საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

,,დამმარხეთ საქართველოში...’’ (მასალები მიხეილ საბინინის ცხოვრებიდან)
როინ მეტრეველი

რედაქციისაგან: ქართველების რიგ უარყოფით თვისებებს შორის ცნობილია მათგან თავიანთი ღირსეული ცოცხალი  თანამემამულეების დაუფასებლობა და პატივის მიგება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. ამ წერილის გმირის, ქვეყნისთვის დამაშვრალი ადამიანის მიმართ კი მათ, თვით გარდაცვალების შემდეგაც კი მიუტევებელი  უმადურობა და გულგრილობა აქვთ გამოჩენილი. 


***

1900 წლის 13 მაისს გაზეთი ,,ცნობის ფურცელი’’ მოკრძალებულ ადგილს უთმობდა განცხადებას, რომ ,,მოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი გამომცემელი ,,საქართველოს სამოთხისა’’, ,,საქართველოს დიდებისა’’ და სხვა ისტორიულ თხზულებათა საქართველოს შესახებ მიხეილ (გობრონ) საბინინი’’.

მიხეილ საბინინი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 1900 წლის 10 მაისს, მოსკოვში, დაიკრძალა იქვე.

მიხეილ საბინინის გარდაცვალებას მწუხარებით შეხვდნენ საქართველოში. 15, 16 და 17 მაისს შუამთის მონასტერში პანაშვიდი გადაუხდიათ მისი სულის მოსახსენებლად. პანაშვიდი იქნა გადახდილი აგრეთვე თეთრი წმ. გიორგის მონასტერში (კახეთში). 27 მაისს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსს კირიონს გადაუხდია წირვა და პანაშვიდი (,,ცნობის ფურცელი’’, 1900 წ., 27 მაისი, N 1136).

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იგი თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ დავით კარიჭაშვილს სწერდა:

,,...Сердечно уважаемый и любимейший Давид Григорьевич!

...Болею и очень серьезно – но прежде сделалась со мною нервная горячка, чуть не отправился к праотцам и немного лучше и хочу совсем забыться и все позабыть и всю рукопись свою выслать Вам в библиотеку, довольно проработал и пусть докончат лучше другие, не завидую никому – на здоровье. Молю Вас, передайте всем мой поклон – целую Вас – и желаю Вам здоровья и благословения неба.

Уважающий Вас сердечно, Ваш всепокорнейший слуга грешный всеми обиженный Михаил Павлович Сабинин.

Москва, 16 февр. 1898 г.’’1

ეს ,,ცოდვილი’’ და ,,ყველასგან დაჯაბნილი’’ პიროვნება გახლდათ საქართველოს სიძველეებისა და ეკლესიის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი,2 ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების რუსულ ენაზე მთარგმნელი და გამომმზეურებელი,3 ,,საქართველოს სამოთხის’’ შემდგენელი და დამსურათებელ-გამომცემელი4 და სხვა მრავალი სასიკეთო საქმის შემოქმედი  მიხეილ (გობრონ) საბინინი.

მიხეილ საბინინი დაიბადა 1845 წელს. მისი მამა პავლე საბინინი ტვერის ეპარქიის მღვდელი იყო. იგი შემდეგში საქართველოში დასახლებულა და ცოლიც ქართველი - მირზიაშვილის ქალი - ჰყოლია. მიხეილს ოჯახში ქართული აღზრდა მიუღია. მას წარმატებით დაუმთავრებია თბილისის კლასიკური გიმნაზია. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე მიუქცევია ყურადღება საქართველოს სასულიერო ისტორიისათვის. მ. საბინინს შეუსწავლია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული ქართული ხელნაწერები, დაინტერესულა ხატებით, წმინდანთა საფლავებით, ჩაუწერია სხვადასხვა თქმულება-გადმოცემანი, გიმნაზიის წლებში წაუკითხავს პლატონ იოსელიანის შრომები და გასცნობია მის მიერ გამოცემული ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს.

მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების პეტერბურგი მოწინავე რუსული კულტურის ჭეშმარიტი ცენტრი იყო და დაინტერესებულ, სწავლამოწყურებულ ახალგაზრდას ბევრი რამის მიღება შეეძლო. მიხეილ საბინინი იმთავითვე დაუახლოვდა პეტერბურგის მიტროპოლიტს ისიდორე ნიკოლსკისა (1844 წ. 12. XI-დან - 1858 წლის 1. III-მდე საქართველოს ეგზარქოსი იყო) და იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკის. იოანე გრიგოლის ძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, განმანათლებელ-ენციკლოპედისტის, მწერლის, მეცნიერისა და ლექსიკოგრაფის იოანე ბატონიშვილის (ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის შვილი) შვილიშვილი იყო. მას ქართული ხელნაწერების მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მიხეილი შეუზღუდავად სარგებლობდა ამ სიკეთით.

მ. საბინინი პეტერბურგში გაეცნო გამოჩენილ ქართველოლოგებს - მ. ბროსესა და დ. ჩუბინაშვილს. მათთან ურთიერთობამ და კონსულტაციებმა კი მნიშვნელოვნად განაპირობეს ახალგაზრდა მეცნიერის წარმატება.5

1871-73 წლებში მ. საბინინმა გამოსცა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა სრული აღწერილობა (სამი წიგნი), რომელიც უძღვნა რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის, დიდი მთავრის ნიკოლოზ ალექსანდრეს ძის ხსოვნას.

პეტერბურგის სასულიერო აკადემია მიხეილმა 1875 წელს დაამთავრა. აქვე მიიღო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი - თხზულებისათვის  ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია VI საუკუნის ბოლომდე’’. აქედან მოყოლებული მეტად ნაყოფიერი იყო მიხეილ საბინინის მოღვაწეობა საქართველოსა და რუსეთში. მისი დიდი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებს. ნიშანდობლივია, რომ 1899 წელს (მ. საბინინის სიცოცხლეშივე) გამოცემული ,,ენციკლოპედიურ ლექსიკონის’’ XXVIII ტომში საგანგებო სტატიაა მ. საბინინის შესახებ. აი ისიც:

,,САБИНИН (Михаил Павлович, Геброн) – историк грузинской церкви, по происхождению грузин. По окончании Тифлисской гимназии, поступил вольнослушателем в СПб духовную академию и получил степень кандидата за сочинение: ,,История грузинской церкви до конца VI в.’’ (СПб., 1877). Еще ранее, в 1871 г., он издал ,,Полное жизнеописание святых грузинской церкви до конца VI в.’’. Оба сочинения писаны по грузинским первоисточникам, почему излагают предмет с гораздо большею подробностью, чем предшествовавшие ему издатели, напр., Иоселиани. Главный и наиболее ценный труд С.: ,,Древние акты грузинской церквы’’, извлеченные из рукописей и на грузинском языке, с русским переводом С., изданные академией наук’’.6

ერთი შეხედვით, თითქოს აღიარებულმა მიხეილ საბინინმა ცხოვრების ურთულესი გზა განვლო. როგორც მისი პირადი წერილებიდან ირკვევა, მეცნიერს არაერთი დაბრკოლება გადაეღობა წინ, როგორც იმდროინდელი ქართული საზოგადოების მტრულად განწყობილი ნაწილისაგან, ასევე რუსეთის მოწინავე წრეების ზოგიერთი მესვეურისაგანაც. ამ მხრივ მეტად საგულისხმოა მიხეილ საბინინის წერილი ზაქარია ჭიჭინაძისადმი:

,,ძმაო ზაქარიავ!

... მე დედისაგან საშინელი გოდების წიგნი მივიღე. ფრიად გაჭირვებული არის. მეც ახლა მეჭირება. არ ვიცი რა ვქმნა. ერთი-ორი წიგნი7 გაუყიდე, თუ ღმერთი გწამს და ფული ჩააბარე. და აგრეთვე წმ. ნინოს ხატი ორ-ორ აბაზად მიეცი; მთხოვნელნი იქნებიან, ხელი გამიმართე მამაშვილობას. ძმაო ზაქარია, თუ გინდა პორტრეტის ფული ჩააბარე დედას და მომწერე. მე აქ გავაკეთებ და გამოგიგზავნი, რომელიც დაგჭირდება...

რუსები მქენჯნიან, რომ მათი - ქართუელების მხარე გიჭირავსო და ქართუელები, ვითა რუსების აგენტი არისო. არ ვიცი ვის რა ვუყავი... ორივე პირთა ფრიად შემაწუხეს’’8

სინამდვილეში მიხეილ საბინინი განასახიერებდა ამ ორი ხალხის - რუსებისა და ქართველების ურღვევ ძმობას, იგი ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტი იყო და პირუთვნელად ემსახურებოდა ამ საქმეს.

მის ნაღვაწს, ქართველი ინტელიგენციის ერთი ნაწილის მიერ ხელის გამართვასთან ერთად, ზოგიერთი რომ გარკვეული შურით შეხვდა და ყოველგვარად ხელს უშლიდნენ მეცნიერს, ნათლად ჩანს ,,საქართველოს სამოთხის’’ წინასიტყვაობიდან, რომელიც მიხეილ საბინინის მიერაა დაწერილი. აქ ჩვენ ვიგებთ, რომ მასალების შეკრება მეცნიერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის წლებში დაუწყია. ,,იქვე შეუდეგ მე ამ ფრიად ძნელსა და შეუძლებელსა საქმესა; ამისთჳს ადრევე შეუდეგ ჩუენის ეკლესიებისა და მონასტრების მოხილვასა და არა რაჲ განეპარებოდა თუალთა ჩემთა, რაცა შეეხებოდა ჩემს სურვილსა და აზრსა - მრავალი დარჩომილი კეთილი ვნახე, მრავალი სიწმიდე მოვილოცე, მრავალი პატიოსანი ქართუელი პირი ვნახე, ვისწავე და ვირგე მათგან და რომელთა კეთილად მოვიხსენ მარად და აგრეთვე მრავალ უკეთურს და მეძავს და განრყვნილ გონებით კაცს შევხვდი - მგელნი ტყავთა შინა ცხუართასა, - რომელთა ვერიდები მარად და რომელნი მამულთ მოყუარეობით, მოღუაწეობით ჩუენის საცოდავი ეკლესიისათვის და ყოველისფრივ მსახურებით იქებენ თავთა თჳსთა - სიტყვით ძლიერნი, მოქმედებით მცირენი’’.9

შვიდი წელი მოუნდა მ. საბინინი მასალების შეგროვებას და, როგორც თვითონ აღნიშნავს აქამდე (ე.ი. 1882 წლამდე) უნდა გამოეცა, მაგრამ ,,ზემო თქმულნი პირნი, საქართველოს მემუშაკენი იყვნენ დამაბრკოლებელნი ჩემნი. აღმიტყინეს სასულიერო და სამოქალაქო მთავრობა, ყოვლის ღონისძიებით ცდილობდნენ, რათა დამიხშონ ყუელგან კარი, ყოვლითა უწესობით შემამკეს, რამეთუ თჳით არარაჲ კეთილი მიუძღვით, გარდა მანქანებისა. მცბიერობისა და ცბოლაობისა და რომელთა მომიძულეს ცუდათ, ამით შემკულნი და მოქარგულნი იგინი ვითარ ვთქვი, ყოვლის ღონისძიებით ცდილობდნენ, რათა დაებრკოლებინათ წმიდა და ღუთის საყუარელი საქმე ესე...’’10

მ. საბინინმა ,,საქართველოს სამოთხის’’ გამოცემით ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ძველი ქართული მწერლობის შესწავლა-კვლევას. ეს იყო ქართული სასულიერო-მწერლობის ფაქტობრივად სრულყოფილი კრებული, რომლის მსგავსი მანამდე არ იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. კარგად ესმოდა თვით მ. საბინინსაც, რომ ,,...არა სადა იპოების ასრე ვრცელი და შეკაზმული მშუენიერითა მხატვრობებითა, ვითარ წიგნი ესე’’.11 კრებულში შეტანილი მასალები მეცნიერს მიუკვლევია პეტერბურგის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიისა და საზოგადო საწიგნობელებში. ძვირფასი ხელნაწერები, როგორც აღნიშნავდა მ. საბინინი, ,,დარჩომილნი ბატონისშვილთაგან, - რომელნიმე მათგანი მერვე, მეცხრე, მეათე და ჩამომავალთა საუკუნეთა არიან. აგრეთვე პარიჟის სამეფო საწიგნობელისაგან - მოსკოვის დავით ბატონიშვილისა და რუმიანცევის საწიგნობელთა ხელნაწერთა წიგნთაგან...’’12 აქ მ. საბინინი გაცნობია არსენ იყალთოელის ხელნაწერებს, კათალიკოსებს: ვასილ, ბესარიონისა და ანტონ პირველის შრომებს. იგი აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო ამ კათალიკოსთა შრომების ცალ-ცალკე დაბეჭდვა, მაგრამ გამეორებას მოვერიდე და არც ჩემს მიზანს შეადგენდაო (,,ჩემს პროგრამაში არა იყო ცალ-ცალკის შრომის დაბეჭდვა’’).12

,,საქართველოს სამოთხეში’’ მ. საბინინმა შეიტანა ქართული ისტორიული ლიტერატურის ორმოცდაათი უძვირფასესი ძეგლი (მოთხრობა მიძინებისა ყ-დ წმიდისა ღუთის მშობლისა, ანდრია მოციქულის ქადაგება, წამება წმ. მთავარმოწამისა გიორგისი, ცხოვრება წმ. ნინოსი, ცხოვრება იოანე ზედაზნელისა, ცხოვრება და წამება წმ. მოწამისა კონსტანტინე მთავრისა, ცხოვრება ღირსი მამის ილარიონ ქართველისა, ანდერძი გიორგი მთაწმინდელისა, ცხოვრება წმ. დიდებულისა მეფისა დავით IV აღმაშენებლისა, ანდერძი წმ. მეფისა დავითისა და გალობა სინანულისა მისივე, სიტყვისგება ბერისა ეფთვიმე გრძელისა, სოსთენის მიმართ სომეხთ მოძღუარისა და სხვ.) და გარკვეული ქრონოლოგიური პრინციპით დაალაგა. ამასთან, თითოეული თხზულების შეტანა, მეცნიერის აზრით, მიზნობრივი დანიშნულებით იყო განპირობებული ,,ღუთისმშობლის მიძინებისა, - ამისათვის ვითარმედ ჩუენი ეკლესია წილხდომილია ყოვლად უბიწოჲსა და მარადის ქალწულისა დედოფლისა მარიამისა, მოთხრობა ანდრია  მოციქულისა, რამეთუ მან სანატრელმან, პირუელად ჰქადაგა სიტყუა ღუთისა ქუეყანასა ჩუენსა. მოთხრობა წმ. გიორგისა, რამეთუ დიდი გიორგი, ახლო ნათესავი იყო წმ. ნინოსი...’’14 და ა.შ.

ხაზგასასმელია, რომ ეს დიდი წიგნი, რომელიც 650-მდე გვერდს შეიცავს და ფორმატიც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაისტამბა და, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ რთული იქნებოდა მისი პოლიგრაფიულად ესოდენ მაღალ დონეზე შესრულება. ,,მხატვრობები, - წერს მ. საბინინი, - ზოგიერთი გადმოვიღე წმ. სუეტის ცხოვლის კედლიდგან, ზოგნი მრავალმთის დანგრეულის მონასტრების კედლებიდგან, ზოგი მიბოძა კნიაზმან გრიგორი გრიგორის ძემ გაგარინმან - და ზოგიერთი ბატონიშვილის ხელნაწერთაგან და სხვ.’’15 სურათები არ იყო იმ დონეზე შესრულებული, რომ წიგნში შეტანილიყო, ამიტომ მ. საბინინის სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა მხატვრისათვის მიუმართავს და მასალა ,,სრულუქმნია’’. დიდი გაჭირვებით შეუდგენია და გამოუცია წიგნი მეცნიერს. ხელისშეწყობის ნაცვლად ბევრ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებას შეხვედრია. მ. საბინინი შეძრწუნებული წერს: ,,დიდი ჭირი და იწროება ვნახე მე ამ წიგნის შედგენასა შინა და უმეტეს დაბეჭდვასა შინა, ვერ აღურიცხამ ყოველთა, ვითარ კაცი შევძრწუნდი და ლამის სასოწარკვეთილებას არ მივეცი ჩემი თავი - არა ვინ მყუანდა ქართუელთაგან შემწედ და გულ დამწველ, არამედ მრავალნი მტრად და მომიძულეს ცუდად’’.16 მაგრამ ჭეშმარიტი  მოღვაწე და საქართველოს ისტორიულ წარსულზე, მის კულტურაზე უსაზღვროდ შეყვარებული და მის შესწავლაზე დღენიადაგ მზრუნველი მიხეილ საბინინი თავს იმით იმშვიდებდა, რომ კარგად ესმოდა ,,საქართველოს სამოთხის’’ გამოცემის ფასი და მნიშვნელობა (,,რათა არა წაირყუნას წმ. ენა ჩუენი და წმ. მამათა მოხსენებული და აღჭურვილი სულიერითა გონებითა და ტრფიალებითა, რათა არა დაგვკარგოდა საქარველოთა წმიდათა ცხოვრება’’).17

მართლაც, დღეს საკამათო აღარ არის ის დიდი მნიშვნელობა, რაც მ. საბინინმა ქართული წერილობითი წყაროების შეკრებითა და მათი გამოცემით გააკეთა. იმთავითვე დადებითად შეაფასეს ეს მოვლენა მოწინავე ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა.

,,Могу смело сказать, что книга эта со временем может занять самое почетное место как по своему содержанию, так и по своей аккуратности в издании’’ - ასე წერდა ,,საქართველოს სამოთხის'' შესახებ დავით ჩუბინაშვილი. მაგრამ გამოჩნდნენ ავის მთქმელებიც. სასულიერო ცენზორმა მ. ხელიძემ, რომელიც, როგორც ჩანს, სასულიერო ისტორიის ცოდნით არ გამოირჩეოდა, უარყოფითი შეფასება მისცა წიგნს და დაასკვნა: ,,Так как подстрочные замечания в книге почти на каждом шагу содержат слова и выражения резкие и оскорбительные для нынешних Грузин и Армян... книга эта не может быть рекомендована для приобретения духовенством грузинского экзархата, в настоящем ее виде’’ (,,შრომა'', 1882, N 47).

აღნიშნულ შეფასებას 1882 წლის 1 დეკემბერს მოჰყვა გაზეთ ,,შრომაში’’ ფელეტონი (ეს ციტატი, სწორედ ამ ფელეტონიდან გვაქვს მოტანილი), რომელსაც ხელს აწერდა ,,მგზავრი კაცი’’. ავტორი ,,საქართველოს სამოთხის’’ გამოცემას უდიდესი მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნევდა. ,,ჩვენს სასულიერო ლიტერატურას გაესკვნა საძირკველი; ჩვენს სამღვდელოებას, რომლისთვისაც, საქართველოში სტამბის გახსნის შემდეგ, ორი კალამი არ მოსმულა ქართულად, დღეს გაუჩნდა საკითხავი წიგნი, საიდანაც მას შეუძლია აიღოს ცოცხალი მაგალითი ღვთისა და კაცთმოყვარეობის, მოყვასთათვის თავგანწირულებისა და ათას ნაირის სხვა კეთილზნეობისა’’.18

ავტორი ამათრახებს რეცენზენტს, ააშკარავებს მ. ხელიძის უსუსურ ბრალდებებს და დაასკვნის, ისეთი ვერაფერი ვნახეთ, რომ წიგნს ღირსებას ართმევდეს და სასულიერო წესდებისათვის სათაკილო იყოს; ,,მგზავრი კაცი’’ სრულიად მართებულად მიიჩნევს წიგნში აღწერილი საქართველოს მონასტრების მდგომარეობას და თვითონაც უმატებს: მრავალი ჩვენი მონასტერი, სადაც სარწმუნოება წმინდად უნდა იყოს დაცულ-შენახული, ,,ვირების ქართად’’ გადაიქცნენო. ,,ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა. ამას არც ერთი ქართველი უღირს შეურაცხებად არ მიიღებს, არამედ პირიქით აღიარებს, რომ იმგვარი სიწმინდენი, როგორც დავით აღმაშენებლის სამარხი, დღეს ოთხფეხთა ქართად შექმნილა და ამ ქართის კარებად დარუბანდის კარებია, რომელნიც ჩვენი მკლავძალის ნაშთად უნდა ითვლებოდეს’’.19 ფელეტონის ავტორი მ. ხელაძეს უკიჟინებს, რომ თუ იგი ქართველთა პატიოსნებასა და სარწმუნოებას იცავს ,,ერთჯერ მაინც გაირჯებოდა და ორიოდე წიგნაკს შეადგენდა საქართველოს ეკლესიის შესახებ!.. ზოგიერთი სხოლიო სომხებს შეეხება და შეეხება იმდენად, რამდენადაც ჩვენი სარწმუნოება მათისგან განირჩევა...

აგრე ბატ. რეცენზენტო, სხოლიოები დაგიწურავთ და წიგნის ღირსება, შინაარსი და მნიშვნელობა ლუკმა ღომივით გადაგიყლაპავსთ’’.20

მეტად საგულისხმოა გაზეთ ,,დროებაში’’ გამოქვეყნებული დიმიტრი ჯანაშვილის რეცენზია ,,საქართველოს სამოთხის’’ შესახებ. ეს წერილი გაზეთის 1882 წლის 24 (N 245), 25 (N 246) და 26 (N 247) ნოემბრის ნომრებში გამოქვეყნდა. ავტორი წუხილით აღნიშნავს, რომ ქართული საერო და საეკლესიო მატიანენი სხვადასხვა მონასტრებისა და ეკლესიების წიგნთსაცავებშია გაბნეული, არა მარტო სქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - რუსეთში, საფრანგეთში, რომში. არის შემთხვევები, როცა ქართული ხელნაწერები ლონდონის, თეირანისა თუ სტამბოლის ბაზრებზე იყიდება.

დიმ. ჯანაშვილი დაუდევრობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქართველობაში არ მოიპოვება ისეთი პირი, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს და შეშფოთებულია იმის გამო, რომ მ. საბინინის ,,საქართველოს სამოთხე’’ არც ერთ მღვდელს იმ დროისათვის არ გამოუწერია. ამის მიზეზად კორესპონდენციის ავტორი სამღვდელოების მოშლილობას მიიჩნევს: ,,ახლანდელ სამღვდელოებას, დაუდევრობისა გამო, აღარა აქვს ისეთი სასოება, ღვთისმოყვარეობა და გულითადი სურვილი გაავრცელოს ხალხში წმიდათა მამათა ცხოვრებიდან მაგალითები სათნო ცხოვრებისა... ის იქამდე გულგრილია თავის მოვალეობაზე, რომ იშვიათად იპოვით მღვდელს, რომელმაც იცოდეს ზედმიწევნით წმ. ნინოს ცხოვრება მაინც’’.21

დიმ. ჯანაშვილი ,,საქართველოს სამოთხის’’ ავტორის დიდ დამსახურებად თვლის, რომ მან პირველმა მოძებნა და შეკრიბა ,,ქვეყნის პირზე მოფენილი ხელთნაწერები’’. ავტორს ესმის ის სირთულე, რაც ასე დიდი წიგნის გამოცემასთან არის დაკავშირებული: ,,წიგნი... სიდიდით არის ორი სახარებისოდენი. ამოდენა წიგნის გამოცემაზე ბ. საბინინს ისრეთი ბეჯითი მეცადინეობა გაუწევია, რომ ის სრულიად უნაკლულოდ არის დასტამბული. სხვა არა იყოს რა, მარტო მისი გარეგანი შეხედულების ხილვა მეტისმეტად სასიამოვნოა. ჭეშმარიტად, რომ ის დიდს ძვირფასს საუნჯეს შეადგენს ჩვენს ისტორიულ ლიტერატურის’’.22

დიმ. ჯანაშვილი ,,საქართველოს სამოთხეს’’ თავისი მნიშვნელობით ,,ქართლის ცხოვრებას’’ უტოლებს. მისი აზრით, პირველი ავსებს მეორეს. აქ ისეთი ახალი ცნობებია, რომელიც სხვაგან არსად მოიპოვება; ნათქვამია საღმრთო და საეკლესიო წიგნების მთარგმნელებზე, ევსტათი ეპისკოპოსისის მოსვლაზე ანტიოქიიდან საქართველოში, წმ. ნინოს თხოვნით (გვ. 96), ქართველთა უსწავლელობასა და დაუდევრობაზე (გვ. 104-105), ქიზიყის დედოფალ სუჯიზე, რომელიც წმ. ნინომ გამოგზავნა ქიზიყიდან მირიან მეფისთვის კახეთის გაქრისტიანების მისალოცად, რუისის ეკლესიაზე, რომლის ეპისკოპოსი და ეპარქია თამარ მეფის დედის ბურდუხანის მზრუნველობაში იყო (გვ. 111), ათონის მთაზე მონასტრების აშენებაზე, იქაური ბერების მოღვაწეობაზე, გიორგი მთაწმინდელის ბაასზე ანტიოქიის პატრიარქთან საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ (გვ. 338-488) და სხვ.23

დიმ. ჯანაშვილი განცვიფრებულია მათი მოქმედებით, ვინც ,,საქართველოს სამოთხის’’ გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით, რომ თითქოს მ. საბინინის ხელნაწერები გადაწერისას დაემახინჯებინოს. იგი ასაბუთებს აღნიშნული აზრის უსაფუძვლობას, ხაზს უსვამს, რომ საბინინის წიგნი ძლიერ სინდისიერად არის შედგენილი და გამოცემული და რომ მ. საბინინი ღრმა მადლობის ღირსია ასეთი შესამჩნევი განძის შეკრების, შედგენისა და გამოცემისათვის. ნიშანდობლივია, რომ წერილი ასეთი განცხადებით მთავრდება: ,, ფასი წიგნისა გამოწერით 17 მანეთია’’.

თვით მ. საბინინისათვის არსებითი იყო ,,საქართველოს სამოთხი’’-ს გაყიდვის საკითხი. ეს მის მომავალთან, სასიცოცხლო პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მეცნიერი 1882 წლის 18 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძეს სწერდა:

,,საყვარელო ძმაო ზაქარიავ!’’

დიდი ხანია შენგან არა რაი ამბავი მაქვს. მოგილოცავ წმ. დღესასწაულთა. აი ძმაო მე ჩემი წიგნი გავათავე და ახლა შენზედაცა არის დამოკიდებული მისი გაყიდვა. ამ წიგნსა 17 მანეთადა ვყიდი და ამას გარდა ყოველი მყიდველი შემდეგ დაბეჭდვისა უფასოდ მიიღებს ,,მზამეტყველებას’’ კათალ. ანტონ პირველისა და მოთხრობასა კათალ. ანტონ პირველისა. სრულიად მზადა მაქვს მაგრამ უფულობის გამოთ ისე მიწყვიან და გასყიდულის ფულით მინდა ქაღალდი ვიყიდო და სტამბის ფასი მივცე. აბა თუ შეგიძლიან შემეწიე ეხლა. ერთს წიგნს უფასოდ მიიღებ, თუ ათიოდენის ფულსა შეჰკრიბამ და ფოჩტით გამომიგზავნი...

შენი ძმა და მეგობარი მიხაილ საბინინი’’.

სამწუხაროდ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მიხეილ საბინინსა და მის კრებულს ბევრი მტერი გამოუჩნდა, ,,საქართველოს სამოთხეს’’ ბოიკოტი გამოუცხადეს და წიგნი არ იყიდებოდა. სასოწარკვეთილი მ. საბინინი ზ. ჭიჭინაძეს სწერს: ტფილისიდგან მომივიდა ფრიად უსიამოვნო წერილი, ვითომ ჩემი წიგნები სრულიად არ იყიდება და ამის გარდა გამოგზავნის ვალი 130 მანეთიც არ იციან საიდან აიღონო. გულნაკლული მეცნიერი შემწეობას ითხოვს და თან მწარედ განიცდის მისი შრომის დაუფასებლობას. ,,...სრულიად არ მეგონა, რომ მე ამ უბედურებას შევემთხვეოდი, თორემ სამსახურში შევიდოდი და გარდა ჩემი თავისა არა მეცოდინებოდა რა. ქუა-ქუაზედაც ნუ იქმნებოდა. განა ჩემზედ მეტი ქართუელები არავინ არიან - რატომ ისინი არა ფიქრობენ თავიანთ სამშობლოსათვის’’.24 აქ მეტად საგულისხმოა, რომ მიხეილ საბინინი თავს ქართველად სთვლიდა (,,...ჩემზედ მეტი ქართველები არავინ არიან’’), ამასთან იგი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი იყო.

როგორც ჩანს, საზოგადოების ერთი (განსაკუთრებით სასულიერო) ნაწილისაგან მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებულ მიხეილ საბინინს თანაუგრძნობდა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მეცნიერის გულისტკივილით დაწერილი ბევრი ბარათის ადრესატი სწორედ ზ. ჭიჭინაძეა. მას მისწერა მ. საბინინმა, რომ შევიტყვე ჩემს მტრებს უთქვამთ ,,თუ საბინინი აქ ჩამოვა უთუოდ მოვკლამთო. თუ მომკლამენ დიდ რამეს არ წაიღებენ? მე კი სასუფევლის მეკერძოეს გამხდიან’’.25

საერთოდ, მ. საბინინის კეთილი საქმეებისადმი უდიერი დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულის გადაგვარებული სამღვდელოებიდან მოდიოდა. სამღვდელოების გავლენა კი ქვეყანაში დიდი იყო და მისი ამგვარი პოზიცია არც იმ დროის ზოგიერთი სამოქალაქო პირისათვის იყო უცხო.

1897 წლის 25 ივლისს ,,ცნობის ფურცელი’’ (N 264) საზოგადოებას აუწყებდა სამწუხარო შემთხვევის შესახებ: ,,გუშინ შუადღისისას ერევნის მოედანზე გ. ყ-მა მოქმედებით შეურაცხყო ცნობილი მიხეილ საბინინი, რაღაც მიზეზის გამო. საქმე სწარმოებს.’’.

ორიოდე დღის შემდეგ, 29 ივლისს იგივე გაზეთმა (N 268) დაბეჭდა მიხეილ საბინინის წერილი მისი შეურაცხყოფის გამო. საქმე ასე იყო. 24 ივლისს თამამშევის ქარვასლიდან გამოსული მ. საბინინი განოვის ქუჩაზე მიდიოდა. უცებ მას შემოესმა ვიღაც ,,ჩერკესკიანი’’ პირისაგან ძახილი: ,,ეი, დაგლეჯილო მღვდელო, აქ მოდი საჩქაროდ!’’ მ. საბინინმა ყური არ ათხოვა და გზა განაგრძო. მას ვიღაცამ ხელი სტაცა და სასტიკი ხმით შეჰყვირა: ,,შენ არ გესმის ჩემი ხმა, რატომ არ მოხველ, რომ გეძახოდი!’’ შეშინებულმა მ. საბინინმა ანაზდად მიუგო - ,,უკაცრავად, მე თქვენ არ გიცნობთ, გთხოვთ თავი დამანებოთო’’. მომხდურმა მთელი ძალით სილა გააწნა. მ. საბინინს ლურჯი სათვალე ჩაემტვრა და შუშის ნამსხვრევმა ცხვირი გაუჭრა. იგი საშველად პოლიციის ,,უპრავლენიაში’’ შევარდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. შემდეგ ერთ ოკოლოდოჩნიკთან მიირბინა და შემწეობა სთხოვა. მან მშვიდად უპასუხა: შეგიძლიათ იჩივლოთო. მ. საბინინის შეურაცხმყოფელი მილიციის-პრაპორშჩიკი გიორგი დავითის ძე ყაზბეგი იყო. ეს სახელი და გვარი მანამდე სრულიად უცნობი იყო მ. საბინინისათვის. იგი მწუხარებით წერდა: ,,მე ოცდაშვიდი წელი ვემსახურები საქართველოს და ბრწყინვალე კარიერი, რომელიც მეძლეოდა ხელში ამას შევწირე და ამათა ყოველთათვის გარდა უბედურობისა და შეურაცხმყოფობისა არა რა მოვიღე... ამ... შემთხვევამ მარცხენა თვალი სრულიად წამიხდინა და ბნელი წყალი მომგვარა. რაკი მე ბატონს ყაზბეგს არ ვიცნობ და არც სადმე მინახავს, არ მქონია შემთხვევა ლაპარაკისა, ჩემის აზრით, ესენი არ არიან დამნაშავენი ამ ჩემის უბედურობისა, არამედ სხვა ვინმე უნდა იყოს მდომი ჩემი შეურაცხმყოფობისა...’’

მ. საბინინის ეჭვი არ უნდა იყოს მოკლებული საღ აზრს. იმდროინდელი სინამდვილე, რეალური საზოგადოებრივი ვითარება იძლეოდა ამგვარი ფიქრის საფუძველს. ამ მხრივ ნიშანდობლივია გამოჩენილი ქართველ მოღვაწეთა პოზიცია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის სამღვდელოების გადაგვარებული ნაწილის მიმართ. გაკვრით შევეხებით აკაკი წერეთლის ლექსს ,,ფარისეველი’’, რომელიც 1862 წელს პეტერბურგში დაიწერა. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ 1886 წელს ეს ლექსი პოეტს გადაუწერია, სათაური დაუნიშნავს და ქვეშ მიუწერია ,,ვუძღვნი მ. საბინინს’’.26

ლექსში ,,ფარისეველი’’ მკაცრადაა გამათრახებული და სააშკარაოზეა გამოტანილი მაშინდელი სამღვდელოების ფარისევლური ქცევები:

,,შეხედეთ ფარისეველსა,

ლოცვითა ღამის მთეველსა,

ცხადად ბოროტის დამგმობსა,

ჩუმად კი ცოდვის მდეველსა’’.

ფარისევლები ,,წამის-წამ’’ უფალს ახსენებენ და ამ თვალთმაქცობით ატყუებენ საზოგადოებას:

,,მე და ეგ ვიცნობთ ერთმანეთს!

ეგ რომ მუშტებით იმტვრევს მკერდს,

არ იცით, რომ თქვენც გატყუებსთ

და ეცრუება თვითონ ღმერთს?..

ვიცანი გაიძვერა მე,

და მისთვის მიწყრება თურმე,

უღმერთოობას მიტომ მწამობს

და მეძახის ,,რუსეთუმე!’’

ამ ლექსის მიძღვნით მიხეილ საბინინს შინაგანად თანაგრძნობა გამოუცხადა დიდმა მგოსანმა და ეს ერთგვარი გამხნევება იყო მეცნიერისა.

საგულისხმოა, რომ ,,ფარისეველს’’ მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონია საზოგადოებაში. თვით აკაკი იგონებს: ,,როცა ეს ლექსი დავწერე, კერძოდ მხედველობაში არავინ მყოლია!.. საზოგადო ტიპი იყო, ყველამ კი ექვთიმე წერეთელს  მიაწერა. მე იმ ექვთიმეს ვიცნობდი და კარგის მხრითაც. სხვებს იმას ვამჯობინებდი, მაგრამ იმ შემცდარმა აზრმა ისე მტკიცედ გაიდგა საზოგადოებაში ბიჯი, რომ თვით ექვთიმემაც დაიჯერა და სამდურავი მოგვივიდა. ახლა როდესაც ნახევარმა საუკუნემ გაიარა და ისიც განსვენებულია, აღვიარებ, რომ ეს ლექსი ექვთიმეს არ შეეხება. საზოგადო იყო. იმ დროში, რაც უნდა დაწერილიყო საზოგადო ტიპად, გამოჩნდებოდნენ მისთანები, რომ თავის-თავზე იღებდნენ, ატყდებოდა ერთი ვაი-უშველებელი და ჩამოვარდებოდა ხოლმე სამარადისო მტრობა. ჩემი მტრებიც თანდათან მრავლდებოდნენ, მაგრამ ქალებისა და ბავშვების სიყვარული მიბრუნებდა გულს’’.27

მიხეილ საბინინი დიდად აფასებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობას. მან 1893 წელს საზოგადოებას შესწირა ივანე ბატონიშვილისაგან ნაბოძები რიგი ხელნაწერები. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია მ. საბინინის წერილი, რომელშიც იგი უმოჩილესად სთხოვს საზოგადოებას, რომ მისგან გადაცემული ,,წერილები’’ დაიცვან, თან დასძენს: ,,ეს წერილები ბატონიშვილის ივანესაგან მქონდა ნაბოძები და აქმომამდე ვინახავდი - და ამის პირი გადავიწერე ჩემს ავტობიოგრაფიას შინა - დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიისათვის’’.28

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაუწყვეტია მიხეილ საბინინისაგან შეეძინა ,,საქართველოს სამოთხეში’’ დაბეჭდილი ილუსტრაციების კლიშეები 600 მანეთად. მეცნიერს 25 სურათის კლიშე გადაურჩევია. ამის შესახებ იგი დავით კარიჭაშვილს სწერს:

,,...Из числа сих досок сколько рисунков в вышеназванной книге я выбрал самые сложные и просил Юргансона, имеющего здесь известную нотную фабрику – на всю Россию – сделать мне по три оттиска – чтобы доказать и представить Вам, что доски вполне сохранились и невредимы – коих присылаю Вам, для обозрения, прилагая при сем и бумаги Юргансона в доказательство – Цены этого очень дороги – и не стоит у него заказывать, лучше я Вам дам адрес в гор. Лейпциге в Германии, где сделают гораздо дешевле - именно та фирма которая их и гравировала – и получите без всяких пошлин – только надо показать их таможенному чиновнику – или заявить в это правление что доски для...  России... Мне жаль их продавать, но что делать, когда я вынужден... Сделайте милость порешите поскорее дело и дайте мне знать хоть телеграммой. Я немедленно вышлю их наложенным платежом... и будет приложена бумага, в коей будет сказано, что я предоставляю полное право и свободу эксплуатировать их и отказываюсь от издания сих досок навсегда. Пожалуйста, ускорьте решение сего дела – и поставьте меня в известность, вот и адрес мой, для письма Москва Угол Большой Никитской и Брюссовского переулка д. Вельтищевской номера Горшковой М. П. Сабинину''.29

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აღნიშნული კლიშეების თაობაზე მ. საბინინს საგანგებო წერილი გაუგზავნა.

,,ბ-ნს საბინინს

N 92

29 აპრილს 1898 წ.

მოწყალეო ხელმწიფევ მიხეილ პავლეს ძევ!

თქვენის წერილისა გამო 10 აპრილითგან 1898 წ., წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების გამგეობამ დაადგინა გეთხოვოსთ თქვენ და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილს, რათა გაშინჯოთ ერთად ყველა კლიშეები, ასწეროთ საფუძვლიანად და ისე ჩააბაროთ ტრანსპორტის კომპანიას ფასდადებით გამოსაგზავნად, ხოლო შემოწმებული აღწერა კლიშეებისა ცალკე გამოუგზავნოთ გამგეობას. ასეთი შემოწმება და აღწერა საჭიროა იმისთვის, რომ თუ ვინიცობაა გზაში გაფუჭდეს კლიშეები, გამგეობას ჰქონდეს უფლება მოსთხოვოს ზარალი ტრანსპორტის კომპანიას.

ამის შესახებ ცალკე წერილი ეგზავნება ფავლენიშვილსაც.

ამას გარდა საჭიროა გამოუგზავნოთ გამგეობას ნოტარიული პირობა, როგორც უკვე მოგეხსენებათ, რომ თქვენ ამისათვის არ გამოსცემთ ამ სურათებს და უკეთუ გამოსცემთ, ჯარიმას გადაუხდით საზოგადოებას სამოცს თუმანს. იმდენივე ჯარიმა უნდა მისცეთ საზოგადოებას, უკეთუ აღმოჩნდება, რომ თქვენ უკვე დაბეჭდილი გაქვსთ ეს სურათები და გასყიდით მათ.

როდესაც შემოწმებული აღწერა კლიშეებისა და ეს ნოტარიული პირობა მოუვა გამგეობას, მაშინ გადაიხდის იგი კლიშეების ფასს’’.30

აღნიშნულ კლიშეების შემოწმების თაობაზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დ. ფავლენიშვილისთვისაც მიუმართავს, რაზეც მას წერილობითი პასუხი მიუცია საზოგადოებისათვის

,,25 V-1889 N 85/20 мая 1898 г. Москва

В Правление общества распространения грамотности среди грузинского населения.

Милостивые Государи!

Данное Вами мне от 29 пр./м.поручение мною, к сожалению, в исполнение не приведено.

Дело в том, что, так как я не специалист и приглашенное в качестве эксперта лицо (один из служащих в топо-литографии, которая исполняет заказы Д. З. Сараджსева) отказалось дать какое-либо заключение по поводу клише. Сабининым было предложено отправыть их без наложенного платежа и экспертизу предоставить Вам. Выработав (словесно) совместно с Сабининым обязательство его, которое, по-моему вполне гарантировало Общество, я немедленно отправил по Вашему адресу от имени Сабинина через Российское Общество I ящик клише (25 шт.) и ждал обязательства Сабинина, чтоб выслать Вам вместе с ним и квитанцию. Обязательство было доставлено мне 15 с.-м., но текст его расходился на столько и выработанным с вами, как я сказал выше, что принять его я счел себя не в праве и квитанцию на отправленный Вам ящик клише выдал Сабинину.

Сабинин, говорю с его слов, квитанцию и это обязательство перешлет свящ. Кончоеву, которому и поручает покончить с Вами дело, причем, если обязательство будет Вами признано не удовлетворительным, клише будут ими вытребованы обратно.

Считаю нужным добавить, что вышесказанный эксперт заявил, что едва ли в Москве найдется лицо, которое согласилось бы дать свое заключение по поводу стальных клише, так как таковые здесь не делаются.

На всякий случай прилагаю обязательство, которое должен был дать Сабинин.

С совершенным к Вам почтением кн. Дм. Павленов''.31

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია მ. საბინინის ვალდებულება ,,საქართველოს სამოთხის’’ ილუსტრატორთა კლიშეებზე საავტორო უფლებათა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ:

,,19/V – 1898 г.

Я, нижеподписавшийся, продав Обществу распространения грамотности среди грузинского народа, двадцать пять стальных клише, лицевых изображений святых грузинской церкви – за шестьсот рублей. С этих клише сделано только одно издание, которое приложено было моему труду ,,Рай грузинской церкви'' и других оттисков мною не сделано никаких изображений их не было и нет.

Вместе с клише, я передаю названному Обществу свои авторские права и привилегии – и оно вправе эксплуатировать по своему усмотрению, как найдет для себя удобным и полезным, так как не намерен снова издавать эти клише; в случае, если Общество где нибудь найдет в продаже или альбомом или отдельными оттисками воспроизведенные с них клише, сделанные с моей стороны, то я обязуюсь отвечать сему Обществу законною ответственностию. КАНДИДАТ МИХАИЛ ПАВЛОВИЧ САБИНИН.

Я, нижеподписавшийся, удостоверяю, что предстоящая подпись на сем признана передо мною, Яковом Андреевичем Калашниковым, Московским Нотариусом, имеющим контору Тверской части на Воскресенской площади в доме Корзинкина, сделанною собственноручно кандидатом Михаилом Павловичем Сабининым, живущим в Москве, Тверской части 2 уч. в доме Вельтищевой, неизвестной мною лично представивший удостоверие своей личности паспортную книжку, выданную ему из Управления Тифлисского полицмейстера 15 мая 1897 года за N 1205. 1898 года мая 19 дня по реестру N 1065.

Нотариус Я. Калашников''.32

როგორც ირკვევა, კლიშეების სრულფასოვნებაში ეჭვი შეუტანიათ და გარკვეული პრეტენზიები გამოუთქვამთ, რის გამოც ძალზე აღშფოთებულა მიხეილ საბინინი. მის წერილებში დ. კარიჭაშვილისადმი აშკარად ჩანს დიდი გულისწყრომა. იგი შემწყრალი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან გამოყოფილ რწმუნებულის დ. ფავლენიშვილის (დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილს დავალებული ჰქონდა კლიშეების გასინჯვა და აღწერა. ასევე სათანადო დასკვნის მიცემა მათი შეძენის მიზანშეწონილობის შესახებ33 მიმართაც, რომელიც, მეცნიერის აზრით, ხელს უშლიდა საქმეს).

დაცულია დავით ფავლენიშვილის ერთი საინტერესო წერილი დავით კარიჭაშვილისადმი:

,,ძმაო დათიკო!

საბინინმა საქმე გამიჭირა, მოსვენებას არ მაძლევს, თუ ღმერთი გწამთ, პასუხი მოეცით რამ, ან კლიშეები დაუბრუნეთ და მომაშორეთ.

შენი დ. ფავლენიშვილი’’.34

საბოლოოდ მ. საბინინსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ურთიერთობა მოგვარებული იქნა. გამგეობამ შეიძინა ყველა კლიშე და დათქმული საფასურიც გაიღო’’.35

მიხეილ საბინინმა ჯერ კიდევ 1889 წელს შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს სურათი ,,დიდება საქართველოს ეკლესიისა’’.36 არაერთ კულტურულ დაწესებულებას შესწირა ,,საქართველოს სამოთხეც’’. ამის შესახებ ცნობები დაცულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულის პრესის ფურცლებზე გაზეთმა ,,ივერიამ’’ 1889 წლის 18 მაისს (N 102) მოათავსა კავკავის ქართული სკოლის ხაზინადარის ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძის მადლობის წერილი: ,,ნება მიბოძეთ თქვენის გაზეთის საშუალებით მადლობა გამოვუცხადო ბ-ნ მიხეილ პავლეს ძე საბინინს, რომელმაც შესწირა კავკავის ქართული სკოლის წიგნთსაცავს თავისი წიგნი ,,სამოთხე’’. ,,მწყემსი’’ (1886 წლის N 19) მკითხველს აწვდის ცნობას, რომ მ. საბინინმა საიმპერატორო საზოგადოების წიგნთსაცავს შესწირა XI-XII საუკუნეების ,,მშვენივრად მორთული და დაწერილი ქართული სახარება შესანიშნავი მინიატურებით’’. გაზეთი აქვე სვამს შეკითხვას: ,,საინტერესოა შეიტყოს კაცმა თუ საიდან მოიპოვა მ. საბინინმა ეს ძველი და ჩვენი ისტორიისათვის შესანიშნავი ნაშთი?’’

მ. საბინინი ყველგან კრებდა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ მასალას. მას ერთი მეწვრილმანისგან შეუძენია სიგელ-გუჯრები, სამეფო განჩინება, საეკლესიო გადაწყვეტილება და სხვ.; მასალები საქართველოში კათოლიკობის გავრცელების, ანტონ კათალიკოსის, ზაქარია გაბაშვილის და სხვ. შესახებ. ამ მასალათა მფლობელი თავის დროზე პლატონ იოსელიანი ყოფილა. მისი სიკვდილის შემდეგ კი ზემოხსენებულ მეწვრილმანეს ჩავარდნია ხელთ.37

მიხეილ საბინინის სახელთან არის დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და მასთან რუსი და ქართველი მონაზვნებისათვის დედათა მონასტრის დაარსება. მან ფული შეაგროვა და სთხოვა საქართველოს ეგზარქოსს პალადის და უწმიდეს სინოდს ნება დაერთოთ ბოდბეში დედათა მონასტრის დაარსებისა და მასთან სახელსაქმო სკოლის გახსნისა.38 გაზეთი ,,მწყემსი’’ ამგვარ წამოწყებას გარკვეული პესიმიზმით შეხვდა: ,,ღმერთმა კეთილი ჰქნას, მაგრამ ჩვენ ძალიან ეჭვი გვაქვს, რომ ამ კეთილი საქმისათვის ბ. საბინინს იმდები ფულები ჰქონდეს შეკრებილი, რომ ამ ფულით შეიძლებოდეს მონასტრის და სკოლის დაარსება’’.39 მ. საბინინის დიდი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა სწორედ ისაა, რომ მან ყველა წამოწყებული საქმე, მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, ბოლომდე მიიყვანა. ასე მოხდა ზემოხსენებული საქმის მიმართაც. ამის შესახებ წერდნენ ,,ნოვოე ვრემია’’ და ,,ივერია’’.

,,მწყემსი’’ (1889 წლის N 5) აუწყებდა მკითხველს: ,,რუსული გაზეთი ,,ნოვოე ვრემია’’ იუწყება, რომ მ. საბინინის თხოვნა შეუწნარებია უწ. სინოდს. როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, ბ. საბინინმა სთხოვა უწმ. სინოდს ნებართვა, რომ სიღნაღის მაზრაში დაარსებული ყოფილიყო დედათა მონასტერი რუს და ქართველ მონაზონებისათვის და ამ მონასტერთან სახელსაქმო სკოლა ამ მაზრის მკვიდრთა ღარიბ ყმაწვილებისათვის. უწმიდეს სინოდს ნება მიუცია, რომ ამ საქმისათვის მოიკრიბოს შეწირულებანი’’. გაზეთი აქაც ხაზგასმული პესიმიზმით ხვდება ამ გადაწყვეტილებას და დასძენს: ,,ღმერთმა ჰქნას, რომ ეს შეწირულებანი მოხმარებული იყოს დანიშნულებისამებრ’’.

მიხეილ საბინინის მცდელობით შეგროვდა ბოდბის ტაძრის კუთვნილი დიდძალი ძვირფასი ნივთები, რომლებიც სიონის წინ იქნა გამოფენილი. შემდეგ, წესისამებრ, ისინი აკურთხეს და დაუბრუნეს ძველ ადრესატს. ტაძრის სამრეკლოს გუმბათი დაედგა და დაუბრუნდა ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მოწესრიგდა წმ. ნინოს საფლავი და გალამაზდა ეზო, რომელიც ადრე პირუტყვის საძოვრად იყო გადაქცეული. ყოველივე ამის აღსანიშნავად დიდი დღესასწაული გაიმართა, რომელსაც დიდძალი ხალხი დასწრებია. დამსწრეთა შორის იმდროინდელი პრესა მოიხსენიებს: ,,მაზრის მმართველს თავისი ქვეშევრდომებით, მაზრისავე მსაჯულს, ადგილობრივი პროკურორითა და თანამშრომლებით’’.

მიხეილ საბინინის წვლილი საყოველთაოდ იქნა აღიარებული.

ცალკე უნდა აღინიშნოს მ. საბინინის მიერ გაწეული შრომა გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისათვის. მონასტერში ჩაიტანა შეწირული ფულით პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი, საღებავი და სხვ. მას გაუთხრია წმ. დოდოს საფლავი, რომელიც უყურადღებოდ ყოფილა მიტოვებული და გადაუსვენებია დავითის მონასტერში. მ. საბინინის ამგვარ მოქმედებას საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოუწვევია. ივანე ბერძენოვი ,,დროებაში’’ აღშფოთებული წერდა: ,,არ ვიცი, რაოდენათ უნდა იყოს გასაოცებელი ამგვარი საქმე ყველასთვის... ვინც მივა წმინდის გრძნობით მამა დავითის საფლავის თაყვანის-საცემელად და ერთბაშად დაინახავს იქვე წმ. დოდოს კუბოს!’’40

ორიოდე კვირის შემდეგ იგივე ,,დროებამ’’ დაბეჭდა მ. საბინინის პასუხი, რომელშიც მეცნიერის რისხვა გამოსჭვივის არა მარტო ი. ბერძენოვის, არამედ ყველა უმადურის მიმართ. საერთოდ დიდი ტაქტის მ. საბინინი ,,პასუხში’’ დაუფარავად წერს: ,,ყველაზე უწინარეს მიიღეთ ჩემგან მცირე დარიგება და შეითვისეთ, რომ ვინც კი ვიცით რაოდენიმე ჯღაბნა, წარა-მარათ როდი უნდა დავიწყოთ მარჯვნივ და მარცხნივ ლაპარაკი’’.41 თქვენ ფრიად ყმაწვილურად მოიქეცითო - მიმართავს მ. საბინინი და ასაბუთებს წმ. დოდოს ძვლების გადასვენების აუცილებლობას, ,,მაშ ისიც ისე უნდა დაკარგულიყო, როგორც დაიკარგნენ საფლავნი წმიდათა გარეჰსჯისათა ლუკიანესი, პავლესი, თეოდოსესი, არსენისა, იოანესი, შიო-ახლისა და სხვათა’’.42  მეცნიერი მოაგონებს, რომ გარეჯის მონასტერში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი წიგნისა ,,ჯვარ შემოსილი’’, ,,ვითარცა მპარავმა წარმოიღეთ სხვათ წიგნთა თანა უდაბნოდგან... და იარმუკებში ჰყიდით ხოლმე. ამის გამო არამც თუ საუკუნოდ დავკარგეთ წმ. გარეჰსჯელთა საფლავნი, არამედ მათი ხსენებაცა’’.43

მ. საბინინი მთელი სიმკაცრით ამხელს იმდროინდელი ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის დაუდევრობას, თვით უმოქმედობას და სხვისი ხელის შეშლისაკენ სწრაფვას. ,,...მიკიტხანებს, ცირკებს, კალუჩის ბალებს, მუშტაიდებს და მისის თანმხლებს მტილებს რაღა გადაურჩა? განა თვით წინამძღვრები არა ცდილობენ მონასტრების მოსპობასა?.. ვინ გააუქმა წმ. შიოს ლავრა? ვინ გააუქმა წმ. სტეფან ხირსელის მონასტერი? ვინა ჰსპობს ქვათახევის მონასტერს?’’ - ასეთი ბრალდებით მიმართავს მეცნიერი საზოგადოებას. არ შეიძლება მ. საბინინის საქმიანობაში არ დავინახოთ მისი სულიერი სიახლოვე ,,თერგდალეულებთან’’, კერძოდ ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან.

მიხეილ საბინინი მოსკოვში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. მისი ოცნება იყო საქართველოში დაკრძალულიყო, გარეჯის მონასტერში. მისი მუდარა ,,დამმარხეთ საქართველოშიო’’ აუსრულებელი დარჩა. 1904 წლის 27 ოქტომბერს მღვდელ-მონაზონი ტარასი ,,ივერიაში’’ წერდა საქართველოს ისტორიისათვის მოსკოვის დიდი მნიშვნელობის შესახებ და გულისტკივილით აღნიშნავდა: ,,საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა... ჭეშმარიტად ეკუთვნოდა იმ კაცს, სურვილისამებრ მისისა, ჰღირსებოდა... მონასტერში (გარეჯის მონასტერია მხედველობაში, რ. მ.) სამი არშინი ცივი დედამიწა. მაგრამ ვინ არის, სად არის, რომ დღეს უფასებდნენ ადამიანს ან საქმეს და ან შრომას’’.

წარმოშობით რუსი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი ჭეშმარიტად დიდი ქართული საქმეების შემოქმედი იყო. იგი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და მრავალი სირთულისა, შეუპოვრად იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, კრებდა და აქვეყნებდა პირველწყაროებს, რომელთაც დღესაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ისტორიისათვის. მეცნიერის ღვაწლის შესახებ დაბეჭდილია ცალკეული სტატიები (ქ. ცხადაძე, ვ. გურგენიძე), მაგრამ იგი, ვითარცა საქართველოსათვის დამაშვრალი, მეტს იმსახურებს. მიხეილ საბინინის ცხოვრება და მოღვაწეობა უთუოდ მონოგრაფიული შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

 

შენიშვნები

1 სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურ. 1.

2 Г. (М) Сабинин (Ивериец), История Грузинской церкви до конца VI века, СПб., 1877.

3 Полное жизнеописание святых грузинской церкви, составил с грузинских подлинников Ивериец Михаил Сабинин, СП (б)., 1873.

4 საქართველოს სამოთხე, სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართუელოს წმიდათა, შეკრებილი ხრონოლოგიურად და გამოცემული პეტერბურღის სასულიერო აკადემიის კანდიდატის ივერიელის გობრონ (მიხაილ) პავლის ძის საბინინის მიერ, პეტერბურღი, ჩყპბ (1882) წელსა.

5 ქ. ცხადაძე, ,,შუშანიკის წამების’’ პირველი გამოცემის ისტორიიდან, კრებ., შუშანიკის წამება, თბ., 1978, გვ. 170.

6 Энциклопедический словарь, издатели: Ф. А. Брокгауз (Лейпциг), И. А. Ефрон (С.-Петербург), т. XXVIII, С.-Петербург, 1899, стр. 14.

7 მხედველობაშია ,,საქართველოს სამოთხე’’, რომლის გაყიდვასაც ითხოვს მ. საბინინი.

8 გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის არქივი, ფონდი 5144-ხ.

9 საქართველოს სამოთხე, წინასიტყვაობა, გვ. ა-ბ.

10 საქართველოს სამოთხე, გვ. ბ.

11 იქვე.

12 იქვე.

13 იქვე, გვ. გ.

14 საქართველოს სამოთხე, გვ. ბ.

15 იქვე, გვ. გ.

16 საქართველოს სამოთხე, გვ. დ.

17 იქვე, გვ. დ.

18 მგზავრი კაცი, საეკლესიო თხზულება ჩვენში და მისი რეცენზენტი, გაზ. ,,შრომა’’, 1882, 1 დეკემბერი, N 47.

19 იქვე.

20 იქვე.

21 ,,დროება’’, 1882 წ., N 245.

22 ,,დროება’’, 1882 წ., N 246.

23 ,,დროება’’, 1882 წ., N 247.

24 მ. საბინინის წერილი ზ. ჭიჭინაძისადმი (1883 წ. 1 მაისი), გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურული მუზეუმის არქივი, ფონდი 5145-ხ.

25 გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურული მუზეუმის არქივი, ფონდი 5147-ხ.

26 ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი, I, თბ. 1977, გვ. 269.

27 აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული შვიდ ტომად, ტ. I, თბ., 1940, გვ. 858.

28 სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 368.

29 მ. საბინინის წერილი დავით კარიჭაშვილისადმი (1898 წ. 3 მარტი), სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600.

30 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წერილი მ. საბინინისადმი (1898 წ. 29 აპრილი), სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600 ფურ. 4.

31 სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურც. 7.

32 სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურ. 12.

33 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წერილი დ. ა. ფავლენიშვილისადმი (1898 წ. 29 აპრილი), სცსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურ. 8.

34 სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურც. 21.

35 ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წერილი (1898 წ. 19 სექტემბერი) მ. საბინინისადმი, სცსსა, ფონ. 481, აღწ. 1, საქ. 600, ფურ. 24.

36 ,,ივერია’’, 1889, 23 დეკემბერი, N 279.

37 ,,ივერია’’, 1888, 22 სექტემბერი, N 198.

38 მწყემსი, 1888, N 3.

39 იქვე.

40 ,,დროება’’, 1881, 10 ივნისი N 118.

41 ,,დროება’’, 1881, 27 ივნისი, N 133.

42 იქვე.

43 იქვე.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი (+290-303)
7 (20) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის (+290-303) ხსენების დღე.
წმიდა დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი (I)
4 (17) იანვარს აღინიშნება წმიდა დიონისე არეოპაგელის და სვიმეონ ნიგერის (I) ხსენების დღე.
gaq