ქართული ჰიმნოგრაფიული თხზულება ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ჩვენამდე ოთხი ხელნაწერის სახითაა მოღწეული; ქართული ენის შესხმა თავდაპირველად დასტურდება X საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის იოანე-ზოსიმეს მიერ საბაწმიდის ლავრაში 949-965 წლებში გადაწერილ ლიტურგიკულ კრებულში (sin 34), მოგვიანებით მანვე სინას მთაზე მოღვაწეობისას ეს ტექსტი ჩართო 979 წელს შედგენილ ოთხთავში (sin 38), ორი წლის შემდგომ, თხზულება იოანე-ზოსიმეს საბაწმიდის ლავრაში 864 წელს დამზადებული სინური მრავალთავის (sin 32) შემოსვისას ჩაუწერია კრებულის თავისუფალ ფურცელზე, ხოლო საბოლოოდ იგივე სასულიერო მწერლობის ძეგლი 981-982 წლებში გადაწერილ ”წმიდათა ცხოვრებაშია“ (sin 6) მოთავსებული. ქართული ენის სადიდებელი ჰიმნი ლიტურგიკულ კრებულში ასეთნაირადაა დასათაურებული: ”ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ოთხთავსა და მრავალთავში — ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ხოლო ”წმიდათა ცხოვრებაში“ — ”ქართულისა ენისათჳს“. ქართული ენის შესასხმელად შეთხზული ეს საგალობელი მეცნიერთათვის ცნობილი გახდა მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე შესრულებული თარგმანის მეშვეობით [ Brosset,1858, გვ.279-280 ]. ცოდნით შენიღბული თხზულების შესწავლას კი ალექსანდრე ცაგარელისეული კომენტარებით 1888 წელს მიეცა დასაბამი [ Цагарели 1888, გვ.203-204 ] და დღემდე ნაწარმოების შინაარსის, ავტორისა და თარიღის შესახებ გამოთქმულია ერთმანეთისაგან განსხვავებული მრავალი მოსაზრება [ ილია II,1986; ბაქრაძე, 1971; 1982; 1983; გამსახურდია,1987; გელოვანი,1979; გვინჩიძე,1994; ინგოროყვა,1924; 1939; 1954; 1965; 1978; კანდელაკი, ცერცვაძე,1987; კეკელიძე,1923; კიკნაძე,1982; 1985; 1990; ლომინაძე, 2004; ნარსიძე,1984; 1985; 1986; პაპუაშვილი,1979; 1983; პატარიძე,1981; 1983; 1985; 1986; 1987; სარჯველაძე,1984; სულავა,2000; ფიროსმანიშვილი,1983; ფუტკარაძე,2000; ქურდაძე,1967; ჩახავა,1984; ჩხენკელი,1982;1983; წერეთელი,2004; ჭელიძე,1983; ჯანელიძე, 1989 ].* გთავაზობთ იოანე-ზოსიმეს მიერ ლიტურგიკულ კრებულ sin 34-ში მოთავსე-ბული ქართული ენის სადიდებელი თხზულების ტექსტს: დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქუიან, და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ. და მეგობრობაჲ ამისთუის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს, და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთუის თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ. და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა. და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა. და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი ანბანისაჲ. აქვე დავძენ, რომ ”წმიდათა ცხოვრებაში“ (sin 6) მოთავსებული ქართული ენის სადიდებლის დამამთავრებელი მუხლი თხზულების ადრეულ ტექსტებთან შედარებით განსხვავებული რედაქციითაა წარმოდგენილი: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ…“. ვინაიდან ქართული ენის შესასხმელად შეთხზული საგალობლის ჩვენამდე შემონახული ხელნაწერებიდან ერთ-ერთ ტექსტში დამამთავრებელი მუხლი განსხვავებული რედაქციითაა წარმოდგენილი, ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჰიმნის შინაარსის ამოცნობა უკანასკნელად დაწერილი სასულიერო მწერლობის ძეგლის შესწავლით დავიწყოთ. * * * ”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა…“ დამოწმებული მუხლის შესწავლისას გასათვალისწინებელია, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან უკანასკნელი ჟამი მამის გარდა არავინ იცის — « ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან » [ მათე, XXIV, 36 ]. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მხსნელის მეორედ მოსვლას ვერავინ ვერავის აუწყებს, ვინაიდან უფალი უეცრად მოვა — « ამისთჳს თქუენცა იყვენით გამზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს » [ მათე, XXIV, 44 ]. განკითხვის დღის მოახლოების შესაცნობად საყურადღებოა, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას უშუალოდ წინ უსწრებს აპოკალიფსური მხეცის გამოჩენა, რაც მეორედ მოსვლის ჟამის მაუწყებელი იქნება. მაშ ასე, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს პირველი მუხლით — ”დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა…“ — თხზულების ავტორი აცხადებს: დამარხულია ანუ დაცულია ქართული ენა მეორედ მოსვლის დღემდე, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დასამოწმებლადო. და, ვინაიდან, მეორედ მოსვლის ჟამის განსაზღვრის ერთადერი საშუალება აპოკალიფსური მხეცის მხილებაა, ასეთნაირად, დაფარულად გვაუწყებს, რომ აპოკალიფსური მხეცის ამქვეყნად მოსვლა მხილებული იქნება ქართული ენით ”…რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა…“ და, ამნაირად, ქართული ენის შესხმის წამკითხველს ამცნობს: კაცობრიობას ქართული ენით განეცხადებაო მეორედ მოსვლის ჟამი, რაც ქართული ენის ანუ ქართველი ერის მისიად მიაჩნია ჰიმნოგრაფს. ”…და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქუიან,…“ ციტირებულ მუხლში ის აზრია გადმოცემული, რომ ქართული ენის საგალობლის დაწერის პერიოდისათვის ქართული ენა მძინარეა, რადგანაც ქართულ ენას ჯერ არ აღუსრულებია თავისი მოვალეობა, რაკი ქართველ ერს აპოკალიფსური მხეცის მხილებით ჯერ არ დაუდასტურებია მეორედ მოსვლის ჟამი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დამოწმებულ მუხლში თხზულების ავტორი ქართულ ენას სიმბოლურად ლაზარეს უწოდებს. ლაზარე, რომელსაც ორი და ჰყავდა — მარიამი და მართა, ქრისტეს მეგობარი იყო. ლაზარემ რწმენისათვის ღმრთის დიდება იხილა. იგი გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს მკვდრეთით აღადგინა უფალმა. ლაზარეს გაცოცხლებით ქრისტემ გვამცნო: მონანიებული და უფალს დამეგობრებული მეოთხე დღეს აღდგებაო, ასე რომ, ლაზარეს აღდგინება მოასწავებს მეორედ მოსვლასაც, როდესაც საყოველთაო განახლებისას მართალნი აღდგებიან. აღსანიშნავია, რომ სახელი ”ლაზარე“ — ”ღმერთი შეეწია“-ს ნიშნავს და, ამდენად, თხზულების ავტორის თვალთახედვით, ქართულ ენას მეტაფორულად ”ღმერთი შეეწია“ ეწოდება. ”…და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ.…“ ციტირებული მუხლიდან ირკვევა, რომ ლაზარეს მსგავსად ქართულ ენასაც ორი და ჰყავს, წმიდა ნინო და ელენე დედოფალი, რომლებიც ქართული ენის ისეთივე ორი დანი არიან, როგორი ორი დაც ჰყავდა ლაზარეს მარიამისა და მართას სახით, რაც ჰიმნოგრაფის მიერ ქართული ენის მეტაფორულ შედარებას ლაზარესთან უფრო სარწმუნოს ხდის. ”…და მეგობრობაჲ ამისთუის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს,…“. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ქრისტეს მეგობარი სხვა არავინ არის, თუ არა ღმრთის მორჩილი. მოგეხსენებათ, ღმრთის მორჩილი იმავდროულად ღმრთის რჩეულია, რომელიც ღმრთის ჩანაფიქრის განსახორციელებლადაა მოწოდებული. ნათქვამიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ციტირებულ მუხლში ის აზრია გამოთქმული, რომ ქართული ენის ქრისტესთან მეგობრობის ”ყოველი საიდუმლოჲ“ ანუ ქართული ენის ყოველნაირი საიდუმლო, — თუ რატომაა ქართული ენა ქრისტეს მეგობარი და მეგობრობის გამო ღმრთის რაგვარი ჩანაფიქრის აღსასრულებლადაა მოწოდებული ქართული ენა, — ქართულ ენაშივეა დამარხული. ქართული ენის სადიდებლის შინაარსის ამოცნობისას ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თხზულებაში ქართული ენა და ქართული დამწერლობა განუყოფელია. ქართული ენის საგალობელი იმავდროულად ქართული დამწერლობის თაობაზეც რომ მოგვითხრობს, ეს ჰიმნის დამამთავრებელ მუხლშიც წერია: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ“. იმედია, დამეთანხმებით, ამ კონტექსტში სიტყვა ”წილი“ ხვედრის მნიშვნელობითაა ნახმარი და ამრიგად, ციტირებულ მუხლში ის აზრია გამოთქმული, რომ თხზულებაში გაცხადებული უწყება ქართული დამწერლობის ხვედრსაც გვაუწყებს, რაც იმის დასტურია, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ქართული ენისა და ქართული დამწერლობის ხვედრი განუყოფადია. ამასთანავე, მხედველობიდან ნუ გამოგვრჩება ისიც, რომ თხზულების ავტორი ქართული ენის საგალობლის დასაწყისშივე გვამცნობს: ”დამარხულ არს ენაჲ ქართული…“ ვინაიდან, ერთი მხრივ, ენის დამარხვა, ენის შენახვას, დაცვას ნიშნავს, ხოლო ენის შენახვა-დაცვა დამწერლობით ხორციელდება, ამდენად, ქართული ენის ქების ავტორი ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის დასაწყისშივე საზეიმოდ გვაუწყებს, რომ ქართული ენა ქართული დამწერლობით დაცულია და ამიტომ, თხზულებაში ქართული ენა და დამწერლობა განუყოფელია, რაკიღა ქართული ენა ქართული ანბანითაა დაცული. ხოლო, მეორე მხრივ, რამდენადაც ქართული ენის შესასხმელად შეთხზული საგალობლის ავტორის უწყებით ქრისტესმიერი ნათლისღებით მკვდარი ქართული ენა, ნათლისღებამდელი ცოდვებისგან განწმენდილი, საღმრთო მადლით გარდაქმნილი, სამუდამოდ ნათლისღების სიკვდილითაა დაფლული ”…და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა.…“, ესე იგი, იმის გათვალისწინებით, რაკი ვინც მონათლულია, ცოდვისაგან თავისუფალია, დამოწმებული მუხლი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს: ნათლისღების მადლით ოთხი დღის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნილი ქართული ენა საღმრთო შობითაა განახლებული, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ქართულმა ენამაც იაროს სიცოცხლის განახლებით, რადგან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, ისე გამოდის, რომ ნათლისღების მადლით ქრისტესთან თანა-დაფლული ქართული ენა ცოდვას მოუკვდა, და ასეთნაირად, ქრისტეს შეუერთდა. აი, სწორედ ამის გამო, რწმენისათვის ქართული ენა ღმრთისმიერ ცხოვრობს და მეორედ მოსვლის ჟამის საუწყებლად ქართული დამწერლობითაა დაცული. ნათქვამთან დაკავშირებით პავლეს მიერ რომაელთა მიმართ წარმოთქმულს შეგახსენებთ: ”ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილსა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა. რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხოვნდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს. რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა“ [ რომაელთა მიმართ, VI, 3-11 ]. მაშ ასე, რამდენადაც ნათლისღებით ცოდვა კვდება, ხოლო თხზულების მიხედვით ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ქართულმა ენამ ქრისტესმიერი ნათლისღებით მის თანა სიკვდილი გამოსახა, მაშასადამე, ქართული ენა ნათლისღებით წარსულის ცოდვებისაგან განთავისუფლდა. უთუოდ აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც ქრისტესმიერ ინათლება, ის კვდება ძველი სამყაროსათვის და იბადება იმ ახალი სამყაროსათვის, რომელიც მეორედ მოსვლას მოჰყვება. ”…და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთუის თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“ ციტირებულ მუხლში ჰიმნოგრაფი დავითის წინასწარმეტყველების შეხსენებით — ”ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო, რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელი წარჴდა, ვითარცა ერთი ღამესა შინა“ [ ფსალმუნი, LXXXIX, 3-4 ], — მიგვითითებს დროის ორმაგი ხანგრძლივობის ბუნებაზე — კოსმოსური და ისტორიული დროის გარდამავალ ხასიათზე. ბარემ აქვე დავძენ: კოსმოსური დრო ციკლური ანუ რიტმული ბუნებისაა და მოვლენიდან მოვლენამდე იანგარიშება. ასე რომ, ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ათასი წელი ჰიპერბოლური სახით განასახიერებს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც ღმრთის ჩანაფიქრს წარმოაჩენს. ამრიგად, თხზულებაში მოხმობილი ”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“ გვამცნობს — ათასი წელი ვითარცა ერთი დღე ანუ ერთი დღე ვითარცა ათასი წელი ( ”…ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე…“ [ პეტრეს II წერილი, III, 8 ] ). ასეთნაირად, ქართული ენის საგალობელში მოხსენიებული ათასი წელი სიმბოლური გამოთქმაა და მოიცავს მოვლენიდან მოვლენამდე ათვლილ დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომელიც კაცობრიობის თვალთახედვით ღმერთისათვის ერთი დღეა. ისე რომ, თუკი მოკვდავთათვის ერთ დღესა და ათას წელს შორის უზომოდ დიდი განსხვავებაა, ღმრთისათვის ათას წელსა და ერთ დღეს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.…“. გავიხსენოთ: სახარების ( მათეს სახარების ) ქართული ვერსია ასო ”წ“–თი იწყება — ”წიგნი შობისა იესო ქრისტესი…“ და რამდენადაც წმიდა წერილის ქართული თარგმანის საწყისი ”წ“ გრაფემის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია, ხოლო თხზულებაში ჰიპერბოლური მნიშვნელობით მოცემული ერთი დღის ნიშანი პირობითად ათასი წელია ( ”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“ ), ამდენად, ცხადია, ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს მსგავსად, ქართული ენის ოთხ დღეში ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლება და განახლება ქართული ანბანის ”წ“ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობით — ოთხი ათასითაა ნაუწყები. ამის გარდა, ვინაიდან, ოთხთავის ქართული რედაქციის თავდაპირველივე ასო-ნიშნის ”წ“-ს რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია და ქართული ენის ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის ჰიპერბოლურად გადმოცემული ციკლური ანუ რიტმული ბუნების, მოვლენიდან მოვლენამდე ნაანგარიშებ ოთხ დღეს ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის ავტორის თვალსაზრისით ქართული ასო-ნიშანი ”წ“ მოწმობს, ამიტომ, ვფიქრობთ, თხზულების მეხუთე მუხლში — ”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა…“ — სიტყვა ”წერილი“ ხატის მნიშვნელობით უნდა იყოს ნახმარი, მითუმეტეს, რომ ძველ ქართულში სიტყვა ”წერილი“ ხატის მნიშვნელობითაც იხმარებოდა [ აბულაძე, 1973, გვ. 542 ]. ამგვარად, დამოწმებულ მუხლში: ”…და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს, და იტყუის ყოვლად ოთხათასსა მარაგსა…“ ის აზრია გადმოცემული, რომ ქართული ანბანის ”წ“ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა — ოთხი ათასი — სიმბოლურად რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან გაიგივებული ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომის ნიშანია ანუ ხატია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქართული ენის შესასხმელად შეთხზულ საგალობელში ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის მკვდრეთით აღდგომის ხატს ქართული დამწერლობის ასო-ნიშანი ”წ“ განასახიერებს, ნათელია, რომ ქრისტესმიერი ნათლისღებითი დაფვლით ქართული ენის ოთხდღიანი ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლება და მკვდრეთით აღდგომა ქართული ანბანის შემწეობით განხორციელებულა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ქართული ენის დამარხვა ანუ დაცვა ქართული დამწერლობის მეშვეობითაა განპირობებული. ასე რომ, რადგან, ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა ქრისტესმიერი ნათლისღების მადლით გარდაქმნილმა დამწერლობამ განაპირობა, ამდენად, ქართული ენის ცოდვის ტყვეობაში ყოფნა ასევე ნათლისღებამდელი დამწერლობით უნდა იყოს გამოწვეული. რაკიღა, ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ”…წელი ათასი ვითარცა ერთი დღეჲ.…“, ათასი წელი ჰიპერბოლური მნიშვნელობითაა წარმოჩენილი, თხზულების ავტორი, რომელიც ქართულ ენას სიმბოლურად ლაზარესთან აიგივებს, სახარების ქართული რედაქციის საწყისი ”წ“ ასოთი, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი-ათასია, მიგვანიშნებს ქართული დამწერლობის არა ჩვეულებრივ, არამედ უჩვეულო, კოსმოსურ, მოვლენიდან მოვლენამდე განვლილ ოთხ დღეზე, რითაც ჰიმნოგრაფი გვაუწყებს, რომ რწმენისათვის ოთხ დღეში მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს მსგავსად ქართული ენაც რწმენისათვის ცოდვის ტყვეობიდან ოთხ დღეში განთავისუფლდა, რაც ქართულ ენაში ღმრთის შეწევნით განხორციელებული სასწაულის ნიშანია, და ვინაიდან, ადამიანთათვის დროის ორმაგი ხანგრძლივობის ბუნება ტრანსცენდენტური მოვლენაა, ამდენად, თხზულებაში ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთის აღდგომა ”მარაგითაა“ თქმული, ანუ ისე, რომ ”ადვილ საცნაურ არ იყოს, არამედ ვითარცა ღრუბელი რამ ემოსოს ანუ ორ-სამ რიგად გაისინჯოს“ [ ორბელიანი,1991, გვ. 437 ]. მაშ ასე, ქართული ენის შესხმის ავტორი, რომელმაც ქართული ენა მისტიკურად ლაზარესთან გააიგივა და ამის გამო ქართულ ენას ”ღმერთი შეეწია“ უწოდა, ქართული ანბანის ”წ“ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობით — ოთხი ათასით, რომელიც ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომის ნიშანია, მიგვანიშნებს, რომ ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის ოთხ დღიანი პერიოდის თითოეული დღე დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს, რომელიც, კოსმოსური დროის ციკლური ანუ რიტმული ბუნებიდან გამომდინარე, მოვლენიდან მოვლენამდე იანგარიშება და რადგან, ყოველივე განხორციელებული დროში ღმრთის განგებით აღესრულება, ასეთნაირად, ღმრთის ჩანაფიქრს წარმოაჩენს. ”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ თხზულების შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში მეორედ მოსვლის ჟამის საუწყებლად ქართული ენის მზაობის მომასწავებელია ქრისტესმიერი ნათლისღებით ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის საკვირველი ამბავი, რამაც განაპირობა ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა. ასეთნაირად, ციტირებული მუხლი გვამცნობს, რომ ქრისტეს შობიდან 94 წელს განხორციელებული ქართული ენის მკვდრეთით აღდგომის საკვირველი მოვლენა მიმანიშნებელია მეორედ მოსვლის ჟამის ქართული ენით უწყების გარდუვალობისა, რამაც იმავდროულად ქართული ენის სხვა ენებზე აღმატებულებაც განსაზღვრა. ერთია კიდევ: დამოწმებული მუხლის მიხედვით უდავოა, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში წელთაღრიცხვა ქრისტეს მოსვლიდან იანგარიშება. აქვე უსათუოდ უნდა ჩავურთო შენიშვნა: რამდენადაც ქრისტეს მოსვლა ანუ ქრისტეს შობა ძველი წელთაღრიცხვის 5 წლით თარიღდება* [ Vermes, 2007, გვ. 22; ამასთანავე იხილეთ: Dunn, 2003, გვ. 324-325; Mainville, 2000, გვ. 43-46; ], ხოლო თხზულებაში წერია: ”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ მაშასადამე, ქართული ენის ნათლისღება ქრისტეს მოსვლიდან ოთხმოცდათოთხმეტ წელს ანუ ახალი წელთაღრიცხვით 90 წელს განხორციელებულა. რაღა თქმა უნდა, თხზულებაში ნაუწყები: ”…და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე…“ იმას უნდა გვამცნობდეს, რომ ქართული ანბანის შემწეობით ქართული ენის ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა ქრისტეს შობიდან 94 წელს ანუ ახალი წელთაღრიცხით 90 წელს ღმრთის შეწევნით განხორციელებული საკვირველი მოვლენის თარიღია. ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმული უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ: სიმბოლურად ლაზარესთან გაიგივებული ქართული ენის ”წ“ ასო-ნიშნით, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია, ქართული ენის ოთხ დღეში ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლებაზე მინიშნება ცხადყოფს, რომ ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში ათასი წელი ჰიპერბოლური სახით წარმოაჩენს დროის გარკვეულ მონაკვეთს და ამდენად, მოვლენიდან მოვლენამდე ნაანგარიშები 94 წელი, რომელიც ქრისტეს შობიდან ქართული ენის მკვდრეთით აღდგომამდე გასული დროის მონაკვეთს გვაუწყებს, ქართული ენის ერთ დღეს უნდა შეესაბამებოდეს. სანამ მსჯელობას გავაგრძელებდე, ერთი რამ აუცილებლად უნდა განვმარტო: თხზულების ავტორი ნაწარმოებში ქართული ენის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნის ოთხ დღეს ჰიპერბოლური მნიშვნელობით იმიტომ გვამცნობს, რომ ქართული ენა ქრისტესმიერი ნათლისღებითი დაფვლით, საღმრთოდ ცხოვრობს და, ასეთნაირად, მარადიულობაში იმყოფება. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინაიდან ყოველივე მოცემული ისტორიულ დროში წარმავალია, ქრისტესმიერი ნათლისღებით ქრისტეში დაფლულ ქართულ ენაზე მსჯელობა ისტორიული დროის მიხედვით შეუძლებელია და ამიტომ მარადიულობაში მყოფ ქართულ ენაზე მსჯელობა ჭეშმარიტად მორწმუნე ბერისათვის მხოლოდ კოსმოსური დროის გათვალისწინებითაა შესაძლებელი, რომელიც ციკლური ანუ რიტმული ბუნებისაა და მოვლენიდან მოვლენამდე იანგარიშება. რამდენადაც ქართული ენა ნათლისღებამდე ანუ ახალი წელთაღრიცხვით 90 წლამდე ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში იმყოფებოდა და რაკი ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობით ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის მოვლენიდან მოვლენამდე ათვლილი ერთი დღის ნიშანი 94 წელია, გამოდის, რომ ქართული ენის ოთხი დღის განმავლობაში დამწერლობით ცოდვის ტყვეობაში ყოფნის პერიოდი შესაბამისად ოთხჯერ 94 წელს უნდა შეეფარდებოდეს. ასე რომ, ქართული ენის ნათლისღებამდე ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობის შემოღების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის 286 წელი უნდა მივიჩნიოთ. ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესასწავლად საყურადღებოა ”მეფეთა ცხოვრებაში“ ჩაწერილი ცნობა: ”ამან ( ფარნავაზ მეფემ ) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. იქვე არშიაზე მიწერილია: ”აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართული ადამს აქეთ ძღიბ წელს“ [ ცხოვრ. ქართ. მეფ.,1955, გვ.26 ]. რამაზ პატარიძემ გამოარკვია, რომ ”მეფეთა ცხოვრების“ ქრონოგრაფის ცნობით ქართული მწიგნობრობა ალექსანდრე დიდის გამოჩენის 50 წლის შემდგომ დაწყებულა [ პატარიძე,1980, გვ.61-73 ]. ”მეფეთა ცხოვრებაში“ წერია: ”ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა ქვეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი …“ იქვე არშიაზე მიწერილია: ”ადამს აქათ სამი ათას ექვსას სამოცდა ორ წელს უკან“ [ ცხოვრ. ქართ. მეფ., 1955, გვ.17 ]. ცხადია, წინადადებაში ”ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა ქვეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი…“ ალექსანდრეს მაკედონიაში, საბერძნეთში გამოჩენა უდავოდ ალექსანდრე დიდის ზეობის თარიღს ძველი წელთაღრიცხვით 336 წელს უნდა მიგვანიშნებდეს. რადგან, ქართველებს მწიგნობრობა ალექსანდრე დიდის ზეობის 50 წლის შემდგომ შეუქმნიათ, ამდენად, ”მეფეთა ცხოვრების“ ცნობითაც ქართული მწიგნობრობის შექმნის თარიღი ასევე ძველი წელთაღრიცხვის 286 წელია. საყურადღებოა, რომ ლეონტი მროველის ”მეფეთა ცხოვრების“ გვიანი ხანის მინაწერში და ჰიმნოგრაფიულ თხზულებაში ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲში“ ქართული მწიგნობრობის შემოღების თარიღად ძველი წელთაღრიცხვით 286 წელია მოცემული, რაც ჩვენს დაკვირვებას დამაჯერებლობას ჰმატებს. ვინაიდან, ქრისტეს მოსვლიდან 94 წლამდე ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობით ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფი ქართული ენის მკვდრეთით აღდგომა, რწმენისათვის ქრისტესთან შეერთების წყალობით ქართული დამწერლობის შექმნამ განაპირობა, ამიტომ, ვფიქრობთ, ქართული ენის ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში ყოფნა, ქართველთა შორის ახალი წელთაღრიცხვით 90 წლამდე გავრცელებული დამწერლობით უნდა იყოს განპირობებული. ასეთნაირად, საფიქრებელია, რომ ქართველთა შორის გავრცელებული დამწერლობა, რომლის გამოც ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში იმყოფებოდა ქართული ენა, იმდაგვარი დამწერლობა ყოფილიყო, როდესაც ქართველები აზრის გადმოსაცემად ქართული ენის ფიქსირებას სხვა ენის დამწერლობით ახორციელებდნენ, რის გამოც ჰიმნოგრაფი ნათლისღების სასწაულით ქართული ენის მკვდრეთით აღდგომამდე ქართულ ენას ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში მყოფ ენად მიიჩნევს, რადგან, აღნიშნულ პერიოდში ქართველთა შორის გავრცელებული მწიგნობრობის წერით სისტემას არ შესწევდა უნარი ქართული სიტყვა ქართული დამწერლობით გადმოეცა. ვფიქრობთ, რადგან, ქართული ენის სადიდებელი თხზულების მიხედვით ქართული ენის მკვდრეთით აღდგომამდე ქართველთა შორის გავრცელებული წერითი სისტემის გამო ქართული ენა ოთხი დღის განმავლობაში ცოდვის ტყვეობაში იმიტომ იმყოფებოდა, რაკიღა, ქართული ენის ფიქსირება სხვა ენის დამწერლობით ხორციელდებოდა, ამიტომ, სავარაუდოა, ქართული მწიგნობრობის პერიოდი დამწერლობის ჰეტეროგრაფიულ სისტემას მიესადაგებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წელთაღრიცხვით 90 წელს ქართული ანბანის შექმნამდე ქართველები წერდნენ უცხო ენაზე ( მაგალითად – არამეოგრამე-ბით ), ხოლო კითხულობდნენ ქართულად. ასეთნაირად, სავარაუდოა, რომ ფარნავაზ მეფეს ძველი წელთაღრიცხვით 286 წელს ქართულენოვან სამყაროში ჰეტეროგრაფიული დამწერლობა შემოუღია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ქართული ანბანური დამწერლობის შექმნის თარიღია ახალი წელთღრიცხვით 90 წელი. აღსანიშნავია, რომ იოანე-ზოსიმე, რომელიც მეორედ მოსვლას მოელის, ქართული ენის მისიის გაცხადებისას ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის მკითხველი საზოგადოებისათვის ცნობილ, რეალურად არსებულ ფაქტს უნდა დაყრდნობოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნათქვამი ლიტონ სიტყვად დარჩებოდა. ასე და ამრიგად, ქართული ენის ხვედრი თხზულების ავტორისათვის ტრანსცენდენტური მოვლენაა და ღმრთის შეწევნით ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომის სასწაულს მიანიშნებს, რის საფუძველზეც ქართული ენა ლაზარესთანაა გაიგივებული. გამოდის, რომ ქართული ენის მკვდრეთით აღდგომა ქრისტეს მოსვლიდან 94 წელს არის სასწაული, ხოლო ქართული ენის ნათლისღებით ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა არის ღმრთის შეწევნით ქართულ ენაში განხორციელებული სასწაულის ნიშანი. ასე რომ, რწმენისათვის ქრისტესთან შეერთებით ქართული ანბანური დამწერლობის შექმნას ქრისტეს მოსვლიდან 94 წელს ანუ ახალი წელთაღრიცხვით 90 წელს ქართული ენის ჰიპერბოლურ ოთხ დღეში მკვდრეთით აღდგომა განუპირობებია, რაც ქართული ენის შესასხმელად შეთხზული საგალობლის ავტორს ღმრთის შეწევნით განხორციელებულ სასწაულად მიაჩნია და ამიტომაც ქართულ ენას ”ღმერთი შეეწია“ უწოდა. ”…და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.…“ ნათელია, ციტირებული მუხლით ქართული ენის სხვა ენებზე აღმატებულობაა ნაუწყები, რამეთუ თხზულების ავტორის თვალთახედვით ახალი წელთაღრიცხვით 90 წლიდან ქართული დამწერლობით დაცული, საღმრთო მადლით შემოსილი ქართული ენა, რომელიც პირველია ენათა შორის, რომელსაც რწმენისათვის ღმრთის შეწევნით დამწერლობა ებოძა, ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის დაწერის დროისთვისაც მადლმოსილი ენაა, რასაც ამ ენაზე მეტყველი ხალხის რწმენაშეუმცდარობა განაპირობებს. ”…და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.…“ ვინაიდან ენის შემკობა გრაფემების შექმნით ენის ანბანით გამშვენიერებას ნიშნავს, ამდენად, ციტირებულ მუხლში ის აზრია გატარებული, რომ რწმენისათვის უფლის სახელით კურთხეული, ქართული ანბანით შემკული ანუ გამშვენიერებული ქართული ენა, იესო ქრისტეს ადამიანური განსახიერების მსგავსად მდაბალი და დაწუნებული, მოელის უფლის მეორედ მოსვლის დღეს. ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ.“ რაკიღა, ნაწარმოების მიხედვით ქართულ ენას წილად ხვდა ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლებით ქრისტესმიერ ენად გარდაქმნა, ეს ტრანსცენდენტური მოვლენა, ნაწარმოების ავტორის თვალსაზრისით, ყოველგვარი განმარტებების გარეშე განაპირობებს ქართული დამწერლობით დაცული ქართული ენის არსებობას უკუნითი-უკუნისამდე. ქართული ენის სადიდებელი ჰიმნის დამამთავრებელი მუხლის ჩვენს მიერ შემოთავაზებული განმარტების თანახმად ვთვლით, რომ ასეთივე შინაარსის შემცველივე უნდა იყოს ადრეულ ხელნაწერებში ჩაწერილი ქართული ენის ქების განსხვავებული რედაქციით წარმოდგენილი დამამთავრებელი მუხლიც: ”…და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი ანბანისაჲ“. რამდენადაც ასი წელი მოიცავს საუკუნის დროის მონაკვეთს, ამდენად, ვფიქრობთ, გამონათქვამი: ”…ასი ესე წელი ანბანისაჲ“ ჰიმნის ავტორისათვის, რომლისთვისაც დრო ორმაგი ბუნებისაა, ხატოვანი გამოთქმაა და ქართული ენის ისეთი საკრალური ასი წლის განმავლობაში არსებობაზე მიგვითითებს, რომლის თითოეული დღე ქართული ენის ერთი დღის ტოლფარდია, ანუ 94 წლითაა განსაზღვრული. ასე რომ, თხზულების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქართული ენა ქრისტესმიერი ენაა და ამდენად ღმრთისმიერ ცხოვრობს, ჰიმნოგრაფი თხზულების განსხვავებული რედაქციებით წარმოდგენილი დამამთავრებელი მუხლებით ერთსა და იმავეს გვიცხადებს: ქართული ენის სადიდებელ ჰიმნში გაცხადებული უწყება დადასტურებულად მოგითხრობთ ქართული ანბანით დაცული ქართული ენის არსებობას იმდაგვარი საკრალური ასი წლის განმავლობაში, რომლის თვითოეული დღე 94 წელს მოიცავსო, ანუ უკუნითი-უკუნისამდე. დაბოლოს, ”…და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან; ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ.…“ გამონათქვამში ”…ახალმან ნინო…“ ვფიქრობთ ეპითეტით, ”ახალი“ ნათქვამია, რომ ღმრთისმოშიშმა ქალწულმა, რომელმაც ”ახალი ჟამი“ ( ესე იგი — უკანასკნელი ჟამი ) იხილა [ ჩოლოყაშვილი, 2008, გვ. 93 -111 ], ”ახალი ჟამი“-ს კატეგორიებით აზროვნებს და ერთდროულად წარსულსა, აწმყოსა და მომავალში იმყოფება, ცხადია დროის მიღმა არსებობს, მარადისობაშია და ამდენად, გამუდმებით ახალია. ამასთან ერთად დავძენ, რამდენადაც თხზულება ქართული ენის საგალობელია, უეჭველია, ჰიმნის ავტორი წმ. ნინოს მიერ — ქართული დამწერლობით დაცული ქართული ენის მოქცევაზე უნდა მიგვითითებდეს. ხოლო, ვინაიდან, თხზულების მიხედვით ქართული დამწერლობა ახალი წელთაღრიცხვით 90 წელსაა შექმნილი, ამდენად, წარმონათქვამში — ”ახალმან ნინო მოაქცია…“ შემდეგი უნდა იგულისხმებოდეს: მცირერიცხოვან ქრისტიანთა წიაღში რწმენის წყალობით შექმნილი ქართული დამწერლობა, წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცეული მირიან მეფის მეოხებით სამეფო კარს ოფიციალურ დამწერლობად დაუკანონებია, რაც ჰიმნოგრაფს წმიდა ნინოს დამსახურებად მიაჩნია. მადლობა ღმერთს, უფლის სადიდებლად, ქართული ენა დღესდღეობითაც მარადიულობაშია და ასეთნაირად, გამუდმებით ახალია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართული ენა თვისობრივად არ განსხვავდება 260-303 წლების ახლო ხანებში დაწერილი კოლაელ ყრმათა წამების ამსახველი ქართული მარტიროლოგიური თხზულების [ ჩოლოყაშვილი, 2003, გვ. 50 ] სამწერლობო ენისაგან. ——————————————————————————— *ალბათ დამეთანხმებით, მეცნიერების მიერ ხელახლა გამოვლენილი ქრისტეს შობის ეს მივიწყებული თარიღი, პალესტინაში მოღვაწე, განსწავლულ ბერს, რომელიც უდავოდ იცნობდა ებრაული და რომაული ქრონოლოგიების მიხედვით შედგენილ იესო ქრისტეს ეპოქის ამსახველ ნაშრომებს, და იცოდა, რომ ჰეროდე მეფე, რომელმაც მხსნელის განადგურების მიზნით ორ წლამდე ყრმები დაახოცინა — ძველი წელთაღრიცხვით 4 წელს გარდაიცვალა, არ გაუჭირდებოდა ღმრთის ჩანაფიქრის ამოცნობის სურვილით გამსჭვალულს დაზუსტებით განესაზღვრა დროთა განმავლობაში დავიწყებული ქრისტეს შობის თარიღი. შენიშვნა: ილია II,1986 – ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, ჯვარი ვაზისა #1, 1986 ბაქრაძე, 1971 – ა. ბაქრაძე, ქებაჲ და დიდებაჲ…, ცისკარი #6, 1971 ბაქრაძე, 1982 – ა. ბაქრაძე, ყოველი საიდუმლოი, ლიტერატურული საქართველო #45(2226),1982 ბაქრაძე, 1983 – ა. ბაქრაძე, ისევ ”ქებაჲს“ გამო, მნათობი #1, 1983 გამსახურდია, 1987 – ზ. გამსახურდია, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ცისკარი #3, 1987 გელოვანი, 1979 – აკ. გელოვანი, 1000 წელი ერთი ქართული ძეგლისა, მნათობი #3, 1979 გვინჩიძე, 1994 – გ. გვინჩიძე, ახალწარმოჩენილი თავდაპირველი ქართული ქრისტიანული დამწერლობა, 1994 ინგოროყვა, 1924 – პ. ინგოროყვა, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, კავკასიონი #1-2, 1924 ინგოროყვა, 1939 – პ. ინგოროყვა, ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, მნათობი #9, 1939 ინგოროყვა, 1954 – პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბილისი, 1954 ინგოროყვა, 1965 – პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. III, თბილისი, 1965 ინგოროყვა, 1978 – პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. IV, თბილისი, 1978 კანდელაკი, ცერცვაძე, 1987 – ნ. კანდელაკი, გ. ცერცვაძე, კალენდარულ–ქრონოლოგიური მაჩვენებელი ”94 წელი“ და ქართული წელთაღრიცხვა – მნათობი, #2, 1987 კეკელიძე, 1923 – კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1923 კიკნაძე, 1982 – ზ. კიკნაძე, ”ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ლიტერატურული საქართ-ველო #26(2207),1982 კიკნაძე, 1985 – ზ. კიკნაძე, ”ახალის“ გაგებისათვის ”ქებაიში“, კრიტიკა #1, 1985 კიკნაძე, 1990 – ზ. კიკნაძე, ”ვითარცა მარიამ და მართაჲ“, მადლი, 26 მაისი, 1990 ლომინაძე, 2004 – ბ. ლომინაძე, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, თბილისი, 2004 ნარსიძე, 1984 – გ. ნარსიძე, ” 94 წელი უმეტეს…“, განთიადი #6, 1984 ნარსიძე, 1985 – გ. ნარსიძე, უძველესი ქართული თხზულება, მნათობი #9, 1985 ნარსიძე, 1986 – გ. ნარსიძე,”ქებაი“-ს ისტორიული პარალელები, მნათობი #4, 1986 პაპუაშვილი, 1979 – ნ. პაპუაშვილი, ”და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა“, ჯვარი ვაზისა #1, 1979 პაპუაშვილი, 1983 – ნ. პაპუაშვილი, ”ქებაის“ ფაკულტატიური სწავლებისათვის, ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში #2, 1983 პატარიძე, 1981 – რ. პატარიძე, ”ქებაი ქართულისა ენისაი“, მნათობი #11, 1981 პატარიძე, 1983 – რ. პატარიძე, ქებაჲ ქართულისა ენისაჲ, მნათობი #7, 1983 პატარიძე, 1985 – რ. პატარიძე, ქებაჲ ქართულისა ენისაჲ, მნათობი #6, 1985 პატარიძე, 1986 – რ. პატარიძე, ქება ქართული ენისა“, მნათობი #9, 1986 პატარიძე, 1987 – რ. პატარიძე, ქება ქართული ენისა“, მნათობი #1, 1987 სარჟველაძე, 1984 – ზ. სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, თბილისი, 1984 სულავა 2000 – ნ. სულავა, იოანე-ზოსიმე — ”ქებაჲს“ ავტორი, მწიგნობარი, 2000 ფიროსმანიშვილი, 1983 – დ. ფიროსმანიშვილი, ”რამეთუ წელი ათასი — ვითარცა ერთი დღე“, კრიტიკა #4, 1983 ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, 2000 – ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, შემდგენელ-რედაქტორი, ტ. ფუტკარაძე, 2000 ქურდაძე, 1967 – შ. ქურდაძე, დედაენის ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქციის ჩამოყალიბების სათავეებთან, სკოლა და ცხოვრება #2, 1967 ჩახავა, 1984 – მ. ჩახავა, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, პარალელი, 1984 ჩხენკელი, 1982 – თ. ჩხენკელი, ”მოწამედ წარმოგითხარ…“, ლიტერატურული საქართველო, #48( 2229), 1982 ჩხენკელი, 1983 – თ. ჩხენკელი, ”ლაზარე“. ”ახალი ნინო“, ლიტერატურული საქართველო, #17( 2250), 1983 წერეთელი, 2004 – ლ. წერეთელი, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს სახისმეტყველება, ძიებანი #25, 2004 ჭელიძე, 1983 – ედ. ჭელიძე, გნოსტიკური ხასიათის ძეგლი, მნათობი #12, 1983 ჯანელიძე, 1989 – დ.ჯანელიძე, ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, საბჭოთა საქართველო, #4, 1989 გამოყენებული ლიტერატურა: აბულაძე, 1973 – ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი. 1973 ორბელიანი, 1991 – სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი, ტ. I, თბილისი. 1991 პატარიძე, 1980 – რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980 ცხოვრ. ქართ. მეფ., 1955 – ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველ-თაგანთა მამათა და ნათესათა – ლეონტი მროველი, ქართლის ცხოვრება, ტ. I. თბილისი. 1955 ჩოლოყაშვილი, 2003 – ბ. ჩოლოყაშვილი, უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულება, თბილისი. 2003 ჩოლოყაშვილი, 2008 – ბ. ჩოლოყაშვილი, ქართულენოვანი ეკლესია — ახალი იერუსალიმი, თბილისი. 2008 Brosset, 1858 – M. Brosset, Notice sur un manuscrit géorgien de la Bibliothèque Impèriale publique, provenant de M. Tischendorf; par M. BROSSET, Mélanges asiatiques, t.III. (1857-1859), St.-Pétersbourg, 1858 Mainville, 2000 – O. Mainville, En quelle année Jésus est-il né?, Scriptura, t.II,#2. 2000 Vermes, 2007 – Geza Vermes, Les énigmesde la passion, Bayard. 2007 Dunn, 2003 – James D. G. Dunn, Christianty in the making, v. I. Jesus Remembered, Eerdmans Publishing. 2003 Цагарели 1888 – А. Цагарели, Памятники грузинской старины, Православ–ный Палестинский сборник, т.IV, С-Петербургь, 1888 |