წერილი რედაქციას ჩვენს წინაშეა საიტ ”orthodoxy.ge”-ზე თითქმის ათი წლის წინ დაბეჭდილი მასალა, რომელიც თეიმურაზ საგანელიძეს მოუმზადებია გაზეთ „აღსავალისთვის“ (№ 10-15, 2004 წ.). მასში უტყუარი ფაქტებია აღწერილი იერუსალიმის ქართული მონასტრის უნუგეშო მდგომარეობის შესახებ. აი, სახელდობრ, რას გვაუწყებენ მე-18 საუკუნის მატიანეები : ”იერუსალიმის ქართული კოლონიის დაკნინებამ შეაშფოთა ქართველობა. ქართველთა ეროვნული ღირსების შებღალვითა და ეროვნულ სავანეთა დაკარგვით აღშფოთებული „წმიდა საფლავსა და სისხლ-მეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო... მონაზონი მართა“ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსს გრიგოლს (1696-1742) გულისტკივილით აცნობებდა იერუსალიმის ქართული სავანეების მძიმე მდგომარეობას, მტრის მოძალებას, მის მიერ ქართულ სიძველეთ ვერაგულად მიტაცებას. მოვიტანთ ამონარიდს XVIII საუკუნეში იერუსალიმს მოღვაწე ქართველი მონაზვნის მართას ამ გულისშემძვრელი წერილიდან, რომელიც იმჟამინდელ ქართველთა გარდა დღევანდელი საქართველოს საერო თუ სასულიერო ხელისუფლებისადმი, მთლად ქართველი ერისადმი საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენს წინაპართა ძახილად და თხოვნადაც შეიძლება რომ ვიგულისხმოთ: „ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დავკარგეთ? ეგებ არ მოხსენებოდეს, თვარემ საქონელი და სიმდიდრე ორივე აქ არის, ეს სოფელიც და მერმეცა. აქაური ამბავი ამ ჩემმან შვილმან ვერ ნახა, თუ რა დიდი გაჭირვება არის მაგისთანა, რომ მონასტერი ასრე დავკარგეთ? ბატონი კათალიკოზი მაქსიმე კაცი არ იყო, რომ ნაწილ სასუებელ არს მისი სახელი? აგრე იქნება? წამობრძანდით, ამათა აღარ უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების!.. ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსალომი დაკარგეთ! ეს წმიდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა, და ეხლა ლამის რომ სულა გამოვ[ა]რდეთ: წმიდას საფლავზედ ფრანგნი ჟამს სწირავს. ერთის სიტყვით მისცა ხვანთქარმა და ასრე უბრძანა: „რაც გურჯის ბატონების ზიარეთი და სალოცავი იყოსო, არა კადროთ რამეო“. ხმა დიდი არის მაგ ბატონების და ხათრიც, მაგრამ ერთი ელჩი რომ გამოგზავნოთ სტამბოლს, რა იქნება? დიდი სირცხვილი არ არის ეს, რომ პატიოსანი დიდი წმიდა იაკობის მონასტერი სომხებმა იშოვნეს? ხვანთქარი მოატყუეს და ახლა სომეხს აქუს. ბეთლემი ფრანგმა აიღო, მაგრამ მაგათი შიში და მოლოდინი აქუს და ჩვენი სამწირველო ისევ მორთული არის; თუ არ მოხვალთ, და[ა]ქცევენ. საბრალო პატრიარქმა რა ქნას, თუ ქრისტიანი არ მიუდგებით? ერთი ელჩი გამოგზავნეთ ხვანთქართან, ისრევ მოგცემსთ. უსაცილოდ გოლგოთასაც და გესამანიას დაიჭირავს ფრანგი, თუ არ მოეშველებით. ამათი კერძი გოლგოთა დაიჭირა, ჩვენი ჯერ კარგად არის. ერთი თავი ჯვარის მამა გაიჩინეთ, რომ წამოვიდეს. ან ერის კაცი, ან ბერი გამოაშურეთ ამ ქვეყანას, თვარემ წახდა საქმე. უსათუოდ შავის ზღვით გამოაგზავნეთ კაცი და საპატრიარქოშიდ სტანბოლოს მოვიდეს, და იქიდამა ვეზირი ნახოს. თუ ასრე არა იქთ, ეს მონასტრები და იერუსალიმი დაგეკარგვიან. ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს და ქართლით, პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა ქენით. თუ იერუსალომი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ...“ ”წერილის ავტორი მართა მონაზონი ჩვენს წინაშე წრმოდგება როგორც მამულისმოყვარული, მართლმადიდებლობისა და ქართველთა ეროვნული ღირსების დამცველი ქალი. მას კარგად ესმოდა იერუსალიმის ქართული კოლონიის სულიერ-კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, გულს უკლავდა მიმტაცებელთა ძალადობა და ქართველთა გულგრილობა. აღელვებდა ქართველ კოლონისტთა უმწეო მდგომარეობა. ამიტომაც მოუწოდებდა იგი თავის თანამემამულეებს გადამჭრელი ღონისძიებებისკენ, იერუსალიმელ ქართველთა სავანეების ხსნისა და დაცვისაკენ. მართასთვის, - ისე, როგორც ბევრი შორსმჭვრეტელი მამულიშვილისათვის, - იერუსალიმის ქართული სავანეების დაკარგვა, იქაურ ქართულ სიძველეებზე ხელის აღება მამაპაპეული სარწმუნოების შებღალვას ნიშნავდა და ეროვნული კატასტროფის მოახლოებას მოასწავებდა”- აღნიშნავს წერილის ავტორი. წინა ხელისუფლებაში ავრცელებდნენ ხმას, თითქოსდა დიდი ხნის მანძილზე იმართებოდა მოლაპარაკებები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე. ,,შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს” - უთქვამს იმჟამინდელ პრეზიდენტს. ახალმა ხელისუფლებამ ტყუილში ამხილა ძველი ხელისუფლება, რადგან ამის შესახებ რამე არც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში იცოდნენ... თუმცა, ალბათ ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს, გადაჭარბებულად შეაფასოს და მით უფრო, სიცრუედ შერაცხოს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის განცხადება: „ჯვრის მონასტერი თქვენ იცით რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე“. და რაკი პატრიარქის ლოცვა-კურთხევაც არის და ძველი ხელისუფლებაც უკვე ჩაბარდა წარსულს, თავიანთი შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებებით, ის დროა ახალმა ხელისუფლებამ ყურად იღოს სულიერი მოძღვრის სიტყვები. დღევანდელ ხელისუფლებაში არაერთი ოლიგარქი და ბიზნესმენია, რომელთაც ხელეწიფებათ იმ საქმიანობის დაწყება, რასაც ამაოდ ჰპირდებოდნენ მორწმუნე ქართველობას წინა ხელისუფლების პოლიტიკოსები. იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბერძნები ქართულ მონასტერს და მის ქონებას ჯერ კიდევ 1749 წლიდან დაეუფლნენ. შესაბამისად მონასტრის დაბრუნებისთვის ქართულ მხარეს არც თუ მარტივი სამუშაოების ჩატარება, როგორც ისრაელის, ასევე ბერძნულ მხარესთანაც მოუწევს. ვფიქრობთ, დაადგა დრო, ჩვენმა მატერიალურად შეძლებულმა თანამემამულეებმა არა მხოლოდ ქაღალდზე და საკუთარ ფანტაზიებში, არამედ რეალურად წარმართონ იერუსალიმის სათანადო წრეებთან მოლაპარაკება ქართული მონასტრის ჭეშმარიტი მფლობელისათვის დასაბრუნებლად! |