ვიდრე მოძღვარი მეფე–პატარძალს ჯვრისწერის კურთხევას მისცემდეს, აუცილებლად შეახსენებს ხოლმე მეხუთე მცნებას – „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა“ და დასძენს, თუ სურთ, რომ ბედნიერად განვლონ ცხოვრების წლები მომავალ მეუღლესთან ერთად, თავდაპირველად აუცილებლად მიიღონ ლოცვა–კურთხევა მშობლებისაგან. მშობლები კიდეც რომ უწუნებდნენ არჩევანს და ეწინააღმდეგებოდნენ – თუ მიაჩნიათ, რომ ღირსეულად ჰყავთ თანამეცხედრე შერჩეული, მოაწონონ, დაარწმუნონ გრძნობების სიმყარეში და ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით გამოსთხოვონ ლოცვა–კურთხევა, რადგან მშობლის ლოცვა ბედნიერი ოჯახის შექმნის საწინდარია! უძველესი მართლმადიდებლური საეკლესიო წესით მექორწილეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ: „მამაო ჩვენო“, რწმენის სიმბოლო და ათი მცნება. და აი, ნეფე–დედოფალი საქორწინო ცერემონიალის წინაშე დგება, მთელი მაყრიონი ფოტო და კინო კამერების ტკაცატკუცით დაჰყვება უკან და მხიარული საზეიმო განწყობილებით ჟივილ–ხივილით ავსებს ეკლესიის ეზოს. ამ საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფეროში მხოლოდ ორი ადამიანია სახეზე ღიმილის მიუხედავად, შინაგანად დაძაბულობითა და მღელვარებით შეპყრობილი – ესენი თვით მეფე–პატარძალი არიან! ამ დღეს მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ – ისინი ეკლესიის შვიდთაგან ერთი უდიდესი საიდუმლოს უშუალო მონაწილენი ხდებიან! ამ დიდი საიდუმლოს უშუალო მონაწილეთათვის და სტუმრებისათვის ეს საკრალური რიტუალი ხშირად იძენს ოდენ სანახაობით ფორმას და ისინი არ უღრმავდებიან ამ მოვლენის უდიდეს სიმბოლურ მნიშვნელობას: თუ ჯვრისწერამდე ცოლ–ქმარი უბიწობაში ჰგიებს, მათი მოთმინების ჯილდოა გვირგვინი. როგორც წმიდა მამები შეგვაგონებენ, გვირგვინი მიწიერ სიამეზე გამარჯვების სიმბოლოა. ნიშანდობლივია ერთი ეპიზოდი წმიდა მამის, ლავრენტი ჩერნიგოველის ცხოვრებიდან (ეს ის ლავრენტი ჩერნიგოველია, რომელიც ამბობდა, რომ „საქართველოში ეშმაკი ვერ გაბატონდება, რადგან დედა ღვთისა იცავს იქაურობასო“) - თურმე მამა ლავრენტი არასოდეს არ რჩებოდა ჯვრისწერაზე, ერთხელ კი დარჩა. როდესაც უკითხავთ მისი ამ გამორჩეული ქცევის მიზეზის შესახებ, უპასუხნია: –ეს იყო ნამდვილ უმანკოთა წყვილი. მე ვხედავდი, სულიწმინდა როგორ გადადიოდა ერთიდან მეორეზე და თვალებიც კი ეცვლებოდათ! ორმხრივი უბიწობა ღირსქმნილია სულიწმინდის მადლის გარდამოვლენისა, რომელსაც მხოლოდ წმიდანები ხედავენ! მღვდელმონაზონი ვ. ზენკოვსკი აღნიშნავს: „ისინი, ვინც ქორწინებაში შეაბიჯებენ უბიწონი და პირველად ქორწინების ჟამს სწვდებიან ხორციელი ერთობის საიდუმლოს, სულში იგრძნობენ კეთილსათნოებას თანამეცხედრის სხეულისადმი, რომელიც მათთვის ხდება კრძალული და წმიდათაწმიდა!’ რატომ ჰქვია წყვილს მეფე-პატარძალი? დამოუკიდებელი ოჯახი ახალი წყვილის სამეფოა. გვირგვინი – ეს არის ძალაუფლების ნიშანი – სიმბოლო მეფობისა. მომავალი შვილები და სახლეული – ქვეშევრდომები არიან. ყველანი იმ წესრიგს მიჰყვებიან, რასაც მეფე–პატარძალი დანერგავს. მათი ვალია „სამეფოს“ სულიერი განვითარება უფლის სადიდებლად; ოღონდ, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თავი არ დაიტვირთონ ხელისუფლების სიმძიმით! ბეჭედი ერთხელ და სამუდამოდ იკურთხება თითზე სატარებლად. არის მეუღლეთა მომავალი ერთგულებისა და ერთმანეთისადმი კუთვნილების ხილული წინდი! რგოლი – მარადიულობის და უწყვეტობის სიმბოლოა, ოქრო – მზის სინათლე და მეფური ღირსება! ჯვრისწერის დროს მღვდელი სამჯერ უცვლის ნეფე–პატარძალს ბეჭდებს – ეს არის სიმბოლო ურთიერთშეერთების, ერთსულოვნების, სრული თანხმობის. საკურთხეველში ბეჭედი გადაიქცევა წმიდა საგნად. ბარძიმი – ზიარება საერთო ბარძიმიდან ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველაფერი მათი საერთოა – სიხარული და ჭირი, შრომა და ზრუნვა; ექნებათ სულის გადარჩენის საერთო გზა – ამიერიდან იქნებიან ერთ სულ და ერთ ხორც! ლოცვითი კავშირი მეფე–დედოფალს შორის დგება პირველი დღიდან – რომელიც უმწიკვლოდ ჩაივლის, ჯვრისწერის ზიარების მადლის შესანარჩუნებლად (ალბათ ამ ვითარების გათვალისწინებით რთავენ ქორწილის უფლებას შაბათობით, საუფლო დღესასწაულის წინდღით.) პატარძლისათვის ეს დღე კიდევ იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ ჯვრისწერა ერთადერთი დღეა ქალის ცხოვრებაში, როდესაც მას ენიჭება ამბიონზე ასვლის უფლება – მაცხოვრისა და დედა ღვთისმშობლის ხატების წინ დადგომისას, შეუძლია აღავლინოს ლოცვითი ვედრება, იმის იმედად, რომ წრფელი გულით ნათხოვნი აუცილებლად აუსრულდება! და, რაც მთავარია, ქორწინება კურთხეულია უფლისაგან – აკი ქრისტეს პირველი სასწაული აღსრულდა ქორწილში – გალილეის კანაში! |