენ მათ, ყველაფერი მაინც ქვეცნობიერში ილექება და როცა დიდი ხდები, ეს ყველაფერი ზემოთ ამოდის. ზუსტად შენი მშობლების ანარეკლი ხდები. _ ვინ არის შენი გამორჩეულად საყვარელი მხატვარი? _ ეს რთული საკითხია. ყველა ცნობილი მხატვარი მიყვარს. უბრალოდ არის პერიოდები, როცა სხვადასხვა გენიალურ მხატვარს ეცნობი, ამბობ, რომ ეს არის ჩემი საყვარელი მხატვარი, მერე სხვა და სხვა და ა.შ. როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მხატვრებს ვგულისხმობ. ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ასევე ძალიან ბევრი თანამედროვე და ნაკლებად ცნობილი ფავორიტი მხატვრებიც მყავს..... _ დამეთანხმები, ალბათ, რომ რთულ დროში ვცხოვრობთ. ადამიანები, თითქოს, ჩქარ მატარებელში ვისხდეთ. ჩავუქროლებთ ბალახს, ყვავილს, სამყაროს უამრავ პეიზაჟს და ვერ დავინახავთ, ვერ შევიგრძნობთ მ ის სილამაზეს. მხატვრობა რამდენად გვეხმარება შეჩერებული წამებით ტკბობაში? იმის განცდაში, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს სილამაზე დავინახოთ, მოვიხელთოთ და დავაფასოთ, რაც უკვე კათარზისის დასაწყისია... _ „კათარზისი“!... დიდი ხანია დაწყებულია ჩემს ცხოვრებაში. პედრო ალმოდოვარის ფილმის სათაური ,,ტკივილი და დიდება“ მახსენდება. ეს ორი სიტყვა, თითქოს არაფერ შუაში ერთმანეთთან, სინამდვილეში ერთმანეთთან ყველაზე ახლოს დგას. მე მინახავს დიდი ტკივილებიდან ამოსული ადამიანები. დიდი განსაცდელებისგან თავდაღწეული ხალხი. და კი, ტკივილი და დიდება ზუსტადაც რომ ერთად თანაარსებობს, ერთი მეორეს განსაზღვრავს. ზემოთ ავღნიშნე, რომ ადამიანობა არის უპირატესობა და ეს არ უნდა დაკარგო. ვცდილობ გავუძლო ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას. რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი, მაგრამ ფიზიკურად რომ ვდგავარ ფეხზე, ეს უკვე ბედნიერებაა. გარემო, ვიდრე ფერადია, ყველას უნდა შეგვეძლოს ამის სწორად აღქმა და შეფასება. ბუნებით ტკბობას ვგულისხმობ. _ როგორც ვიცი, შენი არაერთი გამოფენა შედგა თბილისში და საზღვარგარეთაც მიგიწვიეს გამოფენაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? _ გეგმები არასდროს არ მაქვს. იმ ეპოქაში გავიზარდე, როცა გეგმებზე და მიზნებზე არ ვიყავით ორიენტირებულები, უბრალოდ ისე აეწყო, რომ ყველა კარგი ადამიანის ჩართულობით, რაღაცნაირად საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვინც ჩემი ნამუშევრები შეიყვარა, ვინც ერთი ტკბილი და სასიამოვნო სიტყვა მაინც შეაწია ჩემს შემოქმედებას. მე ყველა თქვენთაგანი მაძლიერებს და სტიმულს მაძლევს. გისურვებ წარმატებებს! მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა
|