საქართველოს ეკლესიის უდიდესი წმინდანი - შიო მღვიმელი ერთი ასურელ მამათაგანია. მის ურიცხვ სასწაულთქმედებათაგან მხოლოდ მცირედი შემორჩა მატიანეებს, რომელთაგან რამდენიმეს გთავაზობთ წიგნიდან: ”13 ასურელი მამა - მნათობნი საქართველოისა” (თბილისი - 2010). ეკლესიის მშენებლობა ერთ დღეს ნეტარმა შიომ შენიშნა: რომელიღაც ძმას წყალი მიჰქონდა, სიარულში ეშმაკმა წააბორძიკა და ჭურჭელი დაუმსხვრია. ძმა დამწუხრდა, დიდი გზა გამოევლო, წყალი დიდი მდინარიდან მოჰქონდა. ნეტარმა შიომ დაინახა, რომ იგი ტიროდა. თვითონაც ძალზე შეწუხდა. მიიხედა და კლდის მახლობლად თავისი მზრდელი ანგელოზი დაინახა, თითქოს კვერთხით კლდის ძირს თხრიდა. შიო მიხვდა, ანგელოზი ღმერთმა მოუვლინა, რომ მათთვის წყალი მიეცა და ძმას უთხრა: “ნუ სწუხარ, ძმაო, მაგ ცრემლებისა და სასოების წილ ღმერთმა წყალი გააჩინა, რათა გაურჯელად ივსებოდეს ძმათა სარწყული” და, აი, ბერმა წარმოთქვა თუ არა, გაჩნდა მცირე წყარო, რომელიც სავსებით საკმარისი იყო ძმათათვის, რადგან ისინი მხოლოდ 25-ნი იყვნენ. ამისთვის ყველა ღმერთს ჰმადლობდა. მას შემდეგ ძმები კიდევ უფრო მომრავლდნენ. წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ ეკლესია, რომელშიც წმიდა კვირა დღეს შეიკრიბებოდნენ, ამიტომაც ნეტარ შიოს სთხოვეს, ეკლესიის აშენების ბრძანება მიეცა. ბერი ადგა, თავისი გამოქვაბულის პირდაპირ მდგარ კლდის წვერზე ავიდა, ძმები ლიტანიით გაჰყვნენ. თავდადრეკილი ბერი ღმერთს ცრემლით ევედრებოდა. ძმებიც ლოცულობდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, ეჩვენებინა ადგილი, რომელიც ტაძრის ასაშენებლად მომზადდებოდა. ნეტარი შიო დიდხანს იდგა მუხლმოყრილი. ლოცვის შემდეგ ამ სასწაულმოქმედ მამას ებოძა ცეცხლი, რომელიც მარცხენა ხელის გულზე დაიდო და ზედ საკმეველი დაასხა, მარჯვენა ხელით ჯვარი გადასახა და ძმებს უბრძანა, ხელაპყრობილი განეგრძოთ კირიელეისონის წარმოთქმა, და ასე აკმევდა საკმეველს. საკმეველის კვამლი ჰაერში ავიდა და სვეტივით აღიმართა ცამდე. ვიდრე თვალს არ მიეფარა, ძმები იდგნენ და ამ უცნაურ ნიშანს უყურებდნენ. ჰაერში ისევ გამოჩნდა მიწისკენ მომავალი კვამლის სვეტი, და იმ ადგილას ჩადგა, სადაც ძმები მკვიდრობდნენ. მამა შიო ღვთის დიდებით წარუძღვა ძმებს ღვთისაგან მინიშნებული ადგილისაკენ. მის ხელისგულზე ორ საათზე დიდხანს იდო ნაკვერჩხლები. მხილველი ამისა ვინ არ განადიდებდა უფალს, ერთადერთ საკვირველმოქმედს, რომელმაც, როგორც ბაბილონში სამი ყრმა ცეცხლში დაწვას გადაარჩინა, ასევე თავისი მონის ხელი ზებუნებრივად დაიცვა დაწვისაგან! ღირსმა შიომ ბარი მოითხოვა, სამგზის დასცა იმ ადგილას, რომელსაც საკმეველის სვეტი ადგა და თქვა: “დიდება შენდა ღმერთო, რომელიც სამპიროვნებითა და ერთარსებით იდიდები, სრულჰყავ ტაძარი შენი დიდებისა!” ცოტა მოშორებით ისევ სამგზის დასცა ბარი მიწას და თქვა: “ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც ღვთის სიტყვა ხორციელად შობე, აქ დაამტკიცე შენი სადიდებელი სახლი!” იქვე, მახლობლად ნეტარმა შიომ ჯურღმულის მსგავსი მღვიმე ნახა და ბრძანა მის ზემოთ ნათლისმცემლის ეკლესია აშენებულიყო. ნეტარმა ევაგრემ უთხრა: “წმიდაო მამაო, იყოს ნება ღვთისა და შენი! როგორც ყველა ვხედავთ, ღვთით მეტყველებს შენი ნეტარი პირი, შენს ყოველ ნებას აღასრულებს უფალი”. საკმეველის სვეტი სამ დღეს განუძრევლად იდგა და ენით უთქმელ სურნელებას გამოსცემდა, მესამე დღეს კი გაქრა. მწყემსი მგელი წმიდა შიო მღვიმელს, თავის მონასტერში ძმათა რიცხვის გამრავლებასთან ერთად, საზრუნავიც მოემატა – მხეცები თავს ესხმოდნენ მათ სახედრებს, რამდენიმეგზის დაუჭამეს, და შეწუხებული ბერები მამა შიოს შესჩიოდნენ. მამა შიომ ილოცა უფლისადმი, რათა ყოველი იქ მობინადრე გარეული ოთხფეხი შემოკრებილიყო. დაასრულა თუ არა ლოცვა, მართლაც, ერთად მოგროვდნენ მხეცები მღვიმესთან. მათ, როგორც ადამიანს, ისე აუხსნა ნეტარმა შიომ, რომ რადგან უდაბნო პირმეტყველთა მიერ იყო დაკავებული, აწ მათ, პირუტყვთ, თავიანთი ველური ბუნების შესაბამისად მართებდათ სხვა ადგილის ძებნა, თანაც ისე, რომ წასვლისას არავისთვის ზიანი არ მიეყენებინათ და მხოლოდ ერთი მათგანი, წარსულში ჩადენილი საქციელის ზღვევისათვის, დარჩენილიყო სახედრების მწყემსად. შიოს სიტყვის დამთავრებისთანავე მხეცნი მყის მიმოიფანტნენ და მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, რომელსაც მამა შიომ დაავალა დილაობით სახედრების საძოვარზე გარეკვა და საღამოს უკან მოყვანა. მგელიც, ყოველ დილა–ცისმარე სახედრებს ყმუილით ამცნობდა საბალახოდ წასვლას და საღამოს იმავე ხმით აუწყებდა ბერებს მათ მოყვანას. ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მასზე მსასოებელ ადამიანს ისეთი დიდი მადლი მიანიჭა, რომ მხეცებიც კი მორჩილებდნენ და აღასრულებდნენ მის ნებას. საკვებადაც კი მგელს ჰქონდა საკუთარი ჯიშის არაბუნებითი საზრდელი – ადამიანების მსგავსად პურითა და წყლით იკვებებოდა. ექვსი წელი დაჰყო მგელმა ამ მწყემსობაში. ერთხელაც, საძოვარზე გაყვანილი სახედრებიდან ერთი, კონონ ბერის ვირი, კლდეზე გადაიჩეხა და მობრუნებულს სათვალავში დააკლდა. კონონ ბერი წყრომით მიადგა მამა შიოს და მტაცებლისადმი მიმნდობლობისათვის საყვედურობდა. მგელი ყმუილით იმართლებდა თავს, მერე კვერთხზე მოუვლო პირი და თავისკენ ეწეოდა. – გაჰყევიო, - ანიშნა მამა შიომ, მაგრამ კონონ ბერი უარესად განაწყენდა – სახედარი ხომ შემიჭამა, ახლა გსურს მეც მომითავოსო ხელი. მამა შიომ უხმოდ მოისმინა საყვედურები, შემდეგ სხვა ორი ბერიც გააყოლა კონონს მგელთან ერთად და ყველამ იხილა კლდეზე გადაჩეხილი სახედარი. კონონმა შენდობა სთხოვა მამა შიოს თავისი ფიცხელი სიტყვებისათვის. მამა შიომ კი მიმართა მგელს: “მხეცო, კმა არს მსახურება ეგე შენი და მადლიერ ვარ შენდა. აწ უკვე თავისუფლად ხარ შენ. ამიერთგან, წარვედ მსგავსთავე შენთა თანა და ნუ ოდეს იკადრებ ვნებად ძმათა ჩემთა!”. წავიდა მგელი, მამა შიოს ბრძანებით განთავისუფლებული. ბერებს კი წმიდა მამამ მოუწოდა, თავად აერჩიათ მწყემსი საკუთარი სახედრებისათვის, რომ არავისათვის აღარაფერი დაებრალებინათ. სამი ღერი თმა იმხანად, როდესაც მამა შიო მღვიმეში იმყოფებოდა, ერთი კაცი საგანგებოდ ჩამოვიდა სპარსეთის სამეფოდან მონასტერში მისთვის დახმარების სათხოვრად. მას წყალმანკი სჭირდა, გაეგო მამა შიოს სასწაულთქმედებების ამბავი და, რაკი აქამდე ვერანაირ მკურნალობას ვერ გამოეღო შედეგი, გამოჯანმრთელების მთელ იმედებს მხოლოდ მამა შიოზეღა ამყარებდა. მღვიმის პირად დამხობილი რამდენიმე დღის მანძილზე ვედრებით მიმართავდა მამა შიოს. როდესაც მას უთხრეს, რომ ბერი არავის ელაპარაკებოდა და მხოლოდ კვირაობით ჩადიოდა მასთან ტაძრის იღუმენი, კვირა დღეს დაუდარაჯდა ნეტარ ევაგრ ეს და ფიცით არწმუნებდა, რომ არ წავიდოდა აქედან მანამ, ვიდრე არ განიკურნებოდა. ღირსმა ევაგრემ სთხოვა მამა შიოს, ელოცა იმ კაცის საკურნებლად, მაგრამ პასუხად მოკრძალებული უარი მიიღო: „ვინ ვარ მე – ცოდვილი და საწყალობელი!? ღმერთია ყველას მკურნალი და ვისი განკურნებაც ნებავს, თვითონვე განკურნავს მას თავისი ანგელოზის ხელით“. ევაგრემ აღარ შეაწყინა თავი ბერს, მერე მისი კუნკულის დაბერტყვა მოიმიზეზა და კუნკულიდან უჩუმრად აიღო მისი წმინდა თმის სამი ღერი იმ იმედით, რომ წყალმანკიან ავადმყოფს გადასცემდა საკურნებლად. ევაგრემ სამიოდ საათი დაჰყო ბერთან და, როცა მღვიმიდან ამოვიდა, ავადმყოფს დაუწყო ძებნა. თავისდა გასაოცრად იგი მღვიმიდან მოშორებით იხილა – იდგა სტუმარი და ხალხის წინაშე ამბობდა უფლის სადიდებელს, თან იმ კურნების მადლზე ჰყვებოდა, რომელიც ნეტარმა შიომ აღასრულა მასზე. ღირსი ევაგრე ჩაეკითხა, თუ რაგვარად მიეღო ამ კაცს კურნება და მიიღო პასუხად: „შენ რომ მღვიმეში ჩახვედი, იმ ჭაბუკმა, რომელიც, ეტყობა, იქიდან გამომიგზავნე, სამი ჭაღარა თმა მომცა და მითხრა, პირში ჩამედო. მეც ჩავიდე და მაშინვე ტიკივით დავიცალე. ნახე როგორი განთავისუფლებული ვდგავარ საჭირველისაგან!“ გაკვირვებულმა ევაგრემ დაიხედა ხელისგულზე და იქ ბერის თმები ვეღარ აღმოაჩინა – ყველასთვის საცნაური შეიქნა, რომ მისი ხელიდან აღებული თმები სნეულისთვის ანგელოზს გადაეცა! სამშობლოში დაბრუნებული კაცი იმ თმის ღერებით შემდგომში სასწაულებს ახდენდა. მონასტერში ყოველწლიურად მოდიოდა სტუმრად და ტაძრისათვის სურნელოვანი საკმეველი და ზეთი მოჰქონდა. შერისხული ავაზაკები სპარსეთიდანვე იყო წარმომავლობით კიდევ ერთი კაცი, ვისი უსინათლო შვილიც ნეტარ შიოს განეკურნა. ერთხელ ის მამა შიოსთან მოდიოდა და ზეთით, სიმსიმით, თაფლითა და ლეღვის ჩირით დატვირთული ორი ვირი მოჰყავდა. კაცს უკაცრიელ ადგილას შემოაღამდა. უეცრად თავს ყაჩაღები დაესხნენ. მსახურები დაუჭრეს, თვითონ კი გაიქცა. ღვთის განგებით, გამთენიისას მსახურებიც მასთან მივიდნენ. იმ კაცს რწმენაში ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი. ხელები აღმართა და ხმამაღლა წარმოთქვა: „წმიდაო მამაო შიო, იზრუნე იმ ყველაფრისთვის, რაც შენს მონასტერში მოგვქონდა და ჩვენს სახედრებზეც!“ და მშვიდად დაადგა მონასტრის გზას. ღმერთმა ავაზაკებს გონება აურია და მხედველობა დააკარგვინა – ეგონათ, რომ შინისაკენ მიდიოდნენ, მღვიმის მონასტრის მახლობლად კი აღმოჩნდნენ – ისხდნენ შუა გზაში თვალის ჩინდაკარგულნი. ამ ყოფაში იხილა ისინი მორწმუნე კაცმა თავის სახედრებთან ერთად და მათაც, სურდათ ეს თუ არა, დანაშაულიც აღიარეს და თავისი გასაჭირიც ამცნეს: „ეს სახედრები სხვებს გამოვტაცეთ, გვეგონა სახლისაკენ მივდიოდით, რაღაც უცნაურ კლდეებში კი აღმოვჩნდით, ვიღაც ბერმა თვალებში სული შეგვიბერა, დავბრმავდით და არ ვიცით, სადა ვართ. გევედრებით, წყალობა მოიღე ჩვენზე, წაგვიყვანე, სადაც მიდიხარ, რომ ამ უდაბნოში არ დავიხოცოთ!“ მორწმუნე კაცმა შიოს მონასტერში მიიყვანა დაბრმავებული ავაზაკები და მონასტრის იღუმენს, ნეტარ ევაგრეს ამცნო თავს გარდახდილის შესახებ. როცა ნეტარმა ევაგრემ გამოჰკითხა ავაზაკებს საქმის ვითარება და მათაც შეიტყვეს ჩადენილი ბოროტებისათვის მზღვეველის ვინაობა, შეევედრნენ: „მონაო ღვთისა შიო, შეგვიწყალე და ნუ მოგვაგებ ჩვენი ურჯულოებისამებრ!“ ევაგრე დაჰპირდა, რომ კვირა დღეს მათ თავს შეავედრებდა მამა შიოს, მაგრამ, როდესაც კვირა დღეს ევაგრე ჩვეულებისამებრ ჩავიდა მღვიმეში, განგებ არაფერი უთქვამს ავაზაკთა შესახებ. თავად გულთამხილავმა ბერმა უთხრა გამოთხოვებისას: „ძმაო ევაგრე, წაიღე ეს კვერთხი და იმ კაცებს უთხარი, გაშორდნენ უწესობას, გამითავისუფლებია ისინი უსინათლობის კრულვისაგან. თვალებზე შეახე კვერთხი და დაუბრუნდებათ მხედველობა. ოღონდ გაფრთხილდნენ – უარესი არ დაემართოთ!“ როდესაც ევაგრეს პირობა მისცეს ავაზაკებმა, რომ უღირს საქციელს აღარასოდეს ჩაიდენდნენ, ევაგრემ თვალებზე შეახო მათ კვერთხი და დაუბრუნდათ თვალისჩინი. თავიანთ სოფელში დაბრუნებულნი ისინი საჯაროდ აღიარებდნენ საკუთარ ცთომილებებს და მადლს სწირავდნენ მამა შიოს შეწყნარებისათვის. მადლმოსილი შვილიერება ერთ დიდგვაროვან კაცს, სახელად გიორგის და მის ცოლს შვილი არ ეძლეოდათ. გამუდმებით უფალს ევედრებოდნენ შვილის ყოლას. ერთხელ ეს კაცი ამაღლების დღესასწაულის შესახვედრად მღვიმის მონასტერს ეწვია და რამდენიმე დღეს იქ დარჩა. მოვიდა წმიდა შიოს ხსენების დღე. ამ დღისათვის მისი მეუღლეც ესტუმრა მონასტერს. გიორგიმ არ იცოდა ამის შესახებ. მამა შიოს მღვიმესთან წმინდანს თითოეული ცალ–ცალკე ევედრებოდა დახმარებას. ისინი ხედავდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სიბნელეში არ შეეძლოთ ვინაობის ამოცნობა. ორივენი მდუმარედ ლოცულობდნენ. მოგვიანებით მამაკაცს მიერულა და რამდენიმეგზის ეჩვენა მამა შიო. იგი ჯვრით ხელში ადგა თავს და აფრთხილებდა, თუ ამაღამ ამ ქალთან არ დაწვებოდა, არ გაეხსნებოდა უშვილობის ბორკილები. კაცმა ეს ჩვენება ეშმაკის ცდუნებად მიიღო, რადგან ვერ წარმოედგინა, წმინდა ბერისაგან მსგავსი მკრეხელური საქმისაკენ მოწოდება. მაგრამ, როდესაც მესამედ ხილვისას მკაცრად უთხრა წმინდანმა:“ირწმუნე ღვთისა და მისი მონისა, თუ ამ ღამით იმ დედაკაცს არ თანაეყოფი, აღარასოდეს გეყოლება შვილი!“, უხილავი ძალით დამორჩილდა ხმას და ღრმა ძილში მყოფ ქალს თანა ეყო; ხოლო როცა უეცრად შემკრთალმა ქალმა შეჰკივლა, სირცხვილეული განეშორა და შემდეგ დიდხანს განიცდიდა თავის უღირს საქციელს, ვიდრე ორი თვის შემდეგ, ფეხმძიმედ მყოფმა ცოლმა არ გაანდო თავისი უნებლიე ცოდვა: „ბატონო ჩემო, გიორგი, ღმერთმა იცის და დამემოწმება, მას შემდეგ, რაც შენი თანამეცხედრე ვარ, არასოდეს შემოსულა ჩემს გულში ბილწი გულისთქმა, არავისთვის შემიხედავს ცოდვიანი სურვილით. ეშმაკის მოშურნე თვალმა ეს ვერ აიტანა. როდესაც შენ მღვიმის მონასტერში შეგაგვიანდა, გულმა მითხრა მეც წამოვსულიყავი წმიდა შიოს ხსენების დღესასწაულზე. მარტო ვლოცულობდი. ვიღაც ბერის გარეგნობის კაციც ლოცულობდა ჩემს გვერდით. გამოვედი და მგზავრობით დაღლილს დამეძინა. იმ კაცმაც ცოტა მოშორებით დაიძინა. როცა გამეღვიძა, ჩემი თავი დაცემული ვნახე და ვიყვირე. ვაგლახ, რომ ეხლა ფეხმძიმედ ვარ.“ გიორგის გული სიხარულით აევსო და, თავის მხრივ, გაენდო ცოლს: „ნუ სწუხარ პატიოსანო მეუღლეო – ეს საღმრთო საჩუქარია წმიდა შიოს შემწეობით!“ მეუღლეებმა ღმერთს მადლობა შესწირეს. ღამით ორივეს წმიდა შიო ეჩვენა ძილში და დამოძღვრა ისინი: „ღმერთმა წინასწარვე გამოარჩია ყრმა, რომელსაც თქვენ შობთ. ღვთით გაძლიერდება იგი და ღირსეული მწყემსი იქნება ღვთის ერისა. ნათლობისას სახელად უწოდეთ იოანე, რათა ღვთის მადლი იყოს მასზე და ღმერთს შესწირეთ იგი. ხორციელი საკვებიდან ნურაფერი შევა მის პირში, გარდა თევზისა!“ მეუღლეებმა წმიდანის სიტყვები საიდუმლოდ შეინახეს. მშობლებმა პირმშო ათი წლის ასაკში მიიყვანეს მონასტერში და ღმერთსა და ნეტარ შიოს შეავედრეს. მომავალში იგი გახდა ქართლის კათალიკოსი იოანე,* რომელიც თავისი საღვთისმეტყველო სიბრძნით იოანე ოქროპირს უტოლდებოდა! – – – – – – –– – –– – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – მიხეილ საბინინის მოსაზებით, ეს კათალიკოსი მოღვაწეობდა ბაგრატ IV დროს. |